ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქცია ფასს კარგავს - #3(44), 2015
რამ გამოიწვია საქართველოში თხილის გაიაფება 

ექსპორტი რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის და შესაბამისად, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სეგმენტია, ამას ყველა მთავრობა აცხადებს. უბრალოდ, განსხვავებულია ხოლმე საექსპორტო პროდუქციაში პრიორიტეტების დასახვა და შემდეგ შესაბამისი პოლიტიკის გატარება. მაგალითად, სახელმწიფომ ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების პრომოუშენისთვის წინა ხელისუფლების დროს საკმაო ფული დახარჯა. მთავრობის წარმომადგენლები ქართული პროდუქციის ყოველ ახალ ბაზრზე შესვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხოლმე და საკუთარი პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევდნენ. ყურძნის ირგვლივ სახელმწიფოს დაინტერესება ახალმა ხელისუფლებამაც გააგრძელა და კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გააჩინა – რუსეთის ბაზრის გახსნა პირველ ეტაპზე ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელი გამოდგა. თუმცა, რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთში და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი გააუარესა. სხვა საქმეა ქართული თხილი, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით უფრო მეტი ვალუტა შემოაქვს, ვიდრე ღვინოს. თან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თხილის მეურნეობის განვითარება ბოლო ათწლეულის მანძილზე სახელმწიფოსგან ყოველგვარი ჩარევა-დახმარების გარეშე განვითარდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ მევენახეებისთვის გადახდილ სუბსიდიებს – სახელმწიფო 2006 წლიდან მოყოლებული მევენახეობის დარგის განვითარებას და კახელი და რაჭველი მევენახეების კეთილდღეობისთვის ხელშეწყობას ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს. 
მას შემდეგ, რაც საქართველოდან თხილის ექსპორტმა სერიოზული ელფერი შეიძინა, სულ უფრო მეტმა ადამიანმა გააშენა თხილი. ამ ხალხს გასულ წელს ფასმაც გაუმართლა – შარშან, სეზონის ბოლოს 1 კილოგრამი თხილი 12 ლარზე ძვირადაც კი იყიდებოდა. 

შარშანდელი მომგებიანი სეზონის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ელოდებოდა, რომ თხილს წელსაც ძვირად გაყიდდა, თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. თურქეთში, რომელიც ევროპის ბაზრის ძირითადი მომმარაგებელი და თხილის ფასის განმსაზღვრელია, წელს დიდი მოსავალი მოვიდა. ამან მსოფლიო ბაზარზე თხილის შესასყიდი ფასი მკვეთრად შეამცირა, რამაც მოსავალი საქართველოშიც გააიაფა. დაბალმა ფასმა გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც წელსაც მოსავლის ძვირად გაყიდვას ელოდებოდნენ. ნაწილმა გაიაფება ბაზარზე მონოპოლისტების არსებობას დაუკავშირა და ისინი ფასების ხელოვნურ შემცირებაში დაადანაშაულა. 
ამჟამად კილოგრამ გაურჩეველ თხილს გლეხები 5,80- 6 ლარად ყიდიან, რაც შარშანდელი რეკორდული ფასის ნახევარი გამოდის. როგორც თხილის გადამამუშავებელი ქარხნები ამბობენ, წელს არც მისი ხარისხია მაღალი. ცუდმა ამინდებმა თხილი გააფუჭა, რამაც გლეხიც დააზარალა და შემსყიდველიც. არასტაბილური ფასისა და დაბალი ხარისხის გამო ქარხნების ნაწილი, რომლებიც გაუტეხავ თხილს გლეხებისგან ყიდულობენ და შემდეგ გარჩეულს ყიდიან, გაჩერებულია.

არარენტაბელურობის გამო მუშაობა შეწყვიტა შპს „თხილის საექსპორტო კომპანიამ“, რომელიც ოზურგეთში მდებარეობს. 

