ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სამართლებრივი ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის
#9(129), 2010
 მშობლების უფლება-მოვალეობის წარმოშობის საფუძველია შვილების შთამომავლობით დაბადება. შვილებსა და მშობლებს შორის უფლებრივი მოვალეობების წარმოშობა ხდება ბავშვის დაბადებისთანავე. ქორწინებაში მყოფ დედას და მამას დაბადების ჩაწერის წიგნში მშობლებად შეიტანენ ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით. განცხადების შეტანა შეიძლება როგორც ბავშვის დაბადების რეგისტრაცისას, ასევე მას შემდეგ, დროის განუსაზღვრელად.

მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში, მამობის დადგენა ხდება სასამართლოს წესით ბავშვის დედის, მეურვის ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე ბავშვის განცხადებით, მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. სრულწლოვანი მოქალაქე უფლებამოსილია წინააღმდეგობა გაუწიოს დაბადების მოწმობაში მამად იმ პირის შეტანას, რომელიც თავის დროზე არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში.

მამობის დადგენა შეიძლება მამის გარდაცვალების შემდეგაც, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი თავს სიცოცხლეში ბავშვის მამად აღიარებდა ან ბავშვი იმყოფებოდა მის კმაყოფაზე. მამობის დადგენით ბავშვი იპოვებს მემკვიდრეობის უფლებას, აგრეთვე მამის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლებას.

მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას, საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთობლივ აღზრდასა და რჩენას. ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებას ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის დაბადებამდე ადრეული დროის განმავლობაში, ამასთან სავალდებულო არ არის, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ ბავშვის დაბადებამდე მთელი დროის განმავლობაში. როგორც აღვნიშნეთ, საკმარისია მათ ერთად იცხოვრონ განსაზღვრული დროით და აწარმოონ საოჯახო მეურნეობა.

მამობის დასადგენად სასამართლო ხშირად მიმართავს ექსპერტიზას. ექსპერტიზის შემდეგი სახეები არსებობს:

- გრაფიკული;

- სასამართლო - სამედიცინო;

- უროლოგიური და სხვა.

გრაფიკული ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა დგინდება, არის თუ არა პირი იმ ბარათის ავტორი, რომლითაც აღიარებულია ბავშვის მამობა.

უფრო ხშირად ბავშვის მამობის დასადგენად სასამართლო ნიშნავს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. სისხლის ბიოლოგიური ექსპერტიზის დროს დგინდება მისი ჯგუფობრივი და ინდივიდუალური კუთვნილება, ამიტომ იგი მამობის გამორიცხვისა და არა დადგენის საშუალებაა.

უროლოგიური ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როდესაც მოპასუხე გამორიცხავს ბავშვის მამობას, ვინაიდან მისი განცხადებით მას არა აქვს განაყოფიერების უნარი.

ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და მათი ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს.

ქალისა და მამაკაცის შემთხვევითი კავშირი არ იძლევა საფუძველს სასამართლოს წესით მამობის დადგენისათვის.

მშობლებისა და შვილების პირადი უფლება-მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების პირად უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება შვილისათვის გვარის, სახელისა და მამის სახელის მიცემა. მშობლის უფლება-მოვალეობაა როგორც შვილის აღზრდასა და სწავლაზე ზრუნვა, ისე მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების წარმოდგენა.

შვილის გვარს აძლევენ მშობლები ქორწინების რეგისტრაციის დროს. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, მაშინ ბავშვსაც მიეკუთვნება ეს გვარი, მაგრამ როცა დედ-მამას განსხვავებული გვარი აქვთ, ბავშვს მიეკუთვნება მამის ან დედის გვარი, მშობელთა შეთანხმებით. გამორიცხული არ არის, რომ ერთი და იგივე მშობლებისაგან წარმოშობილი ბავშვები ატარებდნენ სხვადასხვა გვარს (დედის ან მამის). როცა ბავშვები შეეძინებათ დაუქორწინებელ მშობლებს და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ბავშვის მამის გვარზე გატარების შესახებ, დაბადების ჩაწერის წიგნში მამის გვარის ადგილზე შეიტანება დედის გვარი. არ შეიძლება, რომ არასრულწლოვანი შვილი ატარებდეს მშობლებისგან განსხვავებულ გვარს.

