ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქვევრის გაუფილტრავი ღვინის წარსული და მომავლის პერსპექტივა - #3(60), 2019
მივიწყებული ვაზის იშვიათი ჯიშები თანამედროვე მრავალფეროვნებისთვის 
ბოლო წლებში საქართველოში ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული გახდა. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქართული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ქვევრის ღვინით უცხოელი ღვინის მოყვარულები და იმპორტიორები დაინტერესდნენ. აღნიშნულმა ფაქტმა, წლების მანძილზე ქართული ვაზის პოტენციალზე და ჩვენს ქვევრზე გულაცრუებულ ქართველებს აჩვენა, რომ ქვევრის ღვინო მართლაც განსაკუთრებულია.
 
ქვევრის ღვინის ბუმი 

ბევრი მეღვინე და ღვინის ქარხნის მფლობელი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში და ასევე, მისი დაშლის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ ქვევრს ებრძოდა. ეს ბრძოლა პირველ რიგში ქვევრისა და ქვევრის იშვიათი ღვინის დისკრედიტაციის მცდელობებით გამოიხატებოდა. ისინი ქვევრზე პირად საუბრებში თუ სტატიებში ლამის დაუღალავად იმეორებდნენ, რომ მექვევრეობა ადრე თუ გვიან ლოგიკურად გაქრებოდა, რადგან მეღვინეობა ვითარდებოდა და ქვევრის ღვინო თითქოს ვერ უწყობდა ფეხს ცივილიზაციას. 

აღსანიშნავია რომ, დღეს ქვევრზე ასეთ საუბრებს ვეღარ მოისმენთ. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც ქვევრზე ცინიკურად თუ აგდებულად ლაპარაკობდნენ, ნაკლებად ცნობილი ჯიშებიდან დღეს თავად აწარმოებენ ქვევრის ღვინოს და უცხოელებთან თუ ქართველ ღვინის მოყვარულებთან სემინარებსაც კი ატარებენ ქვევრისა და ქვევრის ღვინის დადებით თვისებებზე. ეს ყველაფერი კი როგორც უკვე ვთქვით, ქვევრის ღვინით იმპორტიორების დიდმა დაინტერესებამ განაპირობა და შესაბამისად, დიდი მოგების მიღების პერსპექტივებმაც, რაც ცხადია, დანაშაული ნამდვილად არ არის. მეღვინეობა ბიზნესია, რომელიც რასაკვირველია ბაზრის მოთხოვნებზეა დამოკიდებული და აგებული. 

თუმცა, ის ადამიანები, რომლებსაც მუდამ სჯეროდათ ქვევრის პოტენციალის და ყველაფერის მიუხედავად მაინც ჯიუტად აყენებდნენ ქვევრის ღვინოს, შეშფოთებულები არიან ამ ე.წ. ქვევრების ბუმით. ამ ადამიანების აზრით, რაკი ბოლო დროს თითქმის ყველა დიდმა ღვინის საწარმომ ქვევრები ჩაყარა და ქვევრის ღვინის წარმოება დააანონსა, ეს შესაძლებელია ასეთი ღვინის ხარისხის მკვეთრი დაცემის წინაპირობა გახდეს. შედეგად კი ამ ტენდენციამ შესაძლოა ზოგადად ქვევრის ღვინოს სახელი გაუტეხოს. 

ამირან ვეფხვაძე, იმერელი მევენახე-მეღვინე: 

„ის მეღვინეები, რომლებიც ქვევრის ღვინოს ბუნებრივად, ყოველგვარი გაფილტვრის, დანამატებისა და მინარევების გარეშე აყენებენ, შიშობენ, რომ ინდუსტრიულ საწარმოებში დაყენებული ქვევრის ღვინოები მხოლოდ სახელად იქნება, თორემ სხვა მხრივ ზუსტად ისევე დაყენდება, როგორც აყენებდნენ უჟანგავი ფოლადის ავზებში ანდა კასრში გოგირდის მასობრივად ხმარებით, ფილტრაციის მეთოდით... ვფიქრობ, ეს უცხოელებს შეუქმნის წარმოდგენას, რომ ქართული ქვევრის ღვინო დამუშავებული უნდა იყოს და არა ბუნებრივი. ასეთი წარმოდგენა კი მეღვინეების აზრით გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე შედეგებს მოიტანს“. 

ფაქტია რომ, ქართულ ღვინის ბაზარზე უკვე გამოჩნდა იშვიათი ვაზის ჯისებისგან დამზადებული ბევრი ახალი ქვევრის ღვინო (ყოველ შემთხვევაში ბოთლებს აწერია, რომ ღვინო ქვევრშია დაყენებული) რომლებიც ხარისხობრივად, უფრო სწორად კი უხარისხობით ადასტურებენ ნატურალური ღვინის დამყენებელი მეღვინეების შიშებს. ქვევრის ღვინის ბაზარზე გატანას კიდევ მრავალი ღვინის საწარმო აპირებს. 

