ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ თბილისის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟის დირექტორ ალექსანდრე გორგიჯანიძესთან
#3(123), 2010
ალექსანდრე გორგიჯანიძე- დაიბადა 1948 წლის 17 ივლისს, ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის 27-ე სკოლა. იმავე წელს როსტოვის საინჟინრო-სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. 1966 წლის ზაფხულში მუშაობა დაიწყო "თბილგვირაბმშენში", სადაც 11 წლის განმავლობაში განვლო გზა მუშიდან სამშენებლო ობიექტის უფროსამდე. ამავე პერიოდში ერთი წლით იყო გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურში და შორეული ნაოსნობის შტურმანად იმსახურა.

1977 წელს გორგიჯანიძე პარტიულ სამუშაოზე გადავიდა და 2 წელი იმუშავა. 1977 წელსვე ჩაირიცხა მოსკოვში, საკავშირო იურიდიული დაუსწრებელი ინსტიტუტის პარტიული მშენებლობის ფაკულტეტზე, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ხელმძღვანელ კადრებს ამზადებდნენ. აქ მან 2 წელი ისწავლა. 1979 წელს იგი მშენებლის პროფესიას დაუბრუნდა და ჯერ "თბილმრეწვმშენში" სამშენებლო უბნის უფროსი იყო, მერე "მაღლივმშენის" მე-10 ტრესტში სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა.

1983 წელს ფოთში შორეული ნაოსნობის კაპიტნის პირველი თანაშემწე იყო.

1984-ში ცეკა-ს შტატგარეშე ინსტრუქტორად გადავიდა და თან მუშაობა დაიწყო საგამოფენო განყოფილების უფროსად "საქმრეწვდანერგვის ცენტრში", სადაც 3 წელი დაჰყო.


1986 წელს დაამთავრა ლვოვის ეკონომიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი და ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.


1987-89 წლებში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თბილექსპერტიზის ბიუროში.


1989 წელს გახსნა საკუთარი მცირე საწარმო - კომერციული ცენტრი "მერკური".


1990 წელს რამდენიმე პიროვნებასთან ერთად დააფუძნა საავტომობილო ბირჟა "მერკური", რომელიც საბჭოთა კავშირში პირველი საავტომობილო ბირჟა გახლდათ. ბირჟამ 1995 წლამდე იმუშავა და გორგიჯანიძე მისი პრეზიდენტი იყო.


1992 წელს დააფუძნა საქართველო-სამხრეთ აფრიკის მეგობრობის საზოგადოება, რომლის პრეზიდენტიც თავადვე იყო. 1993-ში სამხრეთ აფრიკაში 3 თვით მიიწვიეს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას იქ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა, მაგრამ რაკი უარი მიიღო, თავისი საავტომობილო ბირჟა "მერკურის" წარმომადგენლობა გახსნა. იმხანად იქაც არეული სიტუაცია იყო, თეთრკანიანი მოსახლეობა სამხრეთ აფრიკას ტოვებდა. 3 თვის შემდეგ გორგიჯანიძემ დაასკვნა, რომ იქ წარმომადგენლობა არარენტაბელური იქნებოდა და დახურა. კომერციული საქმიანობა განაგრძო ქ. მოსკოვში, სადაც მას 1996 წლის ბოლომდე ეწეოდა.


1996 წლის ბოლოს, თბილისში დაბრუნებისთანავე გორგიჯანიძემ დააფუძნა საფინანსო-საინვესტიციო კომპანია, რომელიც დღეს შპს "საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატის" სახელწოდებით ფუნქციონირებს და თავად მისი პრეზიდენტია.


2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში აიღო აუდიტორის სერტიფიკატი და რამდენიმე წლის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.


2006 წელს დააფუძნა ასოციაცია "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" და დღემდე მისი პრეზიდენტია.


2009 წლის ოქტომბერში დააფუძნა შპს "საქართველოს საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა' და არის მისი დირექტორი.


ჰყავს მეუღლე, შვილი და 2 შვილიშვილი.


- ბატონო ალექსანდრე, თქვენ, პროფესიით მშენებელს, რომელსაც შესაბამისი უმაღლესი განათლება და დიდი პრაქტიკული გამოცდილება გაქვთ, რამ გიბიძგათ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი საავტომობილო ბირჟა დაგეფუძნებინათ?

