ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
COVID 19-თან "ბრძოლაში" ნაცნობობით ჩართული სასტუმრო ბიზნესი - #3(64), 2020
ხელისუფლებას შერჩევითობასა და მილიონების უშედეგო ხარჯვაში ადანაშაულებენ 

ნოემბრის შუარიცხვებში საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მოსახლეობის შეფარდების მიხედვით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე აინაცვლა როგორც COVID 19-ის გავრცელების, ასევე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით. არადა, გაზაფხულიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობა და ეპიდემიასთან მებრძოლი ავანგარდში მყოფი ინფექციონისტები სწორედ საქართველოს განსაკუთრებულ წარმატებაზე დაუღალავად ლაპარაკობდნენ. მეტიც, ექიმებისგანაც და მთავრობის წარმომადგენლებისგანაც გვესმოდა, რომ საქართველო ბევრად ეფექტიანად უმკლავდებოდა პანდემიას, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა თუ იგივე ამერიკის შეერთებული შტატები... თუმცა, ეს მოსაზრებები რომ მთლად სიმართლეს არ წარმოადგენდა და სინამდვილეში ქართული ჯანდაცვის სისტემის სანიმუშოობა რომ ილუზია იყო, ოქტომბერ-ნოემბერში კარგად გამოჩნდა. ვირუსის თავდაპირველად გამოჩენის შემდეგ, როცა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ გადაეწყო და დღეისთვის სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებარა, საქართველოში ხშირ შემთხვევაში ინფიცირებულები ღვთის ანაბარაა დარჩენილი – პრობლემა გახდა "სასწრაფოს" დროულად მისვლა და კიდევ უფრო გაძნელებულია მძიმე ავადმყოფების კლინიკაში გადაყვანა – საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტია. აქვე საყურადღებოა დღევანდელ დღემდე საქართველოს მთავრობის მიერ დახარჯული თანხა, რომელიც ეპიდემიის შეკავების მიზნით გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ ლარია დახარჯული. 

„სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ის ზომები, რაც 2020 წლის პანდემიის დროს გავატარეთ, იქნება ეს სოციალური დახმარების კუთხით, რაც დაახლოებით 1.15 მლრდ ლარის ფარგლებში იყო, ჯანდაცვის კუთხით, სადღაც 375 მლნ-ის ფარგლებში და ბიზნესის მხარდაჭერა ჯამურად 1.5 მლრდ ლარამდე იყო, ეს პაკეტები მიზნობრიობის კუთხით ძალიან ადეკვატური იყო და შესაბამისად, დადებითი შეფასება მიიღო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

თუმცა, ოპოზიცია მთავრობას საბიუჯეტო თანხის არასწორად დახარჯვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მეტი უნდა ეზრუნა ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებაზე. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა – ე.წ. „კოვიდსასტუმროების“ პროგრამაა. ხელისუფლება ფულს უხდის სასტუმროებს, რათა მათ კარანტინის პერიოდში უმასპინძლოს ინფექციის გავრცელებისთვის სარისკო ადამიანებს.

"პირველი ტალღა" – გამარჯვების ეიფორია 

„COVID 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მონაცემების სხვა ქვეყნებთან შედარებისას, რიცხვები საკმაოდ იმედისმომცემია და ამის ძირითადი არგუმენტია ის, რომ მთავრობამ საკმაოდ ადრე დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენაზე გააკეთა.
 
„დღეს ჩვენ, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს 4 თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ, შეგვიძლია ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა – ჩვენი წარმატება მომავალ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყ¬ნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი მიზანი. როდესაც ვუყურებთ იმ თვალსაჩინო შედეგებს, რომლებიც დღეს გვაქვს, ეს არ არის ის, რომ პანდემია ან ვირუსი დავამარცხეთ, ეს არის უბრალოდ ის, რომ შევძელით გვემართა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნულ განცხადებას იგივე ავტორი ჰყავს, თარიღი – 16 ივნისი. 

