ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
დამწვარი ბაზრობები და დაზარალებული მოვაჭრეები - #2(51), 2017
რატომ ჩნდება ხანძრის მერე ეჭვები პოლიტიკური მიმართულებით

წლევანდელ ზაფხულში ხანძარი უკვე აღარავის უკვირს. სიცხის დროს მინდვრის და ტყის ხანძარი საკმაოდ ხშირია ხოლმე, თუმცა, ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა ხანძარი სავაჭრო ტერიტორიაზე. უკვე წლებია, ხალხი ბაზრობის დაწვას ერთგვარად შეეჩვია კიდეც, ბოლო წლებში იმდენი დახლები თუ საწყობები გაანადგურა ცეცხლმა და მოვაჭრეები გვარიან ზარალში ჩააგდო. ბოლო მნიშვნელოვანი ხანძარი, რაც სავაჭრო ფართზე გაჩნდა, 3 ივლისს, ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ იყო და 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული შენობები თავისი პროდუქციის ჩათვლით გაანადგურა. მანამდეც, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ დაგროვდა და ხალხში განცდა ჩამოყალიბდა – ხანძრის გაჩენა ვიღაც-ვიღაცებს ხელს აძლევსო. ამიტომ, ლამის ყველა მსგავს შემთხვევას ეჭვით უყურებენ.

ხანძარი და პოლიტიკა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბაზრობების ტერიტორიაზე ბოლო დიდი ხანძარი 3 ივლისს, „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. როგორც კი ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ
„ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი“. ასეთი ეჭვების საფუძველს კი, თუნდაც ის უწყობს ხელს, რომ ბოლო წლებში სავაჭრო ტერიტორიებზე გაჩენილი ეს უკვე მე‑12 შემთხვევა აღმოჩნდა. როგორც წესი, ასეთ ეჭვებს არც
პოლიტიკური დატვირთვა აკლია ხოლმე. თუკი წლების წინ, ლამის ყველა საეჭვო სიტუაციისას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინტერესზე გამოთქვამდნენ ხოლმე ვარაუდს, ამჟამად უკვე ეჭვების სამიზნედ „ქართული
ოცნებაა“ გადაქცეული. 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ ხანძრების შემთხვევები მართლაც საკმაოდ გახშირებულია და ჩამონათვალი მასშტაბურად
გამოიყურება. ვაკე-საბურთალოს პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად „სამართალდაცავთა დაცვის ლიგის“წევრმა, ზაზა ჭაიამ `ფეისბუქში~ იმ დამწვარი ობიექტების სია გამოაქვეყნა, რომელიც ხანძარმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაანადგურა.

1. დამწვარი „ლილოს“ ბაზრობა – 2012/15/XI

2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი „საბა“ – 2013/26/II

3. დამწვარი „ევროპარკი“ – 2013/17/VII

4. დამწვარი სენაკის ბაზრობა – 2014/25/VIII

5. დამწვარი „ბოშათა” ბაზრობა“ – 2014/16/IX

6. დამწვარი „ხოფას” ბაზრობა“ – 2014/7/XII

7. დამწვარი „ელიავას” ბაზრობა“ – 2014/27/XII

8. დამწვარი „ისნის” ბაზრობა“ – 2015/21/01

9. დამწვარი „ელიავას“ ბაზრობა – 2015/4/VIII

10. დამწვარი „შავი“ ბაზრობა – 2016/2/VIII

11. დამწვარი „ბავშვთა სამყარო“ და მიმდებარე ბაზრობა– 2017/29/I

12. დამწვარი „ელიავას“ ბაზრობა – 2017/6/II.

ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია. ყოველი ხანძრის შემდეგ ბაზრობების მოვაჭრეები ხან აქციებს მართავდნენ,სადაც ან ბაზრობის მეპატრონეებისგან ცდილობდნენ ზარალის ანაზღაურებას ან ხელისუფლებას სთხოვდნენ დახმარებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანძრების დროსაც კი პოლიტიკური მინიშნებები ლამის ჩვეულებრივ ამბად არის გადაქცეული. ხელისუფლებაში ახლადმოსული იყო „ქართული ოცნება“, როდესაც ავეჯის სავაჭრო ცენტრი „საბა“ დაიწვა და მისი დირექტორი ხანძრის გაჩენაში ყოფილ სახელისუფლებო ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდა. პაატა კაჭარავა აცხადებდა,
რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელისუფლებამ მილიონობით ღირებულების ქონება წაართვა, 2012 წელს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“დაუჭირა მხარი და იმედი ჰქონდა, ახალი ხელისუფლება
სახელმწიფოს წართმეულ ქონებას დაუბრუნებდა. თუმცა, როგორც წლების შემდეგ გამოჩნდა, სახელმწიფომ „საბას“დირექტორს არც არაფერი დაუბრუნა და არც ხანძრის გაჩენის გამო მიუციათ წინა ხელისუფლების რომელიმე
წევრი პასუხისგებაში...

