ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
სანავთობე ბიზნესის ვეშაპი - ჟან პოლ გეტი ბიზნეს-კარიერა - #4(45), 2015
"უანგარო მეგობრობა მხოლოდ ერთნაირი შემოსავლების მქონე ადამიანებს შორის არის შესაძლებელი". 
 ჟან პოლ გეტი

ამ ბიზნესმენისთვის შემოსავლების უსაყვარლესი წყარო ნავთობი იყო. ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობმაგნატი სწორედ მისი მეშვეობით გახდა. 1960-იან წლებში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად გამოაცხადეს. შექმნა გიგანტური იმპერია, რომელიც უდიდესი სანავთობე კომპანია Getty Oil-ისგან და 200-ზე მეტი კონცერნისაგან შედგებოდა. მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის მოპოვების, გადამუშავების, გადაზიდვის, მიწოდების პროცესების გაერთიანების მეშვეობით იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მილიარდერი გახდა. 

მასზე ამბობდნენ, რომ წელიწადში ერთხელ იღიმებოდა. 30 წლის მანძილზე ურთიერთობა არ ჰქონდა საკუთარ დედასთან. მიზეზის თაობაზე ჭარმაგ ასაკში ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: `მისი მიზეზით მილიარდერი ათი წლის დაგვიანებით გავხდი~. იგი მისტიკოსი იყო: მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე სჯეროდა, რომ მის სხეულში რომაელი კეისრის – ადრიანეს სული ჩასახლდა. სწორედ იგი აიძულებდა სანავთობე ომები განეხორციელებინა, დაუნდობლად გაენადგურებინა კონკურენტები, დაეპყრო ასობით ლამაზი ქალბატონის გული. სიცოცხლის ბოლომდე თვლიდა, რომ კეისარ ადრიანეს სულმა მისი ცხოვრება დაანგრია, იგი ყველაზე მდიდარ, მაგრამ უბედურ ადამიანად გადააქცია. 

ჟან პოლ გეტის მშობლები – ჯორჯ ფრანკლინ გეტი (ეროვნებით ირლანდიელი) და სარა ქეთრინ მაკფერსო¬ნი რიშერი (შოტლანდიელი ემიგრანტების ქალიშვილი) მკაცრად იცავდნენ საეკლესიო წესებს. მათ ირწმუნეს, რომ სიმდიდრით უზენაესი ადამიანებს ქრისტიანული წეს-ჩვეულებების დაცვისთვის აჯილდოვებს. ოჯახში დატრიალებული უბედურების გამო, ოჯახის უფროსმა ქრისტიანისთვის სახიფათო ნაბიჯი იძულებით გადადგა: 1890 წელს, ტიფისგან მისი ათი წლის ქალიშვილი ჰერტრუდა გარდაიცვალა. სულიერი შვების ძებნა უბედურმა მამამ ოკულტურ მეცნიერებებში დაიწყო. ჯორჯი საღამოებს სპირიტულ სეანსებზე ატარებდა, სულებს იძახებდა, მათ მემკვიდრის დაბადებას სთხოვდა. ერთხელ, ტრანსში მყოფი მედიუმის ბაგეებიდან მან მოსალოდნელი ამბავი მოისმინა. `სულმა~ მას აუწყა, რომ სიცოცხლეში ძველ რომში იმპერატორის ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. იგი დაპირდა, გეტი-უფროსის ოჯახში ვაჟი დაიბადებოდა. ეს წინასწარმეტყველება 1892 წლის 15 დეკემბერს ასრულდა. 

ამერიკის ქალაქ მინეაპოლისში დაიბადა ბიჭი, რომელსაც მშობლებმა ჟან პოლი დაარქვეს. მომავალი სანავთობე იმპერიის შემქმნელი დაბალი, სუსტი, შეუხედავი გაიზარდა. დედამისს, ყველაფრის მიუხედავად ვაჟი ძალიან უყვარდა, მაგრამ საკუთარ გრძნობებში რომ არ გაენებივრებინა, თავშეკავებას ავლენდა. თანატოლებთან ურთიერთობას ცუდი გავლენისგან თავის ასარიდებლად უკრძალავდა. დედა შვილს სიმკაცრეში და ასკეტური წესებით ზრდიდა. ჟან პოლ გეტიმ შემდგომში აღიარა, რომ ბავშვობაში მარტოსულად გრძნობდა თავს. მას მშობლების სითბო წაართვეს. მკაცრმა აღზრდამ, მრავალრიცხოვანმა აკრძალვებმა ბიჭს დათვური სამსახური გაუწიეს: საბოლოო ჯამში, მისმა მეამბოხე სულმა ხელოვნური ბარიერები მაინც გადალახა. საქმიანი თვისებები ბავშვობის წლებიდანვე გამოავლინა. საკუთარი მამისგან მომავალმა მილიარდელმა ირლანდიური სიჯიუტე, შენელებულად საუბრის მანერა, რამდენიმე სენტენცია მიიღო. 

ჯორჯ გეტის თავისუფლად შეეძლო შვილისთვის 15 მილიონი დოლარი დაეტოვებინა, მაგრამ მას საკუთარი მეუღლე ძალიან უყვარდა, თანაც საკუთარი ვაჟის საქმიანი თვისებები ადრეულ ასაკში აღმოაჩინა. მის მემკვიდრეს სასათბურე პირობები სულაც არ ჭირდებოდა. თავიდან ჯორჯ გეტი მინეაპოლისში ღარიბი ადვოკატი იყო. იგი ოკლაჰომაში კლიენტის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა. გაუჩნდა იდეა 250 დოლარი მიწის მცირე ნაკვეთში დაებანდებინა, რომელზეც ჭაბურღილი იდგა. ამ ადგილზე ორიოდე თვის შემდეგ, დღეში 100 ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ. 

