ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
ეჭვი – შესაძლოა, საქართველო რუსეთს სანქციების შემსუბუქებაში ეხმარება - №3(71), 2022
რატომ გაიზარდა საქართველოში ტვირთბრუნვა რუსეთის დასანქცირების შემდეგ 
 
დასავლეთის ქვეყნების სანქციების ამოქმედების და ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სრულად აკრძალვის შემდეგ, რუსეთმა მომარაგების ალტერნატიული გზების მოძიება დაიწყო. დასავლეთის პრესაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ასეთი ლოჯისტიკური არხი, რომლის გავლით სანქცირებული ტვირთები რუსეთის მიმართულებით გადაიზიდება, საქართველოზე გადის. დასავლური გამოცემები წერენ, რომ რუსეთმა საქონლის მომწოდებლის მარშრუტი სამხრეთით გაკვალა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით. შესაბამისად, მსგავსი შემოვლითი გზების მონახვის წყალობით, ეკონომიკური კოლაფსი, რასაც რუსეთს დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ უწინასწარმეტყველებდნენ, არ მოხდა. 

როგორ მუშაობს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 

2022 წლის 5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ერთდროულად ამოქმედდა ორი შეზღუდვა: რუსულ ნავთო¬ბზე ევროკავშირის ემბარგო და „დიდი შვიდეულის" მიერ შემოღებული ფასის ლიმიტი. ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ყველაზე მკაცრ სანქციად შეიძლება ჩაითვალოს. მანამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ეტაპობრივად სანქციების 9 რაუნდი აამოქმედეს. გაიყინა რუსი ჩინოვნიკების, ოლიგარქების და პოლიტიკოსების ანგარიშები უცხოურ ბანკებში. სანქციები დაუწესდა რუსულ კომპანიებს, აიკრძალა მათი აქციების გაყიდვა. შეზღუდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის – ჩიპების და კომპიუტერული ტექნიკის ექსპორტი რუსეთში. გასული წლის ოქტომბერში აიკრძალა ახალი ინვესტიციების განხორციელება რუსეთის მთელ ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების შეძენა, იმპორტი და გადატანა. სანქციები ასევე ვრცელდება საავიაციო სექტორის მსხვილ კომპანიებზე. გამონაკლისი არსებობს მხოლოდ ზოგიერთი სახეობის სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. 

რისი დეფიციტია რუსეთში 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე ზოგიერთი პროდუქტი დეფიციტური გახდა და ბევრმა დასავლურმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, მოსკოვი აცხადებს, რომ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა სულ რაღაც დაახლოებით 3%-ით შემცირდა. რუსეთის საბაჟოს ხელმძღვანელმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ 2022 წლის მაისის შემდეგ რუსეთში $20 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელი, ე.წ. პარალელური იმპორტით (როდესაც ქვეყანაში პროდუქცია სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიის თანხმობის გარეშე შედის) შევიდა. ამ ტვირთის უმეტესობა მანქანებისა და ქარხნების აღჭურვილობა იყო. ხოლო ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთმა თითქმის აღადგინა იმპორტის ომამდელი დონე და შემოსავალი ძირითადად საბაჟო გადასახადებით გაზარდა. 

დასავლეთის ქვეყნებში ამბობენ, რომ რუსეთს, უკრაინაში გაჩაღებული ომის პირობებში განსაკუთრებით სჭირდება ინდუსტრიული საქონელი, მათ შორის, ჩიპები სხვადასხვა სამხედრო ტექნიკისთვის, რომელსაც დასავლეთისგან ყიდულობდა. ახლა, დეფიციტის ნაწილობრივ შევსებას მოსკოვი ირანიდან ცდილობს. განსაკუთრებით აქტიურად ყიდულობს ირანულ დრონებს, რომელსაც უკრაინის ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად იყენებს. 

