ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
სუპერნაციონალური ტრესტი – ITT CORPORATION - #4(45), 2015
ბრიუსელში, არისტოკრატიული ლუი ავენიუს ქუჩაზე, მინის ფასადიანი ცათამბჯენი დგას. მას უზარმაზარი წარწერა – ITT ამშვენებს (International Telephone & Telegraph – საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო კორპორაცია). ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი "სუპერნაციონალური ტრესტის" ევროპული შტაბ-ბინაა და ბელგიის დედაქალაქში, გამორჩეული საქმიანი ცენტრების რიცხვში შედის. კიდევ უფრო მასშტაბურია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პარკ ავენიუზე მდებარე იმავე ფირმის უმთავრესი შტაბ-ბინა. 

კომპანიის მართვა სწორედ ნიუ-იორკში მდებარე მინის სასახლიდან ხორციელდება. ბრიუსელის შტაბ-ბინაში, თვეში ერთხელ, დიდ საკონფერენციო დარბაზში გამართული მმართველთა საბჭოს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მის კედელზე არსებული საათი ნიუ-იორკის დროს აჩვენებს. მრავალი წლის განმავლობაში, ამ დარბაზში, ყველა დონის თანამდებობის პირები პატარებად გრძნობდნენ თავს. ისინი გულის კანკალით უმზერდნენ ამ მაგიდის ცენტრში მჯდომ ჩიტისსახიან და ოქროს სათვალეებიან დაბალ მამაკაცს. ეს გახლდათ ჰაროლდ სიდნეი ჯენინი, ბოლო დრომდე ITT-ს პრეზიდენტი, რომელიც უსაზღვრო უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი.
 
ეს კომპანია იმ გიგანტური ამერიკული ფირმების ხუთეულში შედის, რომლის წევრებიც `ჯენერალ მოტორსი~, `სტანდარტ ოილი~, `ფორდი~, `ჯენერალ ელექტრიკი~ არიან. გავლენით და ბიზნეს-საქმიანობის მასშტაბებით ITT მათ არ ჩამოუვარდება. ამერიკულ სამრეწველო გიგანტებს შორის დაკავებული ეს მეხუთე ადგილი გამორჩეულია. ამ კორპორაციას (მისი საერთაშორისო კავშირების გათვალისწინებით) ზეეროვნულ იმპერიად თვლიან, რომელსაც მსოფლიოში უზარმაზარი მასშტაბების საქმიანი კონტაქტები აქვს. იგი შეეფერება თანამედროვე წარმოდგენებს მულტიეროვნული მონოპოლური ტრესტის თაობაზე. ITT-ს თავისი საწარმოები, `საქმიანი ინტერესები~ მსოფლიოს 90 ქვეყანაში აქვს. ამ კორპორაციამ ცნების საზღვრები – `ტელეფონი და ტელეგრაფი~ დიდი ხანია გადალახა. ტრესტი ITT ბიზნესის სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ სახეობებშია ჩართული – დაწყებული ელექტრონიკით, სახლების მშენებლობით, სასტუმროების, პურსაცხობების ბიზნესით დამთავრებული. 

ბრიტანელმა მკვლევარმა და ჟურნალისტმა, ანტონი სემპსონმა პირველმა შექმნა ამ საწარმოს ისტორია. `თუ კორპორაციის პრეზიდენტი რომელიმე აეროპორტში დაშვებას გადაწყვეტს, ამ ყველაფერს ITT-ის მიერ დაყენებული აერონავიგაციური სისტემა უზრუნველყოფს, აეროპორტიდან საქმიან თათბირზე იგი ITT-ის კუთვნილი ავტომობილით გაემგზავრება. ღამეს ტრესტის კუთვნილ ფეშენებელურ სასტუმრო `შერატონში~ გაათენებს. ტელეფონი, რადიო, ტელევიზორი, რომლითაც სარგებლობას გადაწყვეტს, აუცილებლად ITT-ის რომელიმე შვილობილი კომპანიის შექმნილია. ზეცაში, ღამით ამავე კორპორაციის მიერ გაშვებული თანამგზავრის ხილვაა შესაძლებელი. აშშ ის პრეზიდენტი `ცხელი ხაზით~ ვაშინგტონიდან თუნდაც მოსკოვთან დაკავშირებას თუ მოისურვებს, ხაზის ამერიკული ნაწილის მშენებლობაში აუცილებლად Iთთ-ის აქვს მონაწილეობა მიღებული~. 

"ბოროტი ბენის" ბლეფის ელემენტები ბიზნესში – ITT-ს პირველი ნაბიჯები 

ამ `მონსტრი~ კორპორაციის ტახტზე პირველი `მეფე~ სოსტენეს ბენი გახლდათ. კომპანიას საქმიანი იერი მან მიანიჭა. ITT-ის ისტორია 1920 წლიდან დაიწყო, ამიტომ საუბარია შედარებით ახალგაზრდა მონოპოლიის წარმოქმნაზე. სოსტენეს ბენი 1882 წლის 30 იანვარს წმ. თომასის კუნძულზე (ვირჯინიის კუნძულების ჯგუფი, რომელსაც იმ პერიოდში აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივად მართავდნენ) დაიბადა. მამა – დანიიდან იყო, დედა – ეროვნებით ფრანგი. სოსტენესმა ძმასთან ერთად განათლება ჯერ კორსიკაზე, ხოლო შემდეგ პარიზში მიიღო. შემდგომში ისინი საქმიანი პარტნიორებიც გახდნენ. 1906 წელს მამამ შვილებს პუერტო-რიკოში არსებული შაქრის კომპანია გადასცა, ხოლო სულ მალე მათ გადახდისუუნარო მფლობელისგან მცირე სატელეფონო სადგურიც მიიღეს. კომერსანტის თანდაყოლილმა ნიჭმა სოსტენსს უკარნახა, რომ ტელეფონს დიდი მომავალი ჰქონდა, ამიტომაც კარიბის ზღვის სანაპიროზე არსებული სატელეფონო კომპანიების შესყიდვა დაიწყო. 1913 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს, კავშირგაბმულობის ჯარების შტაბის მეთაურის, გენერალ ჯორჯ რასელის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. იქ მშვენივრად შეისწავლა კავშირგაბმულობის საკითხები საომარი მდგომარეობის დროს. 

საფრანგეთში, საბრძოლო ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. მან ამერიკულ არმიაში სამსახური მაიორის წოდებით დაასრულა. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, საქმიანობა კავშირგაბმულობის გიგანტში American Telephone and Telegraph Company (АТТ) დაიწყო. 1920 წლისთვის, კავშირგაბმულობის საქმეში იმდენად დამაჯერებლად იგრძნო თავი, რომ საკუთარი კომპანიის შექმნა განიზრახა. მალე, მისი ჯუჯა ფირმა ხმაურიანი სახელწოდებით `საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო კორპორაცია~ ამერიკული კომპანიების სიაში აღმოჩნდა. ჩატარებული `ფოკუსის~ არსი შემდეგი იყო: ძმები იმედოვნებდნენ, რომ პოტენციური საქმიანი პარტნიორები ამერიკაში საყოველთაოდ ცნობილ АТТ-ს და ახლადდაარსებულ ITT-ს ერთმანეთში აურევდნენ, საქმიან საკითხებზე გამართულ პირველ მოლაპარაკებებზე მათ ფირმას პატივისცემით მოეპყრობოდნენ. სულ მალე, სოსტენსის კუთვნილებაში არსებული სატელეკომუნიკაციო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, ხოლო პრესამ მას `სატელეფონო მეფის~ ტიტული მიანიჭა. მსოფლიო კავშირგაბმულობის ინდუსტრიის ისტორიკოსებიდან მოიძებნებიან ისეთები, ვინც ამტკიცებს, რომ მაშინდელმა ესპანელმა დიქტატორმა, პრიმო დე რივერამ ეს ორი ამერიკული კომპანია ერთმანეთში აურია და ძმებთან პირველი საქმიანი გარიგება სწორედ ამ მიზეზით გააფორმა. სხვები თვლიან, რომ ძმებმა ესპანეთში გამართული მოლაპარაკებების დროს წარმატება იმიტომ მოიპოვეს, რომ როგორც პუერტო-რიკოს მკვიდრნი, ესპანურად ბრწყინვალედ მეტყველებდნენ. ერთი ნამდვილად სიმართლეა – მიგელ პრიმო დე რივერა ი ორბანეხას წყალობით, ამ პატარა, უმნიშვნელო ფირმამ თავისი პირველი დიდი შეკვეთა მიიღო. ესპანეთის დიქტატორმა ამ ქვეყნის საშინელ მდგომარეობაში არსებული სატელეფონო ქსელის რეორგანიზება, მოდერნიზება გადაწყვიტა. 

