ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ჯანმრთელობის დაზღვევა - კონკურენციის მიზეზი კომპანიებისთვის და თავსატეხი სახელმწიფოსთვის
#3(123), 2010
არღვევს თუ არა კომპანია "ალფა" კონკურენციის პირობებს?

დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მთავარი დამკვეთი სახელმწიფოა. დაზღვეულთა მთლიანი რაოდენობა დაახლოებით მილიონ ადამიანს შეადგენს, საიდანაც უდიდეს ნაწილს სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანები შეადგენენ. სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელია როგორც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ადამიანები, ასევე დაახლოებით 80 ათასამდე პედაგოგი – მათი სამედიცინო დაზღვევის საფასურსაც სახელმწიფო იხდის. სადაზღვევო კომპანიებს შორისაც მთავარი კონკურენცია ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. სწორედ დაზღვევის ეს სახეობაა ბოლო წლების მიხედვით ყველაზე სწრაფად მზარდი სადაზღვევო პროდუქტი. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის შარშან გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა ბაზრის 60%-ს იკავებს.

ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე ადამიანის მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე მოდის. სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ერთ-ერთი საჯილდაო ქვაც მედიკამენტების ხელსაყრელ ფასად შეთავაზებაა.

ბოლო წლებში სადაზღვევო ბაზარზე, ისევე როგორც სხვა კონკურენტულ ბაზრებზე, კომპანიებს შორის ერთგვარი პარიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც პრაქტიკულად, მკვეთრად არ იცვლება. თუმცა, საქართველოში უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია `ავერსმა~ სადაზღვევო კომპანიებს დიდი საფიქრალი გაუჩინა. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის აღების შემდეგ "ავერსმა" სადაზღვევო ბაზრის დიდი წილის დაკავება გადაწყვიტა, რის საშუალებასაც მას საკუთარი მძლავრი მედიკამენტების ბაზა აძლევს.
 
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" სადაზღვევო ბაზარზე 2009 წელს "ავერსი დაზღვევის" სახელწოდებით შემოვიდა. მოგვიანებით კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა და საქმიანობა "ალფას" სახელწოდებით განაგრძო. სადაზღვევო ბაზარზე თავისი სიტყვის თქმისთვის "ალფამ" საგანგებო შეთავაზებები გააკეთა და სხვა კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფად შესთავაზა სახელმწიფო დაზღვევის მონაწილეებს მომსახურება. სწორედ ამ შეთავაზებამ დანარჩენი სადაზღვევო კომპანიები საფუძვლიანად შეაშფოთა.

ამ ამბებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს სადაზღვევო ბაზარზე დიდი დაძაბულობა მოჰყვა. სადაზღვევო ბაზარზე მოქმედმა შვიდმა კომპანიამ ფარმაცევტულ კომპანია "ავერსთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ისინი თავის კლიენტებს "ავერსის" ქსელში მედიკამენტების შეძენის ხარჯებს აღარ დაუფინანსებენ.

"ავერსის" დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც "ავერსი ფარმას" დაფუძნებულმა სადაზღვევო კომპანია "ალფამ" პედაგოგთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაზღვევო კომპანიებმა "ავერსს" ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს. 31 დეკემბერს "ავერსის" სააფთიაქო ქსელმა და "ავერსის" კლინიკებმა წამყვანი სადაზღვევო კომპანიებისგან კონტრაქტების შეწყვეტის შეტყობინება მიიღეს. თანამშრომლობა შეწყვიტეს "იმედი L"-მა, "ალდაგი ბისიაიმ", "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ", "ჯიპიაი ჰოლდინგმა", "აისი ჯგუფმა", "პარტნიორმა", "ირაომ".

პაატა კურტანიძის განცხადებით, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც "ავერსთან" თანამშრომლობის სურვილი ექნება, იმავე სერვისით სარგებლობა შეუძლია, რომლითაც "ალფა" სარგებლობს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების მიხედვით, კურტანიძე ვარაუდობდა, რომ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის შეწყვეტა "ავერსის" სააფთიაქო ქსელს გაყიდვას 2-3%-ით შეუმცირებს.

