ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
№9(129), 2010
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღება კიდევ გაჭიანურდება

საქართველოს პოზიციის გამო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრება კიდევ ოთხი თვით გაჭიანურდება. როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამგვარი ვარაუდი რუსეთის ვიცე პრემიერმა, ალექსეი კუდრინმა ტელეკომპანია "RT"-სთან საუბარში გამოთქვა.

კუდრინი საკითხის გადადებას უკავშირებს საქართველოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც, თბილისი მხარს არ დაუჭერს რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრებას, ვიდრე მოსკოვი ქართველ მებაჟეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაუშვებს.

კუდრინის თქმით, როდესაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე დოკუმენტების მზადების შესახებ საუბრობდა, არ გაუთვალისწინებია ისეთი დაბრკოლება, როგორიც საქართველოა.

"სავალუტო ომის" საფრთხეზე უკვე რუსეთშიც მიანიშნებენ

მსოფლიო "სავალუტო ომის" საფრთხეზე უკვე რუსეთშიც საუბრობენ. „სავალუტო ომები" ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არის საშიშროება, რომ ეს რეალური გახდება", - „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.

„სავალუტო ომის" საფრთხეზე განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (სსფ) გააკეთა.

„ვალუტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების იდეაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. თუ ეს ყველაფერი საქმეში გადავა, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას საფრთხე შეექმნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც დიდი მოცულობის კაპიტალი შეედინება, ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გამოყენებით შესაძლებელია გარკვეული უპირატესობის მიღება, მათ შორის სავაჭრო სფეროში. არ მგონია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა  სსფ-ს ერთ-ერთმა დირექტორმა დომინიკ სტროს-კანმა.

Financial Times აზრით, მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზეა

გავლენიანი გამოცემა Financial Times ხორბლის ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაზე სტატიას აქვეყნებს. „მსოფლიო ბაზრებზე ვითარება მნიშვნელოვნად რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ სიმინდისა და ქერის მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებზე განაცხადა. ხორბლის ბირჟებზე მსოფლიო სასურსათო კრიზისის შიში გაჩნდა“, - წერს გამოცემა.

ექსპერტები 2007-2008 წლების კრიზისის გამეორებას არ გამორიცხავენ. მაშინ ხორბლის არასაკმარისი მოსავლის გამო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2010 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2011 წელს გლობალური ეკონომიკური განვითარების ტემპი მოსალოდნელზე უფრო ნელი იქნება, რაც ძირითადად განვითარებად სამყაროში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება, - იტყობინება „ამერიკის ხმა".
 
მართალია, მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში ეკონომიკური განვითარების ტემპი სწრაფია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით ჩინეთი და სხვა მსგავსი ქვეყნები ძალიან დამოკიდებულები არიან ექსპორტზე.

შეერთებულ შტატებსა და ევროპის მდიდარ სახელმწიფოებში ნელი ეკონომიკური განვითარების ტემპის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად წელს გლობალური ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური მრჩეველი ოლივიე ბლანჩარდი აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ლომის წილი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე მოდის, განსაკუთრებით აზიის რეგიონში.

„ჩვენი პროგნოზის თანახმად, მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წილი 2010 წლის გლობალურ ეკონომიკაში 7.1 პროცენტს მიაღწევს, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი 6.4 პროცენტამდე შემცირდება. აზიის რეგიონის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 9.4 პროცენტს მიაღწევს, მაგრამ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 8.4 პროცენტამდე შემცირდება", - აღნიშნა ბლანჩარდმა. მისი თქმით, მყიფე და არათანაბარი ეკონომიკური გამოცოცხლების შესანარჩუნებლად მსოფლიო ეკონომიკაში ეკონომიკურ ძალთა გადანაწილება უნდა მოხდეს.

„უფრო დაბალანსებული ეკონომიკური გამოცოცხლების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი საკმაოდ რთული დამაბალანსებელი ზომის მიღება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზის მთავარ თემას სწორედ ეკონომიკური ძალების დაბალანსება წარმოადგენს", - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი.

ბლანჩარდს მიაჩნია, რომ ხსენებული ამოცანის მისაღწევად შეერთებულმა შტატებმა და სხვა მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი ექსპორტი უნდა გაზარდონ. ხოლო სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ და საკუთარ საშინაო ბაზრებზე მოთხოვნის სტიმულირება უნდა დაიწყონ.

ბალანსის მიღწევის თემა შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტიმოთი გეითნერის გამოსვლაშიც აისახა. გეითნერი შენიშვნებით ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოვიდა. ჩინეთის ხსენების გარეშე გეითნერმა პეკინს ჩინური ფულის ერთეულის ღირებულების მომატებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა უფრო ელასტიური და ბაზარზე ორიენტირებული გაცვლითი სისტემები შემოიღონ. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა ფულადი ერთეულები ხელოვნურად შემცირებულია", - განაცხადა გეითნერმა.

