ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
2017 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი" - #2(51), 2017
ქართული მეღვინეობის განვითარების ამსახველი მთავარი ღონისძიება

თბილისში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით „ახალი ღვინის ფესტივალი“ უკვე მერვედ გაიმართა. ამ რვა წლის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მეღვინეობა მრავალმხრივ შეიცვალა და გადასხვაფერდა. პირველ რიგში ის უნდა აღნიშნოს, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა ქართული ღვინის ხარისხი (რუსეთის მიერ დაწესებული ღვინის ემბარგოს მიუხედავად), დაარსდა რამდენიმე ათეული ახალი დიდი საწარმო და რამდენიმე ასეული ღვინის მცირე მარანი. და რაც მთავარია – 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალმა ყველას დაგვანახა, რომ ქართველი მომხმარებელი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურას.

რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობა წინ მიდის

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 113 დიდი მეღვინეობისა და მცირე მარნის, აგრეთვე, 100 საოჯახო მწარმოებლის ღვინო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინო“, „სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი“ და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ფესტივალის უცვლელი და ყველასთვის ცნობილი მონაწილეები, ასევე, ახალი სახეები, რომელთა სიმრავლით წლევანდელი ღვინის ფესტივალი მართლაც გამორჩეული იყო.

მთაწმინდის პარკში გამართულ ფესტივალზე წელსაც პატარა მარნები და გლეხური ღვინის მცირე მანუფაქტურები ჭარბობდნენ. განსაკუთრებული სიახლე დასავლეთ საქართველოს დიდი გააქტიურებაა. თუკი, ვთქვათ, 5 წლის წინანდელ ფესტივალზე სულ ორ ლეჩხუმელ და სამ რაჭველ მეღვინეს ნახავდით, წელს ლეჩხუმიდან ათზე მეტმა მეღვინემ წარმოადგინა მათი ტრადიციული ბრენდები – ტვიში, უსახელოური და ორბელური ოჯალეში. რაჭველმა მეღვინეებმა კი როგორც იქნა დაძლიეს რუსეთის იმპერიის მიერ თავსმოხვეული „ტკბილი ღვინის ხიბლი~ და ნახევრადტკბილი „ხვანჭკარას“ პარალელურად, მუჯურეთულიდან და ალექსანდროულიდან მშრალი, ტრადიციული ქართული ტიპის ღვინოების დაყენებაც გაიხსენეს.

დავით ლომთაძე, რაჭველი მეღვინე:

„სიმართლე რომ გითხრათ, რაჭაში ყურძენს და ღვინოს ფასი ყოველთვის ჰქონდა და იმედია მომავალშიც ექნება. უბრალოდ, ჩვენთან სამწუხაროდ ხშირია ღვინის დაავადებები, რაც ალბათ მეღვინეების დაუდევრობის გამოა. ფესტივალი ყველას გვაჩვენებს რა შეგვიძლია, რაში ვართ ძლიერები და რა არის გამოსასწორებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ის რად ღირს, რომ ამდენი მეღვინე გავიცანი, ვესაუბრე, გავუზიარეთ ერთმანეთს
აზრები. ეს არაა პატარა ამბავი, რადგან ჩვენ ყოველთვის არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ჩვენს ღვინოზე მოვისმინოთ მცოდნე ხალხის აზრები. სხვანაირად მეღვინეობა ალბათ ვერც განვითარდება“.

კახური ღვინო კვლავ პირველია!

ღვინის ფესტივალის მიმდინარეობისას, დაახლოებით 40-მდე ღვინის მარანი დავითვალეთ, რომლებიც ბოთლის ღვინის წარმოებაზე სულ ახლახანს გადავიდნენ და რამდენიმე წლის წინ, ჩვეულებისამებრ, ოჯახში ღვინის
დამყენებელი გლეხები მცირე მეწარმეებად ჩამოყალიბდნენ. ეს ადამიანები ჯერ კიდევ გუშინ თვლიდნენ, რომ მათი ღვინო ხარისხობრივად მარტივი და შიდა მოხმარების პროდუქტი იყო, მაგრამ ფესტივალზე ღვინის გამოტანის შემდეგ, შეხედულებები შეეცვალათ და თვითშეფასებაც აუმაღლდათ.

მარნების მფლობელთა უმეტესობა ცხადია კახეთიდან იყო. კახეთი ახალი ღვინის ფესტივალზე მართლაც რომ გრანდიოზულად იყო წარმოდგენილი. 60-ზე მეტ მეტნაკლებად დიდ კომპანიას თუ არ ჩავთვლით, კახეთიდან დაახლოებით 50 მხოლოდ გლეხი იყო, რომლებსაც სხვადასხვა სახის და მრავალნაირი ასორტიმენტის ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი.