სოსტენეს ბენი მადრიდში იმ იმედით გაემგზავრა, რომ საკუთარ ბიზნესს `ააწყობდა~. მან საკმაოდ სწრაფად მოახერხა ურთიერთობები უმაღლეს დონეზე დაემყარებინა. თავდაპირველად, ჰერცოგ ალბას შთამომავლებს – ესპანეთის ერთ-ერთ არისტოკრატულ ოჯახს წარუდგინეს. სოსტენეს ბენი ესპანეთის მაშინდელმა მეფემ ალფონს მეცამეტემ გაიცნო. უმნიშვნელოვანესი, ხელსაყრელი საქმიანი გარიგება სწორედ ამ უმაღლესი დონის კავშირების წყალობით გაფორმდა, რის შედეგადაც შეიქმნა ფირმა Compania Telefonica Nacional de Espana. ეს იყო ITT-ის ამერიკის საზღვრებს გარეთ შექმნილი პირველი შვილობილი საწარმო. მისი პრეზიდენტი ჰერცოგი ალბა გახდა, რომელიც ფრანკოსა და ჰიტლერის იდეებს იზიარებდა. 

ITT-ის მაშინდელი მდგომარეობის მთავარი მახასიათებელი ის იყო, რომ სოსტენეს ბენმა ფირმისთვის ამერიკელი სპეციალისტების `მოძიება~ მხოლოდ ესპანური საქმიანი გარიგების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. მას ესპანეთის სატელეფონო ქსელის ნამდვილი რეკონსტრუქცია სწორედ ამ სპეციალისტების მეშვეობით უნდა განეხორციელებინა. საკუთარი მწირი შესაძლებლობებით, კომპანია ITT უზარმაზარი მოცულობის სამუშაოებს ნამდვილად ვერ შეასრულებდა. აშკარაა, რომ ITT-ის `ესპანური ბიზნესი~ ბლეფის ცნობილ ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ ნიუ-ორკის ბირჟაზე ამ კომპანიამ დაინტერესება ნამდვილად გამოიწვია: ITT-ის ავტორიტეტი, აქციების კურსთან ერთად სწრაფად გაიზარდა. 

ორი წლის შემდეგ, სოსტენეს ბენმა `მთავარი მოგება ლატარეაში~ უკვე მეორედ მოიპოვა. იმ პერიოდში, `ამერი-კული სენატის ტრესტებთან მებრძოლმა კომისიამ~ კონცერნ `ვესტერნ ელექტრიკის~ საქმის გამოძიება დაიწყო. კომისიის გადაწყვეტილებით, ეს ფირმა დაავალდებულეს უცხოეთში არსებული საკუთარი საწარმოები გაეყიდა. სოსტენესმა და ერნანდომ მორგანის საბანკო სახლისგან 30 მილიონი დოლარი სესხად მიიღეს. ამ ფულით მათ ფირმა `ვესტერნ ელექტრიკის~ უცხოეთში არსებული შვილობილი კომპანიები შეიძინეს. ამჟამად, ეს საწარმოები სახელწოდებით International Standard Electric Corporation ამ იმპერიის ყველაზე ფასეული აქტივია.
 
ამერიკულმა სენატმა ერთი კომპანია აიძულა საკუთარი უცხოური ფილიალები სხვა კომპანიისთვის მიეყიდა, რითაც ამ კომპანიას დაეხმარა საკუთარი სიძლიერე მრავალჯერ გაეზარდა. `დეკარტელიზაციის ღონისძიებები~ იმ პერიოდის ბიზნეს-კლიმატის მთავარი მახასიათებელია. საქმიან ლატარეაში ორი ასეთი `მთავარი მოგების~ შემდეგ, სოსტენეს ბენმა საკუთარი პატარა `იმპერიის~ კიდევ უფრო გამაგრება დაიწყო. ბლეფის გამოყენება ხასიათში მყარად ჰქონდა გამჯდარი. მან ეს `მეთოდი~ მანამდე არნახულ მწვერვალებამდე აიყვანა. ნიუ-იორკში, ბროდ-სტრიტზე, 33-სართულიანი ცათამბჯენი შეიძინა, რომელშიც მდიდრული ავეჯი შეიტანა. 1928 წელს, მისი ფირმა ისე მდიდარი ჯერ არ იყო, რომ ცათამბჯენში საჭირო გარემო ძვირადღირებული ავეჯით შეექმნა. ამის მიუხედავად, სოსტენეს ბენის სამუშაო კაბინეტი ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილის ძვირადღირებული ავეჯით მორთეს.
 
ამავე კომპანიის შტაბ-ბინის უზარმაზარ საბანკეტო დარბაზში, ფრანგი მზარეულის მონაწილეობით კვირაში ერთხელ რამდენიმე ასეული პერსონისთვის საზეიმო მიღებები ტარდებოდა, სადაც სოსტენეს ბენის მეგობრები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ცათამბჯენს იმდროინდელი `ფინანსური მეფეები~ – ჰენრი ფორდიდან, როკფელერებით დაწყებული და მორგანების, როტშილდების ოჯახის წევრებით დამთავრებული სტუმრობდნენ. 1930 წლისთვის, კომპანია ITT-ის ღირებულება `მხოლოდ~ 64 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, შეფერხებები თავის საქმიანობაში არ ჰქონია. თვით `სატელეფონო მეფე~ იმავე პერიოდში, NCB-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა. 

მან ესპანური კავშირების დახმარებით, ურთიერთობა თვით რომის პაპთანაც დაამყარა, რის შედეგადაც ვა-ტიკანის ტელეფონიზაციის შეკვეთა მიიღო. საკუთარი სამუშაო კაბინეტი მან რომის 259-ე პაპის, პიი მეთერთმეტეს პორტრეტით `მორთო~, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოსტენეს ბენმა რომის პაპს სუფთა ოქროსგან დამზადებული ტელეფონის აპარატი აჩუქა. ამ წარმატებების მოპოვების შემდეგ, ყურადღება გასაღების ბაზარს მიაპყრო. დაასკვნა, რომ შეერთებულ შტატებში ძლიერ კონკურენტებთან შეჭიდებას ჯერ ვერ შეძლებდა. გადაწყვიტა ბრძოლა გერმანიაში, იმ დროში (და დღემდე) ელექტრომრეწველობის უდიდესი ტრესტის – `სიმენსის~ წინააღმდეგ დაეწყო. ტრესტი მჭიდროდ თანამშრომლობდა `ერიქსონის~ ქარხნებთან შვედეთში, რომლის მეთაურიც შვედი `ასანთის მეფე~, ივარ კრიუგერი იყო. `სიმენსის~ წინააღმდეგ ბრძოლა, ბენმა ერთბაშად ორ ფრონტზე წამოიწყო. 1930 წელს შეკავშირება ელექტრომრეწველობაში სხვა უდიდეს გერმანულ ტრესტს, `სიმენსის~ კონკურენტ, 1887 წელს შექმნილ ფირმა AEG-ის შესთავაზა, რომელთან ერთადაც ფირმა Standard Electric Company შექმნა. 

