ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
პირველი არაბული და ავსტრიული სუპერქარები - #1(46), 2016
W MOTORS - ახლო აღმოსავლეთის ბრილიანტი 

ცნობილია, რომ არაბი შეიხები ექსკლუზიური სუპერქარების დიდი მოყვარულები არიან. მათ უზარმაზარ კოლექციებში არის უიშვიათესი მანქანები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული. ასეთი მოთხოვნის გათვალისწინებით გასაკვირი იქნებოდა, რომელიმე ახლოაღმოსავლელ ენთუზიასტს უნიკალური ავტომობილების მწარმოებელი საკუთარი მარკა რომ არ დაეარსებინა. 

2013 – W MOTORS LYKAN HYPERSPORT 

ყველაზე ძვირადღირებული და ექსკლუზიური სუპერქარის შექმნის იდეა ლიბანელ ბიზნესმენს რალფ დებასს ჯერ კიდევ 2006 წელს გაუჩნდა, მაგრამ იდეიდან მის განხორციელებამდე ზოგჯერ წლები გადის ხოლმე. დუბაის ერთ-ერთი ამირას მხარდაჭერის და ფინანსური გარანტიების მიღების შემდეგ დებასი ევროპაში გაემგზავრა, რათა იმ ცნობილ ფირმებთან დაემყარებინა კონტაქტები, რომელიც ბეირუთელ ბიზნესმენს მანქანის შემუშავებაში დაეხმარებოდა. 

შუამოტორიან სუპერქარზე მუშაობა მთელი 6 წლის მანძილზე გაგრძელდა და მხოლოდ 2012 წელს, ყატარის ავტოსალონზე ახალი მარკის პროტოტიპის პრემიერა შედგა. W Motors Lykan HyperSport – `მაქცია~ – ასე შეიძლება ითარგმნოს `ახალშობილის~ სახელწოდება. 

ყატარში ფურორის მოხდენის და შეკვეთების პორტფელის მიღების შემდეგ, დებასმა და მისმა კომპანიონებმა სერიული წარმოების დაწყება გადაწყვიტეს და უკვე ერთი წლის შემდეგ დუბაის მოტორ-შოუზე უკვე სერიული მოდელის პრეზენტაცია შედგა. 

ლიბანური სუპერქარის კონსტრუქციის საფუძველს ალუმინის ჩარჩო წარმოადგენს, რომელიც ავსტრიულმა ფირმა MagnaSteyr-მა საგანგებოდ ნულიდან შექმნა. მინაპლასტიკის გარე პანელები იტალიურმა ფირმა StudioTorino-მ დაამზადა. წახნაგოვანი ზედაპირებისგან შემდგარი დასამახსოვრებელი იერის გარდა ავტომობილმა მიიღო კარები, რომლებიც სვლის საწინააღმდეგოდ იღება და დიოდიანი წინა შუქფარები, რომლებიც მორთულია დამუშავებული 420 ალმასით. დებასის თქმით, ალმასებმა არამხოლოდ გააუმჯობესა ახალი არაბული სუპერქარის გარეგნობა, არამედ მის დამატებით რეკლამირებას შეუწყო ხელი. 

