ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
"პარმალატის" ამჟავებული ფინანსები
#1(1), 2004
სკანდალი, რომელიც იტალიის პროდუქტის ფირმა "პარმალატის" ირგვლივ 2003 წლის დეკემბერში დატრიალდა, თავისი უარყოფითი შედეგებით შესაძლებელია მსოფლიო ბიზნესისათვის უფრო ნეგატიური აღმოჩნდეს, ვიდრე ამერიკული ენერგოგიგანტის "ენრონის" გაკოტრება გახლავთ. სკანდალის მორევში ჩათრეულნი არიან მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები, აუდიტორული კომპანიები, რიგი ქვეყნების სამთავრობო წრეები.

2004 წლის იანვრის დასაწყისში პოლიციამ "Bank of America"-ს მილანის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ეს გახლდათ ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილი. პოლიციას უნდა გაერკვია ვითარების ყველა დეტალი, რომელმაც იტალიის პროდუქტის უმსხვილესი კომპანია "პარმალატი" გაკოტრებამდე მიიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელობა ეჭვმიტანილია თაღლითობაში და 10 მილიარდზე მეტი ევროს მითვისებაში. ამ საქმეზე უკვე დაპატიმრებულნი არიან კალისტო ტანცი, კომპანიის დამაარსებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ "პარმალატში" არსებული კრიზისის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბერში დაიწყეს, როცა კომპანიამ მაშინვე ვერ დაფარა დავალიანება 150 მილიონი ევროს ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის ანგარიშის მიხედვით 4,2 მილიარდ ევროს თავისუფალ სახსრებს ფლობდა. თავისუფალი აქტივების არსებობაში ეჭვი მაშინ გაღრმავდა, როცა "პარმალატმა" მოულოდნელად განაცხადა, რომ 500 მილიონი ევრო დაკარგა, რომელიც უცნობ ოფშორულ ფონდ "Epicurum"-ში ჩადო. ჭექა-ქუხილი მოწმენდილ ცაზე მაშინ გაისმა, როცა 19 დეკემბერს "Bank of America"-მ განაცხადა, რომ ოფშორული კომპანია "Bonlant Financing Corp"-ის ("პარმალატის" ჰოლდინგის ნაწილი) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 3,95 მილიარდი ევროს აქტივებს ფლობდა, ყალბი გახლდათ. 25 დეკემბერს კომპანიამ შეიტანა განცხადება გაკოტრების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო 29 დეკემბერს მრავალჯერ გაუფასურებული "პარმალატის" აქციები გაურკვეველი ვადით მოიხსნა მილანის ბირჟის კვოტირებიდან.

"პარლამატის" უფსკრულში გადაჩეხვა ელვისებურად მოხდა. 2003 წლის 27 დეკემბერს ფირმა "პარმალატის" დამაარსებელი, დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარე და გენერალური დირექტორი კალისტო ტანცი დააპატიმრეს და მილანის სან-ვიტორეს ციხეში მოათავსეს. 31 დეკემბერს, როცა მთელი მსოფლიო ახალი წლის სუფრას შლიდა, ციხის საკნები კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეავსო: მათ შორის იყვნენ ფირმის ფინანსური დირექტორი ფაუსტო ტონა, მისი მოადგილე ლუჩანო დელ სოლდატო, ბუღალტრები ჯანფრანკო ბოკი და კლაუდიო პესინა, პარლამატის საგარეო იურისტკონსულტანტი ჯან პაოლო ძინი, დაპატიმრებულნი არიან სააუდიტორო კომპანია "Grant Thornton Spa"-ს (ეს ფირმა "პარმალატს" მომსახურეობას უწევდა) ყოფილი თავჯდომარე ლორენცო პენკა, აგრეთვე მისი კოლეგა გაურიციო ბიანკი, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ "Bonlant"-თან მუშაობის წარმართვისთვის. ბოლოს დააპატიმრეს ჯოვანი ბონიჩი - "Bonlant"-ის ყოფილი დირექტორი და ბოლო დროს "პარმალატის" ქვეგანყოფილების მეთაური _ მან იმავდროულად პასუხი უნდა აგოს კაიმანის კუნძულებზე "მოღვაწეობისთვისაც"! მათ "დაემატნენ" "Deloitte & Touche"-ს ორი თანამშრომელი ადოლფო მამოლი და ჯუზეპე როველი, აგრეთვე "Bank of America"-ს ყოფილი თანამშრომელი ლუკა სალა, რომელმაც ეს კომპანია 2003 წლის მეორე ნახევარში მიატოვა და "პარმალატის" კონსულტანტი გახდა. 

