ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
სავალუტო კურსების დადგენის ახალი წესის შესახებ
#6(114), 2009
სებ-ის მიერ სავალუტო კურსების განსაზღვრის ახალი წესი
თვეზე მეტია, რაც მოქმედებს

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი - სავალუტო აუქციონი, რომლის მეშვეობითაც ის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. ამ ინსტრუმენტის შემოღებამდე ეროვნული ბანკი ინტერვენციებს (ინტერვენცია – ბანკთაშორის სავალუტო ბირჟებზე ცენტრალური ბანკების ჩარევის ფორმა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნისა და მიწოდების რეგულირების მიზნით) მხოლოდ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ახორციელებდა. როგორც ცნობილია, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 1992 წელს 12 კომერციული ბანკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაფუძნდა, ამჟამად კი მისი აქციონერები არიან ეროვნული ბანკი და შვიდი კომერციული ბანკი ("ბითიეი ბანკი", "ვითიბი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "საქართველოს ბანკი", "სახალხო ბანკი", "ტაოპრივატბანკი" და ბანკი "ქართუ").

2009 წლის 16 მარტამდე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა კვირაში 5-ჯერ, ყოველ სამუშაო დღეს იმართებოდა და ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი წარმოადგენდა მომდევნო საბირჟო ვაჭრობამდე აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს. 17 და 19 მარტს საბირჟო ვაჭრობა არ ჩატარებულა. ვერ გეტყვით, გამართა თუ არა ამ ორ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონები, ვინაიდან მას შესაბამისი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა 20 მარტს გაიმართა. 23 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით კი კვირაში 3-ჯერ (ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით) საბირჟო ვაჭრობები და კვირაში 2-ჯერ (სამშაბათობითა და ხუთშაბათობით) სავალუტო აუქციონები იმართებოდა, ოღონდ აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კვლავინდებურად თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად განისაზღვრებოდა, ანუ კვლავაც ძალაში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის 2001 წლის 26 იანვრის #4 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესი“, რომელშიც ბოლო ცვლილება ამა წლის 16 მარტს შევიდა.

რაც შეეხება აუქციონებს, ისინი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების შესაბამისად. ეს დოკუმენტი სებ-ის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის #52/01 ბრძანებით არის დამტკიცებული. სავალუტო აუქციონზე სავაჭრო ოპერაციები „ბლუმბერგის ტერმინალის" პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება.
ამ დებულების თანახმად, ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით; აუქციონის ვალუტას, აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა), აუქციონზე შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას, ვალუტის მინიმალურ ან მაქსიმალურ ფასს ადგენს ეროვნული ბანკი; აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე, ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით და ეს შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუქციონის ვალუტას, აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა), შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას, განაცხადების მიღების დროს. შეტყობინება შეიძლება ასევე შეიცავდეს განაცხადის მინიმალურ ან/და მაქსიმალურ კურსებს; აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება მოხდება ე.წ. T+1 წესით, აუქციონის შემდეგ იმ პირველ დღეს, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე აუქციონში გამოყენებულ უცხოური ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში საბანკო დღეა.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკში ბლუმბერგის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით აგზავნის განაცხადს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: აუქციონის თარიღი, მოთხოვნილი/მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობა და მოთხოვნა/მიწოდების ფასი. თითო ბანკიდან დასაშვებია ერთი განაცხადის მიღება. განაცხადების დაკმაყოფილების წესი კი ასეთია: ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მოთხოვნილი ვალუტის ფასის კლების მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ვალუტის საერთო თანხას ან მოთხოვნის ფასი გაუთანაბრდება მინიმალური გაყიდვის ფასს; ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მოთხოვნილი ვალუტის ფასის ზრდის მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონზე შესასყიდად გამოტანილი ვალუტის საერთო თანხას ან მიწოდების ფასი გაუთანაბრდება მაქსიმალური შესყიდვის ფასს. ბანკებს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგები ეგზავნებათ ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით.

2009 წლის 22 მაისის #6 დადგენილებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის #4 დადგენილება „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“, ამასთან "სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი" დაამტკიცა და ეს ახალი წესი 25 მაისიდან აამოქმედა.

