ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
როგორ აწესრიგებს კანონი საოჯახო ურთიერთობებს
#1(97), 2008
წინამდებარე სტატიის მიზანია დაეხმაროს ყველა იმ პირს თავისი კანონიერი უფლებების დაცვაში, რომელსაც ოჯახი აქვს შექმნილი. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ მტკიცე ოჯახი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ურთიერთობებია, რადგანაც ისინი არეგულირებენ საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახი კი საზოგადოების ძირითადი უჯრედია. 

პატრიარქალური ოჯახის შექმნიდან, ოჯახის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ცივილიზაციის დონეზე და მის სრულყოფაზე. სახელმწიფო მოწოდებულია სამართლებრივი გზით ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს, რაც თავის მხრივ, საზოგადოების სტაბილურობისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი გარანტიაა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, განსაზღვრულია საქორწინო და საოჯახო სამართლის ძირითადი ამოცანები. ესენია: საოჯახო ურთიერთობათა დამყარება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ქორწინებით; ოჯახის შემდგომი განმტკიცება; ოჯახის ყველა წევრის მატერიალური ანგარიშიანობისაგან თავისუფალი, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემის გრძნობაზე დამყარებული კავშირის ჩამოყალიბება; სამშობლოს ერთგულების სულისკვეთებით ოჯახში შვილების აღზრდა; დედის და ბავშვის ინტერესების ყოველმხრივი დაცვა; ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩანერგვა და სხვა.

საოჯახო სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს წარმოშობილს ქორწინების თაობაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მშობლების, შვილების სამართლებრივ სტატუსს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საოჯახო სამართლის ამოცანების განხორციელების ამოსავალი პრინციპია თავიდან იქნეს აცილებული ქალისა და მამაკაცის უფლებათა რაიმე პირდაპირი და არაპირდაპირი შეზღუდვა ან რაიმე უპირატესობათა მინიჭება სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, ეროვნული კუთვნილებისა და რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე სხვა გარემოებათა მიხედვით. ეს პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში.

1997 წლის 25 ნოემბრიდან საოჯახო სამართალმა დაკარგა სამართლის დამოუკიდებელი დარგის სტატუსი და მისი ძირითადი ნორმების თავმოყრა მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 წიგნში, რომელსაც "საოჯახო სამართალი" ეწოდება. აღნიშნულის გარდა, საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ მთელი რიგი ნორმატიული აქტები.

ჩვენი ჟურნალის მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ: ქორწინების წესსა და პირობებს; ქორწინების შეწყვეტას, ქორწინების ბათილობას, მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობას; მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობისგან განთავისუფლების საფუძვლებს; პირად და ქონებრივ ურთიერთობებს მეუღლეთა შორის; მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების საფუძვლებს; პირად და ქონებრივ ურთიერთობებს მეუღლეთა შორის; მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფას და საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს თანაბრობის პრინციპიდან გადახედვის საფუძვლებს.

ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია, მაგრამ არა ერთადერთი, ვინაიდან სამართლის არც ერთი დარგი არ იძლევა ოჯახის ცნების ამომწურავ განმარტებას. ფაქტობრივად ოჯახი ეს არის ქორწინებაზე, ახლო ნათესაობაზე, შვილად აყვანასა და კანონში მითითებულ სხვა ფაქტორებზე დამყარებული რამდენიმე პირის ერთობლივი თანაცხოვრება. ქორწინება არის ნებაყოფლობითი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (სტატიაში მას შემდგომში სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურად მოვიხსენიებთ).

დაქორწინებისთვის აუცილებელია ორი პირობა: დასაქორწინებელ პირთა ასაკი და თანხმობა. 1997 წლის 25 ნოემბრამდე საქორწინო ასაკად გოგონებისათვის დაწესებული იყო 16, ხოლო ვაჟებისათვის 17 წელი. აღნიშნული დროიდან (ე.ი. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან), საქორწინო ასაკი ორივე სქესისათვის არის 18 წელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისის შემთხვევაში მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი შეთანხმებით დასაშვებია საქორწინო ასაკი შემცირდეს 16 წლამდე, მაგრამ თუ მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები უარს ეტყვიან 16 წლის ახალგაზრდებს დაქორწინებაზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, პირადად მათი  განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.

კითხვა: გვაინტერესებს, დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) წარმოშობს თუ არა შემდგომში დასაქორწინებელ პირთა დაქორწინების ვალდებულებას?

პასუხი: არა, ასეთ ვალდებულებას არ წარმოშობს. ნიშნობა არ შეიძლება გახდეს სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.

დაქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, სადაც დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება, რომელშიც უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, იცნობენ ერთმანეთის ოჯახურ მდგომარეობას, იციან მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება; ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, ვალდებულია გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილოს, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა ქორწინების რეგისტრაცია მოხდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურის ადგილსამყოფელის გარეთ?

პასუხი: დასაქორწინებელ პირთა თხოვნით, შეიძლება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის საპატიო მიზეზი არსებობს.

ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ორი ან მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით და დასაქორწინებელ პირთა თანხმობით. რეგისტრაცია ჩატარდება საზეიმო ვითარებაში.

საქართველოში უცხოელთა დაქორწინებისათვის აუცილებელია მათი ქვეყნის სათანადო ორგანოების ცნობა, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ გამოიყენება მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ გასცემენ ზემოაღნიშნულ ცნობას.

კითხვა: სად შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილება, როდესაც იგი უარს ეუბნება პირებს დაქორწინებაზე, უშუალოდ სამინისტროში თუ აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა?

პასუხი: სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უარი დაქორწინებაზე, კანონის თანახმად, მხოლოდ სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.

დაქორწინება არ დაიშვება: იმ პირთა შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის; ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირთა შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.

2007 წლის 18 დეკემბრიდან (#5624 კანონით) მითითებულ ჩამონათვალში შევიდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 2008 წლის 1 მაისიდან. ამ დროიდან დაქორწინება არ დაიშვება აგრეთვე "არაბიოლოგიურ და-ძმას შორის".

ზემოაღნიშნული ამკრძალავი ნორმები გამოიყენება მაშინაც, თუ მოხდა ნათესაობის მოშლა გაშვილების შედეგად.

კითხვა: კანონის თანახმად დადგენილია თუ არა ზღვრული ასაკი, რომლის შემდეგაც არ დაიშვება დაქორწინება და რა საბუთების წარდგენაა საჭირო იმისათვის, რომ პირმა ხელმეორედ იქორწინოს?

პასუხი: ასეთი ზღვრული ასაკი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. თუ ქორწინება არ არის ფიქტიური და მიზნად ისახავს ოჯახის შექმნას, პირს ნებისმიერ ასაკში აქვს დაქორწინების უფლება. ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებულია ქორწინების რეგისტრაციისას წარმოადგინოს მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა და მეორე მეუღლემ დაქორწინება გადაწყვიტა, იგი ვალდებულია საგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარადგინოს პირველი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება და განქორწინება.

ქორწინების შეწყვეტის ნაწილში უკანასკნელ წლებში კანონში შეტანილია არაერთი ცვლილება.

განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში კი – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (28.12.2007 #5672). ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ერთობლივი განცხადების საფუძველზე (28.12.2007 #5672). მეუღლეები ვალდებული არიან განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა.

განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას (მათ) საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი (მათი) სახელით წარდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე თანხმობის დასადასტურებლად (28.12.2006 #2626).

აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში განქორწინება ხდება განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება არა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან (28.12.2006 #2626).

კითხვა: სავალდებულოა თუ არა განქორწინების საქმის მხოლოდ სასამართლოს მიერ განხილვა იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეებს ერთობლივ ქორწინებაში ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები?

პასუხი: არა, ასეთ აუცილებლობას კანონი აღარ ითვალისწინებს. 1126-ე მუხლი, რომლითაც მსგავს შემთხვევაში დაკანონებული იყო განქორწინების საქმის სასამართლოს მიერ განხილვა 2007 წლის 28 დეკემბრიდან (#5672 კანონი) საერთოდ ამოღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან.

ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც: კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ; სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. იგი იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; ამ მიზნით უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად. როცა მშობლები არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა რაოდენობით სარჩოს (ალიმენტის) გადახდა დაეკისროს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩაებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ თუ ასეთი გაყოფა მესამე პირის უფლებებს ეხება, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული ბაჟი. ასევე, თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი ორივე მეუღლემ გადაიხადოს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის გადასახდელ თანხას.

კითხვა: ადრე სამოქალაქო კოდექსით განქორწინების მოწმობის აღებისას, განსაზღვრული იყო ბაჟი 50-დან 200 ლარამდე. არის თუ არა ამჟამად გათვალისწინებული ასეთი რაოდენობის თანხის გადახდის აუცილებლობა კოდექსში?

პასუხი: აღნიშნული თანხა განსაზღვრული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1131-ე მუხლით, რომელშიაც ცვლილება შეიტანეს 2006 წლის 28 დეკემბერს (#2626 კანონით) და აღნიშნული დროიდან ამ მუხლში განქორწინების მოწმობის გაცემისას ბაჟის ოდენობა მითითებული აღარ არის. გადასახდელი თანხის ოდენობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს.

განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.

მეუღლეს, რომელმაც გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი, ან მისი მოთხოვნით დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი. მეუღლემ, რომელსაც სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს. 

მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (28.12.2006 #2626).
თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებულები, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ (28.11.2006 #2626 კანონი).

აღსანიშნავია, რომ ქორწინება არ შეიძლება აღდგეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე. განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ.

განქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (28.12.2006 #2626).

იმ შემთხვევაში, როდესაც განქორწინება მომხდარია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.
ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამის შესახებ აცნობებს მეორე მეუღლეს, თუ ცნობილია მისი და ტერიტორიული სამსახურის მისამართი, რომელმაც მოახდინა განქორწინების რეგისტრაცია (საოჯახო სამართალში ეს ცვლილებაც შეტანილია 28.12.2006 #2626 კანონით).

კითხვა: ვის უნდა მიმართოს და რა საბუთები უნდა წარუდგინოს მეუღლემ, რომელსაც სურს პატიმარ მეუღლესთან განქორწინება?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში მეუღლემ განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და წარუდგინოს სასამართლოს განაჩენის პირი ან განაჩენის ამონაწერი იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა.

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელმაც მიიღო პატიმრობაში მყოფი მეუღლის განცხადება განქორწინების თაობაზე, აუწყებს თავისუფლების ადგილას მყოფ მეუღლეს, რომ შესულია განცხადება განქორწინების შესახებ. უწყებაში უნდა განისაზღვროს პასუხის შეტყობინების ვადა იმის თაობაზე, არის თუ არა მათ შორის ქონებრივი დავა ან დავა ბავშვების შესახებ. თუ მიღებულია ცნობა, რომ ასეთი დავა არ არსებობს ან სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ მოვიდა არავითარი პასუხი პატიმარი მეუღლისგან, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური მოახდენს განქორწინების რეგისტრაციას.

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეიძლება ცნობილი იქნეს ბათილად, თუ იგი მომხდარია ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დროს და მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას ან თუ ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ქორწინებას, მაგრამ თუ მეუღლეებმა ქორწინების რეგისტრაციის დროს არ იცოდნენ დამაბრკოლებელ გარემოებათა შესახებ, სასამართლოს შეუძლია ასეთი ქორწინება ცნოს ბათილად ამ გარემოებათა გამოვლენის მომენტიდან.

კითხვა: ვთქვათ, ფიქტიური ქორწინების დროს დაიბადა ბავშვი (ბავშვები): როგორ განისაზღვრება მისი სამართლებრივი სტატუსი; უფრო ზუსტად, ქორწინების გაბათილების შემთხვევაში დარჩებათ თუ არა იგივე უფლებები (მემკვიდრეობაზე, ალიმენტზე, პენსიაზე და სხვა), როგორც ეს რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვებს აქვთ მინიჭებული?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვების ინტერესებს. მათ უნარჩუნდებათ ყველა ის უფლება, რაც კანონის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გაჩენილ შვილებს აქვთ მინიჭებული.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება. საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება (ფლობა, სარგებლობა, განკარგვა) წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას კი მხოლოდ ის ქონება წარმოადგენს, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდეც ან ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით და ჩუქებით. ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, იმ მეუღლის საკუთრებად ჩაითვლება, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

კითხვა: წარმოშობს თუ არა მეუღლეთა კანონიერ უფლება-მოვალეობას ჯვრისწერა, თუ ხელთ გვაქვს საეკლესიო მსახურის მიერ გაცემული ოფიციალური საბუთი შეუღლების შესახებ?

პასუხი: საქართველოში დღემდე მოქმედი კანონის შესაბამისად, რელიგიური წესით ქორწინება (ჯვრისწერა) მეუღლეთა კანონიერ უფლება-მოვალეობას არ წარმოშობს. მეუღლეთა უფლება-მოვალეობას წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ პირადად ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯვრისწერას და მიგვაჩნია, რომ ამ ამაღლებული რიტუალის გარეშე საქართველოში არც ერთი ქრისტიანული წყვილი არ უნდა დარჩეს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ ხანდაზმული. თუმცა, ვიმეორებთ, რომ ქორწინება იურიდიულად ძალაშია მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ. 

მეუღლეთა შორის საქორწინო ურთიერთობა აუცილებლად გულისხმობს ერთმანეთისადმი მატერიალური დახმარების აღმოჩენის მოვალეობასაც. ცხადია, ნორმალური ურთიერთობის პირობებში მეუღლეები მატერიალურად ეხმარებიან ერთმანეთს არა კანონის ძალით, არამედ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად, რასაც ზოგადად ემყარება ოჯახი. მაგრამ თუ საოჯახო ურთიერთობა ირღვევა და ერთ-ერთი მეუღლე უარს ამბობს ნებაყოფლობით დაეხმაროს მეორეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, მას შეიძლება სასამართლო წესით დაეკისროს სარჩოს (ალიმენტის) გადახდა მეორე მეუღლის სასარგებლოდ. აღნიშნულის მიღების უფლება აქვთ: შრომისუუნარო მეუღლეს (ქალი იქნება თუ მამაკაცი), რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ცოლს – ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

შრომისუუნარო მეუღლე, რომელიც დახმარებას საჭიროებს შრომისუნარიანი მეუღლისგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე ან განქორწინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

კითხვა: გვაინტერესებს, შეიძლება თუ არა გათავისუფლდეს მეუღლე შრომისუუნარო მეუღლის რჩენის მოვალეობისგან და რა შემთხვევაში?

პასუხი: სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისგან ან განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ანდა მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ, აგრეთვე თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მის მიერ განაზრახი დანაშაულის ჩადენით. მეუღლისგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მისი მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდება.

მეუღლეთა ურთიერთრჩენის და ქონებრივი უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მათი ქორწინების დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან და იგი ქორწინების არსებობის მთელ მანძილზე გრძელდება. რაც შეეხება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობას (როცა ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ქორწინება არ აქვთ დარეგისტრირებული), კანონის თანახმად იგი არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს ურთიერთრჩენის მოვალეობას. 

შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება ჩანაწერით მშობელთა ქორწინების შესახებ. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ათი თვისა. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან დგინდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით (28.12.2006 #2626). მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამრთლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

კითხვა: რა უფლებები აქვს ბავშვს, რომლისთვისაც მამობის დადგენა მოხდა სასამართლო წესით? უფრო კონკრეტულად, განსხვავდება თუ არა მისი უფლებები და მოვალეობები რეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული შვილებისაგან?

პასუხი: კანონით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ზუსტად ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს.

თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედება ბავშვისა და მისი მშობლების ვინაობის დასადგენად. თუ ბავშვის და მისი მშობლების ვინაობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა დადგინდა, მეურვეობისა და მზრუნველობისა ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ბავშვის მოსავლელად და მიმართოს სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებისათვის, რომლის გადაწყვეტილებითაც ხდება ბავშვის მიტოვებულად აღიარება (ცვლილება შეტანილია 18.12.2007 #5624 კანონით), რომელიც ამოქმედდება 2008 წლის 1 მაისიდან). ამავე ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2008 წლის 1 მაისიდან მოხდება მიტოვებულად აღიარებული ბავშვისათვის სახელისა და გვარის მიცემა.

მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის შეცვლას, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი 10 წელზე მეტი ასაკისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

კითხვა: როგორ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი დაბადების ჩაწერის წიგნში, როცა ბავშვის მშობლები დაქორწინებულები არ არიან?

პასუხი: თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან ერთმანეთთან, ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ კეთდება დედის განცხადებით, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ – ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადების საფუძველზე.

შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. არასრულწლოვანი შვილების უფლებების დაცვა ეკისრება მათ მშობლებს. მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის -სასამართლოშიც. 

მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, იზრუნონ შვილების ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება და იმის განსაზღვრის უფლება, თუ ვისთან და სად იცხოვროს შვილმა. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში (12.12.2007 #5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ როგორია განქორწინებულ მშობელთა უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ?

პასუხი: შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი განქორწინებულნი არიან.

მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (18.12.2007 #5624 კანონი. ამოქმედდება 2008 წლის 1 მაისიდან). 
 
ბებიასა და პაპას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები (ან რომელიმე მშობელი) ამის წინააღმდეგი არიან, საქმე დაექვემდებარება სასამართლო წესით განხილვას, რომელსაც შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე (მზრუნველი) საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე (18.12.2007 #5624, ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან).

ცალკე საუბრის თემაა მშობლის უფლების ჩამორთმევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. მასზე ჩვენი ჟურნალის უახლოეს ნომერში ვისაუბრებთ. ასევე, განვიხლავთ მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივ ურთიერთობებს (საქორწინო კონტრაქტს); მშობლებსა და შვილებს შორის სამართლებრივ ურთიერთობათა წარმოშობის საფუძვლებს; მშობლებისა და შვილების პირად ურთიერთობებსა და მოვალეობებს; მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობას; ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესს; შვილად აყვანის, ასევე მეურვეობის და მზრუნველობის საკითხებს და სხვ.

ირინე ღლონტი