"მშვიდობიანი" არც 2004 წლის დასაწყისი აღმოჩნდა: თებერვლის მეორე ნახევარში "ციხის უფასო საგზურები ჩაიბარეს" კონცერნ "პარმალატის" დამაარსებლის, კალისტო ტანცის ძმამ _ ჯოვანიმ და შვილებმა, რომელთაც თაღლითობაში თანამონაწილეობაში დასდეს ბრალად. კალისტო ტანცის ვაჟი სტეფანო ტანცი ცნობილ საფეხბურთო კლუბ "პარმა"-ს მეთაურობდა, მისი და ფრანჩესკა ტანცი კი იმ ტურისტულ კომპანიებში მუშაობდა, რომლებიც ტანცის ოჯახის საკუთრება გახლდათ. მათ შორის არის ფირმა "პარმატური", რომელიც ოჯახის ყველა საზღვარგარეთულ მოგზაურობას უზრუნველყოფდა! 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკანასკნელ მომენტამდე მამას ქალიშვილის დახსნა "ამ უდიდესი გაუგებრობიდან" ძალიან სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა! ფირმის "კრიმინალური ქრონიკა" თებერვალში გაგრძელდა, როცა კალისტო ტანცის "მარჯვენა ხელის", "პარმალატის" ფინანსური დირექტორის ფაუსტო ტონას ცოლი დონატელა ალინოვი შინაპატიმრობაში დატოვეს. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ დონატელა ალინოვის დაპატიმრებამდე 10 დღით ადრე მან ფირმა "პარმალატის" ანგარიშებიდან ლუქსენბურგში 845000 ევრო მოხსნა. ეს ფული მან ჩეკებად "გადაახურდავა" და ქალაქ პარმის ერთ-ერთი ბანკის ორ სეიფში განათავსა. გამომძიებელმა ეს ჩეკები აღმოაჩინეს, რაც სხვა დამამტკიცებელ საბუთებს დაურთეს. ცოლის დაპატიმრება ქმრის ელვისებური რეაქცია გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდება, გამოძიებას ჩვენებას აღარ მოსცემს! თუკი ფაუსტო ტონა ნამდვილად აღარ მისცემს ჩვენებას, ეს იქნება მტკივნეული დარტყმა გამომძიებლებისთვის. ქალაქ პარმას პროკურორმა დონატელა იოფრედიმ მისი დაკითხვის დამთავრების შემდეგ განაცხადა: "ტონა გვაძლევს ინფორმაციას რომელიც ძალზე საჭიროა ფირმის საგანგებო მმართველად დანიშნული ენრიკო ბონდის გუნდის შემდგომი მუშაობისათვის". შინაპატიმრობაში აგრეთვე დატოვეს ტანცის ყოფილი იურიდიული კონსულტანტი ფაბიო ბრანკი. გამოძიების "განკარგულებაში" სულ 25-მდე ადამიანი აღმოჩნდა.

უკვე პატიმრობაში ყოფნისას კონცერნ "პარმალატი"-ს დამაარსებელმა კალისტო ტანციმ დაკითხვების დროს იმ 30 პოლიტიკური მოღვაწისა და ბანკის გვარი დაასახელა, რომლებსაც ბოლო 20 წლის განმვლობაში მნიშვნელოვან ფულად თანხებს ქრთამის სახით უხდიდა. გაზეთ "კორიერე დელა სერა"-ს ინფორმაციით მან მექრთამეთა შორის იტალიის მთავრობის ყოფილი მეთაური ლუიჯი კირიაკო დე მიტაც დაასახელა! თვით ბრალდებულმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ "მათ აკავშირებდათ მხოლოდ მეგობრობა და არანაირ შემთხვევაში _ კომერციული ურთიერთობანი".

