ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
საქართველოს კანონის პროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"
#1(97), 2008
რუბრიკით ჩვენს ჟურნალში ქვეყნდება რეკომენდაციები და მიმოხილვითი სტატიები თანამედროვე აუდიტის აქტუალურ საკითხებზე. ამ რუბრიკის მიზანია დაეხმაროს ქართველ აუდიტორებს მათ წინ მდგომი გაზრდილი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში, გააცნოს მათ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკის დებულებები, აგრეთვე, მიმოიხილოს ქართული და უცხოური აუდიტური კომპანიების საქმიანობა.

ჟურნალის წინამდებარე ნომერში ქვეყნდება საქართველოს კანონის პროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ", რომლის განხილვა ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" რედაქციის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდება ჟურნალის შემდეგ ნომერში.

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კანონის მიზანია, განსაზღვროს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების პირობები და წესები.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

"აუდიტი" - აუდიტის მიერ ჩატარებული სამუშაო, კონსოლიდირებული ან ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის და სისრულის შესახებ თავისი მოსაზრების და რწმუნების გამოსახატავად".

"აუდიტის სტანდარტები" - ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი;

"აუდიტორი" - პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) რომელიც გამოხატავს:

ა) საკუთარ მოსაზრებას ფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე; ან

ბ) რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე.

"აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი" - აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასრულებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული.

"ბუღალტრული აღრიცხვა" - სუბიექტის საქმიანობის სააღრიცხვო პროცედურების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების მომზადების ჩათვლით;

"ბუღალტერი" - ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით სუბიექტის მიერ დაქირავებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;

"ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები" - სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები; კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები;

"ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები" - სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, ფინანსური ანგარიშგებები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიდა ინსტრუქციები;

"კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები" - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS და IFRS for SMEs) სამეწარმეო ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის პირებისათვის და კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირებისათვის;

"პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტერი" - სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც პროფესიონალ ბუღალტრად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი პროფესიული ორგანიზაციის მიერ და თავის კვალიფიკაციას ადასტურებს პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად და პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ACCA-ის მიერ;

"პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი" - პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები;

"განგრძობითი განათლების სტანდარტი" - პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის დადგენილი ნორმები;

"პროფესიული ორგანიზაცია" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა კავშირი, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) სრულუფლებიანი წევრი;

"პრაქტიკოსი აუდიტორი" - აუდიტურ ფირმაში მომუშავე პირი, რომელიც დასაქმებულია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და აუდიტის სფეროში;

"სავალდებულო აუდიტი" - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელთა მიმართ აუდიტის ჩატარება დადგენილია ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით;

"საინიციატივო აუდიტი" - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომლებშიც აუდიტის ჩატარება ხდება პირის მართვის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

"სუბიექტი" - ფიზიკური (ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი; 

"სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები (წესები)" -სახელმწიფო დაწესებულებების, უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან ბიუჯეტურ დაფინანსებაზე მყოფი სხვა სუბიექტებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები;

"ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები" - კერძო სამართლის იურიდიულ პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის რეკომენდებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებსაც ადგენს პროფესიული ორგანიზაცია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით; 

"ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები" - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IAS) და ინტერპრეტაციების ჩათვლით;

"ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები" - ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიშგება, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება,  განმარტებითი შენიშვნები ანგარიშგებაზე;

"ხარისხის კონტროლი" - აუდიტური ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია იმის დასაბუთებული გარანტიის უზრუნველყოფა, რომ ფირმის მიერ ჩატარებული აუდიტი შესრულდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამართლებრივი საფუძვლები

1. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) გათვალისწინებით ადგენს სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს.

3. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ფინანსთა სამინისტრო გამოსცემს ნორმატიული აქტის სახით. მისი გამოყენება სავალდებულოა სახელმწიფო სექტორში. საქართველოს მთავრობამ, საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე სახელმწიფო სექტორის ცალკეული ტიპის დაწესებულებას შეიძლება დაავალოს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენება.

4. კერძო სამართლის სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით.

5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია.

6. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე 4 პუნქტით დადგენილი პირებისა) ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ სტანდარტებს ადგენს პროფესიული ორგანიზაცია, იმ დრომდე, სანამ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) თვითონ არ დაადგენს ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებულ სტანდარტებს (IFRS for SMEs).

7. პროფესიული ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტებს და მათ მიერ დადგენილ ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ სტანდარტებს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს "სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს". 

8. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა კერძო სამართლის იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა ფინანსური ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. 

9. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება.

10. კერძო სამართლის სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება ხდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით (ISA).

11. ბუღალტერთა პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია.

თავი II

ბუღალტრული აღრიცხვა

მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება 

1. სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელი.

3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დაქირავებული ბუღალტრის შრომის გამოყენებით ან კომპეტენტური პირის მომსახურებით ან საკუთარი ძალებით.

4. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, გარდა ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა, არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. მათი გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სუბიექტს, მოწვეულ აუდიტორსა და მაკონტროლებელ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ნებისმიერ სხვა პირს სუბიექტის თანხმობით.

5. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით შექმნის ან გამოიყენებს არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველ საბუღალტრო დოკუმენტს, ან აღრიცხავს საგადასახადო დოკუმენტს თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

6. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება 6 წლის განმავლობაში. 

თავი III

აუდიტი

მუხლი 5. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები 

1. კერძო სამართლის იურიდიული პირების და ასევე ინდ. მეწარმეების აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს ეს კანონი.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირებს და ასევე ინდ. მეწარმეების უტარდებათ სავალდებული ან საინიციატივო აუდიტი.

3. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, ფინანსური ანგარიშგების წარდგენამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:

ა) ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საფონდო და სასაქონლო ბირჟებისათვის;

ბ) საქართველოს კანონით `ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ~ განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის და საინვესტიციო ინსტიტუტებისათვის. 

5. სავალდებულო აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 6. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება

1. კერძო სამართლის იურიდიული პირების და ასევე ინდ. მეწარმეების ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ატარებს აუდიტორი დამკვეთთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

2. ინდივიდუალური აუდიტორი აუდიტორულ მომსახურებას ეწევა საკუთარი სახელით. ინდივიდუალური აუდიტორის სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციის წევრ პროფესიონალ ბუღალტერს.

3. აუდიტური ფირმა წარმოადგენს საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონის შესაბამისად შექმნილ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც არის პროფესიული ორგანიზაციის წევრი და ასრულებს აუდიტორულ მომსახურებას (აუდიტს).

4. აუდიტური ფირმა აუდიტს ახორციელებს ფირმაში მომუშავე პროფესიონალი ბუღალტრებისა და დამხმარე სპეციალისტების მეშვეობით.

5. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს აუდიტის სფეროში მომუშავე სერტიფიცირებული ბუღალტერი. შესაძლებელია დასკვნას ხელი მოეწეროს აუდიტური ფირმის სახელით.

მუხლი 7. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა

1. აუდიტის ჩატარების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის დასაბუთებული გარანტია.

2. აუდიტორი პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების გამოყენებაზე.

3. აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სტანდარტებს ადგენენ და მისი დაცვის მონიტორინგს ახორციელებენ პროფესიული ორგანიზაციები.

4. აუდიტორი რომელიც ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სავალდებულოდ ექვემდებარება აუდიტის ხარისხის კონტროლს. 

მუხლი 8.  აუდიტორის პასუხისმგებლობა

1. თუ აუდიტორისათვის გახდა ცნობილი აუდიტის კანონდარღვევით ჩატარების ფაქტები, იგი ვალდებულია აცნობოს მათ შესახებ იმ პროფესიულ ორგანიზაციას სადაც იგი არის რეგისტრირებული.

2. თუ კანონით განსაზღვრულია სავალდებულო აუდიტი, პასუხისმგებლობა კლიენტისთვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოიწვია აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის მიერ მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაპროფესიონალურმა ქმედებებმა, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ, ეკისრება აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას.

3. სავალდებულო აუდიტის ჩატარების დროს ნებისმიერი შეთანხმება აუდიტორის პასუხისმგებლობის შეზღუდვის თაობაზე უკანონოა.

მუხლი 9. კომერციული საიდუმლოება

1. აუდიტორს ეკრძალება გაამხილოს კომერციული საიდუმლოება, რომელიც მან შეიტყო თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს.

2. აუდიტორს ეკრძალება გაამხილოს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას და არ შეიძლება იყოს გამოყენებული ან გამხელილი ეს ინფორმაცია კლიენტის წერილობითი ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. ინფორმაცია ყოველთვის უნდა იქნეს კვალიფიცირებული როგორც კომერციული საიდუმლოება, თუ მის გამხელას შეიძლება მოჰყვეს კლიენტის კონკურენტუნარიანობის შესუსტება.