- იმ პერიოდში მთელ საბჭოთა კავშირში თავისუფალი ბიზნესი ყველასთვის "ახალი ხილი" იყო. ნოვაცია გახლდათ ბირჟის საქმიანობაც, რომელიც, თავისთავად, უაღრესად მრავალფეროვანი და საინტერესოა. მე მაშინ უამრავი ლიტერატურა წავიკითხე, ბევრი ინფორმაცია მივიღე და გადავწყვიტე საავტომობილო ბირჟა გამეხსნა. იმხანად საქართველოში უკვე არსებობდა "კავკასიის ბირჟა" და "თბილისის ბირჟა". ბირჟა გავხსენი "ქალაქპროექტის" შენობაში (მეტრო "მარჯანიშვილის" თავზე), მე-5 სართულზე. ამ სართულზე მხოლოდ ორ ოთახში გაზეთ "რეზონანსის" რედაქცია იყო განთავსებული, დანარჩენი კი მთლიანად ბირჟას ჰქონდა დაკავებული.

- რას აკეთებდა ბირჟა?

- კავშირები გვქონდა დამყარებული რუსეთის სხვადასხვა ბირჟასთან, არა მხოლოდ საავტომობილოებთან. ჩვენი საავტომობილო ბირჟა კი იყო, ეს იყო ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება, მაგრამ, ამასთან ერთად, უნივერსალური ბირჟა ვიყავით და საქმიანობას ყველა მიმართულებით ვახორციელებდით. რა თქმა უნდა, "კავკასიის ბირჟას" ბევრად უფრო სერიოზული დამფუძნებლები ჰყავდა, ვიდრე ჩვენსას; მათ საქმიანობის უფრო მეტი არეალი ჰქონდათ უკვე ჩაგდებული ხელში და საბროკერო ადგილებს ყიდდნენ. ჩვენ სხვა გზით წავედით, საბროკერო ადგილებს ვაქირავებდით და საკმაოდ საინტერესო კლიენტურაც გაგვიჩნდა. გარდა ამისა, მაშინდელ ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი ინტერნეტ-ქსელი, ლენინგრადის ტელებირჟა შეიქმნა და ჩვენ მისი წევრი გავხდით, ანუ იქ შევიძინეთ საბროკერო ადგილი, რამაც საშუალება მოგვცა, რომ კვირაში 3-ჯერ მონაწილეობა მიგვეღო საბჭოეთის ყველა დიდ ქალაქში გამართულ ერთდროულ ვაჭრობებში. ეს კი ძალიან დიდი პლუსი იყო. ჩვენს გარდა ანალოგიური სისტემა საქართველოში არავის ჰქონია. ხელშეკრულება მანქანების შესახებ "ვაზ"-თან გვქონდა დადებული და როცა გადაიკეტა სატრანსპორტო გზები აფხაზეთიდან, ის მანქანები, რომლებიც ჩვენს ბირჟაზე უნდა გაყიდულიყო, უკვე რუსეთის ბაზრებზე იყიდებოდა.

- ძირითადად საბჭოურ მანქანებს ყიდდით?

- მხოლოდ და მხოლოდ "ჟიგულებს". სხვა მანქანებს ჩვენ არ ვყიდდით.

- გქონდათ საქმიანი ურთიერთობა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილთან, რომლებიც იმავე პერიოდში საქმიანობდნენ?

- არც ერთთან უშუალო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მათი საქმიანობაც "ვაზ"-თან იყო დაკავშირებული და როდესაც რაღაცა პარტია ჩვენი მისაღები მანქანებისა საქართველომდე უკვე ვეღარ აღწევდა, მიდიოდა მოსკოვში და ბერეზოვსკის ფირმის მეშვეობით იყიდებოდა.

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძალიან დიდი "აფიორა" ჩატარდა. "სახალხო ავტომობილი" უნდა გამოეშვათ და ძალიან დაბალ ფასებში გაეყიდათ. ხალხმა ფული კი შეიტანა, მაგრამ მანქანები ვეღარ ნახა, ის ფული დაკარგა. ვერ გეტყვით, ეს ვისი გაკეთებული იყო, მაგრამ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. მგონი, მერე "ოკა"-ს სახელწოდებით გამოუშვეს და "სახალხო ავტომობილს" ეძახდნენ.

