ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქუთაისი კაზ-150-ის წარმოებიდან ელექტრომობილამდე - #3(60), 2019
რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების გეგმები 

როგორ იწყებოდა ქართული ავტოინდუსტრია 

1951 წელი, საბჭოთა სოციალისტური საქართველო, ქალაქი ქუთაისი საავტომობილო ქარხნის კონვეიერიდან პირველი ავტომობილი, სატვირთო კაზ-150 ჩამოვიდა. არსებობის განმავლობაში ქარხანამ ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი გამოუშვა. დღეს მის ბაზაზე ფუნქციონირებს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“, რომელშიც სხვადასხვა ზომის სხმულებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას და მოწყობილობებს, მოტობლოკებს და სხვა პროდუქციას ამზადებენ. 

2002 წელი, დამოუკიდებელი საქართველოს ქალაქი ქუთაისი – საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე ქართულ-ინდური, ყველგანმავალი ავტომობილი „ბოლერო მაჰინდრა“ გამოუშვეს. 50-მდე შვიდადგილიანი „ბოლერო მაჰინდრას“, ორადგილიანი და ხუთადგილიანი პიკაპის „ჯიპების“ აწყობა ქართულ-ინდური პროექტის პირველი ნაწილი იყო. 11 000 დოლარად შეფასებული ქუთაისური „ჯიპები“ ადგილობრივმა მეწარმეებმა და სახელმწიფო უწყებებმა შეიძინეს. თუმცა, ქართული ავტოინდუსტრიის შექმნის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – 2004 წელს, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, საწარმოს გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს და ქუთაისური ჯიპი „ბოლერო მაჰინდრა“ ისტორიის საკუთრება გახდა. 

2019 წელი, 6 აპრილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში ახალი საავტომობილო ქარხნის აშენებას აანონსებს. ამჯერად საუბარია ელექტრომობილების საწარმოზე. 

2020 - ქართული ელექტრომობილის დაბადების დაანონსებული თარიღი 

მამუკა ბახტაძემ თავის პათეტიკურ გამოსვლაში განაცხადა, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება. 

„დღეს ჩვენ წარვადგენთ პროექტს, რომელიც არის კონკრეტული მაგალითი და ამავე დროს, გარანტი იმისა, რომ საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა 21-ე საუკუნეში და საქართველო იქნება წამატებული მაღალტექნოლოგიურ სექტორში. მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორი არის: „ვოლვო“. „ფოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები“, – განაცხადა იმ დროისთვის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისი თქმით, ამისთვის ქუთაისი შეირჩა. ასეთი არჩევანის მიზეზი კი ამ ქალაქის ინდუსტრიული წარსულია. 

„ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც. ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მინდა, ქუთაისელებს მივულოცო ეს დიდი ამბავი“, – აღნიშნა მაშინდელმა პრემიერმა. 

მისივე განმარტებით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში და ელექტრომობილები გაიყიდება წარწერით – „Made in Georgiaა“. ბახტაძის განცხადებთ, ეს იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. 

პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ საწარმოში ჯამში 3 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. 

ექს-პრემიერის ინფორმაციით, ქარხანაში დამზადდება 4 მოდელის ელექტროავტომობილები, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს მოქალაქისთვის და ის იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. 

„ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

აღნიშნული განცხადებები მაშინდელმა პრემიერმა ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე გააკეთა. საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო ჰოლდინგმა „აიგრუპმა“, რომელიც აერთიანებს კომპანიებს: „აიენერჯი“, „აიქარი“, „აიფოვერი“ და „აიფროდაქშენი“. 

„აიგრუპი“ ავითარებს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი და ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 
aienergy საქართველოს მასშტაბით ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ქმნის. ელექტროგასამართი სადგურები დამონტაჟებულია თბილისსა და ბათუმში. ეტაპობრივად ხდება სხვა დიდი ქალაქების ჩართვა ამ სქემაში. წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 300 ელექტროგასამართი სადგური, რაც მოქნილსა და კომფორტულს გახდის ელექტრომობილებით სარგებლობას. 

ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიბმული „აიგრუპის“ მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანია aicar, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აპრილიდან თბილისში ფუნქციონირებს და უკვე აჭარაშიც შევიდა. კომპანიის გეგმების თანახმად, უახლოეს მომავალში, ამ სერვისით ისარგებლებენ ქუთაისში, რუსთავსა და თელავშიც. 