4,8 მეტრის სიგრძის ავტომობილი აღჭურვილია 3,7-ლიტრიანი ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელიც `პორშეს~ ტიუნინგით ცნობილმა გერმანულმა კომპანია RUF-მა დაამზადა. ორი ტურბოკომპრესორით გაძლიერებული ძრავა 750 ცხენის ძალას ავითარებს. მოტორი თავის სიმძლავრეს უკანა ბორბლებს ექვსსაფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის მეშვეობით გადასცემს. ასეთი არსენალი 1380-კილოგრამიანი ავტომობილის 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,8 წამში უზრუნველყოფს, 200 კმ/სთ-ს განვითარებისთვის კი 10 წამია საკმარისი. თუ კი აჩქარებას განვაგრძობთ, არაბული ტაიჭის შესაძლებლობები მხოლოდ 385 კმ/სთ-ზე ამოიწურება. 
მართვადობის გასაუმჯობესებლად ავტომობილი აღჭურვეს სხვადასხვა დიამეტრის ბორბლებით (19-დიუმიანი წინ და 20-იანი – უკან), დაბალპროფილიანი რეზინით, წინა და უკანა ბორბლების დამოუკიდებელი შეკიდებით, თანაც მისი კლირენსი და სიხისტე პირდაპირ სალონიდან რეგულირდება. სწრაფ შენელებას ხელს უწყობს კარბონ-კერამიკული მუხრუჭები 380მმ-იანი დისკებით. საბაზო აღჭურვაში შედის კონდიციონერი, მრავალზონიანი კლიმატ-კონტროლი და ხელსაწყოების ჰოლოგრაფიული პანელი. სალონი გაწყობილია ტყავით, ტიტანითა და მინაპლასტიკით, თანაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ოქროს და ვერცხლის პანელების დამონტაჟება ან, მაგალითად, საგვარეულო გერბის ოქროს ძაფით ამოქარგვა. 
საერთო ჯამში 7 ასეთი სუპერქარი გამოუშვეს, რომ¬ლის ფასი 3,4 მილიონი დოლარიდან იწყებოდა. 

2015 – W MOTORS LYKAN SUPERSPORT HSF 

შეზღუდული ტირაჟით სუპერქარის გამოშვების შემდეგ, მის ბაზაზე სარბოლო კლასის – FIA GT1-სთვის ბოლიდის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. შემქმნელების თქმით, მათ სარბოლო ავტომობილს მავნე ნივთიერებების ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება, რადგან სინთეტიკურ საწვავზე იმუშავებს, რომელიც ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მიიღება. ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ესპანურმა კონსორციუმმა Quimera-მ, რომელიც კვლავწარმოებად სისტემებზე მუშაობს და ინგლისურმა Air Fuel Synthesis-მა, რომელმაც წყალბადის ელექტროლიზის და ნახშირბადის ორჟანგის მეშვეობით სინთეტიკური მეთანის მიღების მეთოდი შეიმუშავა. შემქმნელების მტკიცებით ბოლიდის ათას ცხენისძალიანი ტურბო-მოტორი იმუშავებს როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე, ასევე სინთეტიკურ საწვავზე, მაგრამ ნახშიროჟანგის გამოყოფა ორივე შემთხვევაში ნულის ტოლი იქნება. თუმცა, ასეთი ძრავების სერიულ წარმოებამდე ჯერ კიდევ შორია და პროტოტიპი ფაქტობრივად, ამ ტექნოლოგიის შემუშავების საგამოცდო სტენდს წარმოადგენს. 

2016 – W MOTORS FENYR SUPERSPORT  

სუპერქარ Lykan-ზე არსებული მოთხივნის მიუხედავად, კომპანია W Motors-მა მის მემკვიდრეზე დაიწყო მუშაობა და დუბაიში ახალი სუპერქარი წარმოადგინა. წინამორბედის მსგავსად Fenyr-მაც, რომელმაც სკანდინავიური მითოლოგიიდან გიგანტური მგლის სახელს ატარებს, ალუმინის ჩარჩო და მინაპლასტიკის წახნაგოვანი საფირმო პანელები მიიღო, დიზაინზე კი კვლავ ატელიე StudioTorino-მ იმუშავა. `პორშეს~ მოტორის მოცულობა 4 ლიტრამდე გაიზარდა, სიმძლავრე კი 900 ცხენისძალამდე. 7-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისია PDK-სთან ერთად ამ სიახლეებმა დინამიკური მონაცემები კიდევ უფრო გააუმჯობესა (100 კმ/სთ 2,7 წამში; მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ). საბაზო აღჭურვის და სალონის გაწყობის მხრივ ახალი  
მოდელი წინამორბედ Lykan-ს არ ჩამოუვარდება, სამაგიეროდ ფასი 2 მილიონ დოლარამდე შემცირდება. საერთო ჯამში, ლიბანელები 25 ასეთი ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ. უახლოეს მომავალში კომპანია მხოლოდ სუპერქარების გამოშვებით არ შემოიფარგლება. უკვე დაანონსებული Fenyr-ის ღია ვერსიის გარდა, რალფ დებასი ექსკლუზიურ სედანსა და ჯიპზე მუშაობს.
 