- 1995 წელს თქვენმა ბირჟამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მომდევნო წელს დააფუძნეთ უკვე საფინანსო-საინვესტიციო კომპანია, თუმცა 2000 წლიდან მას საქმიანობის მიმართულება შეუცვალეთ და შპს "საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატა" დაარქვით. რატომ?

- ჩვენ კონსოლიდაციას ვუკეთებდით იმ ორგანიზაციების თანხებს, ვისაც ვიცნობდით და ვისაც უნდოდა ერთიანი საქმიანობის გაწევა. გარკვეული სიტუაციის გამო ვერ მოვახერხეთ დიდი თანხების შემოსვლა და საზღვარგარეთ დაბალ პროცენტში სესხის აღება; ხოლო რაც შემოვიდა, არ იყო საკმარისი იმ საქმიანობისთვის, რასაც ჩვენ ვაპირებდით.

როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ჩვენი შემდეგი საქმიანობა ექსპერტიზა და იურისპრუდენცია იყო.

- საინვესტიციო კომპანია საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატად გადაკეთდა, თუ ის დაიხურა და ახალი დააფუძნეთ?

- დახურვის საჭიროება არ იყო, ვინაიდან ერთისაც და მეორისაც დამფუძნებელი მე ვიყავი. ჩვენ შევუცვალეთ დასახელება და ძირითადი საქმიანობის პროფილი. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ ფირმას შეუძლია აწარმოოს საქმიანობა ნებისმიერი მიმართულებით.

- კონკრეტულად რა სახის ექსპერტიზას აწარმოებთ და რა საარბიტრაჟო სამუშაოები გაქვთ?

- მე თავის დროზე დიდი გამოცდილება მივიღე, როცა ვმუშაობდი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თბილექსპერტიზის ბიუროში. ეს ბიურო, როგორც მონოპოლისტი, ახორციელებდა ექსპერტიზის ჩატარებას ყველა მიმართულებით, გარდა სისხლის სამართლის, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზებისა. ჩვენ ვახორციელებთ ექსპერტიზას ყველა დარგში, რასაც შეიცავს ცნება სასაქონლო ექსპერტიზა.

- ისეთი დიდი შტატები გაქვთ, რომ სამუშაოთა ასეთი ფართო სპექტრი მოიცვათ?

- თუ ფირმას ამა თუ იმ დარგში ლიცენზია აქვს, მას კანონი აძლევს უფლებას, მოიწვიოს სპეციალისტი, ჩაატაროს ექსპერტიზა და მოწვეული სპეციალისტის მეშვეობით გასცეს თავისი დასკვნა. არის ფირმები, ვისაც ამ დარგში დიდი პრაქტიკა აქვს და არის გუშინ შექმნილი ფირმები, ვისაც ამ დარგში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, ამას არავინ უყურებს.

სამწუხაროდ, დღეს ამ სფეროში "მოღვაწეობენ" თვითმარქვია ექსპერტები, "ჯიბის ექსპერტებს" რომ ეძახიან. შესაძლოა კაცს ფიზკულტურის ინსტიტუტი ჰქონდეს დამთავრებული და წერდეს საინჟინრო ტექნიკურ ექსპერტიზას მშენებლობის დარგში. მაგალითად, დღესაც ქალაქის მერიას ემსახურებიან ისეთი კვალიფიკაციის "ექსპერტები", მსუბუქი მრეწველობა რომ აქვთ დამთავრებული, სპეციალობით მკერავები არიან და წერენ საინჟინრო ექსპერტიზას მშენებლობის დარგში.

- ბატონო ალექსანდრე, ექსპერტიზის დეპარტამენტი აქვს "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატას"...

- "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის" ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული დეპარტამენტი ატარებს ექსპერტიზებს: სამშენებლო-საინჟინროს, სატრანსპორტოს (ავარიების შედეგად მიყენებული ზარალი, ტრანსოლოგია და ა.შ.), სამრეწველო საქონლის და კვების პროდუქტების (ოდენობა, ვარგისიანობა, ხარისხი და ა.შ.), მანქანა-დანადგარების, ლითონის მასალების და ელექტრო საქონლის; ატარებს აგრეთვე სხვადასხვა ექსპერტიზას, რომელშიც შედის ხელნაწერთა კვლევა, საბუთების ტექნიკური გამოკვლევა, საბუღალტრო ექსპერტიზა და აუდიტი. "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" 2006 წელს შევქმენი და ეს არის ასოციაცია. შპს "საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატა" კი 1996 წელს შეიქმნა.