ასე იყო თუ ისე, სანამ „წინა ხელისუფლების“ მიმართ აგრესია ხალხში საკმარისად იყო შემორჩენილი, ფაქტია, ყველა უბედურებას სწორად მას მიაწერდნენ ხოლმე. მაგრამ, მას შემდეგ, რაც უკვე წლები გავიდა და სხვადასხვა
სავაჭრო ცენტრები თუ ბაზრობები აგრძელებდნენ დაწვას, ხალხის დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა: უკვე მოქმედი ხელისუფლების მისამართით გაჩნდა უნდობლობა და პრეტენზიები.

„ელიავას“ ბაზრობაზე წლევანდელი ხანძრის დროსაც სწორედ ასეთი დამოკიდებულება იყო. დაზარალებულები „ქართული ოცნებისგან“ და ქალაქის მერიისგან ელოდებიან პასუხს – გაარკვიონ როგორ გაჩნდა ხანძარი და ვინ აუნაზღაურებს მათ ზარალს.

შსს-ის გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2500 მ2-ზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე. ხანძრის დროს დაშავდა ერთი ადამიანი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

კომენტარი გააკეთა დიდუბის რაიონის გამგებელმადა დაზარალებულებს მოუწოდა, ხანძარს პოლიტიკურ დატვირთვას ნუ მისცემთო. ირმა ზავრადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ელიავას“ ბაზრობაზე დაზარალებულებს ქონება დაზღვეული ჰქონდათ.

„ხანძარი 8-ზე დაიწყო და ეკიპაჟი 4 წუთში მოვიდა. მობილიზება სწრაფი იყო. სრული და ზუსტი ინფორმაცია ჯერ ვერ იქნება. პირველადი კერა მანქანის ნაწილების მაღაზიიდან იყო სადაც ზეთებია და საბურავებია. რადგან სწრაფად აალებადი პროდუქტი იწვოდა, ხელმეორედ გაჩნდა კერები. ახლა ლოკალიზებულია. გამომწვევი მიზეზები ჯერ არა ცნობილი. იმედს ვიტოვებ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ გამოცდილების მერე, ამ ადამიანებმა იციან, რომ დაზღვეული უნდა ჰქონოდათ ქონება. რა თქმა უნდა, დაცვა ჰყავდა შენობას და სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა. ნუ გადავიყვანთ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

თუმცა, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ელიავას“ ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეჭვის გარკვეული საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. საქმე ისაა, რომ კარგახანია, უკვე თბილისის საკრებულოში განიხილება ელიავას ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობის იდეა. არსებობს მეორე ვერსიაც – „ელიავა მოლის“ მოწყობის თაობაზე, რომელიც გაცილებით კომფორტული, მაგრამ მაინც სავაჭრო ფართების არსებობას გულისხმობს თბილისის გულში.

რეკრეაციული ზონის მოწყობა იმ ფონზე, როცა დიდუბესა და „პლეხანოვზე“ ჰაერის დაბინძურების და მასში ტყვიის შემცველობის მონაცემები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგანგაშო თუ არა, დამაფიქრებელია,
ნამდვილად კარგი იქნებოდა დედაქალაქის მოსახლეობისთვის. მაგრამ მეორე მხარეს 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანის ინტერესები დგას, რომელთა განაწყენებას ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აპირებს. მით უმეტეს – ადგილობრივი არჩევნების წინ. თუმცა, ისიც ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმეს ელიავას ბაზრობა რეკრეაციული ზონის მოსაწყობად გადაეწვა. …შესაბამისად, რჩება მეორე ვერსია – ბიზნეს-ინტერესები.

როგორც გაირკვა, შენობა-ნაგებობები, რომლებიც დაიწვა, დაზღვეული იყო, პროდუქცია კი – არა. შესაბამისად, მეწარმეები სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ, რათა საბოლოოდ არ გაკოტრდნენ. ოფიციალური მონაცემებით,
ელიავას ბაზრობაზე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში 240 მილიონი ლარი შეაქვთ.

„ელიავას“ ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა გია სულაქველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ ინფორმაციები ვრცელდებოდა და სწორედ
ამიტომ არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა. მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ სად და როგორ განთავსდებოდა „ელიავას“ ბაზრობა. აქედან გამომდინარე, მოერიდა რისკებს და თავი შეიკავა
დაზღვევის გახანგრძლივებისგან.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება.

„ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩნდებოდა ვერსიები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე, თუმცა, რამდენად აქვს ამ ვერსიებს არსებობის საფუძველი, ამას გამოძიება დაადგენს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა.

ნარჩემაშვილის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემაა ის, რომ სახანძრო უსაფრთხოების სფერო მთლიანად დაცლილია სახელმწიფო რეგულაციებისგან, რაც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს.

„როცა დამწვარია 2500 მ2 ფართი, ალბათ, ზარალიც ძალიან დიდი იქნება. ვერ გეტყვით, ვის ჰქონდა ქონება დაზღვეული და ვის – არა. ვიცი, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულებს საგადასახადო ვალდებულებები
ჩამოეწერებათ“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა. მისი თქმით, ხანძრის და ზარალის რისკები იმის გამოც არის გაზრდილი,რომ 2004-2012 წლებში, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ხელისუფლების მხრიდან იგნორირებული იყო.

წლის მასშტაბური ხანძარი – "ბავშვთა სამყარო" 

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 2017 წლის 30 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. დაიწვა „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და მის შემოგარენში ღია სავაჭრო ფართები. საერთო ფართობი 13 000 კვადრატული მეტრია.
ხანძარი იმდენად დიდი იყო, რომ 31 სამაშველო ეკიპაჟი აქრობდა ცეცხლს. ხანძრის შემდეგ გაირკვა რომ შენობა აღარ ივარგებს და დასანგრევია.
 
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხანძარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა. როგორც ხანძრის შემდეგ „ბავშვთა სამყაროსთან“ მისულმა ნარმანიამ განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა ვერ
გამოიყოფა:

„ზარალი საკმაოდ დიდია. ასეთი მასშტაბის ხანძარი, ბოლო წლებია, არც მომხდარა ქალაქში. რთული ვითარებაა, რადგან ბევრი ადამიანი დაზარალდა. თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მათ დასახმარებლად თანხა ვერ გამოიყოფა,
მაგრამ თუ სხვა მხრივ შევძლებთ დახმარებას, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, მზად ვართ დაზარალებულებს დავეხმაროთ“.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, შენობა დაშლას ვერ გადაურჩებაო, დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზარალის ანაზღაურება
გამგეობის შესაძლებლობებს აღემატება.

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის შემდეგ აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს, რადგან, მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის აშენება სურდათ. ამ საკითხს „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სჯობს ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს. მაჭავარიანის თქმით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, „ბავშვთა სამყაროს“ დირექციამ მზადყოფნა გამოთქვა თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრა.

„ბავშვთა სამყაროს“ დირექცია ყველანაირ თავის პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე. ჩვენ ახლა ველოდებით გამოძიების შედეგებს. ვნახოთ, რას იტყვიან,იმიტომ რომ ახლა არანაირი პასუხი არაფერზე არ მაქვს. ასეთი ხანძარი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს, – ეს უკვე სააქციო საზოგადოების იურისტმა, ვაჟა მაისურაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

„ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეა გამოძიება დაწყებულიდა დასკვნებიც ამას აჩვენებს“, – განაცხადა მაისურაძემ და აღნიშნა, რომ მათ გარკვეული ეჭვები აქვთ, ვის ინტერესში შედიოდა კომპანიის დაზარალება, თუმცა გამოძიების დასრულებას ელიან. იურისტი ამბობს, რომამ ხანძარმა ყველაზე მეტად აქციონერები დააზარალა. დაზღვევისგან ზარალის ანაზღაურება კი ხანგრძლივი
პროცესია, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის შემდეგ მოვაჭრეების მასშტაბური პროტესტი გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ გამოძიების დროულ დასრულებას, რათა გარკვეულიყო ვის უნდა აენაზღაურებინა ზარალი. დედაქალაქის ხელისუფლება კი ერთგვარ დათმობაზე
წავიდა და თითოეული მოვაჭრისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან კომპენსაციის გაცემა გადაწყვიტა.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 ქვემოიჯარე უახლოეს პერიოდში მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს“, – 24 მარტს განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ.

„საკითხი მოგვარებულია, გადაწყვეტილია და ხელისუფლებამ გამოიჩინა დიდი ნება დაზარალებულებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიოს“, – თქვა ბერაძემ.