იშვიათ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება 

საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მანკიერება მეღვინეობის კუთხით იყო ის, რომ საწარმოო ვაზის ჯიშები მკვეთრად შემცირდა და სულ რამდენიმე ჯიშით განისაზღვრა. მასობრივი წარმოებისათვის კახეთში უპირატესობა რქაწითელსა და საფერავს, დასავლეთ საქართველოში კი ცოლიკაურს მიენიჭა და ხსენებული ჯიშების უდავოდ მაღალი ხარისხის მიუხედავად, უსამართლოდ დაიჩაგრა მათზე არანაკლებ საინტერესო და ჩვენი მეღვინეობისათვის მნიშვნელოვანი ვაზის ჯიშები. 

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევარები ამბობენ, რომ ქართული მრავალფეროვანი და უძველესი ვაზის კულტურას დაღი დაასვა საბჭოთა პერიოდმა. აქედან გამომდინარეობს ტერმინი: „იშვიათი ვაზის ჯიში“. საბჭოურმა მეურნეობამ ცნობილი მიზეზების გამო უგულვებელყო უამრავი ჯიში. დროთა განმავლობაში ზოგი გადაშენდა, ზოგიც გაიშვიათდა. საქართველოში ყველა ჯიშს თავის კუთხე და სამშობლო ჰქონდა. შესაბამისად, ადგილობრივი მეურნე არ ღალატობდა ტრადიციებს და ყველა კუთხე ინარჩუნებდა თავის ავთენტურ ჯიშებს, რაც აბსოლუტურად გამართლებულია მეღვინეობის და მევენახეობის ხარისხის შესანარჩუნებლად. მაგალითად, კახური საფერავი ან რქაწითელი ისეთი ხარისხის ვერ მოდის იმერეთში, როგორც თავის „სამშობლოში“, ასევე ციცქა და ცოლიკაური ისეთი დახვეწილი არასდროს არის კახეთში, როგორიც იმერეთშია. ასეთი მიდგომით ქართველი კაცი ახერხებდა ყველა ჯიშის სიცოცხლის შენარჩუნებას. 

გიორგი ჩერქეზიშვილი, მეღვინე, მეღვინეობის მკვლევარი: 

„საქართველოს ერთი კუთხის მაგალითზე, (ვგულისხმობ სამცხე-ჯავახეთს), უამრავი გადაშენებული და გაიშვიათებული ჯიშების შესახებ ვიგებთ. აქ საბჭოთა პერიოდამდე უფრო დიდ პრობლემას ვაწყდებით, კერძოდ, ოსმალეთის სამასწლიან ბატონობას. შალვა წიქვაძის წიგნში ვკითხულობთ: 

„1578 წლის შემდეგ მესხეთში ახალი ვენახები აღარ გაშენებულა. ქართველების შევიწროებამ, მოსახლეობის აყრამ ბოლო მოუღო მევენახეობას მესხეთის სოფლებში“. 

მესხური ყურძენი ხასიათდება კარგი არომატით. ამ ჯიშების ღვინოები ბუნებრივად შუშხუნაა, რაც საშუალებას იძლევა არა მარტო სადესერტო სუფრის ღვინო, არამედ მაღალხარისხიანი ე.წ. შამპანური და ნახევრადტკბილი ღვინოები დამზადდეს. 

დღეს ღვინის ბაზარზე თითქმის ერთი და იგივე ბრენდები ტრიალებს, როგორც უცხოური ისე ქართული. ღვინის მოყვარულებისთვის კარგადაა ცნობილი შექმნილი გარემო. ხშირად, მეღვინეები ცდილობენ ტექნოლოგიის ხარჯზე მიიღონ განსხვავებული ტიპის ღვინოები, როცა ბუნებრივად შეიძლება გავამრავლოთ ღვინის არეალი მივიწყებული ჯიშების დახმარებით. ეს კონკურენციასაც გაუძლებს და ახალი სიტყვაც იქნება უკვე ათასჯერ გადაღეჭილ ღვინის სამყაროში. არაა გამორიცხული, რომ მივიწყებულმა ჯიშებმა გამაოგნებელი შედეგები აჩვენოს. ეს კი რა თქმა უნდა ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობას შეუწყობს ხელს“. 

