ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ვენახი სათბურში – ქუთაისში ვაზი არატრადიციულ გარემოში გაახარეს - #2(51), 2017
ინოვაციური ტექნოლოგიისა და ინტენსიური მეურნეობის სინთეზი

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით – ვაზის სამშობლოში ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ისიც ფაქტია, რომ საქართველოში გარეშე ფაქტორებისაგან (სეტყვა, გვალვა) ყველაზე დაუცველი სწორედ ვენახებია. ქვემოთ საუბარი გვექნება იმერეთში, კერძოდ კი ქუთაისში დანერგილ სიახლეზე, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის ყურძნის მოყვანის ინოვაციურ ხერხს ითვალისწინებს.

73 წლის, პენსიონერი თენგიზ ჩინჩალაძე, ნიკეას დასახლებაში, ქალაქის ცენტრიდან ოთხიოდე კილომეტრში განთავსებულ 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გაშენებულ სათბურებში 9 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. ეს საკმაოდ ახლო პერსპექტივაში, მანამდე კი, ყოფილი მშენებელი მნახველებს ვერ აუდის – ბევრს აინტერესებს საკუთარი თვალით იხილოს ქართულ-ფრანგული წალკოტი, განსაკუთრებით მოახლოებული მწიფობის პერიოდში.

თენგიზ ჩინჩალაძე:

„სასათბურე მეურნეობა 5 წლის წინ მოვაწყვე. თავდაპირველად მწვანილს ვაწარმოებდი, მაგრამ რეალიზაციის ბაზრის არასტაბილურობამ პროფილის შეცვლა მაფიქრებინა. თანაც, მწვანილის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იყო დაქირავებული მუშა-ხელის ხვედრითი წილი.

ყურძენმა უფრო გაამართლა. სიმართლე გითხრათ, ყურძნის რეალიზაციაზე გვქონდა აქცენტი, მაგრამ გასულ შემოდგომაზე ადგილობრივი ბაზრის რეალიზატორების მიერ კილოგრამში 1,5-2 ლარის შემოთავაზება (როცა თავად კილოს 8 ლარადაც კი ყიდდნენ) პირად შეურაცხყოფად მივიღე. გადავწყვიტე ღვინო დამემზადებინა. მეც მომეწონა, ცნობილმა მეღვინეებმაც მაღალი შეფასება მისცეს ჩემ ნაწარმს და უკვე სწორედ ღვინის სეგმენტზე მინდა მთავარი აქცენტი გავაკეთო. თან მას ყურძნის „დავაჟკაცებაც“ ალბათ უკეთეს საგემოვნო თვისებებს შეძენს“.


კერძო მეურნეობაში დღეს ორი, თითოეული 330 კვადრატულ მეტრზე გაშენებული სათბურია. აქ ჯერ ფრანგული საღვინე და სასუფრე ყურძნის ჯიშები მოჰყავს მეპატრონეს. მალე მათ საკუთარი ხელით გამოყვანილი ოცხანური შეემატება.

„კარდინალი სუფრის ყურძენია. შარშან თითო მტევანი 1,3 კილოზე ნაკლები არ ყოფილა. კაბერნედან კი შესანიშნავი ღვინო გამოდის – კარგი შაქრიანობა ჰქონდა. რაც ყველაზე მთავარია, ბიოპრეპარატების მეშვეობით ეკოლოგიურად სუფთას ვაწარმოებ. სარეველას მოსასპობადაც კი არ ვხმარობ ქიმიას – ხელით შრომა.

გაისად მესამე სათბურში ოცხანურს გავაშენებ. როცა სამივე სრული სიმძლავრით ამუშავდება, დაახლოებით 3 წელიწადში 9-10 ტონა ყურძნის მოსავალს მივიღებ. თითო ძირზე 30-40 კილოგრამის მოკრეფას ვაპირებ. ყურძნის რეალიზაციაზე მეტად ღვინო მინდა ვაწარმოო“,
– ამბობს თენგიზ ჩინჩალაძე.

იგი წარმოების მოდერნიზაციაზეც ფიქრობს. საამისოდ პროექტისგან „აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტის მიღების იმედი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისმა იდეამ დამფინანსებლებში დაინტერესება ვერ ჰპოვა. ამ წარუმატებლობის
მიუხედავად, თენგიზ ჩინჩალაძე მეურნეობის ტერიტორიაზე მინი-ქარხნის მოწყობის იდეაზე უარს მაინც არ ამბობს:

„სულ იქნება 120 კვ.მ ფართობის შენობა. ჩემი გათვლებით, 6-7 ტონა ღვინის დამზადება და შენახვა შემეძლება. დაახლოებით 50 კვადრატულზე სადეგუსტაციო დარბაზი იქნება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით იქნება ყველაფერი – ერთი კარიდან შესული ყურძენი, უკვე მზა ღვინის სახით სხვა კარიდან გავა.