„კილოგრამი თხილის შესასყიდი ფასი 5,80 ლარია, რაც ქარხნისთვის ძვირია. ეს ფასი გლეხისთვის შეიძლება დაბალია, მაგრამ თხილი უხარისხოა. მოსავლის დიდი ნაწილი გლეხებს გაუფუჭდათ, გული ხშირად დამპალია. ამის გამო გატეხილი თხილი მოგებას არ ტოვებს. წელს ძალიან ხარჯიანია, ზოგ შემთხვევაში გამოსავლიანობა 30%-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამის გამო ქარხნები გაჩერდა. გასულ წლებში თხილს კონტრაქტით ვყიდდით, ვტეხავდით და გული ექსპორტზე გადიოდა, იტალიასა და გერმანიაში. წელს ფასებზე თურქეთის ფაქტორმა იმოქმედა, რადგან მათი მხრიდან მიწოდება ჭარბია, კილოგრამი თხილის გული 7 დოლარი ღირს. ასეთი მდგომარეობის გამო წელს გავაჩერებთ ქარხანას და მომავალ სეზონს დაველოდებით“, – ამბობს შპს „თხილის საექსპორტო კომპანიის“ დირექტორი ლევან მარგალიტაძე. 

„ნაჭუჭიანი თხილის ფასი მაღალია, გულის ფასი კი დაბალი. იმდენად უხარისხო მოსავალია, ნარჩენიც არ გვრჩება. გული 16 ლარი ღირს, მაგრამ ნედლეული იმდენად ხარჯიანია, რომ 3,2 კილოგრამიდან საღი გული ერთი კილოგრამიც არ გამოდის. შიგთავსი ან დამპალია ან დაჭყლეტილი და ხარისხი თანდათან კიდევ უფრო ფუჭდება. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ხან გვრჩება მოგება, ხან – არა. ზუსტ შემოსავლებს წლის ბოლოს გავიგებთ. სავარაუდოდ მინუსში არ ვიქნებით, მაგრამ ცუდი სეზონი რომ არის, ცხადია. ოზურგეთში მინი ქარხანა მაქვს და მცირე დატვირთვით ვმუშაობთ. ხელშეკრულებით ვმუშაობ კომპანიასთან, ვტეხავ თხილს და გარჩეულს ვაძლევ. ამაში გვრჩება პროცენტი. მას თხილი ექსპორტზე გააქვს. წელს მასაც გაუჭირდა. ევროპიდან შეიძლებოდა შეკვეთა ამეღო, მაგრამ სარისკოა. ამ ბიზნესმა დიდი ფულიც იცის და დიდი წაგებაც. ამიტომ მირჩევნია ცოტას დავჯერდე. თხილში არ არსებობს მონოპოლია. სახელმწიფო ამ სფეროს ვერ აკონტროლებს. როცა მოთხოვნილება არის, ფასი შესაბამისად მაღალია“, – ამბობს შპს „უჩხუს“ მფლობელი გელა გიორგაძე. 

„რადგან თხილი უხარისხოა, ევროპელი კლიენტი კარგ ფასს არ იხდის. მათი მხრიდან ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა არ არის. ევროპელმა დამკვეთებმა გასულ წელს თხილი დიდი რაოდენობით შეიძინეს, წელს კი მათ თურქეთი უკეთეს პროდუქტს სთავაზობს. ჩვენ გლეხებისგან ვყიდულობთ, ევროსტანდარტის შესაბამისად ვაშრობთ, ვაკალიბრებთ, ვაფასოვებთ და ევროპელ დამკვეთს ვაწვდით. შარშან ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე დიდი რაოდენობით არ გასულა. ცოტა ევროპაშიც გავიტანეთ, სლოვაკეთში. მცირე რაოდენობით გავიდა ერაყშიც. მაგრამ წელს, იმის გამო, რომ ფასები მუდმივად იცვლება, გასატეხ თხილს დიდი რაოდენობით ვერ ვყიდულობთ. თხილი ისეთი პროდუქტია, მის ფასზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ყველაფერი თურქებზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის განმსაზღვრელებიც ისინი არიან“, – ამბობს შპს „გარანტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქავა.
 
„40 ტონა თხილი ვიყიდეთ მოსახლეობისგან და ახლა კონტრაქტებს ველოდებით“, – ამბობს შპს „ჯი-ენ კომპანის“ წარმომადგენელი ზაზა დოხნაძე, – „ჩვენ თხილს ვტეხავთ, ყუთებში ვაფასოვებთ და ევროსტანდარტის შესაბამისად გამზადებულს ვაგზავნით დამკვეთს. 