ჯერ კიდევ 15 წლის წინ, მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანთა მცირე ჯგუფის გარდა საქართველოში არც კი გაეგოთ ისეთი შესანიშნავი ჯიშების არსებობა, როგორებიცაა მაგალითად: ქისი, ხიხვი, ოცხანური საფერე, ვარდისფერი რქაწითელი, მცვივანი, ღვინის თეთრა, ბუდეშური და სხვა... ხსენებული ჯიშები მცირე ნარგავების სახით ძირითადად მხოლოდ საკოლექციო ვენახებშიღა იყო შემორჩენილი. 

სიტუაცია კარდინალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებული ღვინის ემბარგოს პარალელურად ახლადჩამოყალიბებულმა ღვინის მცირე (ძირითადად საოჯახო) მარნებმა თანდათან დაიწყეს ძველი და მივიწყებული ვაზის ჯიშების გაშენება-აღდგენა. საკმარისი იყო ღვინის მოყვარულებს პირველად გაესინჯათ ქისი ან ვთქვათ ოცხანური საფერე, რომ ყველა აღიარებდა მათ განსაკუთრებულობას და გამორჩეულობას. 

მომხმარებლების მხრიდან იშვიათი ღვინოებისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სხვა მეღვინეებიც დარწმუნდნენ ძველი ჯიშების აღდგენის ხელსაყრელობაში. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ერთგვარი მოძრაობა ძველი ჯიშების მოსაძიებლად და ვენახებში დასაბრუნებლად. უკვე ყველა ცდილობდა არ ჩამორჩენოდა ამ ტენდენციას და თუკი კაცს კახეთში რქაწითელის ვენახი ჰქონდა, იმასაც ახერხებდა, რომ მცირე ფართობზე ხიხვიც გაეშენებინა. 

იაგო ბიტარიშვილი, ქართლელი მეღვინე: 

„2007 წლამდე ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები ძირითადად ნაცად და კარგად გამოცდილ გზაზე დადიოდნენ და აწარმოებდნენ ცნობილ სამარკო ღვინოებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დღემდე ახსოვთ. მათ არ ჰქონდათ გათვლა ახალი ბაზრების მოძიებაზე და იქ სრულიად განსხვავებული ღვინოებით შესვლაზე. საქართველოში მიიჩნეოდა, რომ ჩვენს ღვინოს ყველაზე კარგად რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იცნობდნენ, აზრი არ ჰქონდა ალტერნატიული ბაზრების ძიებას. ეს დამოკიდებულება ქართულ მეღვინეობას ძალიან აფერხებდა და განვითარების გზებსაც უსპობდა. 

მას შემდეგ, რაც იშვიათი ჯიშების ვენახები დიდმა კომპანიებმაც გააშენეს და ამ ჯიშებისგან დამზადებული ღვინო ბაზარზე გაიტანეს, მათაც დაინახეს, რომ ასეთი ღვინით ყაზახეთისა და რუსეთის გარდა ევროპა და ამერიკაც შეიძლება დააინტერესო. ამას ბუნებრივად მოჰყვა ვენახების ფართობების მნიშვნელოვანი ზრდა და დღეს ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად ვერ ნახავთ ღვინის კომპანიას, რომელსაც მინიმუმ 6-7 ვაზის ჯიშის ვენახები მაინც არ ქონდეს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ „კარგად დავიწყებული“ ძველი ვაზის ჯიშების მოძიება გრძელდება და დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ქართული მეღვინეობის მომავალი მრავალფეროვნებაშია“. 

გაუფილტრავი ღვინო საუკეთესოა 

ბოლო პრიოდში ასევე განსაკუთრებულად პოპულარული გახდა გაუფილტრავი ღვინო. ღვინის გაფილტვრა მეღვინეების უმეტესობისთვის აუცილებელ პროცედურად ითვლება და ე.წ. ბიომეღვინეობაშიც კი მსუბუქი ფილტრაცია დაშვებულია. არავინ დავობს იმაზე, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ღვინის შეძენის დროს სასმელის ე.წ. სისუფთავეს ანიჭებს მნიშვნელობას და ამღვრეული, გაუფილტრავი ღვინის დალევა ბევრ ადამიანს ნამდვილად არ სიამოვნებს. 

თუმცა, საქართველოშიც და მსოფლიოშიც არიან მეღვინეები, რომლებიც ღვინოს საერთოდ არ ფილტრავენ და ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ღვინისთვის ბუნებრივად დაწმენდაც, სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, სრულიად საკმარისია. ის მეღვინეები, რომლებიც ღვინოს უძველესი ტრადიციების მიხედვით ამზადებენ, მიიჩნევენ, რომ ღვინო მხოლოდ მისი გამჭვირვალეობით არ ფასდება. მთავარი სასმელის სიჯანსაღე, ბუნებრივობა და მასში ჩაურევლობაა. ასევე გააჩნია იმასაც, რა ტიპის ფილტრებს გამოიყენებს მეღვინე. თუკი ღვინო შედარებით მსუბუქად იფილტრება (რასაც ღვინის ბიოსტანდარტიც უშვებს), იგი ინარჩუნებს გემოსაც და არომატსაც. თუმცა, არის ქარხნები, სადაც ღვინოს წმინდად ფილტრავენ და ინტენსიური ფილტრებით გაფილტრული ღვინო თავის ბევრ პირველად თვისებას კარგავს.

