ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ბოლო დროის ტენდენციები ქართულ მეღვინეობაში - #2(47), 2016
რა სიახლეებს და ძველ ტრადიციებს აერთიანებს დღევანდელი მეღვინეობა 
ქართული მეღვინეობაში ბოლო წლების მანძილზე მრავალი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენა მოხდა. რუსული ემბარგოს ჯერ დაწესება, წლების შემდეგ კი გაუქმება, არაპროგნოზირებად და არასტაბილურ გარემოს ქმნის. საბოლოოდ, რუსული ემბარგოს დაწესებამაც და შემდგომ მოხსნამ მაინც დადებით შედეგამდე მიგვიყვანა – ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის ბაზრის იმედად ყოფნა ყოველმხრივ არასწორია, რადგან რუსეთის არასტაბილური ბაზარი ვერც დარგის განვითარებას უზრუნველყოფს და ყბადაღებული მასშტაბური გაყიდვების მითიც ბლეფი გამოდგა. ქართულ ღვინოზე რუსეთმა ემბარგო კი მოხსნა, მაგრამ აქაური მეღვინეების თუ დარგის სპეციალისტების აზრით, ქართული მეღვინეობის განვითარების გზა მაინც ევროპის ქვეყნების ბაზარს უკავშირდება. 

ახალი მარნები და ახალი ღვინოები 

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ბევრგან დაიწყეს ახალი ვენახების გაშენება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით კახეთში შეინიშნება, რადგან კახეთი მოწინავე რეგიონია როგორც მოწეული ყურძნის მასშტაბებით, ასევე წარმოე¬ბული ღვინის მხრივ. სავენახე ადგილებს ყიდულობენ დიდი და მცირე მარნებიცა და კერძო პირებიც. ასევე აქტუალური გახდა ე.წ. ამხანაგობების შექმნა, როდესაც რამდენიმე ადამიანი რესურსების გაერთიანებით ახერხებს ვენახის გაშენებას და მის მოვლას. ახალბედა მევენახეები დიდ და განსაკუთრებულ იმედებს მომავალზე ამყარებენ და ფიქრობენ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მათი მთავარი შემოსავლის წყარო და ძირითადი საქმიანობა სწორედ მეღვინეობა იქნება. 

ახალბედა მეღვინე ზურაბ ნატროშვილი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, თუმცა, მისი სამომავლო მიზნები მაინც საქართველოს და ქართულ მეღვინეობას უკავშირდება. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვედრის დროს, ზურამ გაგვიმხილა, რომ მას და მის მეგობარს უკვე ჩამოუყალიბდათ ერთობ უცნაური იდეა და საღვინე მარნის მოწყობას ფრიად ორიგინალურ ადგილას – თბილისში, ვეძისში მდებარე კორპუსის მეშვიდე სართულზე აპირებენ. 

„ეს არის ჩვენი კრეატივი და დიდი გამოწვევა. დიახ, უცნაურია მარნის კორპუსის მეშვიდე სართულზე მოწყობა, მაგრამ, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ასეთი ორიგინალური ხედვით ბევრი უცხოელი და ქართველი ღვინის მოყვარული დაინტერესდება. ჯერჯერობით კვლავ ვფიქრობთ სავენახე ადგილებზე და ახალი ვენახების შეძენაზე და იმედია, როდესაც ჩვენს პირველ ღვინოს ჩამოვასხამთ, მარანი უკვე მზად გვექნება“, – ამბობს ზურაბ ნატროშვილი. 

ვენახების გაშენებისა და ახალი მარნების მოწყობის ტენდენციამ ხელი ძველი და მივიწყებული ქართული საღვინე ჯიშების აღდგენასაც შეუწყო. დაახლოებით 10-15 წლის წინ, ჩვენი ქვეყნის მეღვინეობით სახელგანთქმულ კუთხეებშიც კი ბევრმა არ იცოდა ყურძნის ისეთი ჯიშების არსებობა, როგორებიცაა მაგალითად: ხიხვი, ქისი, კრახუნა, შავკაპიტო, კუნძა, ცხენისძუძუ, საკმიელა, სხილათუბანი... დღეს ამ და კიდევ მრავალ სხვა ძველ ჯიშებს ახალ ვენახებში უხვად ნახავთ და ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ეს მიმართულებაა. 

