ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მაღალი ინფლაცია ოჯახების კეთილდღეობას ემუქრება
#9(129), 2010
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს

ეროვნული ბანკის საიტზე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე ინფლაცია წლიური 9,5% და საშუალო წლიური 4,4%-ია, ხოლო მიზნობრივი წლიური - 6%, მაგრამ რა რიცხვებიც არ უნდა გამოაქვეყნოს ეროვნულმა ბანკმა, მთავარია რეალურად რას გრძნობს მოსახლეობა. ფაქტია, რომ ყველა პროდუქციაზე და განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე ფასები ძალიან გაიზარდა. ცხოვრება ერთობ გაძვირდა და მოსახლეობას სოციალურად უაღრესად უჭირს. რამ გამოიწვია ეს და რა გამოსავალი არსებობს?

სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, შეგახსენებთ, რომ ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების ინდექსის) გაანგარიშებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს. საქსტატის ინფორმაციით, ხუთ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი) ფასებისა და ტარიფების რეგისტრაციას ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვის ჩათვლით აწარმოებს 19 ფასების რეგისტრატორი, რომელთაც გადანაწილებული აქვთ 1300-ზე მეტი ვაჭრობის და მომსახურების ობიექტები. სამომხმარებლო კალათა იდენტურია ხუთივე ქალაქისთვის და მასში შედის ის საქონელი და მომსახურება, რომელთა მოხმარება ყველაზე ხშირია საქართველოს შინამეურნეობების (მომხმარებლების) მიერ. მოხმარების პროპორციულად თითოეულ საქონელსა და მომსახურებას მინიჭებული აქვს შესაბამისი ხვედრითი წონა. კალათის განახლება ხდება 3 წელიწადში ერთხელ. უკანასკნელად ის განახლდა 2010 წლის იანვარში. ამჟამად კალათა შეიცავს 266 სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.

საქსტატის საიტზე განთავსებულია შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების დადგენის მეთოდიკა. საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე იანგარიშება. მინიმალური სასურსათო კალათა არის 40 დასახელების კვების პროდუქტების ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა ზემოთხსენებული 5 ქალაქის ფასების საფუძველზე. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასს ადგენენ. მერე თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასს ანგარიშობენ მთელი ქვეყნისათვის ამ 5 ქალაქში გასაშუალოებული ფასების შეწონილი საშუალოს დათვლით (წონებად გამოიყენება აღნიშნული 5 ქალაქის მოსახლეობა). მიღებული ფასები წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყნის დონეზე. შემდეგ ეტაპზე ანგარიშობენ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სასურსათო კალათის თვიურ შუალედურ ღირებულებას. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება წარმოადგენს მასში შემავალი პროდუქტების თვიურ ღირებულებათა ჯამს.

კალათაში შემავალი პროდუქტების თვიური ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი პროდუქტის თვიური ნორმის და ამ პროდუქტის საშუალო ფასის ნამრავლით. აღნიშნული კალკულაციის შედეგად დგინდება კალათაში შემავალი თითოეული პროდუქტის ღირებულება, რომელთა ჯამი წარმოადგენს მინიმალური სასურსათო კალათის შუალედურ თვიურ ღირებულებას.

შემდეგ სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, 0,865-ზე და მიღებული რიცხვი წარმოადგენს მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის მოცემულ თვეში. ხოლო საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0,7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით და არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის.

საარსებო მინიმუმის ხელოვნურად შემცირება პოლიტიკის რანგშია აყვანილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ჩვენთან პოლიტიკის რანგშია აყვანილი ოფიციალური საარსებო მინიმუმის ხელოვნურად შემცირება. ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი 2003 წლის დასაწყისში მოითხოვდა, რომ მინიმალური ხელფასი გაზრდილიყო საარსებო მინიმუმის დონეზე, რომელიც იმ დროს 115 ლარი იყო. "ვარდების რევოლუციის" მერე მეთოდოლოგია შეცვალეს და მინიმალური სამომხმარებლო კალათა კალორიულად "შეამსუბუქეს", რამაც ეს კალათა ღირებულებითაც გააიაფა. გადათვალეს და საარსებო მინიმუმი უკვე 85 ლარი გახდა, რაც კურიოზია იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია გრძელდება! ამიტომ ეს ციფრები ანალიზისთვის არაფრის მომცემია.

რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ცნებას, საქართველოში ადრე არსებობდა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი, დღეს არ არსებობს და პაპავა ამას მიესალმება, ვინაიდან მინიმალური ხელფასის ცნების შემოღებისთანავე გაჩნდება პოლიტიკური ცდუნება და დაიწყება პოპულისტური დემაგოგია, მინიმალური ხელფასი ამდენი და ამდენი გავხადოთო, ანუ მინიმალურ ხელფასს მიებმება მერე ძალიან ბევრი რამე, რაც საბოლოო ჯამში ხელფასის ზრდით გამოწვეულ ინფლაციას შეუწყობს ხელს. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ სამუელსონმა თქვა ერთ-ერთმა პირველმა, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც არის მინიმალური ხელფასი, ხელფასის ზრდით გამოწვეული ინფლაციის საშიშროების წინაშე იმყოფება. დღეს ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება ფაქტობრივად არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს ადმინისტრაციული სახდელის დადგენა, დაწესება და ჯარიმების გადახდა. ეს არის 40 ლარის ოდენობის, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის #767 ბრძანებულებისა. თუმცა ასეთი ოდენობის ხელფასს არავინ იღებს და ნებისმიერი ხელფასი პირველივე ლარიდან იბეგრება.

პაპავას განმარტებით, სულ სხვა თემაა დაუბეგრავი მინიმუმი. დაუბეგრავი მინიმუმი უნდა გამოდიოდეს არა მინიმალური ხელფასიდან, არამედ საარსებო მინიმუმიდან. ამიტომ თუ საარსებო მინიმუმის ცნება არსებობს (ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი ნაკლოვანებებით გაიანგარიშება, მაგრამ არსებობს), ბუნებრივია, მასთან მიბმული უნდა იყოს დაუბეგრავი მინიმუმი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება.

ექსპერტ სოსო არჩვაძეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც ნახევარზე მეტი ამ სტრუქტურის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი თქმით, იმას, რომ ფასები გაიზარდა და განსაკუთრებით სასურსათო საქონელზე, სტატისტიკის სამსახურიც აღიარებს და ადასტურებს. თუ სექტემბრის თვეში წინა წლის სექტემბერთან შედარებით ინფლაცია 9,8% იყო, სურსათზე იყო 20,1%-ზე მეტი (მათ შორის, თბილისში 19,3%-ზე მეტი) და მთელ რიგ საქონელზე ფასები გაცილებით მეტადაა მომატებული. ბოლო წლებში სურსათზე ფასების ზრდა წინ უსწრებს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ფასების ასეთ ზრდას მოსახლეობა გრძნობს, ვინაიდან რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო მაღალია მის შემოსავლებსა და ხარჯებში სურსათისათვის გათვალისწინებული ან რეალურად გაღებული ხარჯების წილი.

არჩვაძის ინფორმაციით, სტატისტიკურად დასტურდება (და არა მარტო საქართველოში), რომ რაც უფრო მაღალი შემოსავლის მქონეა შინამეურნეობა, ოჯახი ან ცალკეული პიროვნება, მით უფრო მეტს ხარჯავს ის ერთეული კილოკალორიის შესაძენად. მაგალითად: ერთია, რომ ლუდს შეიძენ და სახლში დალევ, მეორეა, რომ ბარში წახვალ და იქ დალევ. ამიტომ იმისდა მიხედვით, თუ რომელი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელზე ვისაუბრებთ, მათთვის ღირებულება ერთიდაიგივე რაოდენობა კალორიების მიღებისა განსხვავებულია, თანაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების კვება შედარებით ნაკლებად დაბალანსებულია. შესაძლოა პროდუქტს კალორიები ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. მარტო კალორიების მიღება კი საკმარისი არ არის. დაბალანსებულად უნდა იყოს წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ოჯახი, ეს დაბალანსება უფრო მეტად მიიღწევა და შესაბამისად, ერთეული კალორიის ღირებულება მაღალშემოსავლიანებში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დაბალშემოსავლიანებში. მიუხედავად ამისა, დაბალშემოსავლიანების მიხედვით დათვლის შემთხვევაში, ახლანდელი სტატისტიკის სამსახური თვლის, რომ საარსებო მინიმუმი 130 ლარის ფარგლებშია.

