ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
SAMSUNG GROUP – სახელმწიფო სახელმწიფოში - #2(47), 2016
მსოფლიო ბიზნესის სამყაროში, სამხრეთ კორეული კორპორაცია Samsung Group ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატია. ამ ქვეყანაში, მსგავსი კომპანიების მიმართ ტერმინს "ჩებოლი" (chaebol) იყენებენ. ეს არის მსხვილი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც უპირატესად ერთ ოჯახს ეკუთვნის და სახელმწიფო წრეებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ კომპანიის სახელწოდებას მხოლოდ სმარტფონების, მობილური ტელეფონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება არ უკავშირდება. ზოგიერთი კომპანია Apple-სთან დაკავშირებულ საპატენტო დავების გამო სასამართლო პროცესებს, სკანდალურ რეკლამებსაც გაიხსენებს, მაგრამ ამ კორეული კორპორაციის ბიზნეს-სტრუქტურა ევროპული და ამერიკული კომპანიების ტრადიციული საქმიანობისგან ძალიან განსხვავდება. ამ კორეული `მონსტრი-კორპორაციის~ სამეწარმეო სიძლიერე, ბიზნეს-შესაძლებლობები, პროგრესისკენ სწრაფვა მისი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობისას უკეთესად შეიგრძნობა. 

დღეისთვის, Samsung Group ავტორიტეტული საქმიანი გამოცემა `ფორბსის~ 2015 წლის `ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების~ რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ამ ბრენდის ღირებულება – 37,9 მილიარდი დოლარია. მის სტრუქტურებში შემავალი კომპანიები არა მარტო ელექტრონიკასა და მიკროელექტრონიკას უშვებენ, არამედ ქიმიურ მრეწველობაში, მშენებლობაში, ავტომშენებლობაში, მძიმე მრეწველობაში, ფინანსებისა და კრედიტების, აგრეთვე სადაზღვევო მიმართულებითაც მასშტაბურ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა. 

ამ კონცერნის სტრუქტურა მოიცავს ელექტრონიკის წარმოების სრულყოფილ ციკლს: რესურსების მოპოვებით დაწყებული, გადამუშავებით გაგრძელებული, მზა პროდუქციის გამოშვებით დამთავრებული. ამ ბრენდის გაყიდვების 70% მაინც ელექტრონულ მრეწველობაზე მოდის. ბიზნეს-ჯგუფ Samsung-ის ეგიდით შემდეგი კომპანიები საქმიანობენ: ელექტრონული მრეწველობა – Samsung Electronics, Samsung SDI, Samsung Electro-Mechanics, Samsung SDS, Samsung Networks; ქიმიური მრეწველობა – Samsung Total Petrochemicals, Samsung Petrochemicals, Samsung Fine Chemicals, Samsung BP Chemicals; ფინანსები და დაზღვევა – Samsung Life Insurance, Samsung Fire & Marine Insurance, Samsung Card, Samsung Securities, Samsung Investment Trust Management; მძიმე მრეწველობა – Samsung Heavy Industries – მსოფლიოში მეორეა გემთმშენებლობაში, Samsung Techwin – ტექნოლოგიური იარაღი და ოპტოელექტრონიკა. სხვადასხვა მიმართულების დარგებში: Samsung Corporation, Samsung Engineering (მშენებლობა), Samsung Everland – გართობათა პარკი, Samsung Cheil Industries, The Shilla Hotels & Resorts – ამ ბიზნეს-გიგანტის სასტუმროთა ქსელი მსოფლიოს ათეულში შედის. მანამდე, ამავე ჯგუფის ნაწილი იყო კომპანია Samsung Motors, რომელიც შემდგომში სამართავად ფრანგულ Renault-ს გადაეცა. კომპანია Renault Samsung Motors ავტომობილებს Renault Koleos – Samsung QM5 და Nissan Almera Classic – Samsung SM3 უშვებს. ამ კომპანიათა უმეტესობა სხვა კომპანიებსა და ბიზნეს-ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის შეიქმნა, ამიტომაც ისინი ყოველთვის ჩრდილში რჩებიან.
 
კონცერნ Samsung Group-ის ელექტრონული მიმართულების კომპანიები საყოველთაო სარგებლობის კონკურენტუნარიან პროდუქტებს უშვებენ, რომელთა შორისაა: მყარი დისკები (HDD, SSD), ოპერატიული მეხსიერება, SRAM-ის ჩათვლით (მათ შორის ვიდეობარათების ჩიპებისა და პროცესორებისთვის), თხევადკრისტალური მონიტორები პერსონალური კომპიუტერებისთვის, თხევადკრისტალური და პლაზმური ტელევიზორები, GSM, CDMA, 3G-ს სტანდარტების მობილური ტელეფონები WIMAX-ის მხარდაჭერით, მოწყობილობები IP-ტელეფონებისთვის, ნოუთბუქები, პრინტერები, მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომლებიც პრინტერის, სკანერის, ფაქსიმილეს მოწყობილობის, ასლის გადამღები მოდულის ფუნქციებს ითავსებს. ამავე ჩამონათვალში ასევეა საყოფაცხოვრებო, აუდიო, ვიდეო ტექნიკა, მუშაობს მესამე და მეოთხე თაობის უსადენო სატელეკომუნიკაციო ქსელის განვითარებაზე, WIMAX – არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც უნივერსალური უსადენო კავშირის დიდ მანძილებზე დასამყარებლად მოწყობილობათა ფართო ქსელისთვის (პერსონალური კომპიუტერები, ტელეფონები, სერვერები) შეიქმნა. ამას ემატება ანგარიშსწორების სისტემა – Samsung Pay. ეს ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება მობილური პროცესორებისა და აკუმულატორების გარეშეც, რომელსაც ამ ბიზნეს-ჯგუფის ელექტრო მიმართულების კომპანიები უშვებენ. 

კონცერნ Samsung Group-ის მთავარ ოფისებში, მსოფლიოს 47 ქვეყანაში 70 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ძირითადი ჯგუფი – Digital Media Network Business, Device Solution Network Business, Telecommunication Network Business, Digital Appliance Network Business შედის. კორეულ ბიზნეს-იმპერიაში კარგად გააცნობიერეს ის, რომ ციფრული მოწყობილობების ახალი ერა დაიწყო, ამიტომაც Samsung Electronics-მა საქმიანობა ციფრულ ტექნოლოგიებზე ძალისხმევის კონცენტრირებით გარდაქმნა. ამ კონცერნის მთავარი მიზანია წამყვანი საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების დარგში, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობა მოიპოვოს. კომპანიის მიწოდებათა მთელი ჯაჭვი – დაწყებული მარკეტინგიდან, გაგრძელებული გაყიდვებით, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობითა და დამთავრებული წარმოებით – ორგანიზებულია უმაღლესი ტექნოლოგიებისა და უსწრაფესი ინტერნეტის გამოყენებით. ბიზნეს-საქმიანობის მსგავსი სქემა უზრუნველყოფს ოპერაციების განხორციელების სისწრაფესა და სიმარტივეს, საქონლისა და მომსახურების წარმოდგენისას ორიენტირებულია დამკვეთთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. თვით სამხრეთ კორეას ხშირად `სახელმწიფო სამსუნგის~ სახელწოდებით მოიხსენიებენ. უღარიბესი ქვეყნის უცნობი ფირმიდან `სამსუნგი~ ისეთ გიგანტურ სტრუქტურამდე გაიზარდა, სადაც უმაღლესი კვალიფიკაციის ათობით ათასი ადამიანია დასაქმებული. ამ კომპანიის საქმიანობა არის არა უბრალოდ წარმატების ისტორია, არამედ სახელმწიფო, სოციალური, კორპორატიული ინტერესების ჰარმონიზაციის გზით ბიზნეს-საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობის ნიმუში ქვეყნის უკეთესი აწმყოსა და მომავლის უზრუნველსაყოფად.
 