შვილის გვარის გამოცვლის საკითხი დგება მშობლის მიერ გვარის გამოცვლის შემთხვევაში; თუ გვარს იცვლის ორივე მშობელი, მათ არასრულწლოვან შვილებს ავტომატურად ეცვლებათ გვარი, ხოლო თუ გვარს ერთი მშობელი იცვლის, არასრულწლოვანი ბავშვისთვის გვარის გამოცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობელთა შეთანხმებით.

სრულწლოვანმა შვილებმა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი გვარი, თუნდაც იგი არ ემთხვეოდეს დედის ან მამის გვარს. გვარის გამოცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს მისი არაკეთილხმოვნება, წარმოთქმის სიძნელე და სხვა.

ბავშვებს სახელი დაერქმევათ მშობელთა შეთანხმებით. მშობელთა სურვილის გაუთვალისწინებლობა შვილის სახელის შერჩევის დროს შეიძლება გახდეს საეჭვო ჩანაწერის გაუქმების საფუძველი. როგორც წესი, ადამიანს სახელი ერქმევა სამუდამოდ, მაგრამ გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ როცა ორივე მშობელი მოქალაქეობას იცვლის, მაშინ იცვლება შვილების მოქალაქეობაც - თუ ბავშვებს 14 წლისათვის არ მიუღწევით; ხოლო 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქალაქეობის შეცვლა უნდა მოხდეს მათთან შეთანხმებით.

მოქმედი კანონმდებლობით, როცა ხდება ახალი ნიმუშის პასპორტის გაცემა, პიროვნების ეროვნება მასში არ აღინიშნება, მხოლოდ მოქალაქეობა იწერება, რაც აღნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

მშობელთა პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შვილების აღზრდის უფლებას. დედ-მამა სარგებლობს თანაბარი უფლება-მოვალეობით შვილების მიმართ. შვილების აღზრდის საკითხს მშობლები წყვეტენ ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობანი გააჩნიათ განქორწინებულ მეუღლეებსაც. თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ შვილებთან ურთიერთობის წესზე, მაშინ ასეთ წესს დაადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც სავალდებულო იქნება ორივე მშობლისათვის.

ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებს შეიძლება უარი ეთქვათ შვილებთან ურთიერთობაზე, იმ შემთხვევაში, თუ დგინდება, რომ ასეთი ურთიერთობა ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას. მშობელს არ შეიძლება სამუდამოდ ჩამოერთვას შვილებთან ურთიერთობის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. თუ მშობლები არ ეთანხმებიან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებას შვილებთან ურთიერთობის წესზე, მაშინ ამ უკანასკნელთ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საბოლოოა ორივე მშობლისათვის.

საკანონმდებლო წესით დამტკიცებულია ბებიისა და პაპის უფლება იქონიონ ურთიერთობა შვილიშვილებთან. ბებიის და პაპის ინტერესების დაცვის მიზნით კანონი ადგენს წესს, რომლის თანახმადაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს შეუძლიათ დაავალდებულონ მშობლები, რომ მათ მისცენ საშუალება პაპასთან და ბებიასთან იქონიონ ურთიერთობა შვილიშვილებმა და განსაზღვრავს კიდეც ამ ურთიერთობის წესს.

მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი, რაც განმტკიცებულია კანონით, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

თუ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მშობელთან იცხოვრებს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

მშობლის უფლება - აღზარდოს შვილები გულისხმობს იმასაც, რომ შვილები იმყოფებოდნენ მშობლებთან. საკითხი, შვილის რომელიმე მშობელზე გადაცემის შესახებ, წამოიჭრება მაშინ, როცა გარდაიცვლება ის მშობელი, რომელთანაც ცხოვრობდა ბავშვი, მისი ნათესავები კი უარს ამბობენ ბავშვის აღსაზრდელად მეორე მშობლისათვის გადაცემაზე. ასეთ შემთხვევაში მშობელს უფლება აქვს სასამართლოს წესით მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. მსგავსი დავების განხილვის დროს მხედველობაში მიიღება 16 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სურვილი, იცხოვროს თუ არა მშობელთან.