მამამ (ვინც საკუთარი ქონება დახმარების გარეშე დააგროვა) შესანიშნავად იცოდა, რომ ზედმეტად ძვირადღირებული საჩუქრები არავინ არასოდეს არ უნდა მიიღოს. 11 წლის ასაკში, ჟან პოლმა გაზეთების გაყიდვით დაგროვებული ფულით მამის კომპანიის აქციები შეისყიდა. ამ ასაკში ბიზნესის საუკეთესო სკოლა მამისგან მიღებული პრაქტიკული გაკვეთილები აღმოჩნდა. იგი სანავთობე ველების მოსანახულებლად ხშირად მიემგზავრებოდა. მოგვიანებით ჟან პოლმა აღიარა, რომ სწორედ ეს გამოცდილება დაეხმარა მას ცხოვრებაში, ხოლო ბერკლისა და ოქსფორდში გატარებულ წლებს ტყუილუბრალოდ დახარჯულად მიიჩნევდა. გეტი-უფროსის ბიზნეს-საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1906 წლისთვის, მისმა ქონებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

საქმეებით მუდმივად დაკავებულმა მამამ დროთა განმავლობაში დაინახა, რომ მისი შვილი პურიტანული მორალის მკაცრ პრინციპებს (რომელიც მის ოჯახში იყო დამკვიდრებული) – აღარ იცავდა. პოლის საქმიანი თვისებები სახეზე იყო, მაგრამ მამას შვილის მიერ გამოვლენილი ამორალურობა საგონებელში აგდებდა. მკაცრმა აღზრდამ, მრავალრიცხოვანმა აკრძალვებმა უკუეფექტი გამოიღო: იმის მაგიერ, რომ ბიჭი მოკრძალებული, ღვთისმოშიში ყოფილიყო, ლოთობასა და დროსტარებას მიჰყო ხელი. მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ქალებისკენ უსაზღვრო ლტოლვა, რომელსაც მხოლოდ დიდი ფულის გამომუშავების სურვილი ჩრდილავდა. 

პირველი მილიონი - კარგი დასაწყისი 

თავაშვებული ცხოვრება მან 14 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 17 წლის პოლმა სწავლა მიატოვა და ღამის ცხოვრებაში თავით გადაეშვა. იმავდროულად, მამის სანავთობე საბადოში ფულს მონდომებით შოულობდა. მშობლები შვილის ასეთი საქციელით გაოგნებულნი გამოსავალს ვერ პოულობდნენ. ყველაფერი კი მარტივად იყო: ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, პოლმა სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში რომაელი იმპერატორის, ტროიანე ადრიანე ავგუსტის ბიუსტის სურათი იხილა. ბიჭი მაშინვე აუხსნელმა გრძნობამ შეიპყრო, რომლის ბუნება მან მოგვიანებით გააცნობიერა. იგი თვლიდა, რომ მის დაბადებასთან ერთად, დედამიწას რომაელი იმპერატორის ბობოქარი სული დაუბრუნდა. ჟან პოლ გეტი მას გარეგნულად ნამდვილად ჰგავდა. ახალგაზრდულ ასაკში ეჩვენებოდა, რომ სამყაროს რომაელი დიქტატორის თვალებით უმზერდა, მისი მრისხანე ხმა ჩაესმოდა. ეს ხმა საშინლად აღიზიანებდა, მაგრამ მის ბრძანებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომაც, ახალგაზრდა ადამიანმა გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა საიმისოდ, რომ თვითონაც იმპერატორივით ეცხოვრა. ამისათვის, ზღაპრულად გამდიდრება და საყვარლების სიის 400-მდე გაზრდა იყო საჭირო. საკუთარი ოცნების ასასრულებლად ახალგაზრდა ჟან პოლს ფული ესაჭიროებოდა. მხოლოდ მისი დახმარებით შეეძლო ახალგაზრდა ადამიანს იმის მიღება, რის დაუფლებასაც ბრძოლებში გამობრძმედილი რომაელი იმპერატორი ძალის მეშვეობით მიეჩვია. ჟან პოლ გეტიმ საკუთარი იმპერიის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. 

1914 წელს, 22 წლის ასაკში, ოკლაჰომაში ოჯახური ბიზნესში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. მანამდე კოლეჯი დაამთავრა, სადაც ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემის მზადყოფნისთვის `გეტი-ლექსიკონი~ უწოდეს. კალიფორნიის უნივერსიტეტში გეოლოგია და ეკონომიკა, ხოლო ოქსფორდში ეკონომიკა და პოლიტიკა შეისწავლა. შვილის ღამის თავგადასავლებისგან განრისხებულმა მამამ საკუთარ ვაჟს ახალგაზრდა ადამიანისთვის დამამცირებელი ფინანსური მეურვეობა (თვეში 100 დოლარი) იმისთვის დაუნიშნა, რომ ოჯახის მიერ წვალებით ნაშოვნი ფული მას ქარისთვის არ გაეტანებინა. 

გეტი-უფროსმა ქონების განმკარგველად საკუთარი მეუღლე დანიშნა. იმ მომენტისთვის, გეტი-უფროსის კაპიტალი ათობით მილიონ დოლარად შეფასდა. მშობლების მხრიდან ასეთი მიდგომით შეურაცხყოფილმა ჟან პოლმა გადაწყვიტა მამასთან მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინა. მან საკუთარი სანავთობე საქმე წამოიწყო, მშობლებისგან 500 დოლარი ისესხა და თავისი პირველი ჭაბურღილის მფლობელი გახდა. მამამისთან საქმიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ერთობლივი საქმიანობისგან მიღებული შემოსავლების 70%-ს ჯორჯი, ხოლო 30%-ს გეტი-უმცროსი მიიღებდა. ამ უკანასკნელმა ოკლაჰომაში მანამდე დარჩენა გადაწყვიტა, სანამ თავის პირველ მილიონ დოლარს არ დააგროვებდა. საოცარი თვისების წყალობით, მას სანავთობე საბადოების თვისებების გამოცნობა შეეძლო. პირადად მოინახულებდა ხოლმე ამ საბადოებს, მონაწილეობას იღებდა ნავთობის მოპოვების პროცესის ყველა სტადიაში, დაწყებული ქანების აფეთქებით და მიწაზე უფლების გაფორმებით დამთავრებული. 

