ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
პლანეტის 10 საუკეთესო ბიზნეს-სკოლა - #1(46), 2016
მსოფლიოში 2015 წლის მდგომარეობით სულ 2.325 მილიარდერია, რაც 7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მათგან 2.039 – მამაკაცია. Wealth-X-სა და UBS Census-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა შემდეგი ფაქტები გამოავლინა: ამ რეიტინგში შემავალი ერთი მილიარდერის აქტივების საშუალო ღირებულება 3,1 მილიარდი დოლარია; ადგილმდებარეობის მიხედვით, პირველია ნიუ-იორ¬კი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს (103), მეორე ადგილი მოსკოვმა (85), ხოლო მესამე ჰონკონგმა დაიკავა (82); მსოფლიოს 50 მილიარდელმა განათლება იმ 10 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიიღო, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ; 10-დან 7 უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მილიარდელების უმეტესობა სწავლობდა, ამერიკაში მდებარეობს; გთავაზობთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ბიზნეს-სკოლის რეიტინგს, რომელიც Wealth-X-სა და UBS Census-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა: 

10) მეათე ადგილი ამ რეიტინგში ლონდონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ დაიკავა (London Business School). ეს სასწავლო დაწესებულება იმ სამეულში შედის, რომლებიც ამ რეიტინგში შევიდა და ამერიკაში არ მდებარეობს. ლონდონის ბიზნესის სკოლა 1964 წელს დაარსდა. სწავლულთა ხარისხს აქ ყოველწლიურად 1800-ზე მეტი ადამიანი იღებს. სულ ამ სკოლაში განათლებას 35000-ზე მეტმა ადამიანმა 43 ქვეყნიდან მიიღო. Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ლონდონის ბიზნესის სკოლამ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. 

ამ ბიზნეს-სკოლის ფილიალები ლონდონში, ბირმინ¬გემში, მანჩესტერში, ტორონტოში, სინგაპურში მდებარეობს. იგი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მხარდაჭერით ფუნქციონირებს, ვისი დახმარებითაც შეიქმნა ფონდი, რომელიც აქ სასწავლებლად სტიპენდიებზე, გრანტებზე ფულს გამოყოფს. ამ ბიზნეს-სკოლის პროგრამები ფართოდ არის ცნობილი მსოფლიოს უდიდეს დამსაქმებლებს შორის ბრიტანეთსა და ევროპაში. დისტანციური სწავლების ონლაინ პროგრამები ინტერნეტის მეშვეობით, მსოფლიოს ონლაინ-პროგრამებს შორის ყველაზე ინოვაციურ, ეფექტურ პროგრამად ითვლება. აქ მთლიანი სწავლის ღირებულება 109.567 ამერიკული დოლარია. 

ამ სკოლაში MBA-ს საპატიო ხარისხი ოთხმა მილიარდელმა მიიღო. ერთ-ერთი ინდოეთის უდიდესი კორპორაციის Aditya Biria Group მეთაური, ბიზნესმენი, 48 წლის კუმარ მანგალამ ბირლაა. ლონდონის ბიზნესის სკოლის გარდა, მან მუმბაის უნივერსიტეტიც დაამთავრა. `ფორბსის~ მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, მისი საკუთარი კაპიტალი 10,2 მილიარდი ამერიკული დოლარია. იგი მსოფლიოს უმდიდრესი ახალგაზრდა ადამიანების ათეულში შედის, ასევეა ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში მან 76-ე ადგილი დაიკავა. 

9) U.S. News & World Report-ის ანგარიშის მიხედვით, ამ რეიტინგში მეცხრე ადგილი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის, გორდონ ს. მარშალის სახელობის ბიზნესის სკოლამ დაიკავა. აქ ბიზნეს-ადმინისტრაცია კინოსა და ტელევიზიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმატიკის, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ისწავლება. დაარსდა 1920 წელს, როგორც კომერციისა და საქმიანი მართვის სკოლა. მდებარეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. სწავლის ღირებულება 88.361 ამერიკული დოლარია. 

აქ MBA-ს ხარისხი მსოფლიოს ხუთმა მილიარდელმა მიიღო. ერთ-ერთი კურსდამთავრებულია 59 წლის აივან გლაზენბერგი, რომლის აქტივების საერთო ღირებულება 5,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში დაიბადა. ამჟამად შვეიცარიის მოქალაქეა, კომპანია Glencore Xstrata-ს მეთაური, რომელიც სამთომომპოვებელი და სავაჭრო მიმართულებით საქმიანობს. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გარდა, მან ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიც დაამთავრა. 