მოკლედ, თუკი გამოძიება ამ კვალს გაჰყვება, "იტალიურ კრიმინალურ ხორუმში" მრავალი გამოჩენილი მოღვაწე მიიღებს მონაწილეობას.
"პარმალატის" ფინანსური დოკუმენტაციის გამოძიებისა და ანალიზის დროს გაირკვა, რომ ოფშორული ფონდების რთული ქსელისა და გარიგებების დახმარებით შესაძლებელი გახდა 10 მილიარდი ევროს ღირებულების სახსრების გადინების დაფარვა. 8 იანვარს "პარმალატის" კრედიტორთა კომიტეტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ დაახლოებით 7,7 მილიარდი დოლარის "ელექტრონულ" კვალს მიაგნეს. ეს ფული წარმოადგენს "პარმალატის" ობლიგაციებს 7 მილიარდი ევროს ოდენობით, აგრეთვე 500 მილიონ ევროს, რომელიც ოფშორულ ფონდ "Eპიცურუმ"-ში გადაიგზავნა. 

"Agenria Giornalistica Italica"-ს განცხადებით, სწორედ ამ ოდენობის თანხის გზავნილები მიიღო "Bank of America"-მ ათი იტალიური ბანკის გავლით. დაკითხვის დროს კომპანიის მეთაურმა კალისტო ტანციმ განაცხადა, რომ დაახლოებით 500 მილიონი ევრო ტუროპერატორი კომპანია "Paratour"-ის ანგარიშზე გადააგზავნა, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი ტანცის ქალიშვილი გახლავთ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რეალური ციფრი 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ტანციმ აღიარა, რომ კომპანიის ზარალის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო, მაგრამ კომპანიის თანამშრომლები ამაზე თვალს საკუთარი რისკისა და შიშის ფასად ხუჭავდნენ. ამავე დროს ფაუსტო ტონა აცხადებს, რომ ყოველთვის კალისტო ტანცის მითითებების მიხედვით მოქმედებდა. პირველის ჩვენებების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ყალბი კომპანიების მთელი ქსელი მთელს მსოფლიოში. ასე მაგალითად, დადგინდა, რომ "პარმალატის" სატელეფონო კომუტატორის ოპერატორი ანტონიო უგოლოტი 25 ასეთი კომპანიის "გენერალური დირექტორი" გახლდათ, რომელთა მისამართზეც "პარმალატის" სახსრები მიედინებოდა.
 
მათი დაკითხვების ოქმებს ჟურნალისტებიც გაეცნენ. მათი მიხედვით, ტანციმ უკვე აღიარა, რომ "ბუღალტრული ანგარიშების ზოგიერთ კორექტირებას კრიზისული სიტუაციის დასაძლევად" ადგილი ჰქონდა. "პარმალატის" ფინანსურ ანგარიშგებაში "შავი ხვრელი" 8 მილიარდ ევროს (10 მილიარდ დოლარს) შეადგენს. გამოძიების მონაცემებით კი მაქინაციების მოცულობა 10 მილიარდ ევრომდე (12,7 მილიარდ დოლარამდე) შეიძლება ავიდეს.