ერთი წლის შემდეგ, 40 ათასი დოლარის დაგროვება შეძლო, ხოლო ორი წლის შემდეგ საკუთარი ოცნება აისრულა: თავისი პირველი მილიონი დოლარი 23 წლის ასაკში სანავთობე საბადოებით მდიდარი მიწების სპეკულაციით დააგროვა. იგი მშობლებს ამაყად დაპირდა, რომ ეს მის მიერ მოპოვებული უკანასკნელი მილიონი დოლარი არ იქნებოდა! სწორედ შვილის რჩევით, ჯორჯ გეტიმ თავისი ცხოვრების საუკეთესო საქმიანი გარიგება გააფორმა. მან სანტა-სპრინგში კონცესია შეიძინა, რომელზეც ყველამ უარი განაცხადა. 1920-იან წლებში ჟან პოლმა რამდენიმე სანავთობე კომპანია შეისყიდა, რომლებიც შემდგომში მისი იმპერიის მყარი საძირკველი გახდა. ეს მის მიერ მოპოვებული წარმატებათა გრძელი ჯაჭვის მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. მას მდიდარი სანავთობე საბადოების აღმოჩენის გასაოცარი უნარი ჰქონდა. მშობლებს მშვიდად შეეძლოთ ეფიქრათ, რომ მათ მემკვიდრეს შესანიშნავი მომავალი ელოდა. 

ამის მიუხედავად, ვაჟის მიერ გამოვლენილმა საქმიანმა თვისებებმა, ბიზნესში მიღწეულმა ბრწყინვალე წარმატებებმა, მშობლები მაინც ვერ დაამშვიდა. მათ აღიარეს, რომ შვილი შრომობდა, ფულსაც ქარს აღარ ატანდა, მაგრამ მისი ქალებით ზედმეტად გატაცება, `ტკბილი ცხოვრების~ სიყვარული მათ პურიტანულ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ისინი შიშობდნენ, რომ მათი ვაჟის მიერ გამოვლენილი ეს `ზედმეტობები~ დამღუპველად იმოქმედებდა ოჯახური ბიზნესის მდგომარეობაზე. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფირმის საქმეებში მისი ჩართვა რაც შეიძლება გვიან მომხდარიყო იმის მიუხედავად, რომ ეს მაინც მოხდებოდა, რადგანაც მათ ოჯახში ერთადერთი მემკვიდრე იყო. უფრო მეტიც: ცოლ-ქმარმა ერთმანეთი იმაშიც დაარწმუნეს, რომ ჟან პოლი პროფესიულ თვისებებს სულაც არ ფლობდა, იმის მიუხედავად, რომ საწინააღმდეგოს ყოველდღიურად ამტკიცებდა. მშობლები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ შვილს უბრალოდ ძალიან უმართლებდა, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჯორჯ გეტიმ გარდაცვალებამდე შედგენილი თავისი ანდერძის მიხედვით, საკუთარი მთლიანი ქონების განმკარგულებლად მეუღლე დანიშნა, ხოლო ვაჟს დამამცირებელი ფინანსური ზედამხედველობა დაუნიშნა. ოკლაჰომაში მოპოვებული ბიზნეს-წარმატება იმ პერიოდში დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა, რადგანაც იმ პერიოდში ნავთობზე ფასმა ერთბაშად მოიმატა. საკუთარი გიგანტური გეგმების განხორციელებისთვის ჟან პოლი ნაღდი ფულის საკმარის მარაგს არ ფლობდა. მხოლოდ იმ კაპიტალის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომელიც საკუთარი შრომით კომპანია Getty Oil Company-ში მოიპოვა, რაც ათი ათას აქციას უტოლდებოდა. მემკვიდრეობის უფლებით აღჭურვილმა დედამ ვაჟს მიანიშნა, რომ ცენტსაც ვერ მიიღებდა. ჟან პოლი კარგად აცნობიერებდა, რომ დედის მყარ ნებას ადვილად ვერ გატეხდა, რადგან უკიდურესად უკმაყოფილო იყო მისი თავაშვებული ცხოვრების გამო. დედამისი ყველას ეუბნებოდა, რომ მისი ვაჟი უვარგისია, მისთვის რაიმეს ნდობა არ შეიძლებოდა. 

კრიზისი - წარმატებული ბიზნესის საიდუმლო 

ძლიერი პიროვნებები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ექსტრემალურ პირობებში ავლენენ. 1929 წლის ამერიკული კრიზისის დაწყების შემდეგ, ჟან პოლმა საკუთარი საქმიანი უნარები სრულად გამოავლინა. იგი იყო მრავალთაგან იშვიათი გამონაკლისი, ვინც ამერიკა¬ში დიდი ფულის შოვნა `დიდი დეპრესიის~ დროს მოახერხა. მომავალმა მილიარდერმა მარტივი ტაქტიკა აამოქმედა: ყიდულობდა მაშინ, როცა სხვები ჰყიდდნენ. 1928 წელს მან საკუთარი მამისგან, ერთ მილიონ დოლარად George F.Getty,Inc-ის აქციების 33% შეიძინა. კრიზისს მამის კომპანია არ დაუზარალებია, რადგან გეტი-უფროსი საბირჟო სპეკულაციებში არ მონაწილეობდა. ფულს მხოლოდ მიწის ნაკვეთებში, უძრავ ქონებაში და არა სხვისი კომპანიების აქციებში აბანდებდა. `დიდმა დეპრესიამ~ ასეთი მიდგომის სისწორე თითქოსდა დაადასტურა, მაგრამ გეტი-უმცროსმა ოჯახური ბიზნესის სტრატეგია კარდინალურად შეცვალა, სხვა კომპანიების აქციების შესყიდვა დაიწყო. იმ დროისათვის, ჟან პოლმა კარგად გააცნობიერა, რომ სანავთობე კომპანიების შესყიდვას უფრო მეტი მოგების მოტანა შეეძლო, ვიდრე საკუთარ ფირმაში განხორციელებულ ნავთობის დაზვერვით სამუშაოებს.
 
