ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
"ფინანსური ანალიზის მამა" – ბენჯამინ გრეჰემი - #2(47), 2016
რაც უფრო სულელური ვითარებაა ბაზარზე, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება მოაზროვნე ინვესტორისთვის... 
ბენჯამინ გრეჰემი 

ბენჯამინ გრეჰემს გასული საუკუნის უდიდესი პროფესიონალი ინვესტორების კოჰორტას სამართლიანად მიაკუთვნებენ. იგი ინვესტირებაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულების შემქმნელია, არის ავტორი წიგნისა, რომელსაც თანამედროვეებმა `ინვესტორთა ბიბლია~ უწოდეს. იყო თანამედროვე მულტიმილიარდერის – უორენ ბაფეტის პედაგოგი ინვესტირების საკითხებში. ბენჯამინ გრეჰემმა 82 წელი იცოცხლა. მსოფლიოს ცნობილი ფინანსური ექსპერტების ერთი ნაწილი აღიარებს, რომ ამ ადამიანის ნაშრომები მათი კარიერული არჩევანის საფუძველი გახდა. მისი პროფესიონალური საქმიანობა ნამდვილად მისაბაძი მაგალითია. გრეჰემს `ფასეულობის საფუძველზე ინვესტირების მამა~ და `Wall Street-ის უხუცესი~ დამსახურებულად უწოდეს. იგი პედაგოგიურ საქმიანობას ფინანსურს უთავსებდა. ბენჯამინ გრეჰემის მიერ შექმნილ წიგნს – `გონიერ ინვესტორს~ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ეცნობა. 

`მოაზროვნე ინვესტორის განმსაზღვრელი თვისებაა მისი სურვილი – მიუძღვნას დრო და საკუთარი ძალისხმევა ფასიანი ქაღალდების არჩევას, რომელთა მდგრადობა და მომხიბვლელობა საშუალო დონეს აჭარბებს. მრავალი ათწლეულის პერსპექტივაში, ასეთი გონიერი ინვესტორი შეიძლება დაელოდოს მნიშვნელოვან ჯილდოს, დიდი ოსტატობისა და მონდომების სანაცვლოდ მიიღოს უფრო მაღალი საშუალო შემოსავალი, პასიური ინვესტორის შემოსავლისგან განსხვავებით~. ბენჯამინ გრეჰემმა ეს განსაზღვრება 1949 წელს საზოგადოებას გააცნო. იგი საუკეთესოდ ხსნის მისი მრავალრიცხოვანი მიმდევრების მოპოვებულ წარმატებებს, რომელთაგან, ეჭვგარეშე, ყველაზე ცნობილი უორენ ბაფეტია. თანამედროვეობის უდიდესი ინვესტორი, თვით `წინასწარმეტყველი ომახიდან~ გამუდმებით ამახვილებს ყურადღებას, რომ გრეჰემმა მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა და მას მამის შემდეგ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს. 

ბენჯამინ გრეჰემის წიგნის – `გონიერი ინვესტორი~ ერთ-ერთი გამოცემის წინასიტყვაობაში ბაფეტი აღნიშნავს, რომ მის შემდეგ `რთულია დაასახელო შესაძლო კანდიდატები თუნდაც მეორე პოზიციაზე ფასიანი ქაღალდების ანალიზის მიმართულებით~. ეს ადამიანი Wall Street-ის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან სამყაროს არა მარტო აჩუქა `ხანგრძლივვადიანი ღირებულებითი ინვესტირების~ თეორია, არამედ პირველი პრაქტიკული კვალი დატოვა ამ მიმართულებით. საკუთარი საქმიანობით დაამტკიცა, როგორი წარმატებების მოპოვება შეუძლია მოაზროვნე ინვესტორს. უორენ ბაფეტის გარდა გრეჰემის იდეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საპორტფელო მაღალი კლასის მენეჯერთა მთელ თაობაზე, რომელთა შორის საინვესტიციო სამყაროს ლეგენდარული `ვარსკვლავების~ – უოლტერ შლოსის, ჩარლზ ბრანდესის, მარიო გაბელის, ჯონ ნეფის, მაიკლ პრაისის, ჯონ ბოგლის, ჯონ ტემპლტონის, ჯორჯ ნიკოლსონის, მარტინ ცვეიგის გამოყოფა შეიძლება. 

