ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ღვინის სმა უჩვეულო სიტუაციებში პოპულარული ხდება - №3(64), 2020
ალკოჰოლი "მიუვალ ადგილებსაც" იპყრობს 

არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კულტურაში ღვინო ერთგვარ ბუტიკურ სასმელად მიიჩნევა და მისი მოხმარება ერთი შეხედვით მხოლოდ სალონურ, რესტორნულ და საოჯახო სივრცეებშია მიზანშეწონილი. არადა რეალობა გვაჩვენებს, რომ ღვინო პოპულარული ისეთ ადგილებშიც კი ხდება, როგორიც მაგალითად სწრაფი კვების ობიექტები, სტუდენტური კამპუსები და მეტიც – ქუჩაა. 

თბილისში ალბათ ნაკლებად, მაგრამ პარიზში ნამდვილად ნახავთ ქუჩაში მიმავალ ადამიანს, რომელიც ქუჩაში მისეირნობს და მობილურ ტელეფონზე საუბრის პარალელურად კარგად ჩაციებულ ვარდისფერ „როზეს“ ბოთლიდან სვამს. მსგავსი ქმედება საქართველოში უმეტესად ლუდს და ლუდის მოხმარების ტრადიციას შეიძლება დაუკავშირდეს, არადა ღვინო უკვე დიდი ხანია გასცდა ბინებსა და რესტორნებს. ამჟამად ღვინის დალევის უცნაურ ადგილებზე ერთი შეხედვით გავამახვილებთ ყურადღებას. 

ღვინის სმის კულტურა თვითმფრინავში 

ერთ-ერთი „უცნაური“ სივრცე, სადაც ღვინო მოიხმარება, თვითმფრინავის სალონია. ეს მაშინ როდესაც, თვითმფრინავში ღვინის სმის ტრადიცია უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადა-მიანს თვითმფრინავში მოსახმარად მაგალითად ვისკი ან კონიაკი უფრო ემარჯვება, ღვინის მწარმოებელი მრავალი ცნობილი კომპანია იღვწვის, რომ წარმატებას ცაშიც მიაღწიოს და სწორედ მასთან გააფორმონ ხელშეკრულებები დიდმა ავიაკომპანიებმა. 

ირაკლი მაისურაძე, ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი: 

„სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს თვითმფრინავით მგზავრობა და რასაც დავაკვირდი, თითქმის ყველგან, ფრანგული (ჩემი აზრით, საშუალოზე დაბალი ხარისხის ღვინოები) მოაქვთ ხოლმე. ღვინოები, როგორც წესი, პატარა ბოთლით მოაქვთ და ღვინის დალევა თუ მსურს, რამდენჯერმე უნდა გავამეორებინო, სიამოვნება რომ ვიგრძნო. ჩემი მოგზაურობებიდან კარგი ღვინო მახსენდება „კანადის ავიახაზებზე“ და „ეარ ფრანსზე“. სხვათა შორის, ავიაკომპანია „ლუფტჰანზაზე“ ქართული ღვინო მხოლოდ თბილისის რეისზე ჰქონიათ. „ლუფტჰანზაზე“ რა გასაკვირია, ძირითადად გერმანული ღვინოებია. „საქართველოს ავიახაზებით“ ფრენისას შესაძლებელია „ბადაგონი“ გასინჯოთ. ვისურვებდი ავიაკომპანიების მიერ მეტად დაფასდეს წითელი ქართული ღვინოები და განსაკუთრებით საფერავი“. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავის ბილეთში ზღაპრულ თანხებს იხდიან. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი პირველი კლასის რეისზე არსებული იშვიათი ღვინოები გახლავთ. ბევრ ავიაკომპანიას აქვს ღვინის საკუთარი სარდაფი. არაბთა გაერთიანებული საამიროების გიგანტური ავიაკომპანია Emirates-ი მსგავს სარდაფში 2,2 მილიონ ბოთლ ღვინოსაც კი ფლობს. ეს ავიაკომპანია ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრებს შატო შევალ ბლანს, დონ პერინიონს და შატო დ’იკემს სთავაზობს მენიუში. ასეთ ავიაკომპანიებს ბორტზე ყოველთვის აქვთ ძალიან იშვიათი ღვინოები, რომლებსაც ხშირად ვერავითარი ფულით ვერ იყიდი. თუ გაგიმართლა, შესაძლოა, სადმე, აუქციონზე წააწყდე და ისიც საარაკო ფასად. მაგრამ ბორტზე ასეთი ძვირფასი ღვინოების შეტანით არც ავიაკომპანიები ზარალდებიან. როცა თვითმფრინავის ბილეთის ფასი 26 500 დოლარია (მაგალითად სწორედ ამდენი ღირს პირველი კლასით მგზავრობა ჰონგ-კონგიდან ნიუ-იორკამდე რეისზე Cathay Pacific-ის თვითმფრინავით), რა თქმა უნდა, იქ იშვიათ, გამორჩეულ და ძვირადღირებულ ღვინოებსაც შეიტან და უიშვიათეს კერძებსაც. 

