ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
სავალუტო ომები
#9(129), 2010
ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა, გვიდო მანტეგამ განაცხადა, რომ ახალი მსოფლიო ომი დაიწყო, ოღონდ ეს ომი, ყველასთვის საბედნიეროდ, სავალუტოა და ადამიანების დაღუპვას არ გამოიწვევს.

მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები საკუთარი ქვეყნების ეროვნული ვალუტების ღირებულების შემცირებას ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ასამაღლებლად ცდილობენ. "დევალვაციათა მარათონი" ძალას იკრებს, ხოლო ოქროს ღირებულებამ ისტორიული რეკორდის ზღვარს გადააჭარბა.

"ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ომის, ვალუტების საერთო დასუსტების მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ომი ჩვენს კონკურენტუნარიანობას ემუქრება. საერთაშორისო `სავალუტო ომი~ ბრაზილიის კონკურენტუნარიანობას ასუსტებს", - ამტკიცებს ბრაზილიის ფინანსთა სამინისტროს მეთაური.

ბრაზილიური რეალი ის ვალუტაა, რომელიც ბოლო მომენტამდე ინვესტორთა დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. იგი უკვე ჩაერთო "სავალუტო ომში". მანტეგა იძლევა დაპირებას, რომ ამ ქვეყნის მთავრობა "ჭარბ დოლარს" ბაზარზე რეალის კურსის "მოსათოკად" შეისყიდის. საკუთარი ქმედება მინისტრმა იმით გაამართლა, რომ სხვა სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნის სავალუტო კურსს "ასუსტებენ", ამიტომაც ბრაზილიური რეალი "ზედმეტად" არ უნდა გამყარდეს. ამ ეტაპზე ბრაზილია თავს იკავებს სავალუტო ბაზარზე რაიმე გადამწყვეტი ზომების მიღებისაგან. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკმა ეროვნული ვალუტის ყოველდღიური მოცულობა ბოლო პერიოდში თითქმის 10-ჯერ, 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

გასული წლის შემდეგ, ბრაზილიური რეალი დოლართან მიმართებაში 30 და მეტი პროცენტით გამყარდა. ქვეყანაში შემოვიდნენ ინვესტორები უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და ბრაზილიაში ინვესტიციების მაღალი შემოსავლიანობით. ბრაზილიის ცენტრალური ბანკის მეთაურმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ, ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე მოკლევადიან ინვესტიციებზე (რომლებიც რეალის გაძვირების "პროვოცირებას" ახდენენ) გადასახადები დააწესონ.

სავალუტო ბაზარზე არსებული დაძაბული სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთა მსჯელობის საგანია. ბოლო პერიოდში, აშშ დოლარის ბრაზილიურ რეალთან მიმართებაში 25%-ით გაიაფება 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, აქტიურად იმსჯელებენ იმაზე, რა პოლიტიკა აირჩიოს ქვეყანამ შემდგომში. ქვეყნის ახალმა ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს 11 წლის წინ გატარებული "მცურავი კურსის" პოლიტიკა აირჩიოს, თუ უფრო აქტიური სავალუტო ინტერვენციის გზას დაადგეს.

ყველასთვის ნათელი გახდა, რომელ ქვეყანაზე მიანიშნებდა მონტეგა: იაპონიის ბანკმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ორი ფართომასშტაბიანი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რომელიც იენის გამყარების შეჩერებისაკენ იყო მიმართული.

იაპონიის მონეტარული ხელისუფლების მცდელობა წამყვან ცენტრალურ ბანკებთან ერთობლივი ინტერვენციები განეხორციელებინათ, წარუმატებლად დასრულდა, ამიტომაც მათ მოქმედება დამოუკიდებლად დაიწყეს. სწორედ ამიტომ, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ერთი დოლარის ღირებულება 85 იენზე უფრო მაღლა "მოისროლა".

უფრო წარმატებული აღმოჩნდა სამხრეთ კორეისა და ტაივანის ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული ინტერვენციები. შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მსგავსმა მცდელობამ ფიასკო განიცადა: შვეიცარიული ფრანკის კურსმა, ინტერვენციების მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ისტორიულ მაქსიმუმამდე მოიმატა.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შემავალი ქვეყნების მონეტარული ხელისუფლების აგრესიული ქმედებები სრულებით გასაგებია: მათი ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე და ეროვნული ვალუტების გამყარება კონკურენტუნარიანობის დაკარგვის მომასწავებელია.