პირველი თანასწორთა შორის 

კორპორაცია Samsung Group-ის ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როცა მდიდარი მიწათმფლობელის ვაჟმა, 28 წლის ლი ბიონ ჩხულმა, 1938 წელს ბრინჯის ფქვილის მწარმოებელი ფირმა გახსნა. მცირე მოცულობის საწყობი ქალაქ ტეგუში ფუნქციონირებდა. დროის იმ მონაკვეთში, კორეა იაპონიის კოლონია იყო, ამიტომაც ამ ქვეყანაში კერძო მეწარმეობის დაწყება ურთულეს საქმედ მიიჩნეოდა. თავიდან ეს პატარა საწარმო, სხვა მცირე კერძო ფირმების მსგავსად, იაპონიის მკაცრი კოლონიალური პოლიტიკის პირობებში საქმიანობდა. ამის მიუხედავად, ფირმის დამაარსებელმა იმავე წელს კორეაში ჩინეთიდან და მანჯურიიდან ექსპორტის განსახორციელებლად, პირველი დამოუკიდებელი არხი გახსნა. აქტიურად განავითარა კვების პროდუქტების – ბრინჯის, შაქრის, `მშრალი~ თევზის თავის ქვეყანაში მიწოდების პროცესი. სულ მალე, შესაძლებლობა გაუჩნდა სავაჭრო ნიშანი Samsung Trading Company რეგისტრაციაში ოფიციალურად გაეტარებინა. ეს სახელწოდება კორეულიდან როგორც სამსონი (ბიბლიური გმირი) იკითხება, ხოლო თარგმანში `სამ ვარსკვლავს~ (ეწოდა ფირმის დამაარსებლის სამი ვაჟის საპატივცემულოდ) ნიშნავს. კორეისთვის უცხო სახელწოდება (რომელიც ამ ფირმას უწოდეს), მისი დამაარსებლის შორს მიმავალი, ამბიციური გეგმის განხორციელების სურვილით იყო ნაკარნახები. ლიმ ბიზნესი მხოლოდ 30.000 ვონით (2.000 ამერიკული დოლარი) დაიწყო. მან იაპონიის ხელისუფლების კეთილგანწყობა მოიპოვა. 

შემდგომში, ქვეყნის მეთაურის, ლი სინ მანის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით იყო დაინტერესებული. კორეის ეკონომიკის საფუძველი და ფენომენი – `ჩებოლი~ სწორედ მაშინ დაიბადა. ეს არის ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც გარკვეული ოჯახების მფლობელობაშია. `ჩებოლთა~ იაპონური ანალოგი `ძაიბაცუს~ სახელწოდებით, მეჩვიდმეტე საუკუნიდან არის ცნობილი. `ჩებოლები~ მოგვიანებით გამოჩნდნენ, მაგრამ კორეული ეკონომიკური სასწაული სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად დაიბადა. ასეთ ფირმებში, იმ პერიოდში შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყო დასაქმებული, მაგრამ მათ წილად სამრეწველო წარმოების ნახევარზე მეტი მოდიოდა. `ჩებოლთა~ ფენომენი თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის შედეგად არ დაბადებულა, იგი ხელოვნურად, მიზანმიმართულად შეიქმნა, როცა ამ ქვეყანაში სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება დაიწყო. 

შემუშავდა ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარების პროგრამა. განსაკუთრებული ორიენტაცია აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობით გამყარებული ექსპორტისაკენ იყო მიმართული. უცხო ქვეყნებიდან მიღებული სესხით უმაღლეს სახელმწიფო დონეზე ნედლეულისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა გადაწყდა, ხოლო მიღებული მოგება კვლავ ნედლეულისა და ტექნიკის ყიდვას უნდა მოხმარებოდა. კორეელი რეფორმატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკა უმსხვილეს კონცერნებს უნდა დაყრდნობოდა, ამიტომაც მათი შექმნა უმოკლეს დროში გადაწყდა. ამ მიზნით, კორეის ყველაზე გამორჩეულ ბიზნესმენებს სამთავრობო კრედიტები და სესხები გადასცეს. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ სამთავრობო შეკვეთებით, ამასთან, გარკვეულმა საგადასახადო შეღავათებმა სახელმწიფოს მხრიდან, მცირე საწარმოებს ფართო კონგლომერატებამდე გაზრდის საშუალება მისცა. ამ ბედნიერ მეწარმეთა შორის ლი ბიონ ჩხოლიც აღმოჩნდა. სახელმწიფოსა და რამდენიმე მსხვილ კორპორაციას შორის ალიანსი ჩამოყალიბდა, თანაც სახელმწიფო ბიზნესისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. `ექსკლუზიური~ ურთიერთობების ურთიერთხელსაყრელი სარგებელი კერძოდ იმაშიც მდგომარეობდა, რომ ბიზნესმენებს გაუჩნდათ შესაძლებლობები აშშ-დან შემოტანილი ნედლეული ოფიციალური სავალუტო კურსით შეესყიდათ, ხოლო პროდუქციის რეალიზება საშინაო, არაკონკურენტუნარიან ბაზარზე განეხორციელებინათ. მსგავსი ფირმები მიწასა და წარმოების საშუალებებს შემცირებული ღირებულებით იძენდნენ. 

თავის მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურები უცხო ქვეყნებიდან შემოსულ დახმარებასა და ხორბლის მიწოდებას აკონტროლებდნენ. კორეის ლიბერალური პარტია 1950-ან წლებში შეიქმნა, რომელიც სახელმწიფოსთან კორპორაციების ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობას უზრუნველყოფდა. დროის იმავე მონაკვეთში, სახელმწიფოსგან კონცერნმა `სამსუნგმა~ ოთხიდან სამი კორეული ბანკის მნიშვნელოვანი წილები (50-დან 83%-მდე) შეიძინა. თავის მხრივ, მთავრობა 180 ათასი დოლარის მოცულობით, ამ ფირმის მიერ აღებული კრედიტის გარანტი გახდა, რომელიც მას შაქრის ქარხანა Cheil Sugar-ის ასაშენებლად უნდა გამოეყენებინა. `სამსუნგი~ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე აგრძელებდა თავის ბიზნეს-საქმიანობას: 1950-1953 პერიოდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ქვეყნის სამხრეთი ნაწილი პროამერიკული გახდა, ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა პროსაბჭოური გავლენა შეინარჩუნა. 

სამხედრო კონფლიქტისა და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, `სამსუნგის~ ეს განყოფილება ისე გაფართოვდა, რომ ამერიკიდან, დახმარების სახით შემოსული ხორბლის დაფქვას რამდენიმე ქარხანაში ახორციელებდა. 1956 წელს, ასევე სახელმწიფოს დახმარებით, მატყლის გადამამუშავებელი ფირმა Cheil Industries – შეიქმნა. ამის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ამავე კომპანიაში, ამერიკიდან მიღებული ფინანსური დახმარებიდან 1 მილიონი ამერიკული დოლარი განათავსა, რითაც ბაზრიდან კონკურენტები ჩამოაშორა და ქვეყანაში წარმოებული შალის ქსოვილების ექსპორტი შეზღუდა. ამ ეპოქის სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო. ამის მიუხედავად, 1950-ანი წლების ბოლოსათვის, კომპანია `სამსუნგი~ მოქმედ `ჩებოლთა~ შორის ყველაზე დიდი გახდა, რადგან 16 დარგობრივ და ტერიტორიულ განყოფილებას განკარგავდა. სულ სამხრეთ კორეაში, 30 უმსხვილესი კომპანია შეიქმნა, რომლებსაც ბიზნეს-საქმიანობის საკუთარი მიმართულება ჰქონდათ: Daewoo – ავტომობილებს, Goldstar – საყოფაცხოვრებო ტექნიკას, Samsung – ელექტრონიკას უშვებდა, ხოლო Hyundai – საოცარია, მაგრამ მშენებლობით იყო დაკავებული. უკვე 1950-ანი წლების ბოლოსთვის ლი ბიონი ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას აპირებდა.
 