გამოჩნდნენ მეღვინეები, რომლებიც საკუთარ ძველ მარნებში ადრეც ყოველთვის აწარმოებდნენ ღვინოს, თუმცა, ამ საქმეს სერიოზულად და ბიზნესის კუთხით ხელი ახლაღა მოჰკიდეს. ერთ-ერთი ასეთი მეღვინეა ზესტაფონელი დათო კაპანაძე, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მამა-პაპის დროინდელი ციცქას და ცოლიკოურის მოზრდილი ვენახი, თუმცა, ბოთლში ღვინის წარმოების დაწყების შემდეგ, თავისი ძველი ვენახიც გააფართოვა, ახალი სავენახე მიწებიც შეიძინა და დღეს მისი ღვინის ასორტიმენტს ოცხანური საფერეც დაემატა. 

დათო კაპანაძე, მევენახე-მეღვინე: 

„ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ნამდვილად არაა სასურველი ეკონომიკური სიტუაცია, მაგრამ ამის მიუხედავად მე და მამაჩემმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში, ტყლაპის უბანში მივიღეთ ახალი ვენახების გაშენებისა და ბოთლში ღვინის წარმოების გადაწყვეტილება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ გვინდა ჩვენი საოჯახო მარანი განვავითაროთ და ამით მივიღოთ შემოსავალი. ასევე, წმინდა წყლის მეღვინის ინტერესებიც მაქვს. მაინტერესებს ახალი ღვინოების შექმნის პროცესი, ღვინოების სხვადასხვანაირად დაყენების ხერხები და ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც შენს ექსპერიმენტებს კარგი შედეგები მოაქვს“. 

დღევანდელობა და წარსულის ნოსტალგიები 

ქართულ მეღვინეობაში არსებულ ბოლოდროინდელ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ასორტიმენტის მხრივ დიდი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის არნახული მრავალფეროვნება მოგვხვდება თვალში. მაგალითად, თუკი 2007 წელს ქართული ღვინის ბაზრის ერთ-ერთ ფლაგმანი, კომპანია „მარანი“ (იგივე „თელავის ღვინის მარანი) 6-7 დასახელების ღვინის აწარმოებდა, დღეს ამ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის სახეობებისა და მარკებს რაოდენობა 30-ზე მეტს ითვლის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „თბილღვინოზე“, „ასკანელებზე“, „შუმზე“ და სხვებზეც. ღვინის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ, 2006 წელს გამოცხადებული რუსული ემბარგოა, რადგან ემბარგოს გამოისობით ქართველ მეღვინეებს ევროპის ბაზარზე გასვლისთვის მოუწიათ მოქმედებები და ევროპულ ბაზარი კი ერთსახოვნებას, ერთფეროვნებას და ორდინარულ ღვინოებს არ ცნობს. 

ზოგადად ღვინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის ხარისხი მხოლოდ კონკურენციითა და მომხმარებლებისათვის მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზებით შეიძლება გაიზარდოს. ერთადერთი – საბჭოთა კავშირის ღვინის ბაზარი იყო ადგილი, სადაც ყველანაირი ხარისხის ღვინო უპრობლემოდ იყიდებოდა. 

ბოლო პერიოდში ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ასევე ძალიან მოიმატა ღვინის სპირტისგან შექმნილი სამარკო ბრენდების (ე.წ. „კონიაკების“) რაოდენობამ. ფაქტობრივად ყველა კომპანიამ დაიწყო ღვინის სპირტის წარმოება და მათი დაძველება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მრავალთაგან ისაა, რომ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ძირითადი გასაღების ბაზარი კვლავ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მოგონებები და მითები ხარისხიან ქართულ „კონიაკზე“ და ახლა, როდესაც ბაზარი ყველა მიმართულებით ღიაა და უკრაინული ლვოვისა თუ მოლდოვური კიშინიოვის სუპერმარკეტებში ფრანგული კონიაკის შეძენაც კია შესაძლებელი, ევროპული სასმელების სიძვირემ ქართული „კონიაკის“ ნოსტალგია გამოიწვია. საბჭოთა კავშირის დროს ხომ ქართული ღვინის ბრენდის ფასი 5-6 საბჭოთა მანეთი იყო მაშინ როდესაც დღეს ხარისხიანი ფრანგული კონიაკის 50 ევროზე იაფად ყიდვა თითქმის გამორიცხულია. 

