ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტები და დაზარალებული კლინიკები - №3(71), 2022
ჯანდაცვის ახალი რეფორმის პირველი ხარვეზები

პაციენტები, რომლებსაც კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რთული ოპერაციების გაკეთებაზე უარი უთხრეს; ონკოპაციენტები, ვისაც მკურნალობის დროს სისხლის გადასხმა სჭირდებათ, მაგრამ თანაგადახდისას მათთვის ძვირი ფასის დადგენის გამო საერთოდ უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე; პაციენტები, რომლებსაც სასურველი სახარჯი მასალის (მაგალითად, სტენტი) მიღება, ასევე ექიმის აყვანა შეეზღუდათ; დაავადებული ადამიანები, რომლებსაც კლინიკებმა არარსებული დიაგნოზი ჩაუწერეს; მეორე მხრივ – კლინიკები, რომლებსაც, მათივე მტკიცებით, სახელმწიფომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები დაბალ ტარიფად შეუფასა, რაც ხარისხიან მკურნალობას გამორიცხავს – ეს გახლავთ ის ძირითადი ხარვეზები და ნეგატიური შედეგები, რომლებიც DRG (Diagnosis-Related Group – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფი) სისტემის ამოქმედების პირველ ორ თვეში ანუ საპილოტე პერიოდში გამოიკვეთა. ჯანდაცვის სამინისტრომ „დიარჯი“ სისტემის ამოქმედებამდე განაცხადა, რომ ეს გახლავთ მოდელი, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე გასული წლის 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ერთსა და იმავე მომსახურებას ერთი ტარიფი აქვს. პაციენტები მხოლოდ იმ თანხას იხდიან, რასაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისი თანაგადახდის წილი, რომელიც ამ დროისთვის, მოქალაქეების შემოსავლების მიხედვით, 0-დან 30%-მდე მერყეობს. 

მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. მაგალითად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიც არის „ვიპ-პალატა“, „აყვანილი ექიმი“, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, მას შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება. 

სწორედ ეს პრინციპი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური, რაც ახალი სისტემის ამოქმედებას მოჰყვა. ცვლილებით უკმაყოფილოები დარჩნენ როგორც პაციენტები, ისე ექიმები და კლინიკები. 

პირველი, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, რომელიც რეფორმის პირველივე დღეებში გახდა ცნობილი, ცნობილ ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს უკავშირდება: ერთ-ერთ მოქალაქეს „რკინიგზის საავადმყოფოში“ „საყოველთაო ჯანდაცვის“ დაფინანსებით ტრავმატოლოგიური ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს. კლინიკამ პაციენტს განუცხადა, რომ თუ სურს, ოპერაცია სასურველმა ექიმმა გაუკეთოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა დატოვოს და ოპერაციის მთლიანი ღირებულება 6200 ლარი თვითონ გადაიხადოს. ექიმი, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილია. ტრავმატოლოგის თქმით, ამ ოპერაციის „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში გაკეთებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ამ სამედიცინო ჩარევის ხარისხიანად ჩატარების საშუალებას არ იძლევა. 

„მენისკის გაკერვისთვის ერთი საკერი ჯდება 500-დან 550 ლარამდე, ზოგიერთი 700 ლარიც ღირს. იოგი რომ გააკეთო, ორი ჭანჭიკი გჭირდება, ერთი ჭანჭიკი ღირს 500 ლარი. უკვე 1000 ლარი წავიდა. დარჩა 400 ლარი, რომლითაც სამი დღე უნდა იწვეს საავადმყოფოში პაციენტი. ექთანი, სანიტარი, ქირურგი, ანესთეზიოლოგი, პლუს კლინიკის მოგება. შეუძლებელია ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შესრულება“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

ამ ფაქტს საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური. მისი რეაქცია ასეთი იყო: „ძალიან სამწუხაროა, რომ რიგი ექიმებისა სხვადასხვა მიზეზის და ფინანსური დაინტერესების გამო საერთოდ უარს აცხადებენ ოპერაციის გაკეთებაზე. ამ ნაწილში სამწუხაროდ ჩვენ ვერ ჩავერევით და ექიმს ვერ დავავალდებულებთ, რომ ოპერაცია გააკეთოს დამატებითი დაფინანსების გარეშე. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს პროფესიული საბჭო, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ ექიმთან მიმართებაში, როდესაც ის არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, იმსჯელოს მორალურ ნაწილზე და ვფიქრობთ, რომ ასეთი შემთხვევები აუცილებლად იქნება განხილული“, – განაცხადა ღუდუშაურმა. 