შემოდის თუ არა საქართველოში სანქცირებული ტვირთი 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ ლაიენმა იანვარში განაცხადა, რომ სანქციები მტკივნეულია რუსეთის ეკონომიკისთვის და ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდიან. ამიტომ სანქციები გაგრძელდება და ამჯერად ის შეეხება მათ, ვინც საქონლის რუსეთში შეტანას სანქციების გვერდის ავლით ცდილობს. 

„სანქციების მე-10 პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების ამოვსებაზე, ანუ დიდი გავლენა ექნება მათზე, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. უკვე განვაცხადეთ, რომ შეიქმნება სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ტექნოლოგიებსა და პროდუქტს ევროკავშირისგან იღებენ და რუსეთში შეაქვთ“, – განაცხადა ლაიენმა. მისი თქმით, სანქციებზე გვერდის ავლის მცდელობებს ხედავენ, რაც მიუღებელია, ამიტომ, უკვე დაანონსებულია იმ პირთა სიის შედგენა, რომლებიც საქონელს ევროკავშირში ყიდულობენ და რუსეთში გააქვთ. 

დასავლეთის პრესაში უკვე აქტიურად მიანიშნებენ, რომ საქართველო შესაძლოა იყოს არხი იმ პროდუქტების ტრანზიტისთვის, რომლებიც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება. 

2023 წლის იანვარში "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ „საქართველოს და მეზობელი ქვეყნების, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საქონლის შეტანით რუსეთმა მოახერხა გადაელახა ეკონომიკური შტორმი, რაც უკრაინაში მისმა შეჭრამ გამოიწვია“. 

"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიის ავტორს მოჰყავს საინვესტიციო ბანკის, TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში, თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი 3-ჯერ გაიზარდა და ამ ტვირთის დიდმა ნაწილმა საქართველოს გზებზე გაიარა. ვინაიდან რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები შენარჩუნებულია, ხოლო საქართველო ამ ორ ქვეყანას შორის უმოკლესი სახმელეთო გზას წარმოადგენს, სავსებით მოსალოდნელია, რომ სხვაგან აკრძალული ტვირთები საქართველოს გავლით მოძრაობდეს. ეჭვები ემყარება ტვირთების მოცულობის უეცარ ზრდას. დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ ლარსის გამშვები პუნქტის ორივე მხარეს უზარმაზარი სატვირთო კოლონებია თავმოყრილი. რუსეთის საბაჟო სამსახურის თანახმად, დეკემბერში, საქართველო-რუსეთის საზღვარი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 2-ჯერ მეტმა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ნაკადი გაცილებით დიდია, ვიდრე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს შეუძლია გაუმკლავდეს, ამიტომ რუსული საბაჟო სამსახური გამშვები ხაზების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს. 

ტვირთის დიდი ნაკადი 

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს დერეფანში, დაახლოებით 448,3 ათასზე მეტმა სატვირთომ გაიარა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 332 ათასი იყო, რაც 35%-იანი ზრდაა. 

ძნელი სათქმელია, საქართველოზე გამავალი ევროპული ტვირთის რა ნაწილი შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული. ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტული საქონელი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით არ მოძრაობს და ბევრ გადაზიდვაზე უარს ამბობენ, თუმცა, მმართველი პარტიის ოპონენტები პარლამენტში ამბობენ, რომ რუსეთისკენ ასეთი საქონელი და ფული ძირითადად შეუფერხებლად მიედინება. 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ირწმუნება, რომ სანქციების გამო, საბაჟო-გამშვებ პუნქტებს მკაცრად აკონტროლებენ. როგორც მინისტრი განმარტავს, თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების გავლის უფლება. 

„მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა. გარდა ამისა, 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ბიზნეს-ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა, შესაბამისად, ეს ოპერაციები აღარ განხორციელდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნეს-ოპერატორებთან, იმისთვის, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რა ითვლება სანქციის დარღვევად“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

ასევე, ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასავლეთის მხრიდან კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა სანქცირებული ტვირთების თავიდან აცილების საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. 

ფინანსთა მინისტრის საუბრიდან ირკვევა, რომ ამ პროცესში ჩართულია აშშ-ის საელჩო, ევროკომისიის DG TAXUD (Directorate-General Taxation and Customs Union – საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატი), ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდი და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციები. 