სამწუხაროდ, ღვინის ბრენდის (კონიაკის) წარმოების ზრდამ და მასზე მომხმარებლის მოთხოვნამ, გამოიწვია საეჭვო ხარისხისა და წარმომავლობის სასმელების ქართულ ბაზარზე დაბრუნებაც. სიტყვა „დაბრუნებას“ ვამბობთ იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-ანი წლები, როდესაც საქართველოში ყველგან იყიდდით უხარიხო, ხშირად კი მომწამვლელ იაფფასიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა დალევასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს შეიძლება საქმე ასე კატასტროფულად არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ათასგვარი უხარისხო ღვინის ბრენდის გაჩენით ამ სფეროში მდგომარეობა ხარისხის კუთხით უარესისაკენ წავიდა. თუკი ამაში ვინმე ეჭვს შეიტანს, შეუძლია შეიძინოს 5-ლარიანი ქართული ე.წ. „კონიაკები“ და თავად დარწმუნდეს ჩვენი სიტყვების სიმართლეში. 

ევროპული ღვინოები ქართულ ქვევრებში 

კვლავ მეღვინეობას და კონკრეტულად ქართულ ღვინოს რომ დავუბრუნდეთ, ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან უნდა გამოვყოთ ქართული ქვევრისა და ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. ჩვენს ჟურნალში ადრეც ვწერდით, რომ ბოლო დროს ქართველი მეთუნეების მიერ წარმოებული ქვევრებით ბევრი უცხოელი დაინტერესდა და არაერთმა ნატურალური ღვინის მწარმოებელმა ევროპელმა საქართველოდან ქვევრები წაიღო. ახლა კი უკვე გვაქვს ამ ქვევრების გატანის შედეგიც ევროპული ქვევრის ღვინოების სახით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თამამმა ექსპერიმენტმა გაამართლა და ახლა ნატურალური ძვირადღირებული ღვინის სეგმენტში მშვენივრად იყიდება იტალიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში და თვით იაპონიაშიც კი ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ქვევრის ღვინოები. 

წელს, 13 მაისს, ტრადიციად ქცეული „ახალი ღვინის ფესტივალის“ წინა დღეს, მთაწმინდაზე, რესტორან „ფუნი-კულიორში“, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით სწორედ ამ ევროპული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი 7 ღვინო გახლდათ ნიმუშები: იტალიიდან (მათ შორის ორი სიცილიიდან), საფრანგეთიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან. იაპონურ ღვინოს თუ არ ჩავთვლით (რომელსაც ჯიშურობის კუთხით ჰქონდა პრობლემები) თითქმის ყველა წარმოდგენილი ღვინო იყო გამორჩეული, განსხვავებული და სრული სიახლე ევროპის ღვინის ბაზრისათვის. დიდი აღმოჩენა იყო სლოვენიაში სეპაჟის მეთოდით (სამი იტალიური ჯიშის შერევით მიღებული) დამზადებული მშვენიერი ქვევრის ღვინო, რომელმაც დეგუსტაციის ყველა მონაწილის მოწონება დამსახურა. 

ზაზა ჯაყელი, კომპანია „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოების“ თანადამფუძნებელი: 

„ამ დეგუსტაციიდან პირველ რიგში ის დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ქართული ქვევრი არის ნამდვილად უნიკალური საღვინე როგორც სადუღარი, ასევე შესანახი ჭურჭელი და უკვე ყველამ აღიარა ქვევრის განსაკუთრებული თვისებები. ქვევრი რა თქმა უნდა სასწაულმოქმედი ჭურჭელი არაა, რომ შიგნით ჩასხმული ცუდი ღვინო გააკეთილშობილოს, მაგრამ მოდით დავივიწყოთ ცუდი ღვინო და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული ქვევრის (დასავლურქართულად – ჭურის) პოპულარიზაცია ზოგადად ქართულ ღვინოსაც წაადგება და ეს ჩვენი ღვინის პოპულარიზაციასაც გამოიწვევს, რაც ასე ძალიან გვჭირდება“. 

