ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ეგზოტიკური სუპერქარები შუაგული ევროპიდან - #3(44), 2015
ევროპული სუპერქარების წარმოების გეოგრაფია წლიდან წლამდე იზრდება. ამჯერად მოგიყვებით პირველ ესპანურ სუპერქარ GTA-ს შესახებ და ავტომობილზე, რომელიც პირველ სუპერქარად იქცა აღმოსავლეთ ევროპის ერთბაშად ორი ქვეყნისთვის. 

საკუთარი სუპერქარის გამოშვებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სახსრების ინვესტირება და სწრაფი ავტომობილის კონსტრუირების ცოდნა და უნარი – საჭიროა კიდევ მცირედი იღბალიც. ჩვენი დღევანდელი წერილის პირველი გმირის პროექტი ჯერ კიდევ 2005 წელს იყო ჩაფიქრებული, თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც მისი ავტომობილი სერიულ წარმოებამდე ჯერაც არ მისულა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ სუპერქარის უკვე არაერთი ვარიაცია ვიხილეთ. უიღბლობა და მეტი არაფერი!

GTA MOTORS-ის დაარსება 

დომინგო აჩოამ ჯერ კიდევ 1994 წელს შექმნა სარბოლო გუნდი GTA Motors Competicion, რომელიც ესპანურ ფორმულარულ რბოლებში მონაწილეობდა. გუნდის ავტომობილები ხშირად წარმატებასაც აღწევდა, თუმცა დომინგოს მეტი უნდოდა. ერთ-ერთ ავტოსალონზე შვედი კრისტიან ფონ კენიგსეგის ქმნილების ხილვის შემდეგ, ოჩოამ იგივე გზით წასვლა გადაწყვიტა და პირველი ესპანური სუპერქარის დაპროექტებას შეუდგა. ამ მიზნის განხორციელებისთვის 2005 წელს ის აარსებს ფირმა GTA Motors-ს, რომლის მეშვეობით თავისი ოცნების ხორცშესხმას იწყებს. 

აბრევიატურა GTA კომპიუტერული თამაშის ცნობილ სერიას კი ემთხვევა, მაგრამ სხვაგვარად იშიფრება: Gran Turismo Automobile. ავტორის ჩანაფიქრით სუპერქარი შუაძრავიანი უნდა ყოფილიყო, მონოკოკის ტიპის ძარით. ოჩოას ხელმძღვანელობით GTA Motors-ის ინჟინერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი პროტოტიპი გაემგზავრა ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის სარბოლო ტრასაზე ტესტების გასავლელად.
 
2009 წელი – GTA CONCEPT  

ოფიციალურად უსახელო პროტოტიპი მონაკოში სუპერქარების გამოფენა Top Marques-ზე წარადგინეს, სადაც აღტაცებული გამოხმაურება არამხოლოდ ჟურნალისტებისგან, არამედ პროფესიონალი მრბოლელებისგანაც მიიღო. GTA-ს ქმნილების უჩვეულო დიზაინი პანორამული მინის სახურავით, რომელიც გაერთიანებულია საქარე მინასთან და ოვალურ გვერდითა პროფილთან, შექმნილი იყო ერთობლივად ვალენსიის ხელოვნების კოლეჯთან ერთად. სხვა ორიგინალური სუპერქარების მსგავსად, მის კარებსაც არ აქვს სახელურები. მანქანაში შესაღწევად საჭიროა კარზე განთავსებულ GTA-ს ემბლემაზე თითის მიჭერა. 

