ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქართული ვაზის ჯიშები საზღვარგარეთ - #2(43), 2015
ძირითადად სად იხარა საქართველოდან წაღებულმა ვაზმა

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ღვინის ექსპერტები და ზოგადად ღვინის მოყვარულები ქართული ღვინის უნიკალურობაზე ხშირად მიანიშნებენ ხოლმე. ღვინის გასინჯვის შემდეგ ძირითადად იმას ამბობენ, რომ ქართული ღვინო მათთვის სრულიად ახალი აღმოჩენაა. ექსპერტების თქმით, ევროპელების თუ ამერიკელების დაყენებულ ღვინოსთან შედარებით ქართული ღვინო მნიშვნელოვნად განსხვავებული სასმელია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, საუკუნეების მანძილზე ევროპაში ძირითადად ერთი და იმავე დასახელებისა და ერთი და იმავე ჯიშებისგან დაწურულ ღვინოებს სვამდნენ. მრავლფეროვნებაც ამ კუთხით ნაკლები იყო. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალ ზელანდიაში, არგენტინაში, კალიფორნიაში და სხვა ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებში როგორც წესი, ევროპული ვაზის ჯიშებია გაშენებული. ასე რომ, უდავო აზრია, ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე ადგილის დასამკვირდებლად უპირველეს ყოვლისა გამორჩეულობა და განსხვავებულობა შეუწყობს ხელს და არა დიდი მოცულობები. 

ცნობილი ფაქტია – ღვინო ვენახიდან იწყება. სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში ქართული ვაზის ჯიშებზე მოთხოვნა უცხოეთში ძალიან გაიზარდა და ჩვენებური ვაზის ჯიშებით გაშენებულ ვენახებს არამხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც კი ნახავთ. 

საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშენებული ქართული ვაზის ვენახებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ვენახი კალიფორნიაში, ცნობილ ნაპაველზეა გაშენებული. ეს ვენახი დაახლოებით 50 ჰექტარზეა და მთელი ეს ფართობი კახურ რქაწითელს უჭირავს. ნაპაველზე მოწეული რქაწითელის ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ღვინის სიმპოზიუმზე ჩამოსული ამერიკელი ენოლოგები ქართული ვაზით მოიხიბლნენ, ძალიან დაინტერესდნენ და ფოთიდან გემით რქაწითელის ნერგების მოზრდილი პარტიაც წაიღეს. 

როგორც ამ ისტორიის მომსწრე, ცნობილი მეღვინე გივი ჩაგელიშვილი იხსენებს, ასევე დაგეგმილი იყო სხვა ქართული ვაზის ჯიშების წაღებაც, თუმცა ამერიკა-საბჭოთა კავშირის ისედაც რთული ურთიერთობები შემდეგ კიდევ უფრო გართულდა და ამერიკელებმა მხოლოდ რქაწითელის წაღება მოახერხეს. ამ ამბიდან თითქმის 50 წლის შემდეგ, კალიფორნიაში ჩასულმა ქართველმა სტუდენტმა, ლუკა გოგოლაშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა რქაწითელის ორი მოზრდილი ვენახი, რომლებიც სწორედ 60-იანი წლებიდან იღებენ სათავეს. 

ლუკა გოგოლაშვილი, ბიოლოგი: 

"2010 წელს კალიფორნიაში ორ სხვადასხვა ადგილზე ვნახე მოზრდილი ვენახები და როგორც იქაურებმა ამიხსნეს, ის იყო ქართული ჯიშის ვაზი. შემდეგ დავინტერესდი და მაჩვენეს 1976 წელს გამოშვებული ღვინის ბოთლი, სადაც მითითებული იყო იმ ვენახის მდებარეობა და ასევე ეწერა, რომ ვაზის ჯიში იყო ქართული რქაწითელი. მე მითხრეს, რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ, რქაწითელისგან ჩვეულებრივ მშრალ ღვინოებს აღარ ამზადებენ და შემაგრებული ღვინისა და პორტვეინის დასამზადებლად იყენებენ. ამის მიზეზი ისაა, რომრქაწითელს აქვს ბუნებრივად მაღალი ალკოჰოლი და იგი ასევე გამძლეა რთული გარემო პირობების მიმართ. სამწუხაროდ, შემაგრებულ ღვინოებზე ამერიკაში ყურძნის ჯიშებს არ აწერენ და მხოლოდ მათი საბრენდე დასახელებით შემოიფარგლებიან“. 

