ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ოჯახის შექმნის სამართლებრივი პირობები
#3(123), 2010
საოჯახო ურთიერთობა ძალიან რთულია; იგი დაკავშირებულია ადამიანის შინაგან სამყაროსთან, პირად განცდებთან, ინტიმურ ცხოვრებასთან და ა.შ. ოჯახის წევრთა შორის არსებული ურთიერთობები არ არის უბრალოდ ერთად მცხოვრებ ადამიანთა დამოკიდებულება, მისი წევრები არა მხოლოდ ყოფითი პრობლემებითა და საკითხებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, არამედ ეს ურთიერთობები თითოეული მათგანისთვის წარმოშობს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს, რაც თავისთავად მოითხოვს სამართლებრივ მოწესრიგებას.

რა არის ოჯახის შექმნის საფუძველი? არის თუ არა აუცილებელი ქორწინების სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია და თუ აუცილებელია, რამდენი წლის ასაკიდან ეძლევათ ახალგაზრდებს დაქორწინების უფლება? არსებობს თუ არა კანონიერი საფუძველი საქორწინო ასაკის შემცირებისათვის? წარმოშობს თუ არა მეუღლეთა შორის კანონიერ უფლება-მოვალეობას ჯვრისწერა? რა შეიძლება ჩაითვალოს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად? ასეთია ის ძირითადი კითხვები ოჯახის შექმნის შესახებ, რაც ჩვენი ჟურნალის მკითხველებს აინტერებთ.

ქორწინება - ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის შექმნას. ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია, თუმცა არა ერთადერთი. ოჯახი შეიძლება წარმოიშვას დაუქორწინებელი ქალის მიერ ბავშვის დაბადების, შვილად აყვანისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა იურიდიული ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც.

ჯერ კიდევ 1944 წლის 8 ივლისიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კანონიერ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება. ასეთი ორგანო დღეისათვის გახლავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. ცხადია, ქორწინება სასურველია ემყარებოდეს ურთიერთ სიყვარულს, პატივისცემას და იმ დიდი პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელსაც ოჯახის შექმნა გულისხმობს.

ქორწინების რეგისტრაციის გარეშე წლების განმავლობაში თუნდაც ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი მეუღლეთა შორის კანონიერ უფლება-მოვალეობას არ წამოშობს. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ძალზე სასიამოვნო ფაქტია უკანასკნელ წლებში ჩვენი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილის შემობრუნება ეკლესიისკენ და მათი მისწრაფება, ჯვარი დაიწერონ შეუღლების დროს (ჩემი აზრით, ეს მეტად საჭირო და ამაღლებული რიტუალია და ყველა მართლმადიდებელი, რომელიც ქორწინდება, ამ დიდ მადლს აუცილებლად უნდა ეზიაროს), მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჯვრისწერას ანუ მხოლოდ რელიგიური წესით გაფორმებულ ქორწინებას სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს და შესაბამის იურიდიულ უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობს!

დაქორწინებისათვის აუცილებელია: საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის შესაბამისად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან საქორწინო ასაკად (როგორც გოგონების, ისე ვაჟებისათვის) დაწესებულია თვრამეტი წელი. გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის უარის შემთხვევაში – საპატიო მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე, დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ. მაგალითად, სასამართლოს მიერ ერთ-ერთ ასეთ საპატიო მიზეზად ჩაითვლება ქალის ორსულობა ან ბავშვის დაბადება. ასეთ შემთხვევაში არსებული საოჯახო ურთიერთობის უსწრაფესად მოგვარება შეესაბამება როგორც სახელმწიფოს, ისე ამ ახალგაზრდა ოჯახის ინტერესებს.

ნიშნობა არის დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა ქორწინებაზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ნიშნობა არ წარმოშობს შემდგომი დაქორწინების ვალდებულებას. ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი. დაუქორწინებლობის შემთხვევაში ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ. ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
 
ქორწინების რეგისტრაცია ხდება შემდეგნაირად: დაქორწინების მსურველნი განცხადებით მიმართავენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, სადაც მიუთითებენ დაქორწინების თარიღს. მოქმედი კანონის თანახმად, დაქორწინება შეიძლება მოხდეს განცხადებით მიმართვის დღესვე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნული შეუძლებელია განცხადებათა სიმრავლის გამო. დაქორწინების მსურველი პირების განცხადება ძალაშია მისი შეტანიდან 2 თვის განმავლობაში.

ისეთ განსაკუთრებულ გარემოებათა დროს, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, ქორწინების რეგისტრაცია აუცილებლად უნდა გაფორმდეს განცხადების შეტანის დღესვე.
 
განცხადებაში ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, მხარეებმა უნდა მიუთითონ იმის თაობაზე, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი, რომ იცნობენ ერთმანეთის ოჯახურ მდგომარეობას, მერამდენე ქორწინებაა ეს მათთვის და ჰყავთ თუ არა შვილები. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი სამსახური მოვალეა გააცნოს მხარეებს ქორწინების რეგისტრაციის წესი და პირობები, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის. ეს ორგანოები ვალდებულნი არიან დარწმუნდნენ, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი, რომ მხარეებისათვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
 
ქორწინების რეგისტრაცია ტარდება საზეიმო ვითარებაში ორი (ან მეტი) სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1116-ე მუხლის თანახმად, მოითხოვება, რომ დასაქორწინებელმა პირებმა ქორწინების რეგისტრაციისას უნდა განაცხადონ, რომ მათ იციან ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოში უცხოელთა დაქორწინებისათვის აუცილებელია მათი ქვეყნის სათანადო ორგანოს ცნობა, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი. ეს წესი არ ვრცელდება მოქალაქეობის არმქონე პირებზე და იმ სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც არ გასცემენ მსგავს ცნობებს.
სახელმწიფო ორგანოების უარი ქორწინების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
 
ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებულია ქორწინების რეგისტრაციისას წარადგინოს მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა, დარჩენილი მეუღლის ახალი ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელია მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება:

"ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

ბ. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;


გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;


დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;


ე. იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ".


როგორც ვხედავთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს ქორწინებას ახლო ნათესავებს (მაგალითად, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის), თუმცა საბედნიეროდ, ქორწინების ასეთი შემთხვევები ქართულ საზოგადოებაში პრაქტიკულად არ ხდება (განსხვავებით დასავლეთ ევროპისაგან, სადაც მსგავსი ქორწინებები არც თუ იშვიათია). ასევე საბედნიეროდ, ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა საერთოდ არ ცნობს.

ირინე ღლონტი