იმავდროულად, სოსტენეს ბენმა ჰოლანდიური `ფილიპსისგან~ ელექტრომრეწველობის უძველესი ფირმა `ლორენცის~ აქციები შეიძინა. შეტევის სხვა მიმართულებით, ამბიციური ივარ კრიუგერის გვერდის ავლა შეძლო, რის გამოც შვედი იძულებული გახდა `ერიქსონის~ ქარხნების აქციათა ნაწილი გაეყიდა. სანაცვლოდ, კრიუგერმა ნაღდი ფულით 11 მილიონი დოლარი, ITT-ის აქციების გარკვეული რაოდენობა, ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოში ადგილი მიიღო. კომპანია ITT-ის ისტორიის უკვე დასახელებული ავტორის, ანტონი სემპსონის მიერ დასმული შეკითხვა: რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა სოსტენეს ბენს ივარ კრიუგერის თვითმკვლელობასთან? – უსაფუძვლო სულაც არ არის. ერთ-ერთი ინგლისური ფირმა `ერიქსონის~ ბუღალტრული წიგნების კონტროლს ახორციელებდა, სადაც გიგანტური გადახარჯვის კვალს წააწყდა. სწორედ ამან გამოიწვია კრიუგერის ფინანსური კრახი და თვითმკვლელობა. სემპსონი გამორიცხავს, რომ ITT-ის ხელმძღვანელობამ არ იცოდა ამ ხარჯებისა და საბუთების გაყალბების თაობაზე, რომელსაც `ერიქსონის~ ქარხნების ხელმძღვანელობა მიმართავდა. ამ საქმეში სიმართლის დადგენა, ყველა მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერავინ შეძლო. 

ერთი რამ ზუსტად ცნობილია: სოსტენეს ბენის კრიუგერთან ერთობლივი ხანგრძლივი თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა, ამიტომ, ITT-მა თავის კონკურენტის – `სიმენსის~ წინააღმდეგ ბრძოლა ევროპის სამრეწველო ბაზარზე მარტომ დაიწყო. ეს ბრძოლა იმ ვითარებამ `შეამსუბუქა~, რომ 1933 წელს სოსტენეს ბენის ძმა, ერნანდო გარდაიცვალა, რომელსაც ჯერ კიდევ ესპანეთში, კომპანიის პირველი საქმიანი გარიგების გაფორმების შემდეგ, თავისი ძმისგან, `ბოროტი ბენისგან~ განსხვავებით, მეტსახელად `კეთილი ბენი~ უწოდეს. 

ფლირტი მტერთან – ITT-ის უზნეო ბიზნესი 

ძმის გარდაცვალების შემდეგ, სოსტენეს ბენმა გერმანიასთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კავშირები დაამყარა. 1933 წლის 2 აგვისტოს, `ახლადგამომცხვარმა~ კანცლერმა ჰიტლერმა თავდაპირველად ამერიკელ ბიზნესმენთა `დელეგაცია~ მიიღო, რომელიც ორი ადამიანისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მათგანი სოსტენეს ბენი, ხოლო მეორე კონცერნ ITT-ის კუთვნილი ფირმა Standard Electric Company-ის გერმანელი წარმომადგენელი იყო. ჰიტლერმა სოსტენეს ბენს შესთავაზა, რომ `საიმედო~ გერმანელ კაპიტალისტებთან დასაკავშირებლად მას ფიურერის მაშინდელი ეკონომიკური მრჩეველისთვის, ვილჰელმ კეპლერისთვის მიემართა. 

პირველი პარტნიორი, რომელიც ITT-ის შეფს სათანამშრომლოდ კეპლერმა შეთავაზა, იყო ცნობილი ბანკირი კიოლნიდან, ბარონი კურტ ფონ შრიოდერი, რომელიც მოგვიანებით ესესელთა შტაბის წევრი გახდა. იგი ITT-ს საწარმოებსა და ჰიმლერს შორის კავშირს მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე უზრუნველყოფდა. არაოფიციალურად, კურტ შრიოდერი `სტანდარდის~ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. სოსტენეს ბენის ფაშისტმა მეგობრებმა კეპლერმა, შრიოდერმა და ჰიმლერმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სოსტენეს ბენის კომპანიის ქონება ფაშისტური სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციისთვის არ დაექვემდებარებინათ, ხოლო ემილ პული `რეიხსბანკის~ მეშვეობით ITT-ის ანგარიშებსაც იცავდა. სოსტენეს ბენმა ნაცისტურ გერმანიაში მოგზაურობას, გერინგთან შეხვედრებს სწორედ შრიოდერის შუამავლობით მოუხშირა. ეს სამეული შეთანხმდა, რომ ფირმა `ლორენცი~ (რომელიც უკვე ITT-ის კუთვნილება იყო) იმ საავიაციო ქარხნის 28%-ს შეიძენდა, რომელიც გერმანულ ბომბდამშენ Focke Wulf-ს უშვებდა. 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შრიოდერი სამხედრო დამნაშავის რანგში ნიურნბერგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგა. სასამართლოზე განაცხადა, რომ `სოსტენეს ბენმა კონცერნ Focke Wulf-ის აქციების შესყიდვა პირადად მოიწონა~. იგი არასოდეს ერეოდა საკითხის გადაწყვეტაში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში მიღებული ITT-ის მოგებიდან ამერიკაში რა მოცულობა უნდა გადაეგზავნათ. არასოდეს უკითხავს შრიოდერისათვის: მართალია თუ არა ის, რომ გერმანია ომისთვის ემზადებოდა? ყოყმანის გარეშე დათანხმდა იმაზეც, რომ მისი ფირმის შემოსავლების ნაწილი გერმანულ მრეწველობაში დაებანდებინა. ამით ჰიტლერის იარაღის ქარხნების მწარმოებლობა რამდენჯერმე გაიზარდა. სოსტენეს ბენი ფსონს ჰიტლერზე ჩამოვიდა: ITT-ის მფლობელობაში არსებული გერმანული ქარხნების განვითარება, დანარჩენ ქვეყნებში, საკუთარი კონცერნის შვილობილ საწარმოებთან შედარებით, უფრო სწრაფად დაიწყო. ფაშისტური გერმანიის მიერ, 1938 წელს ავსტრიის `შემოერთების~ შემდეგ, სოსტენეს ბენის საქმიანობისთვის ახალი ასპარეზი გამოჩნდა: იქ სატელეფონო კომპანია შექმნა, მართვა ნაცისტებს შრიოდერსა და ვესტრიკს გადააბარა. მაღალჩინოსანი ნაცისტებიდან ზოგიერთმა ამ კომპანიის ხელში ჩაგდება განიზრახა, მაგრამ ჰიტლერთან ბერჰტესგადენში მდებარე რეზიდენციაში სოსტენეს ბენმა მიიღო ურყევი რწმუნება, რომ `ITT შემდგომშიც სრული იმუნიტეტით ისარგებლებდა~. 

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის პიკზე, ამერიკის მთავრობის საგამოძიებო კომისიამ საკუთარი დასკვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: `ITT გაძლიერებული ტემპებით აფინანსებდა გერმანიის მრეწველობის განვითარებას. გერმანული ფირმების ბრუნვას უფრო მეტად ზრდიდა, მაშინ როცა მისი შვილობილი საწარმოების ბრუნვა სხვა ქვეყნებში უცვლელი რჩებოდა~. სხვა, უფრო საინტერესო (სახიფათო) საქმიანი პარტნიორი, რომელსაც ჰიტლერის გარემოცვიდან რეკომენდაცია ITT-ს გაუწიეს, გახლდათ ადვოკატი გერჰარდ ალოის ვესტრიკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი გერმანული იურიდიული ფირმის თანამფლობელი იყო. იგი გერმანიაში არა მარტო ITT-ის ინტერესებს, არამედ ფორდის კომპანია General Motors-ს, კომპანიები Standard Oil of New Jersey-ს, Texas Company-ს, Davis Oil Company-ს, Sterling Products-ის ბიზნეს-ინტერესებსაც იცავდა. 