სადაზღვევო კომპანიებში კი "ავერსთან" კონტრაქტის გაწყვეტას ბუნებრივს უწოდებენ. მათი შეფასებით, აქ საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს. სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ რამიშვილის განმარტებით, "ავერსთან" კონტრაქტი იმიტომ შეწყვიტა, რომ ის უკვე კონკურენტი კომპანიაა, როგორც "ალფას" დამფუძნებელი.

"ალფას" მენეჯმენტის მაშინდელი განცხადების მიხედვით, ყველა ბენეფიციარს, რომელიც სახელმწიფო ვაუჩერს "ალფას" სადაზღვევო პოლისში გადაცვლის, პირველ ეტაპზე საჩუქრად 100 ლარის მედიკამენტებს გადასცემს, შემდგომ კი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებზე 50%-იან ფასდაკლებას დაუწესებს. მართალია, მედიკამენტები დღგ ით არ იბეგრება, მაგრამ საჩუქარი შესაბამისი გადასახადით იბეგრება და 100-ლარიანი პროდუქტის ღირებულება 120 ლარამდე იზრდება. გამოდის, წლიური სადაზღვევო პრემიის (180 ლარი) 65-70% საჩუქარია. კომპანიას მინიმუმ 20 30 მლნ ლარის კაპიტალი უნდა გააჩნდეს, რომ დაზღვეულთა ამ მეთოდით მომსახურება შეძლოს. ამ ზარალის ანაზღაურებას კომპანია 1,5-მილიონიანი ლარის საწესდებო კაპიტალით ვერ გაუმკლავდება", - ასეთი კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ რამიშვილმა.

"ავერსი" თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვაში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმაც დაადანაშაულა. დევი ხეჩინაშვილი უმწეოთა სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთათვის კომპანია "ალფას" შეთავაზება კონკურენციის შეზღუდვად შეაფასა. მისი განმარტებით, "ალფას" მიერ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ექიმის დანიშნული მედიკამენტების 50%-იანი ფასდაკლებით შეთავაზება სწორი მიმართულებაა. თუმცა ერთ ვაუჩერზე 100 ლარის მედიკამენტების საჩუქრად გადაცემა სრულიად მიუღებელია.

"ქმედება, როცა ადამიანს კონკრეტული მედიკამენტი არ ესაჭიროება და სადაზღვევო კომპანია მას მაინც სთავაზობს საჩუქრად, სხვა არაფერია, თუ არა კონკურენციის შეზღუდვა და იმ უფლებით სარგებლობა, რასაც მას ის ფაქტი ანიჭებს, რომ "ავერსი ფარმას" დაფუძნებულია", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

ხეჩინაშვილი არაკორექტულს უწოდებს "ავერსი ფარმასა" და შესაბამისად "ალფას" დამფუძნებელ პაატა კურტანიძის ქმედებას, როცა ის სადაზღვევო ბაზრის სუბიექტებს თვეების განმავლობაში უმტკიცებდა, "ავერსი ფარმა" "ალფას" გაყიდისო, რათა სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. ხეჩინაშვილი შიშობს, რომ კონკურენტულ ბაზარს დიდი საფრთხე დაემუქრება, თუ მსგავსი შეთავაზება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის წესად იქცევა. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით მოსარგებლეთა წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა 180 ლარს შეადგენს, რაც სადაზღვევო კომპანიის შემოსავალს წარმოადგენს.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ როგორც "ჯიპიაი", ასევე სხვა კომპანიები, ვინც "ავერსთან" მედიკამენტების შეძენაზე შარშან კონტაქტი გაწყვიტა, ამჟამად კვლავ ავერსთან ურთიერთობის გარეშე რჩებიან. მიზეზი კი კვლავ "ალფას" საქმიანობაა, რომელიც იმავდროულად "ავერსის" კუთვნილებაა. თუმცა, მიუხედავად საკმაოდ დაძაბული მდგომარეობისა, მარეგულირებელი "ავერსის" და "ალფას" საქმიანობაში არ ჩაერია. როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, მართალია კონკურენციის თვალსაზრისით მიუღებელი სიტუაციაა, როდესაც უდიდესი ფარმაცევტული კომპანია პარალელურად სამედიცინო დაზღვევას სთავაზობს მოსახლეობას და თან სხვა კომპანიებს არაკონკურენტულ პირობებში აგდებს, მაგრამ დღეს არსებული სამართლებრივი ნორმები ამით არ ირღვევა. ამიტომ, მდგომარეობის დარეგულირება ისევ ბაზარზეა მინდობილი.