`ესპანელის~ კონსტრუქციას საფუძვლად ნახშირპლასტიკის მონოკოკი უდევს, რომლის რამდენიმე ელემენტი კევლარისა და ტიტანისგან დამზადდა. მასზე დამონტაჟებულია ალუმინის ორბერკეტიანი შეკიდება ჰიდრავლიკური ელემენტებით, რომლითაც რეგულირდება ავტომობილის კლირენსი (იმართება წინა კონსოლზე განლაგებული ჯოისტიკით). კოკპიტის უკან გიგანტური 8,3-ლიტრიანი V10-ია განლაგებული, რომელიც ამერიკული Dodge Viper-იდან არის ცნობილი. გამაძლიერებელ Eaton-ის მეშვეობით მოტორი 780 ცხენის ძალას ავითარებს. 6-საფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფი ძრავის სიმძლავრეს უკანა ღერძზე გადასცემს. ცდების დროს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3 წამში მოხერხდა, მაქსიმალური სიჩქარე კი სპიდომეტრზე 340 კმ/სთ-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. 

2013 წელი – GTA SPANO 

ყველა ციფრის და რეკორდის უკან იდგა ფაქტობრივად კუსტარულად დამზადებული პროტოტიპი, რომელიც მზად არ აღმოჩნდა საერთო მოხმარების გზებზე გასასვლელად და კომპანიამ განაგრძო მისი მომზადება მცირესერიული წარმოებისთვის. პრეზენტაციიდან თითქმის 5 წლის შემდეგ დომინგო ოჩოამ ჟენევის ავტოსალონზე თავისი სუპერქარის წინასასერიო ვარიანტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ დროისთვის საკუთარი სახელიც მიიღო – Spano. `ვაიპერის~ მოტორი ესპანელმა სპეციალისტება ამჯერად უკვე 820 ცხენის ძალამდე და 960 NM-მდე გააძლიერეს. მძღოლს საშუალება აქვს აირჩიოს მოტორის სიმძლავრის ორ ვარიანტს შორის ერთ-ერთი: ქალაქისთვის 450 ც/ძ მდე შეზღუდული სიმძლავრით; რეჟიმ Race-ში კი აშვებულია `ცხენების მთელი რემა~. ჰიდრავლიკის მეშვეობით კლირენსის გაზრდა უკვე 80მმ-მდე გახდა შესაძლებელი. ელექტრონიკა არეგულირებს სიჩქარიდან გამომდინარე ანტიფრთის სიმაღლესაც, შენელებაზე კი კერამიკული მუხრუჭებია პასუხისმგებელი. იმისთვის, რომ პანორამული მინა არ ქცეულიყო ორთქლის აბანოდ, Spano აღიჭურვა დაპატენტებული სისტემით, რომელიც მძღოლის სურვილიდან გამომდინარე მინის გამჭვირვალობის დონეს ცვლის. 
ავტომობილის წონის დაფიქსირება 1 350კგ-ს ფარგლებში მოხერხდა, რამაც შთამბეჭდავი დინამიკა უზრუნველყო: 350 კმ/სთ – მაქსიმალური სიჩქარე; 2,9 წამი `ასამდე~ აჩქარება. კომპანიაში გეგმავდნენ 99 ასეთი სუპერქარის გამოშვებას. გამოქვეყნდა ფასიც – 720.000 ევრო, თუმცა სერიულ წარმოებამდე საქმე ჯერაც არ მისულა.
 
2015 წელი – GTA SPANIA SPANO 

მიუხედავად ყველაფრისა, ესპანელებმა არ თქვეს უარი სუპერქარების ბაზრის დაპყრობის გეგმებზე. 2014 წელს კომპანია GTA Motors-მა დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სახელწოდება შეიცვალა (GTA Spania) და ჟენევის ავტოსალონზე ახალი გენერაციის წინასასერიო პროტოტიპი GTA Spania Spano წარადგინა. ევოლუციამ კუპე შეცვალა იმდენად, რომ კომპანიაში მას ახალი მოდელი უწოდეს. მთავარ სიახლეს წარმოადგენს მონოკოკი, რომელშიც ელემენტების ნაწილი გრაფენისგან არის დამზადებული. ეს ნანოტექნოლოგიური მასალა ნახშირბადის ზეთხელ კრისტალს წარმოადგენს, რომელიც განივად მილიმეტრის მეათედს აღწევს, სისქეში კი სულ ერთი ატომია. GTA-ს გრაფენით მომარაგებას ესპანური ფირმა Graphenano უზრუნველყოფს, რომელთანაც თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შედეგად მონოკოკი სულ 80 კგ-ს იწონის, მთლიანად ავტომობილი კი 1400 კგ-ს. საგრძნობლად გაუმჯობესდა დინამიკაც. თუმცა, ძვირადღირებული გრაფენის გამოყენებამ ფასი მილიონ ევრომდე გაზარდა. 

