ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
საქართველოს მთავარი სპორტული არენა სახელმწიფომ უკან დაიბრუნა
#3(23), 2009

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს კვლავ ახალი მეპატრონე ჰყავს. "დინამოინვესტმა" მისთვის დღევანდელი სახის მისაცემად მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ სახელმწიფომ იგი იმაზე გაცილებით ადრე დაიბრუნა უკან, ვიდრე ინვესტორთან 2006 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. ოფიციალური ინფორმაციით, "დინამოინვესტის" მეპატრონემ, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე უცხოეთში გადახვეწილმა ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა ქვეყნის მთავარი სპორტული არენის 30-წლიან არენდაზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში საკუთარი ნებით თქვა უარი.

1976 წელს განახლებული არენა, თითქმის 30 წელი ელოდა მზრუნველ ხელს. საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო სტადიონმა, დროის გამოცდას ვერ გაუძლო და "დაბერდა". ნაცრისფერი საბჭოური ფონი, ხის სკამები და ბალახის საშინელი საფარი მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ გასულ სპორტსმენებს დისკომფორტს უქმნიდა. როცა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები ერთმანეთს ულტრათანამედროვე არენებით აწონებდნენ თავს, საქართველო დიდხანს იყო უძრაობის ჭაობში. ქვეყნის უპირველეს სტადიონზე, სპორტულ ღონისძიებათა ნაცვლად ვაჭრობა იყო გაჩაღებული, რაც მის ანტისანიტარიის ბუდედ ქცევას აჩქარებდა.

ყინული პირველად 1996 წელს გალხვა. იტალიურმა კომპანია "ფინეირო კონსალტინგმა", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობით, ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამი დაამონტაჟა. გაჩნდა არენის გარემონტების რეალური შანსი, თუმცა "უძრაობა" კიდევ 10 წელი გაგრძელდა.

საინტერესოა, რომ ეროვნული სტადიონი უმთავრესად სპორტსაზოგადოება "დინამოს" ბალანსზე ირიცხებოდა. 1993 წლიდან, მისი მართვის უფლება საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" მეპატრონეებს გადაეცათ. 2005 წელს სტადიონი ისევ სპორტსაზოგადოება "დინამოს" დაუბრუნდა.

უეფას (ევროპის ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია) ლიცენზირების კომიტეტმა, ჯერ კიდევ ახალი საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბა სამომავლო მოთხოვნები, რომლის მიხედვით 2008 წლისთვის მთლიანად ინდივიდუალური სკამებით გაუწყობელ სტადიონზე საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩის ჩატარება გამორიცხული იქნებოდა. სწორედ აქ გამოჩნდა ინვესტორი.

2006 წლის აპრილში თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, ქვეყნის უმთავრეს საფეხბურთო არენას პატრონი გამოუჩნდა. უფრო სწორად, რეალური პატრონი ისევ სახელმწიფო დარჩა, მაგრამ მის გასაკეთილშობილებლად თავი ინვესტორმა შეიწუხა. სტადიონის აქციათა 51 პროცენტი (სამართავი პაკეტი) "დინამოინვესტზე" გაფორმდა, რომელმაც ამ სპორტული ნაგებობის 30-წლიანი არენდის საფასურად, ვალდებულება აიღო უახლოესი 2 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაედო.

"დინამოინვესტის" პრეზიდენტი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი თავკაცი გოჩა ძასოხოვი გახლდათ, რომელმაც აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების გარდა, ქვეყანაში ერთ-ერთი სამაგალითო ბიზნესმენის სახელი გაითქვა. სპორტსაზოგადოება "დინამოს" ექს-ხელმძღვანელის საკუთრებაში აგარის შაქრის ქარხანა, ბათუმის საკონსერვო ქარხანა, ს/ს "აგროინვესტბანკი" და კიდევ რამდენიმე შედარებით "უმნიშვნელო" ობიექტი იყო. "დინამოინვესტში" აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ქვეყნის სპორტის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი მეძმარიაშვილს ეკავა, რომელიც ინვესტორის სურვილით ეროვნული სტადიონის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. თუმცა, მანამდე არენისთვის ის ფორმა უნდა მიეცათ, მასზე ოფიციალური საერთაშორისო მატჩის ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი.

10 მილიონი დოლარის ეროვნული სტადიონის აღმშენებლობაში დაბანდება ინვესტორმა სახელმწიფოსთან შეთანხმებისთანავე დაიწყო. უახლოეს 5 თვეში, საკმაოდ დიდი მოცულობების სამუშაოები განხორციელდა. ეს რომ არ მომხდარიყო, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში (2006 წლის 2 სექტემბერი) ქართველი "ჯვაროსნები" საფრანგეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებდნენ. "ბორის პაიჭაძე" მართლაც ევროპულ დონეზე გარემონტდა და საქართველოს თავმოსაწონებელი კიდევ ერთი სპორტული ობიექტი შეემატა.

დაიგო ბალახის ახალი საფარი, რომელიც ქართულ-თურქულმა კომპანია "გეოგრასმა" ითავა. დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, რომელთა საერთო ოდენობამ 55 ათასს მიაღწია. თავიდან გაკეთდა ფეხბურთელების გასახდელები, მსაჯთა, დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, სამთავრობო და პრესის ლოჟები, სიახლეა ბიზნეს-ლოჟისა და ვიპ-კაფეს აშენება. დამონტაჟდა დამატებით 50 პროჟექტორი და არენის განათების სიმძლავრემ 1600 ლუქსს მიაღწია.

"დინამოინვესტს" დიდი სურვილი ჰქონდა, მათ მიერ რეკონსტრუირებულ სტადიონს, ევროპაში 23-ე ხუთვარსკვლავიანი საფეხბურთო ობიექტის სტატუსიც მიეღო. საამისოდ უმთავრესი მოთხოვნაა, რომ სტადიონი მთლიანად გადაიხუროს, რათა მაყურებელი ატმოსფერული ნალექისაგან სრულად იქნეს დაცული. თუმცა...

შარშანდელი რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, "ბარიკადების" იქეთა მხარეს ყოფნით, წარმოშობით ოსმა გოჩა ძასოხოვმა საკუთარ ბიზნესებს პრაქტიკულად თავად გამოუტანა განაჩენი. ომამდე ორიოდე თვით ადრე, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ს/ს "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი დაინიშნა. ეროვნული სტადიონის ინფრასტრუქტურას ძველებურად რომ აღარ "ულხინდა", აშკარა იყო. თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა ჭირდა, ხოლო კომუნალური გადასახადების დიდი დავალიანების გამო, ძველებური რეგულარობით ვერ ხდებოდა მინდვრის საფარის მორწყვა და მოვლა-პატრონობა.

ალბათ ასეთი შეჭირვებული ყოფის ბრალიც იყო, რომ სტადიონის დირექციამ ახალი სეზონიდან (2009 წლის აგვისტო) საგრძნობლად გაზარდა საფეხბურთო არენის გაქირავების თანხა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თუ თბილისის "დინამოს" (რომლის საშინაო არენა XX ეროვნული ჩემპიონატის ჩათვლით სწორედ "ბორის პაიჭაძე" ითვლებოდა) ერთი საჩემპიონატო პაექრობის გამართვაში 2500 ლარს თხოვდნენ, ახალი სეზონიდან იჯარა 8000 ლარი დაუფასეს. სწორედ აღნიშნული ფაქტორი გახდა იმის მიზეზი, რომ "დინამომ" ეროვნულიდან გუდა-ნაბადი აიკრა და ვაკეში, "მიხეილ მესხზე" გადაბარგდა.

2009 წლის 12 ოქტომბერს, ეროვნული სტადიონის დირექციაში გამოცხადდა სანდრო შახოვი და ჯერ კიდევ მოქმედ გენდირექტორ ირაკლი მეძმარიაშვილს შემდეგი განუცხადა: სტადიონი ისევ თბილისის მერიის საკუთრებაშია და თქვენ დირექტორი აღარ ბრძანდებითო. გაცემული იქნა სიტყვიერი განკარგულება, რომ სტადიონის ტერიტორია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის დაეკეტათ.

ერთადერთი კომენტარი, რომლის მიღება იმ დღეებში ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა, თბილისის მერიის პრესცენტრის თანამშრომელმა თამუნა დვალმა გააკეთა:

"მიმდინარე წლის მაისში, ინვესტორის სურვილით შეწყდა მერიასა და "დინამოინვესტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება. ახალი დირექტორი ჯერ არაა დანიშნული და მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება".

როგორც "ბიზნესი და მენეჯმენტისთვის" გახდა ცნობილი, ინვესტორის ასეთი "მოულოდნელი" უარის თაობაზე, სტადიონის დირექციამ 12 ოქტომბერს გაიგო – იგი პრაქტიკულად ფაქტის წინაშე დააყენეს. არადა, მაისიდან ოქტომბრამდე 5 თვეა. როგორც ჩანს, ეროვნულ სტადიონის სახელმწიფოსთვის დაბრუნების (არადა, იჯარის 27 წელი "დინამოინვესტს" ჯერ კიდევ ეკუთვნოდა) გამოსაცხადებლად, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დახურვა იყო საჭირო. ეროვნული სტადიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი მეძმარიაშვილმა ჩვენთვის რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

17 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დანაპირები შეასრულა. ქალაქის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა, საზოგადოებას სწორედ ზემოთ ნახსენები სანდრო შახოვი წარუდგინა ეროვნული სტადიონის ახალ დირექტორად.

მამუკა ახვლედიანი: "გადავწყვიტეთ, ეროვნული სტადიონის მართვაში ჩავრეულიყავით. ჩვენი მთავარი მიზანი მისი დონის შენარჩუნებაა. თბილისის მერია სტადიონისთვის ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს გამოყოფს".

ოფიციალურ წარდგენაზე პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან მანამდე "უბრად მყოფმა" სანდრო შახოვმაც:

"არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ეროვნული სტადიონი ყოველთვის წესრიგში იყოს. ჩავატარებთ სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებებს. სასიხარულოა, რომ თბილისის მერია დახმარებას გაგვიწევს. დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემა და ეს თანხები მათ მოგვარებაში დაგვეხმარება".  

აშკარაა, ბოლო ერთი წლის მოუვლელობა ქვეყნის უპირველეს სპორტულ არენას საგრძნობლად დაეტყო. მისი, მინიმუმ არსებულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, მართლაც დიდი თანხებია საჭირო. თუმცა, არა გვგონია, მილიონობით ინვესტიციის დამბანდებელი მეწარმის ასეთი ფორმით "საქმიდან გაძევება" ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს აუმჯობესებდეს.

პრაქტიკულად იგივე სცენარის გატარებაა მოსალოდნელი, კიდევ ერთი საფეხბურთო არენის – მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონის მიმართ. თბილისში, კერძოდ ვაკეში მდებარე ამ ობიექტის მართვის უფლება 2007 წელს, ტენდერში გამარჯვებულმა "ლოკო 36"-მა მოიპოვა, მაგრამ ეს უფლება, რაკი ტენდერის პირობები სრულად ვერ შეასრულა, ერთ წელიწადში ჩამოერთვა. სტადიონს დღემდე ვერ გამოუჩნდა ახალი ინვესტორი, რის გამოც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

იმის ფონზე, რომ თბილისის მერიამ ეროვნული სტადიონის "ფორმის შესანარჩუნებლად", წლიურად მილიონი ლარი უკვე გაიმეტა, ძნელი სავარაუდოა, ამ ეტაპზე სახელმწიფომ "მიხეილ მესხისთვისაც" მოიცალოს. არადა, "დინამოინვესტის" მაგალითით შეშინებული ნებისმიერი ინვესტორი (თუ მასაც გოჩა ძასოხოვის მსგავსად არ "დაევალა" ობიექტის შენახვა), მყარი გარანტიების მიღების გარეშე თანხის დაბანდებისაგან თავს შეიკავებს.     

ფრიდონ კერვალიშვილი