ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2008 წლის მაჩვენებლები
#6(114), 2009

შარშანდელი წელი დაზღვევის სფეროსთვის წარმატებული გამოდგა

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზრდის ტრადიცია, რომელსაც უკვე წლების განმავლობაში აქვს ადგილი, არც შარშან დაირღვა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2008 წელს სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 271 090 249 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი 2007 წლის შედეგს 149 266 984 ლარით აღემატება. თავის მხრივ, 2007 წელს მოზიდული პრემია 2006 წლის ანალოგს დაახლოებით 51 მილიონი ლარით ჭარბობდა. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელი სადაზღვევო კომპანიებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ეს მით უფრო საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ შარშანდელი აგვისტოს მოვლენებს (რუსეთ-საქართველოს ომს), რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო და შედეგად, ეკონომიკური აქტიურობა როგორც თითქმის მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერად კვლავ რჩება სააქციო საზოგადოება "ალდაგი ბისიაი". მისი მოზიდული ჯამური პრემია 61 980 951 ლარს შეადგენს, რაც მთელი სადაზღვევო ბაზრის 22,86%-ს უდრის. ანაზღაურებული ზარალი 37 700 739 ლარია. ლიდერმა კომპანიამ, მართალია, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა მოზიდული ჯამური პრემია (2007-ში 41 843 576 ლარი იყო), მაგრამ სამაგიეროდ შემცირებულია ბაზარზე მისი წილი (2007-ში 34,3% იყო).

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მეორე ადგილს, 2007 წლის მსგავსად, 2008 წელსაც სააქციო საზოგადოება "ჯი პი აი ჰოლდინგი" იკავებს. 2008 წელს "ჯი პი აი"-ს მიერ მოზიდული ჯამური პრემია 47 003 585 ლარია (წინა წელს 28 271 700 ლარი იყო). კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალი 24 457 566 ლარია. "ჯი პი აი"-ს წილი ასევე შემცირებულია ბაზარზე - 2007-ში თუ 23,2% იყო, 2008 წლის შედეგების მიხედვით 17,33%-ია.

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით წელს მესამე ადგილს იკავებს სააქციო საზოგადოება "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი-L International". მისი მოზიდული ჯამური პრემია 46 466 474 ლარია. ანაზღაურებული ზარალი კი 12 688 933 ლარი. საყურადღებოა, რომ წინა წელთან შედარებით მოზიდული ჯამური პრემია დაახლოებით 3,3-ჯერ არის გაზრდილი (2007 წელს ჯამური პრემია 13 975 908 ლარი იყო). შესაბამისად, გაზრდილია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე "იმედი-L"-ის წილი - 11,5% დან 17,14%-მდე. გასული წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ამ კომპანიისთვის. „იმედი L“-მა 2008 წლის 9 თვეში 37 409 188 ლარის ოდენობის პრემია მოიზიდა. კომპანიის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 2008 წლის 9 თვის განმავლობაში 7 292 873  ლარი შეადგინა. აგვისტოს ომის შემდეგ კომპანიამ კვლავ მოახერხა მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვა. ასევე, ნოემბერში, "იმედი-L"-მა და ბანკმა "რესპუბლიკამ" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულება კომპანიების თანმშრომლობის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ბანკი „რესპუბლიკა“ და „იმედი-L“ ერთობლივ საბანკო-სადაზღვევო საქმიანობას აწარმოებენ და მომხმარებლებს სთავაზობენ, დაიზღვეს ბანკის ნებისმიერი  მსესხებლის სიცოცხლე, იპოთეკური დაკრედიტების დროს კი, მსესხებლის სიცოცხლესთან ერთად, დაიზღვეს იპოთეკის საგანიც.

„იმედი-L“-სა და ბანკ „რესპუბლიკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მხარი დაუჭირა „სოსიეტე ჟენერალმა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, რომელიც ფლობს სააქციო კაპიტალს როგორც ბანკში, ისე სადაზღვევო კომპანიაში.

ჩამონათვალში მეოთხე ადგილს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ იკავებს. 2008 წლის შედეგების მიხედვით კომპანიამ 37 517 796 ლარი მოიზიდა. შარშანდელთან შედარებით კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 20 134 934 ლარით არის გაზრდილი, რაც კომპანიის მიერ მოზიდული ჯამური პრემიის 244%-იან ზრდას უდრის. კომპანიამ ბაზარზე საკუთარი წილი გაზარდა და 2007 წელს თუ ბაზრის 12,6%-ს იკავებდა, 2008 წლის საბოლოო მონაცემებით 13,8% აქვს. "ირაოს" ანაზღაურებული ზარალი კი 8 959 712 ლარია.

