ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
თბილისური მევენახეობა-მეღვინეობა – ვაზის გაშენების ტრადიცია დედაქალაქში - №1(62), 2020
აქვს თუ არა პერსპექტივა თბილისში ყურძნის მოყვანას 

დღევანდელ სტატიაში თბილისის ტერიტორიაზე მოყვანილი ყურძნიდან მიღებული ღვინის შესახებ გავამახვილებთ ყურადღებას. ცხადია, ქვეყანაში ყურძნის უმთავრესი მოსავალი კახეთის მხარეში მოდის, მნიშვნელოვანი რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი, სადაც ასევე უნიკალური ჯიშის ვაზებია გაშენებული და ექსპორტის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, გამორჩეულია. თუმცა, ზოგადად, ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია და ამ მხრივ ღვინის მრავალფეროვნება ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანიც არის. როდესაც კახურის და რაჭულის გარდა ასევე არსებობს ქართლის, გურიის, იგივე აფხაზეთის მხარეში თუ სხვა რეგიონებში მოყვანილი ყურძნის ღვინო, ასევე არის დედაქალაქში – თბილისში, ზოგჯერ აქა-იქ პატარ-პატარა ვენახები თუ სულაც ეზოებში ხეივანზე გაშენებული ვაზი. 

ორი წლის წინ, კვლევითი ორგანიზაცია „ეისითის“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისელების დაახლოებით მეოთხედი (26%) ლუდის, მეხუთედი (18%) არყის, ხოლო მეათედი – ბრენდის (ე.წ. კონიაკის) მოყვარულია. 

„ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ალკოჰოლის დღეებია პარასკევი, შაბათი და კვირა. ალკოჰოლს ყველაზე მეტად (69%) შაბათს მიირთმევენ. საინტერესოა, რომ თბილისელები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რომელ დღეს მოუწევთ ნაბახუსევზე ყოფნა – 45% კვირა დღეს მიირთმევს ალკოჰოლს, მაშინ როცა პარასკევს სასმელს მხოლოდ 26% სვამს“, – აღნიშნულია კვლევაში. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, თბილისში ალკოჰოლის მიღების ყველაზე პოპულარული ადგილი სახლის სიტუაციაა. თბილისელების 78% მეგობართან /ახლობელთან სტუმრად, 70% კი საკუთარ სახლში სვამს სასმელს. თბილისელების 27% ალკოჰოლის დასალევად რესტორნებს, 12% კი ბარებს სტუმრობენ. 

შეიძლება ცოტა დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ, ღვინის შინ დალევის მოყვარულ თბილისელებს შორის მცირე ნაწილს სწორედ თბილისშივე მოწეული ყურძნის მოსავლიდან დაწურული ღვინო აქვს. 

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მევენახეობა-მეღვინეობა და ზოგადად ღვინის კულტურა უცხო არასოდეს ყოფილა და თბილისში არა მხოლოდ ღვინოს მოიხმარდნენ, არამედ სრულიად განსხვავებულ ღვინოებს აყენებდნენ კიდეც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თბილისის სხვადასხვა უბნებში ვენახები საუკუნეების მანძილზე არსებობდა. 

ევროპის ურბანულ ცენტრებში ვენახების არსებობის ტრადიცია დღეს არავის უკვირს. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღესაც არსებობს მცირე (3-4 მწკრივიანი) ვენახები, სადაც მოწეული ღვინო უნიკალურად ითვლება და ასეთი ერთი ბოთლი ღვინის ფასი რამდენიმე ასეულ ევროსაც კი შეადგენს. ვენახებს ასევე ნახავთ ავსტრიის დედაქალაქის – ვენის შემოგარენში, რომში, ლაციოს რაიონში, ქალაქ მილანში, ლიონში და სხვაგან და სხვაგან... მაღლარზე, ე.წ. ხეივანზე გაშვებული ვაზი კი არა მხოლოდ ევროპის, საქართველოს ქალაქების იერის ნაწილიცაა და ე.წ. კერძო დასახლებების ეზოებში დარგულ ვაზს თბილისის გარდა უხვად ნახავთ თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სად აღარ... 