8) ამ საპატიო ათეულში, მერვე ადგილი მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IMD) დაიკავა, რომელიც 1990 წლის იანვარში შეიქმნა: გაერთიანდნენ 1946 წელს, კომპანია Alcan-ის მიერ, ჟენევაში შექმნილი დამოუკიდებელი მმართველობითი საგანმათლებლო ცენტრი – IMI და კომპანიას `ნესტლეს~ მიერ ლოზანაში 1957 წელს დაარსებული – IMEDE. ახალი სასწავლო დაწესებულება ლოზანაში (შვეიცარია) განთავსდა. 

`ფორბსის~ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, იგი პირველია მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლებს შორის, ხოლო Financial Times-ის თანახმად, ეს არის საუკეთესო სკოლა, სადაც განათლებას კომპანიათა დირექტორები იღებენ. მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტში 80.000 ადამიანი სწავლობს, ხოლო სწავლის საფასური 93.438 ამერიკული დოლარია. MBA-ს პროგრამა მკაცრად ფოკუსირებულია საერთო მენეჯმენტზე ვიწრო სპეციალობის ნაცვლად. ამ სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა (70%) სხვა ბიზნეს-სკოლების კურსდამთავრებულებისგან განსხვავებით (რომლებსაც საინვესტიციო ბანკინგის პროფილისა და კონსალტინგურ კომპანიებში ასაქმებენ) ჩვეულებისამებრ, სამრეწველო სექტორში იღებენ სამუშაო ადგილს.
 
მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მუდმივ დამსაქმებლებად მსოფლიოში უდიდესი კომპანიები Shell, Philips, Nestlé, Unilever, Medtronic, Johnson & Johnson, Nokia, Novartis ითვლებიან. ამ ინსტიტუტში MBA-ს ხარისხი მსოფლიოში მოღვაწე ხუთმა მილიარდელმა მიიღო. გამორჩეულია გერმანიის უმდიდრესი ქალბატონი – სუზანა ჰანნა ურსულა კლატენი (კანდტი), რომლის აქტივების ღირებულება 15,3 მილიარდ დოლარს აღწევს. მის მფლობელობაშია გერმანული კომპანია Bayerische Motoren Werke, ფარმაცევტული და ქიმიური სამრეწველო საწარმო `ატლანტას~ აქციების 50,1% და კონცერნის BMW-ს აქციების 12,5%. 

7) ამ რეიტინგის მეშვიდე ადგილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ლეონარდ სტერნის სახელობის ბიზნეს-სკოლამ დაიკავა. იგი 1900 წელს დაარსდა, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიზნეს-სკოლაა. საქმიანი გამოცემის – Economist-ის მიერ შედგენილ რეიტინგში მერვე დაიკავა, Financial Times-მა მე-17, ხოლო `ფორბსმა~ ასეთივე რეიტინგში 23-ე ადგილი მიაკუთვნა. ამ სკოლის 750-ზე მეტი კურსდამთავრებული მსოფლიოს უდიდესი კომპანიების მეთაურები არიან. ამავე სკოლის კურსდამთავრებულთაგან, MBA-ს ხარისხი მსოფლიოში მოღვაწე შვიდმა მილიარდერმა მიიღო.
 
აქ სწავლის საფასური 101.938 ამერიკული დოლარია. Stern School of Business – ტრადიციულად ცნობილია როგორც ძლიერი საფინანსო სკოლა. მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც საბანკო საქმის, გაყიდვების, კორპორატიული ფინანსების შესწავლა სურთ. ეს ბიზნეს-სკოლა MBA-ს ხარისხით უკვე 42.896 სტუდენტმა დაამთავრა. ერთ-ერთი მათგანია – ფორესტ ედუარდ მარსი-უმცროსი, რომლის კუთვნილი აქტივების ღირებულება 25 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. იგი მსოფლიოს უდიდესი ტკბილეულობის მწარმოებელი კომპანია Mars-ის მფლობელია. 