ნიუ იორკ თაიმსს სტატიაში ასევე, მოყვანილი ჰყავს რუსული საკონსულტაციო კომპანიის InfoLine-ის ხელმძღვანელის ივან ფედიაკოვის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მარშრუტი რუსეთს ევროპული ნაწილებისა და ნედლეულის, განსაკუთრებით ინდუსტრიული ტვირთის დეფიციტის გადაჭრაში ეხმარება. InfoLine კომპანიებს აძლევს რჩევებს, როგორ გადარჩნენ არსებული შეზღუდვების პირობებში. 

ფედიაკოვის თქმით, რუსეთი, მაგალითად, ძალიან ბევრ ჩაის აწარმოებს, მაგრამ ახორციელებს საფილტრი ქაღალდის იმპორტს, რაც ჩაის პაკეტებისთვის გამოიყენება. აპრილში ევროკავშირმა რუსეთში ამ ქაღალდის ექსპორტი აკრძალა, რამაც რუსული ქარხნები აიძულა ალტერნატივები ჩინეთსა და თურქეთში მოეძებნა. ფედიაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით პროდუქტის რუსეთში მიწოდება მოხერხდა, რაც ქარხნებს გადარჩენაში დაეხმარა. 

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე დავითიძე "ნიუ იორკ თაიმსს" ეუბნება, რომ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსული კომპანიები და კერძო პირები უკავშირდებოდნენ და სხვადასხვა საქონლის რუსეთისთვის მიწოდებაში დახმარებას სთხოვდნენ. დავითიძემ ამერიკულ გამოცემას უთხრა, რომ ახლა ასეთ თხოვნებს თითქმის არ იღებს, „რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ან კომპანიები იპოვეს, ან საკუთარი დააფუძნეს“. 

რატომ გაიზარდა ექსპორტი 

ყურადღებას იქცევს საქართველოდან ექსპორტის ზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთში. მათ 2022 წლის 11 თვეში ექსპორტის მოცულობით მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. აზერბაიჯანში ექსპორტი გაიზარდა 22%-ით და მიაღწია $595 მილიონს, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც რუსეთში იყო, ხოლო სომხეთში ექსპორტმა უფრო მკვეთრი ნახტომი განიცადა, გაიზარდა 120%-ით და გადააჭარბა $495 მილიონს. 

2020-2021 წლებში ექსპორტის ზრდას უმეტესად განაპირობებდა სხვა პროდუქტები, მათ შორის სურსათი და სასმელი, ქსოვილები და სხვა. ხოლო 2022 წელს სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტმა უეცარი ზრდა აჩვენა,  რამაც ხელი შეუწყო სომხეთში გაორმაგებულ ექსპორტს. ასევე, 2022 წელს ავტომობილების რეექსპორტის მზარდ ტენდენცია დაფიქსირდა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ეს ფაქტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის ეკონომისტებს აფიქრებინებს, რომ ამ ტვირთის საბოლოო დანიშნულება შეიძლება რუსეთი იყოს. მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოდან ექსპორტის ზრდას უფრო მეტად საქონელზე ფასების მატებას მიაწერს, ვიდრე ვაჭრობის მოცულობის ზრდას. სებ-ი ადასტურებს, რომ ფასებთან ერთად, ტვირთის მოცულობაც გაზრდილია, მაგრამ უფრო მცირე ხარისხით. 

ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ სომხური მედიაც წერს, რასაც ომთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირებს. მედია საშუალებები წერენ, რომ რუსებმა სომხეთი გამოიყენეს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა საზღვარგარეთიდან მანქანების შესაძენად. 

უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სანქცირებული ტვირთიც ხვდებოდეს, რაც ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. 