სხვათა შორის, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამა გვქონდა წარდგენილი. მაქსიმალური ლიმიტი 15 ათასი იყო, ჩვენ კი 9 ათას ლარამდე ვითხოვდით. ვაპირებდით ნახევრადავტომატური ჩამოსასხმელი აპარატის, ყურძნის საჭყლეტი და ბოთლის საცობის დასახური მექანიზმების, მაცივრის შეძენას. სამწუხაროდ, უარი გვითხრეს. თუმცა, განაცხადის წარდგენისთვის მადლობა კი შემოგვითვალეს. ამ ეტაპზე დიდ მასშტაბებზე ვერ გავდიოდით, მხოლოდ 10 ადამიანი საქმდებოდა – როგორც ჩანს, უარის მიზეზიც ეს იყო“.


თენგიზ ჩინჩალაძის ძმა, სილოვან ჩინჩალაძე პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელია და ასევე ძმასთან ერთად არის სათბურებში ვაზის განვითარებაში ჩართული.

სილოვან ჩინჩალაძე:

„თავიდან როცა აქ ეს სათბურები გაშენდა, ძირითადი კულტურა იყო ცერეცო. 4 წლის განმავლობაში მოგვყავდა აქ მწვანილი, მაგრამ დაქირავებული პერსონალისაგან განსხვავებით, ჩვენთვის – მეპატრონეებისთვის მან არ გაამართლა. მერე, რომ იტყვიან, დავუჯერეთ ბატონი მერაბ ბარათაშვილის რჩევებს – იგი სოფლის მეურნეობის დარგის საკმაოდ მაღალი დონის ექსპერტია, – და ცერეცო ყურძნის ფრანგული ჯიშის ნერგებით ჩავანაცვლეთ.

– თქვენი ცენტრი ფიზიკურად მიბმულია ამ სასათბურე მეურნეობას. აზრობრივადაც თუ ხერხდება მათი ერთმანეთთან დაკავშირება?

– როგორ არა. ახლა ჩვენთან არის ჯგუფი, რომლის წევრებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან სათბურებში. ესაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“. ჩვენ გავიმარჯვეთ მათ პროექტში და დაგვიფინანსეს ტრენინგები.

ამ ტრენინგებს გადიან ბენეფიციარები, რომლებიც მოწვეული არიან „საქართველოს ბავშვთა SOS სოფელი – ქუთაისი“-დან. ამ ბენეფიციარებს ევროკავშირმა შეუძინა ფუტკრის ოჯახები და აუშენა სათბურები, სადაც უნდა გამოიყვანონ ჩითილები. კონკრეტულად ჩვენს სათბურებში კი, ეს ბენეფიციარები სწავლობენ როგორ უნდა მოუარონ ამა თუ იმ კულტურას“.

თენგიზ ჩინჩალაძეს კონსულტაცია გაუწია სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტმა მერაბ ბარათაშვილმა. ბარათაშვილის რჩევა იყო, რომ სათბურში მწვანილის ნაცვლად ვაზის მოშენება უფრო მომგებიანი საქმე იქნებოდა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

მერაბ ბარათაშვილი:

„საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციის ტემპის აღებისას სულ მაწუხებდა ის თემა, რომ კი, მიწა თითქოსდა დაუბრუნდა მეურნეს, მაგრამ იმდენად დიდი იყო სოციალიზმის გავლენა ამ ხალხზე, კონკრეტულად რა უნდა ეკეთებინათ ამ მიწებზე, ამის საკმაოდ მწირი ცოდნა იყო.

სათბურებში ბოსტნეულის წარმოების არცთუ დიდი ხნის გამოცდილება არსებობს და იმიტომაც მოხდა ალბათ, რომ კონკრეტულად ამ მესაკუთრეს თავდაპირველად ფუჭი შრომა მოუწია. როცა ერთ დროს კილოგრამი ცერეცო 17-20 ლარად იყიდებოდა, ბოლო 4 წელიწადში მისი ჩასაბარებელი ფასი 2 ლარს არ ასცილებია. აქ იყო სივრცე, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და გადავწყვიტეთ ყურძნის წარმოების ინოვაციური მეთოდისთვის მიგვემართა. აქაც არ იყო ცნობილი რამდენად გაამართლებდა ექსპერიმენტი, მაგრამ საბედნიეროდ, უკვე თავადაც ხედავთ – შედეგი ძალიან მალე დადგა.


შეირჩა ვაზის 3 ჯიში. ამ დროს დაემთხვა და მივაგენით საქართველოში საკმაოდ ხარისხიანი ბიოლოგიური პრეპარატების ესპანეთიდან შემომტან ორგანიზაციას. ყველაფერი ეფექტურად იქნა გამოყენებული. ესაა კომპლექსში ინოვაციური ტექნოლოგია და ინტენსიური მეურნეობა.