6) ბიზნესის სკოლას INSEAD, ხშირად `ევროპულ ჰარვარდს~, `ევროპის საუკეთესო ბიზნეს-სკოლას~ უწოდებენ. ბიზნესის სკოლა INSEAD პირველია ევროპაში QS Global MBA-ს მიხედვით, მეხუთეა მსოფლიოში Financial Times-ის რეიტინგში, ხოლო მე-18 პოზიციაზეა მსოფლიოში The Economist-ის რეიტინგის მიხედვით. INSEAD სასწავლებლად ყოველწლიურად 1000-მდე სტუდენტს იღებს, ამ მაჩვენებლით მრავალ ბიზნეს-სკოლას უსწრებს. 

ამჟამად, ამ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ეგიდით ორი ფილიალი სინგაპურსა (შეიქმნა 2000 წელს) და აბუ-დაბიში (შეიქმნა 2007 წელს) მოქმედებს, რისი მეშვეობითაც ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში საქმიანობს. MBA-ს პროგრამა INSEAD-ში (`საქმიანი ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი~) 12 თვის განმავლობაში ისწავლება ზაფხულის პრაქტიკასთან ერთად. აქ ვერ იპოვით ბაკალავრიატის გუშინდელ კურსდამთავრებულებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ. ამ ბიზნეს-სკოლის სტუდენტთა შემადგენლობა საერთო დონეს სასწავლო ჯგუფებში არა მარტო ხარისხობრივად, არამედ კონკურენციასაც ამაღლებს, რაც აქ ნორმალურად ითვლება, ამ სასწავლო დაწესებულების ფილოსოფიის ნაწილადაც ითვლება. ბიზნესის სკოლა 1957 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ბიზნესმენის, ჯორჯ დორიოს თანამონაწილეობით, საფრანგეთის სავაჭრო პალატის დაფინანსებით შეიქმნა. იგი თავდაპირველად, ფონტენბლოს ციხე-სიმაგრეში, პარიზიდან 55 კილომეტრში განთავსდა, ხოლო 10 წლის შემდეგ იმავე რეგიონში, ახალ ადგილზე გადავიდა, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. აქ სწავლის ღირებულება 85.593 ამერიკული დოლარია (62.500 ევრო). 

MBA-ს ხარისხი ამ ბიზნეს-სკოლაში მსოფლიოს 9 მილიარდელმა მიიღო. ცნობილ კურსდამთავრებულთა შორის შეიძლება Royal Bank of Scotland-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფილიპ ჰემპტონი, Vistaprint-ის გენერალური დირექტორი რობერტ კინი, Diageo-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფრანც ჰუმერი, L’Oreal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერ ლინდსი ოუენ-ჯონსი, კომპანია Russian Standard Vodka-ს დამაარსებელი და პრეზიდენტი რუსტამ ტარიკო, Rosetta Stone-ს გენერალური დირექტორი ტომ ადამსი, Philips Morris International-ის გენერალური დირექტორი ანდრე კალანტზოპულოსი, Louis Vuitton-ის გენერალური დირექტორი ასევე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ივ კარშელი, Unilever-ის ფინანსური დირექტორი ჟან-მარკ ჰიუტი, De Beers-ის გენერალური დირექტორი ფილიპ მელიე, L’Occitane-ს გენერალური დირექტორი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეინოლდ გეიგერი, Infiniti-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი როლანდ კრუგერი დავასახელოთ. 

5) `უოლ-სტრიტისთვის კადრების სამჭედლოდ~ წოდებული ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ბუტის სახელობის ბიზნესის სკოლა განათლების უმაღლესი ხარისხით, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით ძლიერი პროგრამებით, პრესტიჟული დიპლომით გამოირჩევა, რომელიც თვით დახურული ინოვაციური ბანკებისა და კონსალტინგური კომპანიების კარებსაც აღებს. 

ამ ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულთა შორის მრავალია ისეთები, რომლებმაც წარმატებებს ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროებში მიაღწიეს. ყველაზე პოპულარულია MBA-ს კლასიკური პროგრამა (რომელიც ორ წელზეა გათვლილი), გამოსასვლელი დღის პროგრამა და პროგრამა Executive MBA. ბუტის სახელობის ბიზნესის სკოლაში ასევე შესაძლებელია სწავლა ასპირანტურაში, ბიზნესის ზაფხულის სკოლაში და მენეჯმენტში მოკლევა¬დიანი პროგრამის მიხედვით. 

