ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ჯიბის ბუღალტერიის შემქმნელი - კომპანია CASIO - #1(46), 2016
CASIO - არა მარტო ცნობილი იაპონური ფირმის სახელწოდებაა, რომელიც ამჟამად საათებს, მიკროგამომთვლელ მანქანებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს უშვებს, არამედ რეალური ადამიანის გვარია, რომლის ბიზნეს-წარმატებათა ისტორია ერთ ჩვეულებრივ, პატარა იაპონურ სოფელში დაიწყო. იგი არა ავანტიურიზმს, არამედ მონდომებულ შრომას, პირად ასკეტიზმს ეყრდნობა. ტადაო კასიომ, სწორედ ამ ორი მისაბაძი თვისების წყალობით, საკუთარი პატარა საწარმო უმაღლესი ტექნოლოგიების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად აქცია. მეოცე საუკუნის ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი სიმბოლო 1972 წელს გამოშვებული მსოფლიოში პირველი პორტატული გამომთვლელი მანქანა "კასიო მინი" გახდა, ხოლო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, ამ კომპანიამ გამომთვლელი მანქანების გარდა, საათების, ტელევიზორების, სინთეზატორების, ელექტრონული ბლოკნოტების, ფოტოაპარატების წარმოებაც დაიწყო. 

ტადაო კასიო 1917 წლის 26 ნოემბერს, იაპონიის დასავლეთში, კოჩის პრეფექტურაში, სოფელ უედაში დაიბადა. აქ ამჟამად პატარა ქალაქი ნანგოკუ-სიტი მდებარეობს. ტადაო სოფელში 1923 წლამდე ცხოვრობდა. იგი სხვაგვარ ცხოვრებას – ბრინჯის ყანაში მძიმე შრომის გარდა, ნამდვილად არ მოელოდა. მისი ოჯახის მრავალმა თაობამ სწორედ ამგვარად იცხოვრა. მინკა – სახლი, სადაც მომავალი `აზიელი ვეფხვი~ გაიზარდა, იყო ჩვეულებრივი, რომელიც მეზობელი გლეხების სახლებისგან არ გამოირჩეოდა. 1923 წელს, ტოკიოში მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ 100 ათასი იაპონელის სიცოცხლე შეიწირა. იაპონიის დედაქალაქი ხელმეორედ უნდა აეშენებინათ. კასიოს ოჯახს ქალაქში გადასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. ოჯახის უფროსს ეიმედებოდა, რომ მისი შვილები განათლების მიღებას შეძლებდნენ. მარტივი ცხოვრება არც დედაქალაქში გამოვიდა. მშენებლობაზე ცოტას იხდიდნენ, ამიტომაც ტადაოს სწავლის ფულის დასაგროვებლად, მამამისი ტრამვაიზე ზოგავდა, სამუშაოზე ფეხით დადიოდა, რასაც ხუთ საათს ანდომებდა. 

ტადაო ჭეშმარიტ იაპონელად თვლიდა საკუთარ თავს, ამიტომაც მამის ღალატი არ შეეძლო – იგი კლასში საუკეთესო იყო. 14 წლის ასაკში, სკოლის დასრულების შემდეგ, როგორც ფრიადოსანი, ძრავების დამამზადებელ ქარხანაში ხარატის თანაშემწედ აიყვანეს. ტადაო სამუშაოზე პირველი მიდიოდა, ხოლო ამ ადგილს ყველაზე ბოლოს ტოვებდა. ასეთი მონდომებისთვის, იგი სასწავლებლად საღამოს ტექნიკურ კურსებზე გაგზავნეს, რომლის ღირებულებასაც თვით ამ ქარხნის ადმინისტრაცია იხდიდა. მონოტონური შრომა მის მეამბოხე სულს არ აკმაყოფილებდა. იგი ყოველთვის მაღალტექნოლოგიური წარმოების შექმნაზე ფიქრობდა. საამისოდ, საკუთარ ძალებს არ ზოგავდა. ისეთ ფიზიკურ გამოფიტვამდე მივიდა, რომ არმიაში სამსახურზე უარი განუცხადეს. იმ დროის იაპონელისთვის, ეს უდიდესი სირცხვილი იყო. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანის დანახვისას, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, რადგანაც მისთვის თვალებში შეხედვის რცხვენოდა.
 
პირველი ნაბიჯები და პირველი მოგება 

`ხელების ჩამოშვებას იაპონური ტრადიციები არ გვკარნახობს ფრონტზე სამშობლოსთვის დახმარების გაწევა თუ შეუძლებელია, ზურგში უფრო მეტი ძალისხმევით არის შრომა საჭირო. მაშინ სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვებისთვის ყველაფერი აუცილებელი ექნებათ~ – ასე გადაწყვიტა ტადაომ და მისი ცხოვრებაში ასრულება დაიწყო. იგი სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ მცირე საწარმოში მუშაობდა, რომელსაც უმაღლესი მაჩვენებლები ჰქონდა არა მარტო რაოდენობის, არამედ ხარისხის მიხედვითაც. ტადაოსთვის ეს არასაკმარისი იყო. იგი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე ოცნებობდა, რომელიც ინსტრუქციების ჩარჩოებით არ იქნებოდა შეზღუდული. ამის მიღწევას მხოლოდ საკუთარი საწარმოს შექმნით თუ შეძლებდა. მან სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჭირო დეტალების გამოშვება, საკუთარი სახლის ეზოში აშენებულ მცირე სახელოსნოში დაიწყო. საჭირო სახარატო დაზგა მან იაფად იმ ქარხანაში შეიძინა, სადაც მანამდე მუშაობდა. პოტენციურ დამკვეთებთან კავშირები მანამდე დაამყარა, ხოლო ტექნიკური ჩვევები და ოსტატობა მას ნამდვილად ჰქონდა. მიზანმიმართულობისა და ოჯახური თანადგომის წყალობით, მან დაზგის შესაძენად აღებული სესხი სულ მალე დაფარა. მანამ არ დაქორწინდა, სანამ საამისოდ საჭირო ფული არ დააგროვა, რადგან უფულოდ დაქორწინება იაპონიაში მიღებული არასოდეს ყოფილა. 

მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ მისი ცხოვრება მკვეთრად შემოატრიალა: ამერიკულმა ბომბდამშენებმა მათი სახლი მთლიანად გაანადგურა. აწყობილი წარმოება დაინგრა, სამხედრო შეკვეთები (მათი მცირე საწარმოს შემოსავლების ძირითადი წყარო) შეწყდა. არმიიდან დაბრუნებულმა მისმა ძმებმა სამუშაო ვერ იშოვეს. მისმა ოჯახმა ცხოვრება ნახევრადმშიერ მდგომარეობაში გააგრძელა. სრულიად მოულოდნელად, ტადაოს საღარავი ჩარხი თითქმის უფასოდ შეთავაზეს, რომელიც ნამდვილად გამოადგებოდა. ჩარხის მეშვეობით ტაფების, ღუმელების, გასათბობი მოწყობილობების, პრიმუსების დამზადება იყო შესაძლებელი. 

ომისშემდგომ პერიოდში, იაპონიაში სწორედ ასეთ ნივთებზე იყო დიდი მოთხოვნა. უხერხულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს დაზგა საწყობში, ტოკიოდან 300 კილომეტრში იდგა. იმ პერიოდში ტრანსპორტის შოვნა (თუნდაც დიდი ფულის გადახდით), შეუძლებელი გახლდათ. საკუთარი თავგანწირვით კასიო-უფროსმა თითქმის შეუძლებელი შეძლო: ველოსიპედს ორთვალა გამოაბა და 500 კილოგრამიანი დაზგის ჩამოტანა მთიანი გზის გავლით, მხოლოდ ორ კვირაზე მეტი დროის გავლის შემდეგ შეძლო. ამ ძალისხმევამ ნამდვილად გაამართლა, რადგანაც დაზგის მეშვეობით გამომუშავებული ფულის წყალობით, ეს ოჯახი რთულ ომის შემდგომ პერიოდში სიღარიბეს გაექცა და მომავალზეც დაიწყეს ფიქრი. 