- რა კავშირია მათ შორის, გარდა იმისა, რომ ორივეს ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებით?

- "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის" შექმნასთან დაკავშირებით ინიციატორად გამოვიდა "საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო საარბიტრაჟო პალატა". თუ მეკითხებით, ვეწევით თუ არა პარალელურ სამუშაოს, ეს პარალელური სამუშაო არ არის. ეს არის ერთი და იგივე მიმართულება, რომელსაც არა მარტო ჩვენ ვეწევით. ასეთი ფირმა თბილისში ძალიან ბევრია. მოგეხსენებათ, ასევე არის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელმაც მონოპოლია ჩაიგდო ხელში. ჩვენ თუ ამ ჩვენი ორგანიზაციებით ადრე ფინანსთა სამინისტროს ვემსახურებოდით, დღეს ამ სამინისტროს ხელშეკრულება მარტო სამხარაულის სახელობის ბიუროსთან აქვს გაფორმებული.

- რამდენად ენდობიან თქვენს მიერ გაცემული დასკვნებს, ვთქვათ, სასამართლო დავების დროს?

- ჩვენს მიერ დაწერილ დასკვნებზე არც ერთი რეკლამაცია არ მიგვიღია. მეტსაც გეტყვით. ჩაგვიტარებია ალტერნატიული ექსპერტიზები, ჩვენი დასკვნა მიუღიათ და სამხარაულის სახელობის ბიუროს საექსპერტო დასკვნა კი გვერდზე გადაუდიათ.

- რა კავშირი გაქვთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან?

- სამწუხაროდ, არანაირი. უფრო მეტიც, 2006 წელს, როდესაც "სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" კანონის საფუძველზე მოვინდომეთ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტრუქტურაში შევიდოდა, ამაზე კატეგორიული უარი მივიღეთ.

- ვისგან?

- ეს აკრძალვა უშუალოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტისაგან არ მოგვისმენია, მაგრამ მისი ბრძანება მისმა მოადგილემ შოთა მაქაცარიამ გაახმოვანა. არადა, როგორც კანონი მოითხოვს, საინიციატივო ჯგუფიც შევქმენით, კრებაც ჩავატარეთ და მერე შესაბამისი მასალები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაშიც წარვადგინეთ. ჩვენს დაბლოკვაში დიდი როლი ითამაშა ნოღაიდელმა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო.

- როგორ?

- ჩვენ მას წერილი მივწერეთ, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს კანონმდებლობას არაკეთილსინდისიერად იყენებდა და ხელს გვიშლიდა. მაგრამ ვინაიდან ნოღაიდელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი ერთი კუთხიდან არიან, ნოღაიდელს სთხოვეს, რომ ჩვენთვის ხელი ყველანაირად შეეშალა. ჩვენი საჩივარი ნოღაიდელმა გადააგზავნა ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო დეპარტამენტში, რომელსაც ევალება ინვესტორების მოზიდვა საზღვარგარეთიდან!

დეპარტამენტმა, რა თქმა უნდა, მისწერა: ჩვენ ეს არ გვეხება და უკან გიბრუნებთო. ამასობაში ერთი თვე გავიდა. ნოღაიდელსა და ინაიშვილს ზუსტად დროის მოგება უნდოდათ და საქართველოს სავაჭრო პალატაში მანიპულაცია ჩაატარეს, ვითომ თბილისში სხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატა "შექმნეს". მაგრამ კანონში წერია, რომ თუ ერთი კრება უკვე ჩატარდა და თუ უკვე შეიქმნა ანალოგიური სტრუქტურა, შენ მეორეს ვეღარ შექმნი. ამდენად, დღეს თბილისში სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ჩვენი პალატის სახით. ჩვენ გატარებული ვართ სახელმწიფო რეესტრში.

- ეს ორივე ფირმა, რომლის დამფუძნებელიც და ხელმძღვანელიც თქვენ ბრძანდებით, კომერციული სტრუქტურაა?

- ფირმა არის ერთი - შპს "საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატა". მეორე, "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" ასოციაციის სახით არის შექმნილი, არაკომერციული სტრუქტურაა, რომელიც ჩემსა და სხვების მიერ კი იყო დაფუძნებული, მაგრამ დღეს მასში გაერთიანებულია ძალიან ბევრი მცირე საწარმო, ის პატარა ფირმები, რომლებზე ყურადღების მიქცევასაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთოდ საჭიროდ არ მიიჩნევს.