სანავთობე კომპანიების აქციების ღირებულების ვარდნის შემდეგ, იგი დაღუპვის პირას მდგარ ფირმებს ჩაუსაფრდა. მისი მეთოდი იმაში მდგომარეობდა, რომ ეძებდა იმ კომპანიებს, რომლის აქციათა კოტირება მისსავე საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები იყო. ღირებული აქტივების შემთხვევაში, ასეთი ფირმა მისი კუთვნილება ხდებოდა. შემდგომში აღიარა, რომ `აქციების შესყიდვას მის ხელთ არსებული ნაღდი ფულითა და აღებული კრედიტით ახორციელებდა. წამგებიანი კომპანიის შეძენის შემთხვევაში, იგი უფულოდ დარჩებოდა, თანაც დიდი ვალებიც დაახრჩობდა~. ჟან პოლი ყველა ამ საქმიან პროცესებს პარიზში მდებარე სასტუმროს `გეორგ მეხუთეს~ მესამე სართულზე განთავსებული პატარა ოფისიდან ხელმძღვანელობდა. ოთახიდან კვირების, თვეების განმავლობაში არ გამოდიოდა, ხშირად ჭამაც ავიწყდებოდა. ჟან პოლი საკუთარ იმპერიას ტელეფონის მეშვეობით სწორედ აქედან მართავდა: შეისყიდდა აქციებს, კონცესიებს, უთანხმდებოდა საგადასახადო შეღავათებზე. 20 წლის განმავლობაში მეთოდურად ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს, რისი მეშვეობითაც იმ კომპანიების ნახევარი შემოიერთა, რომლებიც მის Getty Oil-ს კონკურენციას უწევდა. 

ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, მან ოჯახური ფირმის აქციების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მიღებული ფული იმ საწარმოში დააბანდა, რომლის მიერ კრიზისის დაძლევას მხოლოდ ის ერთადერთი ვარაუდობდა. შორსმჭვრეტელმა, კადნიერმა მოთამაშემ დიდი რისკის შემცველი, მაგრამ დიდოსტატური სვლა გააკეთა: მან Pacific Western Oil Company შეიძინა. განხორციელებული ოპერაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დედამისს შვილზე დამკვიდრებული აზრი შეეცვალა, ხოლო ჟან პოლის ისედაც უზარმაზარი ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა. შემოერთების (`შთანთქმის~) მეფის ყველაზე მასშტაბური სამიზნე კომპანია Tidewater Associated Oil Company გახდა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების უდიდეს ქსელს ფლობდა. იგი ერთ-ერთი უდიდესი ფირმა იყო ამერიკაში. კომპანია Tidewater გეტი-უმცროსის ჩანაფიქრით, ოჯახური კომპანიისთვის შესანიშნავი დანამატი იქნებოდა, რომლის სპეციალიზაცია ნავთობის მოპოვება იყო, მაგრამ ნედლეულის გადამუშავებითა და მზა პროდუქციის გადამუშავებით არ იყო დაკავებული. ჟან პოლმა ამ კომპანიის აქციების შესყიდვა მეთოდურად დაიწყო: ერთი აქციის ღირებულება 2,50 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა კრიზისამდე მისი ღირებულება 20 დოლარს უტოლდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმავე კომპანიის აქციების ღირებულება 10 დოლარამდეც გაიზარდა. ამ ისტორიაში გასაოცარი ის იყო, რომ მან მოისურვა ამ კომპანიის მთლიანად შეძენა და ამ მიზნისკენ შემდეგი 20 წლის განმავლობაში მეთოდურად მიდიოდა. რაღაც მომენტში შეიტყო, რომ მისი პირადი ბიზნეს-ინტერესები როკფელერების კომპანია Standard Oil-ის ინტერესებთან გადაიკვეთა: სწორედ ისინი ფლობდნენ ამ კომპანიის აქციების უმეტეს ნაწილს. ეს რომ ცოდნოდა, იქნებ ეს სახიფათო თამაში არც წამოეწყო, მაგრამ მარათონის მიტოვება აღარ მოისურვა. 

Tidewatter-ის აქციების საკონტროლო პაკეტის დასაუფლებლად გამართული ბრძოლა გეტი-უმცროსმა ჯონ როკფელერ-უმცროსს მოუგო, რისთვისაც ამ ხნის განმავლობაში ამ კომპანიის აქციებში მაშინ უზარმაზარი ფული – 90 მილიონი დოლარი დააბანდა. საბოლოო ჯამში, ჟან პოლ გეტისა და ჯონ როკფელერ-უმცროსის კომპანიები 1939 წელს გაერთიანდა. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გეტი-უმცროსმა მოიგო. თავდაპირველად, სანავთობე მაგნატები კალიფორნიელი თავხედი ბიჭის გამოხდომებს ყურადღებას არ აქცევდნენ. გეტი-უმცროსი ფრთხილად, ნელა მიეპარებოდა ხოლმე თავის მსხვერპლს. კონკურენტები ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ. ბიზნესში ჟან პოლი ცივი თავშეკავებითა და ფანტასტიკური მეხსიერებით გამოირჩეოდა, საკუთარ იმპერიას მიზანმიმართულად აშენებდა. 

სულ მალე, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გადასაზიდად ტანკერების მთელ ფლოტსა და ხელქვეითთა არმიას მეთაურობდა. 1930 წელს გეტი-უფროსი გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მამამ შვილს უწინასწარმეტყველა, რომ იგი ოჯახურ ბიზნესს დაღუპავდა, რადგანაც მის არსში საერთოდ ვერ ერკვეოდა. მამის სკეპტიციზმის მიუხედავად, ჟან პოლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. იგი მამის მიერ დაარსებული კომპანიის პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც მისი თანამიმდევრულად გაფართოება დაიწყო. ძალიან მალე, მან სანავთობე ბიზნესის `სრული ციკლი~ შექმნა, რომელიც ნედლეულის მოპოვებას, გადაზიდვას, გადამუშავებას, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვას გულისხმობდა. 1933 წელს, ჟან პოლმა დედისგან ოჯახური კომპანიის თითქმის სრულყოფილად მართვის უფლებაც მიიღო. კაპიტალის შედარებით მცირედი ნაწილი იმ შემთხვევისთვის გადადეს, თუ საოჯახო ბიზნესს განადგურების ხიფათი დაემუქრებოდა. დედამ შვილს გრანდიოზული დაპყრობითი გეგმის განხორციელების უფლებაც მისცა. მის ვაჟს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება წარმატებული იქნებოდა.
 