„აიგრუპის“ კიდევ ერთი კომპანია Aipower ალტერნატიული გზით, კერძოდ კი, მზის პანელებით გეგმავს ელექტროენერგიის წარმოებას. ამ ეტაპზე პირველი ელექტროსადგურის პროექტირება მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის პროექტს, კომპანია „აიქარის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ხუროძის განცხადებით, პირველი ეტაპისთვის საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან იგეგმება ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვება. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ კომპანიის გეგმებშია ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებაც. 

„ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე“, – განმარტა კომპანია aicar-ის გენერალურმა დირექტორმა. 

კომპანია ასევე ანონსებს უახლოეს პერიოდში კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამის ამოქმედებას. მათივე განცხადებით, პროფესიული კოლეჯი, რომელსაც `აიგრუპი~ დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს შემდგომში დასაქმების მიზნით. ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექტრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. 

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს თბილისის მერიც. მიმდინარე წლის ივნისში კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას მომავალი ქართული ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა და საზოგადოებას აუწყა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. 

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს ჩვენ ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული. ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული, ელექტრომობილები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს. 

„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

კომპანიის გეგმები და ქართული ავტობაზრის რეალიები 

მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. როგორც ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტს“ ბიზნეს-ჯგუფიდან განუცხადეს, პროექტირების ეტაპი დასრულებულია და 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ინდუსტრიული კომპლექსი უნდა განთავსდეს, უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი. რაც შეეხება ელექტრომობილის ფასს, კომპანიაში მას ამ ეტაპზე არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ღირებულება ავტომობილების წარმოებისთვის აუცილებელი სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებასა და სხვა კომპონენტებზეა დამოკიდებული. 

ზემოთნახსენებ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საქართველოში გამოაცხადა „მწვანე ეკონომიკის“ მშენებლობა და უახლოეს 10 წელში დაგეგმილი აქვს, ეკოლოგიურად არასაიმედო ავტოპარკი სრულიად ჩანაცვლდეს ელექტრომობილებით. „მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი“, – იმედოვნებს მინისტრი. 

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 32 ერთეული ელექტრომობილი; 2017 წელს 812 ერთეული, ხოლო 2018 წელს 592. ჯამურად კი არსებული ელექტრომობილების წილი, უხეში დაანგარიშებით, ქვეყნის მთელი ავტოპარკის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს. 

გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების მხოლოდ 0,85% იყო ელექტრომობილების წილი, უდიდესი ნაწილი, 62%-ზე მეტი კი ისევ ბენზინსა და დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანებზე მოდის. თუმცა მზარდია ჰიბრიდების იმპორტი და გასული წლის მაჩვენებლით (მთელი იმპორტის 36,41%) ეს მონაცემი ძალიან მიუახლოვდა ბენზინზე მომუშავე მანქანების იმპორტის მაჩვენებელს (მთელი იმპორტის 38,1%). რამდენად რეალისტურია ამ მოცემულობის გათვალისწინებით 10 წელიწადში „ეკოლოგიურად არასაიმედო“ ავტოპარკის ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლება? ამ კითხვით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალურ დირექტორ გიორგი სურგულაძეს მივმართეთ. როგორც გავარკვიეთ, არც მას ეპარება ეჭვი, რომ ავტობაზრის მომავალი ელექტრომობილებისაა, თუმცა, რამდენიმე პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა, მსოფლიო ტენდენციებზე გადასვლაში საქართველო სერიოზულად შეაფერხოს. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში ძალიან სუსტია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები, რის გარეშეც ელექტრომობილებით ავტოპარკის ჩანაცვლება წარმოუდგენელია. 

„ჩვენთან დამტენი სადგურების მშენებლობის ტემპი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს. ევროპაში თითქმის ყველა სადარბაზოსთანაა ელექტრომობილის დამტენი. საქართველოში ელექტრომანქანებზე მოთხოვნა ნამდვილად მზარდია, თუმცა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იგივე ტემპებში, პარალელურ რეჟიმში არ მიმდინარეობს“, – განუცხადა „ბიზნესი და მენეჯმენტს“ სურგულაძემ. 