ფალსიფიკაცია უკვდავია! 

დაახლოებით რამდენი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე? – ეს არის შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის მიღებაც დღემდე ვერ შევძელით. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას საქართველოდან უცხოეთში გატანილ ღვინოზე გვაწვდის (წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ბოთლი ღვინო გადის ექსპორტზე) მაგრამ, თავად ასორტიმენტის და ღვინის დასახელებების ზუსტი რაოდენობა საქართველოს არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ გააჩნია. არადა, ბოლო 10 წლის ტენდენციით, ღვინის მარკები და ბრენდები დაახლოებით გასამმაგდა. ქართველ მეღვინეებთან და ღვინის კომპანიებთან კონსულტაციით ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 3 ათასამდე დასახელების ღვინო ისხმება, რაც ურიგო მაჩვენებელი ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც შევარდნაძის პრეზიდენტობისას საქართველოში მეღვინეობის კუთხით იყო. მაგალითად, 2002 წელს, საქართველოში სულ 100-მდე დასახელების ღვინო ისხმებოდა და მათი ნაწილი ფალსიფიცირებული გახლდათ. ფალსიფიკაციის მასშტაბები დღეს მკვეთრადაა შემცირებული, თუმცა, ქართული ღვინის ფალსიფიცირების მავნე ტრადიციები კვლავ გრძელდება და ეს ძირითადად, სამწუხაროდ, ექსპორტირებულ ღვინოს ეხება. უცხოეთმოვლილი არაერთი ჩვენი თანამემამულე სწუხს იმაზე, რომ უცხოეთში (ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში) მათ მიერ ნაყიდი ქართული ღვინო უხარისხო, ან სულაც ფალსიფიცირებული გამომდგარა. 

ლაშა ბლიაძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი: 

„სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა და ჩემი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ბევრ ქვეყანაში ქართული ღვინის შეძენა საშარო საქმეა, რადგან რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც საშინელი ხარისხის გაყალბებული ღვინო შემოგვაჩეჩეს. ამ საკითხს სათანადოდ თუ არ მიეხედა, მეეჭვება ქართული ღვინის ბიზნესი წინ წავიდეს. უცხოელი ერთხელ რომ დალევს გაყალბებულ ქართულ ღვინოს და ბუნებრივია არ მოეწონება – მერე ის ამ ღვინოს აღარასოდეს იყიდის“.
 
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პრობლემებისა და რუსეთის ბაზრის არასტაბილური ფაქტორისა, ქართულ მეღვინეობაში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციები მაინც ოპტიმიზმის იმედს გვიტოვებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მეღვინეობა ქვეყნის პრიორიტეტად არაერთხელ გამოაცხადა, დღევანდელი შედეგით რომ მეღვინეობის დარგი კმაყოფილი არ არის, მეღვინეებისგანაც ხშირად გვესმის და დარგის სპეციალისტებისგანაც. ერთია თითქმის დაუძლეველ ცდუნებად ჩამოყალიბებული რთველის სუბსიდირება და მევენახეობა-მეღვინეობაში სახელმწიფოს არასწორი ჩარევა, რაც მეღვინეობის – როგორც ბიზნესის თავისუფალ განვითარებას აშკარად ხელს უშლის და ქვეყნის ეკონომიკასაც არაპროგნოზირებადობას ჰმატებს (არავინ იცის, როდის შეეშვება სახელმწიფო დარგის ბიუჯეტიდან დაფინანსებას) და კორუფციის რისკსაც ზრდის (სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის განაწილებისას ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე პრივილეგიების მიღების მსურველები). ეკონომიკის ექსპერტებიც და თვით მეღვინეების დიდი ნაწილიც აღიარებს, რომ სახელმწიფოს დახმარება ქართული მეღვინეობისთვის ყურძნის სუბსიდირება კი არა, ახალი ბაზრების მოძიება და ქართული ღვინის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის გაზრდა შეიძლება იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიზნესის ამგვარი დაუსრულებელი სუბსიდირებით სადმე არც ქვეყნის შემოსავალი გაზრდილა და არც კონკრეტული დარგი გამხდარა უფრო კონკურენტული პროდუქციის მწარმოებელი. 

ლევან სეფისკვერაძე