1946 წლის აპრილში, ტადაომ, თავის უმცროს ძმასთან, ტოსიოსთან ერთად, კომპანია `კასიო სეისაკუსიო~ შექმნა, რომელმაც სხვადასხვა მარტივი მოწყობილობების გამოშვება დაიწყო. მათ მოგვიანებით ძმები იოსიო და კაძუო მამასთან ერთად შეუერთდნენ. კომპანიის მენეჯმენტზე კასიო ჭეშმარიტი იაპონელის მსგავსად მსჯელობდა: `კომპანია ოჯახურმა კლანმა უნდა მართოს, მაგრამ მისი ყოველი წევრი ამ ფირმის სხვა თანამშრომლებზე უკეთესი უნდა იყოს, დაკავებულ თანამდებობას ნამდვილად უნდა შეესაბამებოდეს. აყვავებისთვის უმთავრესი – მიღებული გამოცდილების გაანალიზების უნარია. შეცდომების განმეორება დაუშვებელია~. 

სხვა მარტივ ნივთებთან ერთად, ახლადშექმნილი კომპანია მუნდშტუკებსაც უშვებდა, რომელიც რგოლის დამატებით უფრო მოთხოვნადი გახდა, ამიტომაც კარგად იყიდებოდა. ჩანაფიქრი მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო: იგი უფილტრო სიგარეტის მოწევის საშუალებას ბოლომდე, სამუშაოსგან მოუწყვეტლად იძლეოდა, თანაც მწეველებს თითებიც აღარ ეწვებოდათ. 

პირველი შეხვედრა გამომთვლელ მანქანასთან
 
1946 წლის ნოემბერში, ტოკიოს ერთ-ერთ თეატრში, იაპონიისთვის არატრადიციული ამბავი ხდებოდა: სცენაზე (რომლის დანიშნულებაც უმეტესი იაპონელის ღრმა რწმენით მხოლოდ უმაღლესი ხელოვნების წარმოჩინების ადგილია) ბიზნეს-წარმოდგენა მიმდინარეობდა. მათემატიკური გამოანგარიშების სისწრაფეში ერთმანეთს ელექტრონული გამომთვლელი მანქანით `შეიარაღებული~ ამერიკელი ჯარისკაცი და იაპონელი-ბუღალტერი ეჯიბრებოდნენ. ეს უკანასკნელი ტრადიციულ, ძვლის კოჭებიან საანგარიშოს იყენებდა. თეატრში შეკრებილი აუდიტორია აშკარად ამერიკელ ჯარისკაცს გულშემატკივრობდა. იკვეთებოდა იაპონელთა აშკარა სურვილი ერს ლიდერობა არა მარტო სამურაების გმირობებით, არამედ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დარგშიც მოეპოვებინა. ამერიკელთა შექმნილი გამომთვლელი მანქანა იმ პერიოდში ნამდვილ სასწაულად ითვლებოდა. აქ მოსახვედრად ბილეთი ძვირი ღირდა, მაგრამ ამ წარმოდგენას მაყურებელი ნამდვილად არ აკლდა. ყველას საკუთარი თვალებით სურდა ეხილა არა მარტო ამ სასწაულმოქმედი მანქანის მექანიზმი, არამედ იმ ოპერატორის ქმედებებიც, რომელიც იდუმალი ღილაკების მეშვეობით ამ მანქანას მოხერხებულად მართავდა.
 
თანამემამულე-ბუღალტერის გამარჯვების მიუხედავად, იმ საღამოს, თეატრში მოსული საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ მომავალში, ხელით ანგარიშის პროცესს გამომთვლელი მანქანები ჩაანაცვლებდა, ხოლო აქ შემთხვევით მოხვედრილი ტადაო კასიო კიდევ უფრო შორს წავიდა: იგი ფიქრობდა, რომ მსგავს ტექნიკას მომავალში დიასახლისებიც მარტივად გამოიყენებდნენ. 1949 წელს, ტადაომ უმცროს ძმებთან ერთად, ტოკიოში, პირველ ბიზნეს-გამოფენაზე ელექტრონული კალკულატორი ნახა. მათ გადაწყვიტეს, რომ გაყიდვისგან მიღებული მოგება კალკულატორის საკუთარი მოდელის შესაქმნელად გამოეყენებინათ. იმ პერიოდში, ამ მოწყობილობათა უმეტესობა ხელით, ან ძრავის (არითმომეტრის) მეშვეობით იმართებოდა. 
შემდგომში, ტადაომ ძმებთან ერთად გამომთვლელი მანქანების შექმნას თავისი შემდგომი ცხოვრება დაუკავშირა. 

პირველი ორიგინალური გამომთვლელი მანქანა იაპონიაში 

იმ პერიოდში, კალკულატორების უმეტესობა მექანიკური იყო. მაშინდელ მოწყობილობებში ელექტრონულ სქემებს არ იყენებდნენ. იაპონიაში, იმ დროში გამოყენებულ კალკულატორთა ძირითადი ტიპი კბილანებისა და სახელურის ამოქმედებით მუშაობდა. ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კბილანების ამუშავება მცირე ძრავის მეშვეობით ხდებოდა, მაგრამ მსგავსი ძრავების იაპონიაში წარმოება შეუძლებელი იყო, რადგან მაშინ ხელმისწავდომი არ იყო არც ძრავის დასამზადებელი ძვირადღირებული მასალა და არც ტექნოლოგიები. ამიტომაც, ძრავის გამოყენებაზე უარის თქმა უწევდათ. ტადაო კასიო კალკულატორების დიდი რაოდენობის წარმოების იდეამ იმდენად შეიპყრო, რომ 1950 წლის იანვარში, საკუთარ ძმას, ტოსიოს დაავალა გამომთვლელი მანქანის ორიგინალური იაპონური მოდელის პროექტირება დაეწყო. ძმებს არასაკმარისად მიაჩნდათ საკუთარი წარმოების ფლობა, მათ სურდათ საკუთარი იდეაც გაეცოცხლებინათ და აემოქმედებინათ. ეს სრულყოფილად შეესაბამებოდა უძველეს იაპონურ სიბრძნეს, რომლის მიხედვითაც `უნდა გქონდეს ყველაფერი საკუთარი, რომ იყო თავისუფალი ადამიანი და არა მონა~. 

ჩაფიქრებული გამომთვლელი მანქანა წინამორბედებისგან საფუძველშივე განსხვავდებოდა. მთავარი განსხვავება სოლენოიდების – ცილინდრის ფორმის ხვეულების გამოყენება იყო. ამ პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ფულს კასიო დღისით გამოიმუშავებდა, ხოლო ღამით, დასვენების დღეებში გამომთვლელი მანქანის შექმნაზე ძმებთან ერთად შრომობდა. ამოცანა იმით რთულდებოდა, რომ ფინანსური შესაძლებლობების არქონის გამო, სხვებს სამუშაოდ ვერ მოიწვევდა, ამიტომაც ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა მთლიანად ტოსიოს – საკუთარ ძმას ჩააბარა. მას იმ მომენტისთვის სპეციალური, სათანადო განათლება ჯერ არ გააჩნდა, ამიტომაც საქმიანობასთან ერთად, სწავლაც უხდებოდა. საცდელი ნიმუშის შექმნაზე ხუთი ხანგრძლივი წელი დაიხარჯა, მაგრამ უკვე შემუშავების სტადიაზე მოძველებული იყო, რადგანაც ე.წ. უწყვეტობის ფუნქცია მასში არ არსებობდა: ერთი მოქმედების შესრულების შემდეგ, მიღებული შედეგი მანქანას უნდა გაექრო, რომ შემდეგი ოპერაცია შეესრულებინა. წარუმატებლობამ ტადაო ვერ შეაჩერა. მან ბანკში სესხი მუშაობის გასაგრძელებლად აიღო. ახალი გამომთვლელი მანქანის შექმნის პროცესში გაირკვა, რომ არა მარტო საბაზო შესაძლებლობები, არამედ თვით მისი მუშაობის პრინციპიც მოძველდა. კონსტრუქციის შეცვლა, რელეს უფრო პროგრესულ სისტემაზე გადასვლა იყო საჭირო. 

