ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
საქართველოში სავენახე მიწებზე და ვენახებზე მოთხოვნა მატულობს - #2(59), 2019
ბოლო წლებში დეფიციტად ქცეულ ფართობზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა

საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთში ბოლო წლებში ვენახებზე და სავენახე მიწებზე დიდი მოთხოვნაა. ეს ტენდენცია დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, რის შედეგადაც ვენახების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ სავენახე მიწისა და ვენახების შემძენები უმეტესად კახეთის ისეთ სოფლებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დედაქალაქიდან ახლოს მდებარეობს (საუბარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებზე). 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ხაშმი და მანავი მეღვინეობით სახელგანთქმული ადგილებითაა ცნობილი. როგორც ვიცით, ხაშმს სახელი ლეგენდარულმა, ადგილობრივმა საფერავმა გაუთქვა. მანავს კი არანაკლებ ლეგენდარულმა მწვანე კახურმა, რომელსაც ბევრი შეცდომით მანავის მწვანესაც კი უწოდებს. ეს სოფლები გარეკახეთს მიეკუთვნება. მოგეხსენებათ, გარეკახეთი ჰქვია კახეთის იმ ნაწილს, რომელიც მდინარე ივრის ხეობაში და ხეობის შემოგარენში მდებარეობს. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საგარეჯოში ძირითადად ეს ორი სოფელი – ხაშმი და მანავია მეღვინეობით სახელგანთქმული. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ნამდვილად ვერ დაუდგება გვერდზე ვთქვათ თელავს ან გურჯაანს, მაგრამ თბილისთან სიახლოვის გამო, ხაშმშიც და მანავშიც ხარისხიანი ვენახების შეძენა დიდი მოთხოვნის გამო რთული საქმეა. 

დავით ჩიჩუა, მეღვინეობის ექსპერტი: 

„გაძვირება მიდის გასული საუკუნის 90-ანი წლების შემდეგ მუდმივად. 2006-2012 წლებში იყო შედარებით სტაბილური ფასები, მას შემდეგ თითქმის გაორმაგებულია, თანაც დიფერენცირება მოხდა, მდარე ხარისხის სავენახე ადგილებზე ფასის ზრდას, საუკეთესო ტერუარებზე ზრდა ასწრებს. ათი წლის წინ „მუკუზანის“ და „ქინძმარაულის“ ვენახის ფასი 2-3 ჯერ აღემატებოდა მინიმალურ ფასს, დღეს სხვადასხვა სავენახეს ფასებს შორის შეიძლება ათჯერადი განსხვავებაც იყოს. 

– სავენახე ფართობების კუთხით რა რესურსი აქვს საქართველოს? 

– გაძვირებაზე უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმას, რომ რესურსები იწურება. 15 წლის წინ ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ფული იყო საკმარისი და ნებისმიერ ტერუარში ასობით ჰექტარს მოუყრიდი თავს. ახლა შეიძლება დიდი ფულითაც კი სასურველი ფართობი ვერ შეიძინო. ძველად მიწის ძირითადი ნაწილი გაღატაკებული გლეხების და სახელმწიფოს ხელში იყო, დღეს დიდი ნაწილი ბიზნესის ხელშია“. 

ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე მოკვლევით დადგინდა, რომ მანავში კარგად მოვლილი საფერავის ჯიშის ვაზისგან გაშენებული 2 ჰექტარის მოცულობის ვენახის ფასი დაახლოებით 90-100 ათასი ლარია. ამ სოფელში საუკეთესო ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი კი 15 ათასი დოლარია. ორივე შემთხვევაში ჩვენ აქცენტი ისეთ ადგილებზე გავაკეთეთ, რომლებიც სავენახედაც მშვენიერია და მომავალში ტურისტული მიზნებისთვისაც შეიძლება მათი გამოყენება. მანავში (ე.წ. დაბლა მხარეში) ნახავთ შედარებით იაფ სავენახე მიწებს, თუმცა, იქ ადგილები ზედმეტად წყლიანია და მომეტებული ტენიანობა ყურძნის ხარისხზე, როგორც ცნობილია, ძალიან ცუდად აისახება. 

არანაკლებ ძვირია სავენახე მიწა სოფელ ხაშმშიც. ამ სოფელში საკუთრივ ვენახს თითქმის არავინ ყიდის, რადგან ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო ხშირად, მოწეული ყურძენი და დაწურული ღვინოა. მაგალითად, შარშან თუკი შიდა კახეთის სოფლებში საფერავის ყურძენს 1.5 ლარად იყიდდი, ხაშმში საფერავის ყურძენი 3-4 ლარი ღირდა. აქედან გამომდინარე, ვენახების გაყიდვას იქ ყველა ერიდება და სავენახე მიწებიც ძალიან გაძვირდა. ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ხაშმში 1 ჰექტარი ნორმალური სავენახე მიწის ფართი 15-დან 20 ათას დოლარამდე ღირს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ შეძელით ასეთი მოცულობის ადგილის მოძებნა. ხაშმში ძირითადად პატარა ვენახები აქვთ და ერთჰექტრიანი ვენახი ძალიან დიდ ფართობად ითვლება. 