მიიჩნევენ, რომ სურსათის ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში შეადგენს 70%-ს და დანარჩენი 30% არის არასასურსათო საქონლის (მომსახურება, კომუნალური ხარჯები და ასე შემდეგ). თუმცა, ექსპერტის მტკიცებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა მოწმობს, რომ ეს პროპორცია აშკარად შესაცვლელია, ვინაიდან თვით დაბალშემოსავლიან ოჯახებშიც კი სურსათს ასეთი მაღალი მაჩვენებელი უკვე არა აქვს. 20 ნაწილად თუ დავყოფთ საქართველოს მოსახლეობას, ყველაზე დაბალშემოსავლიანებისთვის დაახლოებით 60%-ის ფარგლებშია სურსათზე გაღებული ხარჯები; ხოლო რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავდივართ, იქ უფრო მცირდება და ყველაზე მაღალ, მე-20 ჯგუფში სურსათის ხარჯების წილი მხოლოდ 18%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სურსათის ხარჯების მოცულობა რამდენჯერმე აღემატება ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი შინამეურნეობის ანალოგიურ ხარჯებს. ანუ ხარჯების მოცულობა იზრდება, თუმცა ხარჯების საერთო მოცულობაში მცირდება სურსათზე გაღებული ხარჯების წილი. ამიტომ დღეს მოქმედი ფორმულა 70/30 აშკარად მოძველებულია, ანაქრონიზმს წარმოადგენს და ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. მაგალითად, დღევანდელ პირობებში 130 ლარში 90-95 ლარი სურსათზე მოდის, მაგრამ სურსათის აბსოლუტური ხარჯები იგივე რომ დარჩეს, ხოლო შესაბამისი პროპორცია 70/30 შეიცვალოს პროპორციით 60/40, ეს საშუალებას მოგვცემს მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება გავზარდოთ 150-155 ლარამდე. ესე იგი, იმისდა მიხედვით, თუ როგორი მეთოდოლოგიით მივუდგებით, განსხვავებული მინიმალური სამომხმარებლო კალათა გვექნება. თანაც, გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომელიც სერიოზულ გამოწვევას უკეთებს ყველას, ვინც აღნიშნული მეთოდოლოგიის შედგენით და მით უმეტეს, გაანგარიშებით არის დაკავებული. ბოლო პერიოდში ფასები სურსათზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე არასასურსათო საქონელზე. მაგალითად 2009-ში 2003 წელთან შედარებით სურსათზე ფასები დაახლოებით 77%-ით, ხოლო არასასურსათო საქონელზე 42%-ით გაიზარდა. შესაბამისად, რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მისთვის უფრო მძიმეა, რომ კვებისთვის ფასები იზრდება არა ოფიციალური 56%-ით, არამედ 77-80% ით და კიდევ უფრო მეტად; ამიტომ რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მით უფრო სკეპტიკურად უყურებს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ამდენად აუცილებელია, რომ მოხდეს ინფლაციის დაანგარიშება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, შრომისუნარიანი მამაკაცებისათვის, პენსიონერებისათვის, მარტო-ხელებისათვის და ა.შ.

სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებითი მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ უნდა გაიზარდოს და თუ არის ახლა 128-130 ლარი, 250 ლარის ფარგლებში მაინც უნდა იყოს შრომისუნარიან მამაკაცზე. ხოლო 4-სულიან ოჯახზე ეს მაჩვენებელი 450-500 ლარის ფარგლებში მაინც უნდა იყოს. არა მარტო ჩვენთან, არამედ ბევრ ქვეყანაში სტატისტიკის სამსახურებს ახასიათებთ ისეთი პრინციპი, როგორიცაა ფოტოშოპი, პროგრამა, რომელიც გადაღებულ სახეს რეალურთან შედარებით უფრო უკეთესად აჩვენებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია საარსებო მინიმუმის მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა და საკმაოდ მაღალი იყო. მერე საარსებო მინიმუმის ღირებულებითი ინდიკატორი მკვეთრად შეამცირეს; 2006 წელს გადაიანგარიშეს 2004 და 2005 წლების მაჩვენებლები და ღარიბთა (საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფთა) რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, მერე ისევ ზრდა დაიწყო. ადგნენ და, ამ ციფრებს საერთოდ აღარ აქვეყნებენ. სამაგიეროდ აქვეყნებენ მედიანური მოხმარების 60 და 40%-იანი ზღვრების მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობას, რომელიც ისეთი "ჩახუჭუჭებული" მონაცემია, რომ თუ სპეციალისტი არა ხარ, ვერც გაიგებ. ამ მაჩვენებლით ღარიბი შინამეურნეობების რაოდენობა 20-22%-ის დონეზეა.

