ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#3(123), 2010
ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირი

შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრეიდი დუგანი ევროპაში ბანკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. მან ხელფასის სახით, 2009 წლის შედეგების მიხედვით, 19,2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (18,2 მილიონი დოლარი) მიიღო. შარშანდელი შემოსავლების მიხედვით, დუგანმა საგრძნობლად გაუსწრო გერმანიის უდიდესი ბანკის Deutsche Bank-ის გენერალურ დირექტორს, იოზეფ აკერმანს, რომლის წლიური ანაზღაურება 9,55 მილიონი ევროს (12,69 მილიონი დოლარია) ტოლია. დუგანის წლიურმა შემოსავლებმა აგრეთვე გაუსწრო ამერიკული ბანკების Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ს ხელმძღვანელების წლიურ შემოსავლებს. პირველი ბანკის მეთაურმა ლოიდ ბლანკფეინმა წლიური შემოსავლის სახით 9,8 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ბანკის ხელმძღვანელმა ჯეიმს გორმანმა 8,1 მილიონი დოლარი მიიღო.

ევროპაში ლიდერობის მიუხედავად, დუგანის წლიური შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩა ამერიკული Wells Fargo-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჯონ შტუმპფის წლიურ ანაზღაურებას, რომელმაც 2009 წელს ხელფასის სახით 21,3 მილიონი დოლარი მიიღო. მანამდე The Guardian-მა მისი წლიური შემოსავალი 18,7 მილიონ დოლარად შეაფასა. Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ კრიზისის მიუხედავად, 2009 წელი ამ ფინანსური ორგანიზაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. შარშან ამ ბანკმა დირექტორთა საბჭოს წევრების ხელფასებისათვის 150 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოყო. 2010 წლის მარტში Credit Suisse-მა თავის 300 ტოპ-მენეჯერს პრემიის სახით 1,9 მილიარდი შვეიცარიულ ფრანკი (1,85 მილიარდი დოლარი) გადაუხადა.

Axa Group აზიაში შვილობილ კომპანიას გაყიდის

ავსტრალიური ბანკი National Australia Bank (NAB) ფრანგულ სადაზღვევო კომპანია Axa Group-ს შეუთანხმდა, რომ აზიაში არსებულ მის შვილობილ კომპანიას Axa Asia Pacific Holdings (Axa APH) შეიძენს. ამ საქმიანი გარიგების საერთო ღირებულება 14 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (12,84 მილიარდ ამერიკულ დოლარს) შეადგენს. უდიდესმა ავსტრალიურმა ბანკმა Axa APH-ის ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში არსებული აქტივები 4,2 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, Axa APH-ის აქციონერები ამ კომპანიის ყოველი აქციის სანაცვლოდ 5,9 ამერიკულ დოლარს მიიღებენ. უმსხვილესმა ფრანგულმა სადაზღვევო კომპანიამ AAPH-ის აქციების 54% ჯერ კიდევ 1995 წელს შეიძინა. თავის მხრივ, ეს სადაზღვევო კომპანია საკუთარ ბიზნესს ჰონკონგში, ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდში, მალაიზიაში აწარმოებს. 2009 წლის ნოემბერში, Axa Group-მა აზიური კომპანიის აქციების დარჩენილი პაკეტი იმ მიზეზით ვერ შეიძინა, რომ Axa APH-ის დირექტორთა საბჭოს ფრანგების მიერ შეთავაზებული თანხა მიმზიდველად არ მოეჩვენათ. მსოფლიოს სადაზღვევო ბაზარზე Axa Group მსოფლიო ლიდერია. მისი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში მუშაობენ.