მთელი ამ 10 წლის განმავლობაში დომინგო აჩოა მიისწრაფვის იდეალური ავტომობილის შექმნისკენ, თუმცა მას თან სდევს დაფინანსებისა და მიმწოდებლებთან ურთიერთობებში პრობლემები. უახლოეს გეგმებშია მცირესერიული პარტიით 99 მანქანის გამოშვება, შემდგომში კი ღია ვერსიის შემუშავება. 

საინტერესი ფაქტები 

მარკის სიმბოლოდ შერჩეულიქნა მგელი. ეს სულის სიმტკიცესა და მამაცობასთან გაიგივებული მტაცებელი წარმოების ხელმძღვანელის პირადი სიმბოლოც არის – ამჯერად მკვდარ აქვიტანურ ენაზე სიტყვა Otsoa სწორედ მგელს ნიშნავს. ლოგოტიპზე გამოსახულია აგრეთვე თეთრ-წითელი ჭადრაკისებური დროშა, რომელიც GTA-ს 20-წლიან სარბოლო ისტორიას განასახიერებს. 

სუპერქარი GTA Spano 2014 წელს გადაიღეს ამერიკულ `ბოევიკში~ Need For Speed. სიუჟეტის მიხედვით ავტომობილი რბოლის დროს ავარიის შედეგად განადგურდა. 

კომპანიის წარმოება ვალენსიასთან ახლოს რიბაროხა დე ტურიაში მდებარეობს. თითოეული ავტომობილი აქ ხელით ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით იწყობა. სულ კომპანიაში 50 ადამიანი მუშაობს.
 
რით გამოირჩევა? 

მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომლის კონსტრუქციაში გამოყენებულია გრაფენი. 

ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილია ესპანეთში. 

აქვს მინის სახურავი დაბურვის დაპატენტებული ტექნოლოგიით TUSHEK - სლოვაკეთიდან სლოვენიაში 

საკუთარ სუპერქარზე მეოცნებეთა შორის სლოვაკი მრბოლელი დიკ კვეტნანსკიც იყო. პირველი მცდელობა მასაც წარუმატებელი ჰქონდა. K-1 (კვეტნანსკი პირველი მოდელი) უბრალო მსუბუქი ღია სპორტქარი იყო მინაპლასტიკის გარე პანელებით. ძრავას და ტრანსმისიას შემკვეთის სურვილის მიხედვით აყენებდნენ, თუმცა `უკანა ეზოში~ აწყობილი უცნობი მარკის ავტომობილის შეძენას არავინ ჩქარობდა. დიკის მორიგმა იდეამაც ნაკლებად გაამართლა: სრულფასოვანი ავტომობილის ნაცვლად, ქითქარი – მანქანის ასაწყობი კომპლექტის შექმნა, რომელიც ნაკლები ღირდა, მაგრამ შემკვეთისგან ქანჩებით და ინსტრუმენტებით მუშაობის უნარს ითხოვდა. ამ იდეის განხორციელებას კვეტნანსკის მთელი დანაზოგი დასჭირდა, მაგრამ გაყიდვებმა კვლავ უკეთესის სურვილი დატოვა. კუსტარული მეთოდებით მუშაობამ არ გაამართლა და დიკმა უფრო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესი წამოიწყო. 