ექსპერტის თქმით, ცხადია, თამასა რაც უფრო დაბლა იქნება დაწეული, მის ქვემოთ მყოფ შინამეურნეობათა რაოდენობაც ნაკლები იქნება. მაგრამ არის არაპირდაპირი ინდიკატორები. მაგალითად, აშშ-ში საარსებო მინიმუმი წელიწადში მარტოხელაზე შეადგენს 10830 დოლარს, 4 სულიან ოჯახზე 22050 დოლარს. ჩვენი საარსებო მინიმუმი ამერიკულთან შედარებით 6,7%-ს შეადგენს, მაშინ როცა ფასები სავალუტო ფონდის მიხედვითაც კი საქართველოში აშშ-ის დონის 51% და ბიგმაკის მიხედვით კიდევ უფრო მაღალი, 85%-ია; ამიტომ აშშ ში ის მაჩვენებელი გამოდგება სიღარიბის დონის შესაფასებლად; საარსებო მინიმუმი და სიღარიბის დონე იქ ფაქტობრივად სინონიმებია. საქართველოში ამ ორი ცნების შინაარსი ეტიმოლოგიურად და რეალურ შინაარსობრივად ერთმანეთისგან დაცილებულია, ე.ი. საარსებო მინიმუმი სხვა არის და სიღარიბის ზღვარი სხვა. ჩვენთან საარსებო მინიმუმში იმდენად დაბალი დონეა ჩადებული, რომ ის ფაქტობრივად მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებობის შესაძლებლობას გულისხმობს; ამერიკის შეერთებულ შტატებში კი საარსებო მინიმუმი იძლევა საშუალებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა შეფასდეს როგორც საშუალო კლასის წარმომადგენლები. ალბათ, აქაც თანდათანობით უნდა გადაისინჯოს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო მეურნეობაში (ჩვენთან ფასები, მაგალითად, ბენზინზე 40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში; მაღალია ფასები ფრინველის ხორცზე, სატელეფონო მომსახურებაზე, ბანანზე, პურზე, კვერცხზე და რიგ სხვა პროდუქტებზე), გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი ნამდვილად არ უნდა იყოს ასეთ დაბალ დონეზე ამერიკულ საარსებო მინიმუმთან შედარებით.

რამ გამოიწვია ფასების ნახტომისებური ზრდა

ლადო პაპავას აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ბოლო პერიოდში ფასების ნახტომისებური ზრდა გამოიწვია, ხორბლის გაძვირებაა, რაც ხორბლის მსოფლიო ბაზარზე რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია. რუსეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა, რათა ქვეყანას შიმშილის პრობლემა არ შეექმნას, ვინაიდან უჩვეულო სიცხის გამო რუსეთის ევროპულ ნაწილში, სადაც სწორედ პურის ბეღელია, თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ხანძარი იყო. ცხადია, როგორც კი ხორბლის მიწოდების ოდენობა მცირდება, მისი ფასი მატულობს. თან პური ყველაზე დაბალშემოსავლიანი ოჯახების უმთავრესი კვების პროდუქტია; მისი ჩანაცვლება კვების სხვა პროდუქტით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პური როგორც არ უნდა გაძვირდეს, კვების სხვა პროდუქტებთან შედარებით მაინც უფრო იაფი რჩება.