ადრე და ახლა... 

როგორც იცით, ვაზის იშვიათი ჯიშები ქართული მეღვინეობის ნამდვილი საგანძურია. სამწუხაროდ ამ ჯიშების უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში ან გაქრა, ანდა საკოლექციო ნაკვეთებშიღა შემორჩა. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ის გახლავთ, რომ საბჭოთა კავშირი ღვინის მასობრივ წარმოებაზე იყო ორიენტირებული, შედარებთ მცირემოსავლიანი, მაგრამ გამორჩეული და უნიკალური ვაზის ჯიშების ადგილი კი უზარმაზარ საბჭოთა ღვინის მრეწველობაში ვერ გამოინახა. 

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ არსებობს ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც სწორედ თბილისის მიკროზონაში ხარობდა. თბილისური ვაზის ჯიშები, არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ერთი კუთხის ჯიშებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაიწყო ვაზის თბილისური ჯიშების მოძიება და ვენახებში დაბრუნება. ამას თავიდან ძირითადად ენთუზიაზისტები აკეთებდნენ, თუმცა, ამ ჯიშებით ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები ჯერ არ დაინტერესებულან. 

ზაზა დარსაველიძე, ქართლელი მევენახე-მეღვინე: 

„თბილისში ვაზის კულტივირების შესაძლებლობები ამოუწურავია: არსებობს უამრავი ჯიში, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თვისებებით. ზოგი საღვინეა, ზოგი კი სასუფრე. არსებობს ჯიშები, საღვინედაც რომ გამოდგება და სასუფრედაც. გარდა სასუფრე და საღვინე ჯიშებისა, განასხვავებენ მაღლარად და დაბლარად გაშენებელ ვაზსაც. მაღლარი ვაზია, როცა ხეივნად იზრდება ან პერგოლებზე (ჩრდილისთვის მოწყობილ კონსტრუქციებზე) ადის. დაბლარი ვაზი ჩვეულებრივი ვენახია. 

ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალაქად ისეთი ჯიშები გააშენოთ, რომლებსაც მყარი იმუნური სისტემა აქვს და შეწამვლას არ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეზოში გაშენებული ვაზი ხიფათის წყაროც კი აღმოჩნდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა მის გვერდით მარწყვი, მაყვალი, ბალი ან სხვა ისეთი ხილი ხარობს, რომელიც იმ პერიოდში შემოდის, როცა ვაზს შეწამვლა სჭირდება. წამალი შეიძლება ვაზთან ახლოს მოქცეულ ხილს დაესხუროს, რომელიც შესაძლოა, ბავშვმა შეჭამოს. ამიტომ არ გირჩევთ“. 

პესიმისტური მოსაზრებები 

მეღვინეები გვირჩევენ, რომ თუკი თბილისში ეზოიანი კერძო სახლი ან ნაკვეთი გვაქვს, ყველაზე კარგია ვაზის ისეთი ჯიშის გაშენება, რომელიც სასუფრედაც გამოდგება, საღვინედაც და შეწამვლაც არ სჭირდება. ვაზებს შორის შესაძლებელია, გოგრის, კიტრის, სალათის, წიწაკის და მწვანილეულის დათესვა და გახარება. ეს მცენარეები ვაზს ხელს არ შეუშლიან. კარგი იქნება, ვენახის მწკრივების დასაწყისში ვარდს თუ გაახარებთ. როდესაც რაიმე დაავადება ჩნდება, ვარდი ვაზზე ორი-სამი კვირით უფრო ადრე ავადდება და ერთგვარი „სასიგნალო შუქურის“ ფუნქციით სარგებლობს, გვამცნობს რა ვაზის მოახლოებულ გასაჭირს. 