ამ ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულთაგან MBA-ს ხარისხი მსოფლიოს 10 მილიარდერმა მიიღო. მდებარეობს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი). სწავლის ღირებულება 9-თვიანი პროგრამის მიხედვით 61.520 ამერიკული დოლარია, ხოლო დანარჩენი ხარჯების ჩათვლით 95.000 დოლარს აღწევს. 

ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ბიზნესის სკოლა 1898 წელს შეიქმნა, ერთ-ერთი უძველესია (მეორე) აშშ-ში. ამ სკოლას ორი განყოფილება აქვს ჩიკაგოში, ასევე ფილიალები ლონდონში, ჰონკონგსა და სინგაპურში. 

ამ სასწავლო პრესტიჟული დაწესებულების ერთ-ერთი ცნობილი კურსდამთავრებულია – დევიდ გილბერტ ბუტი, რომლის აქტივების ღირებულება 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. იგი Dimensional Fund Advisors (DFA)-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. 2008 წელს, მან ამ ბიზნეს-სკოლას 300 მილიონი დოლარი გადასცა, რაც ამ სკოლის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა. ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ეს ბიზნეს-სკოლა დევიდ გილბერტ ბუტის სახელს სწორედ ამიტომ ატარებს. ამ სკოლის ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულები არიან: Commerzbank-ის გენერალური დირექტორი მარტინ ბლესინგი, ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის გენერალური დირექტორი ჯონ კორცინე, შვეიცარიული Credit Suisse-ის გენერალური დირექტორი ბრედი დუგანი. 

4) ამავე რეიტინგის მეოთხე ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებულმა უორტონის ბიზნესის სკოლამ დაიკავა. ეს სასწავლო დაწესებულება (ამერიკის უძველეს უნივერსიტეტებთან არსებული მრავალი კოლეჯის მსგავსად) რამდენიმე ფაკულტეტისგან შედგება, სადაც სტუდენტები ბიზნესს, პოლიტოლოგიას, ფინანსებს, საბუღალტრო აღრიცხვას, დაზღვევას, ჯანდაცვის დარგში მენეჯმენტს, მარკეტინგს, უძრავ ქონებას, საოპერაციო მენეჯმენტს, სტატისტიკას შეისწავლიან. ამ სკოლის განსაკუთრებულ სიამაყეს საფინანსო ფაკულტეტი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

უორტონის ბიზნეს-სკოლის არა მარტო MBA-ს ხარისხი, არამედ საფინანსო ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომი – არის საგზური მსოფლიოს წამყვან საინვესტიციო ბანკებსა და ფინანსურ კორპორაციებში საქმიანობის დასაწყებად. უორტონის ბიზნესის სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალია, ამიტომაც აქ არა მარტო საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომის (MBA), არამედ ბიზნესში დოქტორის (PhD) ხარისხის მიღებაა შესაძლებელი. ეს ბიზნესის სკოლა მსურველებს თავაზობს ბაკალავრიატში, ასევე მენეჯმენტში, ფინანსებსა და მარკეტინგში მოკლევადიანი პროგრამების შესწავლას ხარისხის მინიჭების გარეშე. უორტონის ბიზნესის სკოლას მსგავსი სასწავლო დაწესებულებებისთვის სოლიდური `ასაკით~ შეუძლია იამაყოს. 

ეს სკოლა 1881 წელს, მეწარმემ, მეცენატმა ჯოზეფ უორტონმა დააარსა. იგი ფოლადჩამომსხმელი კომპანიის Bethlehem Steel ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, რომელიც შემდგომში ამერიკის მეტალურგიული მრეწველობის გიგანტად გადაიქცა. ჯოზეფ უორტონი ისტორიაში არა მარტო წარმატებული ბიზნესმენი, არამედ როგორც ფილანტროპი შევიდა. 

დღეისთვის, უორტონის ბიზნესის სკოლა ცნობადობის მიხედვით თვით პენსილვანიის უნივერსიტეტსაც არ ჩამორჩება. იგი მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლებს შორის წამყვან ადგილებს მუდმივად იკავებს. მოქმედებს ამ სკოლის ფილიალები ფილადელფიასა და სან-ფრანცისკოში. საერთო ჯამში, ამ ბიზნეს-სკოლაში 79.000 სტუდენტი სწავლობს. სწავლის ღირებულება წელიწადში 68 ათასი დოლარია, ხოლო საჭირო ხარჯების ჩათვლით, სტუდენტს 98 ათასი დოლარის გაღება უწევს. 