პაპავა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, როდესაც საქონელი ძვირდება, მასზე მოთხოვნა კლებულობს; მაგრამ ეკონომიკაში ცნობილია "გიფენის პარადოქსი", რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ყველაზე ძირითადი კვების პროდუქტი თუ ძვირდება, მასზე მოთხოვნა იზრდება. ინგლისელმა ეკონომისტმა გიფენმა ეს კვლევა მე-19 საუკუნეში ირლანდიის მაგალითზე ჩაატარა და იქ ასეთი პროდუქტი იყო კარტოფილი. კარტოფილი რომ გაძვირდა, მასზე მოთხოვნა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, რადგან კარტოფილს ვერც ხორცით ჩაანაცვლებდნენ, ვერც თევზით თუ სხვა პროდუქტით და ამიტომ უფრო მეტი კარტოფილი უნდა ეჭამათ; ანუ კარტოფილზე უფრო მეტი ფული უნდა დაეხარჯათ და ფული თუ ადრე რჩებოდათ დავუშვათ თუნდაც თვეში ერთხელ ხორცის საყიდლად, უკვე აღარ რჩებოდათ. ასეთი მთავარი პროდუქტი ჩინეთისთვის არის ბრინჯი, ხოლო ჩვენნაირი ქვეყნებისთვის პური. ეს არის სწორედ "გიფენის პარადოქსი": პროდუქტი ძვირდება, მოთხოვნა იზრდება, - განმარტავს ლადო პაპავა და დასძენს, რომ მოთხოვნის ზრდა მეწარმეებს აძლევს სტიმულს ფასი კიდევ უფრო მეტად მოუმატონ, რაც ჯაჭვურ რექციასაც იწვევს, რადგანაც პური არის საყოველთაო კვების პროდუქტი. რაკი ნებისმიერი სხვა პროდუქციის (დავუშვათ, მზესუმზირის ზეთის) მწარმოებელს თავისთვის პური აქვს საყიდელი და პური უძვირდება, ისიც აძვირებს თავის პროდუქციას (მზესუმზირის ზეთს). ასეთი ეფექტის გამო პურის გაძვირებამ საქართველოში ყველაფრის გაძვირება გამოიწვია. ოფიციალურადაც, მარტო ივლისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 7% შეადგინა, ხოლო პურ-ფუნთუშეულის ცალკეულ სახეობებზე ფასების მატება 30%-მდეც კი იყო.

იქნებ, ეს გაძვირება დოლარის გამყარებამაც გამოიწვია? პაპავა აცხადებს, რომ ქვეყანაშია ლარის გაუფასურების პროცესი. ივნისის თვეში იყო ნახტომი, მაგრამ ეს ნახტომი უკანვე წამოვიდა და დღეს დოლარის კურსი 1,80-1,82 ფარგლებშია გაჩერებული; ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ სებ-ი რეზერვებს აღარ ყიდის, ანუ არაფერს ამყარებს და წონასწორობა, რომელიც ჩამოყალიბდა, წმინდა საბაზროა. საერთოდ კი ლარის დევალვაცია, ანუ გაუფასურება გარდუვალია, ვინაიდან ქვეყანა კრიზისულ ვითარებაშია და ეს უშუალოდ ხორბლის კრიზისთან არ არის დაკავშირებული, რადგან ხორბლის კრიზისი ქართული პრობლემა არ არის, მსოფლიო ბაზრის პრობლემაა. ქვეყანაში ისედაც არის კრიზისული ვითარება და ჩვენი მოსახლეობა ამ კრიზისს სრული სიმწვავით არ გრძნობს, რადგან ჩვენ, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, სერიოზულ დახმარებას ვიღებთ. ეს დახმარება ამ წლის ბოლომდე გრძელდება და ნაწილი 2011 წლის დასაწყისში გადავა.