ქართული ვაზის ჯიშების საქართველოს გარეთ გაშენების დასაწყისს საკმაოდ სამწუხარო ისტორია აქვს. ეს ამბავი უკავშირდება შუა საუკუნეების მიწურულს საქართველოდან სპარსეთში გაყვანილ დატყვევებულ ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოდან ვაზის ყლორტები და ტოტები მიჰქონდათ და თუკი გზაში რომელიმე ქართველი გარდაიცვლებოდა (რაც ძალიან ხშირად ხდებოდა), თანამემამულეები მის სახელდახელოდ გათხრილ საფლავზე ჩუმად წაღებულ ვაზის ტოტებს რგავდნენ. მოგეხსენებათ, ვაზი იშვიათად გამძლე ბუნებით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ, როგორც ერთ-ერთი სპარსი ისტორიკოსი, აბდულ ალ სალიქი წერს, საქართველოდან სპარსეთამდე მიმავალ გზაზე ბევრგან გადააწყდებოდით უცნაურად გახარებულ ვაზის თითო-ოროლა ძირებს, რაც პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, თუ როგორ გამორჩეულად აფასებდნენ ძველ დროში ჩვენი თანამემამულეები ამ მცენარეს. 

თუ დაკვირვებიხართ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მაისურის უკანა მხარეს ვაზის ლერწია ამოქარგული და ეს ნიშანი სწორედ იმ მძიმე ისტორიას უკავშირდება, როდესაც ქართველებს ვაზის ტოტები დამალვით მიჰქონდათ ფერეიდნისა თუ ოსმალეთის საუკუნეობრივ ტყვეობაში. მორაგბეთა მაისურებზე ამ ნიშნის დატანის იდეა ჟურნალისტ ლევან კელაურაძეს ეკუთვნის, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა რამდენიმე წლის წინ მშვენივრად გამოიყენა. 

მეფის რუსეთის პერიოდში, საქართველოდან იმპერიამ დიდი რაოდენობით გაიტანა ქართული ვაზის ჯიშები ყირიმში, სადაც ცქრიალა ღვინის დასაყენებლად იყენებდნენ კრახუნას, ცოლიკოურსა და გორულ მწვანეს. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი სტალინის მიერ რუმინეთის ოკუპირებულ ნაწილში, რომელიც შემდგომში მოლდოვის სახით გახდა ცნობილი, დღემდე ფართოდაა გავრცელებული კახური რქაწითელი, საფერავი და მწვანე კახური. 

დიპლომატი და ეკონომისტი გოგა სიმონიშვილი წლების მანძილზე მოლდოვაში ცხოვრობდა და შემდეგ იქვე იქორწინა. იგი ამბობს, რომ ქართული ვაზის ჯიშები არამხოლოდ სტალინის პერიოდში, არამედ ახლაც ვრცელდება ამ ქვეყანაში.
 
გოგა სიმონიშვილი: 

`რქაწითელის ჯიში გავრცელდა და ძალიან კარგად ხარობს მოლდოვის სხვადასხვა რეგიონში, გამორჩეულად კარგად კი მილეშტი მიჩის ტერიტორიაზე. მე რაც დადასტურებულად ვიცი, ქართული ვაზი დაახლოებით 30 წლის წინ კახეთიდან საექსპერიმენტოდ წაიღეს და შემდეგ მოლდოვაში კარგად გავრცელდა. 

მინდა გითხრათ, რომ მოლდოვაში გახარებული რქაწითელის ღვინის გემო განსხვავდება ჩვენი რქაწითელისგან და უფრო მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია. ჩვენი კლასიკური კახური ღვინო მოლდოვაში ძალიან მოსწონთ, მაგრამ იძახიან ცოტა მძიმეაო. მოლდოვის ღვინო უფრო სადესერტო ხასიათის ღვინოა, იმიტომ რომ მზე ძალიან აცხუნებს და ბუნებრივად ტკბილი ღვინო დგება. მოლდოველები ამაყობენ იმით, რომ ბრიტანეთის დედოფალი 12 წლის განმავლობაში მოლდოვურ კაბერნეს ყიდულობდა“ (კაბერნე სოვინიონი ფრანგული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშია, რომელმაც მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში კარგად გაიხარა). 

მეღვინე და ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი იაგო ბიტარიშვილი მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ხშირად ესწრება ღვინოსთან დაკავშირებულ დიდ თუ მცირე საერთაშორისო ღონისძიებებს. იგი ამბობს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს ქართული ვაზი ნანახი და ასევე ამბობს, რომ ქართულ ვაზს აქვს თვისება სხვაგანაც კარგად გაიხაროს და მევენახეს სათანადო და ხარისხიანი მოსავალი მისცეს.
 
– ბატონო იაგო, რომელ ქვეყნებში გინახავთ ქართული ვაზის ჯიშები გაშენებული და ეგებ დაახასიათოთ სად როგორ გაიხარა? 