კორეის ნახევარკუნძულზე, ამერიკული ჯარის გადასვლის შემდეგ, ბრინჯის არყის და ლუდის გაყიდვა ამ ფირმამ მოკავშირე ჯარის წარმომადგენლებზე დაიწყო. კორეაში მიმდინარე ომმა ამ ბიზნესს წერტილი დაუსვა, რადგანაც ფირმის საწყობები, ძირითადი ქარხნები გაძარცვეს და დაწვეს. ჩვენ დრომდე, ლეგენდად მოაღწია ამბავმა, რომ დამწვარი სახლის ნანგრევებში, ლი ბიონმა ფულით სავსე ყუთი იპოვა, რომელიც თავის ახალ საქმეში დააბანდა. ეს იყო საფეიქრო ფაბრიკა, შაქრის ქარხანა, მოგვიანებით სადაზღვევო ბიზნესი. 1960-ან წლებში, კორეაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 80 დოლარს არ აჭარბებდა. ამის მიუხედავად, ლი ბიონი სწრაფად გამდიდრდა. ამ ქვეყნის დედაქალაქში, სეულში, ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. არ არსებობდა წყალგაყვანილობის ცენტრალიზებული სისტემაც. გასაკვირი არ ყოფილა ის, რომ ამ ქვეყანაში, 1961 წელს სამხედრო გადატრიალება განხორციელდა, რის შედეგადაც კორეის პრეზიდენტი, ლი ბიონის უახლესი მეგობარი ლი სინ მანი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. კომპანიის დამაარსებელი იაპონიაში გაიქცა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, საკუთარი სურვილით კორეაში დაბრუნდა. Samsung-ის მეთაური პირდაპირ აეროპორტში დააპატიმრეს. ციხეში მექრთამეობისა და დამხობილ პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობის ბრალდებით ჩასვეს. კორპორაცია `სამსუნგმა~ მცირე პერიოდში უმძიმესი ფინანსური დარტყმა იწვნია. ქვეყნის სამხედრო მთავრობამ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადაიყვანა, ხოლო კერძო აქციონერებს კუთვნილი აქციები ჩამოართვა. 

`სამსუნგმა~ თავიდან ვერ აიცილა სხვა `ჩებოლთა~ ბედი. ლი სინ მანის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის ამ კორპორაციას საკუთრება ჩამოართვეს. ასევე დააპატიმრეს `ჩებოლთა~ სხვა ლიდერებიც. ჩატარებულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ `სამსუნგი~ ლიბერალურ პარტიას ასტრონომიულ რაოდენობის ფულს შემოწირულობის სახით გადასცემდა, ხოლო მთავრობა, თავის მხრივ, თვალს უზარმაზარი გადასახადებისგან თავის არიდებაზე ხუჭავდა. მსგავსი სიტუაცია, ნებისმიერი ფირმის ძირფესვიანად განადგურების ტოლფასია, მაგრამ მდგომარეობა უეცრად კარდინალურად შეიცვალა: ქვეყნის სამხედრო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ `ჩებოლები~ – `ფულიანი ოჯახები~ არ დაესაჯა. ისინი ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზაციის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ.
 
პატრიოტიზმი იძულებით 

სულ მალე, Samsung-ის დამაარსებელი, ლი ბიონ ჩხული ციხიდან პირდაპირ კორეის ახალი პრეზიდენტის, გენერალ პაკ ჩჟონ ხის რეზიდენციაში აღმოჩნდა, სადაც დიქტატორთან მოლაპარაკებები ქვეყნის ეკონომიკურ მომავალზე გამართა. მათ შორის გამართული საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედროებმა კორპორაციებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც მათ ნახევრად ღატაკი ქვეყნის ინდუსტრიულ ლიდერად გადაქცევის გეგმის განსახორციელებლად უფრო მეტი მონდომებით უნდა ემუშავათ. კორეაში ეკონომიკური განვითარების პოლიტიზაციამ ახალი ფორმები მიიღო: ამჯერად სახელმწიფო კერძო კაპიტალზე დომინირებდა, რაც მთავრობასა და კორპორაციებს შორის მანამდე არსებული კავშირისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სახელმწიფომ კორპორაციები ფინანსურ ნაკადებზე მკაცრი კონტროლის დაწესების გზით დაიმორჩილა: ისინი ინვესტიციებს იქ ახორციელებდნენ, სადაც სახელმწიფო `მთელი ერის ინტერესების დასაცავად~ მიუთითებდა. 

`ჩებოლები~ პოლიტიკას ჩამოაშორეს, ხოლო პოლიტიკური მოღვაწეები სამხრეებს ატარებდნენ, ამიტომაც კერძო კაპიტალთან ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. ვისაც კორეის ახალი პრეზიდენტი პაკ ჩჟონ ხი ენდობოდა, ოლიგარქებად `დანიშნა~. მათ მთავრობის რეკომენდაციების შესრულებაზე და რაც მთავარია, ექსპორტის გაფართოებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამის სანაცვლოდ, რჩეულთა კასტამ შეღავათიანი კრედიტები და უცხოელი კრედიტორების წინაშე, გარანტიები მიიღეს. მუშათა მრავალრიცხოვანი გაფიცვები პოლიციის ძალებით ითრგუნებოდა. პატიმრობიდან გათავისუფლებული კორპორაციების მეთაურებმა `კორეის ბიზნესმენთა ასოციაცია~ შექმნეს, რომლის მეთაურიც ლი ბიონ ჩხული გახდა. კორუფციის ბრალდების გამო დაკისრებული სანქციები მას მისაღებ მოცულობამდე შეუმცირეს. სამხრეთ კორეის ახალი მთავრობის მიერ შეწყალებულმა ბიზნესმენებმა, ქალაქ ულსანში ახალი სამრეწველო რაიონის აშენების ვალდებულება იკისრეს. მათ იქ შექმნილი საწარმოების აქციები სახელმწიფოს გადასცეს. 1980-ანი წლების ბოლოს ეს აქციები იგივე კორპორაციებს სიმბოლურ ფასად დაუბრუნეს. სახელმწიფოს თანამშრომლობამ კერძო კორპორაციებთან ახალი შინაარსი შეიძინა. 1964 წელს, კორეული ვალუტის მკვეთრმა დევალვაციამ საექსპორტო მაჩვენებლების ზრდას შეუწყო ხელი. 1960-ანი წლების ბოლოსთვის, მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობის საშუალო წლიურმა ზრდამ 8,45%-ს მიაღწია, ხოლო ექსპორტი წელიწადში 53%-ით გაიზარდა. ასე დაიწყო თანამედროვე `ჩებოლების~, თავისი არსით კორეის თანამედროვე ეკონომიკის ისტორია. ქვეყნის მაშინდელი მთავრობის `წყალობამ და კეთილმა ნებამ~ Samsung-ის დივერსიფიკაცია დააჩქარა, ხოლო მის განვითარებას სხვა, უფრო მაღალი დონე შესძინა. 

1960-ანი წლების შუაგულისთვის, კორპორაციამ უკვე მინერალური სასუქების წარმოება დაიწყო, ნავთობქიმიისა და ელექტროტექნიკის დარგებსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. Samsung-ის მიერ განხორციელებული ნახტომი მძიმე ინდუსტრიაში არავის გაკვირვებია იმის მიუხედავად, რომ ეს სფერო კორპორაციისთვის სრულებით ახალი გახლდათ. 