წინა სეზონთან შედარებით მაღალხარისხიანი მოსავალი ცოტაა, მაგრამ ქარხანა რომ გავაჩეროთ, უფრო ცუდი იქნება. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას. მოსავალი თითქმის აღებულია, მაგრამ ბაზარზე იმდენად არეული სიტუაციაა, ხვალ რა ეღირება თხილი, არ ვიცით. ერთ დღეში და ერთ საათში შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს ფასი“. 

ბაზარზე თხილის მაქსიმალური ფასი სეზონის დასაწყისში დაფიქსირდა. ივლისში კილოგრამის გასატეხი თხილი 7-8 ლარად იყიდებოდა. სეზონის დასაწყისში იყო მოლოდინი, რომ ფასი მოიმატებდა, ამიტომ წინასწარ დიდი რაოდენობით თხილი შეისყიდეს შემდგომში გადაყიდვის მიზნით, მოთხოვნის ზრდამ თხილის გაძვირება გამოიწვია. აგვისტოში მოსავლის აღება თურქეთშიც დაიწყეს, რამაც ფასი მკვეთრად დაბლა დაწია. ფასები ჯერჯერობით არც ახლა დასტაბილურებულა. 

„თხილის ფასი დაბალი არ არის, არამედ შარშან იყო რეკორდულად მაღალი. ამიტომ ხალხში იყო მოლოდინი, რომ კიდევ მოიმატებდა, მაგრამ შესასყიდი ღირებულება მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. ფასები ისევ მერყეობს. არ არის გამორიცხული აიწიოს კიდევაც“, – ამბობს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორი ირინა ჯავახაძე. 

ასოციაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე მოწერილია ამბობს, რომ არაპროგნოზირებადი სიტუაცია და ფასების არასტაბილურობა თხილის ბაზარზე დილეტანტების სიმრავლემ განაპირობა. თხილით ვაჭრობიდან მოგების მიღების იმედით ბევრმა ბანკიდან კრედიტი აიღო. ფასის ვარდნის გამო ახლა ეს ხალხი წაგებაშია. 

„გლეხებს არ უნდათ დაიჯერონ და შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე ჭარბი მოსავალია“, – ამბობს მოწერილია, – „წელს თურქეთში მოსავალი 2-ჯერ არის გაზრდილი. შარშან თურქეთში 430 ათასი ტონა თხილი მოვიდა, წელს კი 770 ათასი ტონაა. ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით და ვაფრთხილებდით მოსახლეობას. 1,5-ჯერ მეტი თხილი მოვიდა საქართველოშიც. მაგრამ ბევრმა დილეტანტმა, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას რა ხდება სხვა მწარმოებელ ქვეყნებში და ევროპის ბაზარზე, თხილი ადრეულად, ჯერ კიდევ მწვანე, შემოუსვლელი, გაძვირების იმედით იყიდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთო ამ პროცესში. როცა დაინახეს, რომ მეზობელმა იყიდა თხილი და დაიმარაგა, სხვებმაც შეისყიდეს. კილოგრამში 7 ლარი გადაიხადეს. 10, 20 და ზოგს 50 ტონა აქვს შესყიდული. ახლა ფასი 6 ლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, ამიტომ ზარალში არიან. წინასწარ მყიდველთა შორის ბანკის მმართველებიც კი არიან, რაც ძალიან გასაკვირია. ახლა ეს ხალხი ცუდ დღეში ჩავარდა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ქაოსი სფეროში. როცა ამდენი ხალხი შემოდის ბაზარზე, რომელიც იხდის ფასს, რომელიც პროდუქტის რეალურ ღირებულებას არ შეესაბამება, ყოველთვის ასეთი ქაოსი იქმნება. ეს ხალხი იმის იმედითაა, რომ ფასი მოიმატებს, ამიტომ ჯერ არ ყიდის, შესაბამისად, ბაზარზე თხილი საჭირო რაოდენობით არ არის. 

– მოსახლეობამ ფასების ვარდნა მონოპოლისტის არსებობას დაუკავშირა. გლეხები ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან კარტელურ გარიგებაზეც საუბრობენ, რომლებმაც შესასყიდი ფასი ხელოვნურად დაწიეს. 

