ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქუთაისის ბიუჯეტი კვლავ ჩინოვნიკთა სამსახურშია
#3(123), 2010
სახელმწიფო ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი "დასაქმების ბიუჯეტს" უწოდებს, ქუთაისის წლევანდელი ბიუჯეტის მისამართით ძნელია ვინმეს ენა მოუტრიალდეს და ქვეყნის მეორე ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ასევე დასაქმების ბიუჯეტი უწოდოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებიც ერთხმად გაიძახიან, რომ ქალაქის ბიუჯეტი კვლავ ჩინოვნიკთა სამსახურშია. აქ დედაქალაქისაგან განსხვავებით, სოციალური სფერო პრიორიტეტი არაა.

მაგალითისათვის ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანმა მიმდინარე მოწვევისას პოსტზე ყოფნის სრულ ოთხწლიან პერიოდში სამსახურებრივი სარგებლობისთვის 4 (!) მობილური ტელეფონი (2300 ლარამდე საერთო ღირებულებით) შეიძინა. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს არც საკრებულოს სხვა "ნაციონალი" წევრები ჩამორჩებიან, რომლებიც, როგორც ქალაქში ამ სახელისუფლებო კურიოზზე ხუმრობენ, ან ჩაქუჩის ნაცვლად ხმარობენ ტელეფონს, ან იხვებზე სანადიროდ.

ვიდრე 2010 წლის ქუთაისის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს შემოგთავაზებთ, მოკლედ გაგაცნობთ გასული წლის შესრულების დაზუსტებულ მაჩვენებლებს. 2009 წლის ბიუჯეტი ქუთაისის საკრებულოს შარშანდელი 3 თებერვლის #201 დადგენილებით დამტკიცდა. შემოსულობებისა და გადასახდელების ოდენობა 40318,1 ათასი ლარით განისაზღვრა. საბიუჯეტო წლის განმავლობაში მასში 16 ცვლილება შეიტანეს და საბოლოო სიდიდემ 55142,5 ათასი ლარი შეადგინა. შემოსავლების ფაქტიური შესრულება, პერიოდის დასაწყისში არსებული ნაშთის გარეშე 53023,9 ათასი ლარის ოდენობით დაფიქსირდა, სადაც სახეების მიხედვით შემოსავლების ხვედრითი წილი ასე გამოიყურება: გადასახადები - 10901,1 ათასი ლარი (20,6%), გრანტები - 35695,0 ათასი ლარი (67,3%), სხვა შემოსავლები - 4660,9 ათასი ლარი (8,8%), არაფინანსური აქტივების კლება - 1766,9 ათასი ლარი (3,3%).

2009 წლის მანძილზე ბიუჯეტის გადასახდელების სახით სულ გაწეულია 43800,5 ათასი ლარის საკასო ხარჯი, რაც გეგმის 79,4%-ია. ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის წილი საერთო გადასახდელების მოცულობაში შემდეგ სურათს იძლევა:

საბინაო-კომუნალური მეურნეობა - 19525,4 ათასი ლარი (44,6%), დასვენება, კულტურა და რელიგია - 7562,5 ათასი ლარი (17,2%), საერთო დანიშნულება - 5659,5 ათასი ლარი (12,9%), განათლება - 4761,3 ათასი ლარი (10,9%), გარემოს დაცვა - 2022,8 ათასი ლარი (4,6%), ეკონომიკური საქმიანობა - 1738,8 ათასი ლარი (4,0%), საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 1088,2 ათასი ლარი (2,5%), სოციალური დაცვა - 951,9 ათასი ლარი (2,2%), ჯანმრთელობის დაცვა - 490,1 ათასი ლარი (1,1%).

სახელმწიფომ "ქუთაისური" ტრანსფერები არნახულად შეამცირა

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2009 წლის 28 დეკემბრის #257 დადგენილებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიიღო. ამ დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლები მხოლოდ 26878,0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აღნიშნული სიდიდის გაშიფვრითაც კარგად ჩანს, რომ ამ რიონისპირა ქალაქში ძველი ინდუსტრიული შენების ნიშანწყალი არაა: გადასახადები - 3131,0 ათასი ლარი, გრანტები - 20103,0 ათასი ლარი და სხვა შემოსავლები - 3644,0 ათასი ლარი.
 