გიზო ჭელიძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი: 

„მართალია თვითმფრინავით მგზავრობისას უპირატესობას უფრო ლუდს ვანიჭებ ხოლმე, თუმცა, დავაკვირდი და ჩემი მრავალწლიანი ფრენის ისტორიის მანძილზე ქართული ღვინო თვითმფრინავში არ შემხვედრია. ძირითადად იმ ქვეყნის ღვინოებია (თუ კი აქვს ქვეყანას ღვინის წარმოება), რომელ ქვეყანაშიცაა ავიაკომპანია რეგისტრირებული. თუმცა, ცხადია ფრანგული და იტალიური ღვინოები დომინანტია. მსოფლიოს ცნობილი ავიაკომპანიების ბორტებზე ვისურვებდი მენახა მსუბუქი ქართული ღვინოები. მაგალითად ქართლის ჩინური, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში და სამწუხაროდ ჯერ ისე არ დაფასებულა, როგორც მას ეკადრება“. 

ბევრი ავიაკომპანია არამარტო ყიდულობს ღვინოებს ცნობილი ფრანგი მწარმოებლებისგან, არამედ თვითონვე ფლობს ვენახებს ბორდოში და თვითონვე აწარმოებს ღვინოს. ეს მათგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს – კორონავირუსამდე არსებული სიტუაცია ავიაკომპანიებს შესაძლებლობას აძლევდა, განეხორციელებინათ უზარმაზარი ინვესტიციები მევენახეობის დარგში. დღეს, როცა ფრენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის შეჩერებულია, ისინი ზარალდებიან, თუმცა, როცა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ისევ პირველები ნახავენ სარგებელს, რადგან სოციალური დისტანცია და კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციალური ზომები პირველ რიგში სწორედ ბიზნეს და პირველი კლასის რეისებზე შეიძლება იქნას მაქსიმალურად დაცული. 

ქართული ღვინო მრავალი წლის მანძილზე არ იყო არცერთი უცხოური ავიაკომპანიის ბორტზე. მაგრამ 2019 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ქართული ღვინო, კონკრეტულად კი „თელიანი ველის“ პროდუქცია მენიუში შეიტანა SkyUp Airlines-მა, რომელიც უკრაინას ეკუთვნის. 

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო Japan Airlines-ის მიერ 2020 წლის დასაწყისში კომპანია „შალაურის“ ქვევრის ღვინის შეტანა პირველი კლასის მენიუში. რომ არა კორონავირუსის პანდემია, დიდი ალბათობით, სხვა ავიაკომპანიებიც თანდათან მოკიდებდნენ ხელს ქართულ ღვინოს. იმედია, პანდემია როცა ჩაივლის, კიდევ უფრო მეტი ჩვენებური ღვინო გაიკაფავს გზას ძვირადღირებული ავიაკომპანიების ბიზნეს და პირველი კლასის რეისებისკენ. ქართული ღვინო ამას ნამდვილად იმსახურებს. 