კომპანიის შესახებ 

კომპანიის შტაბ-ბინა ბეირუთში მდებარეობს, წარმოება კი იტალიურ ტურინში ფირმა Carrozzeria Viotti-ს სიმძლავრების გამოყენებით ხორციელდება. ავტომობილი მთლიანად ხელით ეწყობა, მისი შეკვეთა კი ოთხ სპეციალიზირებულ ავტოსალონში შეიძლება, რომელიც გახსნილია გაერთიანებულ საამიროებში, ლიბანში, ქუვეითსა და ესპანეთში. კომპანიის ემბლემა სტილიზებულ W-ლიტერას წარმოადგენს. 

საინტერესო ფაქტები 

ავტორების თქმით, Lykan-ის შვიდივე ეგზემპლარს პირადი სპეციალისტი ემსახურება, რომელიც პასუხისმგებელია რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. 

ქარხნული ნომერ 1-ის მქონე სუპერქარ Lykan-ის მფლობელი ყატარის შეიხი იაბან ბინ ჰამად ალ-ტანი გახდა.

ერთ-ერთი Lykan აბუ-დაბის პოლიციაში ირიცხება, სადაც ისეთი სუპერქარების გვერდით `მსახურობს~, როგორებიცაა Bugatti Veyron და Ferrari FF. პოლიციური სუპერქარების ავტოპარკის იდეა ამირ მუჰამედ ბინ პაშიდ ალ მაკტუმს ეკუთვნის, რომლის სახსრებითაც შეიძინეს ყველა ეს ავტომობილი. 

Lykan Hyper Sport-ის კინოდებიუტი ამერიკულ `ბოევიკ~ `ფორსაჟ 7~-ში შედგა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, დომინიკ ტორენტოს (რომლის როლსაც ვინ დიზელი ასრულებს) დუბაიში გამართული წვეულების შემდეგ ერთი ცათამბჯენიდან მეორეზე გადახტომა უწევს, მაგრამ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოდის და იგი დიდი სიმაღლიდან ვარდება. რა თქმა უნდა, ტრიუკი მთლიანად კომპიუტერის მეშვეობით არის აწყობილი. 

რით გამოირჩევა  

პირველი სუპერქარია, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია აწყობილი. 
გაწყობილია ალმასებით და ძვირფასი ლითონებით.

KTM – ოთხბორბლიანი მოტოციკლი 

ავსტრიული კომპანია KTM უფრო ცნობილია, როგორც მაღალსიჩქარიანი სარბოლო და Off Road მოტოციკლების მწარმოებელი. მაგრამ, რა ხდება, როდესაც მოტოციკლების ფანები უკომპრომისო ავტომობილზე იწყებენ მუშაობას? პასუხია – KTM X-Bow.
 
კომპანია KTM-ის ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც ინჟინერმა ჰანს ტრუნკელპოლცმა მშობლიურ ავსტრიულ ქალაქ მატიგჰოფენში ლითონების დამუშავების მცირე სახელოსნო Kraftfahrzeuge Trunkenpolz Mattighofen გახსნა, რომლის მომსახურება მხარეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტრუნკელპოლცი ველოსიპედების გამოშვებაზე გადაერთო, უკვე 1954 წელს კი ფაბრიკაში პირველი მოტოციკლიც ააწყვეს. როგორც ჩვენი ჟურნალის წინა, #4(45) ნომრის გმირის Yamaha-ს შემთხვევაში, აქაც ძირითად პროდუქციად სწორედ მოტოციკლები იქცა. KTM-ის Off-Road მოდელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს რალი-რეიდ `დაკარში~, აქტიურად იყენებენ ამ მარკის მოტოციკლებს MotoGP-ის მრბოლელებიც. 

