ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ხიბლი - #1(46), 2016
რეალურია თუ არა 9 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში გაფრენა? 

საქართველოში მოქმედ სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტები 433 ათას მგზავრს მოემსახურა მიმდინარე წლის პირველი 3 თვის მანძილზე. ასეთი ზრდა ავიაბიზნესს განვითარების კარგ სტიმულს აძლევს, განსაკუთრებით კი ე.წ. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე მუშაობს რამდენიმე ასეთი ავიაგადამზიდველი, მათ შორის არის Wizzair და Pegasus. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლო მომავალში საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ერთ-ერთი მთავარი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აპირებს. 

კოპიტნარის აეროდრომი 

4 წლის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყანაში სწორედ Ryanair-ის შემოსაყვანად აშენდა, რათა მოქალაქეებს უცხოეთში იაფად მოგზაურობის საშუალება ჰქონოდა. ეს ავიაკომპანია ევროპის ქალაქებს შორის საშუალოდ 20 ევროდ დაფრინავს. შესაბამისად ქუთაისიდან ბერლინში ან ვარშავაში 20 ევროდ მგზავრობის პერსპექტივა განსაკუთრებით მაცდურად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც თბილისიდან იგივე მიმართულების ავიაბილეთი ათჯერ ძვირი ღირდა. 

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ დაბომბილი ძველი აეროდრომის ადგილზე სახელმწიფო ხარჯებით Ryanair-თან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის აშენდა. აეროპორტის ტერმინალთან ერთად კოპიტნარში მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც უამრავი ტექნიკური პარამეტრით წინ უსწრებს თბილისის აეროპორტის მოძველებულ ასაფრენ ბილიკს. 

2012 წლის ზაფხულში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მოპირკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როდესაც უნგრეთში დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით ავიარეისები დანიშნა. შესაბამის მემორანდუმს აეროპორტის ფონზე ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობისა და უნგრული კომპანიის წარმომადგენლებმა. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა: 

„აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც გადაიყვანს მგზავრებს 22 ევროდ კიევში და კიევიდან, მაგალითად, ლონდონში გადასაფრენად კიდევ დაახლოებით 15-20 ევროს დამატება დასჭირდებათ, და ასე, ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. 22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი, ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება“. 

ქუთაისის აეროპორტის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის ავიაკომპანიებს ძალიან დაბალი ტარიფით ემსახურება, რაც პირველ რიგში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იზიდავს და ბუნებრივია, WizzAir-მა, რომელიც ევროპის უამრავ ქალაქში დაფრინავს, ქუთაისიდან მგზავრების გადაყვანა კიევის შემდეგ ვარშავის, კატოვიცეს, ბუდაპეშტისა და ვილნიუსის მიმართულებითაც დაიწყო. ამ ავიაკომპანიამ წელს ქუთაისიდან ახალი მიმართულებებით ფრენების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ. 

"გაუმართლებელი ხარჯები", რომელმაც გაამართლა 

2012 წლის პოლიტიკურად ცხელ ზაფხულში ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ცდილობდა ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აკეთებდა ეჭვქვეშ დაეყენებინა. შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები გაუმართლებელ ხარჯებად გამოაცხადეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ქუთაისის აეროპორტი ზოგადად ტურიზმთან ერთად არაპრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში მოხვდა. მაშინ, როდესაც ხვნა-თესვისა თუ სხვა პოპულისტურ პროგრამებზე ასობით მილიონი ლარი იხარჯებოდა, არავის უცდია ქუთაისის აეროპორტის პროექტის სრულფასოვანი რეალიზება, რომელიც სარკინიგზო სადგურის მშენებლობასაც ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, არც Ryanair-თან მიღწეული შეთანხმების რეალიზება გახსენებიათ. მიუხედავად ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებისა, ქუთაისის აეროპორტმა მაინც მოიპოვა პოპულარობა დაბალფასიანი ავიარეისების მეშვეობით. აეროპორტის მომსახურების დაბალი ტარიფის გამო არაბიუჯეტური ავიაკომპანიების ბილეთებიც კი საგრძნობლად გაიაფდა თბილისთან შედარებით.
 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2012 წელს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და წლის ბოლომდე პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში თითქმის 13 ათასი მგზავრის მიღება შეძლო. რადიკალურად შეიცვალა სურათი 2013 წელს, როდესაც WizzAir-მა ქუთაისის მიმართულებით მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. ქუთაისიდან გაფრენილი და ჩამოფრენილი 188 ათასი მგზავრი – ასეთი იყო მეორე წლის შედეგი, რამაც ახალი ხელისუფლების მესვეურების კრიტიკული რიტორიკა საამაყო განცხადებებით შეცვალა. ტურიზმის ადმინისტრაციის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ქუთაისის აეროპორტის უყურადღებობის გამო საყვედურობდა, ასე უპასუხა: 

„რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, თითქოს ქუთაისის აეროპორტი არ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის მანძილზე გაიზარდა 710 პროცენტით“. 

ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე 2014 წელს მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა 218 ათასამდე, ხოლო 2015 წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტით შემცირდა და 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი რიცხვი შეადგინა (183.000). როგორც ჩანს, ამ მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა WizzAir-ის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კიევის ბაზა გააუქმა და ქუთაისიდან უკრაინაში ფრენა შეწყვიტა. 

უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაფრენების პერსპექტივა 

მგზავრთა ნაკადის კლება და სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესება კარგს არაფერს უქადდა ქუთაისის აეროპორტს, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ათვალწუნებული ჰქონდა. მაგრამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც დიდი ალბათობით, ძალაში უნდა შევიდეს მიმდინარე წლის ზაფხულიდან, რამდენიმე ავიაკომპანიას მადა გაუღვიძა. ყველას მაინც ისევ WizzAir-მა დაასწრო და ქუთაისიდან 7 ახალი მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით „ვიზეარის“ თვითმფრინავი 23 სექტემბრიდან დაიწყებს ფრენას კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. მგზავრობის მინიმალური ღირებულება 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-მემინგემის (მიუნხენი) რეისები დანიშნულია ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები, 25 სექტემბრიდან, – ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი აქაც 39.99 ევრო იქნება. იგივე ფასი აქვს ქუთაისი-დორტმუნდის ბილეთს.
 
ქუთაისი-თესალონიკის რეისზე, 24 სექტემბრიდან, თვითმფრინავი იფრენს კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენები იქნება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს და ეღირება 24.99 ევრო, ხოლო ქუთაისი-სოფიას მიმართულებით (ფრენა – სამშაბათს და შაბათს) ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო. 

აღნიშნული ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ საქართველოში მგზავრთნაკადის 1 წლის მანძილზე დაახლოებით 250 ათასით გაზრდას პროგნოზირებენ, რაც აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში. 

„ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს – თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250.000 მგზავრი. ჩვენ პესიმისტურად ვანგარიშობთ ხოლმე, დაახლოებით, 30- 40% ტურისტს, რაც არის, დაახლოებით, 50.000 ტურისტი საქართველოსთვის, ჯამში კი, დაახლოებით, 30-მილიონიანი კონტრიბუციაა ტურიზმის სექტორში“. 

ავიარეისების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, WizzAir-მა გადაწყვიტა დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ბაზა დააფუძნოს. თავდაპირველად, კოპიტნარში ბაზირებული იქნება ერთი ავიახომალდი. მისი მეშვეობით განხორციელდება ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი ახალი რეისები. თვითმფრინავის მომსახურებისთვის მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. WizzAir-ის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების ტოლფასია. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის აზრით კი WizzAir-ი ამაზე არ გაჩერდება და „ერთ საჰაერო ხომალდს მოჰყვება მეორე ხომალდი და ასე შემდეგ“. 

WizzAir-ის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ესტუმრა Ryanair-ის ოფიციალური დელეგაცია და ქუთაისის აეროპორტის მონახულების გარდა კომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს საქართველოს ხელისუფლებასთან. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ღყანაირ საქართველოში შემოსვლას და იაფი ფრენების დაწყებას გეგმავს, თუმცა, უფრო მეტი კონკრეტიკა ჯერ არ ჩანს. 

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით კიდევ დამატებით 3 ავიაკომპანია აპირებს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას, მათ შორის ერთ-ერთი არის ირანული კომპანიაც. 

კოპიტნარის „სასწაულის“ შემხედვარე ავიახომალდების მიღების პოტენციალის მქონე სხვა რეგიონები, კერძოდ კი კახეთი, თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის მოთხოვნით გამოდის. ეს კი თავდაყირა აყენებს 4 წლის წინანდელ გავრცელებულ აზრს ქუთაისის აეროპორტის პროექტის ერთი კაცის ახირებად გამოცხადების შესახებ. 

რამდენად რეალურია ევროპაში იაფად, 30-40 ევროდ ფრენა? 

WizzAir-ის გადაწყვეტილებამ, რომ სექტემბრის ბოლოდან ოთხ არსებულ მიმართულებას კიდევ 7 დაამატოს, ბიძგი მისცა ცხარე დისკუსიას სოციალურ ქსელებში. ბევრი სკეპტიკოსი სარეკლამო ხრიკს უწოდებდა ავიაკომპანიის განცხადებებს ევროპაში იაფი ფრენების შესახებ. ბევრი კი უსაფრთხოების საკითხებს აყენებდა ეჭვქვეშ და WizzAir-ის ხომალდებს ლამის „ფრთებიან მარშრუტკებად“ მიიჩნევდა, ზოგიც კი ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალის დაბალ ანაზღაურებას აბრალებდა იაფი ავიაბილეთების არსებობას. მოკლედ სკეპტიკოსები ათასგვარ მითებს ავრცელებდნენ, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. 