გოგა სიმონიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია LINKS Europe-ის დირექტორი: 

„თვითმფრინავში გასინჯული ღვინოებიდან ძალიან მომეწონა თეთრი მშრალი ღვინო Chablis Grand Cru და ფრანგული Bordeaux წითელი მშრალი, რომელიც „სინგაპურის ავიახაზებმა“ შემომთავაზა. ასევე მომეწონა თურქული თეთრი მშრალი ღვინო Kavaklidere – Cankaya და ფრანგული თეთრი მშრალი Chardonnay „თურქეთის ავიახაზებზე“. „მოლდოვის ავიახაზებმა“ შემომთავაზა თეთრი მშრალი ღვინო Chardonnay, Purcari 1827, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა. ხშირად მხვდება ჩილეს, სამხრეთ აფრიკის და კალიფორნიული ღვინოები, რომლებიც ძირითადად ევროპის შიდა ფრენებზე გამისინჯავს და საკმაოდ კარგია. 

– ქართული ღვინო თუ შეგხვედრიათ სადმე თვითმფრინავში და მგზავრობისას რომელ ღვინოებს ისურვებდით? 

– რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ალბათ 10 წლის წინ, მახსოვს, „თელიანი ველის“ წინანდალი და საფერავი გავსინჯე. ეს იყო ავიაკომპანია „აირზენას“ რეისზე. ბოლო პერიოდში მხოლოდ „თელავის მარნის“ ღვინოს გავიხსენებდი, რაც „აირზენას“ ბორტზე ჰქონდათ. სხვა უცხოურ ავიახაზებზე ქართული ღვინო არ მახსენდება. ძირითადად თეთრი მშრალი ღვინის მოყვარული ვარ და ალბათ უფრო ვისურვებდი „შატო მუხრანის“ გორულ მწვანეს, მაგრამ დღეს უკვე ძალიან კარგი და უფრო დიდი არჩევანი გვაქვს ქართულ ბაზარზე და სხვა ღვინოებსაც გავუწევდი რეკომენდაციას“.
 
ღვინო ე.წ. ფასტ-ფუდებში 

როგორც უკვე ვთქვით, მთელ მსოფლიოში, ღვინის ძირეულად დამფასებლებისთვის ღვინის ე.წ. ფასტ-ფუდთან, ანუ სწრაფი კვების ობიექტებში სმა დაუშვებელია. უფრო მეტიც – არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ესაა ღვინის დედააზრის შეურაცხყოფა, რადგან „ფასტ-ფუდი“ თავისი არსით გამორიცხავს იმ ფილოსოფიას (დაგემოვნება, ჩაღრმავება, არომატების ბოლომდე შეგრძნება და სხვა), რაც ღვინის კულტურისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. ასეთი დამოკიდებულება საქართველოში ჯერ არ არსებობს, თუმცა, ღვინის სამშობლოდ წოდებულ ჩვენს ქვეყანაში არ არის გამორიცხული, რომ ოდესმე ღვინის მოხმარება სწრაფი კვების ობიექტებშიც დაიწყონ. 

ნინი რაზმაძე, რესტორატორი: 

„ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავთ სწრაფი კვების ობიექტებს, სადაც ძირითადად ორდინარული ხარისხის ღვინოებს გვთავაზობენ და ასეთი ტიპის კერძებზე ღვინის მიყოლება კონკრეტული ადამიანების თვალთახედვით, ტრადიციულ სუფრაზე ღვინის სმაზე არანაკლებად სასიამოვნოა. 

იტალიაში პიცერიების აბსოლუტურ უმრავლესობაში (რომლებიც თავისი არსით სწორედ სწრაფი კვების ობიექტებს წარმოადგენენ) კლიენტებს სთავაზობენ სხვადასხვა რეგიონში წარმოებულ, ძირითადად წითელ ნახევრადტკბილ ღვინოებს. ამ ღვინოების ფასი საკმაოდ იაფია და დაახლოებით 2-3 ევროდან იწყება. თუმცა, ნეაპოლში პიცას განსაკუთრებულად დიდ პატივს სცემენ (ბევრი თვლის, რომ პიცის სამშობლო სწორედ ნეაპოლია) და ნეპოლიტანურ პიცასთან შესახამებლად შესაძლოა 20 და მეტ ევროდ ღირებული, კამპანის რეგიონში წარმოებული, ან სულაც სიცილიური ნახევრდატკბილი ღვინოები შემოგთავაზონ“. 