გიორგი სიმონგულაშვილი, „ღვინის კლუბის“ წევრი: 

„კვერცხის გულით, ხარის სისხლით, სპეციალური ხსნარებითა და ე.წ. ჟელატინებით ღვინის გაფილტვრა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მთელ მსოფლიოში მასობრივად დაიწყეს, მაშინ, როდესაც ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ და კალიფორნიულ ღვინოებზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. მოთხოვნამ განაპირობა იაფფასიანი, ორდინარული ხარისხის სასმელების წარმოების საჭიროება. 

საუბარია ღვინოებზე ყოველგვარი დავარგებისა და განსაკუთრებული ხასიათის გარეშე, რომელსაც რიგითი ადამიანი იაფად შეიძენდა. ამ ტენდენციამ განაპირობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ღვინის მასობრივი წარმოების გაზრდა, ღვინის სწრაფად დამზადებისა და გაყიდვის აუცილებლობა. შესაბამისად, ღვინის ფილტრების მუდმივად გამოყენება აღნიშნული ტენდენციის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებული მასობრივი ღვინო ძირითადად გაფილტრულია (რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაფილტრული ღვინო აუცილებლად უხარისხოა), როგორც უკვე ვთქვით, მეღვინეთა მცირე ნაწილი ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა და ეს ქართული მცირე მარნების მაგალითებიდანაც ჩანს. ამჟამად მოქმედი ქართული მცირე მარნების უმეტესებას უცხოეთში ღვინის რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არა აქვთ. ფაქტია, რომ ღვინის ექსპორტიორები ქართველი მცირე მეღვინეებისგან ძირითადად ქვევრში დაყენებულ, ნატურალურ, გაუფილტრავ და ყოველგვარი მინარევების გარეშე დაყენებულ ღვინოებს ითხოვენ“. 

ქვევრის ღვინის სპეციალისტების აზრით, ქვევრი თავადაც შესანიშნავად ფილტრავს ღვინოს, თუკი მეღვინე ღვინის დასაყენებლად ძველქართულ მეთოდს აირჩევს და ახლადდაწურულ ღვინოს მინიმუმ 6 თვე მაინც ქვევრში გააჩერებს. ზამთარში ჭაჭა-კლერტიდან ღვინის მოხსნა ხშირად ნაადრევია და ამის გამოისობით სასმელი ამღვრეული რჩება, რაც ვიზუალურად ბევრი ადამიანისთვის არასასიამოვნო და მიუღებელია. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი, ნატურალური ღვინის მოყვარულებისთვის გაუფილტრავი ღვინის შესაძლო თანმხლები მცირე რაოდენობით ღვინის ლექი პრობლემას სულაც არ წარმოადგენს და ფაქტია, რომ მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი ხარისხის ნატურალური ღვინის ბოთლების დიდი ნაწილის ძირზე ლექის ნახვა არავის უკვირს და ამ ღვინოების პოპულარობას, ხარისხს და ცნობადობას გაუფილტრაობის გამო არაფერი დაკლებია. 

როგორც ღვინის ცნობილი მაგისტრი ჰიუ ჯონსონი ამბობს ღვინის სიყვარული მუდმივი ძიება და სიახლეებია აღმოჩენაა. სწორედ ამ ძიებამ მიიყვანა ცივილიზებული სამყარო იმ დასკვნამდე, რომ ნატურალური, ბუნებრივი და ყოველგვარი მინარევების გარეშე დაყენებული ღვინოა მსოფლიო მეღვინეობის მომავალი. ღვინის სპეციალისტების აზრით, ამ კუთხით ქართულ ღვინოს სასტარტო პირობები სხვებზე კარგი აქვს, რადგან ქვევრი და ვაზის იშვიათი (უცხოელთათვის უცხო) ჯიშების მრავალფეროვნება ძიებაში მყოფ ევროპელებს განსაკუთრებულად აინტრიგებს. გარდა ამისა, დიდი მოთხოვნაა გაუფილტრავ ღვინოზეც. ქართული ქვევრის ღვინის უძველესი კულტურა კი, როგორც ვიცით, ღვინის ფილტრაციას იმთავითვე გამორიცხავს. თანამედროვე მეღვინეობაში ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. 

ლევან სეფისკვერაძე