2002 წელი K-1 ATTACK ROADSTER  

პირველი სერიული ავტომობილის შექმნის იდეიდან მის განხორციელებამდე 2 წელი გავიდა. Attack მინაპლასტიკის გარე პანელებით, რომლის დიზაინი დიკის მეგობარმა ჟუჟარ მიტრომ შექმნა, დღესაც გამორჩეულად გამოიყურება, 2000-იანების დასაწყისში კი საერთოდ ფანტასტიკური იყო. K-1-ის დიზაინის საინტერესო თავისებურება იყო ძარიდან საჩვენებლად გამოშვერილი ამორტიზატორის ზედა ნაწილები. სამი სექციიდან შემდგარი პლასტიკის სახურავი ადვილად იმალება საბარგულში და დახურულ ავტომობილს კაბრიოლეტად აქცევს. მძღოლის ზურგსუკან იგეგმებოდა Honda Accord-ის მაღალბრუნიანი ძრავის განთავსება, თუმცა Honda Motors-ის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და იაპონური მოტორის ნაცვლად კაპოტის სახურავის ქვეშ Ford Mondeo-ს V6 განალაგეს. 

`ფორდისგან~ მიღებულია სიჩქარეთა კოლოფი და ხელსაწყოების პანელიც. არ დაგვავიწყდეს, რომ გაყიდულ K-1-თა უმრავლესობა ქით-ქარია, ასე რომ კლიენტებს თავად შეეძლოთ ავტომობილის ნებისმიერი დეტალით აღჭურვა. ასე შემკვეთს ნებისმიერი ძრავის შეკვეთა შეეძლო, ერთადერთი შეზღუდვა მოტორის განყოფილების გაბარიტები იყო. არადა საბაზო ქითის ფასი 20.000 დოლარს არ აღემატებოდა, მაქსიმალურად დაკომპლექტებულ როდსტერში 100.000 დოლარიც გადაუხდიათ. 

თავიდანვე კვეტნანსკიმ K-1-ის ოფიციალური წარმომადგენლობა აშშ-ში გახსნა. საკუთარი დილერი ავტომობილების, რომლებმაც სხვათა შორის ამერიკელ ენთუზიასტთა და პროფესიულ გამოცემათა პატივისცემა დაიმსახურეს, განბაჟებას და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფდა. ამერიკულ ბაზარზე გაყიდვები ორი წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც დილერი მთელი ფულით უბრალოდ გაქრა და დიკი ფაქტობრივად უფინანსოდ დატოვა. ასეთ მძიმე პირობებშიც კვეტნანსკიმ მანქანის სრულყოფა განაგრძო, თუმცა კონცენტრირება ევროპულ ბაზარზე მოახდინა. 

2008 წელს კომპანია K-1-მა გააფორმა ხელშეკრულება Audi AG-სთან, რისთვისაც საჭირო გახდა მთელი რიგი კვანძების ხელახალი დაპროექტება-დამზადება გერმანული კონცერნის ინჟინრებთან ერთან. ასე მოხერხდა К-1-ზე Audi RS4-ის 450-ძალიანი V8-ის დამონტაჟება. ასეთი მძლავრი ძრავა მოითხოვდა დაკიდების გეომეტრიის გადახედვას და წონის შემცირებისთვის ძარის ყველა გარე პანელის მინაპლასტიკისგან დამზადებას. მანქანის კორექტირებას ძალზე ბევრი დრო და დიდი ფინანსები მიჰქონდა და 2001 წელს სტაბილური მოგების მიუხედავად დიკმა წარმოების დახურვა გადაწყვიტა. ლიცენზია წარმოების აღჭურვასთან ერთად ბიზნესმენმა ალიოშა ტუშეკმა შეიძინა. 

