ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
"კავკასუს ონლაინი" კომუნიკაციების კომისიას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს - №3(64), 2020
რუსეთი ციფრული დერეფნის პროექტის წინააღმდეგ

 „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი Neqsol Holding-ი აპირებს, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს. Neqsol Holding-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, თემურ თაგიევმა განცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ მათი აქტივების ექსპროპრიაციის გამო მიიღეს. 

„ჩვენი მცდელობა „კავკასუს ონლაინის“ საფუძველზე საქართველო რეგიონის ციფრულ ჰაბად გვექცია, კომპანიის ექსპროპრიაციით დასრულდა. მთავრობის მიერ გადადგმული მრავალი მტრული ნაბიჯის და Neqsol-ის საკუთრებაში არსებულ ქონების დასაკუთრების შემდეგ, კომპანიას არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს“, – განაცხადა თემურ თაგიევმა. 

„კავკასუს ონლაინი“ უმსხვილესი კომპანიაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ის 2006 წელს კომპანიების „კავკასუს ნეთვორქის“ (დაარსდა 1998 წელს), „ჯორჯია ონლაინის“, „სანეტის“ და „ტელენეტის“ გაერთიანებით შეიქმნა. „კავკასუს ონლაინი“ 2008 წელს Tyco Electrronics-ის მიერ აშენებული 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. 2010 წელს „კავკასუს ონლაინმა“ იყიდა საქართველოს რკინიგზის ტელეკომის ინფრასტრუქტურა – 600 კმ-იანი ბოჭკოვანი კაბელი და სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე, დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება, ასევე, ფოთი-ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. შესაბამისად, „კავკასუს ონლაინი“ სრულად ფლობს ე.წ. რეზერვირებულ სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას საქართველოს მასშტაბით. 

აზერბაიჯანულმა Neqsol Holding-მა კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანიის შემოსვლიდან მალევე, 2019 წლის ოქტომბერში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები დაარღვია, როდესაც მესაკუთრის ცვლილება კომისიას არ შეუთანხმა და წილების საწყის მდგომარეობაში, მისი წინა მფლობელის, ხვიჩა მაქაცარიას საკუთრებაში დაბრუნება მოსთხოვა. კომპანიამ კომისიის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. Neqsol Holding-ი ირწმუნება, რომ გარიგების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. 

კომუნიკაციების კომისიამ დაუმორჩილებლობის გამო კავკასუს ონლაინი დააჯარიმა 270 ათასი ლარით, რაც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ფინანსური სანქცია იყო. ჯარიმას მალევე მოჰყვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რაც კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის საშუალებას იძლეოდა. 

დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ კანონში ცვლილებები სწორედ „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო შევიდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, სადაც ეწერა, რომ კომუნიკაციების კომისიას, უფლება ჰქონდა, კომპანიაში დაენიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას თუ ამას თავად კომპანია არ აკეთებდა. კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ მმართველს ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლის უფლება ეძლეოდა, მათ შორის აქციებისა და წილების გასხვისების უფლებაც. კანონში შესატანი ცვლილება სპეციალურ მმართველს ასევე ანიჭებდა უფლებას, კავკასუს ონლაინის აქციები ძველი მფლობელისთვის დაებრუნებინა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობდა. ცვლილებებს მწვავედ აპროტესტებდნენ საკომუნიკაციო კომპანიები. საბოლოოდ, პარლამენტში გამოაცხადეს, რომ დათმობაზე წავიდნენ და სპეციალურ მმართველს აქციებისა და წილების გასხვისების უფლება აღარ ექნებოდა. თუმცა, კანონპროექტში დარჩა მოთხოვნა, რომ ე.წ. ავტორიზებულმა პირმა გარიგება, რომელიც მის წილებს შეეხება და რომელიც 5%-ს აღემატება, კომისიას წინასწარ უნდა შეატყობინოს. ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევისთვის კომპანიას სანქციები დაეკისრება და სპეციალური მმართველის დანიშვნა მოხდება. 

ივლისში პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო. ხოლო პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს ხელი მეორე დღესვე მოაწერა. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ მისთვის მინიჭებული ახალი უფლება გამოიყენა და „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე დანიშნა, რომელიც იმავდროულად, სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის, „ოუფენ ნეტის“ დირექტორია. 