- მაგრამ თქვენი პალატა ხომ ატარებს ექსპერტიზებს, აუდიტს და ეს მომსახურება ფასიანი არ არის?

- ფასიანია. საქართველოს კანონმდებლობით ასოციაციას უფლება აქვს ჩაატაროს კომერციული საქმიანობა თავისი ძირითადი მიზნების განსახორციელებლად. ჩვენი ძირითადი მიზანი არის მცირე ბიზნესისთვის ხელშეწყობა.

- რაში გამოიხატება ეს ხელშეწყობა?

- მცირე მეწარმეებს ვუტარებთ სწავლებას, კონსულტაციებს, თუ როგორ მართონ თავიანთი საქმიანობა, როგორ უნდა ჩატარდეს მარკეტინგული გამოკვლევები. ამაში გვეხმარება ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი - "საქართველოს მენეჯმენტისა და მარკეტინგის ასოციაცია". კერძოდ, 2007 წელს "თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში" პრეზიდიუმზე განვიხილეთ საკითხი, რომ დრო დადგა გაგვეხსნა საქართველოში სასაქონლო ბირჟა. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში სავალუტო ბირჟა არ ფუნქციონირებს; საფონდო ბირჟა კი არსებობს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მან თავისი ფუნქცია პრაქტიკულად დაკარგა. რაც შეეხება სასაქონლო ბირჟას, არსებობს კანონი სასაქონლო ბირჟების შესახებ. 2007 წელს ჩვენ ჩავატარეთ მარკეტინგული გამოკვლევები, რომელმაც გვიჩვენა, რომ მიუხედავად საქართველოში არსებული სიძნელეებისა და კრიზისის ნიშნებისა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის განვითარებული, საქართველოში სასაქონლო ბირჟის ფუნქციონირება მიზანშეწონილი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენს ქვეყანას სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც კონტაქტის დამყარების პრობლემა არ გააჩნია.

ამის მერე დავიწყეთ იმ ბიზნესმენთა მოძებნა, ვინც ამ საკითხით დაინტერესდებოდა და შეძლებდა ამ საქმეში ფინანსებით მონაწილეობის მიღებას თუ ტექნიკურ დახმარებას, საბირჟო ვაჭრობების გასამართად შენობის გამოყოფას. ძალიან ბევრ ბიზნესმენს მივმართეთ და თითქმის 99%-მა ჩვენი ინიციატივა ძალიან მოიწონა, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯი არავის გადაუდგამს. მოგეხსენებათ, დღეს მეცენატი-ბიზნესმენები ცოტაა და ვინცაა, უშუალოდ მათთან კავშირი ვერ დავამყარეთ, მათ სახელზე მხოლოდ წერილებით შეგვეძლო ჩვენი წინადადებების გაგზავნა. სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ მათგან, ვისაც შეუძლია ერთი ხელის მოსმით პრობლემა მოხსნას. ამასობაში 2008 წლის აგვიტოში ომი დაიწყო, რომელმაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა.

2009 წლის 6 ოქტომბერს გადავწყვიტეთ გაგვერისკა და ეს ბირჟა გაგვეხსნა. ვინაიდან ამ საქმეში არც ერთი ბიზნესმენი არ შემოვიდა და ფული არ ჩადო, პასუხისმგებლობა მე ავიღე ჩემს თავზე.

- რისკი ფინანსურია თუ რა სახის?

- რა თქმა უნდა, ფინანსური რისკია. ყველა ბიზნესმენი თავის საქმიანობას მოგების მიზნით ახორციელებს. ჩვენ კი ვთავაზობთ ისეთი სტრუქტურის შექმნას, რომელიც მოითხოვს დიდი თანხის ჩადებას, მაგრამ ვერ ვეუბნებით, ამ თანხას უკან როდის მიიღებს. სამაგიეროდ, ვეუბნებით, რომ ასეთი სტრუქტურის შექმნა დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენ ქვეყანას, ეკონომიკას, მოგვცემს სამუშაო ადგილების გახსნის საშუალებას. ბირჟა ჩვენ დავაფუძნეთ, თუმცა აქამდე არ ვიცოდით და ამიტომ ვერ ვაცხადებდით, თუ სად აწარმოებს თავის საქმიანობას ეს ბირჟა. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც იქნა, მოვძებნეთ პარტნიორები, რომლებიც საბირჟო საქმიანობისათვის არაჩვეულებრივ შენობას გვაძლევენ და ყველანაირად გვიწყობენ ხელს.