„თუ აქამდე მსოფლიო გვიცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის მქონე ქვეყანას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ტურისტებისთვის, ახლა მსოფლიო ხელახლა გაგვიცნობს ჩვენ, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას. ამის თქმის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ის ახალი კონკურენტული უპირატესობები, რაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება“, – ეს უკვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა 7 მაისს. 

„საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო მიმართულება და ამავდროულად ქვეყანა, რომელსაც აქვს წარმატებული ბრძოლა COVID19-თან“, – ეს კი 23 მაისს, ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილი მიერ გაკეთებული განცხადებაა. 

კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მეორე ტალღამდე, ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ პრაქტიკულად მთელი ეკონომიკის პარალიზების ფასად, ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლო. ხელისუფლების წარმომადგენლები იქვე მუდმივად იმეორებდნენ, რომ ინფექციასთან ბრძოლა არ დასრულებულა და „კორონა არსად წასულა“, თუმცა, მათ გამოსვლებში მაინც გამარჯვებულის ტონი დომინირებდა. 

ეს განწყობა საზოგადოებასაც მოედო და, შედეგად, მოდუნდა – გაფრთხილებების მიუხედავად, ბევრმა ვერ დაიჯერა, რომ შეზღუდვების გარეშე ცხოვრება ქვეყანაში მასშტაბურ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას გამოიწვევდა. 

კოვიდ-კარანტინზე დახარჯული მილიონებიდან საწოლფონდის დეფიციტამდე 
ე.წ. პირველი ტალღის გადავლიდან მცირე ხანში, სექტემბრიდან, დაინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა დაიწყო, 18 ოქტომბრიდან კი საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ „ფსიქოლოგიურ ზღვარს“ 1000-ს გადააჭარბა და 2000-იან ნიშნულს მიუახლოვდა. რეალობასთან ერთად მძიმდებოდა ხელისუფლების პროგნოზები, რომელიც საზოგადოებას დღიურად 2, 3 და 4 ათას ინფიცირებულისთვის ამზადებდა და იმავე დროს ეუბნებოდა, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი ვირუსი მართვადი იქნებოდა. თუმცა, რა შინაარსს ატარებდა სიტყვა „მართვადი“ იმ პირობებში, როდესაც უამრავი ადამიანი სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა, გაურკვეველი იყო. 

მმართველი ძალისთვის სიტუაციას ამწვავებდა არჩევნების მოახლოება, რომელსაც არა კორონაზე გამარჯვებული ხელისუფლების პოზით, არამედ, დამძიმებულ ეპიდსიტუაციაში, შერყეული იმიჯით შეხვდა. დღიურად 2000-მდე შემთხვევის პირობებში შეუძლებელი გახდა მკურნალობის იმ სტანდარტის შენარჩუნება, რომლითაც ხელისუფლება მანამდე იწონებდა თავს. მაგალითად: თუკი ინფექციის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდში, თითოეული პაციენტი მკურნალობის მინიმუმ 2-კვირიან ციკლს გადიოდა და მხოლოდ ორი უარყოფითი ტესტის შემთხვევაში ეწერებოდა ბინაზე, რის შემდეგაც ასევე იზოლაციის ვალდებულება ეკისრებოდა, მეორე ტალღის პირობებში პაციენტი, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, კლინიკას უკვე მეთორმეტე დღეს, განმეორებითი ტესტირების ჩატარების გარეშე ტოვებს. ასევე დაინერგა ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა და სულ რამდენიმე კვირაში, დაინფიცირებულების 50%-ზე მეტი უკვე ბინაზე მკურნალობდა.
 
