ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქვემო ქართლში მევენახეობა იღვიძებს - #1(46), 2016
რა პერსპექტივები შეიძლება აღმოჩნდეს მეღვინეობისთვის დაწუნებულ რეგიონში

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონი მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო მხარედ ითვლებოდა და მაშინდელი გეგმარებითი სასოფლო-სამეურნეო სისტემის მიხედვით, ქვემო ქართლის კოლმეურნებები მთლიანად მებოსტნეობის დარგზე იყო მორგებული. ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული მხარე ისტორიულად ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის როგორც საღვინე, ასევე სასუფრე ყურძნით და თუკი ცნობილ ქართველ მკვლევარს, ვახუშტი ბატონიშვილს დავიმოწმებთ, ქვემო ქართლის ტერიტორია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის შუა ხანებამდე, ვენახებით იყო დაფარული. 

აქ უმთავრესი ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, ბუერა, თავკვერი და საფერავი. კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელია ვაზის კულტურის ზრდა-განვითარებისთვის. ნალექები საკმარისი არ არის, რის გამოც ვენახების მორწყვა გახარების შემდეგ აუცილებელია. ამ მხარეში ვაზი სათანადო აგროტექნიკურ პირობებში უხვმოსავლიანია, ვენახები უმთავრესად გაშენებულია მდინარე ხრამის აუზის – შუა და ბოლო ნაწილის და მისი შენაკადების მაშავერასა და ალგეთის ნაპირებზე. 

ცნობილი მეცნიერი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის გამგე, პროფესორი ნიკოლოზ გელაშვილი 1961 წელს გამოცემულ წიგნში „მეღვინეობა“ დეტალურად აღწერს საქართველოს რომელ რეგიონში როგორ იყო მეღვინეობა განვითარებული. სწორედ მის ნაშრომში ქვემო ქართლი ასეა დახასიათებული: 

„მეღვინეობის თვალსაზრისით ქვემო ქართლი ორ ძირითად რაიონად იყოფა: 

1. ბოლნისის რაიონი. ვენახები განლაგებულია მდინარე მაშავერასა და მისი შენაკადების ნაპირებზე შემდეგ სოფლებში: ბოლნისი, თამარისი, ხატის სოფელი, რატევანი, ბოლნის ხაჩინი, ბოლნის-ყაფანახჩი და სხვ. მოსავალი უხვი მოდის, მაგრამ გადაჭარბებული რწყვის გამო მიიღება მეტწილად მჩატე, სიმაგრით 8-9º-იანი, უსხეულო ღვინო. „სამტრესტის“ ბოლნისის ღვინის ქარხანაში ამზადებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ, სასიამოვნო, ხალისიან, ევროპული ტიპის სუფრის თეთრ ღვინოებთან ერთად ყურძნის წვენს და კონიაკის სპირტის ღვინომასალებს. სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით აქ ზოგიერთ პუნქტში შეიძლება მივიღოთ კახური და ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრის ღვინოები. 

2. შაუმიანის რაიონი – ვენახების ძირითადი ნარგაობა განლაგებულია: შაუმიანში, ყულარში, გიაურ არხში და სხვ. ვენახების მდებარეობა, კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელია ხარისხოვანი სუფრის ღვინოების მისაღებად, მაგრამ აქაც ვენახებს გადაჭარბებულად რწყავენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ღვინის ღირსებას. 

ამ რაიონში ძირითადად მიიღება მასობრივი მოხმარების და ზოგიერთ პუნქტში კი ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები. რაიონი პერსპექტიულია აგრეთვე საკონიაკე სპირტის ღვინომასალების და სუფრის ყურძნის წარმოებისთვის“. 

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიც წარსულს ჩაბარდა და აღარც მებოსტნეობის და მეხილეობის, ასევე აღარც მევენახეობის „ზემოდან“ დაგეგმვა არსებობს, ქვემო ქართლშიც გამოჩნდნენ ვენახების გაშენების მსურველები. სასიხარულო ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ქვემო ქართლით, უმეტესად კი ბოლნისის მუნიციპალიტეტით ქართველი და არამხოლოდ ქართველი მევენახე-მეღვინეები სერიოზულად დაინტერესდნენ და ქვემო ქართლში ახალშენ ვენახებს ახლა უკვე ბევრგან ნახავთ. მევენახეები ამბობენ, რომ ქვემო ქართლი მეღვინეობის თვალსაზრისით თუნდაც იმითაა გამორჩეული, რომ იქ თანაბრად კარგად ხარობს როგორც ტრადიციული ქართლური, ასევე კახური ვაზის ჯიშები და ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატის ეს უნიკალური `საჩუქარი~ უდავოდ გამოსაყენებელია. 