კალისტო ტანცი ამტკიცებს, რომ მაქინაციებში უპირველეს ყოვლისა დამნაშავენი არიან ფაუსტო ტონა და დელ სოლდატო. ფირმის ბუღალტერი ჯან ფრანკო ბოკი თავის მხრივ ფაუსტო ტონას თაღლითური სქემების მთავარ შემქმნელს უწოდებს. შემოსავლების ამაღლების ერთ-ერთი ხერხი გახლდათ კუბის რძის ფხვნილით ფიქტიური მომარაგება. მათი მოცულობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ 2002 წლის ბოლოს ბოკიმ ტონის უთხრა კიდევაც: "ამ რძის ფხვნილით ძალზე გადავაჭარბეთ, მასში ყველა ჩავეფლობით." სქემამ "მუშაობა" მაინც გააგრძელა. ბოკის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ფონდი "Epicurum" ტონამ და ძინიმ შექმნეს, ტანცის ოჯახის კომპანიებში გადაგზავნილი ფული რომ დაემალათ. დაპატიმრების შემდეგ დაკითხვების დროს კალისტო ტანციმ უცხოეთში საკუთარი ბოლოდროინდელი ვოიაჟების შესახებ განაცხადა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მითვისებული თანხები ეკვადორშია გადამალული _ ქვეყანაში, სადაც იგი იტალიაში დაბრუნებამდე სულ ბოლოს იმყოფებოდა. 

ბოკიმ განაცხადა იმის თაობაზე, თუ როგორ გააყალბა "Bანკ ოფ Aმერიცა"-ს ლოგოტიპი და მისი წერილი. სკანერის მეშვეობით ლოგოტიპი კომპიუტერში შეიყვანეს, ფაქსით რამდენჯერმე გადააგზავნეს, რომ უფრო ნატურალური სახე მისცემოდა. "საბანკო დოკუმენტების გაყალბებას ტონა მაიძულებდა", - აცხადებს ბოკი.

22 დეკემბერს დელ სოლდატომ ბოკის და პესინას უბრძანა, რომ "Bonlat"-ში მრავალწლიანი ფალსიფიკაციის მტკიცებულებანი გაენადგურებინა ლოგოტიპის ჩათვლით, რომელიც ნოუთბუქში იყო შენახული. "ნოუთბუქი ჩაქუჩით დაამსხვრიე" - უბრძანა დელ სოლდატომ პესინას. ბოკიმ ეს ყოველივე ვეღარ აიტანა, მეორე დღეს საჭირო ინფორმაცია კომპაქტ-დისკზე ჩაწერა და მილანის პროკურატურაში მივიდა. მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, პესინამ ნოუთბუქი არ დაამსხვრია!
 
23 დეკებერს ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ტონამ მაქინაციის წვრილმანები გაამხილა. "ტანციმ არა მარტო იცოდა ჯგუფის ფინანსური პრობლემების თაობაზე, არამედ ნაბრძანები ჰქონდა მძიმე ფინანსური ვითარება დაემალა. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს წინადადებით გამოდიოდა, მოეფიქრებინათ ისეთი გამოსავალი, რომლის მიხედვითაც ტყუილის დახმარებით მაქინაციების დამალვა შესაძლებელი გახდებოდა" - განაცხადა ტონამ.

2001 წლამდე ტონა ტანცის სახელით საბანკო გზავნილებს ხელს აწერდა, რომლის მიხედვითაც ფული "პარმალატიდან" ტანცის ოჯახურ ფირმებში ირიცხებოდა. 2001 წელს ტონამ სიყალბეზე უარი განაცხადა, ტანციმ ფულის გადარიცხვა თვითონ დაიწყო. "იგი სასოწარკვეთილებამდე იყო მისული, ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია" - ეს სიტყვები ტანციზე "პარმალატის" ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა განაცხადა.

40 წლის განმავლობაში ტანციმ წვრილი ოჯახური ფაბრიკა ისეთ კომპანიად გადააქცია, რომლის შტატშიც 36000 თანამშრომელი შედიოდა. "პარმალატი" მსოფლიოს 30 ქვეყანაში მუშაობდა. ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი მისი დაცემის საფუძველი გახდა. "პარმალატი" მისი შვილი გახლდათ, მას სურდა, რომ ის უსასრულოდ გაზრდილიყო, ამ მიზნისაკენ იგი მოუფიქრებლად მიდიოდა" - განაცხადა ტანცის ადვოკატმა ფაბიო ბელონიმ. ტანციმ საკუთარი ოჯახისა და "პარმალატის" აქტივები ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირა. არადა, ამ ფირმის აქციების 49%-ს სხვა აქციონერები ფლობდნენ. მან დაახლოებით 500 მილიონი ევრო (637 მილიონი დოლარი) "პარმალატიდან" საკუთარ ტურისტულ კომპანია "Holding Italiana Turismo"-ში გადარიცხა, რომელიც ფინანსური სიძნელეებს განიცდიდა. 