ამერიკის შეერთებული შტატები რომ ჰამბურგერების, ჩიზბურგერებისა და სენდვიჩეულის ქვეყანაა – ეს ყველას კარგად მოგვეხსენება და ისიც კარგად ვიცით, რომ ამერიკაში ასეთი ტიპის სახელდახელოდ მისართმევ საკვებს ძირთადად ცივ უალკოჰოლო გაზიან სასმელებს ან ლუდს აყოლებენ. თუმცა, კალიფორიაში (მოგეხსენებათ კალიფორნია ამერიკის ღვინით სახელგანთქმული რეგიონია) ჩვეულებრივ სასენდვიჩეებსა და ჰამბურგერ-ბარებში კარგად ჩაციებულ უბრალო თეთრ ღვინოებსაც (ძირითადად შარდონეს) აუცილებლად შემოგთავაზებენ და ამერიკული ტრადიციის მიხედვით ასეთ საკვებთან ბევრი ადამიანი ღვინოს ლუდის მსგავსად, პირდაპირ ბოთლიდან სვამს, რაც ბევრ ევროპელს ძალიან აკვირვებს. 

სწრაფი კვების ობიექტებში ღვინოს გემრიელად გეახლებიან ესპანელები და პორტუგალიელებიც. ამ ქვეყნებში ღვინის კულტურა საკმაოდ მაღალია და თხელი, მსუბუქი ღვინოების სახელდახელოდ მისართმევ კერძებთან მიყოლების ძველი ტრადიციაც აქვთ. ესპანეთში, საკუთრივ ბასკეთის მხარეში კი ასეთ კერძებთან განსაკუთრებით პოპულარულია ვაშლის ღვინის – სიდრის მიყოლება. ჩაციებული სიდრის სმა ბასკთათვის „ფესვგაუხმობი“ ტრადიციაა. 

აზიის ქვეყნებში ფასტ-ფუდთან ღვინოს ნამდვილად არ შემოგთავაზებენ, რადგან ამის კულტურა იქ უბრალოდ არ არსებობს. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლებში ჩინეთში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მასობრივად დაიწყეს ევროპიდან (სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოდანაც) და ამერიკიდან ღვინის შეტანა, არ არის გამორიცხული, რომ შუადღეს მარტივად წასახემსებლად სამსახურიდან გასულმა აზიელებმაც საკესა და ბრინჯის ლუდის ნაცვლად ღვინის სმა დაიწყონ. 

ალკოჰოლი კოსმოსში 

ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი ფილმი „გრავიტაცია“, სადაც ჯორჯ კლუნის პერსონაჟი, მეთ კოვალსკი კოსმოსურ სადგურზე უჩვენებს რაიან სტოუნს იმ ადგილს, სადაც რუსები არაყს მალავენ. ამ სცენაში არაფერია მოგონილი. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ალკოჰოლის გატანა მკაცრად არის აკრძალული, რუსი კოსმონავტები მაინც ახერხებენ, გვერდი აუარონ ამ აკრძალვას და დედამიწის ფარგლებს მიღმა არაყი გაიტანონ.
 
ალკოჰოლი კოსმოსში პირველად იური გაგარინმა 1961 წლის 12 აპრილს გაიტანა, თუმცა, ამაში მაშინ არაფერი ყოფილა უკანონო. იმ 63 ტუბიდან, რომელიც რუსმა კოსმონავტმა დედამიწის ფარგლებს მიღმა თან წაიღო, ერთ-ერთი ალკოჰოლური სასმელით იყო სავსე. სტარტამდე კოსმონავტმა დაიჩივლა, რომ არაფერი ჰქონდა ისეთი, რითაც აუცილებლობის შემთხვევაში ჭრილობის დამუშავება შეეძლო, რის გამოც ხელმძღვანელობამ ნება დართო, თან სომხური კონიაკი წაეღო. 

თუმცა, გაგარინს კონიაკი, რომელიც 160-გრამიან ტუბში ესხა, არ დაუგემოვნებია და უკან, დედამიწაზე ჩამოიტანა. ის მოიპარა სარაკეტო ჯარების ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც გაგარინი თავისი კაფსულით სარატოვის ახლოს, მინდორში დაეშვა. სარაკეტო დივიზიის თანამშრომელს მოეწონა ფერადი ტუბი და მისი შიგთავსი მალევე „შეუმჩნევლად“ გადაყლურწა, როგორც ეს სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალებიდან ირკვევა. 