გერჰარდ ვესტრიკი მანამდე (დიდი ხნის განმავლობაში) გერმანიაში ამერიკული ფირმების წარმომადგენლის რანგში, ამერიკის დედაქალაქში მოქმედ ავტორიტეტულ საადვოკატო ბიურო Sullivan and Cromwell-თან თანამშრომლობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შვეიცარიაში ამერიკის დაზვერვის მეთაურს, ჯონ ფოსტერ დალესს ეკუთვნოდა. `ცივი ომის~ პერიოდში იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა. ჰიტლერულ და ამერიკულ დაზვერვას, ასევე კონცერნ ITT-ის შორის კავშირი სწორედ ადვოკატმა გერჰარდ ალოის ვესტრიკმა დაამყარა. შრიოდერის მსგავსად, ისიც `სტანდარდის~ დირექტორთა კომიტეტის წევრი იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ვესტრიკი სოსტენეს ბენს, მის მიერ ნიუ-იორკში ნაქირავებ სასტუმრო `პლაზას~ მდიდრულ აპარტამენტებში არაერთხელ ესტუმრა. ევროპაში ომის გაჩაღების შემდეგაც, ვესტრიკი ორ ვაჟიშვილთან ერთად ნიუ იორკში კვლავ გაემგზავრა. ჯერ სოსტენეს ბენს ეწვია, ხოლო შემდეგ სასტუმრო `პლაზაში~ დასახლდა. ეს ვიზიტი შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა: აქ რამდენიმე ამერიკელ მეწარმეს შეხვდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდნენ, თანაც ჰიტლერის რეჟიმიც ესიმპატიურებოდათ. სასტუმროში სოსტენეს ბენმა ვესტრიკს ამერიკის `საავტომობილო მეფედ~ აღიარებული ჰენრი ფორდი გააცნო. ეს ვიზიტები გრანდიოზული სკანდალით დასრულდა, რადგანაც ინგლისური დაზვერვის ვაშინგტონელმა რეზიდენტმა ვესტრიკის წინააღმდეგ ამ მიმართულებით ადგილობრივი გაზეთები აახმაურა. ვესტრიკი იძულებული შეიქმნა ამერიკა სასწრაფოდ დაეტოვებინა, მაგრამ თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი წაიღო, რომლის შინაარსის მიხედვით, სოსტენეს ბენმა ომის მიმდინარეობისას, ვესტრიკი განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვა: მას შრიოდერისა და ესესელთა დახმარებით, გერმანიის ტერიტორიაზე ITT-ის ინტერესები ყველა საშუალებით უნდა დაეცვა. კონცერნი უზარმაზარ მოგებას გერმანიისა და ამერიკის ტერიტორიაზე ერთდროულად იხვეჭდა. ITT-ის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა შეიმუშავეს სპეციალური ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ინგლისური და ამერიკული სავაჭრო გემები გერმანული წყალქვეშა ნავების აღმოჩენას, ტორპედოების შეტევისგან თავის დაღწევას წარმატებით ახერხებდნენ. 

ამგვარად, მაშინ, როცა ITT-ის კუთვნილი Focke Wulf-ის ქარხნებში დამზადებული ბომბდამშენები მოკავშირეებს ჰაერიდან უტევდნენ, იმავე ITT-ის საწარმოებში აშენებული გემები, აქვე შექმნილი ხელსაწყოების მეშვეობით გერმანელთა სატორპედო დარტყმებისგან თავის დაღწევას ახერხებდნენ. ეს სიტუაცია, დაუჯერებელია, მაგრამ იმაზე მეტყველებს, როგორ შეიძლება ერთდროულად ორი ცხენით `ჭენება~. სოსტენეს ბენმა ეს წარმატებით მოახერხა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ერთი `ცხენი~ (ჰიტლერი) წაიქცა და რბოლას გამოეთიშა. იმავე მომეტში, სოსტენეს ბენი ITT-ის ამერიკულ საიდუმლო სამსახურთან არსებული კავშირების წყალობით, ევროპულ კონტინენტზე `გამარჯვებული ამერიკული დემოკრატიის~ მანტიით გამოჩნდა. 

ყველა გაოგნებული დარჩა, როცა უკვე 1944 წლის 25 აგვისტოს, პარიზის გათავისუფლების დღეს, სოსტენეს ბენი სანგრების ტალახით დასვრილი ამერიკელი პოლკოვნიკის მუნდირში გამოწყობილი, ITT-ის აქაური საწარმოების საკონტროლო დათვალიერებისთვის საფრანგეთში ჩავიდა. ამერიკული ტრესტების მეთაურთაგან, იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ამერიკულ არმიასთან ერთად, დამარცხებული გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიენიჭა. მის გარდა, ბრიგადის გენერლის რანგში, გერმანიის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება ITT-ის ამერიკული შტაბ-ბინიდან დირექტორთა საბჭოს კიდევ სამმა წევრმა მიიღო. ჰიტლერის გარემოცვაში შემავალი სოსტენეს ბენის საქმიანი პარტნიორებიდან ერთ-ერთმა, შრიოდერმა (როგორც ესესელთა გენერალმა) რეპუტაცია იმდენად `გაისვარა~, რომ მასთან ურთიერთობა ჯერ სახიფათო იყო. ამერიკის არმიის ბრიგადის გენერლების მუნდირებში გამოწყობილმა ITT-ის დირექტორებმა იმდენი მაინც მოახერხეს, რომ ვესტრიკის თითქმის `გათეთრება~ შეძლეს. სასწრაფო წესით `მოპოვებული~ დოკუმენტების მიხედვით, იგი `გერმანიაში საქმიანობის პერიოდში, ამერიკის არმიის სასარგებლოდ მუშაობდა~. 

იგი 1941-1945 წლების პერიოდში, რამდენჯერმე შვეიცარიაში მართლაც ჩავიდა, სადაც ჯონ ფოსტერ დალესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამერიკის ეკონომიკის ისტორიკოსმა, ჯეიმს ალენმა საკუთარ წიგნში `მონოპოლისტური კაპიტალიზმი და სამყარო~ ჯერ კიდევ 1946 წელს ამხილა კავშირი ჰიტლერელებსა და კონცერნ ITT-ის შორის. ვესტრიკთან დაკავშირებით ჯეიმს ალენი ამტკიცებს, რომ იგი ორმაგი აგენტი იყო, ნაცისტებისა და ამერიკელთა საიდუმლო სამსახურში ერთდროულად მუშაობდა. `სოსტენეს ბენის იმპერიამ~ დახვეწილი ხერხების მეშვეობით მეორე მსოფლიო ომის `შტორმები~ წარმატებით გადალახა. 

ITT-ის ევროპულმა ფილიალებმა `სტანდარდის~ მეთაურობით (სწორედ ჰიტლერელებთან ურთიერთობის წყალობით) მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე საქმიანობა წარმატებით გააგრძელეს. კომპანიის წინსვლის მიუხედავად, 1947 წელს `აქციონერთა ბუნტი~ დაიწყო. მათ არ მოეწონათ ის, რომ სოსტენეს ბენმა მენეჯერთა ჯგუფთან ერთად (ვინც ცხრა წლის განმავლობაში უფლებამოსილი იყო ITT-ის საქმეები წარემართა) ომის წლებში სახელფასო ანაზღაურების სახით 4 მილიონი დოლარი აიღო, ხოლო აქციონერებისთვის ამ წლების განმავლობაში (ომის პერიოდის სირთულეების მომიზეზებით) დივიდენდები არ გაუციათ. `აქციონერთა ბუნტის~ ჩაქრობა დიდი გაჭირვებით მოხერხდა: ბენმა მის მიერ დაკავებული სამი უმაღლესი თანამდებობიდან კომპანიის პრეზიდენტის პოსტი გენერალ ჰარისონის სასარგებლოდ დატოვა. სინამდვილეში, არაფერი არ შეცვლილა: სოსტენეს ბენი შემდგომშიც კონცერნის ერთპიროვნულ მმართველად დარჩა. ამის მიუხედავად, ომისშემდგომი პერიოდი (1948 – 1957 წლები) კომპანიის ისტორიაში არასახარბიელო იყო.
 
