ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე - №1(69), 2022
როგორ შეიცვალა ეკონომიკური ურთიერთობა უკრაინასთან და რუსეთთან

საქართველოსთვის უკრაინა და რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ ამ ქვეყნებთან ურთიერთობები რადიკალურად შეცვალა. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გამო პრობლემები შეექმნათ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში რუსული კაპიტალით მუშაობენ. ქართული იმპორტიორების ნაწილს მომწოდებლების შეცვლა მოუხდა, რამაც ნედლეული გააძვირა. შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელმა საქართველოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

სანქციების გავლენა ბიზნესზე

უკრაინაზე თავდასხმის გამო, დასავლეთმა რუსეთი მკაცრი სანქციების ქვეშ მოაქცია. რუსული ფინანსური ინსტიტუტები გაითიშა SWIFT-ის სისტემიდან, გაიყინა რუსული ბანკების აქტივები, აიკრძალა რუსეთისთვის მაღალი ტექნოლოგიური საქონლის მიწოდება. უცხოურ ბანკებში გაიყინა რუსეთს $300 მილიარდამდე სავალუტო რეზერვი, დაიბლოკა რუსი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები, რუსეთის ბაზარი დატოვეს საერთაშორისო კომპანიებმა, აკრძალვები დაწესდა სტრატეგიული დანიშნულების საქონლის ექსპორტზე. ამგვარმა შეზღუდვებმა, რაც თანდათან ძლიერდება, რუსეთს ეკონომიკური პრობლემები უნდა შეუქმნას, სამხედრო ოპერაციების გაგრძელება რომ ვეღარ შეძლოს. სანქციებმა უკვე გამოიღო შედეგები. კერძოდ, ბევრი კომპანია დაიხურა, ზოგმა თანამშრომლები შეამცირა, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი.

სანქცირებულთა შორის არის რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, რომლის "ალფა ჯგუფი" 2013 წლიდან ფლობდა IDS Borjomi-ის 60%-იან წილს. ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში ბორჯომის გაყიდვების მკვეთრი ვარდნის გამო საქართველოში ორი ქარხანა გაჩერდა. ქარხნებში დასაქმებული ათასამდე თანამშრომელი ამ დრომდე უმუშევარია. კომპანიის მფლობელმა მაისში განაცხადა, რომ მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს, რაც წარმოებას ამუშავების საშუალებას მისცემს. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, კომპანიის ქართველ ბიზნესმენ სოსო ორჯონიკიძეს მიჰყიდონ. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით საზოგადოებას "სასიამოვნო სიახლეს" უმზადებს. კონკრეტულად რა სიახლეს გულისხმობდა პრემიერი, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, ხოლო ქარხნების ამუშავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უარი დასავლეთის სანქციებს

საქართველო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას არც მომავალში აპირებს. ასეთია საქართველოს მთავრობის ოფიციალურად პოზიცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ საბაჟოზე მკაცრად კონტროლდება სანქციების სიაში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის, როგორც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელი, შესაბამისად, საქართველოს გამოყენებით, სანქციების თავის არიდების მცდელობას აღკვეთენ. უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, „რეაგირება კანონის შესაბამისად მოხდება“.

მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, საქართველოს ზოგიერთ საერთაშორისო სანქციებთან მიერთება მაინც მოუწია. კერძოდ, სანქციების გამო, რუსული VTB ბანკი საქართველო, იძულებული გახდა საკუთარი საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი გაეყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით, VTB ბანკის საცალო კლიენტები და ფილიალების ქსელი თბილისსა და რეგიონებში, "ბაზის ბანკს" გადაეცა. ხოლო SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა "ლიბერთი ბანკს".

სანქციები დაუწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard ბარათებსაც. ამ ბარათების მფლობელები სერვისს ვერც საქართველოს საბანკო სისტემაში იღებენ. ისინი ვეღარც თანხის განაღდებას ახორციელებენ. სწრაფი ფულადი გზავნილები ჯერჯერობით შეზღუდული არ არის. თუმცა, შესაძლოა, სანქციები მომავალში ამ სისტემასაც შეეხოს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 7 ათასზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. რუსი ბიზნესმენები საქართველოში 4,5 მილიარდ ლარზე მეტ აქტივებს ფლობენ კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის; სამთო მომპოვებელ, მრეწველობის და სხვა სფეროებში. არაერთ კომპანიას ფლობენ რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეებიც. არაერთი რუსული კომპანია საქართველოში შუამავალი ფირმების მეშვეობით ფლობს ბიზნესს. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევამ აჩვენა, რომ იკვეთება კავშირები კრემლთან დაკავშირებულ „როსტელეკომთან“, „გაზპრომთან“. ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და სახელმწიფო ტენდერებს გამარტივებული წესით იგებენ.