ბელონი ამტკიცებს, რომ ტანცის აზრადაც არ მოსვლია "პარმალატის" აქციონერთა გაძარცვა, იგი ამ კომპანიებს ოჯახური ბიზნეს იმპერიის შემადგენელ ნაწილად თვლიდა, სადაც მუშაობდნენ მისი შვილები, ძმა და ნათესავი.

"პარმალატის" საქმემ ჩრდილი და ზიანი სამ უდიდეს ბანკს მიაყენა: "Citigroup"-თან "პარმალატს" რთული შეთანხმება ჰქონდა დაკრედიტების თაობაზე ფინანსურ კომპანია Buconero LLC-ს მეშვეობით (იტალიურიდან ითარგმნება როგორც "შავი ხვრელი"). სავარაუდოდ დაზარალდებიან აგრეთვე "Bank of America" და "Deutsche Bank"-ი, რომლებიც სხვადასხვა დროს "პარმალატის" ობლიგაციების განთავსებაზე პასუხს აგებდნენ. გამოძიება საეჭვოდ თვლის იმ ფაქტსაც, რომ "Deutsche Bank"-ის იტალიური განყოფილების მეთაური ვინჩენცო დე ბუსტისი ტანცის ახლო მეგობარი გახლდათ. მან კი კომპანიის კრახამდე ცოტა ხნით ადრე აქციების საკუთარი პაკეტი 5,2 იდან 1,6%-მდე შეამცირა.
 
გამოძიებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ორ უმსხვილეს აუდიტურ კომპანიას, რომლებიც "პარმალატთან" მუშაობდნენ. ესენი არიან: Deliotte & Touche Tohmatsu და Grant Thornton. 1990 წლამდე კომპანია Grant Thornton SPA-ს იტალიური განყოფილების მეშვეობით Parmalat Finanziazia ჰოლდინგური კომპანიის აუდიტორი გახლდათ; ზემოთაღნიშნული კომპანია 110 ქვეყანაში მოღვაწეობს. 1999 წელს კი ეს კომპანია Deliotte & Touche-მ შეცვალა, რომელიც იტალიური კანონების მიხედვით "პარმალატის" ჯგუფის აქტივების მხოლოდ 51%-ს უკეთებდა აუდიტს. სხვა ანგარიშებს სხვა აუდიტორები აკონტროლებდნენ. პირველ რიგში "Grant  Thornton", რომელიც "პარმალატის" რამდენიმე განყოფილების ანგარიშებს ამოწმებდა - დაწყებული "Parmalat SPA"-დან (კომპანიის ძირითადი განყოფილება) "Bonlant"-ით დამთავრებული, რომელიც ანგარიშების გაყალბებაშია მხილებული. 7 და 8 იანვარს "პარმალატმა" ორივე სააუდიტორო ფირმის მომსახურებაზე უარი განაცხადა. 8 იანვარს კი "Grant Thornton"-ის სათაო კომპანიამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი იტალიური განყოფილება მოკვეთა, რადგანაც მას სკანდალის გამო "ჩირქი მოეცხო". ამ დღიდან ეს განყოფილება, რომელიც თვლის, რომ სათაო კომპანია მკვეთრად, გაუმართლებლად მოიქცა, "Italaudit SPA"-ს სახელით იქნება ცნობილი.