– ბევრ ქვეყანაში მინახავს ქართული ვაზი – ბრაზილიაში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში... ბევრგან ძალიან კარგად გახარებულიც მინახავს. მაგალითად, იტალიაში ქართული ვაზის ნერგებიც კი გამოჰყავთ და სხვადასხვა ადგილობრივ მევენახეზე ყიდიან. ამერიკაში რქაწითელი და საფერავი კარგა ხანია აქვს კომპანია `დოქტორ ფრენკს“ ნიუ იორკის შტატში. ფიგირლეიკი ქვია იმ ადგილს, სადაც ეს ვენახია გაშენებული.
 
– თუ დაგილევიათ უცხოეთში გაშენებული ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინო, როდის გასინჯეთ და რამდენად შესაბამება მათი ხარისხი ვაზის ჯიშს? 

– ამერიკაში გაშენებული ვენახის ყურძნის ორი ღვინო გავსინჯე ადგილზე და გამიკვირდა ისეთი კარგი და ხარისხიანი იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ გვარიანად ცივა და კლიმატით ჩვენს ქვეყანას წააგავს. ყველაზე მეტად მომეწონა მოლდოვაში მოყვანილი რქაწითელის ღვინო. გემოს მხრივ ფანტასტიკური იყო. 

– თქვენი აზრით, რამდენად აქვს პოტენციალი ქართულ ჯიშებს, რათა ისინი მომავალში მსოფლიოში უფრო ფართოდ გავრცელდეს? 

- ძალიან მიჭირს მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მსოფლიო ბაზარი საკმაოდ მკაცრადაა გაჯერებული და სწორება აქვთ ფრანგულ ჯიშებზე. ჩემი აზრით, ამის შეცვლა ძნელი იქნება. თუმცა, მართლა გაჯერებული და ერთფეროვანი ბაზარი თავის მხრივ სტიმული შეიძლება იყოს ახალი ჯიშების ბაზარზე შემოსასვლელად. მაგრამ არა დიდი დოზით“. 

ღვინის კომპანია `ხარებას“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი იხსენებს, რომ მას ქართული ვაზის ჯიშებისგან გაშენებული ვენახი უკრაინაში აქვს ნანახი, თუმცა, ასევე იცის, რომ ჩვენი ჯიშები გაშენებულია მოლდოვაში, ავსტრალიაში და ქვეყნებშიც... 

ვლადიმერ კუბლაშვილი, კომპანია `ხარებას“ მთავარი მეღვინე: 

`მე მხოლოდ უკრაინაში მაქვს ნანახი რამდენიმე ქართული ჯიშის ვაზის ვენახი და შემიძლია გითხრათ, რომ მათი ზრდისა და მოვლის ხარისხი მშვენიერი იყო. ვიცი, რომ ქართული ვაზის ჯიშები ასევე არის ავსტრალიაში, მოლდოვაში, კალიფორნიაში და ბრაზილიაში. ჩემი აზრით, ქართული ვაზის ჯიშებიდან საფერავს უნდა ქონდეს იმის პოტენციალი, რომ გახდეს ჩვენი `საერთაშორისო“ ვაზის ჯიში საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ მისგან უდავოდ ძალიან ღირებული ღვინო დგება თავისი ე.წ. ბუკეტით, გემოთი და სხეულით“. 

სასიხარულოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ქართული ვაზის პოპულარიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ შტაბ-ბინაში, ქართული ღვინოების მასშტაბური პრეზენტაცია მოეწყო. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, ამგვარი ღონისძიებების მიზანი იყო ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ საზოგადოებებში. შემოდგომით ღვინის ეროვნული სააგენტო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას ქართული ვაზის 10 ჯიშს მიაწოდებს, რომელიც ორგანიზაციის პარიზის ოფისის ვაზის მდიდარ კოლექციას შეემატება. სამომავლოდ კი იგეგმება ქვევრების გაგზავნაც, რომლებშიც ქართული კოლექციისაგან დაწურული ღვინით აღნიშნული ორგანიზაცია ქართული ტრადიციული წესით ქვევრის ღვინოებს დააყენებს. 

ორი წლის წინ, თბილისში, წერეთლის საგამოფენო ცენტრში გამართულ ღვინის გამოფენაზე ჩამოსულმა რამდენიმე ნატურალისტმა მეღვინემ იტალიიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საკუთარი ნატურალური ღვინოები წარუდგინა ღვინის ქართველ მოყვარულებს და თითქმის ყველა მათგანმა აქედან წაიღო ქართული ქვევრები და ვაზის ნერგები. ასე რომ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ღვინის გამოფენაზე ან `ახალი ღვინის ფესტივალზე~ უკვე უცხოეთის მიწაზე მოყვანილი ვაზისგან დაყენებული ე.წ. `ბიო“ და ნატურალური ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც გვქონდეს. ღვინის მოყვარულებისათვის ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იქნება. 

ლევან სეფისკვერაძე