არაბული ჰორიზონტები 

არაბეთის ნახევარკუნძულზე ნავთობის უმდიდრესი საბადოები 1930-იან წლებში აღმოაჩინეს. ჟან პოლ გეტიმ ამ მოვლენაში საკუთარი ბიზნესის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობა დაინახა. 1949 წელს, მან საუდის არაბეთის მმართველი დინასტიისგან ქუვეითსა და საუდის არაბეთს შორის მდებარე ნეიტრალური ზონის დაზვერვის უფლება 9,5 მილიონ დოლარად (ნაღდი ფულით) და 1 მილიონი დოლარის ყოველწლიური დამატებითი გადასახადის საფასურად მოიპოვა. შემდგომში, მან ანალოგიური მიზნებისთვის კიდევ 30 მილიონი დოლარი დააბანდა. მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უზარმაზარი რისკის შემცველი იყო: მას არავითარი გარანტია არ ჰქონდა, რომ ნავთობს სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე (უფრო სწორად უდაბნოში) აღმოაჩენდნენ. ჟან პოლის დაბანდებულმა ინვესტიციებმა შედეგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გამოიღო, მაგრამ `ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირდა~: ვაფრის საბადოზე, 1953 წელს აღმოჩენილმა ნავთობმა (16 მილიონი ბარელი წელიწადში) მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა. არაბული ნავთობის მეშვეობით პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ჟურნალმა Fortune ამ ფაქტს `გრანდიოზული, თითქმის ისტორიული წარმატება~ უწოდა. 

ისე მოჩანდა, რომ გეტი-უმცროსს ფულის `გამოწურვა~ ქვიდანაც შეეძლო: სხვა ნავთობმრეწველები დაბალხარისხიან `ნაგვის ნავთობს~ ყურადღებას არ აქცევდნენ. ჟან პოლმა კი ფული არ დაიშურა, რომ არაბული ნავთობიდან ბენზინის ფრაქცია გამოეყო და მსოფლიო ბაზარზე ბენზინის გაყიდვა დაიწყო. სატანკერო ფლოტის მეშვეობით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დელავერში აშენებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან განახორციელა. ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ბიზნეს-წარმატებების გამო, გეტი-უმცროსის კომპანიას `სანავთობე ოჯახში~ `მერვე „და“ უწოდეს~. დანარჩენი შვიდი „და“ იმ პერიოდში British Petroleum, Royal Dutch Shell, Standard Oil New Jersey, Standard Oil – California, Mobil, Texaco და Gulf იყვნენ. 1950 წლისათვის, ჟან პოლ გეტის საკუთრება იყო უდიდესი კომპანიები: Skelly Oil, Tidewater Oil, Mission Corporation. მისი ერთპიროვნული კონტროლის ქვეშ იყო: George Getty, Inc., Spartan Aircraft Corporation, Getty Real Estate Company, Minnechoma Isurance Company, Minehoma Financial, Getty Realty Corporation, Pacific Western Realty Company. 

მილიარდელმა ჟან პოლ გეტიმ საკუთარ ბიზნეს-კარიერაში შეცდომა მხოლოდ ერთხელ დაუშვა, რომელიც ასევე კონცესიების შეძენას დაუკავშირდა: 1934 წელს მან უარყო ერაყის მთავრობის წინადადება ძალიან იაფად ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის აღმოსაჩენად საბადოების დასამუშავებლად კონცესია (უფლება) შეეძინა. მან ჩათვალა, რომ აქ ბიზნეს-საქმიანობა დიდ რისკს შეი¬ცავდა. მიაჩნდა, რომ ერაყში ნავთობის მოპოვების დაწყება უკიდურესად რთული იქნებოდა. მოგვიანებით, ჟურნალ Fortune-სთვის მიცემულ ინტერვიუში დანანებით აღიარა, რომ `იქნებოდა მესამედით მდიდარი, მაშინ სილაჩრე რომ არ გამოევლინა!~ 

1957 წლის ოქტომბერში, ჟურნალმა Fortune 64 წლის ჟან პოლ გეტი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. მან უკან ჩამოიტოვა ჰანტი დალასიდან, დევისი მაიამიდან, რამდენიმე მელონი, ფორდები და როკფელერები. მაშინ, გეტი-უმცროსის პირადი ქონება 1 მილიარდ დოლარამდე შეფასდა. იმავე პერიოდში, იუმორისტ არტომ ბუჰვალდთან საუბრისას ნაღვლიანად იხუმრა, რომ `მშვიდი ძილისთვის, აწი გვარის გამოცვლა მოუწევდა~. 1960-იანი წლების შუაგულისთვის, მამის მიერ დატოვებული 15-მილიონიანი ქონება კომპანიის აქტივების ერთობლივი ღირებულების ჩათვლით, თითქმის 4 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. იმავე ჟურნალის გამოთვლებით, გეტი-უმცროსი საკუთარ კაპიტალს ყოველწლიურად ნახევარი მილიონი დოლარით ზრდიდა.
 
ამერიკიდან ბრიტანეთში დასახლებული ყველაზე მდიდარი, მაგრამ ყველაზე უბედური ადამიანი 