ახალი ტიპის გამომთვლელი მანქანა 120 კილოგრამს იწონიდა, იყო ერთ მეტრამდე სიმაღლის. იმ დროისათვის ეს გრანდიოზული წარმატება, ტრიუმფი იყო. უცხოურ ანალოგებთან შედარებით, უკეთესი ტექნიკური მაჩვენებლები საშუალებას იძლეოდა `CASIO 14 A~-ს უფრო მეტი გასაყიდი ფასი ჰქონოდა. იგი 485 000 იენი ღირდა, ხოლო მისი სახელწოდება მიუთითებდა, რომ ეს გამომთვლელი მანქანა 14-ნიშნა ციფრების გამოყენებით მუშაობდა. იგი თავის თაობაში პირველი იყო. ამ სიახლის წარმატება გარანტირებული იყო: იაპონიაში ადგილო¬ბრივი წარმოების საქონელს დაწყებული ბრინჯიდან და ტექნიკით დამთავრებული – უფრო მეტად აფასებდნენ. `CASIO 14-A~ ის შემდეგ, 1959 წლის მაისიდან კომპანიამ `CASIO 14-В~-ს გამოშვებაც დაიწყო, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენებოდა. წინა მოდელის შეძენისას, იაპონიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი ამ კომპანიის მიერ გამოშვებულ მოწყობილობას დამატებითი ფუნქციის მეშვეობით, კვადრატული ფესვის დაანგარიშება შეძლებოდა. მანამდე, `CASIO 14-A~-ს შექმნა კომპანიაში ფინანსური გამოთვლების გასაადვილებლად გადაწყვიტეს, მაგრამ არ უფიქრიათ, რამდენად ფართოდ შეიძლებოდა მისი გამოყენება ტექნიკურ გამოთვლებში. კვადრატული ფესვის გამოანგარიშების ფუნქციის დამატების გარდა, ახალ მოწყობილობაში მცირე ციფრების დაანგარიშების ფუნქციაც დაემატა, რომლის მოქმედების პრინციპიც ასევე ტოსიომ, ტადაოს ძმამ მოიფიქრა. 

კომპანიის მუშაობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. 1958 წლის მარტის ბოლოს რეალიზებული პროდუქციის მოცულობა 5 მილიონ 700 ათას იენს შეადგენდა. 1959 წლის მარტის ბოლოსთვის (ზუსტად ერთ წელიწადში!) იგივე მაჩვენებელი 37 მილიონ იენამდე გაიზარდა, 1960 წელს 118 მილიონ იენას გადააჭარბა, ხოლო 1961 წელს 268 მილიონ იენას მიაღწია, რაც იმ პერიოდისთვის გაუგონარი ზრდის ტემპი იყო. იმავე პერიოდში, შესაბამისად გაიზარდა ამავე კომპანიის მოგებაც: 1958 წელს თუ კომპანიამ 1,5 მილიონი იენით იზარალა, 1959 წელი უკვე 2-მილიონიანი მოგებით დაასრულა; 1960 წელს მოგების მაჩვენებელმა – 14 მილიონს, ხოლო 1961 წელს – 48 მილიონ იენას მიაღწია. ასევე გაიზარდა ამავე კომპანიის მიერ გამოშვებული გამომთვლელი მანქანების რაოდენობაც და თვეში 200 ეგზემპლარს გადააჭარბა. იმავე პერიოდში გაიზარდა კომპანიის ძირითადი კაპიტალის მოცულობაც. 
ამ კომპანიის მიერ მოპოვებულმა ფინანსურმა წარმატებებმა ახალი ქარხნის მშენებლობის აუცილებლობა წარმოშვა. ნისიოკუბოში შესაფერისი მიწის ნაკვეთის მოძიება ვერ მოხერხდა. ამ საქმის მოგვარებას ოჯახის უფროსი, ტადაოს მამა – სიგერუ შეუდგა. მან მიწის ორი ნაკვეთი კოდაირაში და იამატომატიში (კიტატამას მაზრა) მოიძია. კოდაირაში მიწის ნაკვეთის შეძენაზე მოლაპარაკებები ერთ-ერთმა მსხვილმა იაპონურმა კომპანიამ დაიწყო, ამიტომ მიწაზე ფასმა ძალიან მოიმატა. კომპანიის მფლობელთა არჩევანი იამატომატიზე შეჩერდა, სადაც თავდაპირველად 700 ცუბო (2300 კვადრატული მეტრი) შეიძინეს. იქ ინდუსტრიალიზაცია სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. 

იმ პერიოდში მიწის გაყიდვის მსურველი ბევრი იყო, ამიტომაც კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწების მოცულობამ საბოლოო ჯამში 2 ათას ცუბოს (6600 კვადრატული მეტრი) მიაღწია. კოდაირაში პირობები უკეთესი იყო, რადგანაც ახალი ქარხნის მშენებლობისთვის შესყიდული მიწების ტერიტორიაზე არც ელექტროობა, არც სასმელი წყალი, არც აუცილებელი მოწყობილობები არსებობდა. ეჭვს იწვევდა ისიც, კომპანიის ადმინისტრაცია ახალი საწარმოს ასამოქმედებლად საკმარისი რაოდენობის მუშების მოზიდვას შეძლებდა თუ არა. ამის მიუხედავად, ახალი მიწის ნაკვეთის სიდიდეზე ყველა აღტაცებით საუბრობდა, რადგანაც ნისიოკუბოში არსებული კომპანიის ქარხანა მცირე მიწის ნაკვეთზე იდგა. ახალი მიწის ნაკვეთის ათვისებისას, მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვა. სამრეწველო გამოყენების პირობებს შეძენილი მიწის მხოლოდ ერთი ნაწილი შეესაბამებოდა. ნახევარზე მეტი დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენდა, ამიტომაც ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ფირმის ხელმძღვანელები საწარმოს მშენებლობის უფლების მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში ემუდარებოდნენ. შემდეგი პრობლემა წყალთან დაკავშირებით გაჩნდა. სხვადასხვა ადგილზე წყლის აღმოჩენის მრავალმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. ბოლოს გაირკვა, რომ წყლის მოპოვება ამ რაიონში მხოლოდ 50 მეტრის სიღრმეზე იყო შესაძლებელი, ხოლო 30 მეტრის სიღრმეზე ქვის მყარი მასები იყო, რომლის დაძლევა გართულდებოდა. 

სამრეწველო წყლის მოზიდვა ახალი ქარხნის მშენებლობისთვის ერთი კილომეტრის მანძილიდან კასრებით დაიწყეს. ელექტროხაზი ხუთასი მეტრის მანძილზე გაიჭიმა. ყველა წარმოქმნილ სირთულეს, უდრეკი ხასიათის წყალობით, კომპანიის ხელმძღვანელობამ წარმატებით გაართვა თავი. 