პაპავას ინფორმაციით, ივლისში სებ-ის ხელმძღვანელობამ მოაწყო სპეციალური შეხვედრა, სადაც რამდენიმე ექსპერტი მიიწვია და სამუშაო ვითარებაში გააცნო თავისი ხედვა, დამოკიდებულება საერთოდ საბანკო სისტემის მიმართ, გაცვლითი კურსის მიმართ, მთელ მონეტარულ პოლიტიკაზე; საკმაოდ ცოცხალი დისკუსია იყო. შეხვედრა 3 სთ-ზე მეტხანს გაგრძელდა და განიხილეს ყველაფერი: ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რეზერვების მართვა, ბანკების ზედამხედველობა; თითქმის არ დარჩენილა საკითხი, რაც თვითონ სებ-ის ინიციატივით არ ყოფილიყო წამოწეული და რაზედაც ექსპერტებს თავიანთი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. ექსპერტებმა რამდენიმე შენიშვნა გამოთქვეს. სებ-ის ხელმძღვანელობამ ეს შენიშვნები მიიღო, ანუ გარკვეულად შეცდომებიც აღიარა. ექსპერტთა აზრით, ეს საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო; ჩანდა, რომ სებ-ის ხელმძღვანელობას შესანიშნავად ესმის პრობლემა, კარგად ფლობს სიტუაციას, ფლობს ინსტრუმენტებს და გაცვლით კურსში ნახტომები არ უნდა იყოს. დევალვაცია კი კრიზისული ქვეყნისათვის დამახასიათებელი ობიექტური პროცესია, მით უფრო, რომ გლობალური ფინანსური კრიზისიც ჯერ არ დასრულებულა.

რა თქმა უნდა, ეს გაძვირება, ნაწილობრივ, რიგ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის ზრდამაც გამოიწვია. როცა იმპორტიორს საქონელი უძვირდება, ის ცდილობს, რომ ფასში ჩადოს თავისი გაზრდილი ხარჯები. პაპავა შეგვახსენებს, რომ ამას დანახარჯების ინფლაცია ჰქვია. იგი პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ ჩვენთან "ვარდების რევოლუციის" მერე საბაჟოში გარკვეული წესრიგი დამყარდა და შედეგად, საბაჟო გადასახადების გადახდა ხდება, ბიუჯეტში გარკვეული თანხები შედის. საერთოდ კი იდეალურ ვარიანტად მიაჩნია, თუ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი იქნება, რადგან მართალია, თავისუფალი ბაზარი ძალიან ცუდი ეკონომიკური მექანიზმია, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი მექანიზმი კიდევ უფრო უარესია; თავისუფალ ბაზარზე უკეთესი არავის არაფერი მოუგონია. საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე პატრიოტული მიდგომაა, თუ ის ღია ეკონომიკის პრინციპით გვექნება აგებული. ამით ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, უფრო იაფად და უფრო ხარისხიანი პროდუქცია შეიძინონ; მეორეც, ჩვენს მეწარმეს კონკურენციაში ჩავაყენებთ და უკეთესის გამოშვების სტიმული ექნება. პაპავა შენიშნავს, რომ თავის ამ მოსაზრებაში იგი არაა ორიგინალური, უბრალოდ მან თანამედროვე სიტყვებით თქვა, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ილია ჭავჭავაძემ, რომ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის ღია ვაჭრობა.

სოსო არჩვაძის აზრით, ის, რომ ფასები გაძვირდა და მაღალი ინფლაციაა, ამის მიზეზი რამდენიმეა. მათ შორისაა გარე (ეგზოგენური) ფაქტორები - მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურის გაუარესება, მარცვლეულის დაბალი მოსავალი, პირველ რიგში ჩვენს სამეზობლოში. არის კიდევ ერთი ფაქტორი: როდესაც იზრდება შინამეურნეობათა შემოსავლები, ყოველი დამატებითი შემოსავალი პირველ რიგში სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიემართება. მაგალითად, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და სხვა განვითარების მაღალი ტემპების მქონე სახელმწიფოებში იზრდება შინამეურნეობათა შემოსავლებიც. ეს ქვეყნები, დიდი ხნის განმავლობაში, მოხმარების დაბალი დონით ხასიათდებოდნენ. ახლა მათ გაეზარდათ კეთილდღეობა, შემოსავლები და რა თქმა უნდა, ნორმალური კვების პრეტენზია გაუჩნდათ. იგივე, 1,3 მილიარდიანი ჩინეთის მზარდი მოთხოვნილება სურსათზე სერიოზულ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე. შეიძლება ბაზარზე სურსათის იგივე რაოდენობა გადის, მაგრამ რადგანაც მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწოდება, ამან ფასები გაზარდა.

