ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ჩინური "საფინანსო ბუშტების" წელიწადი
#3(123), 2010
კონიუნქტურა

გასულ წელს ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკას მხსნელად მოევლინა. მიუხედავად ამისა, "ჩინური სასწაულის" განმეორებას აღარ ვარაუდობენ. ბაზრის მთავარი კატალიზატორი იუანის კურსი და მანამდე გამოცხადებული ჩინური მრეწველობის მოდერნიზაცია იქნება. ჩინეთის ეკონომიკაში კრედიტების დაბანდების უმაღლესი მაჩვენებელი გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა, რის შემდეგაც სესხების გაცემის ტემპები მკვეთრად მცირდება. ჩინური ბანკების აქტიურობა ამ ქვეყნის კომპარტიის პირდაპირმა მითითებებმა გამოიწვია. მათ მიერ შარშან რეკორდულად დიდი მოცულობის კრედიტები - 9,6 ტრილიონი იუანი (1,4 ტრილიონი დოლარი) გაიცა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბანკო აქტიურობამ საცალო ვაჭრობის მოცულობის (განსაკუთრებით ავტომობილების გაყიდვების) გაზრდა გამოიწვია. საბოლოო ჯამში ამან სასარგებლოდ იმოქმედა მთლიანობაში მრეწველობაზე და შიდა საერთო პროდუქტის ზრდაზეც.

იმავე პერიოდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ჩიოდნენ, რომ კრედიტების აღებას აიძულებდნენ, წარმოების ზრდას ვერ ახერხებდნენ, რადგანაც შიდა მოთხოვნა ჯერ კიდევ შეზღუდულია, საგარეო კრიზისმა მოიცვა. საბოლოო ჯამში, ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მინიმუმ 1,2 ტრილიონი იუანი საფონდო ბაზარზე და უძრავი ქონების ბაზარზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც გიგანტური "ფინანსური ბუშტები" გაიბერა. გასული წლის შედეგების მიხედვით, უძრავი ქონების სექტორში გაყიდვები 75,5%-ით (4,4 ტრილიონ იუანამდე) გაიზარდა. ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი კრედიტების გარდა, ჩინეთის სახელმწიფომ 2009-2010 წლების პერიოდისათვის დამატებით 4 ტრილიონი იუანი გამოყო.

ვარაუდობენ, რომ გამოყოფილი თანხის 60% გზების, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე, აგრეთვე სიჩუანის მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად დაიხარჯება. 2010 წელს ჩინეთის მთავრობას ბიუჯეტიდან 0,6 ტრილიონი იუანის დახარჯვა მშენებლობაზე და ტექნოლოგიების განვითარებისათვის აქვს დაგეგმილი. ოფიციალურად გამოცხადდა მრეწველობის მასშტაბური მოდერნიზაციის დაწყების შესახებ. არჩეული სტრატეგიის სისწორის შესახებ კამათი შეიძლება, რადგანაც მოდერნიზაცია სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებასაც გულისხმობს, თუმცა ამით საფუძველი ჩაიყრება ჩინეთის ეკონომიკის ხარისხობრივი ზრდისათვის.

ჯერ ისიც გაურკვეველია, არის თუ არა გამოყოფილი ეს ფული და მთლიანად აითვისებენ თუ არა მას. ასე თუ მოხდება, კორპორაციები დამატებით ლიკვიდურობას მიიღებენ, გაიზრდება მათი აქციების ღირებულებაც. ამასთან ერთად, გაიზრდება ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო პროდუქციის მიმწოდებელ-იმპორტიორთა აქციების ფასი.

იუანის გამყარება

იუანის გამყარებით, შესაძლებელია იმპორტისათვის და მოდერნიზაციისათვის ტვირთის შემსუბუქება. ამ საკითხზე მსჯელობა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში  დიდი ხანია მიმდინარეობს. იუანის სისუსტე ადგილობრივ ექსპორტიორებს უპირატეს სიტუაციაში აყენებს. ეს გარემოება ჩინეთის სავაჭრო პარტნიორებს განსაკუთრებით მას შემდეგ აღიზიანებთ, რაც საფინანსო კრიზისი ბოლო ხანებში შედარებით მინელდა. 2008 წლის ბოლოს, "ყველაფრის დანგრევის" შიშმა დოლარი დანარჩენ ვალუტებთან შეფარდებით გაამყარა. 2009 წლის შემოდგომიდან არსებული სურათი შეიცვალა: "ამჟამად, როცა ყველაზე უარესი უკან მოვიტოვეთ და ჩინეთის ხელისუფლება ჭარბ ფულად მასას და უძრავი ქონების ბაზარზე ახალი "საფინანსო ბუშტის" წარმოქმნას ებრძვის, იუანის გამყარება ქვეყანას სამომხმარებლო ბაზრის ფორმირების დაწყებაში დაეხმარება. სულ უფრო ხშირად გაისმის სპეციალისტთა ვარაუდები იუანის დოლართან მიმართებაში ერთჯერადი რევალვაციის თაობაზე, თავდაპირველად 10%-ით, ხოლო შემდეგ 2-3%-ით წელიწადში. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უარყოფითად შეაფასებენ ინვესტორები, რამაც შესაძლებელია ადგილობრივი საფონდო ინდექსების შემცირება გამოიწვიოს", - შიშობენ ექსპერტები.

"ქამრების მოსაჭერად" მიზეზები ჩინეთის ხელისუფლებას საკმარისზე მეტი აქვს. ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამ საკითხებზე გამუდმებით მუშაობს, რადგანაც ადგილობრივი ბაზრის "ტემპერატურა" გამუდმებით მატულობს. "საფინანსო ბუშტების" გაბერვა და დაშვება აქ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ადგილობრივი ინდექსი Shanghai Composite 2007 წელს მსოფლიოს სხვა უდიდეს ინდექსებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებოდა. 2008 წელს კი იმავე ინდექსის მაჩვენებელი ყველაზე უარესი იყო. 2009 წელს იგივე ინდექსი 80%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წლის ზაფხულში მკვეთრი რყევები განიცადა.