დაზღვევის ზედამხედველობის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, 2008 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა "სახალხო დაზღვევას". მისმა მოზიდული ჯამურმა პრემიამ 24 166 923 ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო ბაზრის წილში 8,91%-ია (წინა წელს 5 101 803 ლარი მოიზიდა და ბაზრის 4,2%-ს ფლობდა). "სახალხო დაზღვევამ" 2008 წელს 6 698 205 ლარი აანაზღაურა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წელი „სახალხო დაზღვევამ“ 4-მილიონიანი მოგებით დაასრულა. ამ ფონზე ცოტა გასაკვირია, რომ "სახალხო ბანკმა" მისი გაყიდვა გადაწყვიტა. წელს, მაისში ცნობილი გახდა, რომ „სახალხო დაზღვევა“ მისმა მფლობელებმა გაყიდეს. „აი სი ჯგუფმა“ „სახალხო ბანკისგან“ „სახალხო დაზღვევის“ აქციათა 100-პროცენტიანი პაკეტი შეიძინა, თუმცა „სახალხო დაზღვევის“ ხელმძღვანელ გიზო ცაგარეიშვილის განმარტებით, „აი სი ჯგუფი“ და „სახალხო დაზღვევა“ ბაზარზე ცალ-ცალკე იურიდიულ პირებად დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „სახალხო ბანკმა“ სადაზღვევო კომპანია „პი-აი-სი“-ს აქციათა 100% 2005 წელს შეიძინა, 2006 წლიდან კი ეს კომპანია საზოგადოების წინაშე „სახალხო დაზღვევის" სახელით გახდა ცნობილი.
რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფს“, 2008 წელს მისმა მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 17 988 511 ლარი შეადგინა, რამაც კომპანიას ბაზრის 6,63% წილი დააკავებინა.

მთლიანობაში, „აი სი ჯგუფისთვის“ შარშანდელი წელი აშკარად წარმატებული გამოდგა. ჯამური პრემიის ზრდამ წინა წელთან შედარებით დაახლოებით 407% შეადგინა (2007 წელს მოზიდული ჯამური პრემია 4 409 436 ლარი იყო და ბაზარზე წილი 3,6%-ს არ აღემატებოდა). ანაზღაურებული ზარალის თანხა 2008 წელს 4 176 065 ლარი იყო.

კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ საქმიანობა ფაქტობრივად 2008 წელს დაიწყო და 10 567 035 ლარის მოზიდვა შეძლო. ამან კომპანიას საშუალება მისცა ბაზრის 3,89% დაეკავებინა. საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს ანაზღაურებული ზარალის კუთხით – 3 094 386 ლარი.

შედარებით ნაკლები ზრდა ჰქონდა შპს დაზღვევის კომპანია „ქართუს“. მოზიდული ჯამური პრემია 9 359 004 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 2 359 149 ლარით არის მომატებული, მაშინ, როდესაც სხვა კომპანიების ზრის ტემპი 200-300%-ს აჭარბებს. „ქართუს“ ასეთი მატება არ აღმოჩნდა საკმარისი ბაზარზე წილის შენარჩუნებისთვის და 2007 წელთან შედარებით სადაზღვევო ბაზარზე „ქართუს“ წილი 5,7% დან 3,45%-მდე შემცირდა. თუმცა, თუ გადავხედავთ თანაფარდობას მოზიდულ ჯამურ პრემიას და ანაზღაურებულ ზარალს შორის, ამ მხრივ "ქართუ" ლიდერია: 2008 წელს "ქართუმ" 8 369 347 ლარი აანაზღაურა. ეს კი მთლიანად მოზიდული ჯამური პრემიის თითქმის 90%-ია. საერთოდ, ეს კომპანია გამოირჩევა სხვა ქართული სადაზღვევო კომპანიებისაგან იმით, რომ არ არის რეიტინგული მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული და ძირითადად საჩხერის რაიონის მთელი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევით არის დაკავებული.

საკმაოდ გაიუმჯობესა მდგომარეობა შპს სადაზღვევო კომპანია „ვესტმა“. მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 9 288 448 ლარი შეადგინა. სხვა კომპანიებთან შედარებით მოზიდული ჯამური პრემიის ზრდა შთამბეჭდავი იყო - დაახლოებით 875%. 2007 წელს მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 1 062 086 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2007 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა წილი ბაზარზე: 0,9%-დან 3,42%-მდე. ანაზღაურებული ზარალი 978 035 ლარია.

შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორმა“ რეალური საქმიანობა ფაქტობრივად 2008 წელს დაიწყო (2007 წელს მოზიდული ჯამური პრემია სულ 28 076 ლარი ჰქონდა). მის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 4 199 934 ლარი შეადგინა და ბაზარზე 1,54% დაიკავა. კომპანიის ანაზღაურებული ზარალი 373 259 ლარია. ამ კომპანიამ წელს მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საქმიანობა და მოსალოდნელია, რომ მისი წილი ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება.

ბაზარზე 1%-ზე ნაკლები აქვთ კომპანიებს შპს სადაზღვევო კომპანია "ტაოს" და შპს სადაზღვევო კომპანიას "AIG-Europe SA" (საქართველოს ფილიალი). შესაბამისად, მათი მინაწილეობა სადაზღვევო ბაზრის ფორმირებაში უმნიშვნელოა.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევას, სულ მოზიდული 271 090 249 ლარიდან გადაზღვეულია 51 461 596 ლარი. 2008 წლის განმავლობაში სულ სადაზღვევო კომპანიების ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა 108 158 195 ლარი, რაც 2,7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დაზღვევის პოპულარული სახეობები

სადაზღვევო პროდუქტების პირველი სამეული პოპულარობის მიხედვით უცვლელია. ბაზრის უდიდეს ნაწილს კვლავინდებურად სამედიცინო დაზღვევა იკავებს. ამავე დროს, სამედიცინო დაზღვევის წილი ბაზარზე კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. 2007 წელს თუ მოზიდული ჯამური პრემია 45 075 751 ლარი იყო, რაც მთელი სადაზღვევო პროდუქტების 37,93% იყო, 2008 წელს სამედიცინო დაზღვევის კუთხით მოზიდული ჯამური პრემია 160 353 525 ლარია. ეს კი ბაზარზე 59,15%-ს შეადგენს. სამედიცინო დაზღვევის ზრდის მთავარი მაჩვენებელი სახელმწიფო პროგრამებია, რომელთა მიხედვითაც გასულ წელს საკმაოდ მრავალი ადამიანია დაზღვეული.

მეორე ადგილზე ქონების დაზღვევაა, მოზიდულია 33 218 371 ლარი, რაც ბაზრის 12,25%-ია. შარშანდელთან შედარებით შემცირებულია ბაზარზე ამ სახეობის დაზღვევის წილი. 2007 წელს ქონების დაზღვევის წილად 20 823 217 ლარი იყო მოზიდული და ბაზარზე 17,52%-ს შეადგენდა.

მესამე ადგილზე კვლავ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაა. 2008 წელს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდულია 27 530 506 ლარი, რაც ბაზარზე 10,16%-ს უდრის. ისევე როგორც ქონების დაზღვევა, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაც 2007 წელს უფრო მეტს წილს იკავებდა და 14,53% ს შეადგენდა, თუმცა მოზიდული ჯამური პრემია უფრო ნაკლები - 17 272 104 ლარი იყო.

დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის 2008 წლის მაჩვენებლებში ცალკეა შეტანილი საპენსიო სქემების მონაცემები. 2008 წელს საპენსიო დაზღვევაში მონაწილეთა რაოდენობა შემცირებულია. 2007-ში თუ საპენსიო სქემაში სულ 10 486 ადამიანი მონაწილეობდა, 2008 წელს სულ გაფორმებულია 10 354 ხელშეკრულება. კლება გამოწვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობის შემცირებით. 2007-ში თუ 510 ხელშეკრულება იყო გაფორმებული, 2008 წელს რაოდენობა 267-მდეა შემცირებული. სამაგიეროდ, მატებაა სხვა კომპანიებში.

"ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 154-დან 185-მდე გაიზარდა, "ჯი პი აი"-ში 9815-დან 9895-მდე. ხოლო „იმედი-L“-ში კი 7-დან 38-მდე. საპენსიო სქემაში გამოჩნდა ასევე კომპანია „ტაო“, რომლის საპენსიო შენატანებმა 1 032 366 ლარი შეადგინა. სულ საპენსიო სქემაში შენატანები 4 433 844 ლარს შეადგენს, ეს კი სულ მოზიდული ჯამური პრემიის დაახლოებით 1,6% ია. მთლიანობაში კი აშკარაა, რომ საქართველოში დაზღვევის ეს სახეობა ნაკლებად მიმზიდველია.

2008 წელი - წარმატებული პერიოდი დაზღვევისთვის, რომელსაც სირთულეები წინ ელის

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გასული წელი სადაზღვევო კომპანიებისთვის ძალიან წარმატებული იყო. ამავე დროს, ხეჩინაშვილის თქმით, 2008 წელი ძალიან რთული პერიოდიც იყო და ამავდროულად იყო საკმაოდ ბევრი გამოწვევა სადაზღვევო კომპანიებისთვის.