ეს გახლავთ იმის მაგალითი, რომ ამ ორი კომპონენტის ერთობლივად გამოყენების გარეშე მიწასთან შრომა გაწეული შრომის გარდა არაფერს მოგვცემს. კაპიტალიზაცია არ მოხდება, ე.ი. ვერ მივიღებთ დახარჯული შრომის ამონაგებს – რაც ხდება დღევანდელი ქართული სოფლების უმეტესობაში: გლეხი თესავს კულტურას, მაგრამ როცა შემოდგომაზე ხედავს, რომ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად საკმარის ამონაგებს ვერ იღებს, იმედგაცრუებული იძახის – მორჩა, მეტს აღარ დავთესავო. უმეტესობა ქვეცნობიერად გაკოტრებულნი არიან, რაშიც საკუთარ თავთან გამოტყდომა უჭირთ. უჭირთ და მომავალ წელსაც აგრძელებენ უნაყოფო შრომას. ვინც ხვდება, რომ ამ გზით მოგებას ვერ მიიღებს, ან ტოვებს მიწას დაუმუშავებელს,
ან ეძებს დაახლოებით ისეთი ტექნოლოგიების შერწყმის შესაძლებლობას, რომელსაც ბატონმა თენგიზ ჩინჩალაძემ მიაგნო.


ამ მიგნების შედეგად, მარტო დღეს მოქმედ სათბურებში (660 კვ.მ) ორი წლის თავზე მიღებული იქნება ზუსტად იმდენი პროდუქტი, რაც იმერეთში შესაძლოა მიღებულ იქნას 1 ჰექტარ მიწაზე. ესაა აბსოლუტურად უხარვეზო, ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენი.

აქ აგროტურებია დაგეგმილი. მოგეხსენებათ, ტურისტებს უყვართ ისეთი ადგილების მონახულება, სადაც ქვეყნის ღირშესანიშნაობებს იხილავენ. გვესმის, რომ ტურისტს მარტო ვენახი არ აინტერესებს, მაგრამ აქ, ქალაქის ცენტრიდან 3-4 კილომეტრში მალე მოეწყობა ღვინის წარმოების მინი-ცენტრი, რომელიც თვით ბევრისმნახველ უცხოელებსაც სასიამოვნოდ გააკვირვებს.

– ანალოგიურ, ოღონდ უცხოურ პროდუქციასთან კონკურენციის მხრივ როგორი პერსპექტივებია?

– თუ ასეთი პროდუქცია ბევრს ექნება საქართველოში ნაწარმოები, ჩვენთან ეგრევე გაჩნდება გარე მომხმარებელი. როცა კი გარე მომხმარებელი ჩნდება, პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მინიმუმ სამმაგდება. როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ქსელური მარკეტინგის ცნობილი მომხმარებლები არ ინტერესდებიან ან არ კითხულობენ ქართულ ბაზარზე პროდუქციის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას? კითხულობენ და როცა საკმარისი რაოდენობა არ ხვდებათ, მიდიან და იძენენ სომხეთში, ირანში, ტაჯიკეთში.

– ასეთი შედეგის ერთერთი „საიდუმლო“ ბიოპრეპარატები ჩვენთან ხელმისაწვდომია?

– საკმაოდ. 1 ლიტრი ხსნარი ერთი ჰექტარი ფართის სამყოფ 300 ლიტრ ნაჯერ სითხეს იძლევა. მისი პირობითი ფასი 30 ლარს არ სცდება. ჩვენთან ეს მამაპაპური შაბიამანი ვერ ამოიღეს ხმარებიდან. თუმცა, ის კი გვავიწყდება, რომ სანამ შაბიამანი მამაპაპური გახდებოდა, ფრანგული იყო. ფრანგები კი შაბიამანს კარგა ხანია აღარ ხმარობენ.

– სიახლე – ვენახი სათბურში, საქართველოში ფეხს იდგამს. თქვენ არაერთი ქვეყნის ანალოგიურ გამოცდილებას იცნობთ.

– ჰოლანდიაში ერთ-ერთი ფერმერი მარტივად მიუდგა ამ საკითხს. მას ყურძენი ღვინისთვის არ უნდა – მისთვის მხოლოდ სახილე დანიშნულება აქვს. ესპანეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან რომ არ შეეძინა, ადგა და მოაწყო სათბური. ხარისხისა და მაღალრენტაბელური ტექნოლოგიის თვალსაზრისით შედეგი გახლავთ შოკისმომგვრელი. ამის შემდეგ ჰოლანდიელსაც შეუძლია თქვას, რომ კი მართალია სათბურშია, მაგრამ ვაზი მისთვისაც ტრადიციული კულტურაა.