საფესტივალო ღვინოებს შორის რქაწითელი ლიდერი იყო როგორც რაოდენობის, ასევე ცნობადობის მხრივ. კახეთის ისეთი ლეგენდარული მიკროზონების გვერდით, როგორიცაა მაგალითად: ფაფრის ველი, წარაფი, ახოები, ალაზნის მარცხენა სანაპირო, ახაშენი, კონდოლი, ხაშმი, არგოხი, აკურა და სხვა, ვნახეთ მეტად საინტერესო ღვინოები შედარებით ნაკლებად ცნობილი სოფლებიდანაც. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული განსაკუთრებული
ღვინოები ჰქონდათ მაგალითად, აფენელებს, დედოფლისწყაროელებს, ჩაილურელებს...

გასული წლის ზოგადი ტენდენციები

`ახალი ღვინის ფესტივალის~ ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო მედიატური, რომელშიც ღვინის პროფესიონალები და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ჟურნალისტები (აშშდან, კანადიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან) მონაწილეობდნენ.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:

„ალბათ თქვენც ხედავთ, რომ ქართული მეღვინეობა ნამდვილად ვითარდება და იმასაც ხედავთ, რომ ღვინის ხარისხი არამხოლოდ კომპანიებმა, არამედ გლეხებმაც საგრძნობლად აწიეს. სწორედ ამიტომაც იზრდება უცხოეთში ქართული ღვინის ექსპორტი. სიტუაცია ცხადია იდეალური არაა, მაგრამ ეს მდგომარეობა ბევრად კარგია, იმაზე, რაც წლების წინ იყო. ყველა მეღვინეს და
ღვინის მოყვარულ ადამიანს მინდა მივულოცო ეს დღე და გამოვთქვა იმედი, რომ პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება“.

რაკი ახალი ღვინის ფესტივალი საკუთარ თავში პირველყოვლისა გასული წლის მოსავლის, ანუ ახალი ღვინოების დაგემოვნებას გულისხმობს, ეს ღვინოები გვაჩვენებს გასული წლის მოსავლის ძირითად ხარისხობრივ ტენდენციებს. ასევე იმასაც, თუ როგორ ღვინოს უნდა ველოდოთ 2016 წლის მოსავლის მარკის ქვეშ. რაც თავიდანვე უნდა ითქვას ისაა, რომ გასული წლის მოსავლის ხარისხი კახეთში გამორჩეულად მაღალი იყო და როგორც გარე კახეთის, ასევე შიდა კახეთის რქაწითელის, საფერავისა და მწვანე კახურის ნიმუშები გახლდათ იმაზე ბევრად მაღალი ხარისხის, რაც თუნდაც შარშანწინ იყო. ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად, შარშანდელი ნაკლებად წვიმიანი და ზომიერად ცხელი ზაფხული იყო, რამაც ყურძენს ბოლომდე დამწიფების, ღვინოს კი ხასიათის სრულად გამოვლენის საშუალება მისცა. მეღვინეების შეფასებით, 2016 იყო „რქაწითელის წელი“.

ვაჟა გეთიაშვილი, მცირე მარნის – „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ მფლობელი:

„მეღვინეობა რა თქმა უნდა ვენახიდან იწყება და რაც არ უნდა გამოცდილი და კარგი მეღვინე იყო, თუ ვენახმა და მოსავლის ხარისხმა ხელი არ შეგიწყო – მაღალხარისხიან ღვინოს ვერ დააყენებ. ჩემთან, გარე კახეთში, სოფელ
კაჭრეთში, შარშანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბუნებამ ყურძენს ბოლომდე დამწიფების საშუალება მისცა და ეს ღვინოშიც გამოიხატა. ასეთი კარგი ბუკეტისა და არომატების მქონე ღვინო ჩვენსკენ ბევრს კარგა ხანია არ დაუყენებია. მე ჯერჯერობით მხოლოდ რქაწითელის ვენახი მაქვს (ამ ვენახში დაახლოებით 10% მწვანე კახურის ჯიშის ყურძენიცაა), თუმცა, შარშან საფერავიც გავაშენე და გაისად მოსავლის პირველ ნიშანს ველოდები. იმედია,
ამინდები და ბუნება მომავალშიც პატივს გვცემს და სულ ისეთ ღვინოებს დავაყენებთ, აი ამ ფესტივალზე შეკრებილ კარგ ადამიანებს რომ ეკადრებათ“.

ქვემო ქართლის წელი

ისევე როგორც რაჭაში და ლეჩხუმში, ქვემო ქართლშიც მრავალი ახალი საოჯახო ღვინის მარნები გაჩნდა. განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტი და საკუთრივ ქალაქი ბოლნისია გააქტიურებული. ამის მიზეზი ისაა, რომ
საქართველოს ამ პატარა ქალაქში ჯერ კიდევ შემორჩა სტალინის მიერ შუა აზიაში გადასახლებული გერმანელების მიერ აშენებული და დატოვებული ღვინის მშვენიერი სარდაფები, რომელთა გამოყენება ღვინით დაინტერესებულმა ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს. ანალოგიური ტიპის მარნებია ბოლნისთან ახლოს მდებარე კიდევ ორ ძველ გერმანულ სოფელში.