„მეორე ტალღის“ პირობებში სოციალურ ქსელებში ვეღარსად ნახავდით 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაღებულ "სელფებს", რომლებზეც კარანტინში აღმოჩენილი, უმაღლესი ხარისხის კომფორტით გაოცებული მოქალაქეების აღფრთოვანებას გამოხატავდა. ეს სიტუაცია შეცვალა რეალობამ, რომელშიც ფილტვების ანთებიანი პაციენტები რენტგენის გადაღებას ვერ ახერხებდნენ და დაინფიცირებულისთვის კლინიკაში მოხვედრა ფუფუნებად იქცა.
 
თუ მანამდე სახელმწიფო ინფიცირებულის ყველა კონტაქტს ტესტავდა, კარანტინში გადაყავდა და კარანტინიდან მხოლოდ ტესტირების შემდეგ უშვებდა, მეორე ტალღის რეალობაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში დამსაქმებელს უფლებას აძლევს, კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტებს სამსახურში გამოცხადება მოსთხოვოს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო ე.წ. კოვიდსასტუმროების შექმნა, სადაც მსუბუქ პაციენტებს ათავსებენ. მანამდე სასტუმროებს ხელისუფლება მხოლოდ კარანტინის მიზნით იყენებდა. სასტუმროებში ის მსუბუქი პაციენტები გადაყავთ, რომლებიც, ოფიციალური განმარტებით, მკურნალობას არ ან მინიმალური დოზით საჭიროებენ ან რომლებიც უბრალოდ, ბინაზე მკურნალობას ვერ შეძლებდნენ იზოლაციის პირობების არარსებობის გამო. 

კარანტინული სტუმართმოყვარეობა 

მარტიდან მოყოლებული, საკარანტინე სივრცეებისთვის სახელმწიფომ ათეულობით სასტუმროსთან გააფორმა კონტრაქტი. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფოს სულ ქვეყნის მასშტაბით 33 სასტუმრო (2,801 ნომერი) აქვს დაკონტრაქტებული. მათ შორის: თბილისი – 18 სასტუმრო, 966 ნომერი, სამეგრელო – 2 სასტუმრო, 84 ნომერი; აჭარა – 4 სასტუმრო, 1318 ნომერი; იმერეთი – 6 სასტუმრო, 217 ნომერი; სამცხე-ჯავახეთი – 2 სასტუმრო, 121 ნომერი. 

ცხელების სასტუმროების ჯამური მონაცემები: 11 სასტუმრო, 667 ნომერი: თბილისი – 3 სასტუმრო, 222 ნომერი; აჭარა – 3 სასტუმრო, 287 ნომერი; იმერეთი – 2 სასტუმრო, 79 ნომერი; სამცხე-ჯავახეთი – 2 სასტუმრო, 46 ნომერი; გურია – 1 სასტუმრო, 33 ნომერი. 

იმისთვის, რომ სასტუმრო, კოვიდ 19-ის მართვის ფარგლებში, სახელმწიფოს პროგრამაში მოხვდეს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმები შესაბამისი დადგენილებითაა განსაზღვრული: 

სასტუმროს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური გათბობის სისტემა და არა საერთო კონდინცირების სისტემა. თუკი სასტუმროს აქვს ცენტრალური სავენტილაციო სისტემა, აუცილებელია სისტემის გამორთვა და მისი ბუნებრივი გზით უზრუნველყოფა. 

უზრუნველყოს სტუმრები სამჯერადი კვების მომსახურებით (საუზმე, სადილი, ვახშამი), საკვები მიწოდებული უნდა იყოს ერთჯერადი კონტეინერებით, საკვების მიწოდება უნდა მოხდეს სასტუმროს ნომერთან და კიდევ სხვა აუცილებელი პირობები უნდა დააკმაყოფილოს. 