1970-ანი წლების დასაწყისისთვის, კომპანია `სამსუნგი~ ფინანსურ ბაზრებზეც გავიდა. სადაზღვევო ბიზნესში ადგილი კომპანიების Dong Bang Life Insurance და Ankuk Fire შეძენის გზით დაიკავა, რომლებსაც შემდგომში სახელწოდებები შეეცვალათ Samsung Fire და Marine Insurance ეწოდათ. ფასიანი ქაღალდებისა და საცალო ბანკინგის გარდა, ამ კორპორაციამ მედია-ინდუსტრიის ათვისებაც დაიწყო. 1973 წელს, საკუთარი პოზიციების გამყარების სამწლიანი გეგმა მძიმე მრეწველობაში, ქიმიურ და ნავთობქიმიის დარგებში გამოაცხადა. 1974 წელს კომპანიები Samsung Petrochemical და Samsung Heavy Industries შეიქმნა. 1972-1978 წლების პერიოდში, ამ კორპორაციაში შემავალი შვილობილი კომპანიების რიცხვი 16-დან 33-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა საშინაო ბაზრის დაცვის პირობებში, შემოსული კაპიტალის დაგროვების მეშვეობით, პრივილეგირებულ კრედიტებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ბანკები გამოყოფდნენ. `სამსუნგი~ ამჟამად ყველგანაა – დედამიწაზე, ოკეანეში, კოსმოსში, რისი დამადასტურებელია გემთმშენებელი კომპანიის Samsung Shipbuilding და აეროკოსმოსური Samsung Aerospace-ის წარმატებული საქმიანობა. 

წინსვლის მიუხედავად, კორპორაციისა და სახელმწიფოს შორის `რომანი~ ყოველთვის უღრუბლო არ ყოფილა: 1966 წელს, ლი ბენ ჩხულის ვაჟი კრედიტების დატაცებისა და საქონლით სპეკულაციისთვის გამოიჭირეს, რომელიც სამთავრობო შეღავათებით იყო მიღებული. ჩადენილი დანაშაული ოლიგარქის ვაჟს მხოლოდ მას შემდეგ აპატიეს, რაც Samsung-ის მეთაურმა, საკუთარი ნებითა და პაკ ჩჟონ ხის თხოვნით სახელმწიფოს საკუთარი კომპანიის აქციების 51%-ის ჩუქების წესით გადასცა. სახელმწიფომ მესაკუთრეს კუთვნილი მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნა. 1960-ანი წლების შემდეგ დღემდე, ქვეყნის ეკონომიკაში `ჩებოლთა~ `დიდი ექვსეული~ – Samsung, Daewoo, Hyundai, LG, SK, KIA – წილი მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობის მაჩვენებელში 50%-ს აღწევს. მდგომარეობა არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც სამხედროებმა ძალაუფლება სამოქალაქო მთავრობას გადასცეს: `ჩებოლთა~, მათ შორის Samsung-ის პოზიციები ქვეყანაში უწინდელი დარჩა: უკვე ჩამოთვლილი კორპორაციები ამ ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენენ და მათ პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ. 

სახელმწიფო `ჩებოლთა~ მხარდაჭერას საკუთარი სიძლიერისა და ავტორიტეტის მეშვეობით კვლავაც აგრძელებს. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში, კორეის სახელმწიფო სტრუქტურებმა ბანკებს რეკომენდაციით მიმართეს იმ კრედიტებისთვის გადაეხედათ, რომლებიც Samsung-ის სხვადასხვა განყოფილებებმა აიღეს. ბუნებრივად მოხდა ის, რომ ბანკებმა შემხვედრი ნაბიჯები გადადგეს. სახელმწიფოსთან დამყარებული მჭიდრო ურთიერთობები და პრივილეგირებული მდგომარეობა `ჩებოლებისთვის~ ყოველთვის სასარგებლო არ არის. ამის ნათელი მაგალითია 1974 წელს, Samsung-ის ჩავარდნა გემთმშენებლობაში. ჩვეულებრივი ფირმები შეცდომებსა და არასწორ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას გაურბიან, მაგრამ ყოველთვის თავს ვერ არიდებენ. `ჩებოლებს~ ასეთი ფაქტორების არ ეშინიათ, რადგანაც სახელმწიფო მათ ყოველთვის და გარანტირებულად კრედიტებით, საგადასახადო და საბაჟო შეღავათებით ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში საშინაო ბაზარსაც მათთვის სასურველ მდგომარეობამდე არეგულირებს. კონკურენტუნარიან მსოფლიო ბაზარზე კონცერნმა წარმატება მხოლოდ Samsung Electronics-ის ჩამოყალიბების შემდეგ მოიპოვა. გამორჩეულ და უჩვეულო `ჩებოლად~ კონცერნი `სამსუნგი~ მხოლოდ ელექტრონულმა ინდუსტრიამ აქცია. 

დიდებისკენ მიმავალი გზა SAMSUNG ELECTRONICS-ის მეშვეობით 

კომპანია Samsung Electronics-ის ისტორია კომპანია Sanyo-სა და ქალაქ სუვონში არსებული შავ-თეთრი ტელევიზორების ქარხნის – Samsung Electric Industries გაერთიანებით დაიწყო. შემდგომში წარმოების სიმძლავრეები სწრაფად აკრიფეს კომპანიებმა Samsung Electro-Mechanics, Samsung Corning, Samsung Semiconductor & Telecommunications. 1988 წელს ყველა ეს საწარმო Samsung Group-ის ეგიდით გაერთიანდნენ და კომპანია Samsung Electronics შეიქმნა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე `სამსუნგი~ შედარებით გვიან გამოჩნდა: ჯერ კიდევ 1950-ან წლებში, კორეული კომპანია Goldstar (ამჟამად LG) იაპონურ კომპანიებთან თანამშრომლობით ტელევიზორებსა და რადიომიმღებებს უშვებდა. პაკ ჩჟონ ხის მთავრობამ სწრაფად მზარდი ბაზრის პოტენციალი დაინახა. 1960-ანი წლების შუაგულიდან ელექტრონული მრეწველობის დამკვიდრებისა და მხარდაჭერის რვაწლიანი პროგრამა აამოქმედა. 1960-ანი წლების ბოლოსთვის, კორეული ტელევიზორები ექსპორტზე ასობით ათასი გაჰქონდათ. 1971 წელს ელექტრონიკა კორეაში სტრატეგიულ საექსპორტო დარგად გამოცხადდა. ის, რაც იწყებოდა როგორც უცხოეთიდან შემოტანილი დეტალების შეერთება, 1970-ანი წლების ბოლოსთვის, პრაქტიკულად მთლიანად ლოკალიზებულ წარმოებად გადაიქცა. გვიანი სტარტის მიუხედავად, Samsung-ის იაფი და ხარისხიანი ელექტრონიკა ამერიკის ბაზრებზე ასევე სწრაფად დამკვიდრდა. 

საშუალო დონის მწარმოებლებს არ შეეძლოთ კონკურენცია ისეთი კომპანიისთვის გაეწიათ, რომელიც ინვესტიციებს არ იშურებდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მფარველობით სარგებლობდა. სატელეფონო კომუტატორების წარმოების დაწყების შემდეგ, კორპორაციამ ტელეფონებისა და ფაქსების, შემდეგ მობილური ტელეფონების გამოშვება დაიწყო. იმავდროულად, კორეული გიგანტი ნახევარგამტარების დარგშიც გაფართოვდა, როცა კომპანია Hanguk Semiconductor-ის აქციების 50% იყიდა. მოგვიანებით, ეს ინდუსტრია გახდა Samsung-ის ნახტომის საფუძველი კომპიუტერულ დარგში. 