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ცვლილებების გამო, სოსტენეს ბენს ITT-ის კუთვნილი რამდენიმე საწარმო წაგლიჯეს: სახელმწიფოს გადაეცა უნგრეთში არსებული `სტანდარდის~ ქარხანა. მისთვის ასევე ხელმიუ-წვდომელი აღმოჩნდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი ITT-ის რამდენიმე ფირმაც. 1956 წელს, მძიმედ ავადმყოფი, 74 წლის სოსტენეს ბენი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ITT-ის განვითარება სწრაფადვე შეწყდა. ამერიკის უდიდეს კომპანიებს შორის ეს კონცერნი 52-ე ადგილამდე `დაეშვა~. ერთი წლის შემდეგ, სოსტენეს ბენი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, კომპანიის პრეზიდენტის პოსტი გენერალმა ჰარისონმაც დატოვა, რომელსაც ეს პოზიცია მხოლოდ მოჩვენებითად ეკავა. 

"გარეთ" ნაპოვნი "მეორე იმპერატორი"
  
ITT-ის დირექტორთა საბჭომ კომიტეტის წევრებს უფლება მისცა, ნიჭიერი თანამშრომლები, პირველ რიგში კონცერნის მეთაური მოეძებნათ. `ITT-ის იმპერიის~ მეთაურის რანგში 49 წლის ჰაროლდ სიდნი ჯენინი ქალაქ ბოსტონში მოძებნეს. იგი ბრიტანეთში, ჰემპშირის საგრაფოში, ქალაქ ბორნმუთში 1910 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1956-1956 წლებში, ჰაროლდ ჯენინს ელექტრონიკის დარგში მომუშავე კომპანია Raytheon-ში უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მის განკარგულებაში ამ კომპანიის მმართველი სტრუქტურა იყო. აქ ჯენინის მიერ გატარებულმა რეფორმებმა კარგი ეფექტი მოიტანა. ცალკეულ განყოფილებებს უწინდელზე მეტი თავისუფლება მიენიჭათ. 

International Telephone and Telegraph Corporation-ის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის პოსტი 1959-1977 წლებში ეკავა. ჯენინის მეთაურობით, ამ კომპანიაში კოლოსალური ცვლილებები განხორციელდა. ერთ-ერთი ამერიკელი კომენტატორის თქმით, ITT-მა ზრდა `კიბოს უჯრედების~ მსგავსად დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით, საშუალო კომპანია (გაყიდვების მოცულობით 765 მილიონი დოლარი) საერთაშორისო დონის კონგლომერატად გადააქცია – გაყიდვების მოცულობა 17 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ჰაროლდ ჯენინმა რეფორმები უპირველესად ამერიკის ტრესტის ხელმძღვანელობაში მყარი დისციპლინის დამყარებით დაიწყო. შემდგომში, მანამდე არნახულ ძალაუფლებას მოუყარა თავი. ყოველი საწარმოდან ყოველთვიურ ანგარიშს ითხოვდა, იმდენად დაწვრილებითს, რომ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად სპეციალური განყოფილებები შექმნეს. საწარმოებისთვის შეიქმნა მკაცრი ინსტრუქციები, რომლებიც საწარმოს მიზნებსა და ზრდის ამოცანებს მოგების მიღებასთან ერთად განსაზღვრავდა. ძირფესვიანი გარდატეხისთვის მხოლოდ ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება და დისციპლინის დამყარება საკმარისი არ იყო. ჯენინმა დაინახა, რომ 1960-იან წლებში ფირმას ყოველმხრივი განვითარებისთვის შესაძლებლობები ნამდვილად ჰქონდა. 

ჯენინის ITT-ში მოსვლისას, ამერიკაში აწარმოებდნენ ამ კომპანიის პროდუქციის მხოლოდ 18%-ს, დანარჩენი 82% ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოდიოდა. ჯენინმა ეს შეფარდება მკვეთრად შეცვალა. მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ვითარება ITT-ის საქმიანობას ამერიკის შიგნით მყარი საყრდენის გარეშე გაართულებდა, რის შედეგადაც კომპანია ამერიკის ცვალებად მთავრობაზე შესაბამისი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებდა. 
ITT-ის მეთაურის პოსტზე ყოფნის პირველივე წელს, ჯენინმა კომპანიის პოლიტიკა 180 გრადუსით შემოატრიალა. ამ დროისათვის მოგების 55% ამერიკაში არსებული საწარმოებიდან შემოდიოდა. ორგანიზებაში გატარებული სხვა ცვლილებით, ჯენინმა წარმოების ისეთი პრინციპების შემუშავება შეძლო, რომელიც თანამედროვე ზენაციონალურ მონოპოლიებს ახასიათებს. ამის ფორმულირება შემდეგნაირია: უპირობო ერთპიროვნული ძალაუფლება კონცერნში შერწყმული იყო ცალკეული საწარმოების დიდი დოზით დამოუკიდებლობასთან.
 
ჯენინი არ გახლდათ ის ბედნიერი ადამიანი, რომელსაც სიმდიდრე მემკვიდრეობად ერგო. მან წარმატების მიღწევამდე ცხოვრების მკაცრი, დაუნდობელი სკოლა გამოიარა. ჯენინის ტიპის მეფე-მენეჯერების პიროვნების გარკვევისას, ნათლად მოჩანს ანალოგიური ადამიანური თვისებები, რომლებმაც თავის დროზე როკფელერსა და ფორდს საშუალება მისცეს სიმდიდრის მწვერვალი დაეპყროთ. ამ ახალი ტიპის მენეჯერთა ქცევები განისაზღვრება იმ მოთხოვნების მიხედვით, რომელსაც კაპიტალი ამჟამად თვით როკფელერის შვილიშვილებსაც უყენებს. 

ITT ჯენინის მოსვლამდეც დიდი საწარმო იყო, მაგრამ გარდაქმნებით ამ კომპანიას თანამედროვე სახე მისცა. სიცოცხლის ბოლომდე, ჯენინი (განუსაზღვრელი უფლებების მქონე მეფის მსგავსად), კონცერნის მიერ მოპოვებული ბიზნეს-მწვერვალიდან დაუფარავი ზიზღით დაჰყურებდა ნამდვილ პრემიერ-მინისტრებსა და თვით მეფეებს. მისაღებში ბელგიის მეფეს დიდხანს აცდევინა, ხოლო ირანის შაჰთან შეხვედრა დათქმულ დრომდე რამდენიმე საათით ადრე, `უფრო სასწრაფო საქმეების~ მომიზეზებით გააუქმა. 