რუსეთის ბევრმა მოქალაქემ სანქციების დაწესების შემდეგ კაპიტალის საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ბოლო პერიოდში საქართველოში პრივატიზებული სახელმწიფო ქონება უმეტესად რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს. თბილისში ნავთლუღის ქუჩაზე ნაკვეთი მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებიანად $2.5 მილიონად შპს „ინტერსითიმ“ იყიდა, რომლის მფლობელი კომპანია შპს „აგროსექტორი“ რუსეთის მოქალაქეებს, დავით ძასოხოვს და ნელი ელბაქიძეს ეკუთვნით.

მიმდინარე წლის 4 მარტს საბოლოოდ დასრულდა ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი და 16 მილიონ ლარად გაიყიდა წმინდა მიხეილის სახელობის კლინიკის შენობა (ე.წ. „მიხაილოვის საავადმყოფო“). ის შპს „ჰანსმა“ შეიძინა, რომლის მფლობელი რუსეთის მოქალაქე შალვა ბრეუსია.

ასევე მარტში, 24 რიცხვში გახდა ცნობილი, რომ ე.წ. „რიყის დოქები“ 10 მილიონად იყიდა დავით ხიდაშელმა, რომელიც რუსულ კაპიტალთან არის დაკავშირებული. ეს გარიგებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, მსხვილი რუსული ბიზნესი სანქციების გვერდის ავლით კაპიტალის გადამალვას ცდილობდეს.

შეცვლილი ვაჭრობა

ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა $92,9 მილიონს აღწევდა. ამ მაჩვენებლით უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი მე-2 პოზიციაზე იყო. ხოლო უკრაინა მე-6 ადგილს იკავებდა $47,5 მილიონით. იმპორტის მხრივ, რუსეთი მე-2 პოზიციაზე იყო $181,7 მილიონით, ხოლო უკრაინას მე-6 ადგილი ეკავა $68,9 მილიონით.

მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა. რუსეთიდან სულ $91,580 მილიონის საქონელი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით მეტი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან რუსეთში მარტის თვეში გავიდა $16,958 მილიონის საქონელი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები იყო. მაგრამ აპრილში ექსპორტი ისევ გაიზარდა და ომამდე პერიოდის მოცულობას დაუბრუნდა. რუსეთში ექსპორტზე უმეტესად გადის ფეროშენადნობები, ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, სიგარეტები და სპირტიანი სასმელები.

მაღალი რისკების მიუხედავად, საექსპორტო ხილისა და ბოსტნეულის 90% ისევ რუსულ ბაზარზე იყიდება. გაყიდული ღვინის 55.7% რუსეთში გადის. რუსეთის წილის ასეთი ზრდა წინა წლებში ამ ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მიერ ექსპორტის ფინანსურად წახალისების შედეგი იყო. ზოგიერთმა კომპანიამ, შექმნილი რისკების გათვალისწინებით, ახალი ბაზრების მოძიება დაიწყო, მაგრამ ბაზრების დივერსიფიცირება კვლავაც ვერ ხერხდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება. მარტიდან სრულად არის შეწყვეტილი ღვინის ექსპორტი უკრაინაში.

სულ მარტში უკრაინაში ექსპორტი 93%-ით, $1.8 მილიონამდე დაეცა, აქედან $1.3 მილიონი ჰუმანიტარული დახმარება იყო.

სანქციებისა და გართულებული ლოგისტიკის გამო ლუდის ექსპორტს პრობლემები გაუჩნდა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში. ლუდის ადგილობრივმა მწარმოებლებმაც ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყეს.

კომპანია „ეფეს საქართველო“, რომლის საექსპორტო პროდუქციის 25%-ზე მეტი უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში გადიოდა, ამბობს, რომ ამ სამი ქვეყნის ბაზარი თითქმის მთლიანად დაკარგულია.

