ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
რატომ ხმება ვენახები აღმოსავლეთ საქართველოში - #4(61), 2019
სარწყავი სისტემის მოუწესრიგებლობა ღვინის ხარისხზეც ახდენს გავლენას 
საქართველოში 21-ე საუკუნეშიც კი არის ადგილები, სადაც წყალი არათუ მცენარეებისთვის, მოსახლეობისთვისაც ფუფუნებად ითვლება. ამის გამო, დღეს, მაგალითად, დედოფლისწყაროში, საგარეჯოში და ქართლში – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელებში მრავალი ვენახი ხმება და ნადგურდება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში სარწყავი სისტემების მოშლამ განსაკუთრებით ქართლ-კახეთი და ამ რეგიონების მევენახეობა დააზიანა. 

გამოცდილი სპეციალისტები დამწყებ მევენახეებს, ვისაც ვაზის გაშენება აქვს გადაწყვეტილი, სავენახე მიწის შერჩევისას სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად სწორედ სარწყავი სისტემის არსებობის გათვალისწინებას ურჩევენ. სანამ მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზულად მოვკიდებთ ხელს, სასურველია ვიცოდეთ, რომ მეღვინეობის ძირითად შემადგენელ ნაწილად ითვლება კლიმატური პირობები, რწყვის საჭიროება, ნიადაგის ტიპი, ადგილის რელიეფი და იმ მცენარეთა ნაირსახეობა, რაც ნაკვეთზე და მის გარშემო იზრდება. გამოცდილი მევენახეები ხშირად ამბობენ, რომ ეს გარემო პირობები, სავენახე ტერიტორიისთვის განსაზღვრულ ყურძნის ჯიშს საშუალებას აძლევს გაიზარდოს და სათანადოდ (ბოლომდე) დამწიფდეს. 

ზაზა დარსაველიძე, მევენახე-მეღვინე ქვემო ქართლიდან, მარან „დასაბამის“ მფლობელი: 

„ყურძნის და შესაბამისად, ღვინის ხარისხი და მოსავლიანობა დიდად დამოკიდებულია მშრალ/ურწყავ ადგილზე და ნიადაგის შემადგენლობაზე. სასურველია თუკი ვენახის ნიადაგის შემადგენლობაში 60%-ზე მეტი მსხვილმარცვლოვანი ქვიშა და ღორღი იქნება. ღორღი ნიადაგის ერთგვარ დრენაჟს ახდენს, ხელს უშლის წყლის ზედმეტად აორთქლებას, აბალანსებს ტემპერატურას და ირეკლავს სინათლის ზედმეტ სხივებს. 

ვენახების მდებარეობა და სარწყავი სისტემების სიახლოვე ხშირად მოსავლის ხარისხზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, თუკი ვენახები ჩრდილოეთ ფერდობზე იქნება გაშენებული, ასეთი მდებარეობა ვენახს ზედმეტი ტენიანობისგან იცავს და ხელს უწყობს ბუნებრივ კონდიცირებას (ვენახის განიავებას). აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ კახეთის ნიადაგის შემადგენლობაში არსებულმა თიხამ და ნეშომპალამ, ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის ეს რეგიონი აქცია ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ტერიტორიად მევენახეობისთვის“. 

სარწყავი სისტემის არქონა ვენახების ფასებზე აისახება 

ისტორიულად, კახეთში მიწები ყოველთვის ქართლზე ძვირი ღირდა და მხოლოდ ბოლო 15-20 წელია, რაც ქართლმა ფასით კახეთს მნიშვნელოვნად გადაასწრო. მაგალითად, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე ერთი ჰექტარი კარგი სავენახე მიწის ფასი 50 ათასი დოლარიდან იწყება მაშინ, როდესაც გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ასეთივე ადგილს 30-40 ათას დოლარად უპრობლემოდ იყიდით. 

შიდა ქართლში ვენახების დათვალიერებითაც კი ჩანს, რომ ურწყავობის გამო ძველი ვენახების დიდი ნაწილი ჯერ ამორტიზირდა, შემდეგ კი საერთოდ გახმა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს ცენტრალურ ავტობანთან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ათწლეულების წინ ათვისებული და მოვლილი იყო. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ტერიტორია ვენახებით იყო დაფარული. სწორედ ამ აქ მოდიოდა განსაკუთრებულად კარგი და ხარისხიანი ქართლის ცნობილი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ჩინური (ჩინებული). საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რასაც მაშინდელი მეურნეობების მოშლა მოჰყვა, მალევე განადგურდა სარწყავი სისტემები და ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა გახმა. 