როგორც მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, ვენახებისა და სავენახე მიწების წარმოუდგენელი გაძვირება მომავალშიც გაგრძელდება. ჩამოყალიბებული ტენდენცია ახლა უკვე მთელ ქვეყანაზე გავრცელდა და სავენახე მიწის ფასი მევენახეობით განთქმული ცნობილი მიკროზონების გარდა ისეთ სოფლებშიც გაიზარდა, სადაც ადრე მსგავსი მასშტაბური დაინტერესება წარმოუდგენელიც კი იყო. 

გუჯა გოდერძიშვილი, მევენახე-მეღვინე კახეთიდან: 

„2018 წელს ყურძნის ფასის ზრდამ გამოიწვია ვენახების მასობრივი გაშენება კახეთის რეგიონში. ახლა მასობრივად შენდება საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვაზი, გაიზარდა მოთხოვნა სავენახე მიწებზე. რქაწითელის და საფერავის ვენახების ფართოდ გაშენებით 2022-23 წლებში სავარაუდოა ჭარბმოსავლიანობა და აღნიშნული ჯიშის ყურძნის ფასის ვარდნა. შედეგად მივიღებთ იგივეს, რაც ატმის შემთხვევაში მოხდა. სამწუხაროა, რომ კახელი ფერმერები კვლავ დამოკიდებული არიან ქარხნების მიერ დადგენილ ყურძნის ფასზე, ამით ისინი არც ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას ცდილობენ და არც სხვა უფრო სუსტი და ნაკლებმოსავლიანი, მაგრამ იშვიათი ჯიშის ყურძნის გაშენება აინტერესებთ. ნაკლები ყურადღება ექცევა იშვიათ კახურ ჯიშებს (სიმონასეული, ახმეტის შავი, ხიხვი, ქისი, მცვივანი, გრძელმტევანა და სხვა) რომელთა წარმოებაც გაზრდიდა მრავალფეროვნებას ქართულ მეღვინეობაში და მას უფრო საინტერესოს გახდიდა“. 

ხარისხი და კონკურენცია 

სხვადასხვა გათვლებით, დღეს კახეთის სავენახე პოტენციალის დაახლოებით მხოლოდ 50% არის ათვისებული და ამ ვენახების უმეტესი ნაწილი ძველი და ამორტიზებულია. საუბარია ვენახებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშ¬ლის შემდეგ ყოფილი კოლმეურნეობებიდან ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა. ამ ვენახებს ხარისხობრივად ბევრი არაფერი მიმატებიათ, ხმობა და მისი თანმხლები პრობლემები კი მევენახეებს არასოდეს დაკლებიათ. ვენახების ამორტიზებაში თავისი „წვლილი“ უხარისხო პრეპარატებსაც მიუძღვის და სხვადასხვა წელს უხარისხო წამლობამ ვენახების ხმობაც კი გამოიწვია. 

დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებზეა. სავენახე მიწების მსურველთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფელ კარდანახით ინტერესდება, სადაც ერთი ჰექტარი სავენახე ცარიელი მიწის შეძენაც კი დღეს ძალიან რთულია. ცნობილ წარაფების მიკროზონაში ერთი ჰექტარი ვენახის ფასი 35 ათასი დოლარიდან იწყება. დაახლოებით ამდენივე ღირს საფერავის ვენახი, თუმცა, კარდანახში ვენახის ყიდვის მსურველებს სწორება მაინც წარაფების რქაწითელსა და მწვანე კახურზე აქვთ. 

ვენახების გაძვირების ტენდენციაა ქართლშიც. ქართლელი მეღვინე გიორგი ლაცაბიძე ამბობს, რომ 2015-2016 წლის შემდეგ ქართლში სავენახე ფართობების ფასი საშუალოდ ორჯერ გაიზარდა. 

გიორგი ლაცაბიძე, მევენახე-მეღვინე: 

„შიდა ქართლში 2015-2016 წლის შემდგომ სავენახე ფართობები მინიმუმ ორმაგად არის გაძვირებული, ეს ყველაფერი გამოიწვია ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ტრადიციული და იშვიათი ჯიშების მასობრივად გაშენებამ, რომლებზეც დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბაზარზე და დეფიციტურია, შესაბამისად მოსახლეობასაც გაუჩნდა ინტერესი უკვე მომგებიანი და შემოსავლიანი საქმიანობით დაინტერესებულიყვნენ და ასევე ძველი ქართული ვაზის ჯიშები გაემრავლებინათ რაც შიდა ქართლის რეგიონს ტურისტებშიც საკმაოდ მიმზიდველს ხდის. 