ოჯახურმა საბჭომ, იმავე პერიოდში გადაწყვიტა, რომ დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად Casio Computer-ის რეორგანიზაცია განეხორციელებინათ და იგი სააქციო კომპანიად გარდაექმნათ. 1960 წელს ტადაო რეორგანიზებული კომპანიის პრეზიდენტი გახდა. წარმოება გააფართოვეს, ქალაქ მიტაკეში ახალი ქარხანა ააშენეს. გაიხსნა თანამშრომელთა ტექნიკური სწავლების კურსები. მუშაობა არ შეჩერებულა იმის გამოც, რომ პრეზიდენტს ტუბერკულოზი გაურთულდა. 

ტადაო კასიომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი საწარმო ჭეშმარიტად იაპონური სულისკვეთებით გაჟღენთილიყო. იმ ურთულეს დროში ეს `სამშობლოს საკეთილდღეოდ შრომას~ ნიშნავდა. დაინგრა დიდი იაპონური იმპერიის აშენების ოცნება, ამიტომაც იაპონელებს საკუთარი პატრიოტიზმის რეალიზება მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეეძლოთ. გადაწყდა იმ ქვეყნების ბაზრების გაფართოება ეკონომიკური ექსპანსიის გზით, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოიპოვეს. ფირმის მოცულობისა და სტატუსის მიუხედავად (სადაც იაპონელი მუშაობდა), იგი მისი სიამაყე, საწარმოს წარმატება მასში მომუშავე ადამიანების საკუთარი წარმატება, ხოლო დამარცხება – პირადი ტრაგედია იყო. ტადაოს ფირმა ამ მიმართულებით, სხვა იაპონური კომპანიებისგან ნამდვილად არ განსხვავდებოდა. აქ ადამიანები გონების დაკარგვამდე მუშაობდნენ. საკუთარი ცხოვრების უმთავრეს საქმედ სწორედ საკუთარი კომპანიის წარმატებას მიიჩნევდნენ. დაუდგრომელმა გამომგონებელმა ტოსიომ ფერადი მავთულების გამოყენება მოიფიქრა, რომ სხვადასხვა კვანძების ასაწყობად მუშებს საქმიანობა გაადვილებოდათ. 

მოგვიანებით, ეს სიახლე ყველგან დაინერგა. ფირმის მეთაურთა პერსონალზე ზრუნვა ამით არ შემოიფარგლებოდა: სპეციალური განკარგულებით, მუშებისთვის მთის წყაროებიდან სასმელი წყალი ჩამოჰქონდათ. მათ უფასო სადილით კვებავდნენ, სადაც ზუსტად იყო დაანგარიშებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების რაოდენობა. ქარხნის გვერდით შესანიშნავი სპორტული მოედნებიც აშენდა. 

მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი 

იმ დროისთვის, უნივერსალური და უზუსტესი გამომთვლელი მანქანების შექმნა იაპონიის საერთო ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. კომპანია `კასიომ~ დიდი შეკვეთების მიღება დაიწყო. სარელეო კალკულატორებისგან დიდი მოგების მიღება მსოფლი¬ოში ტექნოლოგიური სიახლეების ახალ ტალღას დაემთხვა. ბრიტანეთში ელექტროკალკულატორი შეიქმნა, რომელიც ცოტა ხნით ადრე გამოგონებული ტრანზისტორების მეშვეობით მუშაობდა. იაპონურ საწარმოებს სასწრაფოდ მსგავსი პროდუქციის გამოშვება უნდა დაეწყოთ. ელექტროკალკულატორი სარელეოზე უფრო სწრაფად მუშაობდა, თანაც მისი მოთავსება სამუშაო მაგიდაზე მცირე ზომის გამო უკვე შესაძლებელი იყო. გამომთვლელი მანქანების ელექტრონული მოდელების შექმნით, ამ ფირმის სარელეო კალკულატორების გაყიდვების მოცულობა კატასტროფულად შემცირდა, ამიტომაც საწყობებში გაუსაღებელი საქონელი ძალიან ბევრი დაგროვდა. კომპანია CASIO ტრანზისტორული ელექტრონული კალკულატორების შექმნის მიმართულებით კვლევებს ატარებდა, მაგრამ იმდენად მოიხიბლა სარელეო კალკულატორების გაყიდვებისგან მიღებული მოგებით, რომ კონკურენტებს სიახლეების დანერგვაში ჩამორჩა. ეს იყო პირველი კრიზისი ამ კომპანიის შექმნის დღიდან. 

ამით კომპანია Sharp-მა კარგად ისარგებლა და ახალი თაობის ელექტრონული გამომთვლელი მანქანები ბაზარზე გასაყიდად გამოიტანა. ტექნიკური ჩავარდნის გამო, ქარხნის ჩინოვნიკები – `თეთრი საყელოები~ ტერიტორიის მოსაწყობად საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად გაუშვეს. ისინიც მორჩილად ასუფთავებდნენ მიწას ბალახისგან. ამ სამუშაოს შესრულებას სამარცხვინოდ არ თვლიდნენ, თუკი ფირმის მეპატრონეებს მიაჩნდათ, რომ ეს კომპანიის კეთილდღეობისთვის იყო საჭირო. თანამშრომლები კომპანიის ფინანსური ჩავარდნის აღსანიშნავად სამგლოვიარო ტანსაცმელსაც ატარებდნენ. ამავე კომპანიის ტექნიკურ ლაბორატორიებში გამომთვლელი ტექნიკის პრინციპულად ახალი სახეობის შესაქმნელად მუშაობა შეუსვენებლად მიმდინარეობდა. სირთულეების მიუხედავად, ამავე კომპანიაში სპონტანურად `მოძრაობა საყოველთაო სწავლისთვის~ წარმოიშვა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების დარგში კომპანიის ყველა თანამშრომლის ცოდნის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, იაპონიაში ეკონომიკური ვარდნა დაიწყო. ასეთ პირობებში, კომპანიისთვის ტრანზისტორებზე მომუშავე ახალი საქონლის გაყიდვაც გართულდა. დიდი ფასდაკლებით მოხერხდა სარელეო გამოთვლითი მანქანების გასაღება, რომელიც საწყობებში ძალიან ბევრი დაგროვდა. იმ პერიოდში, ამ კომპანიის ფინანსური შედეგები ძალიან სავალალო იყო. 1966 ფინანსური წელი, ამ კომპანიამ 3 მილიონი იენის ზარალით დაასრულა. მსგავსი დეფიციტი 1958 წლის შემდეგ (როცა კომპანია შეიქმნა) პირველად დაფიქსირდა. გამომთვლელი მანქანის ახალი ნიმუში სერიული წარმოებისთვის 1965 წელს მომზადდა. ახალი თაობის უახლესმა ელექტრონულმა გამომთვლელმა მანქანამ სახელწოდებად 001 მიიღო. იგი მეხსიერებისა და მუდმივი რიცხვების ფუნქციით აღჭურვეს, რასაც კონკურენტი ფირმების მიერ გამოშვებულ მოწყობილობებში ვერ მოიძიებდით. მოდელი `164~ სამეცნიერო-ტექნიკური საჭიროებებისთვის იყო გათვლილი და 16-ნიშნა ციფრებით მუშაობდა. ეს სიახლეები იაპონურმა ბაზარმა კარგად მიიღო და კომპანიის ბიზნესი თანდათან გამოსწორდა. 