საომარი მოქმედებების გამო იანვარ-მარტში, 25%-ით შემცირდა საქართველოდან გატანილი მწვანილის მოცულობაც. ქართული მწვანილის ძირითადი მომხმარებლები რუსეთი და უკრაინა არიან. 2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ $1.6 მლნ-ის ღირებულების 1 630 ტონა მწვანილი გავიდა.

უკრაინის სახით საქართველომ ავტომობილების რეალიზაციის დიდი ბაზარი დაკარგა. მსუბუქი ავტომობილები საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი იყო, თუმცა, მარტ-აპრილის განმავლობაში უკრაინაში მხოლოდ 2 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 85%-იანი კლებაა. დაზარალდა მეორადი ავტონაწილების და ავტოსერვისის ბაზარიც. უკრაინაში ომის დასრულების თარიღი არავინ იცის, შესაბამისად, ავტომობილების რეექსპორტის კვლავ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

ცვლილება იმპორტში

რუსეთიდან საქართველო ყველაზე დიდი მოცულობით ყიდულობს ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს, კოქსს და ნახევარკოქს ქვანახშირს, ელექტროენერგიას, ხორბალს ან ხორბალ-ჭვავის ფქვილს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა. მარტ-აპრილის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან $221 მილიონის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 36 მილიონით მეტია.

ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების იმპორტის მატებამ განაპირობა. თუკი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან $23 მილიონის საწვავი შემოვიდა, 2022 წლის მარტ-აპრილში 51 მილიონს მიაღწია. იმპორტის თანხობრივ მაჩვენებლებში ზრდას უმეტესად ამ პროდუქციის გაძვირება განაპირობებს. განსაკუთრებით არის გაზრდილი ელექტროენერგიის იმპორტი, რომელსაც მესამე ადგილი უკავია საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში.

მარტის შემდეგ უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ხოლო რუსეთთან, ფულადი ტრანზაქციების გართულების გამო, ზეთის იმპორტი თითქმის 74%-ით შემცირდა. გარდა ამისა, რუსეთი მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადის გაზრდას აპირებს, ამიტომ საქართველოში საცალო ბიზნესი მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს.

უკრაინიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი საიმპორტო საქონელი თამბაქოს ნაწარმი იყო (2021 წელს საქართველომ $102 მილიონის თამბაქოს ნაწარმი შეიძინა, საიდანაც $78 მილიონი უკრაინული იყო), თუმცა, ომის პერიოდში ის 67%-ით შემცირდა და მარტ-აპრილში მხოლოდ 3.6 მილიონი შეადგინა.

საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი უკრაინიდან ხდებოდა. იმპორტიორები იძულებულები გახდნენ უკრაინული პროდუქცია, სხვა მომწოდებლების უფრო ძვირი პროდუქციით ჩაენაცვლებინათ.

ასე მოხდა მარილის შემთხვევაშიც, რომელიც უმეტესად უკრაინიდან, კერძოდ, დონეცკიდან შემოდიოდა. საქართველოში მოქმედ პურის ქარხნებში აღნიშნავენ, რომ ომის გამო შექმნილმა სურსათის დეფიციტმა ნედლეული გააძვირა. მსოფლიო ხორბლის ბაზარზე რუსეთის წილი 20%-ს, ხოლო უკრაინის 10%-ს შეადგენს. რადგან უკრაინის ყველა პორტი დაკეტილია, ხოლო რუსეთში მხოლოდ ნოვოროსიისკის და აზოვის ზღვის რამდენიმე პორტი ფუნქციონირებს, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიწოდება შეზღუდული რჩება. რისკების მომატების გამო, გაიზარდა ფრახტის დაზღვევის ტარიფიც, რამაც ხორბალი კიდევ უფრო გააძვირა. საქართველოში ფქვილის თითქმის 90% რუსეთიდან შემოდის, სადაც საბაჟო ტარიფი გაზარდეს, რამაც იმპორტი გააძვირა.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ზომის საცხობებს ახალი მომწოდებლების მოძიება უჭირთ, ამიტომ გაძვირებულ პროდუქციას ისევ ძველი მომწოდებლებისგან ყიდულობენ. მისი თქმით, ომისა და დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ტერიტორიაზე ანგარიშსწორება დოლარში აღარ ხდება. ამიტომ ვაჭრობამ ბარტერული ხასიათი მიიღო.

