ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#3(123), 2010
შემოსავლების სამსახურმა მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა

ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობის მსურველ გადამხდელს ამიერიდან რეგისტრაციის გავლა საგადასახადო სამსახურში მისვლის გარეშე შეეძლება.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ აღნიშნა, სამსახური გადამხდელებს ახალ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირები დარეგისტრირებას ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ. რეგისტრაციას გადამხდელი ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდიდან შეძლებს, სადაც სპეციალური ღილაკით - "ვიდეო ზარით აქტივაცია" სარეგისტრაციო ფორმას შეავსებს და ოპერატორს დაუკავშირდება. ოპერატორი მომხმარებლის იდენტიფიცირებას განახორციელებს და მას დაარეგისტრირებს. ავტორიზაციის შემდეგ ვებ-პორტალზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს უკვე შეუძლია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სერვისით ისარგებლოს. 

"მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს ჩვენ ბევრი ახალი სერვისის შეთავაზებას დავპირდით. აღნიშნული მომსახურებაც ამ დაპირების ნაწილია და მიზნად ისახავს  მაქსიმალურად მოსახერხებელი და სწრაფი სერვისის შეთავაზებას. თუ აქამდე ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობისთვის, რეგისტრაციის მიზნით საჭირო იყო საგადასახადო ორგანოში მისვლა, დღეიდან ეს სერვისიც ონლაინ-რეჟიმში განხორციელდება", - განაცხადა ცხაკაიამ.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური გადამხდელებს წელს კიდევ რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს.

მარტში ყოველთვიურმა ინფლაციამ -0.2 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში დეფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა, წინა წლის მარტთან შედარებით კი ინფლაციის დონე 5,8 პროცენტით განისაზღვრა.
 
2010 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა: ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე და სხვა. ამავე პერიოდში აღინიშნა ფასების ზრდა კავშირგაბმულობაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე და სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფებზე.

2010 წლის მარტში 2009 წლის მარტთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად განათლებაზე, ტრანსპორტზე, სურსათზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე, აგრეთვე სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე. ამავე დროს, ფასების შემცირება აღინიშნა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლა-შეკეთებაზე,  საცხოვრებელ სახლზე, სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე და ჯანმრთელობის დაცვაზე.

2009 წელს საქართველოში ინფლაცია 3 პროცენტზე დაფიქსირდა.

"საქართველოს ბანკი" სასესხო პორტფელს ზრდის

"საქართველოს ბანკის" ძირითადი სტრატეგია 2010 წლისთვის სასესხო პორტფელის ზრდაა, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბანკმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 335 მლნ ლარის სესხი გასცა. შესაბამისად, "საქართველოს ბანკის" საკრედიტო პორტფელი 5,7 პროცენტით გაიზარდა და 1,8 მლრდ ლარი შეადგინა.

"სესხებზე მოთხოვნა ეკონომიკური აქტივობის ზრდითა და "საქართველოს ბანკის" მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევით არის განპირობებული. ასევე, ლარში სესხებზეც გაიზარდა მოთხოვნა, რაც მისასალმებელია, რადგან მომხმარებლებს კურსის მერყეობის რისკისგან იცავს", - აღნიშნა ირაკლი გილაურმა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სესხების გაცემაზე "საქართველოს ბანკის" მიერ პირობების შემსუბუქებამაც. 2009 წლის მეოთხე კვარტალში ბანკში მიკროსესხებზე საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტამდე შემცირდა, იპოთეკურზე - 14.5 პროცენტამდე, ავტოსესხებზე - 16 პროცენტამდე, სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთმა კი 18 პროცენტი შეადგინა. ამასთან, "საქართველოს ბანკმა" თებერვალში მომხმარებლებს აქციის სახით ლარში იპოთეკური და ავტოსესხებით სარგებლობაც შესთავაზა. აქციის ფარგლებში სულ 5,4 მლნ ლარის სესხი გაიცა.

"ვფიქრობ, "საქართველოს ბანკის" საკრედიტო პორტფელი 20 პროცენტით გაიზრდება. პირველ კვარტალში 5.7 პროცენტიანი ზრდა კარგი მაჩვენებელია", - განაცხადა ირაკლი გილაურმა. მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე "საქართველოს ბანკის" სასესხო პორტფელმა შესაძლოა, 2 მლრდ ლარს გადააჭარბოს.

"საქართველოს ბანკი" დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს

"საქართველოს ბანკი" დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს, სავარაუდოდ, კიდევ შეამცირებს, - განაცხადა „საქართველოს ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

მისი თქმით, საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 9-პროცენტიანი ნიშნულიდან შესაძლოა ეტაპობრივად 8 პროცენტამდე შემცირდეს.

"ჩვენ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად დავწიეთ, მაგალითად, თუ 6 თვის წინ საპროცენტო განაკვეთები 1-წლიან დოლარის დეპოზიტებზე 11,75 პროცენტს შეადგენდა, ჩვენი მომხმარებელი ახლა 9 პროცენტს მიიღებს და ეს ბუნებრივია, საშუალებას გვაძლევს, პროცენტი სესხებზეც შევამციროთ", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.  მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში "საქართველოს ბანკში" დეპოზიტები 9,2 პროცენტით გაიზარდა და 1,2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

  საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვებმა მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვებმა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილისთვის მაქსიმუმს მიაღწია და 1 980 321 200 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანად  ოფიციალური სარეზერვო აქტივები - 2 199 234 100 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზერვები 1-ლი მარტის მონაცემებთან შედარებით 154 403 200 აშშ დოლარითაა გაზრდილი. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეზერვების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის 148 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მორიგი ტრანშის გამოყოფამ განაპირობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს სავალუტო რეზერვები 1 490 728 100 აშშ დოლარს შეადგენდა.

აქამდე რეზერვების მაქსიმალურ მაჩვენებლად 2008 წლის 1 მაისისთვის დაფიქსირებული მოცულობა ითვლებოდა - 1 908 203 600 აშშ დოლარის ოდენობით.