2007 წელი KTM X-BOW  

ზემსუბუქი ავტომობილის შექმნის იდეა კომპანიაში 2006 წელს გაჩნდა, მოგვიანებით პროექტმა სახელწოდება X-Bow მიიღო. ახალი ავტომობილის პრემიერა ერთი წლის შემდეგ ჟენევის ავტოსალონზე შედგა. KTM-ის ასორტიმენტში პირველი ოთხბორბლიანი სუპერქარი რამდენიმე მსხვილ ფირმასთან კოოპერაციის შედეგად გაჩნდა. ეფექტური როდსტერის იერი ავსტრიული დიზაინ-სტუდიის Kiska Design-ის (დამაარსებელი ჯერალდ კისკა) დიზაინერებმა შექმნეს. მკვეთრი ექსტერიერისგან განსხვავებით, სალონში რუხი ელფერი ჭარბობს. სარბოლო სავარძლები მორთულია ზამშით და აღჭურვილია 4-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით. საჭეზე განლაგებულია ყველა ფუნქციის მართვა, რომელიც როგორც წესი, საჭის ქვემოთ არის ხოლმე განლაგებული. სიჩქარის და ძრავის მუშაობის შესახებ ინფორმაცია კომპიუტერის თხევადკრისტალურ ეკრანზეა გამოსახული, რომელიც ავტომობილმა კომპანიის ფლაგმანი სუპერბაიქისგან – KTM 1198 RCR-სგან მიიღო. 

ავტომობილის კონსტრუქცია ცნობილმა ფირმა Dallara-მ შექმნა. მის საფუძველს კარბონის მონოკოკი წარმოადგენს, რომელზეც დამაგრებული გარე პლასტიკის პანელები და წინა და უკანა ბორბლების დამოუკიდებელი დაკიდების ალუმინის ბერკეტები. 

ავტომობილი აღიჭურვა `აუდის~ 2-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი 220-ცხენისძალიანი ტურბოძრავით, რომლის წყალობითაც 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამზე სწრაფად ახერხებს, მაქსიმუმ კი 230 კმ/სთ-მდე სისწრაფეს ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარიდან ბოლიდის შენელებას იტალიური ფირმა `ბრემბოს~ მუხრუჭები უზრუნველყოფს. ავტომობილი მხოლოდ 870 კგ-ს იწონის, მისი სიგრძე სულ 3,6 მეტრია, იმავდროულად სუპერქარი საკმაოდ განიერია – 1,8 მეტრი. 

კონკურენტების მსგავსად KTM-საც არ აქვს საქარე მინა, მწარმოებლები კი გვირჩევენ გამოვიყენოთ მუზარადი. მუზარადთან ერთად მანქანის გადაბრუნების შემთხვევაში, მძღოლს და ერთ მგზავრს უსაფრთხოების მძლავრი ალუმინის რკალი დაიცავს, რომელიც სავარძლების უკან არის არის განლაგებული. ტრასასთან უფრო სრული კონტაქტისთვის წინ და უკან განსხვავებული დიამეტრის საბურავები დამონტაჟდა. 

მცირე წონის მიუხედავად ღია როდსტერის სტანდარტულ აღჭურვაში შედის კონდიციონერი, ჰაერის გამათ-მბობელი, სტერეო მაგნიტოლა და ჰიდროგამაძლიერებელი. საკმაოდ მაღალი ფასის (45.850 ევრო) მიუხედავად, ავტომობილმა მყიდველთა დაინტერესება შეძლო. თავდაპირველად იგეგმებოდა იტალიაში Dallara-ს ქარხანაში წელიწადში 500-მდე როდსტერის გამოშვება, მაგრამ მანქანა იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ ავსტრიიის ქალაქ გრაცში დამატებითი ქარხანა აშენდა. თუმცა ნახშირპლასტიკის მონოკოკი მაინც იტალიაში მზადდება, საიდანაც გრაცის ქარხანაში აგზავნიან.
 
2008 – KTM X-BOW DALLARA 

საკოლექციო მოდელების მოყვარულთათვის KTM-ის სპეციალისტებმა როდსტერის ექსკლუზიური მოდიფიკაცია მოამზადეს და სახელწოდებაში ძარის შემქმნელის სახელი დააფიქსირეს – Dallara. გაძლიერებულმა მოტორმა, შვიდსაფეხურიანმა რობოტიზებულმა სიჩქარეთა კოლოფმა და 2 მეათედი წამით გაუმჯობესებულმა აჩქარების დინამიკამ ბოლიდის ფასი 10.000 ევროთი გაზარდა. სულ კი 100 ასეთი ავტომობილი გამოვიდა. 