ამ ხიფათის წარმოქმნის შესახებ საუბრები ექსპერტებმა ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბრიდან დაიწყეს, რაც უკვე თანდათან რეალობად შეიძლება გადაიქცეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ძალისხმევამ თავიანთი ეროვნული ვალუტების შესასუსტებლად, ძვირფას ლითონებზე ფასების მომატება გამოიწვია. ოქროს ღირებულება ბოლო პერიოდში ისტორიულ რეკორდებს ამყარებს და ერთი უნცია ოქროს ფასმა 1300 დოლარს გადააჭარბა. ანალოგიური სურათია ვერცხლის მსოფლიო ბაზარზეც: ვერცხლის ერთი უნციის ფასი 22 დოლარს მიუახლოვდა. ამ ძვირფასი ლითონის ფასი მანამდე ასე მაღალი არ ყოფილა.

ვალუტების "დევალვაციათა მარათონში", რუსეთი განზე სულაც არ დგას. რუსეთის სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები ნამდვილად არ გახლავთ ექსტრაორდინარული მოვლენა, იგი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. რუსეთის ცენტრალური ბანკი კვლავ აგრძელებს კურსის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს, თითქოს მხოლოდ ინფლაციის შეჩერებას ცდილობს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მეთაურმა, სერგეი იგნატიევმა აღიარა, რომ ინფლაცია იზრდება, ფასები იმაზე უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს მაკროეკონომიკურ პროგნოზში იყო ნავარაუდები. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინფლაციის "მოთოკვას არ შეეცდება".

მიმდინარე წლის სექტემბერში, რუსეთის მონეტარული ხელისუფლების "მდუმარე თანხმობით" რუბლის ღირებულება დოლართან, განსაკუთრებით კი ევროსთან მიმართებაში, საგრძნობლად შემცირდა, რაც დამატებითი სტიმულის მიმცემია ფასების ზრდისათვის იმპორტის გაძვირების გამო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მეთაური ცდილობს ყველაფერი ე.წ. სპეკულიანტებს გადააბრალოს, რაც არადამაჯერებელია. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთის მთავრობამ უახლოესი სამი წლის საბიუჯეტო პარამეტრები რუბლის ყველაზე დაბალ კურსზე გადათვლით გამოიანგარიშა. ინვესტორებმა არ ირწმუნეს, რომ რუბლი გაძლიერდება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც "დევალვაციის საერთაშორისო მარათონში" მონაწილეობა არ მიუღია, ჩინეთია. ამ სახელმწიფოს ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკებს შორის სიდიდით მეორეა. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის ხაზინაში ოქროსა და ვალუტის გიგანტური რეზერვები დაგროვდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის მთავრობა კვლავ აგრძელებს იუანის გეგმაზომიერ გამყარებას, რის გამოც ამერიკის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩინეთის მთავრობის მიზანია იუანი მსოფლიოს მასშტაბით დოლარის ალტერნატივა გახდეს.

მსოფლიო სავალუტო ომების გაგრძელების შემთხვევაში, ჩინელებს კარგი შანსი უჩნდებათ, დასახულ მიზანს დაგეგმილზე უფრო ადრე მიაღწიონ. ჩინეთი კვლავ აგრძელებს იუანის კურსის ზრდის შეჩერებას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ ამის გამო პროტესტი გამოთქვა. რიგმა ქვეყნებმა, დაწყებული სინგაპურიდან და კოლუმბიით დამთავრებული, გამოთქვეს შიში, რომ სავალუტო კურსების მომატება ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთი აქტიურად გამოიყენებს საკუთარ სავალუტო რეზერვებს, იგი გავლენას არა მარტო იუანის გაცვლით კურსზე მოახდენს (როგორც აქამდე იყო), არამედ, ფაქტობრივად, სხვა წამყვანი ქვეყნების ვალუტების კურსების ცვლილებათა დიაპაზონებსაც "მონიშნავს".

ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, ვენიუ ცზიაბაოს უკვე მერამდენედ განუცხადა, რომ იუანის დოლართან "მიბმის" სტრატეგია არამდგრადია. ანალიტიკოსებმა კი დაამატეს, რომ ამგვარი პოლიტიკა "მცურავი" გაცვლითი კურსების გლობალური სისტემისათვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკის შეჩერების მიზნით, ამერიკაში უკვე იმაზედაც დაიწყეს მსჯელობა, როგორ შეებრძოლონ საკანონმდებლო დონეზე იუანის კურსის ხელოვნურად შემცირებას.  