1980-ან წლებში, Samsung Electronics-ის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა კვლევებში და სიახლეების დანერგვაში გლობალური ხასიათი მიიღო. მისმა განყოფილებებმა მუშაობა პორტუგალიაში, ბრიტანეთში, იაპონიასა და ამერიკაში დაიწყეს. კომპანია Samsung-ის პროდუქციამ პოპულარობა თავისი დაბალი ღირებულებისა და მისაღები ხარისხის მეშვეობით მოიპოვა, რაც წარმოების პრაქტიკულად მთლიანი ავტომატიზაციითა და კონტროლით არის განპირობებული. წარმოებული პროდუქციის უმაღლესი ხარისხის მიღწევა შესაძლებელი გახდა სისტემა Line Stop-ის დანერგვით, რომლის დროსაც ქარხნის ნებისმიერი რანგის თანამშრომელს შეუძლია საწარმოო პროცესი გააჩეროს, თუკი უხარისხო დეტალებს, ან ტექნოლოგიის დარღვევას აღმოაჩენს. კორეის უმსხვილეს `ჩებოლად~ კომპანია `სამსუნგი~ სწორედ 1980-ან წლებში გადაიქცა. 

მასშტაბური რეორგანიზაცია და რებრენდინგი 

1987 წელს კომპანიის დამაარსებელი ლი ბიონ ჩხული გარდაიცვალა, ხოლო მისი ადგილი უმცროსმა ვაჟმა – ლი გონხიმ (ლი კუნ ხი) დაიკავა. დასავლური კომპანიების სტრუქტურები აზიურისგან სწორედ ამით განსხვავდება. აზიაში კომპანიები ტრადიციულად ყოველთვის ოჯახური იყო. მისი მართვის სადავეები ოჯახის უფროსიდან ვაჟების ხელში გადადიოდა. კომპანიის თანამშრომლები თუ პარტნიორთა შვილები ერთმანეთშიც ქორწინდებოდნენ ხოლმე. ლი გონხი კორპორაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მთლად აზიურ სტილში არ გამხდარა, რადგანაც მან (ოჯახში მესამე ვაჟმა) თავის უფროს ძმებს არატრადიციულად გადაუსწრო. მოგვიანებით, მართვის ასეთი სტილის ტრანსფორმირება უფრო დასავლურ სტილში განახორციელა. აზიური ტრადიციების მიხედვით, კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ, რითაც არ არსებობდა გარედან მართვის ბერკეტები, რაც ობიექტურობაზე და სწორი ბიზნეს-სტრატეგიის აწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
 
ლი გონხიმ ამ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებისთანავე აღმოაჩინა, რომ მამამისის კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია აღარ შეესაბამებოდა `უმაღლესი ხარისხის~ კატეგორიას, რომელმაც მსოფლიოში პოპულარობა თანდათან მოიპოვა. `სამსუნგი~ დროს ჩამორჩა, რადგანაც დიდი რაოდენობის მიუხედავად, კომპანიის გამოშვებული საქონელი უხარისხო, ან დაბალხარისხიანი იყო. არსებული მდგომარეობის გამოსწორება სწორედ კომპანიის ახალმა მმართველმა გადაწყვიტა. იმ მომენტიდან, წარმოებული პროდუქციის ხარისხი სულ უფრო უკეთესი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცვლილება კომპანიის ლოგოტიპს შეეხო. ახალი, თანამედროვე ლოგოტიპი მხოლოდ ფირმის სასიკეთოდ ამუშავდა და მსოფლიოში ძალიან ცნობადი გახდა. სიახლეების დანერგვა ამით არ დასრულებულა: კომპანიის ახალმა მეთაურმა ელექტრონული განყოფილება ახალ დონეზე აიყვანა. 1991 წლიდან კომპანიამ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოშვება დაიწყო. 1991 წელს შამსუნგ-ის პირველი მობილური ტელეფონი, 1992 წელს – 64 მბ-ის ტევადობის მეხსიერების მიკროსქემა DRAM შეიქმნა, 1998 წელს – ციფრული ტელევიზორები გაყიდვაში გამოვიდა, 1999 წელს – მომხმარებელმა კომპანიის პირველი სმარტფონი გაიცნო. კორპორაციამ რეორგანიზაცია ბიზნესის სახეობათა მიხედვით ოთხ ჯგუფად გაყოფის გზით განახორციელა. 

Samsung Group ელექტრონიკის, მძიმე მრეწველობის, მშენებლობის, უმაღლესი ტექნოლოგიების სფეროებში საქმიანობს. საცალო ვაჭრობა, კვებისა და ქიმიური დარგები, ლოჯისტიკა, გართობა, საინფორმაციო საშუალებები და ტელეკომუნიკაციები კორპორაციების: Shinsegae Group-ის, CJ Gროუპ-ის და Hansol Group-ის განკარგულებაში გადავიდა. 

განხორციელებულმა რესტრუქტურიზაციამ კორპორაცია `სამსუნგის~ დამკვიდრებას უმაღლესი ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე ახალი ბიძგი მისცა. 1990-ან წლებში, Samsung-ის სავაჭრო ნიშნით გამოშვებული სხვადასხვა სახეობის პროდუქცია ყველა კონტინენტზე გამოჩნდა. 1993 წლიდან კორპორაციამ LCD ტელევიზორების გამოშვება დაიწყო და საუკეთესო გახდა მსოფლიოში. იმავე პერიოდში, `სამსუნგი~ უკვე ტრანსნაციონალურ კორპორაციად იქცა. Samsung C&T Corporatiom მშენებლობას, ინჟინერინგს, ლოჯისტიკურ და ტრეიდინგულ ოპერაციებს უძღვებოდა. სამშენებლო განყოფილებამ ერთბაშად რამდენიმე ხმაურიანი სამშენებლო პროექტის განხორციელება უზრუნველყო, რომელთა შორის გამორჩეულია: Petronas Towers – მალაიზიაში, Taipei 101 – ტაივანში და 828-მეტრიანი ბურჯ-ხალიფა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აქტიურად საქმიანობს აგრეთვე აეროკოსმოსური კორპორაცია Samsung Techwin, რომელიც თვითმფრინავის ძრავებს, გაზის ტურბინებს, ასევე თვითმფრინავების – Boeing-ის და Airbus-ის რეაქტიული ძრავების მაკომპლექტებელ ნაწილებს უშვებს. ეს კორპორაცია ასევე გაერთიანდა კორეულ კონსორციუმში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. 

1993 წელს კიდევ ერთი რეორგანიზაცია განხორციელდა: კორპორაციამ მთავარი ყურადღება ელექტრონიკაზე, მშენებლობაზე, მანქანათმშენებლობაზე, ქიმიურ მრეწველობაზე გადაიტანა. გაყიდა 10 შვილობილი კომპანია, შტატები შეამცირა, ხოლო განახლებულმა კორპორაციამ ინვესტიციების განხორციელება LCD-პანელების ტექნოლოგიებში დაიწყო და 2005 წლისთვის მათი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. Samsung-ის პარტნიორობა ამ სფეროში იაპონურ Sony-სთან დასრულდა იმით, რომ კორეულმა კორპორაციამ ამ ერთობლივ საწარმოზე მთლიანი კონტროლის განხორციელება დაიწყო. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში, ამ კორპორაციაში ყველა მიმართულებაზე სწრაფად Samsung Electronics-ი განვითარდა. ამ სტრუქტურამ სპეციალიზაციად მეხსიერების მოდულების, კომპიუტერული მიკროჩიპების, თხევადკრისტალური პანელების, ნოუთბუქების, ფიჭური ტელეფონების წარმოება აირჩია. 2001 წელს, კომპანიამ ტელევიზორებისა და კომპიუტერის მონიტორებისთვის საჭირო თხევადკრისტალური პანელების გაყიდვის მიხედვით მსოფლიო ლიდერობა მოიპოვა. 1990-ანი წლების დასაწყისში, Samsung-ის წილად სამხრეთ კორეის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%-ზე მეტი მოდიოდა. 2010 წელს, ამ კორპორაციის ბრუნვამ 172 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ანალოგიური მაჩვენებლის 20%-ა. 