"საქართველოს საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა" თავის საქმიანობას განახორციელებს გლდანის რაიონში, მუხიანის დასაწყისში არსებულ ბაზრობაზე (ყოფილი "ჩემპიონი-2000"). ჩვენს განკარგულებაშია 3-სართულიანი შენობა, რომელსაც აქვს ორი ძალიან დიდი დარბაზი, სადაც არა მარტო საბირჟო ვაჭრობებს ჩავატარებთ, არამედ გამოფენა-ვაჭრობასაც მოვაწყობთ. ამ შენობაში 300-ზე მეტი საბროკერო ფირმისთვის არის საოფისე ადგილი. მოგეხსენებათ, თითქმის ყველა ბროკერს აწყობს, რომ მისი ოფისი განლაგებული იყოს თვითონ ბირჟის შენობაში ან ბირჟასთან ძალიან ახლოს. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ეს ოთახები საბროკერო ფირმებს ერთი-ორი თვით უფასოდ დავუთმოთ და მერე წლის ბოლომდე შეღავათიანი ფასით მივაქირაოთ, რათა ისინი წელში გაიმართონ.

მეორე ეტაპი, რომელზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, არის შემდეგი: ვერც ერთი ბირჟა თავის საქმიანობას ვერ განახორციელებს, თუ შესაბამისი კადრები არ ეყოლება. ბირჟაზე მთავარი ფიგურა, რომელიც სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებს, არის ბროკერი. დღეს საქართველოში ბროკერის ინსტიტუტი რეალურად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით საბაჟოზე მომუშავე ბროკერებს, რომლებიც სულ სხვა ფუნქციებს ასრულებენ და ასევე არ ვგულისხმობ საფონდო ბირჟის ბროკერებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო პრაქტიკულად თავიანთ საქმიანობას ნაკლებად ახორციელებენ. სასაქონლო ბირჟის ბროკერები საქართველოში არ არსებობენ.

- აბა, რას აპირებთ?

- ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ჩვენ შევხვდით და მოლაპარაკება ვაწარმოეთ ყველა დიდი სასწავლებლის რექტორთან, რომ მათი ეკონომიკის ფაკულტეტების ბოლო კურსების სტუდენტებიდან ბროკერები მოგვემზადებინა. სასწავლო პროგრამა შემუშავებული გვაქვს. 2-თვიანი კურსების გამართვას ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ, მიზეზთა გამო (ერთ-ერთი ის იყო, რომ ჯანმრთელობამ ხელი არ შემიწყო და იძულებული ვიყავი ამ საქმისთვის მცირე ხნით თავი დამენებებინა) ეს კურსები არ შედგა.
 
ახლა ჩვენ სხვა გზით მივდივართ. ინტერნეტში ჩვენს საიტზე განვათავსებთ ჩვენს პროგრამას, რომლითაც ნებისმიერი ასაკისა და ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პიროვნებას შეუძლია თვითონ მოემზადოს. ჩვენ კვირაში 2-ჯერ ჩავუტარებთ უფასო კონსულტაციებს ზემოთ აღნიშნულ შენობაში, სადაც შესაბამისი აუდიტორიები უკვე მოწყობილია; ჩვენი სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს მისცემენ ასევე ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით. აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში გვექნება გამოცდები, რომელიც 270 ლარი ეღირება. ვინც ამ გამოცდას ჩააბარებს, სერტიფიკატს მიიღებს. პირველ ეტაპზე, ალბათ, 100 ბროკერს მოვამზადებთ. ჩვენმა მარკეტინგულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ პირველ ეტაპზე 100-კაციან ჯგუფს თავისუფლად დავასაქმებთ. შემდეგში კი ბირჟაზე ერთდრულ საქმიანობას 500-600 ბროკერი განახორციელებს.