„რუსეთთან, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანასთან თანამშრომლობა, ნიშნავს, რომ ჩვენ არა მარტო არ ვუერთდებით ევროკავშირის სანქციებს, უფრო მეტიც, ვეწინააღმდეგებით მას. ამ გადაწყვეტილებით შეიძლება აღმოვჩნდეთ ევროკავშირის მეორადი სანქციების ქვეშ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი ევრაზიული ქვეყნების – რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის მიმართულებით $500 მილიონით გაიზარდა. ამ ტვირთის დაახლოებით მეათედი გენერირებულია საქართველოში. დანარჩენი 90% შეიძლება იყოს სრულიად ლეგიტიმური ტვირთი, ამიტომ საჭიროა, დასაბუთებული, გამჭვირვალე ინფორმაცია წარვუდგინოთ ჩვენ პარტნიორებს დასავლეთში, გაჩენილი ეჭვები რომ ამოიწუროს“, – აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

საქართველოს დერეფანში მოძრავი ტვირთების მოცულობის შესახებ 2022 წლის ოფიციალური მაჩვენებლები ეკონომიკის სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამიტომ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი ტვირთების ანალიზს მის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს: 

„ჩემი მონაცემებით, საქართველოს გზებზე ტვირთის ნაკადი 2022 წელს დაახლოებით 8-დან 15%-მდე გაიზარდა. მოლოდინი გვქონდა, რომ ზრდა 40-60% იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დერეფნის სიძვირის გამო, ტვირთის ნაწილი ისევ რუსეთის მიმართულებით წავიდა. ყაზახებმა რუსეთთან ურთიერთობა „დაალაგეს“ და ტვირთები, რუსეთის ტერიტორიის გავლით, ბალტიის ზღვის პორტებში გააქვს. ხოლო სანქცირებულ ტვირთთან დაკავშირებით სომეხი მძღოლებისგან მოსმენილი მაქვს, რომ საქართველოს საბაჟოზე საკმაოდ მკაცრად ამოწმებენ სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალ ტვირთებს და საეჭვო მანქანებს უკან აბრუნებენ“. 

რუსული ბიზნესი საქართველოში 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველო გახდა თავშესაფარი ათასობით რუსი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ომში გაწვევას არიდებენ თავს. რუსეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, ქართულ გარემოში ისინი თავს კარგად გრძნობენ. 

ტვირთების გადაზიდვებზე უფრო მეტად ბევრი ქართველის აღშფოთებას რუსი რეზიდენტების და ახლად დარეგისტრირებული რუსული ბიზნესების რიცხვის ზრდა იწვევს. თუმცა, ამავე დროს, საქართველოს ბევრ ბევრ მოქალაქეს და ბიზნესს შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა. ბევრი მათგანი კმაყოფილია რუსეთთან აქტიური ვაჭრობით, მიუხედავად ამისა, რომ პოლიტიკური რისკები არსებობს. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებამ შეიძლება დარტყმა მიაყენოს ქვეყანას, როგორც კი რუსეთი გადაწყვეტს (როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია) იგი გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს. 

საქართველოში 2022 წლის ნოემბრამდე 12 093 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 13-ჯერ აღემატება 2021 წლის რეგისტრირების მაჩვენებელს. საგულისხმოა, რომ მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად ჩამოვიდა. რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო სანქციებისთვის თავის არიდებისთვის იყოს გამოყენებული. 

მდიდარი რუსები საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას და მათ თანამემამულეებზე აქირავებენ. შედე¬გად, ფასები გაიზარდა, უძრავ ქონებასა და პროდუქტებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან შემოსული $4,4-მილიარდიდან თითქმის $2 მილიარდი რუსეთიდან შემოვიდა. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა აქტიურია და რუსეთის წილი საქართველოს ეკონომიკის მრავალ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2022 წელს რუსეთიდან ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

რუსეთიდან ვალუტის შემოსვლამ, ვაჭრობისა და უძრავი ქონების გაყიდვების გააქტიურებამ, ხელი შეუწყო 2022 წელს საქართველოში ეკონომიკის 10%-იან ზრდას. თუმცა, როგორც ეკონომიკური ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არის მოკლევადიან ეკონომიკური ზრდა და იმავდროულად, ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ზრდის რუსეთზე დამოკიდებულებას. 