2008 – KTM X-BOW GT4 

ავსტრიული როდსტერის პოტენციურ მყიდველთა შორის ბევრი იყო, ვისაც პროფესიულ სარბოლო სერიებში მონაწილეობა სურდა. მაგალითად ისეთში, როგორიც არის კლასი GT4. ეს FIA-ს ყველაზე ხელმისაწვდომი სერიაა, სადაც ერთმანეთს კუპე Lotus Evora, BMW M3c და Donkervoort D8 ეჯიბრება. KTM-მაც კლიენტთა სურვილი დააკმაყოფილა და დაამზადა ავტომობილი, რომელიც ამ სერიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ამისათვის, არსებულ მოდელში 30-ზე მეტი ცვლილება შეიტანეს.
  
ამის შემდეგ ავსტრიელები ყოველწლიურად ახალისებენ არსებულ მოდელს და მის ძრავას აძლიერებენ. 2012 წლის მოდელი KTM X-Bow RR ამ მხრივ ევოლუციის მწვერვალს წარმოადგენს. მოტორის სიმძლავრე 360 ცხენის ძალამდე გაიზარდა. 720-კილოგრამიანი როდსტერი 100 კმ/სთ-ს 3,2 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-მდე ავიდა. ძარა მთლიანად შეუღებავი კარბონისგან დამზადდა, ფასიც 66 ათას ევრომდე გაიზარდა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ასეთმა როდსტერმა, რომელსაც ნიურბურგრინგის 24-საათიანი რბოლების გამარჯვებული კრისტოფ ჰაასი მართავდა, ისეთი ბოლიდების საუკეთესო წრის დრო გააუმჯობესა, როგორებიცაა Ferrari 458 Italia და Porsche 911 GT3 RS.
 
2015 წელს რბოლებისთვის განკუთვნილი მოდელის დახურული ვერსიაც KTM X-Bow GTR გამოვიდა. X-Bow – `ჩემპიონთა რბოლის~ (ყოველწლიურ შეჯიბრი, რომელშიც ყველა მსოფლიო სარბოლო სერიის – ფორმულა 1-ის, WRC-ის, ALMS-ის, WTRCC-ის, NASCAR-ის გამარჯვებულები მონაწილეობენ) ერთ-ერთი ოფიციალური ავტომობილია. როდსტერის დინამიკასა და მართვადობას მაღალი შეფასება ბევრმა აღიარებულმა ავტომრბოლმა მისცა, მათ შორის ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმაც. 

2013 – KTM X-BOW GT  

იმ კლიენტებისთვის, ვისაც როდსტერი არამხოლოდ რბოლისთვის, არამედ, თუნდაც ნიცას სანაპიროზე თბილ საღამოს გასეირნებისთვის სჭირდება, შეიქმნა ვერსია, რომელიც უფრო მიესადაგება საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილებას. X-Bow-ის ადრეული ვერსიებისგან ახალი როდსტერი განსხვავდება საქარე და გვერდითა მინებით, რაც ავტომობილის ჩაფხუტის გარეშე მართვის საშუალებას იძლევა. ამის გარდა, ავტომობილმა მიიღო ნაჭრის სახურავი, რომლის გამოყენებაც 130 კმ/სთ-ის სიჩქარემდე შეიძლება. თანაც მფლობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ამინდის პროგნოზს, რადგან სახურავის შენახვა ცალკე ავტოფარეხში მოუწევს, საბარგულში კი მხოლოდ საგანგებოდ შეკერილი საფირმო ჩანთა თუ ჩაეტევა. 

რით გამოირჩევა: 

კომპანია – უმაღლესი ხარისხის მოტოციკლების მწარმოებელია. 
პირველი ავსტრიული სუპერქარია. 

დიმიტრი ცხვარაძე