სილიკონის ველის შტურმი 

ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო მნიშვნელობის კონცერნი Samsung ძირითად ყურადღებას ხუთ მთავარ მიმართულებას უთმობს, რომელთა შორის მობილური კავშირი, ელექტრონიკა და ბიოტექნოლოგიური (მათ შორის გენურ-ინჟინერული) პრეპარატებია. კომპანია Biogen-თან ერთად შეიქმნა ერთობლივი საწარმო, რომელშიც Samsung-მა უკვე 255 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა. სულ ამ მიმართულებით კორპორაცია თითქმის 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამ კომპანიის მიერ ჩატარებული ბიოტექნოლოგიური კვლევების მეშვეობით, სამხრეთ კორეაში ბიოფარმაცევტული საწარმოები შეიქმნება. ასევე გრძელდება კორპორაციის საქმიანობის მასშტაბების გაფართოება მობილური ტელეფონების ბაზარზეც. `სამსუნგი~ მსოფლიოში მობილური ტელეფონების უდიდესი მწარმოებელია და პოზიციების დათმობას არც მომავალში გეგმავს. ოსტინში (ტეხასი) ნახევარგამტარების ქარხნის მოდერნიზაციაზე 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. კორპორაციის საქმიანობაში ცალკე საუბრის თემაა ინვესტიციები ახალ მმართველობით ტექნოლოგიებსა და ბიზნეს-მოდელებზე, რაზეც კიდევ ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება. 2013 წელს Samsung-მა სილიკონის ველის ექსპანსიის აგრესიული გეგმის განხორციელება დაიწყო. მენლო-პარკში (კალიფორნია) კორპორაციის ინოვაციური ცენტრი გაიხსნა, სან-ხოსეში კვლევითი ცენტრი, ხოლო პალო-ალტოში სტარტაპების ინკუბატორი განთავსდება. კალიფორნიაში საკუთარი პოზიციების გამაგრება კორპორაციის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია მსოფლიოს `სამეწარმეო ცხელ წერტილებში~ კვლევითი ცენტრების შესაქმნელად. ცენტრად კი სილიკონის ველი მოიაზრება, სადაც ამ კორპორაციაში 2020 წლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანი იმუშავებს. იურიდიულმა და საპატენტო ომებმა Samsung-ის შემტევი სტილი ვერ დაამუხრუჭა: უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავს კორპორაციის წლიურმა შემოსავალმა 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უდიდეს კომპანიებს Exxon Mobil-ს და Wal-Mart Stores Inc-ს გაუთანაბრდეს. 

Samsung-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ამისთვის კულტურა და სტრატეგია რადიკალურად უნდა შეიცვალოს. სტრატეგიის ცვლილება ინოვაციების მოწინავე ხაზზე გადანაცვლებას ნიშნავს. კორპორაციამ კარი გაუღო და პოტენციურ პარტნიორებს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა, ინვესტიციებს ახორციელებს სიახლეების დასანერგად, მხარს უჭერს სხვა ინოვაციებს, უფრო აქტიურად იწყებს სხვა კომპანიების შეძენას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, `სამსუნგს~ სურს სილიკონის ველზე არსებული სხვა კომპანიების მაცოცხლებელი ენერგიის წყაროს მიუერთდეს და გლობალური ინოვაციური ძალების შემადგენელი ნაწილი გახდეს.
 
APPLE SAMSUNG-ის წინააღმდეგ – ტიტანების ბრძოლის ქრონიკა 

კორეული კორპორაციის სილიკონის ველზე დამკვიდრების მცდელობას არცთუ იშვიათად კომპანია Apple-სთან მეტოქეობის გამწვავებას უკავშირებენ: ეს კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას ანალოგიური ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, ერთი და იგივე თანამშრომლებისთვის უწევენ. ორ კორპორაციას შორის ურთიერთობა გართულებულია და ბოლო წლებში ახალი სმარტფონების ხაზის გაშვების შედეგად, უფრო გამწვავდა. საუბარია, Galaxy-ის სხვადასხვა მოდელებზე. ამ მომენტისთვის, `სამსუნგი~ სმარტფონების წამყვანი გამყიდველია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კორპორაცია კომპანია Apple-სთვის მთავარი კომპონენტების მიმწოდებელია. კალიფორნიაში მორიგი სასამართლო პროცესის დაწყება ორ კომპანიას შორის გამართული საპატენტო ომის ფონზე აღარავის უკვირს. Apple-ის დამაარსებელმა, სტივ ჯობსმა ერთხელ განაცხადა, რომ `დიდი იდეების მოპარვა არასოდეს რცხვენოდა~, თუმცა, ეს არ უშლის მის მიერ შექმნილ კომპანიას გააფთრებით შეებრძოლოს Samsung-ს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, რომელიც ერთდროულად მისი კონკურენტიცაა და მიმწოდებელიც. 

პრობლემა იმაშია, რომ Apple-სთვის პროცესორებისა და სხვა მაკომპლექტებლების წარმოება Samsung-ს საშუალებას აძლევს iPhone-ისა და iPad-ის მსგავსი პროდუქტები შექმნას, რაც მსუბუქად რომ ითქვას ტექნოლოგიების `ქურდობას~ ჰგავს. გრანდიოზულ საპატენტო ომში სიმართლის დასადგენად ექსპერტები კამათს თავს არიდებენ, ხოლო კომპანიამ `ეპლმა~ საკუთარი ოფიციალური პოზიცია არაერთხელ გამოხატა: `სულაც არ არის დამთხვევა ის, რომ შამსუნგ-ის მიერ ბოლოს გამოშვებული პროდუქტები iPhone-სა და iPad-ს ასე ჩამოჰგავს. ასლის ასე ღიად გადაღება – არასწორია, ამიტომაც გავიმეორებთ მრავალჯერ ნათქვამს, რომ ინტელექტუალურ საკუთრებას ვიცავთ~. 

კორპორაცია Samsung-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ `Apple-ს მხრიდან წამოყენებული პრეტენზიების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელი ინოვაციური ტექნიკის არჩევანში შეზღუდული იქნება, ხოლო Apple-ს მიერ დარეგისტრირებული პატენტები ზედმეტად ფართოდ არის ფორმულირებული~. 

ამ საპატენტო ომს ორ `მონსტრ-კორპორაციას~ შორის ბოლო არ უჩანს, მაგრამ უინტერესო არც უკვე ჩავლილი ძირითადი პერიპეტიებია. გთავაზობთ მას ქრონოლოგიური თანამიმდევრობით: 

2011 წლის აპრილი: Apple "ომის" ბილიკზე გავიდა 

კომპანია Apple-მ სასამართლო წესით პრეტენზიები საკუთარ პარტნიორს, იმავდროულად, კონკურენტს, კომპანია Samsung-ს პირველად წაუყენა და იგი სმარტფონების iPhone-ის და პლანშეტური კომპიუტერების – iPad-ის დიზაინების კოპირებაში დაადანაშაულა. სასარჩელო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული Galaxy-ს სერიის სმარტფონები და პლანშეტები (გაყიდვაში გამოვიდა 2010 წლიდან) Apple-სგან გამოშვებული iPhone-სა და iPad-ის დიზაინს იმეორებენ. იმავდროულად, Apple საკუთარ სარჩელში მიუთითებდა, რომ `კლონები~ არსებითად განსხვავდება, რადგანაც Samsung-ის პლანშეტები და სმარტფონები ოპერაციული სისტემა Google Android-ის საფუძველზე მუშაობენ, მაშინ როცა iPhone და iPad `საფირმო~ პროგრამულ პლატფორმა IOS-ს იყენებენ. სამი დღის შემდეგ, `სამსუნგმა~ `ეპლის~ წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი მოამზადა, რომელშიც Samsung-ის კუთვნილებაში არსებული 10 პატენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
 
2011 წლის სექტემბერი: Apple-ს ლოკალური წარმატება 

გერმანიის საოლქო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება ადგილობრივ ბაზარზე პლანშეტის Galaxy Tab 10.1-ის გაყიდვის აკრძალვის თაობაზე. ჩათვალა, რომ Samsung-მა კომპანია Apple-ს მიერ გამოშვებული iPad-ის დიზაინი შეგნებულად გაიმეორა. კორეულმა კომპანიამ აპელაცია შეიტანა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია: უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ კონცერნი `სამსუნგი~ დიზაინზე საავტორო უფლებების დარღვევაში კი არ დაადანაშაულა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს, არამედ პატიოსანი კონკურენციის თაობაზე ადგილობრივი კანონის დაუცველობა წაუყენა ბრალად. 