ვანო სტეფანაშვილი, მევენახე-მეღვინე გორის სოფელ ვარიანიდან: 

„ვერ გეტყვით რა ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში და სოფლებში, მაგრამ ჩვენთან ვარიანში საკმაოდ პრობლემატურია ნაკვეთების მორწყვა. მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი წყალი კი არის, მაგრამ არასაკმარისია. იმ პერიოდში, როცა საჭიროა ინტენსიური მორწყვა, წყალი ძალიან ჭირს. მაგალითად, მწვანე ნერგის დარგვის შემთხვევაში, რომელსაც წყალი აუცილებლად სჭირდება, ვერ მორწყავ, რადგან ზაფხულში ყველა ერთწლიან კულტურებს რწყავს. 

შეიძლება მოიხელთო წყალი, ახვიდე სათავესთან და გაუშვა შენი ბაღისკენ, მაგრამ სანამ ბაღამდე მიხვალ, ვინმე გადაგიკეტავს და თავის ბაღში გაუშვებს ამ წყალს. ჩემს პრაქტიკაში იყო, როცა 5-ჯერ მოვახერხე მორწყვა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ვაზს საკმაოდ გაუჭირდა ზრდა. მე არ ვარ ინტენსიური რწყვის მომხრე. ორი წელია საერთოდ არ მომირწყავს ვენახი, მაგრამ გვალვის ფონზე შეიძლება დადგეს მორწყვის საჭიროება? 

– იყენებთ თუ არა რაიმე პრევენციულ ზომებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? 

– წელს ვაპირებ ადრე გაზაფხულზე ჩავატარო რწყვა, სანამ კომბოსტოს და პომიდვრის ჩითილების გადარგვა დაიწყება და სარწყავი წყალი ძნელი მოსახელთებელი გახდება. ახალჩაყრილი ვენახი გაზაფხულის ყინვამ გამიხმო 2016-2017 წლებში. 22 და 27 აპრილს იყო ყინვა, მაშინ, როცა ვაზი უკვე გაღვიძებულია. 2016-ში წაყინა ახალგაშლილი კვირტები, მაგრამ მერე ახალი ყლორტები ხელახლა წამოიღო. აქა-იქ გახმა რამდენიმე ნერგი. 2017-ში მთელი ღამე ძლიერი ყინვა იყო და თითქმის ნახევარი ვენახი გამიხმა.
 
რწყვასთან შემიძლია დავაკავშირო ეს ხმობა, იმიტომ, რომ ძირითადად გახმა მწვანე ნერგის სახით ჩაყრილი ვაზი ანუ ის ვაზი რომელიც სუსტი იყო შესაბამისად, რომ მორწყულიყო და მოძლიერება მოესწრო, მაგდენი არ გახმებოდა. 

ზოგადად მორწყვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსავლის გადიდების და ყურძენში მეტი წყლის ჩადგომის მიზნით – მტევანს მეტი წონა რომ ჰქონდეს. მოურწყავი ვაზი ფესვსაც უფრო ღრმად წაიღებს და წყალთან ერთად ბევრ კარგ რამესაც იპოვნის მიწის სიღრმეში“. 

საინტერესოა, რომ მიუხედავად სარწყავის უქონლობისა, ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახთან და წეროვანთან ახლოს მდებარე ნაკვეთების საბაზრო ღირებულება არათუ დაეცა, არამედ გაიზარდა კიდეც. გაძვირების მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში დედაქალაქთან ტერიტორიული სიახლოვეა. ადგილობრივების თქმით, ჩარდახთან ახლოს ნაკვეთების შეძენა პირველ რიგში რთული საქმეა (ცოტა ვინმე თუ ყიდის კუთვნილ მიწას) და თუკი ერთბაშად, ერთი ჰექტარის მოცულობის მიწა 50 ათას დოლარად ნახეთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. ყოფილ სავენახე მიწებს დღეს როგორც წესი სამოსახლოდ, ანდა ხეხილის ბაღის გასაშენებლად ყიდულობენ. აქვე იბადება კითხვა – მიწის მყიდველებს წყალი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდებათ?! 

