ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
აუდიტის დასკვნა: გზების მშენებლობაზე აჭარაში მილიონებია მოპარული - #3(60), 2019
კორუფციაში ეჭვმიტანილი პირები ისევ აჭარის მთავრობაში არიან 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სექტემბერში გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის მიერ 2016-17 წლებში განხორციელებული სამუშაოების დროს დაშვებულ კანონდარღვევებზე მიუთითებს. აუდიტის მასალები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიტაცებას ადასტურებს. გარდა იმისა, რომ გზებისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია უხარისხოდ არის ჩატარებული, არსად ჩანს ბიუჯეტიდან კომპანიებისთვის გადახდილი თანხის დიდი ნაწილის კვალი. კონკრეტულად რა სამუშაოებში დახარჯეს თანხა, ამას ვერც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასაბუთებენ. გაფლანგული ფულის გამო, პასუხი დღემდე არავისთვის მოუთხოვიათ. 

არაერთი დარღვევა ჩანს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ალამბარი-ზენითის გზის მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაცია 2-ჯერ, 2016 და 2018 წლებში მოხდა. ორივე შემთხვევაში გზის რეაბილიტაციის პროექტის შემდგენი შპს „გზაპროექტი“ იყო, თუმცა, სამუშაოები შპს „სამკუთხედმა“ განახორციელა. 2016 წელს გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 631,360 ათასი ლარი გამოიყო. როგორც აუდიტის სამსახურის შემოწმებამ აჩვენა, რეალურად სამუშაოებზე დაახლოებით 220 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯა. ამ თანხის კვალს აუდიტორებმა დოკუმენტებში ვერ მიაკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა. კერძოდ, დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები. სამუშაოების ნაწილი კი სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვრულ კოეფიციენტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. ამის მიუხედავად, კომპანიას ბიუჯეტიდან თანხა მაინც სრულად გადაუხადეს. 

2 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად 

მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო ვადა გასული არ იყო, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა, გზის ზუსტად იმავე მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის, 2018 წლის ბოლოს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადა. ტენდერში გამარჯვებულად ისევ შპს „სამკუთხედი“ დასახელდა და მას ამჯერად მილიონ 944 ათასი ლარი გადაუხადეს. 

რატომ გამოცხადდა თითქმის 2-მილიონიანი ტენდერი გზისთვის, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ 2 წელიც არ იყო გასული? იმის გამო, რომ სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილმა ხეები შეიძინა, რომლებიც დენდროლოგიურ პარკში გადატანის დროს არსებულ ვიწრო გზაზე გაიჭედნენ. საჭირო გახდა გზის გაფართოება და ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ ლარამდე გადაიხადეს. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მეორე რეკონსტრუქციაში გადახდილი თანხიდან რეალურად მხოლოდ 1 მილიონის სამუშაო შესრულდა. შესაბამისად, ფუჭი იყო თავდაპირველი რეაბილიტაციის ხარჯიც – 631 ათასი ლარიც. 

„ახალი გაკეთებული გზა, რომლის რეაბილიტაციაზე 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თავიდან გადააგეს, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის მოთხრილი ხეები გადაეტანათ. აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ალამბარი-ზენითის გზა ისე ჩაიბარა, რომ შესაბამისი დოკუმენტები არ მოუთხოვია. არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხს დაადასტურებდა. დეპარტამენტს თვითონ უნდა ჩაატარებინა ექსპერტიზა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან ნებისმიერი კერძო საექსპერტო კომპანიის დასკვნა უნდა ჰქონოდა, მაგრამ დეპარტამენტს ეს არ გაუკეთებია. გაირკვა, რომ მილიონ 900 ათასი ლარი პირდაპირ მოიპარეს, რადგან ის არსად ჩანს. ხეების გატანას ისე ჩქარობდნენ, რომ ვერც მოასწრეს, რომ დოკუმენტი მაინც შეექმნათ. მხოლოდ ამ პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტს 1,5 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ეს არის მოპარული ფული. 

ამ დროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, გზის შეკეთებას უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი მხოლოდ ივანიშვილის ხეების კომფორტულ ტრანსპორტირებაზე არის ორიენტირებული. ზენითის გზის დაგებიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი უხარისხოა, რომ უკვე გაფუჭებულია“, – ამბობს რეზო ხარაზი, აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ზენითში სულხან გიორგაძე ამბობს, რომ ალამბარი-ზენითის გზა მნიშვნელოვნად დაზიანებული არ ყოფილა, მაგრამ დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირდა და გზის გაფართოება ამიტომ გადაწყდა. სულხან გიორგაძის თქმით, დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების ტრანსპორტირებისთვის სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობდა. 