ბოლნისში მეღვინეობის ახალმა ბუმმა განაპირობა ის სასიხარულო რეალობა, რომ წელს ღვინის ფესტივალზე მხოლოდ ბოლნისიდან 12 მეღვინე იღებდა მონაწილეობას. მეღვინეები ასევე იყვნენ ასურეთიდან, რატევანიდან,
ნორიოდან... ქვემო ქართლის მარნების უმეტესობა რქაწითელს და მწვანე კახურს აყენებს. ასევე ძალიან პოპულარულია სახელდობრ ქვემო ქართლური ვაზის ჯიში – ასურეთულიც, რომელიც ბოლო წლებში მრავალგან გაშენდა და ამ ჯიშის ყურძნისგან ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მსუბუქი წითელი ღვინო დგება.

გურიისა და იმერეთის მეღვინეობის პრობლემები

განსხვავებით კახეთისგან, შარშან მაინცდამაინც კარგი წელი არ იყო იმერეთსა და გურიაში და ეს ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშებითაც დადასტურდა. ადრეულ გაზაფხულზე დიდმა ყინვებმა, ზაფხულში კი ბევრმა
წვიმამ ადგილობრივი ვენახები ძალიან გააფუჭა. ბუნებრივია, ეს ღვინის ხარისხსაც მძიმედ დაეტყო. ფესტივალზე რასაკვირველია იყო ციცქას და ცოლიკოურის საინტერესო ნიმუშებიც. თუმცა, ცუდი წლის დამღა იმ ღვინოებსაც აჩნდათ. განსაკუთრებით მძიმედ მაინც გურიამ გადაიტანა გასულ წელი და ნაადრევმა ყინვებმა ჩოხატაურში და ლანჩხუთში ახალკვირტგამოტანილი ვაზები მოყინა.

ფესტივალზე საკმაოდ კარგი ხარისხის ღვინოები წარმოადგინეს შიდა ქართლელმა მეღვინეებმა. განსაკუთრებით საინტერესო იყო კასპის მუნიციპალიტეტში, მტკვრისპირა ტერიტორიაზე მდებარე ვენახებში მოწეული
ჩინური და გორული მწვანე. არქეოლოგისა და მეღვინის – ნიკა ვაჩეიშვილის ატენის შავკაპიტომ კი ქართველების გარდა, უცხოელების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შიდა ქართლიდან ფესტივალში სულ დაახლოებით 20-მდე
მეღვინე იღებდა მონაწილეობას და სასიხარულოა, რომ ღვინოები ტრადიციულად გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების გარდა, წარმოდგენილი იყო ხაშურიდან და ქარელიდანაც, რაც შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილის
მეღვინეობის კუთხით გამოცოცხლებაზე მეტყველებს.

ღვინის ენთუზიასტების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მატულობს და საზოგადოებაც მეტად ინტერესდება ხარისხიანი ქართული ღვინით. ამაში სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, „ახალი ღვინის ფესტივალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რიგითი მოქალაქეები
თანდათან ღვინის მცოდნე ადამიანებად ყალიბდებიან.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი:

„წელს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გვქონდა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ 2017 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“ სარეკორდო რაოდენობის ადამიანი მოვიდა და უკვე ყველა ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმთავრესი ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებაა. ღვინის მოყვარულებს წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალზე“განსაკუთრებით დიდი არჩევანი ჰქონდათ – დიდი და მცირე ღვინის კომპანიები, ასოციაციები, მცირე მწარმოებლები და 100-მდე საოჯახო მარანი. ფესტივალზე დასწრება წელსაც
თავისუფალი იყო. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინოები. წელს სტუმრებისთვის გათამაშდა საფერავის ღვინით სავსე 10-ლიტრიანი 8 კასრი. ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა: ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, „ნალი ბენდი“და, რა თქმა უნდა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მეგობარი – რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი. წელს პირველად წარსდგა ფესტივალზე – ხონის სახალხო სასულე ორკესტრი, რომელთა გამოჩენამაც ფესტივალზე დიდი აღტაცება გამოიწვია სტუმრებში.
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო“.

ჩვენ შეგნებულად არაფერი გვითქვამს აჭარისა და სამეგრელოს მეღვინეობაზე. საქართველოს ამ ორ კუთხეში სამწუხაროდ არათუ ბოთლის ღვინის მწარმოებელი მარნები, ნატურალური (უშაქრო) ღვინის მწარმოებელი გლეხებიც კი ძალზედ ცოტაა. მით უმეტეს ცოტაა იმ გლეხების რაოდენობა,
რომლებიც გადალახავენ „დაბალი თვითშეფასების ბარიერს“ და საკუთარ ღვინოს ღვინის მოყვარულ საზოგადოებას ფესტივალებზე გააცნობენ. ამის მიუხედავად, ეს ორი რეგიონი მაინც ტოვებს იმედს, რომ მომავალში ძვრები
შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს. ამის პერსპექტივას პირველ რიგში ადგილობრივი ვაზის ჯიშების ტრადიციული მრავალფეროვნება და რიგითი ადამიანების ღვინისადმი დიდი სიყვარული გვაძლევს.

ლევან სეფისკვერაძე