ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
№9(129), 2010
საქართველო-ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

საქართველოსა და ისრაელს შორის მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ ისრაელის ტურიზმის მინისტრ სტას მისეჟნიკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქობალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ისრაელში და ისრაელიდან საქართველოში მიმოსვლა შესაძლებელი იყოს ვიზების გამოყენების გარეშე. "ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმი ქვეყნებს შორის გაუქმდება", - თქვა მან.

შეხვედრაზე მხარეებმა ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვერა ქობალიას განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 20%-ით გაიზარდა. "შევეცდებით,  რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ ისრაელიდან", - აღნიშნა ქობალიამ. მისივე თქმით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა სიღნაღი და ყვარელი დაათვალიერა.

„სამსუნგი“ საქართველოში ჰოლოგრამების კამპანიას იწყებს

საერთაშორისო მასშტაბის სამხრეთკორეული კომპანია „სამსუნგი“ მობილური ტელეფონების ქართველი მომხმარებლების დაცვის მიზნით საქართველოში ჰოლოგრამების კამპანიას იწყებს. 2010 წლის ოქტომბრიდან ქართველ მომხმარებელს ჰოლოგრამის საშუალებით ექნება შესაძლებლობა „სამსუნგის“ ორიგინალი მობილური გაარჩიოს ფალსიფიცირებულისგან.

„სამსუნგმა“ ახალი კამპანიის - „მოითხოვე „სამსუნგის“ მობილური მხოლოდ ჰოლოგრამით“ - შესახებ "თბილისი მარიოტში“ დაეგმილ შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა, რომელსაც კომპანია „სამსუნგის“ ოფიციალურ დილერებთან ერთად სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

შპს „Samsung Electronics Co“ - მსოფლიო ტექნოლოგიების ლიდერია ნახევრადგამტარი, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების და ციფრული კონვეგაციის სფეროში. „Samsung Electronics“-ის გაყიდვების მოცულობამ მხოლოდ 2009 წელს 116,8 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

„Samsung Electronics“-ში დასაქმებულია 188 000 ადამიანი, ამ კომპანიას 185 ოფისი აქვს მსოფლიოს 65 ქვეყნის მასშტაბით.

"ქობულეთის თტზ"-ის ფარგლებში პროგნოზირებულზე მეტი განაცხადია მიღებული

მთავრობის მტკიცებით, „ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის“ პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმაზე მეტი განაცხადი შევიდა, ვიდრე პროექტის გამოცხადებამდე იყო პროგნოზირებული.

ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მის მიღებას მხარი დაუჭირეს.

მმართველ უმრავლესობაში თვლიან, რომ „ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის“ პროექტი იმდენად წარმატებულად შეიძლება განხორციელდეს, რომ მას სხვა სახელმწიფოებიც აიტაცებენ.
 
პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი ქობულეთის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროებისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესებაში მდგომარეობს. კერძოდ, პირები, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, სასტუმროების მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას, 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამასთან, სასტუმროს ასაშენებლად განკუთვნილი მიწა მათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (გაზი, წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია) და სასტუმროს შენობამდე მისასვლელი გზების მშენებლობას თავად მთავრობა უზრუნველყოფს.

პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, სასტუმროების ექსპლუატაციაში შეყვანა და მათი ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 2011 წლის 1 აგვისტოს უნდა განხორციელდეს.

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაციას ამარტივებს

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაციას აპირებს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განმარტებით, შესაბამისი ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონში შევა. ახალი ინიციატივის თანახმად, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ლიკვიდაცია გამარტივდება. კანონპროექტის მიზანი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის შემცირებაა. გიორგი ხუროშვილის განმარტებით, საჭიროა მხოლოდ იმ სტრატეგიული ობიექტების დატოვება, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოს უნდა ექვემდებარებოდეს.

დღეისათვის საქართველოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით 200 საწარმო მოქმედებს. თუმცა, მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ აზუსტებს, თუ რომელი საწარმოების ლიკვიდაცია იქნება პრიორიტეტული.
 
პროექტის თანახმად, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ლიკვიდაციის პროცესში ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა სასამართლო ან/და ნოტარიალური სადეპოზიტო ანგარიშის ნაცვლად საკუთარ ანგარიშზე განათავსონ და ეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში გაწეული დანახარჯების დასაფარად გამოიყენონ.