– ამ სფეროში მონოპოლისტის არსებობა გამორიცხულია. როცა ამდენი ხალხი მონაწილეობს ბაზარზე ვაჭრობაში, იქ მონოპოლისტი ვერ იარსებებს. პირიქით, სიტუაციას ბევრი მონაწილის არსებობა აუარესებს, რომლებმაც ბაზრის პრინციპების შესახებ არაფერი იციან და ქაოსს ქმნიან. 

ჩვენთან, თხილის ბაზარზე მარტო 40 ექსპორტიორი კომპანია მუშაობს. ამდენი კომპანია თურქეთშიც არ არის. ამის გარდა, ქვეყნის შიგნით 200-ზე მეტი არაექსპორტიორი კომპანიაა. მათ გარდა უამრავი კერძო პირია, რომელსაც თხილი მიაქვს და ინახავს სახლში. ამ ე.წ. „დამყრელების“ სახით ცალკე რგოლი ჩამოყალიბდა, რომლებიც ინახავს მოსავალს და ელოდება, რომ ფასი მოიმატებს. წარმოუდგენელია ამდენი კომპანია ერთიან ფასზე შეთანხმდეს“, – ამბობს ალექსანდრე მოწერილია. 

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში მოყვანილი თხილი მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას მხოლოდ მაღალი ხარისხით შეძლებს. 

„ქართულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე თავი ხარისხით უნდა დაიმკვიდროს. ჩვენთან მოსავალი იმ რაოდენობით არ მოდის, რომ ბაზარი დავიპყროთ. ევროპული და ქართული თხილის შესასყიდ ფასებს შორის სხვაობა 70-80 ევროცენტია. ამის მიუხედავად, უცხოელს ურჩევნია თურქეთიდან გარანტირებული ხარისხის იყიდოს, 3-თვიანი კონსიგნაციით წაიღოს. უნდა დაიწყოს მუშაობა პროდუქციის ბრენდინგთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ჯერ პროექტის სახე აქვს. ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი პლანტაციების მოვლით დაწყებული, პროდუქტის შეფუთვით დამთავრე¬ბული“, – ამბობს მოწერილია. 

თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია. ის უმსხვილეს საექსპორტო ხუთეულში შედის. 2014 წელს საქართველოდან რეკორდული რაოდენობის თხილი გავიდა ექსპორტზე – 183,4 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც მთლიანი ექსპორტის 6,4% იყო. სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ თხილი მეოთხე პოზიციას იკავებს. წელს იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 92 მილიონი დოლარის ღირებულების თხილია გატანილი, რაც შარშანდელი ანალო¬გიური პერიოდის მაჩვენებელზე (69,3 მლნ. დოლარი) საგრძნობლად მეტია. სტატისტიკა მოწმობს, რომ გაზრდილია ქვეყანაში თხილის წარმოებაც. 2013-14 წლებში ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის მოცულობამ თითქმის 40 ათასი ტონა შეადგინა მაშინ, როდესაც წინა წლებში თხილის წარმოება, საშუალოდ, 25 ათასი ტონა იყო. მზრდია თხილის წარმოება მსოფლიო მასშტაბითაც. The International Nut and Dried Fruit Council (INC)-ის მონაცემებით, 2014/15 წლებში მსოფლიო თხილის წარმოება 2013 წელსთან შედარებით 5,4%-ით არის გაზრდილი. 

2012 წელს საქართველოს თხილის მწარმოებელ ქვეყანათა რეიტინგში მეხუთე ადგილი ეკავა (თურქეთის, იტალიის, აშშ-სა და აზერბაიჯანის შემდეგ). 2013 წლის მონაცემებით საქართველომ გადაასწრო აზერბაიჯანს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო თურქეთის შემდეგ რეიტინგით მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. 2013 წლის მონაცემებით, თხილის მსოფლიო ექსპორტის 66% თურქეთზე მოდიოდა, 11% საქართველოზე, 7% იტალიაზე, ხოლო 16% დანარჩენ ქვეყნებზე. 

თხილის სეზონი ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა. თან, დასაწყობებული პროდუქცია ზოგს შენახული აქვს და ფასის მატებას ელოდება. თუმცა, ცხადია, რომ შარშანდელი ფასი წელს არ განმეორდება. პროდუქციის ჭარბმა მოცულობამ ქართველი გლეხებიც დააზარალა და აქაური გადამამუშავებელი ქარხნების მეპატრონეებიც.
 
ნონა ქვლივიძე