„შარშან დაიწყო ქართული სადაზღვევო კომპანიების სტრუქტურული გადაქმნა. შარშანდლამდე იყო პატარა, კორპორაციულ სექტორზე ორიენტირებული. მასობრივ საცალოზე სეგმენტზე ძირითადად შარშან გავიდნენ. ამიტომ, ეს ხომ სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც მოიცავს ანგარიშგებას, აუდიტს, კონტროლს, გაყიდვას, მენეჯმენტს... ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს ბრძოლაა“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება შარშანდელი აგვისტოს ომს და მის გავლენას ქართულ სადაზღვევო კომპანიებზე, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ომის შედეგებმა შარშან ზეგავლენა თითქმის არ მოახდინა.

„ომის შედეგები კორპორაციულ სექტორზე უფრო წელს გამოჩნდება და უკვე ჩნდება კიდეც. დაზღვეულ ქონებაზე დიდი ზარალი ომს არ მიუყენებია, მაგრამ ომის გარდა ეკონომიკური კრიზისი მოხდა. დასუსტდა ქართული კორპორაციული სექტორი. მაგალითად, ავტომობილების დაზღვევა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ზრდა ახლა შეჩერებულია. ახალი მანქანების ყიდვა დამოკიდებული იყო საბანკო კრედიტებთან. როგორც წესი, ადამიანები აზღვევენ ახალ მანქანებს. ახალი მანქანები კი წელს ბევრად ნაკლები იყიდება, ვიდრე შარშან იყიდებოდა. იგივე ეხება იპოთეკურ სესხებს და მასთან მიბმულ სიცოცხლის დაზღვევას. რომელმაც შარშან საკმაოდ მნიშვნელოვანი განზომილება მიიღო კრედიტის უზრუნველსაყოფად“.

სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევა კვლავ იქნება დომინანტი. ეს გამოწვეულია სახელმწიფო პროგრამების გამო და ასევე იმიტომ, რომ ადამიანი პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს და მხოლოდ შემდეგ დგება დღის წესრიგში ავტომობილის, უძრავი ქონების თუ სხვა სახის სადაზღვევო პროდუქტის შეძენა.

სადაზღვევო საქმიანობის ყველაზე რეალური მაჩვენებელი და უშუალოდ, სადაზღვევო საქმიანობის ყველაზე ეფექტური რეკლამა არის ანაზღაურებული ზარალის სიდიდე. 2008 წელს სულ ანაზღაურებული ზარალი 108 158 195 ლარია, 2007 წელს კი ანაზღაურებული ზარალის თანხა 39 666 419 ლარი იყო. ამ მაჩვენებლის ზრდა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ზრდის მნიშვნელოვან ტემპზე.

თუმცა, სადაზღვევო ბაზრის ნორმალურ განვითარებას გარკვეულწილად ხელს უშლის ის, რომ, ეს საქმიანობა მხოლოდ ახლა ყალიბდება და უამრავ ადამიანს ჯანმრთელობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ერთბაშად მოუნდათ. „დღეს ჰოსპიტალიზაციის დაახლოებით 20%-ია მაჩვენებელი, ეს არის არარეალურად მაღალი. აქ შეიძლება იყოს ბევრი მიზეზი. პირველი მოთხოვნა არის კატარაქტებზე, ხელოვნური სახსრებზე და ზოგადად, აქტუალურია დაგროვილი მიზეზები. ანუ, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა, დაზღვევის შემდეგ გაიკეთეს“.

მსგავსი სიტუაციაა „იაფი დაზღვევის“ მხრივაც. დაზღვეულები ცდილობენ თითქმის მაქსიმალურად მიიღონ ის დაფარვები, რასაც დაზღვევა ითვალისწინებს. თუმცა, „იაფი დაზღვევის“ პოპულარობა დღემდე მაინც დაბალია. სახელმწიფოს ვარაუდი არ გამართლდა, რომ „იაფი დაზღვევა“ დააინტერესებდა 500 ათას ადამიანს. „იაფი დაზღვევა“ დღემდე დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა შეიძინა. მიუხედავად დაბალი აქტივობისა, ჯანდაცვის მინისტრი მაინც იმედიანად არის და აცხადებს, რომ ბოლო დღეებში დაზღვევის ყიდვის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. მთლიანობაში კი, „იაფი დაზღვევის“ მთავარი არსი სწორედ სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის უშუალოდ ეს ინიციატივა მომგებიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყიდის "იაფ დაზღვევას".  ეს მოხდება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია - საქართველოში სადაზღვევო საქმიანობა სულ უფრო პოპულარული ხდება.

თემურ იობაშვილი