`სამსუნგმა~ შეინარჩუნა უფლება პლანშეტების გაყიდვა საკუთარი ფილიალების მეშვეობით სხვა ევროპულ ქვეყნებში გაეგრძელებინა. 

2011 წლის 9 დეკემბერი: "სამსუნგი" არ ნებდება 

ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ Samsung-ის მიერ წარმოებული პლანშეტის Galaxy Tab 10.1-ის გაყიდვებზე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მანამდე მოქმედი აკრძალვა გააუქმა. მის რეალიზაციაზე დროებითი აკრძალვა 2011 წლის ოქტომბერში შემოიღეს. 

2012 წლის 21 ივნისი: Samsung-მა გაიმარჯვა  

ნიდერლანდების სასამართლომ კომპანია Apple კომპანია Samsung Electronics-ის კუთვნილი პატენტის დარღვევაში დაადანაშაულა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. პატენტში აღწერილია მობილური მოწყობილობის ინტერნეტთან მიერთების მეთოდი. მოსამართლემ დაადგინა, რომ მოცემული ტექნოლოგია კომპანია Apple-მ სმარტფონებში iPhone 3G, 3Gშ, iPhone 4, ასევე iPad-ის პირველი და მეორე თაობების პლანშეტებში უკანონოდ გამოიყენა. კომპანია Apple-სთვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, მაგრამ იგი ნიდერლანდებში 2010 წლის 4 აგვისტოდან 2011 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გაყიდული Apple-ს პლანშეტებისა და სმარტფონების გაყიდვების მოცულობის პროპორციულია. მოსამართლემ ჩათვალა, რომ კომპანია `ეპლის~ წარმომადგენლებს დაშვებული დარღვევის თაობაზე სწორედ ამ თარიღიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ. 

2012 წლის 27 ივნისი: Apple-ს წარმატება საკუთარ ტერიტორიაზე 

ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Samsung Galaxy Tab 10.1-ის გაყიდვა ამერიკის ტერიტორიაზე უნდა აეკრძალათ. სან-ხოსეს (კალიფორნია) საოლქო სასამართლოს მოსამართლემ კომპანია `სამსუნგი~ პლანშეტის დიზაინის დარღვევაში დაადანაშაულა. აკრძალვის ძალაში შესვლის პირობა იყო Apple-ს მიმართ წაყენებული მოთხოვნა დეპოზიტზე 2,6 მილიონი დოლარის განთავსების თაობაზე, იმ შემთხვევისთვის, თუკი გაირკვეოდა, რომ აკრძალვა შეცდომით დაწესდა. ამ შემთხვევაში, Samsung-ს კომპენსაცია უნდა მიეღო. 

2012 წლის 9 ივლისი: Samsung უდანაშაულოა, რადგანაც "ცუდია"  

ლონდონის სასამართლომ კორპორაცია `სამსუნგი~ კომპანია `ეპლის~ მიერ წაყენებული სარჩელზე უფლებების დარღვევაში iPad-ის დიზაინის გამოყენებასთან დაკავშირებით Galaxy Tab-ის გამოშვებისას მათი მსგავსების მიუხედავად, უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ განაცხადა, რომ Galaxy Tab iPad-თან შედარებით, `არც ისე კარგია~, ამიტომაც მომხმარებელი მათ ერთმანეთში ვერ აურევს.
 
2012 წლის 24 ივლისი: აკრძალვა რომლისაც Samsung-ს არ ეშინია 

გერმანულმა სასამართლომ კომპანია `სამსუნგს~ ევროპაში Galaxy Tab 7.7-ის მოდელის პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვა აუკრძალა, რითაც კომპანია `ეპლის~ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ Galaxy Tab 7.7 Apple-ს პროდუქციის (კერძოდ კომპიუტერი iPad) პლაგიატია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Apple-ს სხვა სარჩელი Samsung Galaxy Tab 10.1-ის გაყიდვის აკრძალვის თაობაზე. 

თავდაპირველად, სასამართლომ Galaxy Tab 7.7-ის გაყიდვები მხოლოდ გერმანიაში აკრძალა, მაგრამ შემდგომში ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებზეც გავრცელდა. ამ ისტორიის `მარილი~ ის არის, რომ Galaxy Tab 7.7-ის გაყიდვა თვით კორპორაცია Samsung-ს აუკრძალეს. მსგავსი შეზღუდვები არ ვრცელდება დისტრიბუტორებსა და რიტეილერებზე, ამიტომაც Samsung-მა ზარალს თავი აარიდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში შეტანილი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. ეს პროდუქცია დიდი პარტიებით ყველგან სასამართლოს დაწყებამდე შეიტანეს. 

2012 წლის 31 ივლისი: ახალი სასამართლო კალიფორნიაში  

კალიფორნიაში დაწყებული ახალი სასამართლო პროცესი ამ ისტორიის ერთი `რიგითი~ ფურცელია. ერთმანეთის მიმართ წაყენებული პრეტენზიები როგორც ყოველთვის, შემხვედრი იყო. კომპანია `ეპლი~ სასამართლოსთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კონცერნი `სამსუნგი~ მის მიერ შექმნილ დიზაინსა და ტექნოლოგიებს იმეორებდა, ამიტომაც კომპენსაციის სახით 2,5 მილიარდი დოლარი მოითხოვა. მეორე მხარემ Apple საკუთარი კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა და ყოველი გაყიდული iPhone-დან მისი ღირებულების 2,4% მოითხოვა, რაც 519 მილიონი დოლარის ტოლია. 

Samsung-ის დამარცხება კალიფორნიაში და გამარჯვება იაპონიაში 

2012 წლის აგვისტოს ბოლოს, კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ხოსეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, კონცერნმა `სამსუნგმა~ კომპანია `ეპლს~ მორალური ზარალისთვის, 1,05 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. მოპასუხე მხარემ მოსარჩელე კომპანია სმარტფონების ბაზარზე დომინირებისთვის, ამერიკული კანონების გამოყენებაში დაადანაშაულა. `სამსუნგმა~ სასამართლოს გადაწყვეტილებას `ამერიკული მომხმარებლისთვის ზარალი~ უწოდა. მისივე აზრით `ეს გამოიწვევს არჩევანის, ასევე ინოვაციების შემცირებასა და ფასების პოტენციურ ზრდას. სამწუხაროა, რომ შესაძლებელია საპატენტო უფლებებით მანიპულირება ისე, რომ ერთ კომპანიას სწორკუთხას გამოყენების მონოპოლია შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც მომრგვალებული კუთხეები აქვს~. 

თავის მხრივ, კომპანიამ Apple სასამართლოს გადაწყვეტილებას აპლოდისმენტები მიუძღვნა, რომელმაც `Samsung-ის კონკრეტული ნაბიჯები წინასწარგანზრახულად მიიჩნია და ყველას ნათლად მიუთითა, რომ ქურდობის ჩადენა – არასწორია~. კომპანია Apple მართლმსაჯულებას კვლავ მიმართავს, რომ ამერიკაში Samsung-ის პროდუქციის გაყიდვა აიკრძალოს. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ `კალიფორნიის სასამართლოს ვერდიქტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. იგი პერსპექტივაში გაჯეტების მსოფლიო ინდუსტრიას სარგებლობას მოუტანს, რადგანაც სხვა მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან უფრო მეტად საკუთარი ორიგინალური ტექნოლოგიების შექმნაზე იზრუნონ~. 

