ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
მსოფლიოს უმდიდრესი კრიმინალი "ბიზნესმენები" - #1(46), 2016
ჟურნალი "ფორბსი" 1982 წლიდან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის შედგენისას, ნარკობარონებისა და განგსტერების მიერ მოპოვებულ ქონებასაც იღებს მხედველობაში, რადგანაც ამ საქმიანი გამოცემის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ "ორგანიზებული დანაშაული მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ეს შემოსავლებიც უნდა დაიანგარიშონ". ყოველდღიური ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის მონაცემების მიხედვით, კალაბრიული მაფია ნდრანგეტა (Ndrangheta) 2013 წელს უფრო მეტად გამდიდრდა, ვიდრე გერმანული "დოიჩე ბანკი" და ამერიკული კომპანია "მაკდონალდსი" ერთად აღებული და ამ მაჩვენებელმა 53 მილიარდ ევროს მიაღწია. დამნაშავეთა სამყაროს ოდიოზურ ფიგურებს, (რომლებიც მილიონებსა და მილიარდებს თავიანთი კრიმინალური ბიზნეს-საქმიანობით შოულობენ) ამ რეიტინგში წარმოგიდგენთ: 

1. კოლუმბიელი ნარკობარონი, პაბლო ესკობარი ამ რეიტინგის ლიდერია. იგი იყო პირველი დამნაშავე, რომელიც `ფორბსის~ მიერ 1987 წელს გამოქვეყნებული `100 საერთაშორისო მილიარდელის~ სიაში შევიდა. მაშინ მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად შეფასდა. მას ეს რეიტინგი მხოლოდ 1993 წელს, გარდაცვალების შემდეგ `დაატოვებინეს~. ესკობარის მეთაურობით, მედელინის კარტელის ამონაგები 1981-1986 წლების პერიოდში, 7 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც ნარკობარონი 40%-ს იტოვებდა. ეს კარტელი საკუთარი სიმდიდრის უმთავრეს ნაწილს აშშ-ში კოკაინის კონტრაბანდის შედეგად იღებდა. ამ ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 15 ტონა ნარკოტიკი იგზავნებოდა. 1980-იანი წლების ბოლოსთვის, კარტელი მსოფლიოს კოკაინის ბაზრის 80%-ს აკონტროლებდა. საქმიანი გამოცემა Business Insider-ის მონაცემების მიხედვით, ესკობარი ყოველკვირეულად 420 მილიონ დოლარს იღებდა. სხვა წყაროების მიხედვით, მისი ქონება 30 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევდა. 

`კოკაინის მეფე~ ყოველწლიურად დაახლოებით 2,1 მილიარდ დოლარს (ამონაგების 10%-ს) კარგავდა. მის ფულს საწყობებსა და მიტოვებულ ფერმებში ინახავდნენ, სადაც ნესტი და მღრღნელები ანადგურებდნენ. ყოველთვიურად, იგი 2.500 დოლარს კუპიურების შეს-აკრავი რეზინების შესაძენად ხარჯავდა. ერთხელ, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი ქალიშვილის გასათბობად დაწვა: მისი ოჯახი მთებში იმალებოდა, ხოლო კოცონის დანთება სხვა რამისგან შეუძლებელი იყო. 1984 წელს, კარტელი გამოვიდა წინადადებით, რომ კოლუმბიის ეროვნულ ვალს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ დაფარავდა. ესკობარის დასაჭერად, ამ ქვეყნის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ 11 მილიონი დოლარი ჯილდოს სახით დააწესა. 

1991 წელს, ნარკობარონმა კოლუმბიის მთავრობასთან გარიგებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც საკუთარ ციხე La Catedral-ს ააშენებდა. მასში უნდა ყოფილიყო საფეხბურთო მოედანი და ესკობარის მიერ შერჩეული მცველები. ამ ობიექტს ხელისუფლება 5 კილომეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდებოდა. ამ კოლუმბიელი ნარკობარონის ცხოვრება იმდენად გამორჩეული იყო, რომ ამერიკულმა კომპანია Netflix-მა 2015 წელს პაბლო ესკობარისადმი მიძღვნილი სერიალი `ნარკო~ შექმნა. 