უკვალოდ გამქრალი 4 მილიონი ლარი 

აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ ალამბარი-ზენითის გზა ერთადერთი არ არის, სადაც უხარისხოდ და კანონდარღვევით ჩატარებული სამუშაოები ფიქსირდება. 

2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბარცხანა-ორთაბათუმის 40-კილომეტრიანი მონაკვეთზე ასფალტის საფარის დასაგებად 2,2 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულად შპს „გზები“ გამოცხადდა, რომელსაც სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა. ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას მხოლოდ 1,636 მილიონი ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს ჯარიმა დაეკისრებინა, ხელშეკრულებიდან ამოიღეს შეუსრულებელი სამუშაოები და დარჩენილი ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას 551 ათასი ლარი ბიუჯეტიდან ავანსის სახით გადაურიცხეს, ხოლო გზის ჩაბარების ვადა 2 თვით გაუგრძელეს. 

ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო, რომ სამუშაოების შეფერხება გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. როგორც გაირკვა, სამუშაოების დასრულებას არა 2 თვე, არამედ მხოლოდ 5-7 დღე სჭირდებოდა, ხოლო ბათუმის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, 2017 წლის 19 დეკემბერს ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. გარდა ამისა, ამ პერიოდისთვის შპს „გზების~ მთელი ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, რის გამოც, მასზე თანხის ავანსად გაცემა კანონდარღვევა იყო. 

აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ 2016-2017 წლებში შპს „პროექტმშენკომპანის“ და შპს „გზაპროექტის“ მიერ საავტომობილო გზების, ხელოვნური ნაგებობებისა და სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები არასწორად ჰქონდათ შედგენილი. კერძოდ, სამუშაოები ისე დაიწყეს, რომ სრულყოფილად არ იყო შესწავლილი მიწის ვაკისის მდგომარეობა, გრუნტის შემადგენლობა, მომხმარებლების მოთხოვნა და სხვა გარემოებები. ამის გამო კომპანიები ცვლიდნენ პროექტის მონაცემებს, იზრდებოდა სამუშაოს შესრულების დროც. ხოლო დეპარტამენტი კომპანიებს ჯარიმებს არ აკისრებდა. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ დარღვევების გამო ბიუჯეტს საერთო ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. 

კანონდარღვევები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში 

საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის 7 ათასი კუბ.მ (ქვიშა-ხრეში) მოპოვება იყო გათვალისწინებული. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, დოკუმენტებით მხოლოდ 5,5 ათასი კუბ. მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვება დაფიქსირდა. დარჩენილ ნაწილის გამოყენება კი არსად ჩანს. ამასთან, საბუთებში ასახული მარშრუტი, დრო და შესრულებული სამუშაოს მოცულობა ხშირ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებში ასახულ მონაცემებს არ შეესაბამება. წიაღისეულის ტრანსპორტირება 29 ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდა, საიდანაც ექვსი – დეპარტამენტის საკუთრებაში იყო, დანარჩენ 23 ერთეულზე კი დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, ვისგან იქირავა ან მომსახურებისთვის რამდენი გადაიხადა. 

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის იდენტიფიცირებული გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი. გაურკვეველია ტექნიკის მფლობელი და ის ფიზიკური პირი, ვინც უშუალოდ განახორციელა მომსახურება. არ ფიქსირდება გადაზიდვის მიზანი და დანიშნულება. 

„2018 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდინარის კალაპოტიდან რამდენიმე უბანზე ინერტული მასალის მოპოვება უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე ხდებოდა. ეს ინერტული მასალა შეჰქონდათ მოსახლეობის ეზოებში. ამგვარად ხდებოდა წინა საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვა. ამისთვის იყენებდნენ სახელმწიფო ტექნიკას. 