MBA-ს საპატიო ხარისხი მსოფლიოს 12 მილიარდელმა მიიღო, რომელთა შორის შეიძლება რონალდ ოუენ პერელმანი გამოვყოთ. მის კუთვნილებაში არსებული აქტივების ღირებულება 14,5 მილიარდ დოლარს უტოლდება. კომპანია MacAndrews & Forbes Holdings, Inc. მისი ხელმძღვანელობით, არის მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ინვესტორი დაწყებული Revlon-დან და Sunbeam Products-ით დამთავრებული. იგი Forbes-ის მილიარდელთა რეიტინგში 67-ე ადგილს იკავებს. ამ ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულებს მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში პირველი პოზიციები უკავიათ. ეს სია შთამბეჭდავია: ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, General Electric-ის გენერალური დირექტორი რედ ჯონსი, მილიარდელი ინდოეთიდან ანილ ამბანი, კინოპროდიუსერი, ფილმისთვის `ფორესტ გამპი~ `ოსკარის~ პრემიის მფლობელი ვენდი ფინერმანი, ფინანსისტი მაიკლ მილკენი, Mail.ru-ს თანამფლობელი იური მილნერი, კომპანია Comcast-ის დამაარსებელი ჯულიან ბროდსკი, American Airlines-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რობერტ კრენდელი, DHL-ის გენერალური დირექტორი დონი დოიჩი, Johnson & Johnson-ის გენერალური დირექტორი ალექს გორსკი, Philips-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ჯერალდ კლასტერლე, Boeing-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლუის პლატი, Pepsi-ის გენერალური დირექტორი ჯონ სკალლი, Wrigley-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი უილიამ რიგლი, Commerce Bank-ისა და Metro Bank-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ვერნონ ჰილი, Morgan Stanley-ს ფინანსური დირექტორი რუთ პორატი, LinkedIn-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ვაინერი. უორტონის ბიზნესის სკოლაში სწავლობდა, მაგრამ კურსი არ დაუმთავრებია ცნობილ ინვესტორს უორენ ბაფეტს.
 
3) ამ რეიტინგის მესამე, საპატიო ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ დაიკავა. ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტები ხშირ შემთხვევაში მცირე სტუდენტურ ქალაქებშია განთავსებული, სადაც მეგაპოლისის ცდუნებანი სტუდენტებს სწავლისგან არ მოაცდენს. ამ კუთხით, კოლუმბიის უნივერსიტეტი – გამონაკლისია. იგი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. მის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ უოლ-სტრიტზე უდიდეს კომპანიებში დაიწყონ საქმიანობა. კოლუმბიის უნივერსიტეტი 1754 წელს, ინგლისის მეფე გეორგ მეორეს ქარტიის მიხედვით შეიქმნა. 

ეს ნიუ-იორკის შტატში უძველესი უმაღლესი სასწავლებელია, ხოლო ამერიკაში `ასაკის~ მიხედვით მეხუთე ადგილზე გავიდა. კოლუმბიის უნივერსიტეტი ცნობილია როგორც ამერიკული, მსოფლიო ელიტის სასწავლო დაწესებულება, ხოლო უნივერსიტეტთან არსებული ბიზნეს-სკოლა სახელგანთქმულია MBA-ს ძლიერი პროგრამებითა და დიპლომით, რომელსაც მსოფლიოში უმაღლეს შეფასებას აძლევენ. ეს ბიზნეს-სკოლა 1916 წელს, ბანკის Chase Manhattan Bank-ის პრეზიდენტმა ბარტონ ჰეპბერნმა დააფუძნა. აქ პირველ წელიწადს 61 სტუ¬დენტი სწავლობდა, მათგან 8 ქალბატონი, რაც იმ დროში იშვიათობა გახლდათ. დაარსებისთანავე, სკოლამ აქტიური ზრდა დაიწყო: ოთხი წლის შემდეგ მასში უკვე 500 სტუდენტი სწავლობდა. სტუდენტებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებს სთავაზობდნენ, ხოლო 1924 წელს ასპირანტურაც შეიქმნა. 