- ბატონო ალექსანდრე, პარალელისთვის ნუ მიწყენთ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მწარე გამოცდილება, როცა რაღაცა ფირმები დასაქმებას პირდებოდნენ, აწერინებდნენ განცხადებას, რაშიც ფულს ახდევინებდნენ და მერე იმედგაცრუებულებს ტოვებდნენ. რამდენად სარწმუნოა თქვენი შეპირება? რატომ უნდა გენდოთ მოქალაქე, რომ 270 ლარის გადახდის შემდეგ თქვენი პროგრამით შეძენილ ცოდნას პრაქტიკულად გამოიყენებს?

- ჩვენი საქმიანობა სრულიად არ არის იდენტური იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ ახსენეთ. ყველგან ნებისმიერი გამოცდა (გნებავთ, სახელმწიფო სტრუქტურებში ახალი ლიცენზიებისა და სერტიფიკატების გაცემა) ფასიანია. ბროკერების მომზადება ფაქტობრივად უფასოდ ხდება. ჩვენს მომავალ ბროკერებს 270 ლარს რომ გამოვართმევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს თანხა ჩვენი მოგებაა, რომელსაც გავინაწილებთ და ამით ჩვენი საქმიანობა დამთავრდება. ის 270 ლარი მიდის პედაგოგების ანაზღაურებაზე, რომლებიც მომავალ ბროკერებს კონსულტაციებს ჩაუტარებენ, მათგან გამოცდებს ჩაიბარებენ; ეს თანხა წავა იმ სხვადასხვა ხარჯზე, რომელიც ჩვენ გვექნება. როგორც გითხარით, 2009 წლის 6 ოქტომბერს გავიარეთ რეგისტრაცია. დღეს უკვე 2010 წლის 25 მარტია. ცოტა სხვა სახელი დაგვერქმეოდა, რომ ვყოფილიყავით ერთი დღით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია ვიღაცას 270 ლარი გამოართვას, მერე ქუდი დაიხუროს და მისამართი შეიცვალოს. ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენი არის ჩვენი იმიჯი. ჩვენ სახელს ვუფრთხილდებოდით, ვუფრთხილდებით და შემდგომშიც გავუფრთხილდებით.

მეორეც, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული კითხვა იყო, თუ სად ჩაატარებს ბირჟა თავის საბირჟო საქმიანობას; ჩვენ არ ვიყავით მზად ამაზე გაგვეცა პასუხი. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბირჟის საქმიანობა გაიმართება იმ მისამართზე, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ და ჩვენი მომავალი ბირჟის კარები ღიაა იმ ხალხისთვის, ვინც იცის, რა არის სასაქონლო ბირჟა. ჩვენთან არ მოვა ისეთი პიროვნება, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის და 270 ლარს გადაიხდის. ჩვენთან მოვა მხოლოდ ის მომზადებული კონტინგენტი, რომელსაც ესმის კომერცია და საკუთარი თავის სჯერა. ჩვენთან მოვა პიროვნება, რომელმაც კარგად იცის, რომ ყველა ბირჟაზე ბროკერი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ყიდვა-გაყიდვას ახორციელებს და მხოლოდ მისი მეშვეობით ხდება პროდუქციის ბირჟაზე გატანა, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს არ ხვდებიან, ერთმანეთს ხვდებიან მარტო ბროკერები და ამ გაყიდვიდან ბროკერებს რჩებათ პროცენტი, ბონუსი. ეს ბონუსი საკმაოდ მაღალია იმ სასაქონლო ბირჟებზე, რომლებიც არსებობენ და მუშაობენ.

დღეს ყველას შეუძლია ინტერნეტით ნახოს, როგორ მუშაობენ ყაზახეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ბირჟები (აღარაფერს ვამბობ ნიუ-იორკის სასაქონლო, ლონდონის და სხვა ბირჟებზე). მათ დონეს რომ მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ბევრი დრო გვჭირდება, მაგრამ პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ. ჩვენ პირველები ვართ, ვინც 15 წლის მერე საქართველოში გარისკა და ეს ბირჟა გახსნა. ვიცით, რომ ეს ბირჟა ჩვენს საქმიანობას დიდ მოგებას არ მოუტანს. ფაქტობრივად, ბირჟაზე მოგება ბროკერებს რჩებათ. ბირჟას ბროკერებისგან რჩება პროცენტი, მაგრამ ის არაა იმხელა, რომ საქართველოში არსებული ბირჟა თავიდანვე ძალიან დიდ მოგებებზე გავიდეს. როცა სააქციო საზოგადოება გავხდებით და 100 კი არა, უკვე 500-600 ბროკერი გვეყოლება, მაშინ შეიძლება ლაპარაკი, რომ ბირჟას სერიოზული მოგება შემოუვა.