ამერიკის საფინანსო კომპანიების საქმიანობამ ეჭვები გააჩინა

ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ გამოძიება ქვეყნის 20-ზე მეტი საფინანსო სტრუქტურის მიმართ გამოძიება დაიწყო. გაჩნდა ეჭვი, რომ მათი ბუღალტერია წესრიგში არ არის. ამის თაობაზე "ნიუ-იორკ თაიმსი" იტყობინება. ამ კომპანიების მიერ გამოყენებული პრაქტიკა გაკოტრებული საინვესტიციო ბანკის, Lehman Brothers-ის გამოყენებულ მეთოდებს ძალიან ჰგავს. კომისია ყველაზე მეტად დაინტერესდა დაბანდებული აქტივების გამოსყიდვის შესახებ დადებული შეთანხმებებით, რომელსაც საინვესტიციო ბანკები ხშირად იყენებენ. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, საფინანსო კომპანიების ასეთი ქმედებები კრიზისის დაწყებამდე, უოლ-სტრიტის მხრიდან მათი შემოწმების საბაბი უნდა გამხდარიყო. საფინანსო წრეებში ცნობილი ჯანეტ ტავაკოლის აზრით, ამერიკული საფინანსო სფეროს მრავალი ფირმა საეჭვო საბუღალტრო პრაქტიკას იყენებდა. ამერიკის მთავრობის მიერ მანამდე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Lehman Brothers-ის გაკოტრების ერთ-ერთი მიზეზი მათი კონკურენტების ქმედებები იყო. JP Morganნ Chase და CitiGroup ცუდ დღეში ჩავარდნილი ბანკისაგან ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დიდი მოცულობის გირაოს მოითხოვდნენ, თვითნებურად ცვლიდნენ გარანტიების წარდგენის პირობებს. გამოძიების ინფორმაციით, Lehman Brothers აქტიურად იყენებდა დაგირავებული აქტივების გამოსყიდვის სქემებს ორგანიზაციაში არსებული რეალური სიტუაციის დასაფარავად.

ამერიკის ფინანსთა სამინისტრო Citigroup-ის აქციებს გაყიდის

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს მის კუთვნილებაში არსებული Citigroup-ის ჩვეულებრივი აქციების 27%-ის გაყიდვას აპირებს. ამავე სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით არ იგეგმება მის კუთვნილებაში არსებული იმავე ბანკის პრივილეგირებული აქციების გაყიდვა. ამერიკის მთავრობამ Citigroup-ის აქციები 2008 წელს ამ საკრედიტო ორგანიზაციის გაკოტრებისაგან გადასარჩენად შეიძინა. ამ საქმიანი გარიგების ღირებულებამ 45 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის შედეგების მიხედვით, ამ ბანკის ზარალმა 28 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2009 წლის აპრილის შუაგულში Citigroup-მა განაცხადა, რომ 2007 წლის შემდეგ მოგება პირველად მიიღო. იმავე პერიოდში, ბანკის პრეზიდენტმა ბიკრამ პანდიტმა განაცხადა, რომ ჩიტიგროუპ მთავრობისაგან მიღებულ ანტიკრიზისულ დახმარებას მთლიანად დააბრუნებდა. იმავე წლის ბოლოს, ამ ბანკმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ნაწილი, 20 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

საბერძნეთი შვიდწლიან ობლიგაციებს გამოუშვებს

საბერძნეთმა მიმდინარე წლის მარტში შვიდწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების ემისიის შესახებ გამოაცხადა. ეს არის ამ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული პირველი ფასიანი ქაღალდები მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კრიზისში მყოფი სახელმწიფოსათვის დახმარების სურვილი გამოთქვეს. ემისიის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ფასიანი ქაღალდების გამოშვების ორგანიზატორები ბერძნული ბანკები Alpha Bank და Emporiki, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ჯგუფები - Credit Agricole, ING, Merrill Lynch არიან. 10-წლიან ბერძნულ და გერმანულ ობლიგაციებს შორის სხვაობა, რომელიც საბერძნეთის ვალდებულებების შესრულების ინვესტორთა განწყობაში გამოიხატება, ამჟამად 3,07% საპროცენტო პუნქტს შეადგენს. მანამდე ეს მაჩვენებელი 3,37 პუნქტი იყო. რაც უფრო მეტია სხვაობა, ინვესტორები საბერძნეთის ფინანსური უუნარობის რისკს მით უფრო დასაშვებად მიიჩნევენ. ევროპის ქვეყნების მხრიდან საბერძნეთის მხარდაჭერა მის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის, რადგანაც ბერძნები ინვესტორებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს თავაზობენ, ხოლო დეფოლტის რისკი შესამჩნევად შემცირდა.

მიმდინარე წლის 25 მარტს ევროზონის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივას საბერძნეთის ეკონომიკისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომელიც 20-30 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ კრედიტის ორი მესამედი ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების ბიუჯეტიდან, ხოლო ერთი მესამედი საერთაშორის სავალუტო ფონდიდან გამოიყოფა. მიმდინარე წელს საბერძნეთმა ვალის 50 მილიარდ დოლარზე მეტის რეფინანსირება უნდა მოახდინოს, რომლის ნაწილი - 20 მილიარდი დოლარი მიმდინარე წლის მაისში უნდა დაფაროს.