რა განსხვავებაა სავალუტო კურსების დადგენის ძველ და ახალ წესებს შორის

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი წესი? ცხადია, არაარსებითია ის, რომ პირველში გამოყენებული „უცხოური ვალუტების" ნაცვლად ახალში "სხვა ქვეყნების ვალუტები" და "ლარის" ნაცვლად - "ეროვნული ვალუტა" იხმარება. ისევე როგორც ძველი წესით, ახალი წესის თანახმადაც "სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრასა და გამოქვეყნებას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი" და "სხვა ქვეყნების ვალუტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც განისაზღვრება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი".

ამ ეტაპისთვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ფუნქციონირება შეჩერებულია (ვერ გეტყვით, დროებით თუ სამუდამოდ) და მხოლოდ სავალუტო აუქციონები ტარდება, მაგრამ სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალო შეწონილ კურსს არ გააჩნია ზუსტად ისეთი დატვირთვა, როგორიც ჰქონდა სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებულ აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსს. შეგახსენებთ, ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო მომდევნო დღიდან იმ დრომდე, სანამ შემდეგი საბირჟო ვაჭრობა არ ჩატარდებოდა. ანუ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი და აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

მაგალითად, 3 ივნისს, ოთხშაბათს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 10 მლნ აშშ დოლარი და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1,6709 შეადგინა, მეორე დღეს კი, ანუ 4 ივნისს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 1,6704; 19 ივნისს სებ-ის სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 1,6585 ლარი დადგინდა და 20 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარისა კი იყო 1,6522 ლარი; 19 ივნისს ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარისა იყო 1,6502 ლარი, როცა არც 18 ივნისს და არც 17 ივნისს სავალუტო აუქციონი არ ჩატარებულა; 16-ში ჩატარდა და იმ დღეს საშუალო შეწონილმა კურსმა შეადგინა 1,6477 ლარი. 26 ივნისს, პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 2 მლნ აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1,6592 შეადგინა და მომდევნო 3 დღის (შაბათის, კვირისა და ორშაბათის), ანუ 27 ივნისის, 28 ივნისისა და 29 ივნისის ოფიციალურ გაცვლით კურსად დადგინდა 1,6597.

საქმე ისაა, რომ "სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის" თანახმად: "აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა სამუშაო საბანკო დღის 16.30 საათიდან გაანგარიშების დღის 16.30 საათამდე პერიოდში (შემდგომში „გასაანგარიშებელი პერიოდი“) ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში (შემდგომში „სავაჭრო სისტემა“) რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით" და "აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად ცხადდება სავაჭრო სისტემაში გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში ბანკთაშორის დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ბანკთაშორის დადებულ გარიგებებში იგულისხმება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც გარიგების ერთ-ერთ მხარესთან დადებული გარიგებებიც".

რაც შეეხება სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის დადებულ გარიგებებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის #124/01 ბრძანებით დამტკიცებულია "ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი" და მასში ნათქვამია, რომ სავაჭრო სისტემის მეშვეობით გარიგებების დადება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს და მათი დადების დრო დღის განმავლობაში არ იზღუდება. ასე რომ, ეროვნული ბანკი ყოველდღიურად, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებებისა და სავალუტო აუქციონებზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით ითვლის დღის საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც არის მომდევნო დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ანუ ოფიციალური კურსის დადგენა ხდება ყოველ საბანკო დღეს, იმის მიუხედავად, ჩატარდა თუ არა იმ დღეს სავალუტო აუქციონი.

გარდა ამისა, "სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი" იმასაც გვეუბნება, რომ "აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრისას კურსის გასაანგარიშებელ პერიოდში დადებულ გარიგებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის გარიგებებიც, რომელიც გამოყენებულ იქნა წინა დღის საშუალო შეწონილი კურსის დათვლისას, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გაანგარიშების პერიოდში სავაჭრო სისტემაში დადებულ იმ ბანკთაშორის გარიგებათა რაოდენობა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, სამი ან სამზე ნაკლებია, ან

ბ) სავაჭრო სისტემაში გაანგარიშების პერიოდში დადებულ ბანკთაშორის იმ გარიგებათა ჯამური ბრუნვა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, 3 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებია".