1960 წელს ჟან პოლ გეტი ამერიკიდან `ნისლიან ალბიონზე~, დიდ ბრიტანეთში გადასახლდა. ამას იმით ხსნიდა, რომ მისმა საქმიანმა ინტერესებმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გადაინაცვლა. ამ პერიოდში, უკვე საკუთარი სიძუნწითაც გახდა ცნობილი, ამიტომაც სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ახალი საცხოვრებელი ადგილი უფრო ხელსაყრელი საგადასახადო კლიმატის გამო აირჩია. გეტი-უმცროსმა გაერთიანებულ სამეფოში სანდერლენდის გაკოტრებული ჰერცოგისაგან სარეეში სატონ-პლეისის მამული ერთ მილიონ დოლარად (600.000 ფუნტ სტერლინგად) შეიძინა, ხოლო რეკონსტრუქციისთვის ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა. ახალ სახლში 34 საძინებელი ოთახი და 14 სააბაზანო ჰქონდა. იგი მოსამსახურეთა, დაცვის თანამშრომელთა გარემოცვაში ცხოვრობდა. მრავალრიცხოვანი ნათესავებიდან მას სტუმრად ერთიც არ მიუწვევია. სამაგიეროდ, 30.000 დოლარს ყოველი რვასაათიანი მიღების ჩასატარებლად ხარჯავდა. ამ თანხას დიდ ფულად არ თვლიდა, რადგანაც მისი საწარმოები ყოველი რვასაათიანი მუშაობის შედეგად 87.000 დოლარს გამოიმუშავებდნენ. დროთა განმავლობაში, იგი არა მარტო ბიზნესმენებმა, არამედ ბრიტანელმა დიდგვაროვნებმაც შეიძულეს. მიზეზი ის იყო, რომ გაღარიბებული არისტოკრატებისგან მამულებს იაფად ყიდულობდა. 
მოგვიანებით, საქმეებისგან დასვენების მიზნით, ფილანტროპული მოღვაწეობა დაიწყო: საკუთარი კუმირის მიმბაძველობით, მან ხელოვნების ნიმუშების შეძენა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ერთი მხატვრის ნამუშევრის მეორისგან გარჩევა არ შეეძლო. მისი პირველი შენაძენი მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, ტონალური პეიზაჟის მიმდევრის, იან ვან გოიენის ძვირფასი პეიზაჟი იყო. ტილოზე გამოსახული სოფლის პატარა სახლი ბიზნესმენს იმით მოეწონა, რომ საკუთარი ბავშვო¬ბა გაახსენა. მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი მხატვრის, რემბრანდტის ფუნჯით შესრულებული ნახატი `ვაჭარ მარტენ ლუტენის პორტრეტი~ 1940 წელს ჰოლანდიელი ებრაელისგან 65 ათას დოლარად მისი დაბალი ღირებულების გამო იყიდა. ამ ტილოს მფლობელი ნაცისტების მოახლოებით იყო შეშინებული. ხელოვნების ნიმუშების შეძენისას იგი საერთო ჯამში რჩებოდა იმ ბიზნესმენად, რომელიც შეიძენდა იმას, რაც იაფად იყიდებოდა. ერთადერთი, რაც ნამდვილად აინტერესებდა – მარმარილოს სკულპტურები იყო. ძველრომაულ ხელოვნების ნიმუშებს სხვადასხვა მფლობელებისგან ყიდულობდა. 

1960-იანი წლების ბოლოს, ლორდი ლანსდოუნისგან ჰერაკლეს უძველესი ძეგლის ფრაგმენტი იყიდა. მისი ხილვისგან გეტი-უმცროსს აუხსნელი, მისტიკური შთაბეჭდილება შეექმნა. მილიარდელმა კოლექციონერმა ლორდს დაუყოვნებლივ დაურეკა და ჰკითხა, თუ სად იპოვეს იგი. აღმოჩნდა, რომ ეს ძეგლი გათხრების დროს ძველი რომაული სასახლე Villa dei Papiri-ს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელიც ვულკანურ ფერფლში ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაიმარხა. ისტორიკოსთა დამოწმებით, სწორედ აქ რამდენიმე წელი უდიდესმა რომაელმა იმპერატორმა ტროიანე ადრიანე ავგუსტმა გაატარა. ბიზნესმენმა ყველა თავისი საქმე მიატოვა და იტალიაში გაემგზავრა. `აქ უკვე ნამყოფი ვარ წარსულ ცხოვრებაში~, – მოგვიანებით ჩაწერა საკუთარ დღიურში. გეტი-უმცროსმა ბრძანება გასცა ამ ადგილის ნახაზები დაწვრილებით შეექმნათ და მალიბუში Villa dei Papiri-ს ზუსტი ასლი აეშენებინათ, რომელიც ცნობილი თავის დროზე პაპირუსების უნიკალური ბიბლიოთეკით გახდა ცნობილი. მისივე განკარგულებით, ტივოლიდან (იტალიის ერთ-ერთი მხარე) ამერიკაში, კალიფორნიაში 16 ტონა ტრავერტინის „მოოქროვილი“ ქვა გადაზიდეს, რომლისგანაც რომაელი იმპერატორის ვილა იყო აშენებული. 

ეს იყო ამერიკელი მილიარდელის უკვდავებაში ადგილის დამკვიდრების მცდელობა იმპერატორ ადრიანეს მსგავსად, რომელმაც საკუთარი სახელი განახლებული რომაული პანთეონის მშენებლობით უკვდავყო. დროთა განმავლობაში, გეტი-უმცროსის კერძო სახლი მალიბუში, უნიკალურ მუზეუმად გადაიქცა, სადაც მრავალი უძველესი ძვირფასი ფერწერული ტილო, სკულპტურა, ანტიკვარიატის ნივთები არის დაცული. ეს მუზეუმი – Villa dei Papiri-ს ზუსტი ასლი – მოხუცი მიზანთროპის უკანასკნელი გატაცება (ახირება) გახლდათ. აქ ლონდონიდან იგი ტიციანის, ტინტორენტოს, რუბენსის, რენუარის, დეგას, მონეს ტილოებს, სკულპტურებსა და ანტიკვარიატს აგზავნიდა. ნავთობ-ბიზნესის ვეშაპს ამ მუზეუმის ხილვა სიცოცხლეში არ ეღირსა. ამ მდიდრული მუზეუმის ქონება 2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