ამჟამად ამერიკაში მცხოვრები მუხრან პაპავა თბილისში წლების მანძილზე ერთ-ერთ ღვინის ბარში კონსულტანტად მუშაობდა და მას საზღვარგარეთ არაერთი ქალაქი უნახავს, სადაც ვენახები სწორად და საინტერესოდ იყო გაშენებული. თბილისში კი ვაზის გაშენების პოტენციალს სამწუხაროდ უკვე ვეღარ ხედავს. 

მუხრან პაპავა, ღვინის ექსპერტი: 

„სამწუხაროდ ამ ეტაპზე თბილისში არანაირი პოტენციალი არ გააჩნია ახალი ვენახების გაშენების ტენდენციას. ეს არის ქაოსურად მზარდი ქალაქი,რომელიც კარგავს ფორმას და ამ უფორმობაში ვენახის ადგილი არ რჩება. ისე კი ძალიან კარგი ვენახები მინახავს ესპანეთში – კორდობაში, გრანადაში. ქალაქის ტერიტორია არ ყოფილა, უფრო შემოგარენი იყო. იქ ბევრი თიხის ჭურჭელში აყენებდა ღვინოს (დიდი რაოდენობით უხარისხო ღვინოები ვწრუპე, აქაოდა ნატურალურიაო). ლამაზი ვენახები მინახავს გრანადასთან. ეს იყო მშვენიერი ვენახის კომპოზიცია, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა“. 

დიღომში, გლდანში, ვერაზე, სან-ზონაში, ვარკეთილში და სხვაგან დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ მევენახეობის ტრადიციას. ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ მათ პატარა ვენახებში დარგული ვაზი ხშირ შემთხვევაში თბილისური ჯიშებია. მათგან დღეს ყველაზე მეტად გვხვდება: წითელი დიღმურა, სიონის თეთრი, განახული, მუხამწვანე და ე.წ. წითელი ვაზი. 

ზოგიერთი მეღვინის აზრით, მივიწყებული ვაზის ჯიშების გაშენებაზე თუკი ვიფიქრებთ, ზოგადად თბილისი შეგვიძლია ცალკე რეგიონად კი არ განვიხილოთ, არამედ – როგორც ქართლის რეგიონის ცენტრი. შესაბამისად, ყველაზე მეტად ქართლის ვაზის ჯიშებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია თბილისში გასაშენებლად. წყაროების მიხედვით, წარსულშიც ასე იყო. 

ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის ენთუზიასტი, „ქართული ვაზის ფონდის“ დირექტორი: 

„დეველოპერების ხარბ მადას თვალნათლივ ვხედავთ და ვხედავთ იმასაც, რომ ისინი ფაქტობრივად არ ტოვებენ თბილისის რომელიმე გარეუბანს, სადაც უზარმაზარი კორპუსების აშენება არ იგეგმება ანდა უკვე არ მიმდინარეობს. არა მხოლოდ გარეუბნები, არამედ თბილისს შემოერთებული სოფლები უკვე მონიშნული აქვთ და იწყებენ ისეთ პროექტებს, რაც ამ სოფლებს და იქ არსებულ ტრადიციულ მეურნეობებს სრულიად შეუცვლის სახეს მომავალ ათ წელიწადში. მაგალითად, ავიღოთ სოფელი დიღომი. ამ სოფელში ჯერ კიდევ შეიძლება მცირე ფართობებზე ვენახების გაშენება და შესაბამისად, მცირე მარნების მოწყობა. 

არსებობს ვაზის ჯიში დიღმურა, რაც ამ სოფელმა შექმნა ისტორიულად. თუკი სოფელი დიღომი სოფლის სახეს დაკარგავს და ათი წლის შემდეგ ეს ჩვეულებრივი უსახური კორპუსების კვარტალი იქნება, ყოველგვარი აზრი ეკარგება აქ ვენახების გაშენებას. ასევე შეიძლება ითქვას სოფელ გლდანზეც, საითკენაც ასევე ნელ-ნელა მიცოცავს ქალაქის კორპუსები. 