იაპონიაში გაყიდვების მოცულობის ზრდის გამო, უცხოეთიდან წინადადებებიც შემოვიდა. კომპანიაში გადაწყდა, რომ მისი გაუმჯობესებული ვერსია `CASIO 101~ უცხოეთის ბაზრის დასაპყრობად გამოეშვათ. საქონლის შექმნა მის გაყიდვას დიდი რაოდენობით სულაც არ ნიშნავს. ადგილობრივი და მსოფლიო ბაზარი კონკურენტების მიერ მსგავსი საქონლით იყო ოკუპირებული. კომპანიამ სამიზნედ პირველ რიგში ამერიკისა და ევრო-პის უდიდესი ქალაქები აირჩია. ამისათვის, აქ საფირმო მაღაზიები გაიხსნა, ხოლო ყოველი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით თანამშრომლებს სპეციალური სისტემით არჩევდნენ და ასწავლიდნენ. `CASIO 101~ 1966 წელს, თავდაპირველად ავსტრალიის ბაზარზე შეიტანეს. ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ შვეიცარიაში თავისი პირველი ევროპული სავაჭრო წარმომადგენლობა, ხოლო შემდეგ კი ამერიკაში შვილობილი კომპანია გახსნა. ამასობაში, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების დარგში უდიდესი ცვლილებები მიმდინარეობდა. თავდაპირველად, ეს მოწყობილობები სარელეო გამომთვლელ მანქანებთან შედარებით მეტი კომპაქტურობით გამოირჩეოდა, ამიტომაც მათ `სამაგიდო~ უწოდეს, რადგანაც ჩვეულებრივ საწერ მაგიდაზე თავსდებოდა. ამის მიუხედავად, `სამაგიდო~ გამომთვლელი მანქანების წონა 25 კილოგრამს აღწევდა. 1967 წლიდან დაწყებული, ახალი ელემენტების, ასევე ე.წ. `მრავალკონტურული სქემების~ (ІС) შემუშავებისა და გამოყენების წყალობით, გამომთვლელი მანქანების ზომებისა და წონის შემდგომი შემცირება გაგრძელდა. 

ამ კომპანიის კვლევითმა ჯგუფმა მიაღწია იმას, რომ ერთბაშად რამდენიმე ტრანზისტორი ნახევარგამტარებმა ჩაანაცვლა, რის შედეგადაც `სუპერმრავალკონტურული სქემები (LSI) და სუპერ LSI შეიქმნა. ამ სიახლეებში ერთი და იგივე იდეა იყო ჩადებული, სხვაობა მხოლოდ მის დატვირთულობაში იყო: ფუნქციების მიხედვით, რაც უფრო მეტად იყო დატვირთული ესა თუ ის ელემენტი, მით უფრო მეტად იაფდებოდა ყოველი ელემენტი. ფუნქციების დატვირთულობა და ელემენტების დაბალი თვითღირებულება იმ პერიოდში შექმნილი ელექტრონიკისთვის დამახასიათებელი თვისება იყო. ელექტრონული გამომთვლელი მანქანების შექმნის კონკურენტულ ბრძოლაში ორმოცდაათამდე კომპანია ჩაერთო, რასაც `მაგიდის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების ომი~ უწოდეს. 

მაგიდის კომპიუტერთა ომი 

1969 წლის ოქტომბერში, კომპანიამ კოფუში ახალი ქარხნის პირველი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. იგი კოსიუ გაიდოს დიდ ტრასასთან ახლოს მდებარეობდა. ომის შემდეგ პერიოდში, ოჯახის უფროსმა 500-კილოგრამიანი დაზგა (რომელიც შემდგომში ოჯახის `მარჩენალი~ გახდა) სუვადან ტოკიოში ველოსიპედისა და ორთვალას მეშვეობით სწორედ ამ გზით გადმოიტანა. მაშინ, იამანასის პრეფექტურის მაცხოვრებლებმა განსაკუთრებული სიკეთე გამოიჩინეს და კასიო-უფროსს გზის განსაკუთრებით რთულ მონაკვეთებზე ფიზიკურად ეხმარებოდნენ. მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერების ნიშნად, ოჯახის უფროსის გადაწყვეტილებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სწორედ ამ რეგიონში გადაწყდა. 

ამავე კომპანიამ, მიწის ახალი ნაკვეთი ტოკიოს როპონგის რაიონში ახალი მთავარი შტაბ-ბინის მშენებლობისთვის შეიძინეს. მაგიდის გამომთვლელი მანქანების ბაზრის მოსაპოვებლად განსაკუთრებული კონკურენტული ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში გაიმართა, რომელსაც სათავე კომპანია SHARP-მა დაუდო. 1964 წელს, სწორედ ამ ფირმამ გამოუშვა მაგიდის კომპიუტერების პირველი პარტია, რომელიც 535 ათასი იენი ღირდა. ანალოგიურ მანქანებს, იგივე კომპანია 1969 წლისთვის უკვე 100 ათას იენად ჰყიდდა. მათი გაიაფება იმით მიაღწიეს, რომ პირველად მსოფლიოში სუპერმრავალკონტურული სქემები LSI ჩვეულებრივი ტრანზისტორებისა და მრავალკონტურული ІС სქემების ნაცვლად გამოიყენეს. 

კომპანია Sharp იმ პერიოდში გამოვიდა ლოზუნგით: `ოფისის ყოველ განყოფილებას ერთი კომპიუტერი~ და შემდეგ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ხუთი წლის განმავლობაში მაგიდის კომპიუტერების ღირებულება ხუთჯერ შემცირდა. ეს `მაგიდის კომპიუტერთა ომის~ მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ პერიოდში, კომპანიების `ვიზიკონი~ `სისტეკი~, `კასკო~ (რომელთა სპეციალიზაცია გამომთვლელი მანქანების წარმოება იყო), ანალოგიურ წარმოებაში სხვა დიდი კომპანიებიც ჩაერთვნენ, მათ შორის: Sharp, Hitachi, Toshiba, Sony, Ricoh. 

კომპანია `კასიო~ ტოკიოს საფონდო ბირჟის მეორე განყოფილებაში სააქციო კომპანიად დარეგისტრირდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ამ კომპანიის საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციის დღეს, მისი ყოველი აქციის ღირებულება სავარაუდოზე გაცილებით მეტი იყო და 630 იენს მიაღწია, ხოლო იგივე მაჩვენებელი უკვე ერთი თვის შემდეგ, 859 იენამდე გაიზარდა. 1971 წლის მარტისთვის, კომპანიის კაპიტალი 30%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც 650 მილიონ იენს მიაღწია. 1972 წლის მარტისათვის, ამავე კომპანიამ 12 მილიარდ 300 მილიონი იენის ღირებულების საქონელი გაყიდა. აქციონერებმა დივიდენდების 30% მიიღეს, ხოლო კომპანიის კაპიტალი 1 მილიარდ იენამდე გაიზარდა. ნახევარგამტარების ამერიკელმა მწარმოებლებმა ერთჩიპიანი ნახევარგამტარების გამოშვება და იაპონიაში გაყიდვა დაიწყეს, რის შემდეგაც გამომთვლელი მანქანების მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1971 წლის აპრილში, კომპანია Omron-მა ბაზარზე გასაყიდად პირველად გამოიტანა გამომთვლელი მანქანები, რომელთა ღირებულება 50 ათას იენზე ნაკლები ღირდა. ამ კომპანიის მიერ `მოდელი 800~-ის გამომთვლელ მანქანაში ერთი ტრანზისტორი გამოიყენეს, მაშინ, როცა კომპანია `შარპის~ მიერ გამოშვებულ მოდელ Micro Compet-ში ოთხ LSI-ს იყენებდნენ. ამ ბაზარზე გამოსულ ყველა კომპანიაში გაცნობიერებული ჰქონდათ ერთი ჭეშმარიტება: ყველაზე მეტ მოგებას ის საქონელი იძლევა, რომელშიც უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება. ეს სწორი იყო გამომთვლელი მანქანების ბაზართან მიმართებაშიც. 