ზაზა დარსაველიძე მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ერთადერთი მეურნეა, ვინც ქვევრის ღვინოს აყენებს და ბიო-მევენახეობას მისდევს. მეღვინეობის დარგში ცოდნის დონის ასამაღლებლად მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანაში“ მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის დეგუსტაციის კურსები გაიარა. მისი ღვინოები უკვე იყიდება ქართულ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში. ზაზა დარსაველიძემ მეგობარი ნატურალისტი მეღვინეების დახმარებით ასევე შეძლო თავისი ღვინის ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში გატანა, რაც თავის მხრივ უკვე მეტყველებს ქვემო ქართლში მეღვინეობის დიდ პერსპექტივებზე.
 
ზაზა დარსაველიძე, მევენახე-მეღვინე, მცირე მარან `დასაბამის~ მფლობელი: 
`თამარისი ჩემი მშობლიური სოფელია და ყოველთვის მჯეროდა, რომ ვენახი იქ ძალიან კარგად ხარობდა. რაკი ამის დაჯერება შევძელი, ისიც მოვახერხე, რომ მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით ჯერ მცირე მარანი მოვაწყე, შემდეგ კი ჩემი ქვევრის ღვინო ნატურალური წესით დავაყენე და ბოთლშიც ჩამოვასხი. ახლა უკვე ჩემი ღვინო ევროპაშიც გავიდა და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ჩემი ღვინოების საშუალო ფასი 20-დან 40 ლარამდეა. 
განსაკუთრებული ინტერესი და პოპულარობა ჩემს მიერ ქვევრში დაყენებულმა ქართლის უძველესმა ჯიშმა, თავკვერმა მოიპოვა. ქვემო ქართლის მიწაზე ეს ჯიში შესანიშნავად ხარობს და ადგილობრივი თბილი და მშრალი კლიმატი როგორც იტყვიან თავკვერისათვის ზედგამოჭრილია. ასევე მაქვს სხვა ჯიშებიც – მათ შორის კახური რქაწითელიც, რომელიც კახეთზე არანაკლებად ქვემო ქართლში ხარობს და ღვინოც მშვენიერი დგება. ასე რომ, ქვემო ქართლი მევენახეობისათვის ნამდვილად მშვენიერი რეგიონია და იმედია ამ მხარეში მეღვინეობის დიდი ტრადიციები დაბრუნდება~.
 
ზაზა დარსაველიძის ღვინოს ექსპორტიორები ყიდულობენ და ისე გააქვთ ევროპაში. როგორც ჩანს, ექსპორტიორებისთვის დარსაველიძის ღვინის გაყიდვა პერსპექტიული საქმეა და ამიტომაც, ქვემო ქართლელი მეღვინე მომავალს იმედიანად უყურებს. 

როგორც უკვე ვთქვით, ქვემო ქართლში ბევრი ახალშენი ვენახი გაჩნდა და ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ მხარის მეღვინეობის შესაძლებლობით, თუმცა, ჯერჯერობით ქართული ღვინის დიდი კომპანიები მცირე მარნებს შედარებით ჩამორჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დიდ კომპანიას უკვე ნაყიდი აქვს ქვემო ქართლში სავენახე მიწა – ვენახის გაშენებას არ ჩქარობენ. ჩვენთან პრივატულ საუბრებში დიდი კომპანიების მეღვინეები ქვემო ქართლში მუშაობის შეფერხების მიზეზად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ და სლავური ქვეყნების ბაზრებზე ქართული ღვინის გაყიდვების შემცირება მათ გეგმებს სერიოზულად აფერხებს. 