თვითონ ქალაქში ვენახების გაშენებას, თუნდაც ხეივნების სახით პატარა ეზოებში და ავტოფარეხების სახურავებზე ვფიქრობ, აზრი მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, თვალის სასეიროდ აქვს. მეღვინეობისთვის კი ეს ხეივნები გამოუსადეგარია. იმდენად დაბინძურებულია ქალაქი გამონაბოლქვით, ამ კვამლსა და ეკოლოგიურ სიბინძურეში დამწიფებულ ყურძენს არანაირი ფასი არა აქვს არც საჭმელად და არც ღვინისთვის. თუკი მაინც ვინმე აპირებს ასეთი ნედლეულით ღვინის დაყენებას, შეამოწმოს ლაბორატორიულად მძიმე ლითონების დონე როგორი იქნება ასეთ ღვინოში. ფაქტობრივად, ღვინოს კი არა, ტყვიის და სხვა მძიმე ლითონების კუპაჟს მიიღებს“.
 
კარგი მაგალითი 

საბჭოური პერიოდის თბილისის არასწორმა ურბანულმა დაგეგმარებამ გამოიწვია ის, რომ ვენახების დიდი ნაწილის ადგილზე თემქის მსგავსი დასახლებები აშენდა. კომუნისტები ხალხს აიძულებდნენ, მამა-პაპის დარგული ვაზი საკუთარი ხელით გაეკაფათ. იმის გამო, რომ საბჭოეთში ყველაფერი (მათ შორის მიწაც) სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდა, საკუთარი ვენახის ამოძირკვაში საკომპენსაციო თანხასაც კი არავის უხდიდნენ. 

გაიოზ მეტრეველი, თბილისის მკვიდრი, ენთუზიასტი მევენახე: 

„აქვე ე.წ. გლდანის ტბებთან სულ რამდენიმე მწკრივი ვენახი მაქვს და ღვინოს ათ წელზე მეტია ვაყენებ. სანამ ვენახს გავაშენებდი, ბევრი მეუბნებოდა, რომ აქ მარილიანი მიწა იყო და ვაზი არ იხარებდა, თუმცა, როგორც ხედავთ, მშვენივრად გაიხარა ყველა ჯიშმა და არც ღვინის ხარისხის ვუჩივი. 

ჯიშებს რაც შეეხება, ძირითადად გაშენებული მაქვს ქართლის ჯიშები – ჩინური და გორული მწვანე. ამ ხუთი წლის წინ, ახლობელმა თბილისური ვაზის ჯიში თბილური თეთრა მაჩუქა და ერთი მწკრივი ეგეც მაქვს. მიჩნეულია, რომ სუფრის ყურძნის ჯიშია, თუმცა, დავაყენე და ძალიან კარგი ღვინო გამოდის. თბილურს არაფერში ვურევ, ცალკე ვაყენებ და სრულიად განსხვავებული ღვინო დგება. შარშან უცხოელებსაც გავასინჯე და ისე დიანტერესდნენ, რომ მითხრეს, ბევრი თუ გექნება, ვიყიდითო. წელს ერთი 15 მწკრივი მაინც რომ გავაშენო, უკვე ბიზნესის დაწყებაზეც ვიფიქრებ“. 
 