ჩინეთის ოფიციალურმა სავალუტო რეზერვებმა მაღალ დონეს მიაღწიეს. გლობალურ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ბრუნვამ მაღალ დონეს მიაღწია და იგი კვლავ იზრდება. ამას საერთაშორისო გამოთვლების ბანკის (BIS) კვლევებით მიღებული მონაცემებიც ადასტურებს. 2010 წლის აპრილში, ჩინეთის მიერ ჩატარებული ფინანსური ოპერაციების მიხედვით, ყველა სავალუტო ინსტრუმენტებით ვაჭრობის დღიურმა ბრუნვამ საშუალოდ თითქმის 4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სამი წლის წინანდელი ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია. ყოველდღიურად, ევრო-დოლარის წყვილში საქმიანი გარიგებების მოცულობა 1,1 ტრილიონ დოლარს უტოლდება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთის სავალუტო რეზერვები გაორმაგდა და 2,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამგვარი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ჩინეთის მიერ საკუთარი რეზერვების ამოქმედების შემდეგ, ეს ქვეყანა შეძლებს მსოფლიოს წამყვანი ვალუტების (მათ შორის ევროსა და დოლარის) ქვოტირების დიაპაზონი განსაზღვროს, რაც საბაზრო გაცვლითი კურსების წარმოქმნის დასასრულის დასაწყისი იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ვალუტით ვაჭრობის მოცულობა იზრდება, მაგრამ იმაზე უფრო შენელებულად, ვიდრე პროფიციტული სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნების რეზერვები. ისინი თავის მხრივ, ფიქსირებული ან რეგულირებადი გაცვლითი კურსების პოლიტიკას ატარებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩინეთის სავალუტო აქტივები კიდევ ორჯერ გაიზრდება, ხოლო სავალუტო ბაზრის მოცულობა 20%-ით მოიმატებს (როგორც ეს 2007-2010 წლებში მოხდა), ჩინეთი შეძლებს დააგროვოს იმდენი სავალუტო რესურსები, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის დღიურ ბრუნვას გადააჭარბებს. რომელიმე სავალუტო წყვილზე გავლენის მოსახდენად ეს საჭიროზე უფრო მეტია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები თავიანთი ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას საკუთარი ექსპორტიორების დასაცავად ახდენენ. ყველაზე ნათელი დადასტურება იაპონიაა, რომელიც იენის კურსის ზრდის შეჩერებას ცდილობს. ეს ვალუტა მიმდინარე წლის მაისის შემდეგ, 14%-ით გამყარდა. ამ ცოტა ხნის წინ, იაპონიის მთავრობამ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ღია ბაზარზე იენა გასაყიდად გამოიტანა, რომ მისი კურსის ზრდა შეეზღუდა. იაპონიასთან ერთად, ეროვნული ვალუტის ზრდის შეჩერებას ტაივანის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მთავრობებიც ცდილობენ. ლათინურ ამერიკაში ასეთივე ზომებს მიმართეს კოლუმბიამ და პერუმ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, დომინიკ სტროს-კანმა განაცხადა, რომ სავალუტო ინტერვენციები სიკეთის მომტანი არ იქნება. მისივე განმარტებით, ასეთი ფინანსური ოპერაციების ეფექტი ხანგრძლივი არ იქნება.
ბაზრებისა და საპროცენტო განაკვეთების დინამიკა კაპიტალის დინებათა გადანაწილებისას (რომელიც ვალუტების მოთხოვნას განსაზღვრავს) დისბალანსის მაპროვოცირებელია. ამერიკაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის მონეტარული "შერბილების" პოლიტიკა კიდევ ერთხელ "მოსინჯონ". ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში საბანკო საპროცენტო განაკვეთები ნულთან მიახლოვებული კიდევ დიდხანს დარჩება.
 
ამავე პერიოდში, აზიაში ინფლაცია იზრდება. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა. ინვესტორები ამ სხვაობას კარგად ამჩნევენ და კაპიტალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ უფრო მაღალი მოგების მიღების მიზნით გაედინება.

ვეფხია სამსონიძე