სამწუხაროა, რომ ქართული ღვინის ბიზნესის ყველაზე დიდი სეგმენტი – ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები მთლიანობაში მაინც ვერა და ვერ გამოვიდნენ ე.წ. საბჭოური კომპლექსიდან და ღვინის გასაღების მთავარ ბაზრად კვლავ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიიჩნევენ. ამ ქვეყნების საწინააღმდეგო ცხადია არაფერი გვაქვს, თუმცა, ღვინის მარკეტინგის სპეციალისტები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძველ ბაზარზე ორიენტირებით ქართული მეღვინეობა უბრალოდ ვერ განვითარდება, რითაც სხვებთან ერთად ქვემო ქართლის ახლადგამოღვიძებული მეღვინეობაც ზარალდება და ეს პოტენციალი ჯერჯერობით მხოლოდ მცირე დოზით გამოიყენება. 

ქვემო ქართლის თბილი და მშრალი კლიმატიდან გამომდინარე, ადრე არასოდეს ყოფილა და ახლაც რთულად წარმოსადგენია მთელი ადგილობრივი ღვინის მრეწველობა ტკბილ ღვინოზე გადავიდეს. არადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ძირითადად წითელ ტკბილ, ანდა წითელ ნახვერადტკბილ ღვინოებს ითხოვენ. კახური საფერავის, რაჭული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის, მეგრული ოჯალეშისა და ლეჩხუმური ტვიშის გაყიდვები რუსეთში ბელორუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში სტაბილურად მაღალია, რადგან ტკბილი ღვინო საქართველოდან ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან გადის. დასავლეთ ევროპელებისთვის ესოდენ საყვარელი თეთრი მშრალი და წითელი მშრალი ღვინოებით კი სამწუხაროდ არც ყოფილი საბჭოთა კავშირისა და არც ზოგადად აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ინტერესდებიან. ქართული მეღვინეობის სახე კი სწორედ თეთრი მშრალი ღვინოა. 

ქვემო ქართლში ბოთლის ღვინის მწარმოებლებიდან უდავოდ გამორჩეულია ბექა გოცაძის მარანი. ბექა გოცაძის ვენახი ასურეთშია გაშენებული, ღვინოს კი მოშორებით, თავის მარანში აყენებს. გოცაძეს ღვინის წარმოება და აგროტურიზმი ერთმანეთთან მშვენივრად აქვს შეხამებული და საოჯახო სასტუმროში მისულ დამსვენებლებს საინტერესო ტურსაც სთავაზობს ხოლმე. საგვარეულო მარანი მდებარეობს თბილისის სიახლოვეს, სოფელ კიკეთში ზღვის დონიდან 1300 მ-ზე. ეზოში დგას 5-სართულიანი კეთილმოწყობილი სახლი (საოჯახო სასტუმრო), რომლის სარდაფშიც განთავსებულია ღვინის დასაძველებელი მარანი. აქ ღვინო ძველდება ბოთლებში და მუხის კასრებში. პირველ სართულზე არის სამზარეულო და მისაღები, ასევე საცურაო აუზი საშხაპით და საუნით. საოჯახო სასტუმროში 20 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ეზოში ცალკე დგას ორსართულიანი მარანი, სადაც ღვინოს აყენებენ ხოლმე და შემდეგ ქვევრებში ავარგებენ. ეზოში არის ღია ფანჩატური, პატარა სტადიონი, თონე (ეთნოგრაფიული ელემენტებით) და ქვის მაყალი. 

ბექა გოცაძე ნატურალურ თეთრ და წითელ მშრალ ღვინოს ტექნოლოგიური დანამატების გარეშე აყენებს. ამჟამად აწარმოებს შემდეგ ღვინოებს: რქაწითელი-მწვანე, ჩინური-გორული მწვანე, ქისი, ციცქა, თავკვერი (როზე), საფერავი. 

ბექა გოცაძე, მევენახე-მეღვინე: 
 
"ვენახში გაშენებული მაქვს 15 ჯიშის ვაზი მთელი საქართველოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ღვინოს ვაყენებ ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ღვინოსაც და ზოგადად, ქვემო ქართლის ღვინოს ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ღვინოს ვყიდი ავსტრალიიდან ამერიკამდე და მე ჯერ გაუყიდავი არც ერთი ბოთლი ღვინო არ დამრჩენია. რაც შეეხება რაოდენობას, როგორც ნატურალისტი მეღვინე, არ ვაკეთებ აქცენტს რაოდენობაზე და წელს პირველად მივაღწიე 25.000-28.000 ბოთლამდე ღვინოს. ეს ჩემი მაქსიმუმია~. 