რაც შეეხება ამ მხრივ ბიუჯეტის მიერ გაწეულ ხარჯებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, „პირველი ტალღის“ პერიოდში საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაში სახელმწიფომ 10.5 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ბათუმის სასტუმრო „ეიფორიის“ მაგალითზე, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფი განთავსებისთვის დღეში, ნომერზე 70 ლარს, კვებისთვის 30 ლარს მოიცავს. უხეში დაანგარიშებით, მხოლოდ კოვიდ სასტუმროების დაქირავება, დეზინფექციის გარეშე, სახელმწიფოს დღეში 280 ათასი ლარი უჯდება სრული დატვირთვის შემთხვევაში. დატვირთვა კი ოქტომბრის თვის მონაცემებით პრაქტიკულად 100%-იანი იყო.

"გამარჯვების" ფასი
 
კითხვები საკმარისზე მეტია – ღირდა მილიონობით ლარის დახარჯვა და ეკონომიკის გაჩერება იმ შედეგად, რომელიც საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე მიიღო და რაც მთავარია, „მეორე ტალღის“ დროს დაფიქსირდა? ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი არის ის შედეგი, რომელშიც უმუშევრობის ზრდის ფასი უნდა გადაგვეხადა? ამ ყველაფრის შემდეგ კი ყოველდღიურად ათასობით ინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი – დადებით შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ? სექტემბრიდან მოყოლებული, ვირუსის დადასტურების ყოველდღიურმა მასშტაბებმა 3500-ს, გარდაცვალების შემთხვევებმა კი 30-ს გადააჭარბა. 

ხელისუფლების წარმომადგენლები მარტივად პასუხობენ: მაშინ ვირუსზე არაფერი ვიცოდით, არ გვქონდა ტესტები, მოუმზადებელი იყო ჰოსპიტალური სექტორი და ელემენტარულად, პირბადეებიც კი უდიდესი დეფიციტი იყო. არგუმენტი ლოგიკურია, თუმცა, ყოველდღიურად ათეულობით დაღუპულის, ათასობით ინფიცირებისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის პირობებში, არაერთი ექსპერტისა და საზოგადოების ნაწილისთვის ამგვარი ახსნა მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლებას პროცესები სრულიად სხვაგვარად უნდა დაეგეგმა. ეკონომისტი პაატა ბაირახტარი შეზღუდვების იმ ფორმით განხორციელებას, როგორიც ხელისუფლებამ აირჩია, ჯერ კიდევ პირველი ტალღის პერიოდში ეწინააღმდეგებოდა.
 
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. იმავე დღეს შეწყდა ავიამიმოსვლა ქვეყანაში. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე „შავი დღე გაუთენდა კერძო სექტორს“. 18 მარტიდან დაიხურა ბარ-რესტორნები, კინოთეატრები, ფიტნეს დარბაზები და სხვა გასართობი, თუ დასასვენებელი ობიექტები, ყველაფერი სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. ამის შემდეგ მთავრობამ გამოაცხადა კომენდანტის საათი, რამაც ეკონომიკური აქტივობა სრულად გააჩერა, ასევე ჩაიკეტა დიდი ქალაქები. 

ხისტი შეზღუდვების მთავარ ახსნას წარმოადგენდა, ის რომ ეს შეზღუდვები ქვეყანას საშუალებას მისცემდა, ზაფხულში ტურისტული სეზონი გაეხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოსახლეობას რამდენჯერმე განუმარტა, მთავარი იყო ქვეყანას ცოტა მოეთმინა. სამაგიეროდ ზაფხულში ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი ექნებოდა და ტურისტული სეზონიც გაიხსნებოდა. მართალია ქვეყანამ ვირუსისგან მწვანე ზონის სტატუსი მართლაც მოიპოვა, მაგრამ დაპირებული საზღვრების გახსნა დაპირებადვე დარჩა. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, პრაქტიკულად მოკლა. 

კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში ქვეყანამ 97%-ით უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. თვალსაჩინოებისთვის ექსპერტს მოჰყავს თურქეთის ტურისტული შემოსავლები, რომლებიც იმავე პერიოდში 54%-ით შემცირდა და ეს იმ რეალობაში, როდესაც ამავე პერიოდში თურქეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე საქართველოში. 