იაგო ბიტარიშვილი, შიდა ქართლელი მევენახე-მეღვინე, მარან „იაგოს ღვინის“ მფლობელი: 

„ჩვენთან ჩარდახში, უწყლობით შეწუხებულმა მოსახლეობამ და მევენახეებმა სახელმწიფოს სხვადასხვა დონის მოხელეებს არაერთხელ მიმართეს და აცნობეს, რომ თუკი მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მათი ვენახები და ხეხილი უბრალოდ საბოლოოდ გახმება და განადგურდება. თუმცა, იმის გამო, რომ საირიგაციო სისტემის მოწყობა ამ ტერიტორიაზე საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთულია და თან ფინანსურად ძვირიც ჯდება, სიტუაცია სასიკეთოდ მაინც არ იცვლება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბევრს ჰქონდა ახალი ვენახების გაშენების სურვილი და არაერთმა ადამიანმა სცადა კიდეც, მაგრამ თითქმის ყველა მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან სრულიად მშრალ და ურწყავ ნიადაგზე ვაზის გახარება ვერავინ შეძლო“. 

პრობლემებია კახეთშიც 

სარწყავი სისტემების მოშლისა და ქართლში ვენახების ხმობის მეტად მძიმე პრობლემა სამწუხაროდ არც კახეთისთვისაა უცხო. კახეთში, განსაკუთრებით კი საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში წყლის არქონის გამო ვენახებს ყოველ ზაფხულს დიდი პრობლემები ექმნება და არცთუ იშვიათია ვენახების გახ¬მობის ფაქტები. განსაკუთრებით პრობლემური კი ახალშენი ვენახის მოვლაა, რომელსაც წყალი განსაკუთრებულად ესაჭიროება. 

ახალშენი ვენახის მოსარწყავად მევენახეები იძულებულნი არიან დიდი სატვირთო მანქანებით წყალი ზიდონ და ესეც არაა იმის გარანტია, რომ ვენახის გადარჩენას სათანადოდ მოახერხებენ. გარდა ამისა, ვენახების უმეტესი ნაწილი დასახლებულ პუნქტებთან საკმაოდ მოშორებითაა, ვენახამდე მისასვლელი გზები კი მოუწესრიგებელი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამატებით დროს, ენერგიასა და, რაც მთავარია, გაზრდილ ხარჯებს მოითხოვს. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვენახების ხმობის პრობლემა 
არამხოლოდ კახეთის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებულად მწვავედ დგას. ამის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილი გლობალური დათბობაც გახლავთ. ეკოლოგების აზრით, დედოფლისწყაროში დაწყებულმა გაუდაბნოების პროცესმა შესაძლოა სიტუაცია მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს. ეკოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ერთ დროს მევენახეობით სახელგანთქმულ მხარეში ვაზის კულტურა საერთოდ გადაშენდეს. 

კობა ქვაჭრელიშვილი, მევენახე-მეღვინე ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანიდან: 

„განსხვავებით კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან, ლაგოდეხისა და ყვარლის სოფლების დიდ ნაწილში წყლის პრობლემა ნამდვილად არ დგას. ადგილობრივი მევენახეები თუ ღვინის დიდი კომპანიები ამ კუთხით განებივრებულიც კი არიან. მაგალითად, ყვარლის სოფელ ჭიკაანში მევენახეებს გვალვის დრო ვენახის მორწყვა რამდენმე სხვადასხვა გზით შეუძლიათ. ამ სოფელში სარწყავი სისტემები, წყაროები, რუები და ჩვეულებრივი წყლის ონკანები იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალშენი ვენახებიც უპრობლემოდ გააშენონ და ძველსაც სათანდოდ მოუარონ. 

ანალოგიური მდგომარეობაა ლაგოდეხშიც, სადაც მართალია ხარისხობრივად ვერ მოდის ისეთი კარგი საღვინე ყურენი, როგორც მაგალითად, თელავში, ან გურჯაანში, მაგრამ ლაგოდეხელ მევენახეებს ვენახის მოვლის მხრივ პრობლემები ყველაზე ნაკლები აქვთ. სწორედ ამიტომაც, თბილისში ქართული სუფრის ყურძენი (როგორც იცით, ქართული ხილის ბაზარი გაჯერებულია სომხური სუფრის ყურძნით) პირველად სწორედ ლაგოდეხიდან შემოდის“. 

სარწყავ-სამელორაციო სისტემის სპეციალისტები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან (როდესაც სარწყავის სისტემები მეტნაკლებად ყველგან არსებობდა) მიიჩნევდნენ, რომ ლაგოდეხში და ყვარელში შექმნილი სპეციალური წყალსაცავი სისტემები შეძლებდა გვალვით დაზარალებული კახეთის სხვა მხარეების დახმარებას. მაგრამ, ეს გრანდიოზული პროექტები და გეგმები სამწუხაროდ, გეგმებად დარჩა და ასეთი მასშტაბური მშენებლობების განხორციელება საქართველოს, უცხოეთის ქვეყნებისა თუ ფონდების დახმარების გარეშე სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება. 