მშობლის მიმართ, რომელიც ბოროტად იყენებს უფლებას, ახორციელებს მას შვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, კანონი ითვალისწინებს მშობლის უფლების ჩამორთმევას. მშობლის უფლების ჩამორთმევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, თუ ორივე ან ერთ-ერთი მშობელი: ა) თავს არიდებს შვილების აღზრდის მოვალეობას; ბ) ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, მავნე გავლენას ახდენს მასზე ანტისაზოგადოებრივი ყოფაქცევით; გ) არის ქრონიკული ლოთი ან ნარკომანი.

არ დაიშვება მშობლის უფლების აღდგენა გაშვილებულ შვილზე. კანონი ითვალისწინებს ბავშვის ჩამორთმევას მშობლის უფლების ჩამორთმევის გარეშეც. ბავშვის ჩამორთმევის პირობაა საფრთხე, რომელიც ელოდა მის სიცოცხლეს მშობლისაგან. ასეთი საფრთხე შეიძლება იყოს ინფექციური სენით დაავადება. ასეთ შემთხვევაში მშობლის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ დროს ექვემდებარება. საკითხს მშობლისათვის შვილის ჩამორთმევის შესახებ წყვეტს სასამართლო. მშობლისათვის შვილის ჩამორთმევა არ იწვევს მშობლიური ურთიერთობის შეწყვეტას, როგორც მშობელი, ისე შვილი ინარჩუნებენ ალიმენტის მიღების უფლებას, ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის უფლებას და ასევე უფლებას პენსიის დანიშვნაზე.

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა. შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი და მორალურ-სამართლებრივი მოვალეობაა. მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (18 წლამდე), ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მოვალეობა თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას.

უმეტესად მშობლები შვილის რჩენის მოვალეობას ასრულებენ ნებაყოფლობით, შეძლებისდაგვარად ხარჯავენ საჭირო რაოდენობის სახსრებს თავიანთი შრომისუუნარო ან არასრულწლოვანი შვილების სარჩენად. უფრო მეტიც - ხშირად მშობლები არჩენენ სრულწლოვან, შრომისუნარიან შვილებსაც, რომელთაც არ გააჩნიათ თავის სარჩენად საჭირო თანხა.

თავის მხრივ, შვილებიც ეხმარებიან მშობლებს, განურჩევლად იმისა, შრომისუნარიანნი არიან თუ არა და საჭიროებენ თუ არა დახმარებას ეს უკანასკნელნი.

თუ მშობლები და შვილები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ურთიერთრჩენის მოვალეობას, კანონი ითვალისწინებს მათ იძულებას სასამართლოს წესით.
არასრულწლოვანი შვილების რჩენის თაობაზე დავები უმთავრესად წარმოიშობა მშობელთა განქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა საალიმენტო ვალდებულება შესაძლოა აღმოცენდეს მათ შორის ქორწინების არსებობის შემთხვევაშიც.

ალიმენტის სასამართლოს წესით დაკისრება ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მეუღლე უარს ამბობს, ნებაყოფლობით გაუწიოს მატერიალური დახმარება შვილებს, არ შეაქვს წვლილი საოჯახო მეურნეობაში, ანიავებს თანხას, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად.

საალიმენტო ვალდებულების საფუძველი შვილების შთამომავლობით წარმომავლობაა. საალიმენტო ვალდებულების არსებობისას ბავშვი, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს დახმარება (სარჩო) მშობლებისაგან, მაგრამ ვერ იღებს, იძულების წესით მიიღებს კუთვნილ თანხას დედისგან ან მამისგან, რომელიც თავისი ნებით თავს არიდებს შვილის რჩენის მოვალეობას.

ალიმენტს სასამართლო აწესებს იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს, ვინაიდან ეს თანხა ბავშვის სარჩენად არის გათვალისწინებული. მშობელი, რომელიც აყენებს საალიმენტო მოთხოვნას, გამოდის ბავშვის სახელით, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. საალიმენტო ვალდებულება ეფუძნება კანონს, ამიტომ ის არ შეიძლება იქცეს მშობელთა შორის შეთანხმების საგნად და, თუ ასეთი შეთანხმება მაინც დაიდო, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება. მოქმედი საოჯახო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეთანხმებას ალიმენტის ოდენობაზე, რომელიც უნდა იხადონ მშობლებმა შვილების სარჩენად. თუ მშობლები ალიმენტის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავას გადაწყვეტს სასამართლო მშობლებისა და შვილების რეალურად არსებული მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, არა მარტო მისი არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ თუ შესაძლებელია, იმ ცხოვრების დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ერთ ოჯახად ყოფნის პირობებში. გადამხდელი პირის ხელფასიდან ალიმენტის დაკავება ხდება ამ შემოსავლიდან გადასახადების დაკავების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როცა ბავშვები რჩებიან ორივე მშობელთან ცალ-ცალკე, სასამართლო განსაზღვრავს ერთი მშობლის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობას მტკიცე თანხის სახით მეორე, მატერიალურად უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილი მშობლის სასარგებლოდ.