თბილისში, მაგალითად დიღმის ტერიტორიაზე ვაზის გაშენების ტრადიცია უძველეს დროშიც არსებობდა. გადმოცემის მიხედვით, ხაზარების ლიდერის, ჯიბღუ ხაკანის ლაშქრის მიერ მეშვიდე საუკუნეში, ალყაში მოქცეულ თბილისის დამცველებს დიღმელებმა ღვინო მიუტანეს. ამ ღვინოს თბილისელი მეციხოვნეები მუსლიმი (და შესაბამისად არამსმელი) მტრის გასახელებლად ზედ ციხის გალავანზე სვამდნენ და ცარიელ ნაღვინევ ფიალებს მტრისაკენ ისროდნენ. ეს ისტორიული ფაქტი თუ ლეგენდა რომც არ ყოფილიყო, მევენახეობის დიღმურ ტრადიციებს დღემდე არსებული ღვინის ჯიში, დიღმურაც ადასტურებს. დიღმურა სოფელ დიღომის (ახლა უკვე თბილისის ნაწილის) მაცხოვრებლებს დღემდე მოჰყავთ და უნდა ითქვას, ძალიან კარგ ღვინოსაც აყენებენ. 

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი: 

„თბილისი გამორჩეული და ძალიან კარგი სავენახე ადგილია. სამწუხაროდ, სავენახე ადგილები მოსახლეობამ დაიკავა, თორემ, ძველ დროში თბილისის გარშემო მთლად ბაღ-ვენახები იყო და არა იმისათვის, რომ აქ ბევრი ხალხი იყო, არამედ იმისათვის, რომ აქაური ნიადაგები საუკეთესო აღმოჩნდა. ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მტრების მუდმივი შემოსევები ვენახების წინააღმდეგ მოქმედებდა. მეღვინეობას რაც შეეხება, დედაქალაქი ყოველ დროში უპირატესად კახური ღვინის მომხმარებელი იყო, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ აქვე იყო ღვინის ყველაზე დიდი მრავალფეროვნება მთელ მაშინდელ ქალაქებს შორის. 

– თქვენი აზრით რამდენად დიდი პოტენციალი გააჩნია თბილისში თუნდაც მომავალში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას? 

– მევენახეობის პოტენციალი ამჟამინდელ დედაქალაქში ამოწურულია, თუმცა, შესაძლოა მიკროვენახებისა და მარნების ჩამოყალიბება. თუკი ამაში მთავრობის ინტერესიც იქნება, ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა, ოღონდ სამომავლოდ. ამჟამად ამის არც საშუალებაა და არც მოთხოვნა. როდესაც ნორმალური ქვეყანა გავხდებით მერე შესაძლებელია.
 
– თქვენი გამოცდილებით, მსოფლიოს რომელ ქალაქებში გინახავთ ვენახები და რით იყო გამორჩეული? 

– ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება 20 წლის წინ, შტუტგარტმა მოახდინა, რომლის გარშემო მთლიანად ტერასული მევენახეობაა განვითარებული. თუმცა, ამ ცოტა ხნის წინ ვიმოგზაურე ბურგუნდიაში და იქ ერთმა პატარა ქალაქმა – ბონმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ესაა ნამდვილი ვაზისა და ღვინის ქალაქი. ვისაც მსგავსი საგანი აინტერესებს, პირველ რიგში ეს პატარა ქალაქი უნდა დაათვალიეროს“. 

ღვინო და ღვინის კულტურასთან ასოცირებული ტრადიციები, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, საქართველოში უძველეს დროში იღებს სათავეს და ძალზე მრავალფეროვანია. ამ ფენომენის ნაკლებად შესწავლილ, თუმცა უაღრესად საინტერესო ნაწილს წარმოადგენს XVIII-XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც კარგად ასახავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყნის, საკუთრივ კი თბილისის ღვინის ისტორიას და ღვინის კულტურას. 

ღვინის თემასთან უშუალოდ დაკავშირებულ გამოსახულებებზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მამაკაცის ფიგურა, რომელიც კასრზე მჯდომარე გამოისახება. ეს სახე განსაკუთრებით ტიპურია ვერცხლის თასების ცენტრისთვის. აღნიშნული ფიგურა თავისი იკონოგრაფიით უძველეს დიონისურ მოტივებთან იწვევს ასოციაციას, რაც თავის მხრივ, თბილისური მეღვინეობის უნიკალურობაზე მეტყველებს. 

ლევან სეფისკვერაძე