2011 წელი TUSHEK & SPIEGEL-ის დაარსება 

ტუშეკი სლოვენიაში ცნობილი მრბოლელია, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გახსნა მცირე სახელოსნო, სადაც ავტომობილებს რემონტს და ინდივიდუალურ ტუნინგს უტარებდა. ავსტრიელი ბიზნესმენის იაკობ შპიგელის მხარდაჭერით ტუშეკი კვეტნანსკის ქმნილების სრულყოფას შეუდგა. ოფიციალურად მარკა დარეგისტრირდა ავსტრიაში, მაგრამ თავის თავს წარადგენს, როგორც სუპერქარების მწარმოებელი სლოვენიიდან. 

2012 წელი TUSHEK RENOVATIO T500 და T600 

პირველი პროტოტიპის გამოჩენიდან პირველ სერიულ მოდელამდე გავიდა მხოლოდ ერთი წელი. K-1-ის მსგავსად სლოვენიური ბოლიდიც `აუდის~ ძრავით აღჭურვეს. Renovatio-ს დიზაინში გათვალისწინებული იყო სლოვაკური წინამორბედის იერის ელემენტები. ეს განპირობებული იყი იმით, რომ K-1-ის ძარის ელემენტების კომპოზიტური პანელების მატრიცები შეიძინეს სლოვაკური ფირმის აქტივებთან ერთად და სერიოზული ცვლილებების შეტანა დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. დარჩა გასაშლელი სამნაწილიანი სახურავიც, სამაგიეროდ, ახალი ბამპერების, უკანა დიფუზორის და ანტიფრთის წყალობით გაუმჯობესდა აეროდინამიკა. ახალი ძრავა, ტრანსმისია, კერამიკული მუხრუჭები, ტყავით და ალუმინით გაწყობილი სალონი – ყველაფერმა ამან ავტომობილის ფასი 450.000 დოლარამდე გაზარდა. პრემიერიდან 2 წლის შემდეგ ტუშეკის კომპანიამ გააფართოვა სამოდელო გამა მოდელი T600-ით, რომელიც წინამორბედისგან პრინციპულად არ გამოირჩეოდა, თუმცა კიდევ 50.000-ით ძვირი ღირდა. 

2015 წელი – TUSHEK FOREGO T700 

ცალკე აღნიშვნის ღირსია პირველი დამოუკიდებელი სუპერქარი Forego. ეს ავტომობილი ტუშეკმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაგეგმა, როდესაც ფირმა ჯერ კიდევ არ არსებობდა. იდეიდან პირველი პროტოტიპების აწყობამდე 6 წელზე მეტი გავიდა, სუპერქარ თ700-ის ერთადერთი ოფიციალური ფოტო კი 2012 წლით თარიღდება. უკანასკნელი მონაცემებით ავტო-მობილის სერიული წარმოება 2015 წლის ბოლოს იგეგმება. 

საინტერესო ფაქტები 

კომპანია Tushek განლაგებულია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, გაყიდვამდე კი K-1-ის საწარმო სლოვაკურ ბრატისლავაში იყო განლაგებული. თითოეული ავტომობილი ხელით ეწყობა ინდივიდუალური შეკვეთით. ავტომობილის აწყობის დრო დაახლოებით ერთი თვეა. წლის განმავლობაში კომპანია 30-მდე ავტომობილს აწყობს. შტატი 50 ადამიანს შეადგენს. Tushek-ის ემბლემაა – სამკუთხედში ჩახატული T ლიტერა. 

Tushek-ის ავტომობილებში არ არის დამხმარე ელექტრონული სისტემები, რომელიც მძღოლს საქმეს უმარტივებს, რადგან შემქმნელების აზრით, იგი აუარესებს რეაქციებს ავტომობილის მართვის დროს. გამონაკლისი მხოლოდ საჭის ჰიდროგამაძლიერებელია. 

რით გამოირჩევა? 

სლოვენიაში აწყობილი პირველი სუპერქარია, შესაბამისად К-1 Attack – სლოვაკეთში აწყობილი პირველი სუპერქარია. 

დიმიტრი ცხვარაძე