საკომუნიკაციო კომპანიები დღემდე აპროტესტებენ, რომ მთავრობამ კანონში შეტანილი ცვლილებებით დროებით მმართველს განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, კერძოდ, მას შეუძლია გააუქმოს კომპანიაში უკვე დადებული კონტრაქტები, განკარგოს კომპანიის მოგება, გაანაწილოს პრემიები და დივიდენდები, განახორციელოს ხელფასების ცვლილება, მოხსნას და დანიშნოს თანამშრომლები. მმართველს შეუძლია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში დადებული გარიგება, მოითხოვოს მისი გაბათილება თუ ამ ქმედებით ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. მათი შეფასებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივას ართმევს. 

სწორედ საინვესტიციო გეგმების ჩავარდნაზე აკეთებს აქცენტს Neqsol Holding-ი. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლამ ამის შესაძლებლობა აღარ მისცა. კერძოდ, აზერბაიჯანულ ჰოლდინგს 200-მილიონიანი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ევროპიდან საქართველოს გავლით ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენას გულისხმობს. Neqsol Holding-ი შავი ზღვის ფსკერზე 1200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელს აშენებდა, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დააკავშირებდა. ეს მარშრუტი უნდა გამხდარიყო რუსეთის ალტერნატიული ციფრული დერეფანი. 

„ჩვენ არ დავიშურეთ ძალა, რათა დაწყებული დავის გადასაწყვეტად ყველა შესაძლო გზა მოგვეძებნა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რათა ხელი შეეშალა ჩვენი გეგმებისთვის, რაც „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ფართო ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართვას წარმოადგენდა“, – განაცხადა "კავკასუს ონლაინმა". 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის შეფერხებას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. „კავკასუს ონლაინის“ თემაზე გავლენიანი უცხოური გამოცემები წერდნენ და პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. ფრანგულ გამოცემა La Tribune-ში სტრატეგიული საბჭოს პრეზიდენტის ჟერარ ვასპერის სტატია გამოქვეყნდა, სადაც ავტორი წერს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის გარიგების ჩაშლა და სტრატეგიული ქსელის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა რუსეთის ინტერესებშია. ფრანგულმა გამოცემა L’Opinion-მა გამოაქვეყნა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, თომას მურის ინსტიტუტის მკვლევარის, სირილ დალმონტის სტატია, სადაც ავტორი პირდაპირ წერს, რომ „რუსეთი ზეწოლას ახდენს, რათა ციფრული დერეფანი არ აშენდეს“. სირილ დალმონტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ციფრულ სივრცეში საკუთარი გავლენის შენარჩუნებას და ამ მიზნის მისაღწევად ხელს უშლის მეზობელ ქვეყნებს ალტერნატიული მომწოდებლის არჩევაში. 

Forbes-მა გამოაქვეყნა ამერიკული კომპანია CG/LA Infrastructure-ის ხელმძღვანელის, ნორმან ანდერსონის სტატია, სადაც ავტორი წერს, რომ ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობას რუსეთი საკუთარი ციფრული გავლენებისთვის საფრთხედ აღიქვამს, რის გამოც ის საქართველოზე ზეწოლას ახდენს. 

მთავრობის მიერ „კავკასუს ონლაინზე“ გავლენის მოპოვება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას დაუკავშირა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი არის, რომ წინასაარჩევნოდ მომხდარიყო ფინანსური ნაკადების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ის იყოს შეზღუდული. 

„კომპანიას უთხრეს გაყიდული წილი უკან დააბრუნე და კომისიას ტრანზაქციაზე თანხმობა ამ ცვლილების შემდეგ თხოვეო. ცხადია, რომ მერე თანხმობას აღარ მისცემენ. ამგვარი გადაწყვეტები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ძალიან აზარალებს“, – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი. 

იურისტები ფიქრობენ, რომ კანონში ცვლილებების მიზანი მხოლოდ ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერების კონტროლი არ არის და ახალი ჩანაწერებით მთავრობამ შეიძლება მაუწყებელთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ცენზურის განხორციელებისთვის გამოიყენოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კანონი ყველა მაუწყებელში სპეციალური მმართველის დანიშვნას პირდაპირ არ გულისხმობს, მაგრამ არ გამორიცხავს ამას რეგიონულ მაუწყებლებში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, კომუნიკაციების კომისია კანონს რა ინტერპრეტაციას მისცემს. 

Neqsol Holding-ი აპირებს, საკუთარი უფლებების დასაცავად მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალს (ICSID) მიმართოს. „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიამ მათ არ განუმარტა, როგორ აპირებს კანონის ამოქმედებას იმ გარიგებაზე, რომელიც კომპანიის წილის გასხვისებას ეხება და რომელიც კანონის მიღებამდე განხორციელდა. 