2. 2009 წელს, მექსიკელი ნარკობარონი, ხოაკინ არჩივალდო გუსმან ლოერა, მეტსახელად `ელ ჩაპო~ `ფორბსის~ მიერ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში 1 მილიარდი დოლარის ქონებით შევიდა. 2012-2013 წლებში მან ამავე რეიტინგში შესაბამისად 63-ე და 67-ე ადგილები დაიკავა. Strategic Forecasting Inc.-მა მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად შეაფასა. კარტელი სინაოლა, ლოერას მეთაურობით, მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების 25%-ის უკანონო გადაზიდვაზე იყო პასუხისმგებელი, საიდანაც 3 მილიარდ დოლარს იღებდა. გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ მონაცემების მიხედვით, ამ კარტელმა იმაზე მეტი კოკაინი გაყიდა, ვიდრე ესკობარმა საკუთარი `კარიერის~ მწვერვალზე ყოფნისას... ხოაკინ ლოერამ საკუთარი ნარკო-ბიზნესი 1990-იანი წლების ბოლოდან წამოიწყო, როცა კოკაინის გადაზიდვა პილპილი `ჩილის~ ქილებით დაიწყო. 1993 წელს, მექსიკის მთავრობამ 7 ტონა ასეთი ტვირთი აღმოაჩინა. იგი მექსიკის `ყველაზე ძებნილ ადამიანად~ გამოაცხადეს. 

მის დასაჭერად 7 მილიონი დოლარი ჯილდოდ დააწესეს, საიდანაც 5 მილიონს ამერიკა გადაიხდიდა, ხოლო 2 მილიონს – მექსიკა. პირველად იგი 1993 წელს დაიჭირეს, მაგრამ ციხიდან 2001 წელს გაიქცა. მექსიკის სპეცსამსახურებმა უკანასკნელად ლოერა სინალოაში 2016 წლის იანვარში შეიპყრეს. 

ნარკობარონი პატივმოყვარეობამ დაღუპა. იგი საკუთარ საქმიანობაზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას გეგმავდა, რისთვისაც კასტინგი გამოაცხადა. ამის გარდა, ამერიკელი მსახიობი, შონ პენი მასთან შესახვედრად `ინტერვიუს~ ჩასაწერად ჩავიდა. ამ დამნაშავის გადაადგილებაზე თვალის მიდევნება ხელისუფლებამ სწორედ ამ გარემოებათა გამო შეძლო. 

3. 1987 წელს, ესკობართან ერთად, `ფორბსის~ უმდიდრესი ადამიანების სიაში მედელინის კარტელის თანადამაარსებლები ხორხე ლუის ოჩოა-ვასკეზი (2 მილიარდი დოლარის შემოსავლით) ძმებთან ხუან დავიდთან და ფაბიოსთან ერთად მოხვდა. ისინი ერთობლივად ამ კარტელის ამონაგების 30%-ს იღებდნენ. ძმები ოჩოები ამ რეიტინგში კიდევ 6 წელი დარჩნენ, შემდეგ – ხელისუფლებას ჩაბარდნენ. ნარკობარონი გონსალო როდრიგეზ გაჩა, იმავე პერიოდში მედელინის კარტელთან თანამშრომლობდა, როცა ამერიკაში ბოგოტიდან კოკაინი ყვავილებით შენიღბული გადაჰქონდა, ამავე მიმართულებით იგი დამოუკიდებლადაც საქმიანობდა. იგი ასევე მილიარდელი იყო. `ფორბსმა~ მისი ქონება 1988 წელს 1,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. გაჩა ამ რეიტინგში კიდევ ორი წელი იყო, ხოლო შემდეგ კოლუმბიის პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა... 