კომპანია Gartner-ის კვლევების დირექტორმა, მაიკლ გარტენბურგმა `ბიბისის~ განუცხადა, რომ `მომავალში სხვები კარგად დაფიქრდებიან, სანამ კომპანია Apple-სგან რაიმეს უნებართვოდ გადაიღებენ. ეს დამატებით ბიძგსმისცემს ინოვაციებს, იქნება მრავალფეროვნება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელთა ინტერესებში შედის~. 

თავის მხრივ, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კორეულმა გიგანტმა გაასაჩივრა. იმავე პერიოდში, სამხრეთ კორეაში სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე კომპანიამ გაჯეტები ერთმანეთისგან გაიმეორა, მაშინ, როცა ბრიტანულმა სასამართლომ ამერიკული კომპანიის პრეტენზიები არ გაითვალისწინა, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ Samsung-მა მისი საავტორო უფლებები დაარღვია. 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, იაპონიაში, ტოკიოს სასამართლომ ანალოგიური სარჩელის განხილვისას დაადგინა, რომ Samsung-ს ამერიკული Apple-ს პატენტები (საავტორო უფლებები) საკუთარი სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების წარმოებისას არ დაურღვევია. სამხრეთ კორეული კორპორაციის წარმომადგენლებმა `ბიბისისთვის~ მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ `მიესალმებიან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ადრინდელ პოზიციას ადასტურებს იმის თაობაზე, რომ გამოშვებული პროდუქტები Apple-ის საავტორო უფლებებს არ არღვევეს~. 

მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში, საპატენტო დავები რეგულარულად წარმოიქმნება, მაგრამ ამ კომპანიებს შორის მიმდინარე სასამართლო ბრძოლა პრეტენზიებისა და იურიდიული პრეცედენტის მხრივ, ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ამ ორ გიგანტს საერთო ჯამში სმარტფონებისა და ნეტბუკების მსოფლიო ბაზრის ნახევარზე მეტი უკავიათ. ბოლო წლებში მათ ერთმანეთს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაში 700-ზე მეტ კონკრეტულ შემთხვევაში დასდეს ბრალი.
 
ამ დროისთვის, სამხრეთ კორეაში, ამ ქვეყნის მკვიდრთა ცხოვრების დონე საშუალო ევროპულს უახლოვდება, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, ამერიკას უახლოვდება. კონცერნი `სამსუნგი~ ამ მომენტისთვის 83 განყოფილებისგან (კომპანიისგან) შედგება, რომელთაგან თითოეულის ბრუნვის მოცულობა მცირე ქვეყნის ბიუჯეტს უტოლდება. მის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა სამხრეთ კორეის მშპ-ის 20%-ა. მსოფლიოს მასშტაბით, Samsung-ის ტრიუმფალური სვლისთვის ხელი არ შეუშლია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ფასების ხელოვნურად მომატებაში და სან-ფრანცისკოს სასამართლოს მიერ, მანამდე დაკისრებულ ჯარიმას 300 მილიონი დოლარის მოცულობით. კორეული გიგანტი არც მაშინ შეშფოთებულა, როცა ევროკავშირმა ფასების შეთქმულებაში დაადანაშაულა და 145 მილიონი დოლარით დააჯარიმა. უკვალოდ ჩაიარა კორეის დაზვერვის შეფისა და ქვეყნის პრეზიდენტის უფროსი თანაშემწის მოსყიდვის ფაქტებმა, აგრეთვე ასობით მილიონი დოლარის მოცულობით `სხვა მიზნებისთვის~ შექმნილი ფონდის არსებობის გახმაურებამ. 2007 წელს Samsung-ის მეთაურს, ლი გონ ხის მართლმსაჯულების `მახვილი~ მაინც მიწვდა: იგი ხელმძღვანელის პოსტიდან გადასახადების გადაუხდელობისთვის ჯერ გადადგა, ხოლო შემდეგ თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. ცოტა ხნის შემდეგ, იგი შეიწყალეს და კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ დაბრუნდა. დარჩა ამ კომპანიის აქციების უდიდეს მფლობელად და უმდიდრეს კორეელად, რომლის ქონებაც 4 მილიარდ დოლარს აღწევს. 

კონცერნის სპონსორობა და საქველმოქმედო საქმიანობა 

სპორტული მოძრაობის მხარდაჭერის ფარგლებში, კორპორაცია `სამსუნგის~ მფლობელობაშია შემდეგი გუნდები: პროფესიონალი საფეხბურთო გუნდი Suwon Samsung Bluewings, ბეისბოლის გუნდი Samsung Lions, საკალათბურთო გუნდი Seoul Samsung Thunders, ქალთა საკალათბურთო გუნდი Samsung Bichumi, ფრენბურთის გუნდი Samsung Bluefangs, პროგეიმერული გუნდი StarCraft Samsung Khan. არის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი, საფეხბურთო კლუბის ლონდონის `ჩელსის~ სატიტულო სპონსორი, 1995 წლიდან სირბილის ფესტივალს, სხვა მრავალ სპორტულ პროექტთან ერთად ახორციელებს. Samsung-ის მონაწილეობა ოლიმპიურ მოძრაობაში 1988 წლიდან დაიწყო, როცა სეულში გამართული ოლიმპიური თამაშების ეროვნული სპონსორი გახდა. 1998 წელს, ნაგანოს ზამთრის ოლიმპიადიდან მოყოლებული, მსოფლიო ოლიმპიური პარტნიორების ჯგუფის წევრი გახდა, რის შემდეგაც 2012 წლის ლონდონის ზაფხულის, 2014 წლის სოჭის ზამთრის, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოფიციალური სპონსორია. ბრიტანული საფეხბურთო კლუბ `ჩელსის~ სატიტულო სპონსორი Samsung Electronics 2005 წელს გახდა. თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების ოფიციალური ცერემონია Samsung-ის ევროპული განყოფილების პრეზიდენტს, ინ სუ კიმსა და `ჩელსის~ აღმასრულებელ დირექტორს, პიტერ კენიონს შორის ლონდონში, სტადიონ Stamford Bridge-ზე შედგა. ხუთწლიანი კონტრაქტის ღირებულება – 50 მილიონი ფუნტი იყო. თანამშრომლობის თაობაზე გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კორპორაციის პოზიციების ევროპულ ბაზარზე გამყარებას სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში. 2009 წელს იგივე ხელშეკრულება კიდევ სამი წლით გაგრძელდა. 

უკვე ჩამოთვლილ სკანდალებს კორპორაციისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი პოზიციები გაემყარებინა. შორს წაგვიყვანს მიღებული ჯილდოებისა და მოპოვებული ფინანსური წარმატებების ჩამონათვალი. Samsung-ში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს (დაწყებული მეთაურიდან და რიგითი მუშით დამთავრებული) კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მათი მომავალი კლიენტებზეა დამოკიდებული, ამიტომაც მთავარ ამოცანად მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თვლის. 

კორპორაციის ბიზნესის განვითარების მთავარი იდეაა შეინარჩუნოს უნარი მომხმარებელს ის შესთავაზოს, რომლის მიღებაშიც იგი დაინტერესებულია. აქ ყოველთვის იმის ძიებაში არიან, როგორ შეცვალონ და გააუმჯობესონ სამყარო. სამხრეთ კორეული კონცერნი-გიგანტის ძალისხმევა გარემოს დაცვისკენ, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერისკენ, საზოგადოებისთვის სასარგებლო სოციალური პროგრამების განვითარებისკენ არის მიმართული. 

ვეფხია სამსონიძე