კალიფორნიაშიც არ იყო საუკუნეების წინ ვენახი, მაგრამ იქაურს რომ უთხრა ვაზი არ იყო თქვენი ტრადიციული კულტურა და ახლა რატომ მოგყავთო, მაინცდამაინც ვერ გაიგებს რას ეუბნებით.
 
გასაგებია, რომ ტექნოლოგიები ტრადიციებს კარგი გაგებით, კლავენ, მაგრამ მათი დანერგვის მთავარი მიზანი ხომ წარმოების რენტაბელობაშია?! თუ არ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიისა და ინტენსიური მეურნეობის სინთეზი, ისეთ ქვეყანაშიც კი, რომელიც ვაზის სამშობლოა, მოგების მასშტაბებს ვერ გავზრდით.

ისე არ მინდა გამიგოთ, რომ ასეთი სინთეზი ადგილწარმოების ყველა ჯიშის ყურძენს შეიძლება შეეხოს. უფრო სწორად, ის, რაზეც ვისაუბრეთ, შეიძლება საქართველოს ისეთ ადგილებში განხორციელდეს, სადაც ადგილწარმოშობის ჯიშის ყურძნები არაა და არის მოთხოვნა მასობრივი წარმოების ჯიშის  ყურძენზე.

– ფაქტია, ყოველივე მაინც მოითხოვს ინვესტირების არცთუ უმნიშვნელო მასშტაბებს.

– ამ დროს არის დაფინანსების ორი გზა: 1. ფერმერმა თავად განახორციელოს ინვესტიცია; 2. მოხდეს კოოპერირება და რამდენიმე ფერმერმა მოახდინოს ერთობლივი ინვესტირება.
 
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სოფლად მცხოვრებ ერთ ოჯახზე საშუალოდ მაქსიმუმ ჰექტარნახევარი მიწის ნაკვეთი მოდის. რა უნდა მოიწიოს გლეხმა ამ მიწაზე ისეთი, რომ მისმა პროდუქციამ შეძლოს ევროკავშირში
დაწესებული რეგულაციების გავლა და იგი ევროპის ბაზარზე გაიტანოს? მისი ნაწარმოები პროდუქციის მოცულობა, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს, ისეთი მცირე იქნება, უცხოურ ბაზარზე კონკურენციის პირობებს ვერ დაძლევს. აი, თუ კოოპერირება მოხდება, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მაგალითისთვის, დანიაში გაყიდული რძის პროდუქტების 60%-ს ერთი კოოპერატივი აწარმოებს. ჰოლანდიაში, სადაც საოცრადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა, ქვეყნის მთელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი აწარმოებს. ესაა ქვეყანა, რომელიც აწარმოებს დედამიწაზე რეალიზებული პომიდვრის 35%-ს, კიტრის 26%-ს, ყველის 37%-ს, ყვავილზე აღარაა საუბარი – ამ სფეროში ისინი სრული მონოპოლისტები არიან. როგორ ფიქრობთ, ეს მსხვილი კოოპერირების გარეშე მოხდებოდა?
 
გვინდა სოფლის მეურნეობა? მისი ნაძალადევად შენარჩუნება არ შეიძლება, მეტიც – დანაშაულია. არ აწარმოებ შენ, დედამიწაზე მწარმოებლის მეტი რაა? ხომ ხედავთ, თურქეთიდან შემოტანილი კიტრითა და პომიდვრითაა სავსე დახლები. თუნდაც ის ყურძენი, რომელიც აგერ ამ სათბურში აგვისტოს ბოლოს იქნება მზად სარეალიზაციოდ, უკვეა ქართული ბაზრის დახლებზე.
 
განვითარება გვინდა? უნდა გავაკეთოთ შედეგზე ორიენტირებული მეურნეობები. თუ არ გინდა – დაანებე თავი და არ დაამუშავო. თითქოს პარადოქსია, მაგრამ თუ მოგება არ გაქვს და მარტო წელის წყვეტაა გარანტირებული, ტყუილად რატომ უნდა იმუშაო?
 
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში შედეგზე ორიენტირებული მეურნეობების უმეტესობა თბილისთან ახლოს მდებარე კახეთის სოფლებშია. მათში ჩადებული ინვესტიციები უკვე იძლევა ამონაგებს, რაც მაგალითი უნდა იყოს სხვა ქართული რეგიონებისთვისაც. სოფლის მეურნეობა მხოლოდ ყურძნის წარმოებას ხომ არ მოიცავს? ქართველებს სხვა ბევრი კულტურითაც შეუძლიათ ჯერ საკუთარი ბაზრის გაჯერება, მერე კი ქვეყნის გარეთაც მიწოდება.

ფრიდონ კერვალიშვილი