4. მექსიკაში ნარკობარონ ლოერას აღზევებამდე, ორი სახელი ქუხდა – ესენი რაფაელ კარო კუინტერო და კარილიო ფუენტესი იყვნენ. გუადალახარას ნარკო-კარტელის მეთაური, რაფაელ კუინტერო მარიხუ¬ანის პლანტაციებს ფლობდა, რომელსაც Rancho Bufalo უწოდა. 1984 წელს, პოლიციელთა რეიდის დროს, 6.000 ტონა მარიხუანა აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც The Wall Street Journal-ის შეფასებით, 3,2-დან 8 მილიარდ დოლარამდე ღირდა. ეს ნარკო-კარტელი წელიწადში 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა. მექსიკის პრესა იმ პერიოდში წერდა, რომ კუინტერომ (ესკობარის მსგავსად) ხელისუფლებას ამ ქვეყნის საგარეო ვალის დაფარვა ხელშეუხებლობის სანაცვლოდ შესთავაზა. 1989 წელს, ნარკობარონს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 28 წლის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს.
 
მეორე მექსიკელი ნარკობარონი – კარილიო ფუენტესი, ნარკო-კარტელის, ხუარესის მეთაური იყო. გაზეთმა `ვაშინგტონ პოსტმა~ მისი ქონება 25 მილიარდ დოლარად შეაფასა. დღემდე მიიჩნევენ, რომ არაკანონიერად მოპოვებული ზღაპრული სიმდიდრე მას საშუალებას აძლევდა მართლმსაჯულებას დასხლტომოდა. ფუენტესმა მეტსახელად `ცათამპყრობელი~ დიდი ავიაპარკის გამო მიიღო. მის განკარგულებაში კოკაინის ამერიკაში ტრანსპორტირებისთვის 22 თვითმფრინავი იყო. იგი 1997 წელს, გარეგნობის შესაცვლელად მიმდინარე პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა... 

5. მორის (მო) დალიტცი ისეთი ლეგენდარული განგსტერების რიცხვს განეკუთვნებოდა, როგორებიც ალ კაპონე და ბაგზი სიგელი იყვნენ. ამერიკაში მოქმედი `მშრალი კანონის~ პერიოდში, სპირტიან სასმელებს არაკანონიერად ჰყიდდა, ხოლო შემდეგ, თავის საქმიანობად სათამაშო ბიზნესი და უძრავი ქონება აირჩია. 1982 წელს იგი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მხატვარ იოკო ონოსთან, მსახიობ ბობ ჰოუპთან და მაფიის ბუღალტერთან, მეიერ ლანსკისთან ერთად აღმოჩნდა. მაშინ დალიტცის ქონება 110 მილიონ დოლარად შეფასდა, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად რამდენი იშოვა, დღემდე უცნობია. საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილი მან ლას-ვეგასის პირველი კაზინოებისგან მიღებული შემოსავლებით მიიღო. 1949 წელს იგი კაზინო Desert Inn-ის და სასტუმრო Stardust Hotel-ის თანადამფუძნებელი გახდა. 1950-იან წლებში, მონაწილეობა მიიღო Paradise Development Company-ის შექმნაში, რომელმაც ლას-ვეგასში უნივერსიტეტი და კონფერენც-ცენტრი ააშენა. 1960-იან წლებში საკუთარი კაპიტალის ერთი ნაწილი სან-დიეგოსთან ახლოს, 100 მილიონიან კომპლექს La Costa Resort-ში დააბანდა. 

შემდეგ, ჟურნალ Penthouse-ის წინააღმდეგ, 640 მილიონიანი სარჩელი შეიტანა, რომელმაც დაწერა, რომ მშენებლობა მაფიის ფულით მიმდინარეობდა. კრიმინალური წარსულის მქონე მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, მან 90 წელი იცოცხლა და ბოლო წლებში ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 1976 წელს, ამერიკის ონკოლოგიურმა ცენტრმა იგი `წლის ქველმოქმედად~ დაასახელა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი დალიტცის ერთადერთმა ქალიშვილმა, სიუზან ბრაუნმა და რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო. 