ასეთი კომპენსაცია მოვაჭრეებისთვის არასაკმარისი გამოდგა და აქციები განაგრძეს. მეტიც, მათმა მოთხოვნებმა უკვე პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა და თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადაყენებაც მოითხოვეს.
მიზეზი: უსაშველოდ გაჭიანურებული გამოძიება. აქციის მონაწილეებს შეუერთდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.

„მთელმა საქართველოს პროგრესულმა ნაწილმა იცის, რომ ხელისუფლებამ და ბანდიტებმა გადაწვეს „ბავშვთა სამყაროს“ შენობა. 8 კერა ერთდროულად ინდურ ფილმებშიც არ ჩნდება. ხალხი მიდიოდა და ამბობდა, ჩვენი საქონელი
უნდა გამოვიტანოთო, სახანძრო სამსახური კი პასუხობდა, რომ ბრძანებას ველოდებით, რომ ცეცხლი ჩავაქროთო“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. მისივე თქმით, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან და დაზარალებულებს ზარალი სრულად არ აუნაზღაურდებათ, პროტესტი გაგრძელდება.

დედაქალაქის ხელისუფლების პოზიცია

როგორც ჩვენთან საუბრისას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ მაისის ბოლოს განაცხადა, თბილისის მთავრობამ მატერიალური კომპენსაციის გაცემით, საკითხი ამოწურა.

„საკითხი ჩვენი მხრიდან დახურულია. დაზარალებულ მოვაჭრეებს ჩვენ მივეხმარეთ ალტერნატიული ადგილების მოძიებაში და ბანკებთან ურთიერთობაში. გაიცა საკრებულოს ინიციატივით 3000-ლარიანი კომპენსაცია 345 ადამიანზე.

– გამოძიებამ დაადგინა ვინ ტყუოდა? ან იქნებ მერიას საერთოდ არ უნდა მიეცა ფული და სულაც მეპატრონე იყო ვალდებული კომპენსაციის გაცემაზე?

– ჩემი პოზიცია დღესაც არის, რომ მერიას არანაირი ვალდებულება არა აქვს იმ მეწარმეების მიმართ, ვინც საკუთარი რისკების დაუზღვევლობის გამო ზარალდებიან. თუმცა, ეს იყო კეთილი ნება საკრებულოს მხრიდან და ჩვენ, მერიაც დავეთანხმეთ, რომ გაგვეწია ერთჯერადი დახმარება. ამ ადამიანებს ჰქონდათ ფინანსური რესურსის პრობლემა. ახლა გამოძიება მიმდინარეობს. შენობა დაზღვეულია და თვითონ მეპატრონე გადაწყვეტს, რა კონტრიბუცია
გაიღოს დაზარალებულების მიმართ. სამწუხაროდ, ხელშეკრულებაში არ იყო არანაირი ვალდებულებები, აღურიცხაობის პრობლემაც იდგა. ასევე, მხოლოდ ორ მეწარმეს ჰქონდა ქონება დაზღვეული. საკმაოდ ბევრი პრობლემური
საკითხი წამოიჭრა“.

ერთი თვალსაჩინო შედეგი, რაც ამ ხანძარმა მოიტანა ის გახლდათ, რომ სახელმწიფოს თუ სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ სავალდებულო დაზღვევის შემოღების ინიციატივაზე. თუმცა,
ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სავალდებულო დაზღვევის შემოღება რამდენად რაციონალური იდეაა, ცალკე საკითხია.

ბრალი წაყენებულია, გამოძიება გრძელდება

უკვე ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი,
გიორგი მაჭავარიანი და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება:

„ხანძარი გავრცელდა ბაზრობა „ნიუ მოლის“ მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია“, – განაცხადა პროკურატურამ.

მაჭავარიანის დაკავების დროს კი „ბავშვთა სამყაროს“მოვაჭრეებმა აქცია პროკურატურასთან გამართეს. მათი თქმით, პროკურატურა არასწორად იძიებს საქმეს. მათ განაცხადეს, რომ აქციას არ შეწყვეტენ და ზარალის
ანაზღაურებას მომავალშიც მოითხოვენ. მათი თქმით, ხანძრის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა პასუხი უნდა აგონ.

უკვე მეორე დღეს, 28 ივლისს, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი 10 000-იანი გირაო შეუფარდა.

ასე რომ, მოცემული მომენტისთვის გამოძიება გრძელდება, ბაზრობის ხელმძღვანელობა თავისუფალია, დაზარალებული მოვაჭრეები კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ყოველი ხანძრის მიმართ საზოგადოებაში აზრიც დამკვიდრდა – უეჭველი ვიღაც აპირებს ხეირის ნახვას და სწორედ ამიტომ გაჩნდა ხანძარიო.

თემურ იობაშვილი