რაც შეეხება მომავალი ქართული ელექტრომობილის ფასს, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, როდესაც უცნობია მიახლოებითი ფასიც კი, რთული სათქმელია, რამდენად იქნება კონკურენტუნარიანი ადგილობრივად აწყობილი მანქანები უცხოურ ანალოგებთან შედარებით. მაგალითად, გიორგი სურგულაძის თქმით, ქართულ ბაზარზე მეორადი ელექტრომობილების ღირებულება 6-7 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, ახალი ელექტრომანქანები კი პრაქტიკულად არ შემოდის, რადგან მათი ფასი 30 ათას დოლარამდე ადის. ამის გათვალისწინებით, სურგულაძისთვის რთულია პროგნოზირება, რამდენად კონკურენტული იქნება ახალი ქართული ავტომობილის ღირებულება. ამბობს, რომ, მაგალითად, 20 ათასი დოლარიც რომ ღირდეს ქუთაისში აწყობილი ელექტრომანქანა, რაც ძალიან იაფია ახალ უცხოურ ავტომობილებთან შედარებით, ეს ფასი ქართველი მომხმარებლისთვის მაინც არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, გიორგი სურგულაძის თქმით, სავარაუდოდ, აქცენტი მანქანების ექსპორტზე გაკეთდება. 

ჩინური კომპანიის მიერ ქუთაისში აწყობილი ელექტრომობილების ხარისხთან დაკავშირებით კი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელს ოპტიმისტური მოლოდინები აქვს. სურგულაძე ამბობს, რომ მართალია ჩინური მანქანები ვიზუალური მხარისგან განსხვავებით, ხარისხით ჩამოუვარდება ევროპულ თუ ამერიკულ პროდუქციას, თუმცა, ტენდენცია იცვლება. ჩინური ავტოინდუსტრია ვითარდება. კორეული ავტოწარმოების მსგავსად, რომლის მიმართაც ადრე არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, ჩინური წარმოების ავტომობილებიც ასევე თანდათანობით იმსახურებს მომხმარებელთა ნდობას. 

ელექტრომობილების ეპოქა 

ელექტრომობილების ინდუსტრია მსოფლიოში დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ეკოლოგიური პრობლემების წინაშე მდგარმა სახელმწიფოებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს, რომ ამ მიმართულებას ხელი უნდა შეუწყონ. ეკოტრანსპორტის შექმნაში მსოფლიო იმდენად შორს წავიდა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ბაზრებზე მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებიც კი გამოჩნდეს. ინოვაციურ პროექტზე ავტოინდუსტრიაში იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მუშაობს. კომპანიამ მზის ენერგიის პანელებიანი Prius-ის ელექტრონული მოდელების ტესტირება უკვე დაიწყო. იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, ელექტრომობილის სახურავზე დამონტაჟებული პანელები მანქანას სადენის გარეშე დამუხტავს. 

რევოლუციური პროექტი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი იქნება. ავტომობილის სახურავზე, ძრავისა და საბარგულის საკეცებზე მზის პანელები ისეა დამონტაჟებული, რომ მზისგან ენერგიის გენერირება პირდაპირ ელემენტების სისტემაში ხდება. მანქანას დამუხტვა მოძრაობის, ასევე პარკინგის დროსაც შეუძლია. 

ტრადიციული ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით ჩანაცვლების კუთხით ყველაზე დიდი გარღვევა მსოფლიოში ნორვეგიას აქვს, სადაც 2018 წელს გაყიდული ავტომობილების 31% ელექტრომანქანებზე მოდის. ქვეყნის მთავრობის ამბიციური გეგმების თანახმად, 2025 წლისთვის ნორვეგიამ საერთოდ უარი უნდა თქვას ბენზინის ძრავებზე. ნორვეგია მსოფლიოში „ტესლას“ ავტომობილების ყველაზე დიდი შემსყიდველია. 

ევროკავშირს კი გადაწყვეტილი აქვს, 2030 წლისთვის ახალი ავტომობილების 30-40% ელექტრომობილებით იყოს წარმოდგენილი. ევროპაში ყოველწლიურად 15 მილიონი ახალი ავტომობილი იყიდება, მთელ ავტოპარკში კი ელექტრომობილებს მხოლოდ 1,5% უკავია. როგორც ეს სტატისტიკა აჩვენებს, პრობლემა ევროპისთვისაც კი მწვავეა და ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების სრულად ელექტრომანქანებით ჩანაცვლება კიდევ არაერთ ათეულ წელს მოითხოვს. ამ ფონზე საქართველოს მთავრობის განაცხადი, ქვეყანა გახდეს ელექტროავტომობილების მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი, 10 წელიწადში კი სრულად ჩაანაცვლოს ყველაზე ძველი ავტოპარკი ელექტრომობილებით, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. რამდენად რეალისტურია წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტი, პირველი პროგნოზების გაკეთებამდე მცირე დრო, ერთი წელი რჩება, როდესაც პირველმა ქართულმა ელექტრომობილმა მზის სინათლე უნდა იხილოს. 

მაია ჭანტურია