ისევე როგორც ძველი წესით, ახალი წესითაც სხვა დანარჩენი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.
თითოეული ასეთი ვალუტისათვის ბაზრის იმ სეგმენტების ჩამონათვალს (ბანკთაშორისი ან ცენტრალური ბანკის კურსი), რომელსაც უპირატესობა ენიჭება კროს-კურსული გადაანგარიშებისათვის საჭირო კურსების მისაღებად, ადგენს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენა და გამოქვეყნება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ძველი წესის დროს ხდებოდა 13 საათისთვის, ახალი წესის შესაბამისად კი ხდება არაუგვიანეს 17 საათისა.

ეროვნული ბანკი საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს

22 მაისი, ანუ ბოლო საბირჟო ვაჭრობის დღე, პარასკევი იყო. შემდეგი კვირიდან, ე.ი. 25 მაისიდან მოყოლებული, სამი კვირის განმავლობაში სავალუტო აუქციონები ტარდებოდა კვირაში 3-ჯერ (ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით), ხოლო 16 ივნისიდან 26 ივნისამდე, ანუ ორ კვირის განმავლობაში - კვირაში 2-ჯერ (სამშაბათობითა და პარასკევობით). სავალუტო აუქციონების ჩატარების რამე გრაფიკზე, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.

სავალუტო აუქციონი საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტია და ვფიქრობთ, მის შესახებ იგივე ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, ვიდრე ამჟამად მიეწოდება.

საქმე ისაა, რომ სავალუტო აუქციონების შედეგები სებ-ის ვებ-გვერდზე, გარდა პრესრელიზებისა, არსადაა განთავსებული. პრესრელიზებში ასახულია მხოლოდ აუქციონის სახე (ყიდვა/გაყიდვა), გარიგებების მთლიანი მოცულობა და დაფიქსირებული საშუალო შეწონილი კურსი. პრესრელიზიდან არ ჩანს, იმ კონკრეტულ აუქციონზე რამდენი იყო მოთხოვნა-მიწოდება და რამდენი ბანკი მონაწილეობდა. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა, რომ სებ-ის საიტზე სტატისტიკის განყოფილებაში იყოს შესაბამისი გრაფა, რათა დაინტერესებულმა ადამიანმა პრესრელიზებში არ ეძებოს განვლილი აუქციონის შედეგები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავალუტო აუქციონზე სავაჭრო ოპერაციები „ბლუმბერგის ტერმინალის" პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. ამასთან, ამ ახლად დანერგილი სისტემის მეშვეობით კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ უცხოური ვალუტით 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარზე. საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდება არც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მეშვეობით დადებული ყოველდღიური გარიგებების შესახებ. არადა, "ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის" მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამბობს: "ეროვნული ბანკი ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების მოცულობის, მონაწილეთა რაოდენობის, მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო გაცვლითი კურსის შესახებ". ანუ ეროვნული ბანკი თავის მიერვე დამტკიცებული წესის ამ მოთხოვნას არ ასრულებს.

ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ მან სავალუტო აუქციონები მიმდინარე წლის 10 მარტიდან აამოქმედა, მაგრამ პირველი ოფიციალური ინფორმაცია ჩატარებული სავალუტო აუქციონის შედეგების შესახებ სებ-ის საიტზე დაიდო 24 მარტს პრესრელიზის სახით, რომლითაც საზოგადოებას ეუწყა, რომ იმ დღეს ანუ 24 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე შესყიდულ იქნა 5 მლნ აშშ დოლარი და საშუალო შეწონილმა კურსმა შეადგინა 1,6428. "შესყიდულ იქნა" იმას ნიშნავს, რომ ამ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.