არჩვაძის აზრით, გასათვალისწინებელია კიდევ ის გარემოება, რომ თვითონ ქვეყნის შიგნით სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისსა და რეცესიულ მდგომარეობაშია. მაგალითად, 2003 წელთან შედარებით ჩვენთან მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 40% ით არის გაზრდილი, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემცირებულია 15%-ით და მეტად. ეს ეტყობა შიდა ბაზარს, სადაც, ვთქვათ, ადგილობრივი ნიორი და ხახვი შორეული ეგზოტიკური ქვეყნებიდან შემოტანილმა სურსათმა ჩაანაცვლა. ეს ეტყობა მათზე ფასებს. იმპორტის სახეობების ზრდა საქართველოში ზოგადად არაა ცალსახად ცუდი მაჩვენებელი; მაგრამ როდესაც ეს ხდება შიდა პროდუქციის მიზანმიმართული შემცირებისა და ბაზრიდან გამოდევნის ხარჯზე, ეს გავლენას ახდენს არა მარტო ადგილობრივი მწარმოებლების მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობაზეც. აუცილებელია იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ჩანაცვლება სამამულო წარმოებით, რაც შეამცირებს კონიუნქტურულ რხევებს, დამოკიდებულებას უცხოურ ბაზარზე და გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამას გარკვეულწილად ფისკალური ეფექტი აქვს. ეკონომიკური თეორიის ჭეშმარიტებაა, რომ რომელი ქვეყნის საქონელსაც ყიდულობ, იმ ქვეყნის ფისკალურ სისტემას ემსახურები და მას გადასახადს უხდი.

სოფლის მეურნეობის სუბსიდირება აუცილებელია

არჩვაძის ინფორმაციით, 1996 წლიდან 2009 წლამდე სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა 33,2%-დან 8,3%-მდე, ე.ი. 4-ჯერ. არის ასეთი ინდიკატორი, რომელსაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები სოფლის მეურნეობის წილსა და ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე ასიგნებებს შორის ოპტიმუმის დასადგენად იყენებენ. სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში არაუმეტეს 3-ჯერ უნდა აღემატებოდეს წილს ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე. ჩვენთან არის 8,3% სოფლის მეურნეობის წილი, ხოლო სუბსიდირების წილი 1,5%-ზე დაბალია, ე.ი. ოპტიმალურ დონეს 2-ჯერ და უფრო მეტად ჩამოუვარდება. ანუ იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობამ თვალებში ოდნავ მაინც გამოიხედოს და კონკურენტუნარიანი იყოს, სულ ცოტა, გაორმაგებული მაინც უნდა იყოს ის ხარჯები, რაც ახლა ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე გადის.

პაპავაც ირწმუნება, რომ აუცილებელია ჩვენთან სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. მისი თქმით, საერთოდ, როგორც ეკონომისტი, იგი ნებისმიერი ასეთი სუბსიდიების სასტიკი წინააღმდეგია, რადგან ეს ბაზარს ამახინჯებს. სუბსიდირება ძალიან ცუდი მექანიზმია, მაგრამ ნებისმიერი სხვა მექანიზმი (ვთქვათ, ბაზრის ჩაკეტვა თუ საბაჟო ტარიფების გაზრდა), კიდევ უფრო ცუდია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ იმისათვის არის მოწოდებული, რომ მსოფლიოში თანდათანობით უარი თქვან ნებისმიერ საბაჟო, სატარიფო, არასატარიფო ბარიერებზე და ბოლოს, სუბსიდიებზეც. მაგრამ რადგანაც სუბსიდირება ხდება და ხდება უწინარეს ყოვლისა სოფლის მეურნეობაში, ქართველი გლეხი რომ მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენო თავის უცხოელ კონკურენტთან, იძულებული ხარ სუბსიდირება მოახდინო.

საქართველოს მთავრობის რეაქცია ხორბლის გაძვირებაზე

ლადო პაპავა შეგვახსენებს, თუ რა რეაქცია მოჰყვა ხორბლის გაძვირებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. პრეზიდენტმა მთავრობას დივერსიფიკაცია და ახალ ბაზრებზე ფიქრი დაავალა. არადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამაზე საერთოდ უნდა ფიქრობდეს, ბაზრებს მუდმივად უნდა სწავლობდეს, იკვლევდეს, სად რა შეიძლება გაძვირდეს, სად რა შეიძლება მოხდეს და რეზერვებს ქმნიდეს. სამინისტრო, აბა, რისთვის არის?!
 