„რუსეთში საქონლის ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 300 გადამზიდავი მოძრაობს. საქართველოდან საექსპორტო საქონელი მიაქვთ, რადგან ანგარიშსწორება დოლარში აღარ ხდება, ისინი პოულობენ ახალ მწარმოებლებს, რომ უკან გზაზეც პროდუქტი წამოიღონ. ისინი გვაწვდიან რუსულ ზეთს და სხვა საქონელს“, – აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

თიბისი კაპიტალი მოკლევადიან პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას ვარაუდობს, განსაკუთრებით რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საკვებზე.

რამ გაზარდა ფულადი გზავნილები?

მარტში 16%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან ($27 მილიონი გადმოირიცხა), ხოლო უკრაინიდან თითქმის განულდა. თუმცა, აპრილის თვეში რუსეთიდან რუსეთიდან გადმორიცხვები რეკორდულ ნიშნულზე $133 მილიონზე ავიდა, რაც თითქმის 300%-იანი წლიური ზრდაა. სავარაუდოდ, ფულადი გზავნილების ასეთი მატება უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში და რუსული ბიზნესების მასობრივ გადმოტანას. იფაცტ.გე-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში ბიზნესსაქმიანობა რუსეთის 3 600-ზე მეტმა მოქალაქემ დაარეგისტრირა.

შანსი რკინიგზისთვის

მიმდინარე მოვლენების ფონზე ინტერესი გაიზარდა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ. რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მოსალოდნელია, რომ ტვირთების ნაწილი სწორედ საქართველოს სატრანზიტო მაგისტრალისკენ გადმოინაცვლებს. სატრანზიტო დერეფანში ახალი ტვირთები უკვე გამოჩნდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მაისში საქართველოს დერეფანში ყაზახური ნავთობის გადაზიდვები დაიწყო.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩინეთიდან საკონტეინერო ტვირთის შანსი გაუჩნდა, რომელიც რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით მოძრაობს. ასევე, შესაძლებელია, საქართველოს დერეფანში ყაზახურმა და თურქმენულმა ნავთობპროდუქტებმაც გადმოინაცვლოს. თუმცა, გაზრდილი ტვირთნაკადის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამჟამად არსებული მოძველებული სარკინიგზო სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა. ბარიერებს ქმნის გადაზიდვის მაღალი ტარიფები და შუამავალი კომპანიების არსებობა.

ტურიზმი

გაზრდილია საქართველოში შემოსული ტურისტების რიცხვი. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით მოიმატა ნაკადმა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ზრდა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო და საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 45 100-ს აღემატება. ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა თებერვალთან შედარებით 281%-ით გაიზარდა და 20 ათასს მიაღწია. მარტში საქართველოში 17 ათასამდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა.

აპრილში კი საქართველოს 214,6 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 160%- ანი წლიური ზრდაა. აპრილში ტურიზმის შემოსავალმა $188.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

Galt & Taggart-ის ექსპერტებმა დათვალეს, რომ საქართველოში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 80-დან 120 ათასამდე პირი შემოვიდა, რომლებიც იმაზე ხანგრძლივი ვადით არიან შემოსული, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინება ყველაზე მეტად უძრავი ქონების ბაზარს დაეტყო: ქირის ფასი თბილისში წინა წელთან შედარებით 70%-ზე მეტად გაიზარდა.

შემცირებული ეკონომიკა

უკრაინაში ომით გამოწვეული ზარალი, ბუნებრივია, საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს კიდევ უფრო შეამცირებს. როგორც ცნობილია, ინვესტიციებს, ბოლო წლებში ისედაც კლებადი ტენდენცია აქვს. ამ პროცესის შედეგი კი ეკონომიკური ზრდის შენელება იქნება.

აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიშს მიხედვით, გასულ თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მარტში არსებულ 10.6%-იან და თებერვალში არსებულ 14.6%-იან ზრდაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, ადრე ნავარაუდევი 5,7%-ის ნაცვლად. პროგნოზის შემცირების მიზეზად ფონდმა დაასახელა რუსეთის ომი უკრაინაში. ფონდის შეფასებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ომის ყველაზე მძიმე გავლენას საქართველო და სომხეთი იგრძნობენ.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. კიდევ უფრო დაბალ ზრდას ვარაუდობს მსოფლიო ბანკი. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე 3%-ით ნაკლებია. ეკონომიკის 2,5%-ით ზრდას პროგნოზირებს სარეიტინგო სააგენტო S&P Global-იც.

ნონა ქვლივიძე