4. ინფორმაცია, რომელიც შეტანილია კლიენტის წლიურ ანგარიშგებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ მიეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას.

თავი IV

პროფესიული ორგანიზაციები

მუხლი 10. პროფესიული ორგანიზაცია

1. პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა ნებისმიერი პირი, რომელიც:

ა) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი;

ბ) აღიარებს და პრაქტიკაში იყენებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების სტანდარტებს, წევრების სერტიფიცირებასა და განგრძობით სწავლებას ახორციელებს ამ სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. 

2. პროფესიულ ორგანიზაციას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების (სტანდარტების), ფუნქციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. 

მუხლი 11. პროფესიული ორგანიზაციების კომპეტენცია

1. პროფესიული ორგანიზაციების მოვალეობაა ხელი შეუწყოს ამ კანონის განხორციელებას.

2. პროფესიული ორგანიზაციების ფუნქციებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS და IFRS for SMEs) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) თარგმნა და გამოცემა და მათი წარდგენა "სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო~-ში რეგისტრაციაში გასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი სტანდარტების შექმნა, გამოცემა და  მათი წარდგენა "სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო"-ში რეგისტრაციაში გასატარებლად;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის სარეკომენდაციო (სანიმუშო) ანგარიშთა გეგმის შემუშავება და გამოცემა;

დ) ბუღალტერთა საკვალიფიკაციო სწავლებების (ტრენინგების) განხორციელება და პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება;

ე)  განგრძობითი სწავლების სტანდარტების შემუშავება და მისი ამოქმედება;

ვ) პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკის კოდექსის შემოღება და მისი დაცვის მონიტორინგი (ზედამხედველობა);

ზ) აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი (მონიტორინგი) არა უგვიანეს სამ წელიწადში ერთხელ;

თ) აუდიტორების (აუდიტური ფირმისა და ინდ. აუდიტორის) რეგისტრაცია მის მიერვე დადგენილი წესით.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 13. მოქმედი ნორმატიული აქტების ვადა 

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებენ ახალი სტანდარტების ძალაში შესვლამდე.

მუხლი 14. აუდიტორების სერტიფიკატების მოქმედების ვადა

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატები, რომლებიც ძალამოსილია ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის, მოქმედებს კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.

მუხლი 15. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი და მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. საქართველოს კანონი "აუდიტორული საქმიანობის შესახებ";

ბ. საქართველოს კანონი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ";

გ. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულება;

დ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დებულება;

ე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის #70 ბრძანებულება: "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

2.  ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ (ეროვნულ) სტანდარტებს განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაცია იმ დრომდე, სანამ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) თვითონ არ დაადგენს ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებულ სტანდარტებს (IFRS for SMEs).

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ნორმის ამოქმედების  თარიღს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი                                 ნინო ბურჯანაძე
 
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი   ბ ა რ ა თ ი

საქართველოს კანონის პროექტზე
"ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზანი: საქართველოში არსებული ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საქმიანობების თვითრეგულირებაზე გადაყვანა, შესაბამისად კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან, პრაქტიკასთან ჰარმონიზირება, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმება და მათ ნაცვლად "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ"საქართველოს კანონპროექტის მიღება.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოში არსებული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივ საფუძვლების შეცვლა. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საქმიანობების თვითრეგულირებაზე გადაყვანა, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების პირობების და წესების განსაზღვრა;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების პირობები და წესები, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მოთხოვნები, აუდიტორის პასუხისმგებლობები, პროფესიული ორგანიზაციების კომპეტენციები ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში - კანონპროექტით განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამართლებრივი საფუძვლები. 

კერძოდ, სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს შეიმუშავებს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების  ოფიციალურ თარგმნას განახორციელებენ პროფესიული ორგანიზაციები. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სავალდებულო იქნება კერძო სამართლის იმ იურიდიული პირებისათვის რომლებსაც კანონმდებლობით მოეთხოვება სავალდებულო აუდიტი. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელი იქნება სუბიექტის ხელმძღვანელი, მაგრამ ბუღალტერია შეუძლია აწარმოოს დაქირავებული ბუღალტრის, კომპეტენტური პირის ან საკუთარი ძალებით. განსაზღვრავს აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებებს.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების  გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტს მიღება ფისკალურად ნეიტრალურია, იგი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რადგან უქმდება საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია.  

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ იქონიებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

აღნიშნული პროფესიის წამყვანი სპეციალისტები,  მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

წერილობითი შეფასებები არ არსებობს.

დ.გ) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს მთავრობა.

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.