6. ჩანგ შიფუს ჩინელი მამა და შან-ის ტომის წარმომადგენელი დედა ჰყავდა. 1960-იან წლებში მან ფსევდონიმად კხუნ სა `ამაყვავებელი პრინცი~ აირჩია. მას `ოპიუმის მეფედ~ მოიხსენიებდნენ. Business Insider-ის შეფასებით, მისი ქონება 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო. ამ წლებში, იგი ბირმის არმიის მეთაური გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 20.000 მამაკაცი შედიოდა. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოქროს სამკუთხედში ოპიუმის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. 1970-80-იან წლებში ეს არმია ტაილანდ-ბირმის საზღვარს აკონტროლებდა. სუფთა ჰეროინის 45%, რომელიც ამერიკაში იგზავნებოდა, სწორედ ამ გზით შედიოდა. The Economist-ის მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ (DEA) მას `ბიზნესში საუკეთესო~ უწოდა. ამერიკის მთავრობამ `ოპიუმის მეფის~ დასაჭერად ჯილდოდ 2 მილიონი დოლარი დააწესა. 

1990-იანი წლებისთვის, DEA-მ მისი ნარკოტიკული სავაჭრო ჯაჭვის დაშლა შეძლო, ამიტომაც კხუნ სა იანგონში გადავიდა, თანაც ამ საქმეს ჩამოშორდა. 1975 წელს ოქროს სამკუთხედში, ოპიუმის წარმოება საერთო წარმოების 70%-ს აღწევდა. ამ დროისთვის, ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა. იმის თაობაზე, შეინარჩუნა თუ არა ამ ნარკობარონმა მილიარდები 2007 წლამდე (ანუ გარდაცვალებამდე) სხვადასხვა ვერსიები არსებობს – დაწყებული `ცხოვრობდა ფუფუნებაში~ და `არსებობდა მოკრძალებული პენსიით~ დამთავრებული... 

7. კოლუმბიელ გრიზელდა ბლანკოს დასავლეთის პრესა `კოკაინის ნათლიდედას~ უწოდებდა. იგი უმთავრესი ფიგურა იყო მაიამიში, 1970-1980-იან წლებში კოკაინით ვაჭრობისას. მამაკაცთა ნარკო-ბიზნესშიც კი მან დაუნდობელი საქმოსანის რეპუტაცია დაიმკვიდრა. Business Insider-ის მონაცემების თანახმად, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, თუმცა, ესკობარის შემოსავლებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. იგი სამგზის ქვრივი იყო. ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ მისი ქმრები მისივე ხელით დაიღუპნენ. მან საკუთარ ერთ-ერთ ვაჟს მაიკლ კორლეონე დაარქვა. თჰე Guardian-ის მონაცემებით, მისი სადისტრიბუტორო ქსელი ათობით მილიონ დოლარს შოულობდა, ხოლო ყოველთვიურად, 1.500 კილოგრამ კოკაინს გადაზიდავდა. 1985 წლამდე, როცა კალიფორნიაში დააპატიმრეს, იგი ესკობართან და ძმებ ოჩოებთან ერთად, ყველაზე სახიფათო ნარკომოვაჭრეთა სიაში შედიოდა.
 
მას ბრალად დასდეს ფლორიდაში განხორციელებული 40-დან 200 მკვლელობამდე, მაგრამ სიკვდილით დასჯა თავიდან აიცილა, რადგანაც სასამართლოში ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას: მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ოფიცერი იმით იყო დისკრედიტირებული, რომ ბრალმდებლის ოფისში მდივან გოგონასთან ტელეფონით სექს-საუბრისას გამოიჭირეს. საბოლოოდ, ამერიკის ფედერალურ ციხეში მოათავსეს, საიდანაც 2004 წელს კოლუმბიაში გადაიყვანეს. 8 წლის შემდეგ, გრიზელდა ბლანკოს მოტოციკლზე ამხედრებულმა მკვლელმა ესროლა. 

8. ალ კაპონე – ყველაზე ცნობილი ამერიკელი განგსტერია. ამ გვარით პერსონაჟი მაფიაზე გადაღებულ 77 ფილმში ფიგურირებს. გარდაცვალების მომენტში – 1947 წელს, მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარად შეფასდა.
 