ჟან პოლ გეტი შემდგომში მუზეუმად ქცეული სახლის მშენებლობას ლონდონიდან ხელმძღვანელობდა. ტრანს-ატლანტიკურ საზღვაო მოგზაურობას ასაკის გამო ვეღარ გადაიტანდა, ხოლო თვითმფრინავით გადაფრენა პანიკურად ეშინოდა. მალიბუში დაცული უძველესი ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულებამ 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მთელი თავისი ქონება, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, 1953 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ Getty Trust-ს უანდერძა, ხოლო მას შემდეგ, რაც მალიბუში მდებარე სახლში ხელოვნების ნიმუშებისთვის ადგილი საკმარისი არ იყო, ამ ფონდმა J.Paul Getty Museum-ის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ამისათვის ლოს-ანჯელესი შეარჩია. დაიწყეს 1983 წელს, გრძელდებოდა 14 წლის განმავლობაში, დაიხარჯა 2 მილიარდი დოლარი. 33 ყველაზე ცნობილი არქიტექტორიდან არქიტექტორ-მოდერნისტის, ნიუ-იორკელი რიჩარდ მეიერის ნამუშევარი შეირჩა. თავისი მასშტაბებით The Getty Center in Los Angeles უნიკალური სამუზეუმო დაწესებულებაა. ამ ცენტრის დირექტორ-განმკარგულებლის, პრეზიდენტ კარტერის დროს უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჰაროლდ უილიამსის მიერ განხორციელებული უდავოდ წარმატებული ფინანსური ოპერაციების წყალობით, პოლ გეტის მიერ დატოვებული კაპიტალი მნიშვნელოვნად, 4,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ოთხჯერ მეტია ამერიკის უდიდესი მუზეუმის – მეტროპოლიტენის ხელმძღვანელთა განკარგულებაში არსებულ კაპიტალთან შედარებით. ამგვარად, გეტის ცენტრს გაუჩნდა შესაძლებლობა ყოველწლიურად 225 მილიონი დოლარი დახარჯოს, რომელთაგან 40 მილიონი დოლარი ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, ხოლო დანარჩენი ფული სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებისთვის არის გათვალისწინებული.

პირადი ცხოვრება და ქალები - მილიარდელის აქილევსის ქუსლი  

ჟან პოლ გეტის პირადი ცხოვრება (რომელსაც ოჯახურს ვერავინ უწოდებს) ერთი დიდი, ტრაგიზმით აღსავსე ცალკე ისტორიაა. 1960-იანი წლების შუაგულისთვის იგი ხუთი ქორწინების, ამდენივე განქორწინების ინიციატორი, ხუთი ვაჟის მამა და 14 შვილიშვილის ბაბუა იყო, მაგრამ მათ ყურადღებას იშვიათად აქცევდა. მის გულში მნიშვნელოვანი ადგილი მხოლოდ ბიზნესმა დაიკავა. ჟან პოლ გეტი ამბობდა, რომ `ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გაკოტრებული ხარ~. იგი პირველად ჯანეტ დემონზე დაქორწინდა. მასთან ერთად 1923-25 წლებში იცხოვრა და ვაჟი ჯორჯ ფრანკლინ გეტი მეორე (1924-1973) შეეძინა. პირველმა მეუღლემ მას `ფულის საკეთებელი მანქანა~ უწოდა. ამერიკელი მილიარდელის მეორე მეუღლე ალენ აშბი (1926-28 წლები) იყო, რომელთანაც შვილი არ შეძენია. 1928-32 წლებში რიგით მესამე მეუღლესთან, ადოლფინა ჰელმლესთან ერთი ვაჟი – ჟან რონალდ გეტი შეეძინა. ენი როკმა მას ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში (1932-35 წლები) ორი ვაჟი ჯონ პოლ გეტი (1932-2003) და გორდონ გეტი (1934) შესძინა. ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ჟან პოლ გეტის მძიმე ხასიათს მისმა მეხუთე მეუღლემ – ლუიზა დადლიმ (1939-1958 წლები) გაუძლო, რომელთანაც ვაჟი, ტიმოთი გეტი შეეძინა. იგი 12 წლის ასაკში, უწყინარი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, საოპერაციო შოკის შედეგად გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ამბავი მას ევროპაში შეატყობინეს, მაგრამ ნიუ-იორკში, მცირეწლოვანი ვაჟის დაკრძალვაზე ჩასვლაზე უარი განაცხადა, რადგანაც მისივე თქმით ბიზნეს-საქმეები გადადებას ვერ მოითმენდა. 1973 წელს, საზეიმო მიღების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა მილიარდელის კიდევ ერთი ვაჟი, ჯორჯი, რომელსაც საკუთარ მემკვიდრედ თვლიდა. მის მიმართ (სხვა შვილებთან შედარებით) უფრო მეტ სითბოს ავლენდა, რაც ძალიან გასაკვირი ამბავია. ჟან პოლის კიდევ ერთმა ვაჟმა, გორდონმა მამას სასამართლოში უჩივლა. მას ფულთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებებში დასდო ბრალი. 

მამას იმედები კიდევ ერთმა ვაჟმა გაუცრუა. ჯონ რონალდმა ოჯახური ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელებას კინემატოგრაფიული კარიერის შექმნა ამჯობინა. დევიდ ლინჩის ფილმში `არსაითკენ მიმავალი გზატკეცილი~ მთავარი როლი ითამაშა პოლ გეტის ერთ-ერთმა შვილთაშვილმა, ბალთაზარ გეტიმ. 1973 წელს მომხდარი კიდევ ერთი ისტორია ჟან პოლ გეტის პიროვნებას შესანიშნავად ახასიათებს. რომში, კალაბრიული მაფიის წევრებმა მილიარდელის 16 წლის შვილიშვილი, პოლ გეტი მესამე გაიტაცეს, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდ დიდ ფულს მოითხოვდნენ. ბიჭის შეშინებული დედის თხოვნის მიუხედავად, გატაცებული შვილიშვილის გათავისუფლებისთვის საჭირო ფულის გადახდაზე `ურჩხულმა ოკლაჰომადან~ კატეგორიული უარი განაცხადა: `თუ ერთის გატაცებისთვის გადავიხდი – ხვალ სხვებს გაიტაცებენ და დიდი ფულის დახარჯვა მომიწევს~. 