ოჯახის სხვა წევრთა საალიმენტო ვალდებულება. მშობლებს, შვილებსა და მეუღლეებს რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო ყოველთვის არ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს, ამიტომ საოჯახო კანონმდებლობა ითვალისწინებს ოჯახის სხვა წევრთა ურთიერთრჩენის მოვალეობას, რაც იმით გამოიხატება, რომ ისინი ვალდებულნი არიან, მოცემულ პირობებში ერთმანეთს გაუწიონ მატერიალური დახმარება.

ოჯახის სხვა წევრებად იგულისხმებიან პაპა, ბებია, შვილიშვილები, დები, ძმები, მამინაცვალ-დედინაცვალი, გერები, ფაქტობრივად აღზრდილები, აღსაზრდელები და აღმზრდელები. კანონში ხაზგასმულია, რომ ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობა წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც შრომისუუნაროს არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი მშობლისგან, შვილისგან ან მეუღლისგან.

გერი, რომელსაც საკმაო სახსარი აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან დედინაცვალი, რომელსაც დახმარება სჭირდება იმ პირობით, თუ ისინი ზრდიდნენ და არჩენდნენ მას. სასამართლოს შეუძლია გაანთავისულოს გერი მამინაცვლის ან დედინაცვლის რჩენის მოვალეობისგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში; ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას. პირი, რომელიც მუდმივ აღსაზრდელად აიყვანს ბავშვს, მაგრამ შემდგომ უარს იტყვის მის აღზრდასა და რჩენაზე, მოვალეა არჩინოს როგორც შრომისუუნარო სრულწლოვანი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, ისე არასრულწლოვანი აღსაზრდელი, თუ მას არ ჰყავს მშობელი ან არ შეუძლია მიიღოს მათგან სარჩო. აღსანიშნავია, რომ მეურვესა და მზრუნველზე ეს წესი არ ვრცელდება.

პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია ღვიძლი შვილებისგან და მეუღლისგან (აქ იგულისხმება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა).

ალიმენტის ოდენობას ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით განსაზღვრავს სასამართლო.

სასამართლოს უფლება აქვს გაანთავისუფლოს ალიმენტის გადახდისგან ვალდებული პირი, თუ მოისპობა ის პირობა, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის დანიშვნას.

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც მოვალეა იხადოს ალიმენტი, ნებაყოფლობით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით, მაგრამ ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ. დამსაქმებელი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან ან დახმარებიდან) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განაცხადების ან სააღმსრულებლო ფურცლის საფუძველზე და პირადად უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღმსრულებლო ფურცელში მოხსენიებულ პირს არაუგვიანეს სამი დღისა ხელფასის გაცემის დღიდან.

იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების გაცემის ადგილის მიხედვით.

პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს მისი გადახდევინება, განურჩევლად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

მეტად მნიშვნელოვანია კანონით გათვალისწინებული ერთი პირობა, რომელიც სავსებით სამართლიანად იცავს ალიმენტის მიმღების ინტერესებს. სახელდობრ, ის, რომ თუ ალიმენტის გადამხდელი პირის ძებნის გამო ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღმსრულებლო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, მას ალიმენტის დავალიანებას გადაახდევინებენ არა მარტო სამი წლის, არამედ მთელი გასული პერიოდისთვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.

ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან, რომლის განმავლობაში არ მომხდარა გადახდევინება. თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და ამის გამო ვერ წარადგინა თავისი ხელფასის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინებაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის.

ალიმენტის გადახდევინებისგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს, ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

ირინე ღლონტი