ქართული ღვინის სპეციალისტები და ენთუზიასტები მიიჩნევენ, რომ ქვემო ქართლის მხარით მეღვინეების დაინტერესება ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ამ რეგიონის პოტენციალი ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. საქართველოს ღვინის კლუბის წევრის, უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილის აზრით, ქვემო ქართლის რეგიონში მეღვინეობის კუთხით განსაკუთრებით საინტერესო ის ტერიტორიაა, სადაც ადრე გერმანელი კოლონისტები სახლობდნენ.
 
ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის კლუბის წევრი: 

"ქვემო ქართლში მევენახეობა და მეღვინეობა სუსტად არის განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ბევრგან არის ადგილები, სადაც ისტორიულად ვენახებიც იყო გაშენებული და მეღვინეობაც ჰყვაოდა. ხაზგასმით გამოვყოფდი მე-19 და მე-20 საუკუნეში ბოლნისსა და სოფელ ასურეთში ჩასახლებული გერმანელი კოლონისტების წვლილს. გერმანელებმა ამ რეგიონში მაღალ დონეზე განავითარეს მეღვინეობის დარგი, რაზეც მეტყველებს შემორჩენილი უნიკალური საოჯახო მიწისქვეშა მარნები და საწარმო სოფელ ასურეთში. თუნდაც ის რად ღირს, რომ უშუალოდ ქვემო ქართლისთვის საამაყო ჯიში – ასურეთული შავი, საუკუნეების წინ მიტოვებული, თითქმის გაველურებული, გერმანელმა მევენახემ ხელმეორედ აღმოაჩინა ტყეში და ქართულ მევენახეობას დაუბრუნა. მეორე მსოფლიო ომის წინ სტალინურ რეჟიმს გერმანელები შუა აზიაში რომ არ გადაესახლებინა, დღეს ამ რეგიონში მეღვინეობა ბევრად განვითარებული იქნებოდა. 

ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ სოფელი ასურეთი დღესდღეობით ითვლება ქვემო ქართლის მევენახეობის ყველაზე გამოკვეთილ მიკროზონად. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანელი კოლონისტების გასახლების შემდეგ, ასურეთში ჩასახლდნენ რაჭველები, რომლებმაც ამ სოფელს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები შეუნარჩუნეს.
 
ბოლო წლებში რამდენიმე ენთუზიასტმა სოფელი ასურეთი აირჩია თავისი გეგმების განხორციელების არეალად. მათ შორის გამოვყოფდი ბექა გოცაძეს, რომელმაც აქ სანიმუშო ვენახი გააშენა, წვეთოვანი მორწყვის სისტემით და სხვა თანამედროვე, ამავე დროს – მწვანე ტექნოლოგიებით. ყველაზე საინტერესო და თამამი გადაწყვეტილება კი ბექა გოცაძემ მიიღო ჯიშების შერჩევისას, როდესაც ქვემო ქართლში გააშენა არა მხოლოდ ქართლის ვაზის ჯიშები, არამედ კახეთისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის აბორიგენული ჯიშები (ციცქა, ცოლიკოური, ჩხავერი და სხვა). ბევრისთვის ეს ექსპერიმენტი კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მომხრე ვარ ჯიშებისათვის ვიწრო გეოგრაფიული საზღვრების გაფართოების~.
 
სანამ ქვემო ქართლის ღვინით ევროპა გაგვიოცებია, ღვინის მარკეტინგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მანამდე აუცილებელია ქართული მეღვინეობის გამრავალფეროვნება მოხდეს და განსხვავებული ღვინოებიც სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გაიყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთფეროვანი ღვინო და ერთსახოვანი რუსული ბაზარი ქართლელ მევენახეებსა და მეღვინეებს ნამდვილად არ უქადის გამორჩეულად ნათელ პერსპექტივებს. ჩვენ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ!

ლევან სეფისკვერაძე