"პარმალატის" კრიზისმა, რომელიც იტალიაში წარმოებული რძის 8%-ს შეისყიდიდა, საფრთხის ქვეშ დააყენა მთლიანად ქვეყნის რძის სექტორი, აგრეთვე მრავალი საზღვარგარეთულიLკომპანიის განვითარებაც. 5 იანვარს "პარმალატის" საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო "Groupe Laitier des Pirenees" - ფრანგულ-ესპანური მომმარაგებელი შიგამმართველობას გადაეცა. დარტყმის ქვეშ მოექცა მთელი ქვეყნის რძის ბაზარი ბრაზილიაში - "პარმალატი" მეორეა რძის შესყიდვის მოცულობით. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტუ როდრიგეშმა განაცხადა: - სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, რომ "პარმალატში" არსებული კრიზისის გამო რძეზე ფასების დაცემა შეაჩეროს.

"პარმალატის" საქმემ ოფშორების პრობლემისადმი ყურადღება კვლავ მიიპყრო. რომაული გაზეთის "კორიერე დელა სერა"-ს მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ევრო (რომელიც "პარმალატს" ეკუთვნოდა) კაიმანის კუნძულებზე არსებული საბანკო ანგარიშებიდან ლუქსემბურგის ბანკში იმ ანგარიშებზე გადაირიცხა, რომელიც კალისტო ტანცის მიეკუთვნებოდა, ყოველივე ეს მის დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ამ ოფშორულ ზონაში, სხვადასხვა შეფასებებით, სხვადასხვა კომპანიების 500 მილიარდი დოლარის აქტივებია დამალული; ეს ზონა "ენრონის"ს ფინანსური მაქინაციების დროსაც გამოიყენებოდა. ამასთან, კაიმანის კუნძულები FATF-ის იმ სიაში არ ფიგურირებს, რომელშიც შეყვანილია ქვეყნები, რომლებიც ფულის უკანონოდ "გათეთრებას" უწყობს ხელს.

რძის პროდუქტების მწარმოებელი ფირმა "პარმალატი" 1961 წელს შეიქმნა. მსოფლიოში ამ ფირმის 136 ქარხანა მუშაობდა. რძისა და რძის პროდუქტების გაყიდვის მოცულობამ 2002 წელს 7,5 მილიარდი ევრო შეადგინა. ცნობილი სკანდალის შემდეგ "პარმალატის" გადასარჩენად თავი იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ "გამოიდო". მან განაცხადა კიდეც: "მთავრობა ჩაერევა, რომ კომპანია, მისი მწარმოებელი ნაწილი გადაარჩინოს და სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს".

იტალიის ფინანსთა მინისტრმა ჯულიო ტრემონტიმ "პარმალატს" ევროპული "ენრონი" უწოდა, რომლის ვალმა 6 მილიარდი ევრო შეადგინა.

ფირმის დამაარსებელმა კალისტო ტანციმ განაცხადა, რომ მზად არის კონცერნ "პარმალატის" ახლადდანიშნულ საგანგებო კომისარს ორი საკუთარი იახტა, ტურისტული ბიზნესი და კონცერნის აქციები გადასცეს.

2003 წლის მაისის რეიტინგში ევროპის 500 ევროპულ უმსხვილეს კომპანიას შორის (რომელიც გაზეთ "Financial Times" მიერ გამოქვეყნდა) "პარმალატმა" 451-ე ადგილი დაიკავა საბაზრო კაპიტალიზაციით 1,7 მილიარდი დოლარის ოდენობით. 8 დეკემბრიდან მისი აქციები 87%-ით შემცირდა, ხოლო ობლიგაციები ნომინალის 26%-ს შეადგენს.