ITT-ის საწარმოები ამჟამად მსოფლიოს ასობით ქვეყანაშია. მათი მართვის სადავეები ამერიკაში, მანჰეტენზე, პარკ-ავენიუზე მდებარე მინის სასახლეში უპყრიათ ხელში. სემპსონმა თავის წიგნში `ქამელეონის ტაქტიკა~ ეს შემ¬დეგნაირად განმარტა: `კონცერნი ITT გოლიათია, მაგრამ თუკი საქმის ინტერესები მოითხოვს, იგი ასობით მცირე საწარმოდ გარდაიქმნება~. ეს მეთოდი ხელსაყრელი იმით არის, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის ძნელდება ITT-ის მრავალი საწარმოს ბიზნეს-საქმიანობის კონტროლი, რომლებიც ადგილობრივი ფირმების სახით შესანიშნავად არიან შენიღბულნი. ზენაციონალურმა ტრესტმა რომ ასეთი `ახალი სახე~ მიიღოს, იგი მაქსიმალურად მეტი საწარმოსგან უნდა შედგებოდეს. ამიტომ, 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ITT-მა ჯენინის მითითებით ყველაფრის ერთბაშად შესყიდვა დაიწყო. თავდაპირველად, ავტომობილების გაქირავების კომპანია `ავისი~ შემოიერთა. შემდეგ რამდენიმე სადაზღვევო საზოგადოების, ნათურების მწარმოებელი ქარხნის რიგიც დადგა. ამ ფირმებს ოფის-მენეჯერების მოსამზადებელი სკოლაც მოაყოლა, შეიძინა სტენოგრაფიის ახალი სისტემა, წყალსაქაჩი ტუმბოების ქარხანა, ავტოსადგომები. ITT-ის მფლობელობაში გადავიდა გიგანტური სამშენებლო კომბინატი `ლევიტი~, რომელიც ყოველწლიურად 250 ათას ერთოთახიან სახლებს აშენებდა. ერთდროულად შეიძინა მინისა და კერამიკისგან დამზადებული საქონლის მწარმოებელი უდიდესი ამერიკული ფაბრიკა, ასევე ამ ქვეყანაში მოქმედი უდიდესი პურის საცხობი. ჰაროლდ ჯენინის მონდომებით ITT-ს სადაზღვევო კომპანია Hartford Fire Insurance Company შემოუერთდა. ბოლოს, კონცერნმა შეისყიდა და ელვისებური სისწრაფით გააფართოვა სასტუმროების ქსელი `შერატონი~, რომლის განკარგულებაში დღეისათვის ლუქს-სასტუმროები მსოფლიოს 38 ქვეყანაშია. საერთო ჯამში, ჯენინის განხორციელებული გარდაქმნები 350 შემოერთებისგან და შთანთქმისგან შემდგარ სერიას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში განხორციელდა. ITT-მა ჯენინის მეთაურობით მხოლოდ სატელევიზიო კომპანია `ეი-ბი-სის~ დაუფლება ვერ შეძლო, რაშიც ხელი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეუშალა.
 
1969 წლისთვის (ITT-ს სათავეში ჯენინის მოსვლიდან 10 წლის შემდეგ), კონცერნის ბრუნვა 761 მილიონი დოლარიდან 5,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 9 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ამავე პერიოდში, ამერიკის უდიდესი კომპანიების სიაში 52-ე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო სამ წელიწადში - მეხუთეზე. კომპანიის მმართველობისას, ამერიკელ მენეჯერებს შორის მხოლოდ ჯენინი იღებდა ყველაზე მაღალ ანაზღაურებას. ეს მაჩვენებელი წელიწადში 812 ათას დოლარს აღწევდა. 1977 წელს ჯენინმა კომპანიის გენერალური დირექტორის და პრეზიდენტის პოსტები დატოვა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ 1979 წლამდე, ხოლო ამავე საბჭოს წევრად – კიდევ ოთხი წელი დარჩა. ITT-ის ახალმა ხელმძღვანელობამ განსხვავებული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. საკმაოდ გააქტიურდა ამ კონცერნში შემავალი ფირმების გაყიდვის ტენდენცია. 
ჰაროლდ სიდნი ჯენინი საქმიანობისას დაუნდობელი არა მარტო ხელქვეითების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც იყო, რამაც დიდი შედეგები მოიტანა. იგი მთელი რიგი სამეწარმეო პროექტების აქტიურ მონაწილედ გარდაცვალებამდე რჩებოდა. იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭოების წევრი. თვით ჯენინი ტრაბახობდა, რომ `პენსიაზე გასვლის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ITT-ის მეთაურის რანგში~. ბიზნესზე და სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებაზე საკუთარი შეხედულებები ბრენტ ბაუერსთან და ელვინ მოსკოუსთან თანამშრომლობის შედეგად მკითხველს რამდენიმე წიგნში შესთავაზა. ჰაროლდ სიდნი ჯენინი 87 წლის ასაკში, 1997 წლის 23 ნოემბერს, ქალაქ ბოსტონში გარდაიცვალა.
 
პოლიტიკაში "აზელილი" ბიზნესის "შავი ლაქები"  

კომპანიის თანამედროვე ისტორიაში (სოსტენეს ბენის მმართველობის მსგავსად), `შავი ლაქებიც~ მრავლად მოიძებნება. `ბნელი საქმეების~ ჩუმად მოსაგვარებლად, ბუნებრივია, გავლენიანი, კარგად ანაზღაურებადი კავშირები იყო საჭირო. ისეთი, როგორიც ესესელ შრიოდერთან, ან ვესტრიკთან დაამყარა. ITT-ის სახელფასო უწყისებში ფიგურირებენ ათობით ყოფილი ხელმძღვანელი ჩინოვნიკი ამერიკის იუსტიციის სამინისტროდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან. მათ შორის იუჯინ ბლეკი – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯონ მაკკოუნი – ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, ტრიუგვე ლი – გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, პოლ-ანრი შარლ სპააკი – ბელგიის 30-ე, 32-ე, 33-ე პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი თავმჯდომარე (1946 წლის 10 იანვარი – 1947 წლის 16 სექტემბერი), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი თავმჯდომარე (1949 წლის 11 აგვისტო – 1951 წელი), ევროპარლამენტის პირველი თავმჯდომარე (1952 წლის 23 ივლისი – 1954 წლის 1 იანვარი), ნატოს მეორე გენერალური მდივანი (1957 წლის 16 მაისი – 1961 წლის 4 მარტი). 

ეს `შთამბეჭდავი~ ჩამონათვალი იმის დასტურია, რომ ITT-ს `სოლიდური მფარველები~ ყოველთვის ჰყავდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ `ამ მონოპოლიას ყველაფრის (ან თითქმის ყველაფრის) გაკეთება შეუძლია~. ITT-ის წინააღმდეგ ანტისატრესტო სასამართლო პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ სხვა მონოპოლისტური კომპანიების საქმეების განხილვის მსგავსად, ეს პროცესიც ფორმალობად იქცა. 1968 წელს, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ სწრაფად განვითარებადი კომპანიის – ITT-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი პროცესი წამოიწყო. სამინისტროს ჩინოვნიკები თვლიდნენ, რომ ამ კონცერნს რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო უნდა დაეთმო, რომელთა შორისაც სამიზნეში სამშენებლო კომბინატი `ლევიტი~, ავტოგამქირავებელი საწარმო `ავისი~, `შერატონის~ სასტუმროთა ქსელში შემავალი რამდენიმე სასტუმრო ამოიღეს. ეს საქმე სხვადასხვა კომისიებში, სამინისტროებსა და კონგრესში ორი წლის განმავლობაში ტრიალებდა. 1970 წელს ITT-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი საერთოდ შეწყდა. ეს საქმე ამით დასრულდებოდა, მაგრამ 1973 წელს `უოტერგეიტის~ სკანდალი გახმაურდა. 
ამ საქმის ერთ-ერთი `დაზარალებული~ ამერიკის გადამდგარი იუსტიციის მინისტრი რიჩარდ გორდონ კლეინდინსტი აღმოჩნდა. 1972 წელს, მან სენატის კომისიას მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც, `ITT-ის წინააღმდეგ პროცესის შესაწყვეტად მითითება არ მიუღია~. ერთი წლის შემდეგ, 1973 წლის შემოდგომაზე, იგი სხვა საქმეებთან დაკავშირებით `კუთხეში მიიმწყვდიეს~, რომლის შემდეგაც აღიარა, რომ ამ საკითხზე თავდაპირველად პრეზიდენტ ნიქსონის ერთ-ერთმა მრჩეველმა დაურეკა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, თვით პრეზიდენტმა მიუთითა, რომ `ITT-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი დაემარხა~. ჰაროლდ ჯენინი ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გადათელვას ხშირად ცდილობდა. 1972-1973 წლებში, კონცერნს ბრალი დასდეს, რომ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას დიდი ფული ანტიმონოპოლურ პროცესში მხარდაჭერის სანაცვლოდ შეთავაზა. ეს შემთხვევები ჰაროლდ ჯენინის შორს მიმავალ გავლენაზე ნათლად მეტყველებს, რადგანაც ქარბორბალას მსგავსი სკანდალები მალევე ჩააქრეს. 