მინისტრის მოადგილის მკაცრმა განცხადებებმა პრობლემა ვერ მოაგვარა და ხარვეზებზე სხვა კლინიკებიც ალაპარაკდნენ. მათ შორისაა „ენმედიცის“ მმართველი კობა ბურნაძე. 

„ქვეყანა თითქოს ცდილობს, დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, თუმცა, საქართველოს იმხელა რესურსი არ აქვს, რაც ევროპულ ქვეყნებს. გასაგებია, რომ ყველა პაციენტს სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დარგი არ ჩაიძიროს. ეს რისკი ყოველთვის არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო კლინიკების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა. თუმცა, ის დაფინანსებები, რომელთაც DRG (და საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს, არაპროპორციულია. DRG-ის მიხედვით, კონკრეტულ მომსახურებაში პაციენტს განსაზღვრულ თანხაზე მეტს ვერ გადაახდევინებ, თუმცა, უფრო მაღალ ფასად პაციენტს გაცილებით ხარისხიანად მოემსახურები. ამიტომაც ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ხარისხზე იმოქმედებს“, – განაცხადა „ენმედიცის“ ხელმძღვანელმა. 

მისი თქმით, ის DRG-მოდელს მიესალმება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კლინიკებს მისცემდა უფლებას, დაეშვა თანაგადახდა პაციენტის მხრიდან. ანუ სახელმწიფოს დადგენილი თანხა გადაეხადა და დამატებითი თანხა თავად პაციენტს აენაზღაურებინა, თუკი მას ამის სურვილი ექნებოდა. 

„მესმის, რომ სახელმწიფოს ხარჯების შემცირება სურს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის სანაცვლოდ. ეს სამედიცინო სფეროა, აქ ხარისხი უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნავს ბურნაძე. 

იმის შესახებ, რომ „დიარჯი“ სწორედ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების კუთხით შექმნიდა პრობლემებს, ექსპერტთა ნაწილი ჯერ კიდევ მის ამოქმედებამდე საუბრობდა. რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი მიუთითებდა, რომ DRG-ის ის მოდელი, რომელიც საქართველოში ინერგებოდა, სტიმულს არ მისცემდა მაღალტექნოლოგიურ მინიინვაზიურ ჩარევებს, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ასეთი ჩარევების მიმართულებით განვითარება შენელდეს ან მთლიანად გაქრეს. საბოლოო ჯამში კი პაციენტები დაზარალდებიან. 

მართალია, კლინიკებისა და ექიმების პრეტენზიებზე ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ტრადიციულად მკაცრი იყო, თუმცა, მოგვიანებით სამინისტროს მოუწია იმის ირიბი აღიარება, რომ პრობლემა მხოლოდ ცალკეულ ექიმებში კი არ არის, არამედ სისტემურია. ამას ადასტურებს ის განცხადება, რომელიც ილია ღუდუშაურმა მოგვიანებით გააკეთა: 

„კლინიკები გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ გეგმურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალოებულ ტარიფში საშუალოზე ოდნავ მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად. თუმცა, კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეულ კოდებზე უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებული არიან, ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შესაძლოა იზარალონ კიდევაც. წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და პირველი იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება, კლინიკებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. არის კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის კოდები, სადაც მომატება იქნება – იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ორი თვის შედეგად“, – განაცხადა ღუდუშაურმა. 

ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილება დაანონსდა – საუბარია მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისთვის საჭირო სახარჯი მასალის საფასურის ცალკე ანაზღაურებაზე, რაც ასევე კლინიკების მოთხოვნა იყო. 

„არის გარკვეული მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი სახარჯი მასალები აქვთ და ამ სახარჯი მასალის გამოტანას განვიხილავთ ცალკე იმისთვის, რომ ოპერაცია ცალკე დაფინანსდეს და სახარჯი მასალა ან სახელმწიფომ შეისყიდოს, ან ბაზრის კვლევით განვსაზღვროთ ფასი და კონკრეტულად სახარჯი მასალა ავუნაზღაუროთ ცალკე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პარალელურად დაანონსდა, რომ 2024 წლიდან კონტროლი ადგილობრივი წარმოების ან იმპორტირებული სახარჯი მასალისა და მოწყობილობების ხარისხზეც ამოქმედდება. 

"საყოველთაოდან" გასული კლინიკები და ახალი რეგულაცია 

„დიარჯის“ ამოქმედების პროცესში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კლინიკამ სერვისების ნაწილი „საყოველთაო ჯანდაცვის“ სისტემიდან გათიშა. საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ მორიგი რეგულაცია მოამზადა. 
 
მინისტრი ამბობს, რომ მართალია, რამდენიმე კლინიკამ ნაწილობრივ უარი თქვა „საყოველთაო ჯანდაცვაში“ მონაწილეობაზე, თუმცა სრულად ამ პროგრამიდან არცერთი არ გასულა. შესაბამისად, როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, აამოქმედოს პრინციპი, რომლის თანახმად, თუ კლინიკა ერთვება „საყოველთაო ჯანდაცვაში“, არ ჰქონდეს უფლება კლინიკაში მისულ პაციენტს ზოგი სერვისი გაუწიოს, ზოგზე კი უარი უთხრას. 

„კლინიკებს გაეგზავნათ მითითებები და იანვრიდან კლინიკა ვალდებულია, ან სრულყოფილად იყოს ყველა სერვისით საყოველთაო ჯანდაცვაში, ან საერთოდ არ ჩაერთოს. ესაა ერთადერთი გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ სამართლიანი სისტემა და მომსახურების ხარისხი გავზარდოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

პაციენტები, ვისთვისაც რეფორმამ საპირისპირო შედეგი გამოიღო მართალია, „დიარჯის“ ამოქმედების მთავარ მიზნად მოქალაქეებისთვის სამედიცინო დანახარჯის შემცირება დასახელდა, თუმცა რიგ შემთხვევებში პირიქით მოხდა. 

საუბარია იმ მოქალაქეებზე, ვისაც საშუალო ხელფასი აქვთ და „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში 30% იანი თანაგადახდა უწევთ. ეს კი, როგორც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი ამბობს, პირველი დონის ინტენსიური მოვლის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი თანხაა. 

„აღმოჩნდა, რომ თანაგადახდა მაღალია იმ ჯგუფისთვის, რომელსაც აქვს ხელფასი 40 ათას ლარამდე წელიწადში. ანუ 1000-ლარიანი ხელფასის ადამიანებისთვის შეიძლება ეს 30% იყოს 900 ლარი. ესენი არ არიან რეანიმაციული პაციენტები, მაგრამ მაგალითად აქვთ კრიტიკული ანემია; ან ონკოპაციენტები, რომლებსაც სისხლის გადასხმა სჭირდებათ. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთი გადასახადის გამო მათ უარი განაცხადეს მკურნალობაზე, რადგან ასეთი თანაგადახდა მათთვის მტკივნეულია“, – აღნიშნა მაია მახარაშვილმა. 

რა გამოსავალი არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. 

მკურნალობის ფასების ხელოვნური ზრდა და გაფრთხილება კლინიკებს 

არსებობს ინფორმაცია, რომ კლინიკების ნაწილს „დიარჯის“ ფარგლებში მეტი დაფინანსების მიღების მიზნით უკვე აქვს მომზადებული სქემა, რომლის თანახმადაც, ისინი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერში მის დიაგნოზს დაამძიმებენ. ამიტომ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულებები. ასეთი პოზიცია გამოხატა ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა „დიარჯის“ ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში. 

