ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
წყალწაღებული კომპანიები და წყალდიდობის გაკვეთილები ქართული ბიზნესისთვის - #2(43) 2015
რა ზარალი ნახეს ვერეს ხეობაში არსებულმა საწარმოებმა

თბილისის 13-14 ივნისის სტიქიამ ქართული ბიზნესის ერთ-ერთი სუსტი წერტილი – რისკების შეფასებისა და მართვის დაბალი დონე გამოამჟღავნა. აღმოჩნდა, რომ სტიქიის ზონაში მოხვედრილ კომპანიების ძალიან მცირე ნაწილი იყო დაზღვეული. 

სტიქიის მიერ წაღებული მილიონები 

ამ მიმართულებით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დაზღვევის ექსპერტის გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში მომუშავე ბიზნესკომპანიებიდან სავარაუდოდ მხოლოდ 5-10% სარგებლობდა დაზღვევით. 

დაახლოებით იგივეა მთელ ქვეყანაში მოქმედ ბიზნესებს შორის არსებული სტატისტიკური მაჩვენებელი. საერთაშორისო ინტერნეტ-გამოცემის Xprimm-ის 2014 წლის მაჩვენებლებით, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, დაზღვევების სერვისებს შორის პირველი ადგილი 43%-ზე მეტი წილით უკავია ჯანმრთელობის დაზღვევას, ქონების დაზღვევაზე კი, რომელშიც კერძო პირთა ქონების გარდა, ბიზნესიც ერთიანდება, მხოლოდ 21 პროცენტზე ოდნავ მეტი მოდის. აღნიშნული წილიდან დაახლოებით ნახევარი ბიზნესკომპანიების დაზღვევას მოიცავს. ამ მაჩვენებლიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ქონების დაზღვევით მოსარგებლეთა შორის ბიზნესი ძალიან მცირე ნაწილია. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრ შემთხვევაში დაზღვევა არის არა ბიზნესის საკუთარი გადაწყვეტილება და რისკების დაზღვევის კეთილი ნება, არამედ საბანკო კრედიტის აღებისას, ბანკების მიერ მოთხოვნილი პირობა. შესაბამისად, შეგვიძლია შეფასების სახით აღვნიშნოთ, რომ ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი რისკების დაზღვევაზე, უბრალოდ არ ფიქრობს. ამით, საფრთხის ქვეშ დგება როგორც ბიზნესის დამფუძნებელთა ქონება და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები, ისე დასაქმებულების შემოსავლები. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, თბილისის სტიქიის შედეგად, იურიდიულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს 662.104 ლარს. რაც შეეხება ქონების ზარალს, იურიდიულ პირებზე ზარალი 2.790.940 ლარია. სამ მილიონამდე ლარი ის თანხაა, რომლითაც სტიქიის შედეგად მხოლოდ ერთი საწარმო, „ვაკე“ დაზარალდა. აღნიშნულ ზონაში კი რამდენიმე ათეული საწარმო დაზიანდა ან განადგურდა. მათი ზარალის ზუსტი მოცულობა უცნობია. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ზარალის მოცულობა ათეულობით მილიონ ლარამდე ავა. 

დაზარალებული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომელთა მიმართ სახელმწიფო ფაქტობრივად ქველმოქმედებას ეწევა და ზარალს უნაზღაურებს, კომპანიები, ცხადია, ხელისუფლებას ვერ მოთხოვენ და ვერც თხოვენ დანაკარგის კომპენსირებას. ამიტომ, მხოლოდ საგადასახადო შეღავათების იმედი აქვთ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ითვალისწინებს სტიქიით დაზარალებული გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას. 

„ის გადამხდელი, ვინც ვერ მოახერხებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას დადგენილ ვადებში, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისგან“, – აღნიშნავენ უწყებაში. 

ბიზნესი ქართულად - როცა რისკებზე არ ფიქრობ
 
რატომ არ აზღვევს ქართული ბიზნესი საკუთარ ქონებას და შესაძლო რისკებს? პასუხი მეწარმეთა მენტალიტეტით აიხსნება – „რა უნდა მომივიდეს? რატომ გადავყარო ფული წყალში?“ 

ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალი, რომელიც ბიზნესის დაზღვევის აუცილებლობაზე მიანიშნებდა, სავაჭრო ცენტრ „საბას“ შემთხვევა იყო. გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ ხანძრამდე სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებს უამრავი სადაზღვევო კომპანიის აგენტმა მიაკითხა და ქონების დაზღვევა შესთავაზა. გადასახადი ძალიან მცირე იყო – თვეში, საშუალოდ, 40-50 ლარი. თუმცა მეწარმეებმა უარი თქვეს შეთავაზებაზე და სულ მცირე ხანში ასობით ათასი ლარის ზარალი განიცადეს. დღემდე მათი ძალისხმევა ხანძარში დამნაშავის ძიებისკენაა მიმართული, ისინი იძულებულნი არიან, საკუთარი ძალებით, ნულიდან დაიწყონ ბიზნესი. დაზღვევის შემთხვევაში კი მცირე ხანში შეძლებდნენ სტატუს-კვოს აღდგენას და ბიზნესის გაგრძელებას თითქმის უდანაკარგოდ. 