ცალკე საუბრის თემაა ამ ტრესტის ქმედებები ჩილეში მიმდინარე მოვლენების დროს. ამ ქვეყანაში ITT-ის საქმი¬ანობის კარგად გაცნობიერების მიზნით, სამხრეთ ამერიკაში მისი ქმედებების გაცნობა ნამდვილად ღირს. 1920-იან წლებში (როცა კომპანიის ჯერ კიდევ სოსტენეს ბენი მართავდა), ITT-ის საკუთრება ჯერ კუბის, შემდეგ, მთლიანად სამხრეთ ამერიკაში შემავალი ქვეყნების სატელეფონო კომპანიები გახდა. 

ტელეფონი, ტელეგრაფი პოლიტიკური კონტროლისა და ზემოქმედების ისეთი სახიფათო საშუალებაა, რომ ეს სხვადასხვა `შეფერილობის~ მთავრობებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მაშინვე გააცნობიერეს. მათ ITT-ის კუთვნილი სატელეფონო ქსელების ნაციონალიზაცია დაიწყეს. შესაბამისი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელობა ნაციონალიზაციის ფაქტს მშვიდად ხვდებოდა. სოსტენეს ბენის მმართველობისას, სახელმწიფოს საკუთრება გახდა სატელეფონო ქსელები არგენტინაში, ხოლო ჰაროლდ სიდნი ჯენინის მეთაურობისას – ბრაზილიასა და პერუში. ყველა ამ შემთხვევაში, ITT-მა კარგი კომპენსაცია მიიღო. 

კუბაში კონცერნმა სატელეფონო ქსელები კომპენსაციის მიღების გარეშე დაკარგა. ჯენინმა (იშვიათი შემთხვევაა!) ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გააკეთა. `დაშოშმინების~ მიზნით, მან ფიდელ კასტროზე შური იმით იძია, რომ კუბელ დიქტატორს, ბატისტას გადასახლებაში ისეთივე ოქროს ტელეფონის აპარატი აჩუქა, როგორიც თავის დროზე რომის პაპმა მიიღო. ITT-ის კუთვნილი სატელეფო¬ნო ქსელები ამ რეგიონში მხოლოდ სამ ადგილზე შემორჩა: კონცერნის სამშობლოში – პუერტო-რიკოში, სოსტენეს ბენის სამშობლოში – ვირჯინიის კუნძულებზე და ჩილეში. ამ ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩილე სამხრეთ ამერიკაში ერთადერთ მნიშვნელოვან ქვეყნად რჩებოდა, სადაც ITT-ის ზურგსუკან ჩასაფრებული ამერიკის საიდუმლო სამსახური ტელეფონებს ყურებგაფაციცებული უსმენდა. სატელეფონო ქსელები ჩილეში ამერიკელებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ, რადგანაც ჩილეში, საპარლამენტო გზით ღრმა პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა. ბუნებრივია, საქმე არა მარტო პოლიტიკაში, არამედ უზარმაზარ ფულშიც იყო.
 
ჩილეში სატელეფონო ქსელი ჯერ კიდევ 1930 წელს, სოსტენეს ბენმა ინგლისელებისგან შეიძინა, რამაც ამ ტრესტს გიგანტური შემოსავლები მოუტანა. მნიშვნელოვანია, რომ ჩილეს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ამ კომპანიას ყველა ვალი და კომპენსაციაც ოქროთი უნდა მიეღო. 1970 წელს, ჩილეში პოლიტიკური გარდაქმნების დაწყების მომენტში, ამ ქვეყანაში ITT-ის კუთვნილ საწარმოებში 6 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ფირმის კაპიტალდაბანდებები 200 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 1970 წლის არჩევნებამდე (რომელმაც ხელისუფლებაში სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე მოიყვანა), ITT-ის დირექტორატმა სხდომა მოიწვია, უმთავრესი საკითხი `ჩილეს საქმე~ იყო. ჯენინი თავიდანვე თვლიდა, რომ ამ ბრძოლაში ეკონომიკური მეთოდების გამოყენება არასაკმარისი იქნებოდა, ამიტომაც ამერიკის საიდუმლო სამსახურის დახმარებით, სახალხო ძალების ხელისუფლებაში მოსვლისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ, რითაც სამხრეთ ამერიკაში უკანასკნელ სატელეფონო ქსელს შეინარჩუნებდნენ.

ჯენინმა ჯონ ალექსანდერ მაკკოუნის მხარდაჭერით ისარგებლა, რომელსაც იმ დროისათვის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის სავარძელი ეკავა. მან ეს საკითხი ამ პოსტზე თავის მემკვიდრესთან, რიჩარდ მაკგარა ჰელმსთან ერთად განიხილა. შემდგომში, ჯენინის ნდობით აღჭურვილი პირი, ბილ მერიამი ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო `შერატონ კარლტონის~ ჰოლში ცსს-ს უხუცეს აგენტს, ვილიამ ბროეს შეხვდა. ITT-ის მიერ წარგზავნილმა წარმომადგენელმა ამერიკის საიდუმლო სამსახურის მეკავშირეს მოახსენა, რომ ჯენინი მზად იყო სალვადორ ალიენდეს მოწინააღმდეგეს საარჩევნო ბრძოლაში დიდი ფულადით დახმარებოდა. 

ცსს-ს ეს ფული `საჭირო ადგილზე~ უნდა გადაეგზავნა. ჯენინმა ამჯერად დაიგვიანა, რადგან ვაშინგტონში აგენტების შეხვედრა 1970 წლის ივლისში შედგა, ხოლო იმავე წლის 4 სექტემბერს, სალვადორ ალიენდემ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და ჩილეს პრეზიდენტი გახდა. ამ მომენტიდან დაწყებული, ITT-ის ხელმძღვანელებმა ჯენინის მეთაურობით, ამერიკის საიდუმლო სამსახურს უამრავი გეგმა შეთავაზეს, რომელიც თეთრ სახლამდე აღწევდა. ერთ-ერთის მიხედვით, კონცერნი მზად იყო 1 მილიონი დოლარი მემარჯვენე პოლიტიკოსების მოსყიდვის მიზნით დაეხარჯა, რომლებსაც იმ პერიოდში მთავარი პოზიციები ეკავათ. მათ ჩილეში კოალიციური მთავრობა უნდა შეექმნათ და სახალხო ძალებს დაპირისპირებოდნენ. გეგმის სხვა ვარიანტით, რამდენიმე მილიონი დოლარი მემარჯვენე პრესისა და ტელევიზიის მოსასყიდად უნდა დაეხარჯათ. ამ გეგმების განხილვაში მონაწილეობდნენ ამერიკის მაშინდელი 55-ე სახელმწიფო მდივანი უილიამ პირს როჯერსი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰენრი კისინჯერი, რომელიც შემდგომში ამერიკის 56-ე სახელმწიფო მდივანი გახდა. დაუდგენელია, ჩილეში `საქმეების მოსაგვარებლად~ ზუსტად რა მოცულობის ფულმა ჩააღწია. ახალი ვითარება ამ კონცერნისთვის ჩილეში 1971 წლის ოქტომბრისთვის შეიქმნა, როცა ალიენდეს მთავრობამ ITT-ის საწარმოები სამართავად სამთავრობო კომისარს გადასცა. 