მისი თქმით, ამ კუთხით კლინიკების შემოწმება არცთუ მარტივი იქნება, რადგან პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა სპეციფიკური თემაა და იმის დამტკიცება, რომ ადამიანის დიაგნოზი დამძიმებულია, საკმაოდ რთული, თუმცა შესაძლებელია. 

ბაირახტარის ინფორმაცია მოგვიანებით დიდწილად დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც „დიარჯის“ პროცესში გამოკვეთილ კიდევ ერთ ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება. 

მისი თქმით, იკვეთება ფაქტები, როცა კლინიკები ცდილობენ სხვადასხვა ჩარევის ხელოვნურად დამატებას მკურნალობის ფასის გაზრდის მიზნით. 

„მინდა ყველა მსგავსმა კლინიკამ, მენეჯმენტმა თუ დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად გავივლით და ისინი მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, რაც ეკუთვნოდათ ამ სისტემის მიხედვით გაწეული მომსახურებიდან და არცერთ შემთხვევაში არ მოვახდენთ ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხების გადახდას. სამწუხაროდ ასეთი კლინიკა ბევრია და ამ ორი თვის შეჯამების შემდეგ მოგვიწევს სხვადასხვა პროცესის გადახედვა, რაც მეტი მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს. სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც პირადი ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე პაციენტების მომსახურებაზე და ზოგჯერ ოპერაციებზე თქვეს უარი. ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან არა მხოლოდ სახელმწიფო, კლინიკებიც და ექიმებიც ყველა უშუალოდ ჩართულები უნდა იყვნენ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გაწევაში. ფასები არაა დაბალი და გამომდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან, რომელიც დღესაც მუშაობს ყველა ქვეყანაში. რასაკვირველია, არ გვქონდა ილუზია, რომ ყველანაირ რისკს გა-დავაზღვევდით, მაგრამ მაქსიმალურად კარგად გვქონდა შეფასებული და მინიმალურ ხარვეზებს, რაც გამოიკვეთა, ოპერატიულად ვასწორებთ და გამოვასწორებთ. მაგრამ სექტორის მხრიდანაც გვინდა მხარდაჭერა, რომ პატიოსანი და ხალხზე ორიენტირებული მიდგომით ნაკლები პრობლემები შეგვიქმნან ამ კუთხით. ვგულისხმობ ზოგიერთ კლინიკას და არა ყველას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

"დიარჯიმ" შესაძლოა, "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც" შეცვალოს 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი პრობლემა, რაც „დიარჯის“ მიმდინარეობაში წარმოიქმნა, „საყოველთაო ჯანდაცვით“ მოსარგებლე პაციენტებისთვის დამატებითი სერვისების მიღების შეზღუდვაა. ამ საკითხმა კიდევ ერთი პრობლემა წამოსწია წინ, რომელზეც სადაზღვევო სექტორი და სპეციალისტების ნაწილი წლებია ყურადღებას ამახვილებენ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. 

საქმე ის გახლავთ, რომ „საყოველთაოს“ პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის წარმომადგენლებს აქვთ. ესენი არიან პენსიონერები, სოცდაუცველები, 18 წლამდე ბავშვები, პედაგოგები და შშმ პირები. 

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის „დაშენებული“ ანუ „საყოველთაოს“ პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემა. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაიუმჯობესონ „საყოველთაო ჯანდაცვის“ პირობები, მაგალითად დაფარონ მედიკამენტების ნაწილი. ამასთან, მისივე განმარტებით, ეს ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების ზრდას არ გამოიწვევს. 

როგორც ჩანს, სადაზღვევო ინდუსტრიაში ამ კუთხით, პირველად ბოლო წლებში, პოზიტიური ცვლილებების იმედი გაჩნდა. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – ნინო კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი, „დაშენების“ პაკეტთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებები განიხილოს. 