კომპანია `კასიოს~ რეალიზაციის განყოფილებაში უკვე დიდი ხანი ტრიალებდა მოსაზრება, რომ `50 ათას იენაზე უფრო ნაკლები ფასის პირობებში, გამომთვლელი მანქანა ყოველი მყიდველისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი~. ამით გამომთვლელი მანქანების ბაზარი უჩვეულოდ გაფართოვდებოდა, რომელიც მანამდე სახელმწიფო დაწესებულებათა, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიების ოფისებისთვის იყო გათვლილი. უფრო მეტიც, გამომთვლელი მანქანის გამოყენებას იაპონური მარტივი საანგარიშოს მსგავსად, ყველა შეძლებდა. იმავდროულად, კონკურენციას ფასების მიმართულებით, დიდი გაკოტრებაც შეიძლებოდა გამოეწვია, თუ ხელიდან შანსს გაუშვებდნენ და საცალო ღირებულებას არასწორად გამოიანგარიშებდნენ. 

ასეთი კონკურენციის პირობებში, კომპანიამ `კასიომ~ ბაზარზე გასაყიდად გამომთვლელი მანქანა – მოდელი `AS-8~ გამოიტანა, რომლის ღირებულებაც 37.800 იენი ღირდა. `მაგიდის გამომთვლელი მანქანების ომის~ პერიოდს კომპანიის მეთაური, ტადაო კასიო შემდგომში სიამაყით იხსენებდა, რადგანაც ამ ბრძოლაში მისი კომპანია ყოველთვის ლიდერობდა. ახალი მოდელების შემუშავებისას, თავდაპირველად ნახაზები მზადდებოდა, მაგრამ მის გადაქცევას მზა მოწყობილობად არ ჩქარობდნენ. კონკრეტულ პროექტს შემდეგ შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: `არის თუ არა შესაძლებელი გამომთვლელ მანქანაში დეტალების რაოდენობა 20%-ით, ხოლო მისი ღირებულება 30%-ით შემცირდეს?~. მსგავსი პრაქტიკა აქ ჯერ ექვს თვეში ერთხელ, შემდეგ კი სამ თვეში ერთხელ დაინერგა. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი. 

კომპანია `კასიომ~ კონკურენტულ ბრძოლაში იმიტომაც გაიმარჯვა, რომ ყოველი ახალი მოდელის შემუშავებისას თვითღირებულებაზე და გასაყიდ ფასზე აუცილებლად ფიქრობდნენ. აქ შეცდომის დაშვება დაუშვებელი იყო. სიტყვები: `უკანდახევა დაუშვებელია!~ `შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები~, _ ამ კომპანიაში ლოზუნგებად იქცა, რომელთა მეშვეობით, მისი თანამშრომლები ყოველთვის ახალი იდეებით გამოდიოდნენ, მათ ახალ მოდელებში ნერგავდნენ. 1972 წლის მაისში გამართულ კომერციულ გამოფენაზე კომპანიამ მაგიდის გამომთვლელი მანქანების 11 მოდელი გამოიტანა. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ადრევე მომზადდა LSI-ს სისტემები ახალი ფუნქციებით, რომლებიც ამ გამომთვლელ მანქანებში გამოიყენეს. 
სპეციალური კოდების მეშვეობით, სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებით, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ერთი მოდელის მეორეთი შეცვლა სწრაფადვე ხდებოდა. ამ კომპანიაში ასეთ სისტემას ROM (Read Only Memory) უწოდეს. ამ გარემოებებმა `კასიოს~ ფასების კონკურენციის პირობებში ლიდერის პოზიციის შენარჩუნების საშუალება მისცა, თუმცა, მთავარ ამოცანად მაინც რიგითი მომხმარებლის ფართო ბაზარზე დამკვიდრების აუცილებლობა იყო. კომპანიის მესვეურთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მაგიდის გამომთვლელ მანქანებზე ფასების 40 ათას იენამდე შემცირებამ ინდივიდუალური მომხმარებლების ბაზარი ვერ გააღო. საჭირო გახდა საწყისი იდეის ძირფესვიანად შეცვლა. რა ღირებულების უნდა ყოფილიყო იგი, რიგით მომხმარებელს რომ თავისუფლად შეეძინა? 

ამ კომპანიის კვლევითი განყოფილების ახალგაზრდა თანამშრომლებმა მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ რიგითი მომხმარებლისთვის გამომთვლელი მანქანების ღირებულება დაახლოებით 10 ათასი იენის ფარგლებში უნდა დაედგინათ, რაც 1971 წლისათვის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებულის პირველადი ხელფასის მეოთხედი იყო. ისინი რაიმე გამოთვლებით არ მისულან ამ დასკვნამდე. ხშირად დადიოდნენ ბოულინგის დარბაზებში, სადაც ქულების დასათვლელად ძალიან ბევრი დრო იხარჯებოდა, რაც ძალიან აღიზიანებდათ. 

მათ გაუჩნდათ იდეა სამი ან ოთხციფრიანი გამომთვლელი მანქანა შეექმნათ, რომელიც ამ საქმეს გააადვილებდა. ამ იდეის რეალიზაციისთვის საცდელი ნიმუში დამზადდა, მაგრამ ამასობაში, ბოულინგის მოედნების ბიზნესი ქვეყანაში წამგებიანი აღმოჩნდა. გასაღების ბაზარზე შეფერხების მიუხედავად, მუშაობა კომპანიაში მაინც გაგრძელდა. მთავარი მოტივი გამომთვლელი მანქანების გასაყიდი ღირებულების 10.000 იენამდე შემცირება იყო, რომ იგი უფრო მეტი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იმ დროისათვის, საწარმოების უმრავლესობა `გამომთვლელი მანქანების ომში~ დამარცხდა. მათი პროდუქცია ბაზრიდან მალევე გაქრა. 

`კასიოში~ ასეთი `ფუფუნების~ უფლებას საკუთარ თავს ვერ მიცემდნენ, რადგანაც ცოტა ხნით ადრე ტოკიოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრაცია გაიარეს, რაც ძალზე პრესტიჟული, საამაყო მოვლენა იყო ამ ფირმის არსებობის ისტორიაში. უკანდასახევი გზა უბრალოდ არ არსებობდა... ასე მარტივად გამომთვლელი მანქანების ბაზრიდან ეს კომპანია ვერ გავიდოდა, რადგანაც სხვა კომპანიები ზარალს თუ განსხვავებული საქონლისგან მიღებული შემოსავლებით ფარავდა, კომპანია `კასიო~ მხოლოდ გამომთვლელ მანქანებს უშვებდა, რაც ამ მონომწარმოებლის ერთდროულად სუსტი და ძლიერი მხარე იყო. 

კომპანიის გამორჩეული სპეციფიკა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი მომავალი სწორედ ერთი საქონლის ხარისხით განისაზღვრებოდა, რაც თავის მხრივ აქ მომუშავე ადამიანებზე იყო დამოკიდებული. ისინი მუშაობის დაწყებიდან 4-5 წელიწადში, მნიშვნელოვან განყოფილებებში ლიდერ-სპეციალისტებად გარდაიქმნებოდნენ, რომლებსაც საკუთარი რისკისა და შიშის ფასად სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა შეეძლოთ. ამ კომპანიისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ატმოსფერო, როცა 30 წელს მიღწეული სპეციალისტები ზევიდან მითითებებს არ ელოდნენ, ისეთი თავდაჯერებით მოქმედებდნენ, თითქოსდა ვეტერანები ყოფილიყვნენ. კომპანიის წარმატებები სწორედ ასეთმა სულისკვეთებამ განაპირობა. 