აქ სწავლის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 63 ათასი დოლარია, სტუდენტის ბიუჯეტი ძირითადი ხარჯების გათვალისწინებით 97 ათას დოლარს აღწევს. აქ MBA-ს ხარისხი მსოფლიოს 14 მილიარდელმა მიიღო. კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულმა ბიზნესის სკოლამ მსოფლიოში ცნობილი საქმიანი გამოცემების რეიტინგში შემდეგი ადგილები დაიკავა: მეხუთე მსოფლიოში Financial Times-ის, მეხუთე ამერიკაში Businessweek-სა და QS Global MBA-ს, მერვე U.S. News and World Report-ს, მეათე The Economist-ის მიხედვით. ამ ბიზნეს-სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებული, რომელმაც MBA-ს ხარისხი მიიღო, არის პიტერ ვუ (ცხოვრობს ჰონკონგში), რომლის აქტივების ღირებულება 7,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგი Wheelock and Company-ს მეთაურობს, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, ცოტა ხნის წინ კი საკუთარ ვაჟიშვილს გადასცა. 

ამ ბიზნეს-სკოლის სხვა კურსდამთავრებულები უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელები არიან: American Express-ის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ კარლოს გელცი, Morgan Stanley-ს გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეიმს გორმანი, Chanel-ის ვიცე-პრეზიდენტი არი კოპელმანი, Barnes & Noble-ის გენერალური დირექტორი უილიამ ლინჩი. 

2) Wealth-X-სა და UBS Census-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-სკოლების რეიტინგში მეორე ადგილი სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებულმა ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ დაიკავა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოშიც. ეს ბიზნეს-სკოლა `სილიკონის ველის~ გულში მდებარეობს, სადაც უდიდესი კომპანიებია განთავსებული. მჭიდროდ არის დაკავშირებული `მშობლიურ~ სტენფორდის უნი¬ვერსიტეტთან, რომლის რესურსებსაც საკუთარი სტუდენტების საკეთილდღეოდ იყენებს. ეს ბიზნეს-სკოლა მათ მრავალ დისციპლინათაშორის კურსს თავაზობს, რომელიც სხვა ფაკულტეტებთან ერთად არის შემუშავებული. 

სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებულ ბიზნესის სკოლაში მოქმედებს არა მარტო MBA-ს კლასიკური ორწლიანი პროგრამა, არამედ ერთწლიანი პროგრამა მენეჯმენტში. აქ ასპირანტურაც არსებობს, სადაც ბიზნესს სამეცნიერო თვალსაზრისით შეისწავლიან. ამ პროგრამის წარმატებით დასრულებითა და დისერტაციის დაცვით სტუდენტი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (PhD) იღებს. მოქმედებს პროგრამა ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით – Stanford Ignite, რომლის გავლაც სამუშაოსთან პარალელურად არის შესაძლებელი. 

ეს უნივერსიტეტი მეწარმემ, სარკინიგზო მაგნატმა, შემდგომში კალიფორნიის გუბერნატორმა, სენატორმა, ლელანდ სტენფორდმა 1891 წელს საკუთარი შვილის საპატივცემულოდ დააფუძნა, რომელიც 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. აქედან გამომდინარეობს მისი სრული სახელწოდებაც – ლელანდ სტენფორდ-უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი. საყვარელი შვილის დაკარგვის შემდეგ, სტენფორდ-უფროსმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს `მეორე ჰარვარდი~ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე შეექმნათ: ლელანდ-უფროსი ოცნებობდა, რომ კალიფორნიის შვილები მისი შვილები გამხდარიყვნენ. მეოცე საუკუნის შუაგულში, უნივერსიტეტის ირგვლივ სტენფორდის ინდუსტრიული პარკის მშენებლობა დაიწყო. იმ დროში ეს სასწავლო დაწესებულება ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მის მფლობელობაში მიწის დიდი ფართობები იყო, მაგრამ დამაარსებლის ანდერძის მიხედვით, მისი გაყიდვა არ შეიძლებოდა. იჯარის შესახებ ამ ანდერძში არაფერი იყო ნათქვამი. საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ფრედერიკ ტერმანი ამ მიწების მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის იჯარით გადაცემის წინადადებით გამოვიდა. ამით უნივერსიტეტმა დაფინანსების ახალი წყარო იპოვა, თანაც საკუთარი კურსდამთავრებულებისთვის შრომითი მოწყობის პრობლემაც გადაწყვიტა. 