ჩაშლილ კონტრაქტს მიყოლებული ჩაშლილი ტენდერი

ცხადია, ჯანდაცვის დაზღვევის გამართული მუშაობისთვის გამართული საავადმყოფოები და სხვა სამკურნალო დაწესებულებებია საჭირო. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ ორიოდე წლის წინ ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების~ პროგრამის განხორციელებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 თანამედროვე სამკურნალო დაწესებულების უზრუნველყოფა დაევალა. ეს პროექტი კარგა ხანს იყო მთავრობის მისამართით კრიტიკის საგანი. ბევრს უმტკიცებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ტენდერში გამარჯვებული ჩეხურ-ქართული კომპანია "ბლოკ-ჯორჯია" 100 ახალი საავადმყოფოს ამშენებელი არ არისო, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები ბოლო მომენტამდე მდგომარეობის გამოსწორებას უცდიდნენ. თუმცა, როდესაც მოლოდინი დაუსრულებლად გაგრძელდა, ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა პირობების დამრღვევი კომპანიისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებაზე გააკეთა განცხადება. ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, "ბლოკ-ჯორჯიას" დარჩება მხოლოდ 20-25% ნაკისრი ვალდებულებებიდან, დანარჩენ ვალდებულებებზე და უძრავ ქონებაზეც უარის თქმა მოუწევს. ასევე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის "ბლოკ ჯორჯიას", ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე მილიონის გადახდაც დაეკისრება.

"ბლოკ-ჯორჯიას" მსგავსად ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანია "ახალი სტილი" დაისაჯა. მის ნაცვლად სახელმწიფომ საავადმყოფოების მშენებლობა კომპანია "აი-ჰო-პი"-ს გადასცა. ამ კომპანიას მოუწევს რეგიონებში უზრუნველყოს 29 თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვებული საავადმყოფოს ფუნქციონირება.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობას ახალი საავადმყოფოების მშენებლობაში – ეს სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა მომსახურების პარალელურად უნდა განახორციელოს თითოეულმა სადაზღვევო კომპანიამ. ამ მიზნით, სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებს ტენდერში მონაწილეობაც შესთავაზა და პირობაც წაუყენა: სახელმწიფო დაზღვევის პოლისის მფლობელებს ის სადაზღვევო კომპანია მოემსახურებოდა, ვინც უფრო დაბალ ფასად უკეთეს მომსახურებას შესთავაზებდა.

ღია აუქციონი სახელმწიფოს მიერ დაზღვეული კონტიგენტის, პედაგოგებისა და სოციალურად დაუცველი პირების მომსახურებას ეხება. ამავე პაკეტში შედის სადაზღვევო კომპანიების მიერ საავადმყოფოების აშენებაც. ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება სახელმწიფომ იმის გამო მიიღო, რაც "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების" პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ინვესტორმა კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" ვალდებულებები არ შეასრულა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან 10-მა გამოთქვა. კომპანიების მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებებს შესაბამისი ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იხილავდა და წინასწარი მონაცემებიც ცნობილი გახდა. თუმცა საბოლოო გამარჯვებული კომპანიების ვინაობა რამდენიმე დღეში უნდა გამხდარიყო ცნობილი.
 