- თქვენი აზრით, რა დრო გჭირდებათ საიმისოდ, რომ სერიოზულ მოგებაზე გახვიდეთ?

- ვფიქრობ, წლის ბოლოს ჩვენ უკვე სერიოზული სახელი გვექნება, თუ ჩვენი ბირჟის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და თუ მოვიზიდეთ ბროკერები არა მარტო საქართველოდან, არამედ კავკასიის სხვა ქვეყნებიდანაც, აგრეთვე თურქეთიდან და ირანიდან, სადაც ასევე არ არსებობს სასაქონლო ბირჟები. ბირჟების ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. ბირჟების ინსტიტუტი საქართველოსთვის უცხო არაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ეს მართლა ნოვაციაა. ჩვენ მართლა გამოვდივართ ამ ახალი საქმიანობის ინიციატორებად. როგორც გითხარით, ჩვენ მივცემთ საქმეს ბროკერებს; ჩვენ დაგვჭირდება შტატი ბირჟაზე, ამ პირველ ეტაპზე სულ ცოტა 30-40 კაცი მაინც გვეყოლება დასაქმებული. მერე ბროკერების რიცხვი 600-ს გადააჭარბებს და შესაძლოა ბროკერი ხვალ-ზეგ უცბად გახდეს ეკონომიკურად ძლიერი ფიგურა საქართველოში, იმიტომ რომ ბირჟებზე ასეთი რამ ხშირად ხდება; აუცილებლად იმუშავებენ ექსპერტები, რადგან საქონელი, რომელიც ბირჟაზე გაიყიდება, ექსპერტების მეშვეობით გაივლის შემოწმებას და ამით საქართველოში შემომავალ უხარისხო კონტრაბანდასაც შევამცირებთ. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, მე მგონი, ცუდ საქმეს არ ვიწყებთ.
 
ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაცია მივაწოდეთ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ბირჟას, სადაც დაინტერესდნენ ჩვენი არსებობით და დაგვიკავშირდნენ კიდეც.

- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ხელს არ შეგიშლით?

- მთავრობა, რომელიც დღეს არის რუსეთში, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. მეგობრული, ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირები საქართველოს როგორც ჰქონდა რუსეთთან, ასევე მუდამ ექნება. დროებით თუ ჩვენთან რაღაც შეფერხებებია, ეს არ ნიშნავს, რომ მუდამ ასე გაგრძელდება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ 2007 წლამდე ბირჟის გახსნა ძალიან გაძნელებული იყო იმის გამო, რომ ბირჟას ვერ გახსნიდი, თუ ანგარიშზე არ გექნებოდა დადებული 100 ათასი ლარი; გარდა ამისა, ბროკერს ბირჟაზე რომ ემუშავა, ანგარიშზე 50 ათასი უნდა ჰქონოდა. 2007 წელს ეს ხელოვნური ბერკეტები მოიხსნა და დღეს ჩვენ ბირჟა რომ გავხსენით, საერთოდ არანაირი თანხა არ მოუთხოვიათ. ამ თანხის არქონის გამო ბირჟას 2007-ში ვერ გავხსნიდით. მე რომ გითხარით, მსურველებს დავეძებდით-მეთქი, მსურველები იმიტომ არ აღმოჩნდნენ, რომ არავის სურდა 100 ათასი ანგარიშზე უბრალოდ "გაეყინა". არც ბროკერები გამოჩნდებოდნენ.

ახლა ბირჟის გახსნა დროულია იმ თვალსაზრისით, რომ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოფიციალურად უკვე გახსნილია და ფოთშიც ერთ თვეში იხსნება. ქუთაისის ინდუსტრიული ზონაში შემოსულია ძალიან დიდი ინვესტორი, ეგვიპტური ფირმა, რომელიც აქ 1 მილიარდ 600 მილიონს აბანდებს და ქარხნებს აშენებს. მათი და ასევე ფოთში გამოშვებული პროდუქცია, ალბათ, ჩვენი ბირჟის მეშვეობითაც გაიყიდება. ასე რომ, ვფიქრობ, პერსპექტივები გვაქვს. 600 და მეტი ბროკერის დასაქმება რომ ვახსენე, ეს სავსებით რეალურია.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე