ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
STARBUCKS – ყავახანების მსოფლიო დომინანტი - №1(69), 2022
რუსული ბაზარი ამერიკული ყავის გარეშე დარჩა

რუსეთის სამომხმარებლო სექტორი, ყავის სარეალიზაციო კომპანიამ Starbucks-მა, იქ 15-წლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა. ამერიკელები 2 ათასზე მეტ ადგილობრივ თანამშრომელს 6 თვის ჯამაგირით უზრუნველყოფენ, თან სამომავლო დასაქმებაში ხელშეწყობას ჰპირდებიან. ყავახანების ცნობილი ქსელის ხელმძღვანელობამ ქვეყნიდან აბარგების სურვილი უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, 4 მარტს გამოთქვა, ოფიციალური განცხადება კი 23 მაისს გააკეთა.

ჟურნალის რუბრიკაში „ბიზნეს-ისტორია“, აშშ-ში პოპულარობით McDonald`s-თან გატოლებული Starbucks-ის დაარსებისა და განვითარების ეტაპებს შემოგთავაზებთ.

პედაგოგთა და მწერლის პირმშო

Starbucks-ი ყავის სარეალიზაციო და ყავახანების ქსელის გამაერთიანებელი ამერიკული კორპორაციაა. მმართველი კომპანია გახლავთ შტარბუცკს ჩორპორატიონ. იგი მსოფლიოში უდიდეს ყავის კომპანიად ითვლება. მას 2022 წლის მარტისთვის პლანეტის 84 ქვეყანაში 34 ათასზე მეტი მაღაზია და რესტორანი ჰქონდა მფლობელობასა თუ ოპერატიულ მართვაში.

"სტარბაქსი" ყიდის ესპრესოს და მასზე დამზადებულ სასმელებს, სხვა ცხელ თუ ცივ სასმელებს, ყავის მარცვლებს, ჩაის, ცხელ და ცივ სენდვიჩებს, ნამცხვრებს, ყავის მადუღარებს, ლამბაქებსა და ჭიქებს. კომპანიის შტაბ-ბინა ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მდებარეობს.

ითვლება, რომ ამერიკელებისთვის ბიზნესმენ ჰოვარდ შულცის იდეების ნაყოფი სახლსა და სამსახურს შორის „მესამე ადგილს“ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე ათწლეულში "სტარბაქსი" ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ არის მიჩნეული. ამას გარდა, მან აქტიურად დაიწყო უცხოური ექსპანსია, რომელიც „გარდამავალი“ წარმატებით სარგებლობდა. ზოგან ქსელი პოპულარული გახდა, სადღაც კი ფეხის მოკიდება გაუჭირდა (მაგალითად, ავსტრიაში მხოლოდ რამდენიმე ყავახანა გაიხსნა და მას შემდეგ მმართველებს იქ ქსელის გაფართოებაზე არც უფიქრიათ).

"სტარბაქსის" ისტორიას კი საფუძველი 1971 წლიდან ჩაეყარა. სან ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან ნაცნობები ინგლისური ენის პედაგოგი ჯერი ბოლდუინი (Jerry Baldwin), ისტორიის მასწავლებელი ზევ სიგლი (Zev Siegl) და მწერალი გორდონ ბოუკერი (Gordon Bowker) ერთმა იდეამ შეაკავშირა. საწყისი კაპიტალისთვის თითოეულმა 1350 დოლარი გაიღო, კიდევ 5000 დოლარი ისესხეს და 1971 წლის 30 მარტს, სიეტლში ყავის მარცვლებით სავაჭრო მაღაზია გახსნეს. სამეულს აღნიშნული იდეის განხორციელებისკენ ალფრედ პიტისგან (Alfred Peet) ყავის მოხალვის ორიგინალური მეთოდის სწავლებამ უბიძგა.

ჰერმან მელვილის რომანში „მობი დიკი“ კაპიტან აქაბის თანაშემწეს სტარბეკი ერქვა. თავიდან ითვლებოდა, რომ კომპანიის სახელიც აქედან წამოვიდა. ლოგოტიპად ზღვის მითური არსება სირინოზის სტილიზებული ვარიანტი შეირჩა (მისი საბოლოო სახის ჩამოყალიბება ცოტათი ქვემოთ იხილეთ – ავტ.). მოგვიანებით, ბოუკერის მოგონებებიდან გამოჩნდა, რომ სახელწოდების არჩევა სულ სხვაგვარად მოხდა. ერთ-ერთ დამაარსებელს „კარგო ჰაუსი“ შეუთავაზებია, თუმცა, იქვე ყველა შეთანხმებულა, რომ ასოთა შეთანხმება ST უფრო შთამბეჭდავად ჟღერს. ბოუკერის მიერ ჩამოწერილი ST-ით დაწყებული სიტყვებიდან, დამაარსებლებს მეშახტეთა ძველ რუკაზე პატარა ქალაქი სტარბო შეუმჩნევიათ, რომლის გადასხვაფერებით იქნა მიღებული კომპანიის სახელწოდება Starbucks.

"სტარბაქსის" პირველი კაფე 1971-1976 წლებში, ქალაქ სიეტლში, ვესტერნ ავენიუზე, №2000-ში მდებარეობდა. შემდეგ იგი ასიოდე მეტრით მოშორებულ პაიკ-პლეის 1912-ში გადავიდა და ძველ ადგილს მეტად არ დაჰბრუნებია. ამ პერიოდში კომპანია მხოლოდ ყავის მარცვლების მთელად მოხალვით იყო სპეციალიზებული. ყავის მოდუღება მხოლოდ სარეკლამო მიზნით ხდებოდა. არსებობის პირველ წელს "სტარბაქსი" ყავის მწვანე მარცვლებს ფირმა Peet`s-ისგან ყიდულობდა, შემდეგ ფერმერებისგან პირდაპირ შესყიდვებზე გადავიდა.

ყავის ჯიშის სწორ არჩევასა და მარცვლების მოხალვის წესებს პარტნიორები კომპანია Peet`s Coffee-ს მფლობელის ალფრედ პიტისგან სწავლობდნენ. მუშაობის პირველ 9 თვეში კომპანიის ბრუნვამ 46 ათასი დოლარი შეადგინა. მოგება სრულად მიდიოდა კრედიტის დაფარვაში, ფართის იჯარასა და ნედლეულის შესყიდვაში. 1972 წლიდან, პიტის დახმარებით პარტნიორებმა მეორე მაღაზია გახსნეს. 1981 წლისთვის მათ უკვე 5 მაღაზია, ყავის მოსახალი პატარა ფაბრიკა და სავაჭრო განყოფილება ჰქონდათ, რომელიც ბარებს, კაფეებსა და რესტორნებს ყავის მარცვლებს აწვდიდა. 1984 წელს, ჯერი ბოლდუინის ხელმძღვანელობით მომუშავე "სტარბაქსმა" Peet`s Coffee იყიდა. 

გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ში ყავის გაყიდვებმა კლება იწყო, „განსაკუთრებულებმა“ კი პირიქით, ვაჭრობას მოუმატეს. თუ 1983-ში მათი გაყიდვების მაჩვენებელი აშშ-ში 3%-ს შეადგენდა, 1989-ში 10%-ს მიაღწია. 1986 წელს კომპანიას სიეტლში 6 მაღაზია ჰქონდა და ესპრესოს გაყიდვაც ახალი დაწყებული ჰქონდა.

შულცის ერა STARBUCKS-ში

1987 წელს, "სტარბაქსის" მეპატრონეებმა კომპანია მის ყოფილ თანამშრომელს, ყავახანების ქსელი Il Giornale-ს მფლობელ ჰოვარდ შულცს (Howard Schultz) მიჰყიდეს. მან Il Giornale-ს ბრენდი Starbucks-ად გადააკეთა და კომპანიას Starbucks Corporation დაარქვა. ამავე წელს კომპანიამ სიეტლს გარეთ თავისი პირველი წერტილები გახსნა: ვანკუვერში (კანადა) სადგურ უოტერფრონტთან და ჩიკაგოში. შულცის მმართველობის პირველ წლებში "სტარბაქსი" წლიურად 2 მილიონ ფუნტზე (907,185 კგ) მეტ ყავას ხალავდა.

1988 წელს კომპანიამ ვაჭრობა ფოსტის მეშვეობით დაიწყო და საკუთარი პროდუქციის პირველი კატალოგი დაბეჭდა. ამ სიახლემ მას აშშ-ის 33 მაღაზიაში მიწოდების ქსელი მოწყობის საშუალება მისცა. 1992 წელს, საფონდო ბაზარზე საჯაროდ პირველადი განთავსებისას "სტარბაქსს" უკვე 165 სავაჭრო წერტილი ჰქონდა. რაც შეეხება იმავე წლის ივნისში კომპანიის ჩატარებულ აქციების პირველ საჯარო გაყიდვას, იმ დროისთვის "სტარბაქსის" წლიური შემოსავალი 73,5 მილიონი დოლარი იყო. შედარებისთვის, 1987 წელს ეს მონაცემი 1,3 მილიონს შეადგენდა. კომპანიის სავაჭრო ბაზა 271 მილიონი დოლარი იყო, ხოლო გაყიდული აქციების 12 პროცენტმა 25 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა, რამაც მომავალ 2 წელს ორჯერ გაზარდა მაღაზიათა რიცხვი.

1992 წლის სექტემბრისთვის "სტარბაქსის" აქციათა ფასმა 70%-ით მოიმატა. შესაბამისად, შემოსავალიც გაიზარდა და მან წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100-ჯერ გადააჭარბა.

Starbucks-ის პირველი წერტის გახსნა ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ პირველად მოხდა 1996 წელს, ტოკიოში (იაპონია). 1998 წელს, 83 მილიონი დოლარის ხარჯის გაღების შემდეგ კომპანია ბრიტანულ ბაზარზე შევიდა. ამ თანხით მან დიდ ბრიტანეთში 56 მაღაზიის მფლობელი Seattle Coffee Company შეიძინა. 2002 წლის სექტემბერში "სტარბაქსმა" ლათინურ ამერიკაში, კერძოდ კი მეხიკოში გახსნა მისი პირველი მაღაზია. ამჟამად, მარტო მექსიკაში 250, ხოლო მის დედაქალაქში 100-მდე ყავის სარეალიზაციო ამერიკული მაღაზია მუშაობს.

კომპანიის განვითარების ტემპზე უკეთესი წარმოდგენისთვის აღვნიშნავთ – 1990-იანებში "სტარბაქსი" ყოველდღე ახალ მაღაზიას ხსნიდა. და ეს აღმავლობა 2000-იანების დაწყებამდე გაგრძელდა. 1999 წელს, ექსპერიმენტის სახით სან ფრანცისკოში გაიხსნა ე.წ. Circadia-ს რამდენიმე კაფე. ეს ობიექტები მალე გამოეყო Circadia-ს ჯაჭვს და Starbucks-ის კაფეებად გარდაიქმნა. ამავე წელს მოხდა ჰოვარდ შულცის მორიგი ახირების პრაქტიკაში განხორციელება. კომპანია ბრენდ Tazo-ს 8,1 მილიონ დოლარად შეძენით ჩაის ბიზნესში შევიდა.

1999 წელს "სტარბაქსმა" საკუთარი ბიზნესის ეკოლოგიურად სუფთად გარდასაქმნელად აამუშავა პროგრამა Crounds for your Garden (მიწა თქვენი ბაღისთვის). ნარჩენის სახით მიღებული ყავის ნალექი უსასყიდლოდ გადაეცემოდათ კომპოსტის მსურველებს. მართალია, ამ აქციაში ყველა რაიონი და მაღაზია არ ჩაერთო, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ საქმე დაიძრა.

2002 წლის ოქტომბერში, "სტარბაქსმა" მწვანე ყავის გაყიდვების მართვის მიზნით ლოზანაში (შვეიცარია) კიდევ ერთი კომპანია დააფუძნა. ყავასთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი ბიზნესი ძველებურად სიეტლიდან
იმართება.

2003 წლის აპრილში, "სტარბაქსმა" AFC Enterprises-ისგან 72 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანიები Seattle`s Best Coffee და Torrefazione Italia. მყიდველს გარიგებამ 150 ახალი წერტი შესძინა, თუმცა, გაზეთი Seattle Post-Intelligencer-ის ცნობით, ბიზნესის სარგებელი ბევრად
მეტი იყო. 2006 წლის სექტემბერში კონკურენტმა კომპანია Diedrich Coffee-მა გამოაცხადა, რომ საკუთარი მაღაზიების დიდ ნაწილს Starbucks-ს მიჰყიდდა. გასაყიდთა სიაში შედიოდა ორეგონის შტატში მდებარე Coffee People-ს მაღაზიები. Starbucks-მა Diedrich Coffee-სა და Coffee People-ს ობიექტები საკუთარ ბრენდს შეუერთა, მაგრამ გარიგებაში არ მოხვდნენ პორტლენდის აეროპორტში მდებარე Coffee People-ს მაღაზიები.

2003 წელს "სტარბაქსმა" შეიძინა ბოთლის წყლის მწარმოებელი კომპანია Ethos-ი და მისი პროდუქციის რეალიზაცია საკუთარ ჩრდილოამერიკულ მაღაზიებში დაიწყო. Ethos-ის ბოთლებზე ამოტვიფრული იყო წარწერა „ეხმარება ბავშვებს სუფთა წყლის მიღებაში“. რეალური დახმარება კი ასეთი იყო: აშშ-ში 1,8 დოლარად გაყიდული თითო ბოთლი წყლიდან 5 ცენტი (კანადაში 10 ცენტი) მიდიოდა ნაკლებგანვითარებული რაიონების სუფთა წყლით უზრუნველყოფისთვის.

2004 წელს, ამერიკულ კორპორაციასთან არავითარი კავშირის მქონე რუსეთში მოქმედმა შპს старбакс-მა სავაჭრო მარკა Starbucks-ი საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა. მოგვიანებით, საპატენტო დავების პალატამ ამერიკული ყავახანების ქსელის საჩივრის საფუძველზე შპს старбакс-ს მარკაზე ყოველგვარი უფლება ჩამოართვა.

2008 წელს "სტარბაქსმა" მე-15 ადგილი დაიკავა აშშ‑ის გარემოს დაცვის სააგენტოს 25 საუკეთესო პარტნიორს შორის სუფთა ენერგიის წარმოების მხრივ. კომპანია მოწინავეთა შორის განახლებადი ენერგიის წყაროს შეძენის გამო მოხვდა. ამავე წელს "სტარბაქსმა" გაუშვა სასმელი Skinny-ს (გამხდარი) მწარმოებელი ხაზი, რითაც მომხმარებელს ცხიმგაცლილ რძეზე დამზადებულ დაბალკალორიულ და უშაქრო სასმლის ვერსიას სთავაზობდა. დამატკბობლის როლში ნატურალური პროდუქტების ფართო არჩევანი გამოიყენებოდა – ყავისფერი შაქარი, აგავის სიროფი, თაფლი. ცნობილი ფაქტია, რომ კომპანიამ 2007 წლიდან შეწყვიტა სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონი) მიმღები ძროხის რძის გამოყენება. კომპანია კვლავ აგრძელებს ექსპანსიას და ხსნის ახალ მაღაზიებს არგენტინაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და პორტუგალიაში.

2009 წლის მარტში ამუშავდა პაკეტებში წარმოებული ხსნადი ყავის ახალი ხაზი სახელწოდებით VIA Ready Brew. პირველად პროდუქცია ტესტის სახით ნიუიორკელებმა გასინჯეს, შემდეგ სიეტლში, ჩიკაგოსა და ლონდონში შეიტანეს. პირველი ორი გემო Italian Roast და Colombia იმავე წლის ოქტომბერში აშშ-ისა და კანადის ქალაქებში გამოჩნდა. კომპანიის მაღაზიებში კლიენტებს სთავაზობდნენ ყავის ვერსიის გემოთი გარჩევას. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ხსნად ყავას ახალმოდუღებულისგან ვერ არჩევდა. კრიტიკოსებმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს და დაასკვნეს – "სტარბაქსმა" ხსნადი ყავის შემოღებით საკუთარი ბრენდი გააუფასურა.

2009 წლის ივნისში კომპანიამ მენიუს კაპიტალურად გადახედვა გამოაცხადა – სალათები და გამომცხვარი პროდუქცია სიმინდის სიროფის (ფრუქტოზის დიდი წილის შემცველი) და ხელოვნური ინგრედიენტების გარეშე გაიყიდება. ამით კომპანია ჯანმრთელობასთან ერთად საკუთარ ბიუჯეტზე მზრუნველი მომხმარებლის მოზიდვას ელოდა. ამ აქციიდან მოგების მიღება არ იყო ნავარაუდები. ევროპულ და სკანდინავიურ ქვეყნებზე ექსპანსია 2009 წელსაც გაგრძელდა. აპრილში წერტები გამოჩნდა პოლონეთში, აგვისტოში უტრეხტში (ჰოლანდია), ხოლო ოქტომბერში შვედეთში, კერძოდ კი სტოკჰოლმის აეროპორტ არლანდაში.

2010 წელს კომპანიამ აშშ-ის ზოგიერთ მაღაზიაში ლუდისა და ღვინის რეალიზაცია დაიწყო. გაგრძელდა ახალი ბაზრების ათვისებაც. ივნისში ბუდაპეშტში გაიხსნა პირველი მაღაზია. ნოემბერში "სტარბაქსმა" ცენტრალურ ამერიკაშიც შეაღწია, სადაც სალვადორის დედაქალაქ სან-სალვადორში „ჩაძირა ღუზა“.

2011 წლის თებერვალში კომპანიამ იმ ნორვეგიული პროდუქტების მაღაზიათა მხარდაჭერა გადაწყვიტა, სადაც მოხალულ ყავას ჰყიდდნენ და მათში საკუთარი ბრენდის პროდუქციის გაყიდვა დაიწყო. ამ ქვეყანაში Starbucks-ის ბრენდით პირველი მაღაზია კი 2012-ის 8 თებერვალს, ოსლოს აეროპორტ გარდერმუენში გაიხსნა. 2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ პეკინში ახალი წერტი გახსნა. შოუდუს აეროპორტის საერთაშორისო ფრენების №3 ტერმინალში ამოქმედებული მაღაზია ჩინეთში გახსნილი რიგით მე-500 ობიექტი იყო.

2012 წლის ბოლოს "სტარბაქსმა" 620 მილიონ დოლარად იყიდა ჩაის კომპანია Teavana. როგორც ირკვევა, იმავე წლის ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის ხელმძღვანელობას გეგმაში არ ჰქონია საკუთარი პროდუქციის Teavana-ს ქსელით რეალიზაცია. აი, როცა გარიგება დასრულდა, "სტარბაქსში" წინააღმდეგი არ არიან ყავა და თანმდევი პროდუქტები ჩაისთან ერთად გაყიდონ.

2013 წლის 25 ივნისიდან კომპანიის ყველა ამერიკულ მაღაზიაში მენიუში შეტანილ ყველა პროდუქტს გასწვრივ შესაბამისი კალორია აქვს მიწერილი. აგვისტოში, "სტარბაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა პირადად გამოაცხადა კოლუმბიაში კომპანიის მაღაზიათა გახსნის შესახებ. პირველი კაფე ბოგოტაში 2014 წელს ამუშავდა, მომავალ 5 წელიწადში კი, ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი ობიექტი გაიხსნა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ყურადღება გაამახვილეს, რომ კოლუმბიურ ბაზარზე ასეთი აგრესიული გაფართოება "სტარბაქსის" ლათინომერიკელ პარტნიორებთან (კომპანია Alsea და კოლუმბიური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კონგლომერატი Grupo Nutresa) ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

2014 წლიდან "სტარბაქსმა" „ხელნაკეთი“ გაზირებული სასმელი Fizzio-ს საკუთარი ხაზი აამოქმედა. ამავე წლის აგვისტოში ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში 4 მაღაზია გაიხსნა. 2015 წლის დასაწყისში კომპანიამ პირველი კაფე აამუშავა ლა მანშის სრუტეს ერთ-ერთ კუნძულზე.

"სტარბაქსმა" 2015-2016 წლებში, ერთმანეთის მიყოლებით 2 ყავახანა ბაქოშიც გახსნა. 2016-ის ზამთარში პირველი ამერიკული მაღაზია ალმათიში (ყოფილი ალმა-ათა) ამოქმედდა, ხოლო სექტემბერში ყაზახებს უკვე დედაქალაქშიც ჰქონდათ, რომელსაც 2019 წლამდე ასტანა ერქვა, მას შემდეგ კი ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად დედაქალაქს ნურ-სულთანი ჰქვია.

2018 წლის 6 სექტემბერს, "სტარბაქსის" ყავახანა მილანშიც საზეიმოდ გახსნეს. ეს იყო პირველი ბრენდული მაღაზია იტალიაში.

ლეგენდარული ლოგოტიპის ევოლუცია

Starbucks-ის ლოგოტიპის შექმნის ისტორია გრაფიკული დიზაინერების, მარკეტოლოგებისა და კომპანიების მფლობელთათვის გამორჩეული ბრენდინგის შესაქმნელ მაგალითად გამოდგება. საქვეყნოდ ცნობილი ყავახანების ქსელის ცნობადობის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტერი ჰეკლერს (Terry Heckler). იგი პირველი დიზაინერი იყო, ვინც XVI საუკუნის წიგნიდან ნახევრადშიშველი ორკუდიანი სირინოზის გამოსახულება გამოიყენა. ლოგოზე გამოსახული შრიფტი ჯოშუა დარდენს ეკუთვნის.

პირველი რებრედინგი „შავი ორშაბათის“ სახელით ცნობილი კრიზისის შემდეგ, 1987 წელს მოხდა. ძირითადი სიახლე იყო ლოგოს ფერის შეცვლა (ყავისფერი მწვანით) და სახელიდან გამომდინარე მასზე 2 ვარსკვლავის გამოჩენა.

1992 წელს ლოგომ მორიგი, თუმცა უმნიშვნელო ცვლილება განიცადა. აქცენტი სირინოზის სახეზე გადავიდა, რომელსაც ტანის ქვედა ნაწილი მოაჭრეს – ყველასთვის მიმზიდველი ხომ არ არის ცენტრალურ ლოგოტიპზე დატანილი ფართო მუცელი და გაშლილი კუდი.

2011 წელს, კომპანიის დაარსებიდან 40 წლის აღსანიშნავად, "სტარბაქსს" დღეისთვის ბოლო რებრენდინგი ჰქონდა. მრგვალი ლოგოტიპიდან გაქრა საფირმო დასახელებიანი მწვანე რგოლი, ხოლო სირინოზის შავ-თეთრი გამოსახულება თეთრ-მწვანე გახდა და მთელი წრე დაიკავა.

„ჩვენ სირინოზს საშუალება მივეცით თავი რგოლიდან დაეღწია. ვფიქრობ, ეს მეტ თავისუფლებას და მოქნილობას ჩვენც მოგვცემს, რათა ცოტათი მეტი დავინახოთ, ვიდრე ყავა“, – ასე ლაკონიურად ახსნა ლოგოს საიუბილეო ცვლილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ლოგოტიპის ბოლო ცვლილება ახალი ბაზრების დაპყრობაში დაეხმარებათ. როგორც სააგენტო France-Presse-ს ექსპერტები აცხადებენ, "სტარბაქსი" ცდილობს მისი ლოგო ყველაზე ცნობადთა კატეგორიაში გადაიტანოს, როცა მომხმარებელს აღარაფერში სჭირდება მასზე წარწერის წაკითხვა.

დასასრულ, კომპანიის შესახებ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რიცხვები ვნახოთ. "სტარბაქსის" სათავო ოფისი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლშია. კომპანია წარმოადგენს „საჯარო კომპანიას“, რომლის აქციებიც განთავსებულია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე და შესულია ამერიკის 100 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიაში, რომლის აქციებიც Nasdaq-ის საფონდო
ბირჟაზე ივაჭრება.

2021 წლის მდგომარეობით, კომპანიას ჰქონდა 33833 სავაჭრო წერტილი მსოფლიოს 84 ქვეყანაში.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას წლევანდელი აპრილიდან ჰოვარდ შულცი დაუბრუნდა, რომელიც წინა წლებშიც იკავებდა იგივე თანამდებობას.

2021 წლის მონაცემებით, "სტარბაქსის" შემოსავალმა $29.6 მლრდ-ს გადააჭარბა; წმინდა მოგებამ $4.2 მლრდ შეადგინა; მთლიანი აქტივების ღირებულება $31,39 მლრდ-ზე მეტია; გასულ წელს კომპანიის კაპიტალის ზრდამ $5.32 მლრდ შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, მსოფლიოს 84 ქვეყანაში ჯამში 383 000-ზე მეტი თანამშრომელია.

შმაგო სორელი