„საბას“ გაკვეთილიდან ქართულმა ბიზნესმა სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა. სულ მალე კი მან გაცილებით მწარე გაკვეთილი მიიღო თბილისის სტიქიის სახით. სტიქიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული კომპანია ხორცპროდუქტების წარმოება „ვაკეა“. დაუჯერებელია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მილიონობით ლარის ღირებულების საწარმო დაზღვევის გარეშე მუშაობდა. ზიანის სავარაუდო მოცულობად 3 მილიონი ლარი სახელდება. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი წინა წლების განმავლობაში „ვაკე“ დაზღვეული იყო „ჯიპიაი ჰოლდინგში“ და მხოლოდ 2015 წელს აღარ გააგრძელა კონტრაქტი ამ სადაზღვევო კომპანიასთან. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ წინა წლებში დაზღვევაზე თანხები „უშედეგოდ“ დახარჯეს – რადგან მისი გამოყენების აუცილებლობა არასოდეს დამდგარა, და სწორედ იმ წელს თქვეს უარი დაზღვევაზე, როდესაც თბილისის უახლოეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქია მოხდა, ამ სტიქიის ეპიცენტრში კი სწორედ „ვაკე“ აღმოჩნდა. ასე „დაისაჯა“ კომპანია რისკების იგნორირებისთვის. დღეს კომპანიის დირექტორი მთავრობისგან საგადასახადო შეღავათებს ელოდება. 

ეს შემთხვევა ბიზნესის მიერ რისკების დაზღვევისა და თანამშრომლებისადმი პასუხისმგებლობის გააზრების აუცილებლობის ქრესტომათიული მაგალითია. ექსპერტების შეფასებით, „ვაკეს“ რომ დაზღვევით ესარგებლა, მას თავის 2-მილიონად შეფსებულ ქონებაში წელიწადში 1400 დოლარის გადახდა მოუწევდა, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა, სტიქიის შემდეგ კი უმოკლეს ვადებში შეძლებდა წინანდებური სიმძლავრეებით ამოქმედებას. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, სადაზღვევო კომპანიებს ასევე აქვთ საქმიანობის შეფერხების დაზღვევა, რომელიც მოყვება ქონების დაზღვევას. ყოველთვიური ჯამური პრემია საკმაოდ მცირე თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შემდეგ საქმიანობის შეფერხების შემთხვევაში, უნაზღაურდება მიუღებელი შემოსავალი, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასები სრული მოცულობით. „ვაკეს“ მხოლოდ ავტომობილები ჰქონდა დაზღვეული და შესაბამისი კომპენსაცია, 200 ათას ლარამდე, უკვე მიიღო. 

დაზღვეული რომ ყოფილიყო, სტიქია კომპანია „ვაკისთვის“ მხოლოდ ცუდ მოგონებად დარჩებოდა და ბიზნესის განვითარებას ხელი არ შეეშლებოდა. დღეს „ვაკე“ საკუთარი ძალებით იბრძვის გამოსავლის ძიებისა და წარმოების განახლებისთვის. 13-14 ივნისის სტიქიამ მის ბიზნესს უკან დაახევინა და კომპანიას უკვე გავლილი გზის ხელახლა გავლა მოუწევს. 

„ვაკის“ ბედი გაიზიარა სიგარეტების იმპორტიორმა კომპანიამ „ელიზი ჯგუფმა“, რომელსაც სტიქიამ დაახლოებით 12 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. „ელიზი ჯგუფი“ სვანიძის №30-ში იყო განთავსებული. დატბორილია შენობის 1-2 სართული, ანუ ის ადგილი, სადაც კომპანიის საწყობებია. რაც შეეხება კომპანიის ადმინისტრაციულ ოფისს, ის შენობის მესამე სართულზეა და არ დაზიანებულა. სრულად განადგურებული და დატბორილია „ელიზი ჯგუფის“ 4 საწყობი, ნაწილობრივ დაზიანდა მეხუთეც. კომპანია არცერთ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული არ ყოფილა. 