ჯენინმა პიტერ პეტერსენი – პრეზიდენტ ნიქსონის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში სადილზე მიიწვია. ITT-ის მეთაურმა ძვირფას სტუმარს ჩილეს პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს დამხობის 18 პუნქტისგან შედგენილი გეგმა შესთავაზა: `სრულ სიჩუმეში, მაგრამ ენერგიულად იქნეს უზრუნველყოფილი ალიენდეს რეჟიმის განადგურება შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში~. 

სალვადორ ალიენდეს მთავრობა ამ კონცერნის წარმომადგენლებს ზედმეტად ენდობოდა. 1972 წლის თებერვალში სამხედრო გადატრიალებამდე ორი თვით ადრე, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ კომპანიის მიერ შესაბამისი კომპენსაციის განსაზღვრისთვის ჩილეში ნაციონალიზებული სატელეფონო ქსელის სანაცვლოდ. მოლაპარაკებები მხოლოდ შემდგომში განვითარებულ მოვლენებამდე სამი კვირით ადრე შეწყდა. გაჩნდა საშიშროება, რომ ITT უზარმაზარ შემოსავლებს ამ ქვეყანაში დაბანდებულ კაპიტალთან ერთად დაკარგავდა...
 
ამჟამად, ITT – უდიდესი ამერიკული კორპორაციაა, რომელიც მაღალტექნოლოგიური საინჟინრო მოწყობილობების, ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროებში საქმიანობს. არის ტუმბო-მოწყობილობების, ასევე თავდაცვითი ტექნოლოგიების ფართო სპექტრის უდიდესი მწარმოებელი. 

1996-2006 წლების პერიოდში ცნობილი იყო როგორც ITT Industries, Inc. 

2011 წელს თავდაცვითი ბიზნესი ცალკე კომპანიად – Exelis, ხოლო ჰიდროტექნიკური მოწყობილობების წარმოება – კომპანიად Xylem გამოიყო. 

1920 წელს შექმნილმა კომპანია International Telephone & Telegraph-მა -თავისი სახელწოდება 1983 წელს ITT Corporation-ით შეცვალა, ხოლო 2006 წელს, ITT Industries-ით.
 
ბოლო სახელწოდება ITT Corporation-ია. ამ კორპორაციის `ქამელეონის ბუნება~ საკუთარი სახელწოდებების ცვალებადობაშიც შესანიშნავად იკვეთება. ამ კომპანიის საქმიანობის მასშტაბების განსაზღვრისთვის საჯაროდ გამოქვეყნებული მწირი ფინანსური მაჩვენებლების გადახედვაც საკმარისია: 

2008 წლის მდგომარეობით, ამ კომპანიის საოპერაციო მოგებამ 11.694 მილიარდი დოლარი, ხოლო სუფთა მოგებამ 775,20 მილიონი დოლარი შეადგინა. 2013 წელს, ამ კომპანიის შემოსავალმა 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სუფთა მოგებამ 184 მილიონს. იმავე პერიოდში, საოპერაციო მოგება 489 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ხოლო აქტივების საერთო ღირებულება 3,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. ამ კორპორაციის საკუთარი კაპიტალი 1,2 მილიარდი დოლარია. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის პოსტი დენიზ ლ. რამოსს უკავია. მისი ხელმძღვანელობის პირველივე წელიწადს (ტრანსფორმაციის პერიოდში) კორპორაციამ დაადასტურა, რომ კიდევ უფრო მომგებიანი შეუძლია გახდეს: მისი გაყიდვების მოცულობა 14%-ით, ხოლო აქციების ღირებულება – 10%-ით გაიზარდა. ძირითად მიღწევად, ევროპულ და ჩინურ ბაზარზე დამკვიდრება ითვლება. თვით, დენიზ რამოსმა 2014 წელს, ავტორიტეტული ჟურნალ Fortune-ის შედგენილი საუკეთესო ბიზნესმენების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.
 
ITT-ის ისტორია ნათლად ადასტურებს ამ კონცერნის ხანგრძლივ და ღრმა კავშირებს უცხოეთის ქვეყნების მთავრობებთან, მის მანევრებს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. კომუნიკაციის საშუალებების პოლიტიკური მნიშვნელობის შეფასებისას, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ITT-ის ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურთან. ეს კონტაქტები ჰაროლდ სიდნი ჯენინმა მემკვიდრეობად სოსტენეს ბენიდან მიიღო, რომელიც კონცერნის შემდეგ ხელმძღვანელებსაც გადაეცათ. ამერიკელი ისტორიკოსები და ეკონომისტები კონცერნს ყველაზე ტიპურ, მოქნილ და თანამედროვეობისთვის შესაბამისად ორგანიზებულ ტრანსნაციონალურ მონოპოლიად თვლიან. 

ამერიკული კორპორაციების ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის თემაზე 1983 წელს საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი `ვაჭრობა მტერთან~ ამერიკელმა მწერალმა ჩარლზ ჰაიემმა დოკუმენტებზე დაყრდნობით შექმნა. მასში მოთხრობილია მექსიკაში, კომპანია Davis Oil Company-ის მიერ მოპოვებული ნავთობით ფაშისტური გერმანიის მომარაგების შესახებ. კომპანია Standard Oil ნავთობპროდუქტებით გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ამარაგებდა. ამ კომპანიებმა 50 მილიონი დოლარი ნაცისტური მთავრობისგან კრედიტის სახით ნავთობსარეწების, მექსიკის რკინიგზის მოდერნიზაციისთვის მიიღო. 

კომპანია აწარმოებდა ქიმიურ პროდუქციას, ხელოვნურ ზეთებს, სინთეტიკურ კაუჩუკს, საავიაციო ბენზინს, პლასტმასს, ნეილონს, რითაც გერმანიას ამარაგებდა. გერმანული ფილიალი მომწამვლელ გაზებსა და შხამის შემცველ ნივთიერებებსაც უშვებდა, რომელიც შემდგომში ფაშისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოიყენეს. გერმან შმიცის კომპანიები და ბანკები ჰიმლერთან და შელენბერგთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ისინი ესესის რეიხსფიურერის, ჰიმლერის მეგობართა წრეში~ შედიოდნენ.
 
დასახელებულ კომპანიებს ფაშისტებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით არც კონცერნები `ფორდი~ და `ჯენერალ მოტორსი~ ჩამორჩნენ, რომელთა ხელმძღვანელობამ მაშინ ვერ გააცნობიერა, რომ ფაშისტური მთავრობის სახით გერმანიას კაცობრიობის საერთო და საკმაოდ საშიში მტერი მართავდა. ჰიტლერული გერმანიის არმიის მოდერნიზებისთვის ეს კონცერნები სატვირთო და ბრონირებულ ავტომობილებს, ტანკებს, ძრავებს უშვებდნენ, ასევე არსებული ძველი ტექნიკის შეკეთებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. 

1941 წლის 31 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის `ფორდი~ ფრანგული განყოფილების სუფთა შემოსავალმა 58 მილიონი ფრანკი შეადგინა. მხედველობაში მიღებულია შემოსავლები, რომელიც ამ კომპანიამ ნაცისტებთან გაფორმებული საქმიანი გარიგებების შედეგად მიიღეს. ეს თანამშრომლობა 1945 წლამდე გრძელდებოდა. `ფორდს~ არც კონცერნი `ჯენერალ მოტორსი~ ჩამორჩა, რომელიც დელავერის შტატში დამკვიდრებული დიუპონების ოჯახის კუთვნილება იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის, დანაშაულებრივი ბიზნესის წარმოებისთვის, ამერიკაში საკანონმდებლო დონეზე პასუხი არცერთი კომპანიისთვის არ მოუთხოვიათ... 

ვეფხია სამსონიძე