ყველაფერი ეს აისახა მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზში, სადაც ბანკი საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 6%-ის ფარგლებში ვარაუდობს და პირდაპირაა ნათქვამი, რომ წლის დასაწყისში გატარებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო, საქართველოში 40 000 ადამიანს მნიშვნელოვნად შეუმცირდება ან საერთოდ შეუწყდება შემოსავალი, ხოლო 16 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება. 

პაატა ბაირახტარის აზრით, კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მთავრობის ნაჩქარევ და არასწორ ქმედებებზე მიუთითებს, არის ვირუსის ამჟამინდელი გავრცელება საქართველოსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც ეკონომიკას მსგავსი შეზღუდვები არამცთუ პირველ ეტაპზე, არამედ საერთოდ არ დაუწესეს. კერძოდ კი, თუ მაგალითად 4 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში დღეში 554 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, მეზობელ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი დღეში 130 შემთხვევას არ აღემატებოდა. აზერბაიჯანს, რომელსაც გაცილებით რბილი შეზღუდვები ჰქონდა. კერძოდ, არც კომენდანტის საათი შემოუღია, არც ქარხანა-საწარმოები გაუჩერებია და ცხადია არც ონლაინ ვაჭრობას შეხებია არავინ. 

რაც შეეხება ბელორუსს, რომელსაც საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია ეკონომიკაში, ეკონომისტის თქმით, ბელორუსში 4 ოქტომბრის მდგომარეობით დღეში 443 კოვიდ 19-ის შემთხვევა ფიქსირდებოდა, ანუ საქართველოზე 111 შემთხვევით ნაკლები და ეს შეზღუდვების პრაქტიკული არარსებობის პირობებში. ასეთ რეალობაში სავსებით ლეგიტიმურად ისმის კითხვა: რა საჭირო იყო ეკონომიკის სრული გაჩერება?
 
დახარჯული მილიონები და დაკარგული "მწვანე ზონა"  

გარდა შეზღუდვების ეკონომიკური და სოციალური შედეგებისა, რომლის მცირედით საკომპენსაციოდაც კი ხელისუფლებას მილიონობით ლარის გადახდა მოუწია და მომავალშიც მოუწევს, მის დანახარჯებში ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტია კოვიდკარანტინებისა და კოვიდსასტუმროების მომსახურების ანაზღაურება. 

იმაზე, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები გადაჭარბებული იყო და მას რიგ შემთხვევებში სხვაგვარი ტაქტიკისთვის უნდა მიემართა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ. 

საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ საუბარში ამბობს, რომ სასტუმრო ბიზნესის ნაწილმა, რომელიც კარანტინის პროექტში ჩაერთო და ყველა სტანდარტს ფეხი აუწყო, კარგად იმუშავა, არ ყოფილა პერსონალს შორის ვირუსის გავრცელების შემთხვევები, თუმცა სახელმწიფოს ეს პროექტი ზედმეტად ძვირი დაუჯდა, ხოლო შედეგი, რომელიც ამ ყველაფრისგან მიიღო, კრიტიკას ვერ უძლებს. 

„4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში მოქალაქეების გაგზავნა სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდა. ჩემი აზრით, ეს მოხდა იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ უნდოდა ვირუსი „გაქცეოდა“ და მან, უბრალოდ, ვერ აიღო ბინაზე მკურნალობის პასუხისმგებლობა. მე ჯანდაცვის სისტემის შეფასებას არ ვახდენ, მაგრამ, როგორც მოქალაქემ, დავინახე, რომ უზარმაზარი ფულადი რესურსის სახელმწიფომ არასწორად გამოიყენა. გარდა ამისა, სასტუმროების პროექტში შეყვანაც იყო შერჩევითი – რომელიღაცა სასტუმრო კონკრეტული დეპუტატის იყო, რომელიღაც კიდევ ვიღაცის, და ამიტომ მოხდა მათი შერჩევა. პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ეს საკითხი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს. 