ფინანსურ ზარალს ითვლის „ართ თაიმი“. კომპანიის კუთვნილი შვეიცარული საათების ორი მაღაზია, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობდა, სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა. სრულად განადგურდა ინვენტარი, პროდუქცია და მარაგი. მაღაზიის ქვეშ იყო საწყობი, რომელიც ბოლომდე დაიტბორა და შლამით დაიფარა. პროდუქცია და „ართ თაიმის“ მაღაზია დაზღვეული არ ყოფილა. „ართ თაიმს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ მხოლოდ შვეიცარული საათების „სვოჩის“ მაღაზია და პროდუქციის ნაწილი ჰქონდა დაზღვეული. 

ფინანსური ზარალი უკვე დათვალა კომპანია „კოლორადომ“, რომელსაც სტიქიამ მცირე ტოპოგრაფიული საწარმო 100%-ით გაუნადგურა. კომპანიის ოფისი ჩიქოვანის 30-ში მდებარეობს, 100%-ით განადგურდა ტოპოგრაფიისთვის საჭირო დანადგარები. ზარალი პირველადი გათვლებით 250 ათასი ლარია. კომპანიას სტამბისთვის საჭირო დანადგარი „თიბისი ლიზინგით“ ჰქონდა შეძენილი. მზღვეველი კომპანია „ალდაგი“ მათ ახალ დანადგარს უყიდის, მაგრამ „თიბისი ლიზინგის“ დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადონ. მეწარმე ამბობს, რომ მძიმე ფინანსური ზარალის ფონზე გადასახადების გადავადების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა. მისი თქმით, საბანკო ანგარიში დაებლოკათ, ამის გამო გადასახადი ვერ გადაიხადეს. შემდეგ შემოსავლების სამსახურს მიმართეს და ანგარიშზე ინკასო მოეხსნათ. დაზარალებული მეწარმის თქმით, მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები უნდა დააწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბიზნესები დაიხურება.
 
თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ იურიდიული პირების ზარალის დიდი ნაწილი უკვე აანაზღაურა. იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც ბიზნესი დაზღვეული ჰქონდათ, არიან „ვისოლი“, „ვენდი“, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური, რომელთა შემთხვევაში 10, 20, 30 და 40 ათასი ლარის ანაზღაურება მოხდა. 

დაუზღვეველი კომპანიები ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან. გასაგებია, რომ მათთვის დაზღვევის ხარჯების გაღება გაცილებით რთულია, ვიდრე ისეთი გიგანტი კომპანიებისთვის, როგორიც „ვისოლია“. თუმცა, ამავე დროს, მათთვის დაზღვევის მომსახურებაც, მათი ბიზნესის სიმცირიდან გამომდინარე, გაცილებით იაფი და მათი ბიზნესის პროპორციულია. 

სტიქიის ზონაში სამშენებლო კომპანია „რედკოს“ ერთ-ერთი პროექტი „სახლი მზიურთან“ მოხვდა. ზარალი სამშენებლო მასალის განადგურებით შემოიფარგლა. კომპანიას სტიქიის შედეგად დაახლოებით 100 ათასი ლარის ზარალი მიადგა. კომპანიას აქ ფართების ნაწილი ჯერ კიდევ გასაყიდი აქვს და ირწმუნება, რომ ყველა სათანადო ნებართვა გააჩნია, თუმცა სტიქიამ სამშენებლო სექტორსაც დაანახა რისკების უკეთ გათვლის აუცილებლობა. 
„უშუალოდ ამ ტერიტორიაზე, სადაც არის ჩვენი ობიექტი, დღეს მოქმედი კანონის სრული დაცვით მიდის მშენებლობა და კანონმდებლობა სხვა დამატებით მოთხოვნას არ ითვალისწინებს. თუმცა, ვითვალისწინებთ რა შექმნილ მდგომარეობას რომ მოხდა სტიქია, იყო პანიკა, იმისათვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, ჩვენ შესაბამის სპეციალისტებთან, ჰიდროლოგებთან ერთად დავგეგმავთ დამატებით ღონისძიებას, რომელიც მომავალში ასეთი სტიქიის დროს მთლიანად დაიცავს ობიექტს“, – აცხადებს „რედკოს“ იურისტი მალხაზ კუნელაური. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ნინო ღოღობერიძის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში დატბორვის განსაკუთრებით საშიში ზონები განისაზღვრება, სადაც მშენებლობები აიკრძალება. 