7 აპრილის მდგომარეობით ტენდერში ყველაზე მსხვილი გამარჯვება ახალშექმნილმა კომპანია "ალფამ" მოიპოვა. შედეგად, "ალფა" სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მოსახლეობის 22%-ს დააზღვევდა. "ალდაგი ბისიაი"-ს  მოსახლეობის 10%-მდე ანუ 85 ათასი ადამიანის დაზღვევას უზრუნველყოფდა და 120-საწოლიან კლინიკას ააშენებდა, "ჯიპიაი ჰოლდინგს" 130 ათასამდე ადამიანი უნდა დაეზღვია და 10 საავადმყოფო აეშენებინა, "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" კი მოსახლეობის 4 პროცენტი ანუ 40 ათას ადამიანი უნდა დაეზღვია. კომპანიების უმრავლესობამ ერთ ადამიანზე წელიწადში 176-177 ლარი მოითხოვა, თუმცა "ალფამ" სახელმწიფოს სხვა სადაზღვევო კომპანიებზე ნაკლები თანხის გამოყოფა შესთავაზა. 

სადაზღვევო კომპანია "ალფას" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ განცხადა, რომ 10 დღეში შესაძლოა ბაზრის ახალი ლიდერის ვინაობა გარკვეულიყო. ბოლო წლებში ბაზრის ლიდერი "ალდაგი ბისიაია", თუმცა კონკრეტულად ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით გასულ წელს ყველაზე მეტი ბენეფიციარი სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-მა მოიზიდა. მაგრამ, სანამ პაატა კურტანიძე მისი კომპანიის ყველაზე მსხვილ გამარჯვებაში ბოლომდე დარწმუნდებოდა, ასევე სანამ დანარჩენი კომპანიები გამარჯვებული ლოტების შესაბამის საქმიანობას შეუდგებოდნენ, ტენდერის ჩატარებიდან მეორე დღეს – 8 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, სახელმწიფო კანცელარიაში 7 აპრილს გამართული სადაზღვევო ტენდერის შედეგები ანულირებულია. მინისტრის განცხადებით, ტენდერის მიმდინარეობისას ეჭვი გაჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ლოტების გადანაწილებისას ადგილი ჰქონდა გარიგებას, რადგან კონკურენცია თითქმის არ ყოფილა. მინისტრის განცხადებით, ტენდერი ხელახლა ჩატარდება.

ალექსანდრე კვიტაშვილმა ისიც არ გამორიცხა რომ ტენდერის შედეგებით სამართალდამცავი ორგანოებიც დაინტერესდნენ. ბევრი ამტკიცეს ტენდერში მონაწილე კომპანიებმა – ყოველგვარი გარიგება გამორიცხულიაო, თუმცა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ტენდერი ხელახლა ჩატარდება და კვლავ მოახერხებს თუ არა "ალფა" ყველაზე საუკეთესო ფასად დაზღვეულების მომსახურებას – ეს მომავალი ტენდერის შედეგად გაირკვევა. წინასწარი ინფორმაციით კი, შესაძლოა, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ყოველთვიური თანხა – 15 ლარი თითოეული დაზღვეულის მომსახურებისთვის – კიდევ უფრო შემცირდეს და უფრო ნაკლებ ფასზე მოუწიოთ კომპანიებს კონკურენცია. ამ შემთხვევაში კი მედიკამენტების საკუთარი ბაზა "ალფას" ნამდვილად მისცემს სხვა კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას.

შესაძლოა, ამ გარემოების გამო სხვა ლიდერ სადაზღვევო კომპანიებს ფარმაცევტული ბიზნესის შეძენის ან წამოწყების სურვილიც გაუჩნდეთ. სხვათა შორის, ერთ ასეთ პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი, როდესაც 2008 წლის ოქტომბერში "ალდაგი ბისიაიმ" ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის - სს "ჯიპისი"-ს აქციების 19,5% შეიძინა.

თემურ იობაშვილი