საკარანტინე ზონებში, სახელმწიფოს ხარჯზე გადაიყვანეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებსაც შეეძლოთ დახმარებისთვის თავიანთი საელჩოებისთვის მიემართათ. პროცესი ქაოტური იყო. ჩემი აზრით, კარანტინის პროექტი ხელისუფლებას იმის საჩვენებლად სჭირდებოდა, თუ რა კარგად მართავს კორონავირუსის გავრცელებას, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ასე სულაც არ აღმოჩნდა. ეს სახსრები ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისკენ უნდა მიმართულიყო, ხალხის დახმარებაა, როდესაც მან იცის, რომ ბიუჯეტს აქვს საკმარისი ფული, ხოლო ხელისუფლებამ მოამზადა ძლიერი სისტემა, რომელიც, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ეფექტიანად იმუშავებს“, – განაცხადა ია თაბაგარმა. 

მსგავსი პოზიცია აქვს „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ ბორდის წევრ მაია სიდამონიძეს. მისი თქმით, თანხები, რომლებიც ბიუჯეტიდან კოვიდ-კარანტინის პროექტში ჩართულ სასტუმროებზე დაიხარჯა, ჯობდა, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისკენ მიმართულიყო და COVID 19-ის მასშტაბური გავრცელების პირობებში ხელისუფლებას პენსიაში გასული ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გადამზადება არ დასჭირვებოდა. 

„ალბათ, ხელისუფლებას მთავარ საფრთხედ გახსნილი საზღვრები წარმოედგინა. ისინი ორიენტირებულნი იყვნენ „მწვანე ზონის“ სტატუსის შენარჩუნებაზე, მაგრამ ისიც ვერ გამოიყენეს და საბოლოო ჯამში დაკარგეს“, – აცხადებს სიდამონიძე. 

ამასთან, ის თავად პროექტის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მის შემთხვევაში (მაია სიდამონიძე თბილისის ცენტრში 26-ნომრიან სასტუმროს ფლობს) იმდენად დაბალი თანხა შესთავაზეს საკვებზე – დღეში 50 ლარი სამჯერადი კვებით, რომ ამ თანხით თანამშრომლების შენარჩუნებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, იმ სასტუმროებს, რომლებიც პროექტში ჩაერთნენ, ამ კუთხით კომპრომისებზე წასვლა მოუხდათ. სიდამონიძე ამბობს, რომ გაცილებით გამართლებულია კოვიდსასტუმროების პროექტი, რომელიც ინფიცირებულთა განთავსებაზეა ორიენტირებული. 

ხელისუფლება დეკემბერში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს, რასაც ხელს შეუწყობს სხვა სეზონური ინფექციების გავრცელება. როგორი იქნება რეალობა, ამის პროგნოზი დღეს არათუ საქართველოს, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც არ შეუძლიათ. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე გაუმართლებლად ბევრი თანხა დახარჯა და გაუმართლებლად მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რამაც მეორე ტალღის მართვაში სერიოზული პრობლემები შექმნა. მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველოს მსოფლიო რუკაზე უკვე საგანგაშო პოზიციები აქვს. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა ზრდის ტემპი, აღნიშნული სტატიის მომზადების პერიოდში, 52%-ს შეადგენდა იმ დროს, როდესაც სომხეთში 30% იყო, ეპიდ-პოლიტიკის კუთხით არაერთხელ გაკრიტიკებულ შვედეთში 27%, ბევრ ევროპულ ქვეყანაში კი გაცილებით ნაკლები. ჰოსპიტალებში საწოლების დეფიციტისა და ვირუსის სწრაფი ზრდის პერიოდში ეპიდემიოლოგები მთავარ იმედს იმ იარაღზე ამყარებენ, რომლის ეფექტიანობას ჯერ კიდევ მარტში სკეპტიკურად უყურებდნენ – ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტი ახლა პირბადეა. 

მაია ჭანტურია