ვაზის მოვლის ძველი ტრადიციები საქართველოში 

საქართველოში როგორც ახალშენი, ასევე ასაკოვანი ვაზის მოვლის უძველესი ტრადიციები არსებობს. ძველ დროში ვენახს ისე აშენებდნენ, რომ სარწყავი აუცილებლად უნდა მისდგომოდა. მაშინდელი მევენახე მორწყვის საჭიროებას ითვალისწინებდა, რათა გვალვაში ვაზის გადარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო. 

საქართველოს მევენახეობაზე დაკვირვებულ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს, შენიშნული აქვთ, რომ ქართველ მეურნეს წესად ჰქონდა საკარმიდამო მამულში რამდენიმე ჯიშის ვენახის გაშენება. ასეთი პრინციპის მიზეზი ის გახლდათ, რომ თუ გვალვა და უამინდობა ერთი ჯიშის ვაზს დააზიანებდა, სხვა ჯიში მაინც გადარჩებოდა. შედეგად, ოჯახი სულ უღვინოდ მაინც არ დარჩებოდა – უღვინოობა კი ყოველთვის დიდ დანაკლისად აღიქმებოდა. 

მას შემდეგ კი, რაც ვენახი გვალვას, ჭარბ ნალექს თუ სეტყვას გადაურჩება, მოსავლის დაბინავებასაც თავისი წესი აქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც კარზე მოსავალი რთველის არასათანადოდ ჩატარების გამო ხარისხს კარგავს. ისე, როგორც მთელი წლის განმავლობაში, ამინდს და ტენიანობას ყურძნის დაკრეფის დროსაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, მევენახემ სჯობს რთველიც მაქსიმალურად ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს უნდა დაამთხვიოს. 

მერაბ მირცხულავა, მევენახე-მეღვინე, „ალაფინის მარნის“ წარმომადგენელი: 

„აუცილებელია კარგი მევენახე წლის განმავლობაში მუდმივად აკვირდებოდეს მტევნის და ფოთლის ზრდის პროცესს, ვაზის მსხმოიარობას. მნიშვნელოვანია მუდმივად დაფიქსირდეს ტემპერატურა, ნალექი და სხვა პარამეტრები, რაც ასევე დიდ გავლენას ახდენს მოსავალზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყურძენი არასოდეს იკრიფება არამხოლოდ დიდი წვიმის, არამედ ნამის შემთხვევაშიც კი. 

ამინდი რთველისას უნდა იყოს მაქსიმალურად მშრალი. ძალიან კარგი იქნება თუ კრეფის დღე იქნება ღრუბლიანი. მიუხედავად არსებული ტექნიკური საშულებებისა, ყველა გამოცდილი მევენახე გირჩევთ, რომ ყურძენი აუცილებლად ხელით უნდა დაკრიფოთ. მწიფე მტევნები, მარანში ტრანსპორტირებისთვის უნდა ჩაიდოს სპეციალურ სუფთა ხის, უჟანგავი ფოლადის ან პლასტმასის ჭურჭელში და რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანოთ გადასამუშავებლად. გაითვალისწინეთ, რომ შემდგომში ღვინის ხარისხისათვის მცირე დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია“. 

ზოგადად, სოფლის მეურნეობაში არსებული მელიორაციის პრობლემის მოგვარებას ცდილობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. როგორც მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ფართობის სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა მოხდა. 

„მელიორაციის გარეშე, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად, უკვე 130 ათასი ჰექტარი ფართობია გასარწყავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მიწას. სამელიორაციო სამუშაოები ზამთრის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა სეზონს მომზადებული დავხვდეთ. სამუშაოები გაგრძელდება 2020 წელსაც. ამბიციური გეგმები გვაქვს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემო ალაზნის ორი არხი, ფაქტობრივად, მთლიანად კახეთის რეგიონს ამარაგებს სარწყავი წლით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, როდესაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. 

ასე რომ, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ – კარგი ღვინის დაყენებამდე დიდი გზაა გასავლელი. ყველაფერი კი ვენახებიდან იწყება. ვენახებში პრობლემები უამრავია, ერთ-ერთი განსაკუთრებული სირთულე კი როგორც ამჯერად ვნახეთ, სარწყავი სისტემების მოუწესრიგებლობაა, თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბიციურ გეგმებზე ლაპარაკობს და ხალხს იმედს აძლევს, რომ პრობლემას მოაგვარებს. 

ლევან სეფისკვერაძე