რა რეაგირება მოახდინა მთავრობამ პრეზიდენტის დავალებაზე, მოახდინა თუ არა დივერსიფიკაცია? მთავრობამ დამატებით 150 ათასი ტონა ხორბალი იყიდა უკრაინისგან, საიდანაც ისედაც ვყიდულობდით; ანუ არანაირი დივერსიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. თანაც ხორბალი, რომელიც დამატებით უნდა შემოვიდეს უკრაინიდან ამ წლის ბოლომდე, 50%-ით უკვე გაძვირებულია თვითონ უკრაინაში.

პაპავას აზრით, მთავრობას შეეძლო ეს პროცესი ცოტა შეემსუბუქებინა, მაგრამ მთლიანობაში პრობლემას მაინც ვერ ავიცილებდით. ასე რომ, რუსეთში ხანძრებმა გამოიწვია ხორბლის გაძვირება, პური კი არის ჩვენი მთავარი კვების პროდუქტი და აქედან გამომდინარე, ამან გააძვირა ყველაფერი.

გარდა დამატებითი 150 ათასი ტონა ხორბლის შეძენისა, ხელისუფლებამ სხვა რა ნაბიჯები გადადგა? აქვს მას რამე პოლიტიკა შემუშავებული? პაპავას თქმით, ამ კითხვაზე კონსტრუქციული პასუხის გაცემა მას უჭირს, რადგან ხელთ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია; არ გააჩნია მთავრობის თუნდაც პროგრამა, რომ საით მიჰყავს ქვეყანა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკა აქვს ასეთი (უბრალოდ, დეკლარირების დონეზე), რომ საქართველო უნდა იყოს შვეიცარიისა და სინგაპურის ნაჯვარი, რომელიც კაცმა არ იცის, რა არის. ეს ჰიბრიდია, ასეთი ჰიბრიდები ხშირად უშვილოები გამოდიან და ძალიან ცუდი მომავალი აქვს მაშინ საქართველოს.

საზოგადოების ნაწილის აზრით, რაკი ყველაფერი და უპირველესად კვების პროდუქტები ასე გაძვირდა, ხელისუფლებამ რამე სუბსიდია უნდა გაიღოს და ამით მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქოს. პაპავა კი ირწმუნება, რომ ამით მოსახლეობას ყოფა ვერ შემსუბუქდება, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი რამ ისევ ინფლაციას შეუწყობს ხელს.

მაშ, რა უნდა გაკეთდეს? ლადო პაპავას მიაჩნია, რომ დღეს, მაგალითად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ასეთ ვითარებაში სერიოზული პოლიტიკური ეფექტის მქონე იქნებოდა პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს რომ მიეღო თუნდაც მისი შეცვლის გადაწყვეტილება. იგივე სოფლის მეურნეობაში საჭიროა გონიერი ხალხი, რომელიც იმუშავებს არა წარმოქმნილ პრობლემებზე, არამედ წინასწარ პრევენციაზე და მართლაც მოახდენს ნებისმიერი ბაზრის დივერსიფიკაციას. ძალიან კარგი, რომ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შეგვიძლია დამატებითი ხორბალი ვიყიდოთ, მაგრამ სხვა ბაზრებზეც უნდა ვიფიქროთ. ღმერთმა დაიფაროს და, გაისად უკრაინაში რომ გაჩნდეს ხანძარი, მერე რას ვშვრებით?! დივერსიფიკაცია აუცილებელია განხორციელდეს როგორც საიმპორტო პროდუქციაზე, ასევე საექსპორტოზეც. თავის დროზე ჩვენ მიბმული ვიყავით რუსულ ბაზარზე, რომლის დახურვის შემდეგ მოგვიხდა ახლის ძიება იმიტომ კი არა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ დივერსიფიკაციაზე მუშაობა, არამედ რუსეთმა გვაიძულა.

ასე რომ, ერთის მხრივ დივერსიფიკაცია და მეორეს მხრივ, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, ეს 2 გზაა. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. პროფესორ ლადო პაპავას აზრით, დივერსიფიკაცია ძალიან კარგი გზაა, სუბსიდირება ცუდია, მაგრამ ნებისმიერი სხვა - კიდევ უფრო უარესია.

დალი ჩიკვაიძე