დაპატიმრებების გარდა ამ ფირმის კრახი მრავალი ადამიანის ჯიბეს "შეეხო". 2004 წლის დასაწყისში, დაწყებული სკანდალის გამო, თავი მოიკლა 32 წლის ალესანდრო ბასიმ, კომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის ფაუსტო ტონას მრჩეველმა. იგი ქალაქ პარმასთან ახლოს, ხიდიდან გადახტა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ამ ქალაქის მაცხოვრებლებს ძილი დაუფრთხა. ექიმებმა ამ მოვლენას "პარმალატის" სინდრომი უწოდეს. ახალი წლიდან მოყოლებული მედიკოსები პარმიდან, კოლეკიოდან და პატარა ქალაქებიდან თავიანთ პაციენტებს დამამშვიდებლებს უწერენ. ერთ-ერთმა 15 ათასი ევრო დაკარგა! ზოგიერთი ექიმი "პარმალატის" აქციებსაც ფლობს. ისინიც შფოთავენ. საკუთარ თავს ვალიუმის 20 წვეთს უნიშნავენ.

ფსიქიატრი მასიმო ჯენერალი ამტკიცებს, რომ უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, პარმაში და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში დეპრესია გამეფდა. "ტანცის დაპატიმრების შემდეგ დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა". ამავეს ადასტურებენ აფთიაქები, რომლებიც ამ ზონაში არის განთავსებული. წამლებს ითხოვენ კომპანიის თანამშრომლები, მათ სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ, საბითუმო გამავრცელებლები, ვაჭრები გრძნობენ, რომ ფირმის კრახი სახეზეა.

სახელმწიფო ფსიქიატრიულ სამსახურში პარმა ოფიციალურად აღიარეს იმ ქალაქად, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება. აქ სპეციალური შეხვედრაც კი ჩატარდა, რომელიც მოსახლეობის ფსიქიატრიული მდგომარეობის კვლევას მიეძღვნა.

"როცა ასეთი სიმბოლო იმსხვრევა, შფოთიანობის შეგრძნება მაშინვე დგება, ტანცი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უბრალოდ მეპატრონე კი არა - ყოვლისშემძლე მამა გახლდათ, იგი ყველას უყვარდა, - ამტკიცებს ფსიქიატრი მასიმო ჯენერალი - ტანცის ციხეში მოთავსების გამო ყველა ცუდად გრძნობს თავს.

"რატომ მომექცა ასე, მე ხომ მისი საწარმოსი მჯეროდა" - ამბობს სასოწარკვეთილი ახალგაზრდა გამყიდველი ქალი, რომელმაც აქციების სახით 1000 ევრო დაკარგა. მისი გზაც საავადმყოფოსკენ მიემართება. მოკლედ, ამ ქალაქის მაცხოვრებლები ფსიქიატრიული შეშლილობის ზღვარზე არიან. კალისტო ტანცი და მისი ოჯახი ფინანსური სიყალბეებით ისე გაერთნენ, რომ ყველას თავგზა აუბნიეს!

ფირმა "პარმალატის" ახლანდელ ხელმძღვანელობას კი დანგრეული იმპერიის ხელახლა აშენება მოუწევს". 4,5 მილიარდი დოლარის ღირებულების "ფოკუსმა" მთელი მსოფლიო გააოგნა! ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კალისტო ტანცი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი და უპატივცემულესი ადამიანი გახლდათ, უფრო მეტიც, "ძველი გვარების" წარმომადგენელთა განსხვავებით, იგი "ახალი იტალიის" სიმბოლოს წარმოადგენდა. იგი იყო მილიარდერი, ვინც ყველაფერს თავისი შრომითა და სამეწარმეო ნიჭით მიაღწია: არანაირი მაფია, არანაირი ოჯახური კაპიტალი, არაფერი ისეთი, რითაც ტრადიციულად ხელფეხშეკრულია იტალიური ბიზნესი. რომის პაპი და მთავარი კარდინალები მისი პირადი ვერტმფრენებით დაფრინავდნენ. იგი უყვარდათ პარმაში, პატივს სცემდნენ, სამაგალითო იყო რომში და იცნობდნენ მთელს მსოფლიოში. ამჟამად კი იგი ციხეში ოჯახის წევრებთან ერთად ზის. მან იმდენად ღრმად "შეტოპა", რომ სიფხიზლე დაკარგა და შედეგმაც არ დააყოვნა. რძის მდინარეებმა კისელის ნაპირები წალეკა!

ვეფხია სამსონიძე