– ძირითადად რომელი ჯიშის ვაზებს აშენებენ? 

– ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად შენდება ჩინებულის იგივე ჩინურის, შავკაპიტოს, გორული მწვანის და თავკვერის ვენახები. ასევე დაიწყეს დანახარულის, ჯვარის და მუხამწვანეს გაშენებაც, თუმცა, შედარებით მცირე ფართობებზე. 

– ეს ტენდენცია თქვენი აზრით რა გავლენას მოახდენს ქართულ მეღვინეობაზე? 

– მევენახეობის დარგის გამოცოცხლებამ ხელი შეუწყო ქართლის იშვიათი ვაზის ჯიშების გამრავლებას. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უკვე საკმაოდ დიდია ინტერესი, აწარმოონ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ღვინო, რადგან როგორც ადგილობრივ ბაზარზე და ასევე საექსპორტო მიმართულებით საკმაოდ გაზრდილია ქართულ ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა და ფასი. ეს ტენდენცია საკმაოდ დიდ და კარგ გავლენას მოახდენს ქართულ მეღვინეობაზე, რადგან გაიზრდება ღვინის ასორტიმენტი, ხარისხი და კონკურენცია, რაც თავის მხრივ აისახება ფასზეც და ნაცვლად ღვინის გაიაფებისა, ამ შემთხვევაში მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან ღვინოს, რომელსაც ბევრად მეტი და გემოვნებიანი მომხმარებელი ეყოლება“. 

90-იანი წლების გამოძახილი 

უკვე შევიდა ძალაში ქართველი მევენახეებისთვის ერთობ საკამათო კანონი, რომელიც უცხოელებს საქართველოში მიწის შეძენას უზღუდავს. კანონის ძალაში შესვლამდე კი საქართველოში ვენახების შემძენი უცხოელები (ძირითადად რუსეთის მოქალაქეები) პრიორიტეტს წითელყურძნიან ვაზს ანიჭებდნენ, რადგან ცნობილი ამბავია, რომ სლავურ ქვეყნებში განსაკუთრებით პოპულარულია ქართული წითელი ნახევრადტკბილი ღვინოები. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში თუკი 7-8 წლის წინ ჰექტარ ვენახს 10 ათას ლარად იყიდდი, დღეს ხარისხოვანი საფერავით გაშენებული ვენახის ფასები 30 ათასი დოლარიდან იწყება. 

როგორც სტატიის დასაწყისშიც ვთქვით, საქართველოში დიდი მოთხოვნაა სავენახე მიწებზეც და ეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის უდავოდ დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნით. გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, კახეთში (ისევე როგორც მთელ საქართველოში) ბევრი გლეხი იძულებული გახდა ვენახები გაეჩეხათ და მათ ადგილზე ისეთი კულტურები გაეშენებინათ, რითაც ოჯახის გამოკვებას შეძლებდნენ. ამის შემდეგ, მოსახლეობის თბილისში და უცხოეთში მიგრაციის გამო სოფლებში ძალიან დიდი ტერიტორიები დარჩა მიუხედავი და დაუმუშავებელი. 

ვენახების და სავენახე მიწის შეძენაზე დიდი მოთხოვნაა ახმეტის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც უძველესი კახური ვაზის ჯიშის – ქისის სამშობლოდ ითვლება. საუბარია სოფლებზე: არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი. ამ სოფლებში სავენახე ტერიტორიების უმეტესი ნაწილი ღვინის მწარმოებელმა ქართულმა დიდმა კომპანიებმა უკვე იყიდეს და დღეს ნახევარი ჰექტარი ხარისხოვანი სავენახე მიწის შოვნაც კი რთული საქმეა. 

სავენახე მიწებზე მოთხოვნა გაიზარდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში. განსაკუთრებული მოთხოვნაა ყვარელში, სადაც ლაგოდეხის მგავსად, სარწყავის პრობლემა არ დგას. აქ ახალშენი ვენახის სათანადოდ მოვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მაგალითად, გარე კახეთში, სადაც ზაფხულში გვალვის გამო ვენახების ხმობა სამწუხაროდ ჩვეულებრივ ამბად იქცა. 