„სადაზღვევო სისტემას დაშენების უფლება მხოლოდ მილიონ ასი ათას ადამიანზე აქვს. აქ შედიან ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მაღალრისკიანი ჯგუფია. ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ისინი არ არიან წინააღმდეგები. ჩვენც ველოდებით და ისინიც ელოდებიან, რომ ვნახოთ, „დიარჯი“ 2 თვეში რა შედეგებზე გაგვიყვანს სამედიცინო სისტემას. შეთავაზების თვალსაზრისით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ამის უფლება. 

ახლა ასე ხდება: როცა მოქალაქე კერძო დაზღვევითაც სარგებლობს და „საყოველთაო ჯანდაცვითაც“, შეუძლია უცებ ამოერთოს „საყოველთაო ჯანდაცვიდან“, დაზღვევით ისარგებლოს და მერე ისევ ჩაჯდეს, რაც არასწორი ფორ¬მულაა, რადგან რისკებს ზრდის როგორც დაზღვევისთვის, ისე სახელმწიფოს ფინანსებისთვის. ორი თვის შემდეგ, როგორც კი „დიარჯის“ შედეგებს მოვიმკით და შევაფასებთ ამ სფეროში მოღვაწე ყველა მოთამაშე, შესაძლებელი გახდება ამაზე ხმამაღლა საუბარი“, – განაცხადა ნინო კობახიძემ. 

პოზიტიური სიგნალები მოდის სამინისტროსგანაც: მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის თქმით, ისინი ამ საკითხზე სადაზღვევო სექტორთან კომუნიკაციისთვის მზად არიან. 

„ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაზღვეული, მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროზე. საყოველთაო ჯანდაცვა არის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ძლიერი დაზღვევის სექტორი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას შესთავაზებს ისეთ პაკეტებს, რომ ისინი დაინტერესდებიან, მოეწონებათ, უკეთესი იქნება ეს პაკეტი, ვიდრე ჩვენ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვიდან ვთავაზობთ და შეძლებენ, რომ იყიდონ კერძო დაზღვევის პაკეტი. ამოცანა, რომ სადაზღვევო სექტორი გაძლიერდეს და მეტი ადამიანი იყოს ჩართული მათ დაზღვევაში, არის ჩვენთვისაც მისაღები და ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, კერძო სადაზღვევო სექტორს გაუზიაროს „დიარჯის“ ტექნოლოგიები, დათვლისა და სერვისების გა¬მოცდილება, რათა, სურვილის შემთხვევაში, ამ სისტემაზე სადაზღვევო ინდუსტრიაც გადავიდეს. 

„სადაზღვევო სფეროსთან ურთიერთობის ნაწილში მაქსიმალურად ღია ვართ. მზად ვართ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის და კომუნიკაციისთვის. ამ დღეებში ითხოვეს ასოციაციისგან შეხვედრა და რამდენჯერაც ითხოვენ, ამისთვის მზად ვართ. ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უნდა იყოს და იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებთან ურთიერთობაში ამჯერად უფრო ღიაა, ვიდრე წინა მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დროს იყო. მართალია, უწყება კვლავ აცხადებს კლინიკების კონტროლის აუცილებლობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში კლინიკების პრეტენზიებზე მისი პასუხის ტონი მკაცრია, თუმცა, ამის მიუხედავად, სამედიცინო და კერძო სადაზღვევო სექტორის პრეტენზიებსაც სწავლობს და ამ პრეტენზიების გაანალიზების საფუძველზე ცვლილებებსაც გეგმავს. ეს საკმაოდ პოზიტიური სიგნალია და აჩენს იმედს, რომ ჯანდაცვის სფეროში არსებულ „პოლარიზაციას“ კონსტრუქციული დიალოგი შეცვლის. ამის გარეშე ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტებზე აყვანა შეუძლებელი იქნება. 

მაია ჭანტურია