დამკვიდრებული პრაქტიკით, ამ ციფრებმა წლის განმავლობაში შესაძლოა ცვლილებაც (მატების მხრივ) განიცადონ, მაგრამ თუნდაც ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადის გეგმიური 90 ათასი ლარიდანაც კარგად ჩანს, რა სამრეწველო პოტენციალი შემორჩა ქვეყნის სიდიდით და როგორც ამბობენ, მნიშვნელობით მეორე ქალაქს. ვიდრე სახელისუფლებო ძალთა წინასაარჩევნო გააქტიურება არ დაიწყება, ქუთათურებს "გრანდიოზული" მასშტაბების ორი მშენებლობის იმედად ყოფნა უწევთ: პირველი და უმთავრესი, სკანდალურად აფეთქებული "დიდების მემორიალის" ნანგრევებზე 2012 წლისთვის ასაშენებელი საქართველოს პარლამენტის შენობაა, მეორე კი - ოპერისა და ბალეტის თეატრისა. სხვათა შორის, წლევანდელ ბიუჯეტში აღნიშნული შენობებისთვის გამოთანაბრებითი ტრანსფერის მუხლიდან საგრძნობი თანხაა გამოყოფილი. პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, საამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სეისმური და გეოლოგიური კვლევების სამუშაოებისთვის 4,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ოპერის თეატრის რეაბილიტაციასა და გარე იერსახის კეთილმოწყობის კაპიტალური სამუშაოებისთვის - 3,67 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბიუჯეტი დაგეგმილია როგორც დეფიციტური. ეს სიდიდე (დაგეგმილ ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა) საწყისი მონაცემებით 942 ათას ლარს შეადგენს. თუმცა აქაც წარსულის გამოცდილებაა გასათვალისწინებელი - როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, წლიური საოპერაციო სალდო ყოველთვის დადებითია და იგი 10 მილიონ ლარზე დაბლა არასოდეს დაშვებულა.

გადაფასებული პრიორიტეტები და უცნაური ტენდენციები

დამკვიდრებული პრაქტიკით, ხელისუფლება არჩევნების წელს ისეთი საბიუჯეტო მუხლების გაზრდაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს, რომლებიც ამომრჩეველთა უმეტეს ნაწილს მოიცავს. ასეთად დღემდე სოციალური უზრუნველყოფა ითვლებოდა. ვერ გეტყვით, რომ ქუთაისში ამ მხრივ გამოსწორებულია საქმე, მაგრამ ფაქტია - სოციალური დაცვის პაკეტებმა მეორე პლანზე გადაიწიეს და ქალაქში უფრო პრიორიტეტული საგანმანათლებლო სფეროსა (5,4 მილიონი ლარი) და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების (7,3 მილიონი ლარი) დაფინანსება გახდა (მათ შორის, წლეულს აქ ჩოგბურთის კორტების მოწყობაა გათვალისწინებული, რომელიც ბიუჯეტს 590,4 ათასი ლარი დაუჯდება, სპორტულ-მასობრივ ღონისძიებათა პროგრამული 50-ათასიანი დაფინანსება კი ადგილობრივ მთამსვლელთა ჰიმალაებში ექსპედიციას ითვალისწინებს).
 
ამის მიუხედავად, საინტერესო უნდა იყოს სოციალური და ჯანდაცვის იმ 12 პროგრამის ჩამონათვალი და დაფინანსების თანხაში გამოსახვა, რომელიც ქუთაისის მერია-საკრებულომ უმეტესწილად შეღავათების საჭიროების მქონე თანაქალაქელთათვის გაიმეტა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამისთვის (116 ათასი ლარი) გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი (71,4 ათასი ლარი) ამ სფეროში მომსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. სამაგიეროდ, მედიკამენტებით დახმარების პროგრამით განსაზღვრული 40 ათასი ლარი სრულად და თანაბრად მიაღწევს იმ 4000 ბენეფიციარამდე, ვინც ელემენტარული მედიკამენტების შეძენასა და ძვირადღირებული სტაციონარული მკურნალობის გარდაუვალობას საჭიროებს.

სამედიცინო დახმარების პროგრამაში ბიუჯეტი 279,5 ათასი ლარის გაღებას ითვალისწინებს. აქ დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, მომსახურების ღირებულების არაუმეტესი 50%-ით და მაქსიმუმ 700 ლარით. წელიწადში ორი ათასი 17 წელს გადაცილებული ვაჟი გათავისუფლებული იქნება სამედიცინო შემოწმების 20-ლარიანი ქვითრის ღირებულების დაფარვისაგან. სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთო ჯამში 200 ათასი ლარის გადახდა იმ ჯანდაცვის ობიექტებისათვის, რომლებიც ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების 1150 თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას ითავებს.

კვლავ ძალაშია ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამა, რომელიც მაქსიმუმ 80 ბენეფიციარის ოჯახისათვის 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებს, ან იგივე თანხის ოდენობით გარდაცვლილი ვეტერანის დასაფლავებას აანაზღაურებს. 30 ათასი ლარით ფინანსდება მიცვალებულთა დასაფლავების პროგრამა, რომელიც მთლიანად იძულებით გადაადგილებულ პირთა და უპატრონო მიცვალებულთა (სულ 100 ბენეფიციარზე გათვლით) დაკრძალვას მოხმარდება.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ქუთაისის ხელისუფალნი მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, რაც ოჯახში მეოთხე არასრულწლოვანი შვილი გაჩნდება. ეს პროგრამა 120 ათასი ლარითაა უზრუნველყოფილი. სოციალური ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს 150 ათასი ლარის გამოყოფას ღვაწლმოსილ ადამიანთა და განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახების წევრთა საზაფხულო დასვენების ორგანიზებაში, საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეების აღნიშვნაში. საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობისათვის ქუთაისის მერია 100 ათას ლარს გამოჰყოფს, ხოლო მატერიალური დახმარების პროგრამისთვის - 125 ათას ლარს.