შემდგომ გამართულ სავალუტო აუქციონებს რაც შეეხება, ამ აუქციონებზე ეროვნული ბანკი მხოლოდ ყიდდა, 26 მარტიდან 26 ივნისის ჩათვლით 28 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და სულ გაყიდა 60,7 მლნ დოლარი, ანუ თითო აუქციონზე საშუალოდ 2,17 მლნ დოლარი. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პატარა თანხაა, იმასთან შედარებით, რამდენსაც სებ-ი ყიდდა (ყიდულობდა) ხოლმე საბირჟო ვაჭრობებზე. მაგრამ ბოლო თვეების საბირჟო ვაჭრობების შედეგებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები საგრძნობლად შეამცირა. მაგალითად, 24 მარტიდან 24 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ანუ როცა საბირჟო ვაჭრობა სავალუტო აუქციონებით ნაწილობრივ იყო ჩანაცვლებული, გაიმართა 22 საბირჟო ვაჭრობა, რომელთაგან 7-ზე ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა და 15-ზე გაყიდა. შესყიდული ვალუტის მოცულობა გახლდათ სულ 64,5 მლნ დოლარი, ანუ თითო საბირჟო ვაჭრობაზე საშუალოდ 9,21 მლნ აშშ დოლარი და გაყიდულის - სულ 32,87 მლნ აშშ დოლარი, ანუ თითო საბირჟო ვაჭრობაზე საშუალოდ 2,19 მლნ აშშ დოლარი.

გასათვალისწინებელია კიდევ ორი გარემოება. ჯერ ერთი, დღეს სავალუტო აუქციონთან ერთად მოქმედებს სხვა სახის აუქციონებიც - რეფინანსირების სესხების აუქციონი, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი, სავალუტო სვოპ ოპერაციების აუქციონი. ეს ოთხი აუქციონი სხვადასხვა ხანგრძლივობის მონეტარულ ვაჭრობას მოიცავს (დაწყებული ერთდღიანიდან, 7 დღიანი, 91-დღიანი და ერთ წლამდე ვადით, ბუნებრივია ბანკების ინტერესები გადანაწილებულია ამ აუქციონებზე). ეს მათთვის მეტად მოსახერხებელია და თავიანთი აქტივების მეტად დაბალანსება შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ადრე სავალუტო ბირჟაზე მოდიოდა დიდი წნეხი, დღეს ეს წნეხი მათი სხვადასხვა აუქციონებში მონაწილეობით არის განეიტრალებული. მეორე გარემოება კი გახლავთ ქვეყანაში საინვესტიციო შიმშილი და ეკონომიკური აქტივობის შემცირება. იგივე ბანკებსაც ადრე ვალუტის მოთხოვნაზეც და მიწოდებაზეც მეტი პრეტენზიები ჰქონდათ.

თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნოდარ ხადურის აზრით მთავარი არის, რომ კურსის დადგენის დროს იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა; ამ ინფორმაციის არასრულყოფილად გავრცელების შემთხვევაში საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამ ეჭვების გაქარვება შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს. ზოგადი სტატისტიკა უნდა იყოს: სებ-მა ამდენი გაიტანა, კომერციულმა ბანკებმა ამდენიო და ასე შემდეგ. თვითონ სებ-ის ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. სპეციალისტებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს სჭირდებათ ანალიზი იმ პროცესებისა, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება (მით უმეტეს ეროვნულ ბანკში, კურსი როგორ დგინდება, რა მაკროეკონომიკური გარემოება არსებობს).

სხვათა შორის, იგივე ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე საბირჟო ვაჭრობების 2008 წლის 7 ნოემბრის პერიოდის შედეგებს თუ გადახედავდით, იქ აშკარად ჩანდა, რომ ერთ დღესაც "გასკდებოდა" ეს მდგომარეობა და დოლარის კურსი ავარდებოდა. ანუ ეს ინფორმაცია გარკვეულად რაღაცა პროგნოზის საშუალებას იძლეოდა. იმ პერიოდში ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ შეუძლებელია ასეთ პირობებში კურსის შენარჩუნება; დღეს კი იმ ინფორმაციით, რაც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე იდება, პროგნოზირება ჭირს.