ბაბუის სიძუნწის გამო, შვილიშვილს გამტაცებლებმა ყური მოაჭრეს და მას მთელი ცხოვრება დაუმახინჯდა. ჟან პოლმა საჭირო თანხა მხოლოდ ამის შემდეგ გამოყო. გათავისუფლებული შვილიშვილი შეეცადა ბაბუისთვის მადლობა ტელეფონით გადაეხადა, მაგრამ მან ყურმილის აღებაზე უარი განაცხადა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ შვილიშვილის გატაცება ინსცენირება იყო, რომელიც ბიჭმა დედამისთან ერთად მისთვის დიდი ფულის წასართმევად დაგეგმეს. 81 წლის ჟან პოლ გეტი ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ აიძულეს სხვის ნებას დამორჩილებოდა. არც მანამდე, არც შემდგომში მას უფლება არ მიუცია საკუთარი ნება სხვებს ეკარნახათ. პოლ გეტი მესამე მომხდარით იმდენად იყო ტრავმირებული, რომ ნარკოტიკებს მიეძალა, რის გამოც სმენა და მხედველობა დაკარგა. მრავალი წლის განმავლობაში ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. იგი 2011 წლის 5 თებერვალს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. თანაგრძნობის სიტყვები მაშინაც ვერ მოძებნა, როცა მისი ერთ-ერთი შვილიშვილი შიდსით გარდაიცვალა – დამწუხრებულ მშობლებს სამძიმრის დეპეშაც კი არ გაუგზავნა.
 
ჟან პოლ გეტის გარდაცვალების შემდეგ დატოვებული ანდერძის გამოცხადება მისი ოჯახის წევრებისთვის აფეთქებული ბომბის ეფექტის ტოლფასი იყო: ნავთობმაგნატის ოთხმა შვილმა, 16 შვილიშვილმა, ასევე თავდადებულმა მსახურებმა მისგან საცოდავი გროშები მიიღეს. ერთ-ერთმა შვილმა – რონალდმა მამისგან მხოლოდ დღიური მიიღო, რომელიც მისი შესაძლებლობების თაობაზე კრიტიკული (დამცინავი) შენიშვნებით იყო გადაჭრელებული. მას ნათესავების გრძნობები საერთოდ არ აინტერესებდა, ხოლო ვაჟიშვილებთან ისეთი საზიზღარი ურთიერთობები ჰქონდა, რომ საკუთარი ანდერძი 21-ჯერ გადაწერა! იგი თვლიდა, რომ მისი საქმეების ღირსეული გამგრძელებელი არ ჰყავდა. ნავთობმაგნატის შთამომავლებმა (რომლებიც მილიარდელის სიცოცხლეში ერთმანეთს მტრობდნენ) ოჯახებში სტუმრობა დაიწყეს. მათ მხოლოდ ერთი ადგილი შეიძულეს საბოლოოდ: ეს არის უძველესი საგვარეულო მამული მალიბუში (კალიფორნიის შტატი), რომელიც ჰოლივუდთან ახლოს მდებარეობს. 

ჟან პოლმა საკუთარი ქონება ანდერძის მიხედვით, კალიფორნიაში არსებულ ფონდს დაუტოვა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიცემულ ბოლო ინტერვიუში, 83 წლის ბიზნესმენმა შეკითხვაზე `მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს კიდევ რა გსურთ სიცოცხლეში მიიღოთ~, უპასუხა, რომ `კვლავ ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელება სურდა~.
 
ვინც ამერიკელ ბიზნესმენს იცნობდა, ამტკიცებდა, რომ ყველას მიმართ ეჭვიანი იყო. მის სახლს ბრიტანეთში მრავალრიცხოვანი დაცვა და 20 ძაღლი იცავდა. პრესასთან იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა. ერთხელ, საინფორმაციო სააგენტოს `ასოშეიტედ პრესს~ 10 ათასი დოლარი მხოლოდ იმისთვის გადაუხადა, რომ საუდის არაბეთის მეფესთან და ქუვეითელ შეიხებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაენადგურებინათ. ამ ფოტოებზე მაკომპრომეტირებელი არაფერი იყო გამოსახული: სოლიდური მდგომარეობის მამაკაცები მაგიდასთან მხოლოდ სანავთობე ბიზნესზე მსჯელობდნენ. 

პირად `ფრონტზე~ ქალბატონებს შორის მრავალი წარმატება მოიპოვა, არც ისე მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად მრავალი მშვენიერი ქალბატონის გული დაიპყრო. საკუთარი ცხოვრების უდიდეს გამარჯვებად ჟან პოლი რუსეთის დიდ თავადთა ერთ-ერთ შთამომავალთან, მარი ტესიესთან რომანს თვლიდა, მაგრამ ისიც სხვების მსგავსად სწრაფად მიატოვა. როგორც კი მისი მორიგი მეუღლე გამოუცხადებდა, რომ ფეხმძიმედ იყო, ჟან პოლი მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავდა, მასთან ურთიერთობას წყვეტდა. ვინც ბიზნესმენს მშვენივრად იცნობდა, ამ მოვლენას უდიდეს უცნაურობად თვლიდა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ რომაელ იმპერატორს, ადრიანეს სძულდა ყველა, ვისაც სამეფო ტახტზე მის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, ამიტომაც უშვილო გარდაიცვალა. ჟან პოლ გეტი ცდილობდა მისთვის ყველაფერში მიებაძა. 

სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მოხუცის ფსიქიკა იმპერატორ ადრიანეს სულმა მთლიანად დაიმორჩილა. მას შიშები, აუხსნელი მანიები დასჩემდა. მილიარდელმა საძინებელი ოთახიდან მსახურებს საწოლი გაატანინა, რადგანაც იცოდა, რომ რომაელი იმპერატორი სწორედ საწოლში გარდაიცვალა. იგი სავარძელში პლედგადაფარებული, სათამაშო ლომთან ერთად იძინებდა. მანამდე ცოცხალი ლომები შეიძინა. ერთ-ერთს ნერონი დაარქვა. მას ჩაესმოდა ხმა, რომ ხიფათისგან მხოლოდ ეს მტაცებელი ცხოველი დაიცავდა. ლომების მიმართ სიყვარულს თან ახლდა სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ირგვლივ ტრიალებდნენ. 

მილიონერის ვაჟი მილიარდელი მხოლოდ საკუთარი ნიჭის, სიჯიუტის, გამჭრიახობის მეშვეობით გახდა. მისი გარდაცვალების დღეს, 1976 წლის 6 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის, ВВС-ის მორიგ საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ ”გარდაიცვალა ყველაზე მდიდარი, მარტოსული, ეგოისტი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც თუნდაც ერთი დოლარი არცერთი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის არ გადაუცია”. ეს მისი პიროვნების მოკლე, თუმცა საუკეთესო დახასიათებაა.
 
ვეფხია სამსონიძე