ქართულ ბაზარზე გერმანული და უნგრული ხორბალი შემოვიდა

ქართულ ბაზარზე გერმანიასა და უნგრეთში მოყვანილი ხორბალი შემოვიდა. როგორც შპს "აგრიკომის" დამფუძნებელმა კოკი ოსიპოვმა განაცხადა, ათამდე ქართულმა კომპანიამ 15 ათასი ტონა გერმანული და უნგრული ხორბალი ქვეყანაში პირველად შემოიტანა. ტონა ხორბლის  ღირებულებამ  335-340  აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პროდუქციას საქართველოში უკვე ორი კვირაა მოიხმარენ და კმაყოფილებიც არიან, განსაკუთრებით კი უნგრული ხორბლით. ქართული კომპანები უახლოეს მომავალში ხორბლის შემოტანას ევროპის სხვა ქვეყნებიდან და აშშ-დანაც აპირებენ.

კოკი ოსიპოვის ინფორმაციით, ქართული ბაზარი ხორბლის საჭირო მარაგით ნოემბრის ბოლომდე არის უზრუნველყოფილი. ტრადიციულად, ქვეყნის ძირითადი იმპორტიორები რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი არიან. თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ხორბლის მოსავლიანობა საგრძნობლად შემცირდა. ამ მიზეზით, რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა წლის ბოლომდე დააწესა.

გოგი თოფაძე არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ჯარიმის ჩამოწერას უარყოფს

ბიზნესმენი გოგი თოფაძე დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ მისთვის სახელმწიფოს მიერ რამდენიმე მილიონიანი ჯარიმის ჩამოწერას უარყოფს.
 
თოფაძის განცხადებით, აღნიშნულ ვალთან დაკავშირებით საქმე განსახილველად კვლავ სასამართლოშია, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა. „ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ჯარიმის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მე არც დავალიანების რესტრუქტურიზაცია მჭირდება. 7 მილიონიანი დავალიანებიდან უფასო კვების 3 მილიონი მოიხსნა, დანარჩენი თანხა კი კვლავ დავის საგანია“, - განაცხადა თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის კომპანია თავის დროზე 7 მლნ 700 ათასი ლარით დააჯარიმეს. კერძოდ, რუსთავის საწარმოს, რომელიც თავდაპირველად საგადასახადო სამსახურმა 3,5 მლნ ლარით დააჯარიმა, საურავები დაერიცხა და გადასახდელმა თანხამ 7 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება თბილისის საწარმოს, საურავები მასაც დაერიცხა და 300 ათასლარიანი ჯარიმა 700 ათასამდე გაიზარდა.

მომავალი წლის ბიუჯეტით გუბერნატორებს დაფინანსება უმცირდებათ

მომავალ წელს გუბერნატორებიდან ყველაზე მეტად დაფინანსება იმერეთის გუბერნატორს უმცირდება, მილიონიანი დაფინანსება კი მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას დარჩება.
 
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება 364,6 ათასი ლარით მცირდება. კერძოდ, თუ წელს აღნიშნული ადმინისტრაცია 1,4796 მლნ ლარია, მომავალ წელს დაფინანსება 1,115 მლნ ლარი იქნება.
 
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება კი წლევანდელი 1,2967 მლნ ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 920 ათასი ლარი იქნება. მილიონიანი დაფინანსება აღარც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას ექნება. კერძოდ, წლევანდელი 1,2526 მლნ ლარის ნაცვლად, ის მხოლოდ 940 ათასი ლარით დაფინანსდება.

დუშეთის, ყაზბეგის, მცხეთისა და თიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია წელს 1,0568 მლნ ლარით ფინანსდება, მომავალ წელს კი მხოლოდ 700 ათასი ლარით დააფინანსებენ. რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციასაც, 1,0388 მლნ-იანი დაფინანსება 685 ათას ლარამდე შეუმცირდება. ახალქალაქი-ახალციხის გუბერნატორის ადმინისტრაციას, 1,0732 მლნ ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 725 ათასი ლარით დააფინანსებენ, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას – 1,1983 მლნ ლარის ნაცვლად 835 ათას ლარამდე, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება კი 1,0571 მლნ ლარის ნაცვლად, 740 ათასი ლარამდე შემცირდება.

რაც შეეხება გურიას, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთადერთი იყო, რომლის დაფინანსება წელს მილიონი არ არის, თუმცა მომავალ წელს მაინც შემცირდება. კერძოდ, სამხარეო ადმინისტრაცია წელს 996,4 ათასი ლარით ფინანსდება, მომავალ წელს კი ეს დაფინანსება 700 ათას ლარამდე შემცირდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.