რაც ეხება იმ სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას. მოგეხსენებათ, სავალუტო ბირჟაზე ბანკი დადებული გარიგების 0,007%-ს ანუ ყოველ 1 მილიონ დოლარზე 70 დოლარს იხდიდა. ცხადია, რაც უფრო მეტ თანხაზე იყო დადებული გარიგება, მით მეტის გადახდა უწევდა. ამჯერად, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ის სავალუტო აუქციონში მონაწილეობას და თუ მიიღებს, რა მოცულობის გარიგებას დადებს, ბანკმა მაინც უნდა გადაიხადოს თვეში 1600 დოლარი. ბირჟაზე დაახლოებით 20-22 მლნ დოლარის ვაჭრობა უნდა შემდგარიყო იმისთვის, რომ გადაეხადა 1600 დოლარი.

რიგი ექსპერტებისა აცხადებს, რომ ასეთი გარიგებები ხშირად იდებოდა და თუ ასეთი გარიგება თვის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდებოდა, მაშინ ბუნებრივია ბანკებს უფრო მეტი ექნებოდათ გადასახდელი, ვიდრე ტერმინალის დაქირავება ღირს ერთი თვის განმავლობაში. სხვა ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ მომსახურება აუქციონზე სავაჭროდ ბანკებისთვის თითქმის 3-ჯერ და ზოგიერთი ბანკისთვის შეიძლება მეტჯერაც გაძვირდა.

ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ბედი გაურკვეველია

ისე, სანამ ფუნქციონირებდა, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა მომგებიანი სააქციო საზოგადოება იყო და საინტერესოა, მომგებიანი საწარმოს დამფუძნებლებს რატომ უნდა აწყობდეთ მისი გაუქმება? კომერციული ბანკები მისი გაუქმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყვნენ დაინტერესებული, თუკი ამ საწარმოს გაუქმებით უფრო მეტ მოგებას ნახავენ, ვიდრე მისი ფუნქციონირების პირობებში. მაგრამ ბირჟის გაუქმებით მათ ერთი მხრივ უწყდებათ შემოსავლები ამ საწარმოდან და მეორე მხრივ, საბირჟო ვაჭრობებთან შედარებით სავალუტო აუქციონზე საკომისიო მომსახურების ხარჯები ეზრდებათ. თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს მათთვის, ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ თვითონ იმ ბანკებმა, ვინც სავალუტო ბირჟის აქციონერები არიან. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ბირჟა უმოქმედოდაა, გაჩერებულია. აქციონერი ბანკების მხრიდან ჯერ არ არსებობს ოფიციალური განაცხადი, უარი თქვეს თუ არა ბირჟაზე. ბირჟა მოლოდინშია. ისევ აქციონერების გადასაწყვეტია, ამას რა გაგრძელება ექნება. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად არსად არ არის გაცხადებული ინფორმაცია ბირჟის მომხდარი ან მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.

ზოგიერთი ექსპერტი მომავალში ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ისევ განახლებას ვარაუდობს და თავისი ამ ვარაუდის საფუძვლად ასახელებს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მაგალითს. მოგეხსენებათ, დიდი ხანი არ გასულა, რაც აღნიშნული სტრუქტურა ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან `გაიტანეს~ და ახლა ისევ უკან აბრუნებენ, მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო. აღნიშნულ ექსპერტთა აზრით, ალბათ, ასევე ცოტა ხანში მიხვდებიან, რომ ბანკთა შორის სავალუტო ბირჟა საჭიროა.

შესაძლოა ის ახლებურად გააკეთონ და სავალუტო კურსები ისევ ბირჟაზე დადგინდეს. იგივე ექსპერტები არც საფონდო და სავალუტო ბირჟების შერწყმას გამორიცხავენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბირჟა არსებობს ყველა იმ ქვეყნაში, სადაც თავისი ეროვნული ვალუტა აქვთ და ყველგან სავალუტო ბირჟაზე დგინდება ეროვნული ვალუტის კურსი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავალუტო ბირჟა არის ყველგან, გარდა მოლდოვისა, სადაც სავალუტო ბირჟის ფუნქცია ცენტრალურ ბანკს აქვს შეთავსებული.

დალი ჩიკვაიძე