გარდა ამისა, ინერტული მასალების მოპოვების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ტექნიკა სხვადასხვა კერძო კომპანიისგან დაიქირავა. 350 ათასი ლარამდე ღირებულების სამუშაოებია განხორციელებული, მაგრამ აუდიტის სამსახურმა ამის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტიც კი ვერ აღმოაჩინა. კერძო კომპანიებიც არ ადასტურებენ, რომ ეს სამუშაოები აქვთ შესრულებული და ფული აქვთ მიღებული. პირდაპირ 350 ათასი ლარი არის მოპარული. აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ამ კომპანიებში უთხრეს, რომ ფული არ მიუღიათ და არც დამადასტურებელი საბუთები აქვთ. სად მიიტანა, რომელ სოფელში, სად დაყარა, არ ჩანს. ამ ფაქტების ამსახველი ფოტომასალა შევიტანეთ პროკურატურაში, მაგრამ რეაგირება არ ჩანს“, – ამბობს რეზო ხარაზი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, ტენდერების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებას ეხება. დეპარტამენტის მიერ არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით ხდებოდა პრეტენდენტების შერჩევა. შედეგად, ზოგიერთ შემთხვევაში გამარჯვებულად სახელდებოდა მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. 

სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად დაასახელა შპს „სამკუთხედი“, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა. 

ამ პერიოდში, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძე იყო, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. გადეპუტატების შემდეგ ის საგზაო დეპარტამენტის უფროსის პოსტზე არჩილ ჩიქოვანმა შეცვალა, რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსია. 

პროკურატურამ აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოძიება 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის გაფლანგვას გულისხმობს. საქმე ასევე აღიძრა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ამის მიუხედავად პასუხისმგებელი პირები კვლავაც თანამდებობებზე არიან. 

ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში ეჭვმიტანილები აჭარის მთავრობაში მუშაობას აგრძელებენ 

გიორგი რომანაძე ბრალდებების პასუხად ამბობს, რომ „აუდიტი საეჭვო დასკვნებს დებს“. 

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტში აღიარებენ, რომ დარღვევები იყო, თუმცა, დანაშაული არ მომხდარა. დეპარტამენტის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მოხდა სამსახურებრივი და დისციპლინური სახის გადაცდომები, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს. 

„გიორგი რომანაძემ საარჩევნოდ გამოიყენა საგზაო დეპარტამენტის ფული და ქონება. მას პროკურატურამ უნდა მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ ამ პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოვითხოვეთ, სანამ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, მაგრამ რეაგირება არ მოყოლია. 

ცოტა ხნის წინ აჭარაში ბიძინა ივანიშვილთან პარტიული შეკრება გაიმართა, სადაც ორივე ეს პირი ბრძანდებოდა. რა მოხდა მილიონი თუ მოიპარეს, მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხეები გადაიტანა და თავის ბაღში დაირგო. ეს ადამიანები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ისევ იკავებენ თანამდებობებს და უფრო მეტიც, წაიყვანეს და ივანიშვილის გვერდით დასვეს. ეს ხდება მაშინ, როცა შენი სახელმწიფო აუდიტი გეუბნება, რომ ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ მოპარული. ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ ჩინოვნიკები ხალხის ფულს იპარავენ, მაგრამ პრობლემა არ აქვს. ამით ივანიშვილი აშანტაჟებს მათ და ხელში ჰყავს დაჭერილი. 

ფულის დატაცება აჭარაში კვლავაც გრძელდება. პროკურატურაში მასალები გვაქვს შეტანილი 2018- 2019 წლების ტენდერებზე, სადაც უფრო მძიმე სურათი იკვეთება, ვიდრე წინა წლებში. 15-მდე საგზაო ტენდერია ჩატარებული – ყველა კანონდარღვევით. არის შემთხვევა, როცა გზა 10 დღეში გადააგეს და ასობით ათასი ლარი დაიტაცეს. შარშან აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარი იყო. წელს 54 მილიონ ლარამდეა გაზრდილი და ცვლილებების შეტანა კიდევ იგეგმება. სავარაუდოდ, ბიუჯეტს კიდევ რამდენიმე მილიონით გაუზრდიან. საგზაო ტენდერები არის წყარო, საიდანაც პირდაპირ იკვებება „ქართული ოცნება~. არავის და არაფერს ერიდებიან. ეს მხოლოდ საგზაო დეპარტამენტში რომ ხდებოდეს, ვინ ჩივის. ნებისმიერ სხვა სფეროში კორუფციაა მოდებული“, – ამბობს რეზო ხარაზი. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აუდიტის სამსახურმა ანგარიში პროკურატურას გაუგზავნა. პროკურატურის მხრიდან რა სახის რეაგირება მოჰყვება მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ კვლევას არც არაფერი რეაგირება მოჰყვეს და აჭარის რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტები მეტწილად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის საჭიროებებს მოერგოს – „ქართული ოცნების“ ლიდერის მშენებარე პარკში ასწლოვანი ხეების გადარგვა ჯერ არ დასრულებულა. 

ნონა ქვლივიძე