გოგა სოფრომაძე, „გაიოზ სოფრომაძის მარანი“: 

„ჩემი დაკვირვებით, მთელს საქართველოში დაახლოებით სამჯერ გაძვირდა სავენახე ფართობი ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის ახალი ვენახების გაშენება და ეს უდავოდ კარგია. იმერეთში ძირითადად ცოლიკოურის ჯიშის ვაზის ვენახებს აშენებენ, მერე მოდის კრახუნა და ციცქა და ცოტა წითელი ჯიშებიც. მე ვფიქრობ, რომ ამ გზით სავარაუდოდ გაიზრდება ხარისხიანი (ნატურალური) ღვინის წარმოება და შესაბამისად ჯანსაღი კონკურენციაც“. 

საფერავის ბუმი 

მეღვინეობის ექსპერტები ჯერ კიდევ წლების წინ ვარაუდობდნენ, რომ საქართველოში დადგებოდა დრო, როდესაც კახური მშრალი საფერავი გაძვირდებოდა და ამ ტიპის ღვინის იაფად შეძენა საქართველოშიც კი ურთულესი იქნებოდა. ამგვარი ვარაუდის მიზეზს პირველყოვლისა ჩვენი ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი იძლეოდა. როგორც ცნობილია, ტურისტებს (განსაკუთრებით სლავ ტურისტებს) ყველაზე მეტად წითელი ღვინოები იზიდავთ და მხოლოდ მათი მოხმარებისთვის უკვე იმდენი საფერავია საჭირო, რომ ეს ღვინის ბაზარზე გავლენას ბუნებრივია მოხდენდა. 

დღეს, ჩამოსასხმელი სახით ხარისხოვანი საფერავის შეძენა, რასაკვირველია თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც შესაძლებელია, თუმცა, ამ ღვინის ფასი ძალიან გაზრდილია. ასე მაგალითად, საფერავის სამშობლოში, კახეთში, ქალაქ თელავში ერთი ლიტრი კარგი საფერავი მინიმუმ 7 ლარი ღირს, თბილისში კი მისი ფასი 8-10 ლარია, ეს მაშინ, როდესაც დაახლოებით სამი წლის წინ, თბილისში საფერავს 5 ლარადაც კი იყიდდი. 

გიორგი ღვარძელაშვილი, კახელი მევენახე-მეღვინე: 

„გასაკვირი და უცნაურია, რომ ჩამოსასხმელი საფერავის ფასის მკვეთრმა ზრდამ შესაბამისი გავლენა ვერ მოახდინა „ბოთლირებული“ სახით წარმოებულ ღვინოზე. ისევე როგორც ხუთი წლის წინ, ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიების მიერ დამზადებული ერთი ბოთლი საფერავის ფასი დაახლოებით 20 ლარიდან იწყება და 60-70 ლარამდე ადის. ეს დამოკიდებულია ღვინის ჩამოსხმის (შესაბამისად, ყურძნის მოსავლის) წელზე, დავარგებაზე და გამოყენებულ ჭურჭელზე. როგორც იცით, ქვევრის საფერავი უფრო ძვირია, ვიდრე მაგალითად უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში დაყენებული საფერავი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის მწარმოებელი კომპანიის თუ მარნის ცნობადობას“. 

მეღვინეების აზრით, საფერავის ვენახების მასობრივად გაშენების ტენდენცია და წითელი მშრალი საფერავის ბოლოდროინდელი პოპულარობა და ჩამოსასხმელი სახით წარმოებული ღვინის გაძვირება, ზოგადად, ქართული მეღვინეობისთვის დადებით ტენდენციაზე მეტყველებს. ეს ცხადყოფს იმას, რომ ქართული ღვინო ჩვენს ქვეყანაშიც და მით უმეტეს ევროპაშიც იაფფასიანი ღვინის სეგმენტს არ უნდა იკავებდეს. 

თუმცა, ამასთან ერთად, უცნაურია და ბევრ კითხვას აჩენს ისიც, რომ მიუხედავად საფერავის ფასის მატებისა, არის შემთხვევები, როდესაც ევროპაში თუ აზიაში, ღვინის დიდ მაღაზიებში ერთი ბოთლი ქართული საფერავის ფასი მხოლოდ 5-8 დოლარია. თუ როგორ ხდება ასეთი ფასის დადგენა – ბევრი მარკეტოლოგისთვის დიდი გამოცანაა. 

როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ღვინის მოყვარულების მხრიდან ხარისხოვანი სავენახე მიწებისა და მოქმედი ვენახებისადმი ინტერესი ტრადიციულად დიდია რაჭაში და ლეჩხუმში. ბოლო წლებში ასევე ბევრი სავენახე მიწა გაიყიდა იმერეთსა და გურიაშიც. ამ ტენდენციას ცხა¬დია თან ახალი მარნების შენების ბუმიც ახლავს. თუმცა, ამ თემაზე სხვა სტატიაში გავამახვილებთ ყურადღებას. 

ლევან სეფისკვერაძე