ასე ჩაეყარა საფუძველი მყარ კავშირს სილიკონის ველსა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს, უმაღლესი ტექნოლოგიების ბიზნესს შორის. სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1925 წელს დაარსდა. იგი იყო ამერიკის დასავლეთ სანაპიროს სასწავლო დაწესებულებათა ალტერნატივა. იმ დროში, ამერიკის დასავლეთში მცხოვრები ადამიანები ბიზნეს-განათლების მისაღებად ქვეყნის აღმოსავლეთში მიემგზავრებოდნენ, ხოლო დიპლომის მიღების შემდეგ, იქვე რჩებოდნენ. ნიჭიერი ადამიანების ამერიკის დასავლეთიდან გადინების თავიდან ასაცილებლად, კალიფორნიაში ბიზნეს-სკოლის გახსნა გადაწყდა. 

MBA-ს ორწლიანი პროგრამის ღირებულება აქ წელიწადში 62 ათას დოლარს აღწევს, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით სტუდენტის წლიური ბიუჯეტი 100 ათას დოლარს აღწევს. აქ 7 ათასი სტუდენტი ბაკალავრიატში, ხოლო 8 ათასი მაგისტრატურასა და ასპირანტურაში სწავლობს. შთამბეჭდავია პედაგოგთა შემადგენლობაც – 1.700 მასწავლებელი, რომელთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატებიც არიან: უილიამ ფ. შარპი, მაირონ შოულზი, ა. მაიკლ სპენსი. აქ ლექციების წასაკითხად ასევე ჩამოდიან: კ. ფიორინა Hewlett-Packard-ის პრეზიდენტი, ბილ გეიტსი Microsoft-ის მეთაური, გერბ ალისონი Lynch-ის მეთაური. აქ აბიტურიენტების ჩარიცხვის ყველაზე დაბალი პროცენტი მოქმედებს MBA-ს ყველა ამერიკულ პროგრამას შორის. 

სტენფორდის ბიზნესის სკოლა MBA-ს ხარისხით მსოფლიოს 23 მილიარდელმა დაამთავრა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი – ფილიპ ნაითია, რომლის აქტივების ღირებულება 22,4 მილიარდი დოლარია. იგი კომპანია NIKE-ის დამაარსებელია. ამავე სკოლის სხვა ცნობილი კურსდამთავრებულები არიან: General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარრა, ინვესტორი და მილიარდელი სიდ ბასსი, Time Warner-ის პრეზიდენტი ჯეფრი ბიუკსი, Anheuser-Busch InBev-ის გენერალური დირექტორი კარლოს ბრიტო, Trader Joe’s-ს დამაარსებელი ჯოზეფ კოლომბე, eBay-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ჯონ დონაჰიუ. 

1) ამ რეიტინგის ლიდერობა ჰარვარდის ბიზნესის სკოლამ (HBS) მოიპოვა. თვით ჰარვარდის უნივერსიტეტი (ამერიკის უძველესი სასწავლო დაწესებულება) 1636 წლის 8 სექტემბერს, ამერიკის კონტინენტზე პირველი კოლონისტების გამოჩენიდან 16 წლის შემდეგ შეიქმნა. მისი ისტორია მასაჩუსეტსის დასახლების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იწყება, რომლის მიხედვითაც ჰარვარდის კოლეჯი შეიქმნა. ეს სახელი თავისი პირველი მფარველის, ახალგაზრდა მინისტრის, ჯონ ჰარვარდის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც თავისი ანდერძით, 1638 წელს, გარდაცვალების შემდეგ, ახალ სასწავლო დაწესებულებას საკუთარი ქონების ნახევარი და ბიბლიოთეკა უსახსოვრა. ისტორიულად, ეს ბიბლიოთეკა ამერიკის კონტინენტზე მეორეა, ხოლო პირველი იეზუიტთა ორდენის მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. ეს ბიზნეს-სკოლა 1908 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან დაარსდა, ხოლო 1913 წელს ცალკე სასწავლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. ბიზნეს-სკოლა თავიდან ჩაიფიქრეს როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მომავალი დიპლომატებისთვის და სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფრანგული სკოლის მსგავსად. მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებულები ხელოვნების მაგისტრის ხარისხს (Master of Arts, MA) ჰუმანიტარული მეცნიერების დარგში `ბიზნესის~ სპეციალიზაციით მიიღებდნენ. 

დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებმა მაღალი პოზიციები დაიკავეს. მისი პოპულარობის ზრდას, პრესტიჟის მოპოვებას ხელი შეუწყო დღეს ფართოდ დამკვიდრებული ბიზნეს-განათლების მეთოდიკამ `ქეის სტადი~. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად არსებული კომპანიების მაგალითები სიტუაციების განხილვითა და შესაძლო ქმედებების გარჩევის მეშვეობით შეისწავლება. 

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული აქ მიღებული განათლების უმაღლესი დონის, მაღალი კონკურსის პირობებში ჩარიცხვის სირთულის, უდიდესი კარიერული შესაძლებლობების გამო გახდა. Fortune 500-ის სიაში შემავალი კომპანიების მმართველი პოზიციების 20% ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულებს უკავიათ. აქ სწავლას მხოლოდ მსურველი აბიტურიენტების 12% იწყებს. ორიენტაცია კეთდება პრაქტიკაზე, საერთაშორისო ბიზნესზე, მეწარმეობასა და ინოვაციებზე, სტუდენტების თანამეგობრობის ჩამოყალიბებაზე, ცოდნის ბაზის ფორმირებაზე. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კუთვნილებაშია საქმიანი ლიტერატურის გამომცემლობა Harvard Business School Publishing და ავტორიტეტული ყოველთვიური ჟურნალი Harvard Business Review. ამ ბიზნეს-სკოლის სტუდენტები შეისწავლიან ბიზნესში MBA-სა და PhD-ს, ასევე ორმაგ პროგრამებს ჰარვარდის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით. MBA-ს ორწლიანი პროგრამის შესწავლის ღირებულება აქ წელიწადში 59 ათასი დოლარი ღირს. 

პრესტიჟული საქმიანი გამოცემების რეიტინგებში, ჰარვარდის ბიზნესის სკოლა მსოფლიოს ბიზნეს-სკოლებს შორის სტაბილურად წამყვან ადგილებს იკავებს: იგი პირველია Financial Times-სა და U.S. News & World Report-ის, პირველია ჩრდილოეთ ამერიკაში QS Global 200 School Report-ის, მეორე Businessweek-ის, მესამე Forbes-ის, მეექვსე The Economist-ის მიხედვით. 

აქ საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მსოფლიოში დღეს მოღვაწე 64 მილიარდელმა მიიღო. ჰარვარდის ბიზნესის სკოლამ გაცილებით მეტ მილიარდელს მისცა განათლება, ვიდრე ნებისმიერმა ბიზნეს-სკოლამ მსოფლიოში. მაგალითად სამჯერ მეტი მილიარდელი, ვიდრე სტენფორდის ბიზნესის სკოლამ. 

ერთ-ერთი მათგანია 76 წლის ხორხე პაულო ლემანი, ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანი. მისი აქტივების ღირებულება 24,5 მილიარდ დოლარს უტოლდება. ის არის საინვესტიციო კომპანია 3G Capital-ის მფლობელი, რომელიც ფლობს, ან აკონტროლებს სხვადასხვა კომპანიებს Burger King-ის, Heinz-ის, Anheuser-Busch InBev-ის ჩათვლით. ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ასევე დაამთავრეს მსოფლიოს ცნობილი კომპანიების მეთაურებმა. მათ შორის არიან: მსოფლიოში ცნობილი მეწარმე და საბირჟო მაკლერი უილიამ ონილი, კონსულტანტი მენეჯმენტსა და ლიდერობაში, საინვესტიციო კომპანია Blackstone Group-ის შემქმნელი სტივენ შვარცმანი, American Airlines-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დონალდ კარტი, Vodafone Group-ის გენერალური დირექტორი ვიტტორიო კოლაო, JP Morgan Chasse-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეიმს დაიმონი, General Electric-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეფრი იმელტი, Boeing-ის გენერალური დირექტორი ჯეიმს უ. მაკნერნი, ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი. ეს უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი ასევე ამერიკის შვიდმა პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა, ჯონ კინსი ადამსმა, თეოდორ და ფრანკლინ დელანო რუზველტმა, რუტერფორდ ჰეისმა, ჯონ ფიტცჯერალდ კენედიმ და ჯორჯ ბუში-უმცროსმა დაამთავრეს. 

ვეფხია სამსონიძე