ოფიციალური ციფრები აჩვენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან $329 მილიონით (350%-ით) მეტი ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. გაზრდილია სხვა რუსული პროდუქციისა და ფულადი გზავნილების ოდენობაც. 

რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ტრადიციულად ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში $109 მილიონის ღვინო გაიტანეს, რაც მთლიანი ექსპორტის 63%-ს შეადგენს. 

საქართველოს მთავრობის რუსეთთან თანამშრომლობას ადასტურებს თბილისის მერიის მიერ მეტროს ვაგონების რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან შესყიდვის გადაწყვეტილება. კონტრაქტის ღირებულება €49 მილიონია და ის EBRD-ისგან კრედიტით ფინანსდება. კომპანია Метровагонмаш-ი უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. თუმცა, ის არ ფიქსირდება აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში. Метровагонмаш- ის მფლობელია კომპანია Трансмашхолдинг-ი, რომლის დამფუძნებლები და მეწილეები არიან რუსი მილიარდერები – ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებსაც  შარშან ბრიტანეთის სანქციები დაუწესა. 

თბილისის მერიამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვა 30-35%-ით ძვირი დაჯდებოდა. მერია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ევრობანკთან შეათანხმა. 

საქართველოს მთავრობა რუსეთის ამჟამინდელ პრობლემებს შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი მდგომარეობა არის შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაყიდონ. 

მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას რუსულ მხარესთან მოილაპარაკა ამ თემაზე და რუსეთიდან თანხმობა მიიღეს. 

„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები“, – თქვა მინისტრმა. 

იანვარში მოსკოვმა თბილისს შესთავაზა პირდაპირი ფრენების და დიპლომატიური კავშირების აღდგენა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოს მთავრობა შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. ხოლო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება თუ იქნება, ქართულ მხარეს ავიარეისების აღდგენის მზაობა აქვს“. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლავროვის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, 19 იანვარს თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

ფრენების შესაძლო აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა სანქციების პირობებში საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. 

ირკვევა კრემლის კიდევ ერთი ახალი განზრახვის შესახებაც, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალმა მარშრუტმა, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ მარცხნივ გაივლის, კრასნოდარის მხარე საქართველოს მთავარ მაგისტრალთან უნდა დააკავშიროს. ამის შესახებ საუბარია ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარში, რომლის ჩანაწერი იანვრის თვეში გამოქვეყნდა. საუბარი 2022 წლის ზაფხულში შედგა, როცა ლარსთან სატვირთო მანქანების დიდმა ნაკადმა მოიყარა თავი. რუსი დიპლომატი ქართველ კოლეგას აცნობს კრემლის წინადადებას, საქართველო-რუსეთს შორის ახალი გზის მშენებლობის შესახებ, რამაც ტვირთების მოძრაობა უნდა გაამარტივოს. 

ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა, ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მისი თქმით, რუსული კომპანიები სანქცირებული არიან, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული თვითმფრინავების გამოჩენისას, ქართული მხარე ვალდებულია, ისინი დააპატიმროს და კანონიერ მფლობელს გადასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ქართული ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, ასევე, იქმნება ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაც. 

„რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებები არის სახიფათო. შეიძლება რუსეთმა ეს წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დაგვიდოს და მასზე პასუხის გაცემა გადაწყვეტილების მიღება და მოგვიწევს. უფრო კარგი იქნებოდა, მთავრობას მიენიშნებინა, რომ არ არის დრო, რომ ვიფიქროთ ამ საკითხზე“, – აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

უწყებაში განაცხადეს, რომ „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“. 
მოსკოვი კვლავაც აგრძელებს მცდელობას, თავიდან აიცილოს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები და საჭირო პროდუქცია ალტერნატიულ მარშრუტებით შეიტანოს. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ კრემლმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიეროს. 

ნონა ქვლივიძე