Dubai World რესტრუქტურიზაციას განახორციელებს

დუბაის საინვესტიციო კომპანიის Dubai World კრედიტორი ბანკების 99% თანახმაა ამ საფინანსო სტრუქტურის ვალების რესტრუქტურიზაცია განახორციელოს. ბანკები არაბული კონგლომერატისაგან 14,4 მილიარდ დოლარს მიიღებენ, რის შემდეგაც ეს კომპანია რესტრუქტურიზაციის პროცესს თითქმის დაასრულებს.

Dubai World-თან  შეთანხმებას ძირითადმა ბანკმა კრედიტორებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში მიაღწიეს. ეს ჯგუფი ბანკირებს 4,4 მილიარდ დოლარს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდის. დანარჩენი 10 მილიარდი დოლარი რვა წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. ამ ვალის ნაწილი (8,9 მილიარდი დოლარი) დუბაის ემირატების მთავრობის კუთვნილებაა, რომელიც Dubai World-ის ფასიანი ქაღალდების პაკეტად იქნება კონვერტირებული.

გასული წლის 25 ნოემბერს, კომპანიამ Dubai World საკუთარი ვალების  ნაწილის გადავადების სურვილი გამოთქვა. ამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული, პირველ რიგში კი ბრიტანული ბანკების ბალანსზე იყო განთავსებული. ამ ფაქტმა მსოფლიო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია, რადგანაც ინვესტორებს ფინანსური კრიზისის ახალი ტალღის აგორების შეეშინდათ.

შემდგომში Dubai World-ისათვის დახმარების აღმოჩენის სურვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ცენტრალურმა ბანკმა და დუბაის ემირატის მმართველმა ოჯახმა გამოთქვა. მიუხედავად ამისა, შემდეგი 6 თვის განმავლობაში კრედიტორებმა ჰოლდინგთან რესტრუქტურიზაციის გეგმის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Dubai World-ს სირთულეები დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებულმა კრიზისმა შეუქმნა. აქ მთავარ მოთამაშედ ჰოლდინგში შემავალი კომპანია Nakheel-ია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ემირატებში უძრავი ქონების ღირებულება ორჯერ შემცირდა.

Nakheel-ის გარდა, Dubai World-ში მსოფლიოში სიდიდით მეოთხე პორტების ოპერატორი DP World და რამდენიმე საინვესტიციო და სამრეწველო კომპანია შედის. დუბაის მთავრობისა და მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების საერთო ვალი 110 მილიარდი დოლარია.

გაკოტრებულმა ბანკმა Lehman Brothers-მა კრედიტორებისათვის 60 მილიარდი დოლარი შეაგროვა

2008 წლის სექტემბერში გაკოტრებულმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Lehman Brothersს-მა საკუთარი კრედიტორებისათვის დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი შეაგროვა. ამ ფულის გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებას ბანკის ხელმძღვანელობა მომავალი წლის დაწყებამდე მიიღებს.
 
ამ ბანკის რესტრუქტურიზაციას ფირმა Alvarez & Marsal აწარმოებს. მისმა წარმომადგენელმა ბრაიან მარსალმა განაცხადა, რომ თავდაპირველად კრედიტორებს ბანკიდან 1,162 ტრილიონი დოლარის მიღება სურდათ. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და გადაფასების შემდეგ, ეს ვალი რამდენჯერმე, 250-300 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. Alvarez & Marsal სხვადასხვა აქტივების გაყიდვით კიდევ 60 მილიარდი დოლარის შეგროვებას გეგმავს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასეთი ფინანსური ოპერაციების შედეგად მხოლოდ 2,2 მილიარდი დოლარი შეგროვდა. შეგროვებული ფულის ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს სხვა ბანკების (Barclays, JP Morgan Chase, Bank of America) წინააღმდეგ წაყენებული რამდენიმე ათეული მილიარდის ღირებულების სარჩელების დაკმაყოფილების შემდეგ. 2010 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ბანკების JP Morgan Chase, Citigroup ქმედებები ბანკის Lehman Brothers გაკოტრების მიზეზი გამხდარიყო.

კრედიტორებისათვის შეთავაზებული გეგმის მიხედვით, დაუზღვეველი კრედიტორები საკუთარი ფულის მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ: ეს არის 20 ცენტი ყოველ დოლარზე გაცემული სესხიდან.

საინვესტიციო ბანკი Lehman Brothers თითქმის 600 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობდა. მისმა ხელმძღვანელობამ გაკოტრების თაობაზე 2008 წლის 15 სექტემბერს გამოაცხადა. ამ მოვლენამ ბიძგი მისცა მსოფლიო კრიზისის გამწვავებას, რომელიც 1930 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

ბრიტანულმა რეგულატორმა Goldman Sachs და Zurich Insurance დააჯარიმა

დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა რეგულატორმა Financial Services Authority (FSA) ბანკი Goldman Sachs 20 მილიონი ფუნტით (30 მილიონ დოლარზე მეტი) დააჯარიმა. ამ ბანკს საჯარიმო სანქციები მას შემდეგ დაეკისრა, რაც საფინანსო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ბრიტანულ FSA-ს ამერიკის ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა.

მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკულმა ორგანიზაციამ SEC ბანკის Goldman Sachs წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამერიკულმა რეგულატორმა ბანკს ბრალდებად ის წაუყენა, რომ კლიენტების ნდობა ბოროტად გამოიყენა და მაღალი რისკის შემცველი ოპერაციები ჩაატარა, რაც მიზნად ისახავდა ამერიკის იპოთეკის ბაზარზე არსებული რთული სიტუაციის გამოყენებას მოგების მისაღებად.

SEC-ის პრეტენზიების მიხედვით, ამ ბანკმა არ გააფრთხილა საკუთარი კლიენტები, რომ ჰეჯ-ფონდი Paulson & Co, რომელიც მათ არჩევანის გაკეთებაში ეხმარებოდა, იპოთეკური ობლიგაციების (CDO)  ღირებულების შემცირებაზე მუშაობდა. ინვესტორთა დანაკარგმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბანკში ეს ბრალდება უარყვეს და ამ საქმიანი გარიგებისათვის სრული პასუხისმგებლობა Goldman Sachs-ის ბრიტანული განყოფილების ხელმძღვანელს, ფაბრის ტურეს დააკისრეს. მან საკუთარი დანაშაული კატეგორიულად უარყო. მიმდინარე წლის ივლისში, ბანკი Goldman Sachs-ის ხელმძღვანელობამ SEC-ის მხრიდან პრეტენზიების დასარეგულირებლად ჯარიმის სახით 550 მილიარდი დოლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ბრიტანეთის ფინანსურმა რეგულატორმა Financial Services Authority (FSA) სადაზღვევო კომპანია Zurich Insurance-ის ბრიტანული განყოფილება 2,275 მილიონი ფუნტი სტერლინგით (3,5 მილიონი დოლარით) დააჯარიმა. რეგულატორის განმარტებით, Zurich Insurance-მ უსაფრთხოების სისტემაზე კონტროლი დაკარგა. ამ ორგანიზაციაში ინახებოდა 46 ათასი კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაცია, საბანკო ანგარიშების, საკრედიტო ბარათების, დაზღვეული ობიექტების ჩათვლით.

FSA-ს განმარტებით, კლიენტთა მონაცემების დაკარგვამ შესაძლებელია ფინანსური ზარალი, ან კლიენტთა ქონების დაკარგვა გამოიწვიოს. ასეთი ჯარიმა რეკორდულია იმათ შორის, რომლის დაკისრებაც FSA-მ რომელიმე ორგანიზაციისათვის მონაცემთა უსაფრთხოების სისტემაში დარღვევებისათვის მოითხოვა.

კლიენტთა ნაწილის პირადი ინფორმაცია 2008 წელს მას შემდეგ დაიკარგა, რაც იგი გადასამუშავებლად Zurich UK-მა სამხრეთ აფრიკაში, საკუთარ განყოფილებაში გადააგზავნა. ამ დანაკარგის შესახებ კომპანიამ მხოლოდ გასულ წელს შეიტყო. Zurich UK შვეიცარიის კომპანიათა ჯგუფის Zurich Financial Services შემადგენელი ნაწილია, რომელიც დაზღვევის სფეროში მსოფლიოს 60 ქვეყანაში საქმიანობს.

საკანონმდებლო ცვლილება შვეიცარიაში

შვეიცარია სამართლებრივ დახმარებას არ აღმოუჩენს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ინფორმაციას მოითხოვენ საბანკო მეანაბრეებზე და მოპარულ მონაცემებს ეყრდნობიან. ქვეყნის ფედერალურმა საბჭომ გამოსცა განკარგულება, რომელმაც უნდა დაადგინოს სამართლებრივი დახმარების პროცედურა საგადასახადო გამოძიების დროს. შვეიცარიას ამ მიმართულებით ის ქვეყნები მიმართავენ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეებს შვეიცარიულ ბანკებში არადეკლარირებული ანგარიშები აქვთ. ეს განკარგულება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. იგი შემდგომში შეიცვლება კანონით, რომელიც განსაზღვრავს შვეიცარიის მიერ დახმარების გაწევის პროცედურას იმ ქვეყნებისათვის, რომელთა მოქალაქეები მონაწილეობენ საგადასახადო თაღლითობაში  და თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. ეს განკარგულება არ ეხება იმ ფაქტებს, რომელსაც ადგილი ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე ჰქონდა.

ამ მომენტიდან, შვეიცარიის საგადასახადო ადმინისტრაცია ნებისმიერ მოთხოვნას წინასწარ განიხილავს და კანონიერ ჩარჩოებში მხოლოდ მას შემდეგ მოაქცევს, რაც დარწმუნდება, რომ ეს მოთხოვნა კანონიერი გზებით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. კლიენტების მოპარული მონაცემების საფუძველზე, ან შვეიცარიის კანონების დარღვევით შემოსულ მოთხოვნებს შვეიცარიის საგადასახადო ადმინისტრაცია არ განიხილავს.