„ამ კითხვაზე კომისიისგან პასუხი ვერ მივიღეთ“, – ამბობს რევაზ კოპალაძე. 

როგორც „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი აღნიშნავს, კომისიამ მათ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო, მაგრამ მოტივაციის შესახებ არაფერი უთქვამს. რევაზ კოპალაძის თქმით, მათ აინტერესებდათ კომისიისგან გაეგოთ, როგორ უნდა შეცვალოს სპეციალურმა მმართველმა ფიზიკურ პირებს შორის დადებული გარიგება, მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კანონის მიღებაც, მისი ფორმაც, კომუნიკაციაც, თუ რო¬გორ განხორციელდა ეს ყველაფერი, საკმარისი იქნება, რომ საარბიტრაჟო დავა მათთვის დადებითი გადაწყვეტილებით დასრულდეს. 

თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება და მათი მიზანი „სადავო გარიგების შებრუნება“ იყო. 

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა. სპეციალურ მმართველს ევალება კომპანიაში ჩაატაროს ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშე, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი. მას შემდეგ, რაც კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულდება, სპეციალური ღონისძიების გამოყენება შეწყდება და კომისია სპეციალური მმართველს გაათავისუფლებს თანამდებობიდან“, – წერია კომისიის სპეციალურ განცხადებაში. 

კომისიამ ასევე განაცხადა, რომ „კავკასუს ონლაინი“ უკვე ერთი წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს, რითაც ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნა ინტერნეტბაზარზე არსებულ კონკურენტუნარიან გარემოს და ინტერნეტ მომხმარებლებს. 

„უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია, საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. კომისიას შეეძლო კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთა, რადგან პრობლემები შეექმნებოდა 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს. უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და მისაღებ შემოსავლებზე, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ამიტომ კომისიამ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

შეფასებები აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან 

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ბენ ჰოჯესმა სოციალურ ქსელ twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კომუნიკაციების კომისიას (GNCC) მოუწოდა, რომ მოძებნოს საუკეთესო გზები საქართველოსთვის, რათა შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება. 

„იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პორტის შემთხვევაში დაუშვა. მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას პრიორიტეტი მიანიჭოს იმას, თუ რა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან“, – დაწერა ჰოჯესმა. 

მან უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ინტერვიუ გააზიარა, სადაც ის ამბობს, რომ საკომუნიკაციო სექტორის ახალ რეგულაციებს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნეს გარემოზე. 

ვოლკერის თქმით, ახალი კანონი შეიძლება გახდეს დაბრკოლება ახალი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში „კავკასუს ონლაინის“ აქციონერისთვის.
 
ყოფილი დიპლომატი ამბობს იმასაც, რომ ეს პროექტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესებშიც, რადგან გაზრდის ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობას რუსეთისგან. 

საკითხს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზაც. მისი თქმით, რომ უცნაურად ეჩვენება ხელისუფლების დამოკიდებულება „კავკასუს ონლაინის“ პროექტის მიმართ და გარემოებები, რომლებიც კანონის ცვლილებების განხილვას ახლდა. 

„მოსმენები გვიან ღამით, შუაღამის მერე მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა, რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს?
 
ეს ერთი შეშფოთების საგანია. მეორეა შინაარსობრივი მხარე. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გა¬ვიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება, გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად“, – განაცხადა ბრაიზამ ინტერპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯერ კიდევ ივლისში. 

ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა ქართულ-აზერბაიჯანული საინვესტიციო ურთიერთობის მნიშვნელობაზეც. 

„კავკასიაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის დაუჯერებლად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ენერგიის სექტორიდან დაწყებული. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო ევროპასთან დასაკავშირებლად, საქართველოს კი აზერბაიჯანის ინვესტიციები და ენერგია სჭირდება, რათა ეკონომიკა წავიდეს წინ. შესაბამისად, მთელი ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან უცნაურია და ისევ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მცდელობას უკავშირდება“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
 
ამ სიტუაციაში Neqsol Holding-ს ერთადერთი გამოსავალი აქვს, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, რასაც უახლოეს პერიოდში აპირებს კიდევაც. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მას საქართველოსთვის სამწუხარო შედეგი ექნება, პირველ რიგში, შემცირდება ინვესტორების ნდობა საქართველოს, როგორც არაპროგნოზირებადი ბიზნეს-გარემოს მქონე ქვეყნის მიმართ. ეს კი უახლოეს წლებში აუცილებლად მოახდენს თავის უარყოფით გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. 

ნონა ქვლივიძე