უდავოა, რომ 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ სამშენებლო კომპანიები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიის გეოლოგიურ მდგომარეობას, თავის მხრივ, მომხმარებელი ბინის შეძენისას უფრო მეტად დაინტერესდება ამ ფაქტორით. 

შეცვლის თუ არა სტიქია ქართულ "ბიზნეს-მენტალიტეტს"  

თბილისის სტიქიის შემდეგ ალბათ არაერთი კომპანია ჩათვლის, რომ დაზღვევა ფუფუნება არ არის. ყოველ შემთხვევაში, სადაზღვევო ინდუსტრიაში ამის იმედს გამოთქვამენ. ცხადია, ეს სადაზღვევო ბიზნესის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედაპირული გათვლებით, საქართველოში ბიზნესკომპანიების დაახლოებით 5-10 პროცენტია დაზღვეული. თუ განვითარებულ მსოფლიოს მაჩვენებლებს ავიღებთ, განსხვავება უზარმაზარია – იქ ბიზნესკომპანიათა 60-70 პროცენტს აქვს დაზღვევა. 

სადაზღვევო კომპანიებში სტიქიის შემდეგ ბიზნესის მხრიდან დაზღვევაზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუმცა უკვე არის ერთეული მაგალითები, როდესაც ბიზნესი „მწარე მაგალითებიდან“ სწავლობს. 

მაგალითად, კომპანია „გაგრა პლუსი“ საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მარაგების დაზღვევას აპირებს. მანამდე მას არცერთი სახეობის დაზღვევით არ უსარგებლია. იგივე განწყობა აქვთ სტიქიის ზონაში მდებარე სხვა კომპანიებსაც. თუმცა, რამდენად მიიღებს ეს განწყობა ტენდენციის სახეს თუ მხოლოდ იმპულსურ განცხადებებთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით უცნობია. 

უკვე გამოიკვეთა ინტერესის გაზრდა ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაზღვევისადმი, რაც ამ მიმართულებით დადებითი სიგნალია. ადამიანებმა დაინახეს, რომ სულ რაღაც ერთ საათში შესაძლოა მთელი ქონება დაკარგონ, მატერიალური დაცვის ერთადერთი გარანტი კი დაზღვევაა და არა სახელმწიფო, რომელიც ამ შემთხვევაში ქველმოქმედის როლს ასრულებს და მითუმეტეს უნდა მიიღოს გაკვეთილი ბიზნესმა, რომლის განვითარებისთვისაც რისკების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ რისკებს შორის სტიქიური და სხვა სახის უბედური შემთხვევებიც იგულისხმება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის, მათ შორის მიწისძვრების მაღალი რისკის ტერიტორიაზე გვიწევს ცხოვრება. 

თბილისის სტიქიისგან გაკვეთილები მიიღო სახელმწიფომაც, რომელიც აცნობიერებს, რომ დაზარალებული ადამიანების დაკმაყოფილება, მართალია, მას ქულებს მატებს მოსახლეობის თვალში, მაგრამ მეორე მხრივ იქმნება პრეცედენტი, რომელიც ასეთი შემთხვევების დროს კომპენსაციის გაცემას ვალდებულებად უქცევს. ამიტომ, ამ თემაზე მთავრობაშიც დაფიქრდნენ და სავალდებულო დაზღვევის განხილვა დაიწყეს. არ არის გამორიცხული, შემოღებულ იქნას სტიქიისა და ხანძრისგან სავალდებულო დაზღვევა, რომელიც ერთ სულზე მინიმალური თანხა ეღირება. სამაგიეროდ, ასეთი შემთხვევების დროს სახელმწიფოს აარიდებს ქველმოქმედის როლს და ზარალის კომპენსაციის ფუნქციას როგორც ფინანსური, ისე ორგანიზაციული და ადმინისტრირების თვალსაზრისით კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადააბარებს. 

თბილისის სტიქიის დროს, ქართულმა ბიზნესმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიჩინა და დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულებს. ამ კომპანიებს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც არც ქონება და არც თანამშრომელთა შემოსავლები დაზღვეული არ აქვს. ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს რეალობისთვის, სადაც „გადაბრუნებული ურმის“ პრინციპი ჯერ კიდევ ძლიერია, ალბათ ბიზნესიც დაინახავს სწორ გზას. 

დაზღვევის ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ თბილისის სტიქია როგორც ბიზნესში, ისე მოქალაქეებში რისკებისგან დაზღვევისა და მეტი პასუხისმგებლობის განცდის გამომწვევი ფაქტორი იქნება. 

მაია ჭანტურია