და ბოლოს, ხელისუფლებას არ ავიწყდება უფასო სასადილოებისთვის შესაბამისი მატერიალური დახმარების გაწევა. 2010 წელს ქუთაისში ასეთი "სერვისით" ფონსგასული 700 ბენეფიციარი კვირაში 6 დღის განმავლობაში უფასოდ ისადილებს. ამ მიზნისთვის კი, ადგილობრივი ბიუჯეტი 485 ათას ლარს გაიღებს.

ე.წ. ინფრასტრუქტურული პროგრამებიდან აღნიშვნის ღირსია პროგრამა "კორპუსი" (1,4 მილიონი ლარი) და გზის საფარის მიმდინარე და კაპიტალური სამუშაოების პროგრამა (1,14 მილიონი ლარი). პირველ მათგანში გათვალისწინებულია საერთო ჯამში 50 ათასი კვ.მ სახლის გადასახური მასალის ბიკროსტის და 75 ათასი კვ.მ გოფრირებული თუნუქის შეძენა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გადაცემა; აქვე 120 ათასი ლარი იქნება დახარჯული ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის.

რაც შეეხება ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თვალშისაცემია საამისო თანხის სიმცირე. თავად განსაჯეთ, ასფალტის დაგებაზე წელს გამოყოფილი წლიური თანხის  თითქმის ორმაგი ოდენობა იყო 2007 წელს გადახდილი ერთ-ერთი საგზაო ფირმის შესრულებულ სამუშაოებში ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

რას ფიქრობს ოპოზიცია

ქუთაისის საკრებულოში ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი პარტიის წარმომადგენელია - "რესპუბლიკელი" ვლადიმერ ნაკაშიძე და "ლეიბორისტი" სამსონ გუგავა. ისინი, როგორც წესი, ბიუჯეტის განხილვის პროცესს "დამკვირვებლის" სტატუსით ადევნებენ თვალ-ყურს, კენჭისყრაში კი მონაწილეობას არ იღებენ.

ვლადიმერ ნაკაშიძე: "როცა 2010 წლის ბიუჯეტში წინა წელთან შედარებით შემცირებულია სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სოციალურ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსება, საკრებულოში ჩვენი არჩევიდან დღემდე გაიზარდა: მუნიციპალიტეტების შტატები - 119%-ით, ჩინოვნიკთა ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის ხარჯები - 25%-ით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შენახვის ხარჯები - 33%-ით, შადრევნების ექსპლუატაციის ხარჯები - 32%-ით, მერიის სამსახურებში მომუშავეთა რიცხოვნობა - 72%-ით; მერის სარეზერვო ფონდი - 117%-ით (ამ ფონდიდან შარშან მოქალაქეთა მატერიალური დახმარებისათვის დაიხარჯა 39900 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებისა და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხოლოდ კვებისთვის დახარჯულია 44200 ლარი), საკრებულოს ჩინოვნიკთა ხელფასები - 130%-ით, წყლის გადასახადი - 100%-ით, დასუფთავების გადასახადი - 33%-ით, მიწის ნორმატიული (შესასყიდი) ფასი - 1000%-ით".

ასეთი კატასტროფული მატების ფონზე ქუთაისელ "რესპუბლიკელებს" მიაჩნიათ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ 15-დან 25-მდე გაზარდოს საკრებულოს წევრთა რაოდენობა, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქალაქის ბიუჯეტს. აღნიშნულის არგუმენტირებისთვის მათ კიდევ ორიოდე რიცხვი მოჰყავთ: 2009 წელს ქუთაისელი ჩინოვნიკების ხელფასებში მთელი ბიუჯეტის 8,1% დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის პროგრამებში - 3,3%.

სამსონ გუგავა: "ესაა მაგალითი, როგორ "ნაყოფიერად" იხარჯება ხალხის ბიუჯეტი ჩინოვნიკთა და ნაცმოძრაობის წევრთა საკეთილდღეოდ. ამ დროს, არაფერია გაკეთებული ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ღატაკი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეების ლიტერატურითა და სხვა სასწავლო ატრიბუტიკით უზრუნველყოფა (არადა, ოფიციალური სტატისტიკით ქუთაისში 25 ათასი ასეთი ოჯახი ცხოვრობს).

სოციალური უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ თანხას მხოლოდ მაშინ ზრდიან, როცა საპარლამენტო არჩევნებია. 2008 წლის შესაბამისი მუხლი 4 მილიონ ლარს აღწევდა, წლეულს კი მილიონ 700 ათასი ლარია დაგეგმილი. უმუშევრობის დაძლევის ნაცვლად, იმ ადამიანებს, რომლებმაც ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულეს, დღესაც სასამართლოში უწევთ სიარული კუთვნილი ხელფასების ასაღებად".

ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს - საკრებულოს მოახლოებული არჩევნების (იგი 30 მაისს უნდა ჩატარდეს) ფონზე, ქუთაისის ბიუჯეტი მართლაც "მოკრძალებულად" გამოიყურება.

ფრიდონ კერვალიშვილი