კოსმოსში ალკოჰოლის არალეგალური გატანა 70-იან წლებში, საერთაშორისო სადგურების აღმავლობის ეპოქაში დაიწყო. იმ პერიოდში ალკოჰოლი კოსმოსში მართალია, აკრძალული იყო, მაგრამ ეკიპაჟებს უწონადობაში თვეობით ცხოვრების მანძილზე სტრესის მოხსნა სჭირდებოდათ და ამ აკრძალვაზე ექიმებიც თვალს ხუჭავდნენ. 

როგორც კოსმონავტი გეორგი გრეჩკო თავის მოგონებებში წერს, კოსმოსში პირველი შეხება ალკოჰოლთან მას ჰქონდა სადგურ „სალუტზე“ 100-დღიანი მისიის შემდეგ, 1977 წლის დეკემბრის ბოლოს, რაც კოლეგა იური რომანენკოს შეხვდა. კოსმონავტებმა სადგურზე 6 ბოთლი წითელი ღვინო (სავარაუდოდ ქართული. რედ.), 1,5 ლიტრი კონიაკი იპოვეს, რაც ეკიპაჟისთვის გაკეთებული საახალწლო სიურპრიზი აღმოჩნდა. 

მაგრამ მთელი ბოთლი კოსმონავტებს საახალწლოდ არ დაულევიათ. ისინი 7,5 გრამ ალკოჰოლს სვამდნენ ყოველი ძილის წინ, როგორც მედიკამენტს სტრესის, ყელის ტკივილის და კბილების პრობლემების წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ექსპერიმენტის შემდეგ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა თითქმის ნება დართეს მათ, მომდევნო მისიებშიც თან წაეღოთ ალკოჰოლი, თუმცა, ბოლო მომენტში მსგავსი დაშვება უარყოფილ იქნა, მაგრამ ალკოჰოლის კოსმოსში გატანას ამ პერიოდიდან მოყოლებული იმდენად მკაცრად აღარავინ აკონტროლებდა. 

ამის შემდეგ საბჭოთა კოსმონავტებს კოსმოსურ სადგურებზე ალკოჰოლი რით აღარ გაჰქონდათ. ისინი იყენებდნენ წყლის კანისტრებს, პაკეტებს, სადაც მოთავსებული იყო პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, კოსმოსურ სკაფანდრებს და ტუბებსაც კი წარწერით „კავკასიური საწებელი“. 

1982 წელს გაშვებულ „სალუტ 7“-ის მისიაში სომხური კონიაკი უკვე ოფიციალურადაც კი ჩაერთო. საბჭოთა კოსმოსურმა სააგენტომ კონიაკი პანელების და მოწყობილობათა ყუთების მიღმა გადამალა. როცა დედამიწაზე შეატყობდნენ, რომ შეიძლებოდა, სადგურზე კრიზისული სიტუაცია აღმოცენებულიყო, დაავალებდნენ რომელიმე კოსმონავტს არაგეგმურ საშემკეთებლო სამუშაოს და ისინიც სრულიად „შემთხვევით“ პოულობდნენ გადამალულ კონიაკს. 

მაგრამ როცა ალკოჰოლური სასმელის მარაგები სადგურზე იწურებოდა, კოსმონავტები ხილის წვენებს აწყებინებდნენ დუღილს და ალკოჰოლურ სასმელს ამგვარად ამზადებდნენ. ხშირი იყო შემთხვევებიც, როცა ახალბედა კოსმონავტს ხუმრობით კოსმოსურ სადგურზე არ უშვებდნენ, სანამ ეს უკანასკნელი ღვინის ბოცას ან არყით სავსე ბოთლს არ წარადგენდა. 

საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ამერიკა უმკაცრესად იცავდა კოსმოსურ სადგურზე ალკოჰოლის გატანასთან დაკავშირებულ შეზღუდვას. ამიტომ ამერიკელ ასტრონავტებს არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ერთი წვეთი ღვინო, არაყი ან კონიაკი ჰქონოდათ თან. მათ ალკოჰოლური სასმელებით ერთობლივ მისიებში საბჭოთა კოსმონავტები უზრუნველყოფდნენ. 

ლევან სეფისკვერაძე