Fannie Mae-ს და Freddie Mac-ის რეფორმები გადაიდო

ამერიკული იპოთეკური გიგანტების, Fannie Mae-სა და Fრედდიე Mაც-ის "გლობალური" რესტრუქტურიზაცია საცხოვრებელი ფართის ბაზრის სტაბილიზაციამდე გადაიდო, - ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოტი გაიტნერმა ამ ცოტა ხნის წინ კონგრესში გამოსვლის დროს განაცხადა. გაიტნერმა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ მომზადებული რამდენიმე პრინციპული განცხადება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც Fannie Mae და Freddie Mac ვეღარ დაიბრუნებენ საფინანსო კრიზისამდე არსებულ სტატუსს და სახელმწიფოსაგან მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ. მისივე თქმით, ცვლილებები, რომლებიც მათ შეეხებათ, საცხოვრებელი ფართის იპოთეკური კრედიტების სისტემის რეფორმირების ჩარჩოებში მოთავსდება. 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, ამ ორ უდიდეს ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტს გაკოტრების საფრთხე დაემუქრა და ისინი ფაქტობრივად სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოექცა. ამერიკის მთავრობამ დახმარების სახით 400 მილიარდი დოლარი გამოყო. 2009 წელს Fannie Mae-ს ზარალმა 74 მილიარდ დოლარს, ხოლო Freddie Mac-ის ზარალმა 21,6 მილიარდ დოლარს  მიაღწია.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გერმანიაში

გერმანიის მმართველმა საპარლამენტო კოალიციამ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტების კრიზისული სიტუაციებიდან გამოყვანის სპეციალური ფონდი შეიქმნება. ამ კანონპროექტის მიხედვით, ბანკები ამ ფონდში წელიწადში მილიარდ ევრომდე ჩარიცხავენ. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა თვლის, რომ ბანკები ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლებენ ზედმეტად წარმოქმნილი დანახარჯების დაფარვას და არ იქნებიან დამოკიდებულნი გადამხდელებზე. ამ ფონდში შესატანი თანხის მოცულობა კონკრეტული ბანკის სიდიდეზე იქნება დამოკიდებული. გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს თქმით, სპეციალურ ფონდში შესატანი თანხა შემნახველი სალაროებისათვის და მცირე კოოპერატიული ბანკებისათვის მსხვილ საბანკო სტრუქტურებთან შედარებით უფრო ნაკლები ოდენობით უნდა განისაზღვროს. ამ კანონპროექტის განხილვა უახლოეს დროში უნდა მოხდეს. 2008 წელს მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო გერმანიამ საბანკო სექტორის მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დახარჯა.

Societe Generale-მ სასამართლო პროცესი წააგო

ფრანგული ბანკის Societe Generale-ს ყოფილმა თანამშრომელმა, რაფაელ გეისმა ამ ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ, საქმე მოიგო. იგი ცდილობდა ამ ბანკისაგან სამუშაოდან დათხოვნის გამო, კომპენსაციის სახით 12,5 მილიონი ევრო მიეღო. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა თავის ყოფილ თანამშრომელს შესაბამისი კომპენსაცია არ გადაუხადა. კონტრაქტის მიხედვით, გეისს ბანკიდან გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 12,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ბანკმა მას "მხოლოდ" 8 მილიონი ევრო შეთავაზა, რადგანაც ჩათვალა, რომ კონტრაქტში მითითებული საკომპენსაციო თანხა "ზედმეტად გულუხვი" იყო. გეისი არ დათანხმდა ბანკის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. რაფაელ გეისი დაკავებული თანამდებობიდან 2007 წლის ნოემბერში "ზედმეტად წარმატებული მუშაობისათვის" გაათავისუფლეს. ამ ბანკის ლონდონის განყოფილებაში მან სამი წელი იმუშავა და ამ ბანკის შემოსავლები 205 მილიონიდან 400 მილიონ ევრომდე გაზარდა. მიმდინარე წლის 25 მარტს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა Societe Generale-მ გეისი უსამართლოდ გაათავისუფლა, ამიტომაც კომპენსაციის მოცულობა უნდა გაიზარდოს. მხარეებს მიმართეს წინადადებით, მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ახალი სხდომა ჩატარდება.

Societe Generale მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკია, რომელიც საფრანგეთში1864 წელს დაარსდა.