ადგილობრივი ბაზრის დინამიკას ძირითადად ლიკვიდურობა კარნახობს "საბაზისო მაჩვენებლების" მაგიერ. მაგალითად, ამჟამად ჩინეთის ეკონომიკის ზრდა რეალურად 10%-იანი მაჩვენებლით ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ინდექსმა Shanghai Composite შარშან აგვისტოში მიღწეული მაჩვენებელი ვერ გააუმჯობესა. სხვა რისკებს შორის ინფლაციას გამოყოფენ. ჩინეთის ეკონომიკის მონეტიზაციის მაჩვენებელი ლიკვიდურობის დიდი მოცულობის გამო, 205%-ს შეადგენს, რაც ამერიკის იმავე მაჩვენებელს 3,5-ჯერ აჭარბებს.

ინვესტირების ხერხები ჩინეთში

ინვესტორებმა ჩინეთის საფინანსო ბაზარზე ფულის გამომუშავების რამდენიმე ხერხი შეიძლება გამოიყენონ. შესაძლებელია იუანისა და აზიური ვალუტის კალათის გამყარებაზე თამაში, აგრეთვე საბირჟო ფონდების ფასიანი ქაღალდების შეძენა, რომლის პორტფელი ნაწილობრივ, ან მთლიანად ჩინური საფინანსო ინსტრუმენტებისაგან შედგება. ხელსაყრელი შეიძლება გამოდგეს ნედლეულის ბაზარზე გასვლა. არსებობს დარგობრივი ბირჟები "Industrial materials" და "Commodity industrial materials".
 
ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ კაპიტალდაბანდებები ინვესტორმა მხოლოდ ერთი მიმართულებით არ გადაანაწილოს. მთლიანად ჩინური საფინანსო ინსტრუმენტებით შექმნილმა საბირჟო ფონდებმა ბოლო 12 თვის განმავლობაში, შემოსავლიანობის მიხედვით, სხვადასხვა განვითარებად ბაზრებზე (ÂRIC, Emerging Markets) მომუშავე ფონდებთან შედარებით უარესი შედეგები აჩვენეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაიზარდა მოთხოვნები ძვირფას ლითონებზე (პალადიუმზე და პლატინაზე). ამ სიტუაციას საავტომობილო მრეწველობაში გამოცოცხლებით ხსნიან, რომელიც ძვირფასი ლითონების ძირითადი მომხმარებელია.

ძვირფასი ლითონების ფასები ამ მომენტისათვის საფინანსო კრიზისამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა. შარშან ოქრო 24,6%-ით, პალადიუმი 112%-ით, პლატინა 58%-ით, რადიუმი 128,5%-ით, სპილენძი 130,6%-ით გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები ძვირფას ლითონებზე გაიზრდება, მაგრამ გაზრდილი ფასები მრეწველობას აღდგენასა და შემდგომ განვითარებაში ნამდვილად ვერ დაეხმარება.

ჩინურ აქციებში ინვესტირება ადვილი არ არის. ჩინური კომპანიები ძირითადად სახელმწიფოს კუთვნილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბირჟო ღირებულება მნიშვნელობას კარგავს იმ ამოცანებთან შედარებით, რასაც წარმოების მასშტაბების, ბაზრის წილისა და შემოსავლიანობის ზრდა ითვალისწინებს. ჩინეთი ინვესტორებს ფულის დაბანდების შესაძლებლობას იმ კომპანიებში აძლევს, რომლებიც თვით ჩინეთში საქმიანობენ. მათთვის არსებობს ქვოტები სქემის Qualified Foreidn Institucional Investor (QFII) მიხედვით. უცხოელები კაპიტალდაბანდებების განთავსებას ვერ შეძლებენ იმ კომპანიებში, რომლებიც ყველაზე დინამიურად ვითარდებიან.

კერძო ინვესტორებს ჩინურ ბაზარზე გასვლა სპეციალური ფონდების მეშვეობით შეუძლიათ. მაგალითად, ასეთია Fidelity’s China Focus Fund. თუ უცხოელი ინვესტორი ირწმუნებს იმას, რომ ჩინეთის ეკონომიკა ხანგრძლივვადიან პერიოდში მოდერნიზაციისა და ურბანიზაციის ტემპებთან ერთად გაიზრდება და განვითარდება, მას შეუძლია ისეთი საწარმოების აქციების შეძენა, რომლებიც ჩინეთის საზღვრებს გარეთ არიან რეგისტრირებულები და ჩინეთის ეკონომიკაში დებენ ფულს. ასეთებს შორის ასახელებენ მომპოვებელი დარგების ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Vale, Rio Tinto, Exxon Mobil.

ჩინეთის ეკონომიკის მოდერნიზაცია შესაძლებელია საინვესტიციო იდეად გადაიქცეს. ამით ძირითადად, იაპონური კორპორაციები ისარგებლებენ, რომლებიც მძიმე მანქანათმშენებლობის სექტორში საქმიანობენ. იაპონურ კომპანიებთან ერთად, მიმწოდებლები შესაძლებელია ტაივანური კომპანიებიც გახდნენ. მძიმე მანქანათმშენებლობის სექტორის გარდა, მოგებას ნახავენ სატელეკომუნიკაციო და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების მწარმოებლები, აგრეთვე ნედლეულის მიმწოდებლები. აქ საუბარია გლობალურ კორპორაციებზე.

ვეფხია სამსონიძე