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია დაფრინავს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და მისი ავიახომალდების უსაფრთხოების ხარისხი ევროკავშირისა თუ საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებს აკმაყოფილებს. სხვაგვარად WizzAir-ს ევროპის ცას არავინ გაუხსნიდა. ავიაკომპანიის ფლოტი დაკომპლექტებულია Airbus 320 და 321 ხომალდებით, რომელთა შორის ყველაზე „ასაკოვანი“ მხოლოდ 10 წლისაა, ხოლო დიდი ნაწილი 1-2 წელს ითვლის. დაბალბიუჯეტიანი კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე ის დაინტერესებულია რაც შეიძლება ახალი თვითმფრინავებით ისარგებლოს, რადგან ნაკლები იყოს როგორც საწვავის, ასევე ექსპლოატაციის სხვა ხარჯები. ასევე ეჭვგარეშეა ავიახომალდის პერსონალის კვალიფიკაციის დონე, რომელსაც არაერთხელ დაუმსახურებია მგზავრთა სიმპათია და საქებარი სიტყვები. მაშინ, რაში მდგომარეობს იაფი ავიაბილეთების საიდუმლო?
 
სკეპტიკოსებს შორის გავრცელებული აზრის მიხედვით, დაბალფასიანი არის მხოლოდ რამდენიმე ბილეთი, ხოლო დანარჩენი საკმაოდ ძვირია. საქმეში ჩაუხედავი ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ დამატებითი ბარგის მაღალ ღირებულებაზე (ხელბარგი უფასოა) და თვითმფრინავში კვების ფასზეც. 
რეალობაში კი ასე არ არის. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს სარეალიზაციოდ გამოაქვთ იაფი ბილეთები სხვადასხვა ალგორითმის მიხედვით. არის დღეები, როდესაც ერთი და იგივე ბილეთი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე წინა დღეს ღირდა. თუ ამას ფასდაკლების აქციაც დაემატება და მომხმარებელი ავიაკომპანიის კლუბის წევრიცაა, სრულებით შესაძლებელია ბილეთში მხოლოდ 9-10 ევრო გადაიხადოს. ასეთი ფასით არაერთხელ უსარგებლია ქუთაისელ მოგზაურს ლევან ჭანჭალეიშვილს. 

„მთავარია მონდომებული იყოს ადამიანი, უნდოდეს იაფად მოგზაურობა და ყოველთვის მონახავს ისეთ მარშრუტს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მე მაგალითად ევროპის მიმართულებით არაერთხელ მიმგზავრია 9 ევროდ“. 
ლევან ჭანჭალეიშვილის გამოცდილების მიხედვით, საჭიროა მოგზაურობის მსურველმა წინასწარ, 1-2 თვით ადრე დაიჭიროს თადარიგი და იაფი ავიაბილეთები შეარჩიოს. შემდეგ კი შვებულება ამ დაბალფასიანი ფრენის თარიღებს შეუსაბამოს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას არ ნიშნავს, რომ 10-20-ევროიანი ბილეთები ყოველდღეა. თუმცა კი, თითქმის ყოველთვის შეძლებთ ავიარეისების პოვნას 50 ევროს ფარგლებში. 

რაც შეეხება ბარგს და კვებას, დამატებითი დიდი მოცულობის ბარგის გადატანა ავიაბილეთის ფასში არ შედის. 25-31 კილოგრამიანი ჩანთის ტრანსპორტირება 15- 30 ევრო ღირს და კლუბის წევრები ამ შემთხვევაშიც 5-10-ევროიანი ფასდაკლებით სარგებლობენ. კვება კი 3-საათიანი ფრენის დროს სულაც არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. მგზავრს შეუძლია თვითმფრინავში შეიტანოს მშრალი საკვები და ასე მოიკლას შიმშილის გრძნობა, ან დამატებით 3 ევროდან 10-მდე გადაიხადოს და მიირთვას თვითმფრინავის სამზარეულოს საკვები. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების აღმოცენება შესაძლებელი გახდა სერვისების დანაწევრების, მოკლე მანძილებზე ფრენისა და მეორეხარისხოვანი (იაფი) აეროპორტების გამოყენების შედეგად. ამგვარი სტრატეგიის წყალობით იაფფასიანი ავიარეისების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო მეტ მოქალაქეს ეძლევა მოგზაურობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი. სწორედ ასეთი შესაძლებლობებია ჩადებული ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში.
 
კახა მჭედლიძე