იგი სხვადასხვა კრიმინალურ სფეროში საქმიანობდა დაწყებული ალკოჰოლური სასმელის უკანონოდ გაყიდვით და რეკეტით, მკვლელობით დამთავრებული. 1929 წელს ალ კაპონე ამერიკის მთავრობამ `ნომერ პირველ მტრად~ გამოაცხადა. პროკურატურამ არაერთხელ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მას ათავისუფლებდნენ. 1931 წელს, მას მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით 11 წელი მიუსაჯეს, რომლის უმეტესი ნაწილი ამერიკის ყველაზე მძიმე დამნაშავეებისთვის განკუთვნილ, ალკატრასის ციხეში უნდა გაეტარებინა. იგი 1939 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. იგი ათაშანგითა და შემდეგში შეძენილი ჭკუასუსტობით იტანჯებოდა. 2012 წელს, ჟურნალმა `ფორბსმა~ ალ კაპონეს ყოფილი ქონების ანალიზი ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ჩიკაგოს ოთხსაძინებლიანი სახლი, რომელიც თავისი პირველად ნაშოვნი ფულით იყიდა, 450.000 დოლარად, ხოლო მაიამი-ბიჩში ნაყიდი სახლი – სადაც 1947 წელს გარდაიცვალა, 9,95 მილიონ დოლარად შეფასდა. 

9. დავუდ იბრაჰიმ კასკარი – ინდოეთის ყველაზე ძებნადი დამნაშავეა. Business Insider-ის შეფასებით, მისი ქონება 6,7 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჟურნალმა `ფორბსმა~ ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში იგი 2009, 2010, 2011 წლებში შეიყვანა. კასკარმა შესაბამისად 50-ე, 63-ე და 57-ე ადგილები დაიკავა. მისი კრიმინალური სინდიკატი D-Company მუმბაიში, 1993 და 2008 წლებში განხორციელებულ ტერორისტულ შეტევებშია ბრალდებული. ამის გარდა, იგი ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდაშია ჩართული. ამერიკის მთავრობა თვლის, რომ დავუდ იბრაჰიმ კასკარი `ალ-ქაიდასთან~ და `თალიბანთან~ არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიით, იგი პაკისტანში იმალება.
 
10. 1986 წელს, ჟურნალმა `ფორჩუნმა~ `მაფიის 50 ყველაზე გავლენიანი ბოსის~ სია გამოაქვეყნა. ამ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა მასალის გამოქვეყნება იმით ახსნა, რომ `ორგანიზებული დანაშაული ძლიერი ეკონომიკური ფაქტორია~. ამ სიაში აღმოჩნდა ენტონი სალერნო, მეტსახელად `მსუქანი ტონი~. ეს განგსტერი ჯენოვეზეს კლანს მეთაურობდა, რომლის წევრიც 300 ადამიანი იყო. ნიუ-იორკში მისი `საქმიანობის~ სფერო იყო რეკეტი და ნარკოტიკების გავრცელება. გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ ინფორმაციით, ამ კლანის გავლენა კლივლენდამდე, ნევადამდე, მაიამიმდე ვრცელდებოდა, ხოლო მისი ინტერესთა სფეროში მშენებლობა, კაზინო და მევახშეობა შედიოდა. 1960-იანი წლებიდან დაწყებული, ეს კლანი წელიწადში 50 მილიონ დოლარს `გამოიმუშავებდა~. 1981-1985 წლებში, სალერნომ ნიუ-იორკში მშენებლებისთვის (ბეტონის ჩასხმაზე) 2%-იანი მაფიის გადასახადი დააწესა. მისი რეალური ქონება 1 მილიარდ დოლარს აღწევდა. 

1988 წელს განგსტერს 70 წელი რეკეტისთვის და უკანონო შემოსავლების დაფარვისთვის (წელიწადში 10 მილიონი დოლარი) მიუსაჯეს. მას დეკლარაციაში წელიწადში მხოლოდ 40.000 დოლარი შემოსავალი ჰქონდა მითითებული. ოთხი წლის შემდეგ, იგი 80 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა. 

მოამზადა ვეფხია სამსონიძემ