CASIO-მ ზრდა მსოფლიო მასშტაბით დაიწყო. ხელმძღვანელობის მიერ არჩეული გეგმა ნამდვილად სწორი აღ-მოჩნდა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან, ამ კომპანიამ საკუთარი რეპუტაცია მთლიანად აღიდგინა. 1972 წლის თებერვალში, ბაზარზე პირველი სამეცნიერო კალკულატორი გამოვიდა. მანამდე, ტრიგონომეტრიული გამოთვლებისთვის კომპიუტერი იყო საჭირო, რომელიც მილიონი იენი ღირდა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამ კომპანიამ პერსონალურ კალკულატორში სამეცნიერო ფუნქციების ინტეგრირების წყალობით, ახალი ტიპის მოწყობილობა – `სამეცნიერო კალკულატორი~ შექმნა.
 
იმავდროულად, CASIO-მ კიდევ ერთი ახალი, აბსოლუტურად ახალი კონცეფციის მქონე მოწყობილობა შექმნა, რომელიც 1972 წელს გამოუშვეს და CASIO Mini უწოდეს. იგი 12.800 იენად იყიდებოდა. შემქმნელებმა მისი კონცეფცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს: `კალკულატორების ბაზარი შეზღუდულია, რადგანაც ისინი მხოლოდ ოფისის მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად არსებობს, მაგრამ მისი გაფართოება შესაძლებელია, თუკი ყოველ ოჯახს, ადამიანს მისი სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდება. ადამიანებს ანგარიშის წარმოება სახლშიც სჭირდებათ. შემუშავდა კალკულატორი, რომლის შეძენასაც ყველა ადამიანი შეძლებს და 10.000 იენი ეღირება. ასე კალკულატორი ყოველი მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი~. 

`პატარა ტვინი~ კოსტიუმის ჯიბეში ჩაეტია. ტადაოს იდეა `პროდუქციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის თაობაზე~ წარმატებით განხორციელდა. წარმოების გეგმური მოცულობა თავდაპირველად თვეში 100.000 ცალის გამოშვებით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი იყო. ასეთი მაღალი მოცულობით პროდუქციის გასაღების თაობაზე, მრავალმა ადამიანმა კომპანიის შიგნით და გარეთ ფრთხილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა, მაგრამ გამაოგნებელი წარმატების შემდეგ, CASIO Mini-ს წარმოება თვეში 200.000-მდე გაიზარდა. ათიოდე თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი უკვე თვეში ერთ მილიონ ცალს მიუახლოვდა. შემდგომში იგი კიდევ უფრო დაიხვეწა და მისმა წარმოებამ 10 მილიონს მიაღწია.
 
CASIO Mini-ს მიერ მოპოვებული წარმატების წყა¬ლობით, ტადაო კასიოს კომპანიამ კალკულატორების მწარმოებელთა შორის ლიდერობა შეინარჩუნა. იგი მეოცე საუკუნის ტექნიკური პროგრესის სიმბოლოდ იქცა. უზარმაზარი კომერციული გამოცდილების, სახელგანთქმული სავაჭრო ნიშნის, კაპიტალის მოზიდვის გაზრდილი შესაძლებლობების წყალობით, ტადაომ ახალ ბაზარზე შეჭრა განიზრახა. ეს იყო ძალიან დიდი, მაგრამ წვრილმან დეტალებამდე გათვლილი, გამართლებული რისკი. მან ბიზნესში საქმიანობის მრავალი წლის განმავლობაში კარგად გააცნობიერა, რომ კომერციული წარმატების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ მუდმივი, მონდომებული შრომით არის შესაძლებელი. 

ახალი პროდუქცია CASIO-ს ასორტიმენტში 

წარსულში მოპოვებული წარმატებები მომხმარებელს არ აინტერესებს. მას დღევანდელი მიღწევები ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნით, ამავე ფირმაში რამდენიმე ალტერნატიული განყოფილება შეიქმნა, რომლებიც 1-3 და 3-5 წლის პერსპექტიულობის მქონე პროგრამების შემუშავებაზე მუშაობდა. ამავე მიზეზით, კომპანიამ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება განიზრახა. 1980-იანი წლების ბოლოდან, გამომთვლელი მანქანების გარდა, კომპანიამ საათების, პრინტერების, ტელევიზორების, სინთეზატორების, ელექტრონული ბლოკნოტების გამოშვებაც დაიწყო. მისი შემოსავლითი ბაზის განვითარების მიზნით, ბიზნესის ახალი მიმართულების ათვისება დაიწყო. 

ერთი შეხედვით, კალკულატორები და საათები პროდუქციის სრულიად განსხვავებული კატეგორიებია. იმ პერიოდში, საათები რევოლუციური ტექნოლოგიური პროცესის განვითარების სტადიაში აღმოჩნდა: მექანიკური – კვარცის საათებმა ჩაანაცვლა. წარმატება იაფიდან ძვირადღირებულ, პრესტიჟულ მოდელებამდე გამოშვებულმა ფართო ასორტიმენტმაც განაპირობა. ამ კომპანიის საათები, გამომთვლელ მანქანებთან ერთად, ამ ფირმის სიმბოლოდ ელვისებური სისწრაფით გადაიქცა. კომპანიამ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა პრინციპულად ახალ კონცეფციებშიც დაიწყო: იგი თხევადკრისტალური ტელევიზორების, ტექსტური პროცესორების, საშინაო ვიდეოტელეფონების, საავტომობილო სანავიგაციო სისტემების, სხვა ნოვატორული მოწყობილობების შესაქმნელად გამოიყენა. სხვადასხვა უნიკალური საქონლის გამოშვებით, კომპანიამ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ფეხი წარმატებით აუწყო: 1974 წელს, გამომთვლელ მანქანებში გამოყენებული ტექნოლოგიები კომპანიამ საათში – Casiotron-ში დანერგა, რომელიც იმ მომენტში 60.000 იენი ღირდა. 

1980 წელს, ამავე კომპანიამ საკუთარი წარმოების პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი – ციფრული ფორტეპიანო Casiotrone წარადგინა. 

ახალი სახეობის საათის შესაქმნელად ჯგუფი 1981 წელს შეიქმნა. მუშაობის დაწყებამდე, კონსტრუქტორებს `სამი ათეულის წესის~ დაცვა მოთხოვეს: საათს უნდა გაეძლო 10 მეტრიდან მიწაზე დაცემისთვის, 10 ბარი წნევისთვის, დამუხტული ბატარეის მეშვეობით 10 წელი უნდა ემუშავა. ორი წლის განმავლობაში, საათის 200-მდე ნიმუში შეიქმნა. `სამი ათეულის წესი~ საათის არცერთ მოდელში არ იყო დაცული. მოვიდა დრო, როცა საკონსტრუქტორო ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ იბეს ჩავარდნის მიზეზების თაობაზე ანგარიში უნდა შეედგინა. იგი პარკში რამდენიმე წუთით, წარუმატებლობის მიზეზებზე ანგარიშის შესადგენად აზრების მოსაკრებლად გამოვიდა. მოულოდნელად დაინახა, რომ პატარა გოგონა ძირს ბურთს აგდებდა, ხოლო შემდეგ იჭერდა. მას თავში ასეთი იდეა მოუვიდა აზრად: რატომ არ შეიძლება საათის მოდული დამცავ გარსში, ბურთის მსგავსად მოთავსდეს? ასე შეიქმნა G-Shock-ის მოდელის პირველი საათი. მზა საათის პროტოტიპებმა მოტოციკლის დეტალების მსგავსი გამოცდები გაიარა.
 
მისი პრეზენტაცია 1983 წელს გაიმართა. ბატონი იბე დარბაზში ყოველნაირად ცდილობდა ამ საათის ღირსებები, პირველ რიგში გამძლეობის მიმართულებით დაემტკიცებინა: აგდებდა იატაკზე, ისროდა დარბაზის ბოლოში, საათზე ფეხებიც დააბიჯა. საათის პირველ სერიულ მოდელს Casio G-Shock DW-5000C უწოდეს. შემდეგ ჯერი ისეთ საათის გამოშვებაზე მიდგა, რომელიც დროსთან ერთად, ადამიანის წნევას და ტემპერატურას, ასევე კომპასისთვის საჭირო მაჩვენებლებს აფიქსირებდა. ამავე კომპანიამ, 1985 წელს საათი Casio Pela გამოუშვა, რომლის სისქე 3,9 მმ-ს, ხოლო წონა – 12 გრამს აღწევდა. ეს იმით იქნა მიღწეული, რომ ამ საათის სამაჯური და კორპუსი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. 1994 წელს, გოგონებისთვის ბრენდი Baby-G შეიქმნა, რომელიც დარტყმებს წარმატებით უძლებდა და მის კორპუსში წყალიც არ აღწევდა. 

Edifice – ამავე კომპანიის მიერ გამოშვებული კლასიკური საათების ბრენდია, რომელიც სპორტული დიზაინის ელემენტებით გამოირჩევა. ბრენდი – ProTrek ტურიზმითა და ალპინიზმით გატაცებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლის ეგიდითაც კომპანია მრავალფუნქციურ საათებს უშვებს. 

ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, ოფიციალურად იყიდება ამავე კომპანიის მიერ გამოშვებული საათები Oceanus, General Collection სახელწოდებით. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია ისეთი მოდელის საათებით, როგორებიცაა BEM, Lineage, DataBank. ბრენდი Sheen უშვებს გოგონებისთვის განკუთვნილ კლასიკურ საათებს, რომლის დიზაინშიც მასალების სახით საფირონის მინები, ტიტანი, კერამიკა, ასევე სვაროვსკის კრისტალებია გამოყენებული. 

მაჯის საათების, სხვადასხვა მოდიფიკაციის გამომთვლელი მანქანების გარდა, იგივე ფირმა აუდიო მოწყობილობებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ფოტოკამერებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სმარტფონებს, პლანშეტებს, მაღალსიჩქარიან ფერად პრინტერებს უშვებს. 2015 წლის ივლისში, ამავე კომპანიამ, გაყიდვაში ახალი საათი Edifice EQB-510 გამოუშვა, რომელიც აიფონთან თავსებადი Bluetooth 4.0-ის მეშვეობით არის. 2016 წლის გაზაფხულიდან აშშ-სა და იაპონიაში `ჭკვიანი~ საათის წარმოება დაიწყება, რომელიც 400 დოლარის ფარგლებში გაიყიდება. 

ტადაო კასიო არა მარტო ამ ფირმის შემქმნელი, არამედ 1960-1988 წლებში მისი უცვლელი მეთაურიც იყო. კომპანიაში მართვის სადაავები მან მამისგან გადაიბარა, ხოლო 28 წლის შემდეგ, თავის ძმას, ტოსიოს გადასცა. მისი ორი უმცროსი ძმა – კაძუო და იუკიო შესაბამისად გენერალური დირექტორი და ვიცე-გენერალური დირექტორები გახდნენ. თვით ტადაო ამავე კომპანიაში კონსულტანტად გარდაცვალებამდე – 1993 წლის 6 მარტამდე მუშაობდა. 

მანამდე, 1992 წლის თებერვალში ტადაო კასიომ მუშაობა დაასრულა საკუთარ ავტობიოგრაფიაზე `ერთ უღელში ძმებთან ერთად~. ამ წიგნის შექმნის იდეის ავტორი იაპონური გაზეთის `ნიჰონ კეიდძაის~ კულტურის განყოფილების გამგე, მიცუჰისა ესინო გახლდათ. თვით ტადაო კასიო (ყველა ჭეშმარიტი იაპონელის მსგავსად) საკუთარი წარმატების მიზეზად საზოგადოებისადმი მსახურებას თვლიდა. იგი ხშირად იმეორებდა: `თუ გსურს იყო ბედნიერი, გაეცი ყველა ძალები სხვა ადამიანების ბედნიერებისთვის, როგორც ეს მამაჩემმა გააკეთა~. 

კომპანია CASIO-ს ისტორია ელექტრონიკის დარგში მიღწევებს უკავშირდება. ყოველი ახალი გამოშვებული პროდუქტი შემოქმედებითი ფილოსოფიის განსახიერება და უდიდესი წვლილია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში. აქ მომუშავე ადამიანების მეშვეობით, საზოგადოებისთვის ელექტრონიკაში ახალი შესაძლე-ბლობები ყოველთვის იკვეთება. ყოველ ახალ მოწყობილობაში ნოვატორული ფუნქციები ინერგება, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარებას უწევს და კაცობრიობის წინსვლას უწყობს ხელს. ადამიანებისთვის სიხარულის მოტანის გარდა, ყოველი სიახლე ამ კომპანიისგან ახალი კულტურის დანერგვის საწინდარია. მომხმარებელთა უმეტესობის მიერ, ამ კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის აღიარება ახალ ბაზარს ქმნის, რაც შესაბამისად, მრეწველობის შესაბამისი მიმართულებების ზრდას იწვევს. კომპანია CASIO-ს მიერ დანერგილი ახალი ტექნოლოგიები გამოშვებული პროდუქციის ახალ სტანდარტებს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა იყოს უფრო მყარი, მსუბუქი, ნაკლები სისქის. 
ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – უნდა შეიქმნას ისეთი ელექტრონიკა, რომელიც იქნება უფრო `ჭკვიანი~ და პატარა. ცხოვრებაში უნდა დაინერგოს ისეთი უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანს არარეალურად მოეჩვენება. ამავე კომპანიაში სამეცნიერო განვითარების ფონდი ამ მიზნით შეიქმნა, რომლის ლოზუნგია `არ დაივიწყო შემოქმედებით წვლილზე~. ამ შემთხვევაში, სიტყვა `შემოქმედება~ აქ დასაქმებული ყოველი ადამიანის მიერ შეტანილ წვლილს გულისხმობს საზოგადოებისა და კომპანიის აყვავების მიმართულებით. ამ კომპანიის კორპორატიული კრედოა `შემოქმედება და თანადგომა~, რომელიც ასახავს საზოგადოებისთვის მიცემულ დანაპირებს მას ის ახალი და სასარგებლო პროდუქცია შესთავაზოს, რომლის წარმოებაც მხოლოდ კომპანია CASIO-ს შეუძლია. 

CASIO – ელექტრონიკის მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. მხოლოდ ევროპაში მისი წლიური საქონელბრუნვა 440 მილიონ ევროს აჭარბებს. ამავე კომპანიის უცხოეთის ქვეყნებში გაფართოების პერიოდში, 1972 წელს კომპანია CASIO Computer Co.GMBH დაარსდა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში არსებული ფილიალი ამ კომპანიაში გამოშვებული პროდუქციის დისტრიბუტორია. მისი გავლენის ტერიტორია გამუდმებით იზრდება. დღეისთვის, CASIO Europe GMBH – ევროპული შტაბ-ბინაა, რომელიც მთლიანად ევროპას უწევს მომსახურებას. შტაბ-ბინა – ეს არის საწყობები, სავაჭრო წერტილები, მარკეტინგის სამსახურები, ასევე სხვა განყოფილებები ერთად. 1994 წელს, CASIO Europe GMBH ახლადაშენებული Business-Park Norderstedt-ის შენობაში გადავიდა, რომელიც ჰამბურგის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ევროპაში ამ კომპანიის განყოფილებებში 530-მდე თანამშრომელი არის დასაქმებული. იდეალური ვაჭრობის ქსელი, მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით, გაყიდვების მთავარმა განყოფილებებმა შექმნეს, რომლებიც ბრიტანეთში, საფრანგეთსა და რუსეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ ფილიალებთან ერთად წარმატებით მოქმედებენ. 

ვეფხია სამსონიძე