გრეჰემი სწავლის დასრულების შემდეგ, კოლუმბიის უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას მისდევდა. პარალელურად Wall Street-ზე, კომპანიებში Newburger-ში და Henderson and Loeb-ში საქმიანობდა. `გაიზარდა~ ამ ფირმების პარტნიორამდე, ხოლო შემდეგ საკუთარი საინვესტიციო ფონდიც შექმნა. გრეჰემის წიგნები მრავალჯერ გამოიცა, მაგრამ ორი მათგანი – `ფასიანი ქაღალდების ანალიზი~ და `გონიერი ინვესტორი~ დღემდე სერიოზული დონის პროფესიონალი ინვესტორებისთვის საქმიან ლიტერატურაში ბიბლიის როლს თამაშობს. 

მეოცე საუკუნის უდიდესი ინვესტორი, ბენჯამინ გრეჰემი 1894 წლის 8 მაისს ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები ებრაელები იყვნენ, თავდაპირველად გვარად გროსბაუმს ატარებდნენ. ბიჭუნა ერთი წლის იყო, როცა მისი მშობლები კიდევ ორ ვაჟთან ერთად ამერიკაში გადაბარგდნენ. ბენჯამინმა ნისლიანი ალბიონი ადრეულ ასაკში დატოვა, მაგრამ ბრიტანული პედანტიზმი, ემოციური თავშეკავება, შავი იუმორისადმი მიდრეკილება მის ხასიათში სამუდამოდ აისახა. ნიუ-იორკში, გროსბაუმ-უფროსმა ავსტრიიდან და გერმანიიდან ფაიფურის, კერამიკის, ანტიკვარიატის იმპორტი დაიწყო, თუმცა ეს საქმიანობა დიდხანს ვერ გააგრძელა, რადგან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მან მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ვაჟი ფინანსური სირთულეების პირისპირ დატოვა. ბენჯამინ გრეჰემის პიროვნება ჩამოაყალიბა სიღარიბით გაჟღენთილმა ოჯახურმა გარემომ ნიუ-იორკში, სადაც ქუჩაში თავის გადასარჩენად კუნთების მაგივრად საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს იყენებდა. იგი ამბობდა: `სიღარიბის წლებმა ჩემს ხასიათში ფულის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება განავითარა. ვიყავი მზად თავდაუზოგავად მეშრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ. გავხდი გადაჭარბებულად კონსერვატიული ფულის ხარჯვისას~. 

ბენჯამინის დედა – დორა გროსბაუმი ოჯახური ბიზნესის გაძღოლას დიდი ძალისხმევის მეშვეობით ლამობდა, მაგრამ წარუმატებლად. რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა ფული პანსიონის დიასახლისის რანგში ეშოვა. მისი ენერგიული, მტკიცე ხასიათის მიუხედავად, ახალი ბიზნეს-საქმიანობაც ძალიან ცუდად მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, ფორტუნა ბენჯამენის ოჯახის სასარგებლოდ, სწორედ დედის მონდომების შედეგად შემობრუნდა. ბიჭუნა საფონდო ბაზარს ძალიან მტკივნეული შეგრძნებებით პირველად, 13 წლის ასაკში გაეცნო. 1907 წელს, დორა გროსბაუმმა მარჟინალური ანაბარი (ანგარიში) U.S. Steel-ის არასტანდარტული აქციების შესაძენად გახსნა. სულ მალე, აქციების ბაზარი გადაჭარბებული სპეკულაციისგან `გაიბერა~, ვერ გაუძლო მაღალი საპროცენტო განაკვეთების ზეწოლას, დაინგრა და თავისი ღირებულების 49% თანდათან, 22 თვის განმავლობაში დაკარგა. ავბედით ლეგენდად ქცეულმა 1907 წლის პანიკამ ქვრივის მოკრძალებულ დანაზოგებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი ცალკეული შემთხვევა ისეთი ინვესტორის კლასიკური მაგალითია, რომელმაც საკუთარი ფული აქციებში იმ პერიოდში დააბანდა, როცა მისი ღირებულება დაუმსახურებლად ზედმეტად იყო შეფასებული, ამიტომაც ყველაფერი დაკარგა.
 
1909 წლისთვის, საფონდო ბაზარი მთლიანად აღდგა, მაგრამ დორა გროსბაუმის მსგავსი მცირე მასშტაბების აქციონერებს ვერაფრით დაეხმარა, რადგანაც მათ ურთულესი დროის ზეწოლას ვერ გაუძლეს. ასეთ სიტუაციაში, გროსბაუმების ოჯახი სიღატაკისთვის იყო განწირული. გრეჰემის ფილოსოფიის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა მიღებული გაკვეთილი სპეკულაციების რისკისა და ინვესტირების უსაფრთხოების აუცილებლობის თაობაზე. ვინც არასოდეს დაფიქრებულა რა განსხვავებაა სპეკულაციასა და ინვესტირებას შორის, გრეჰემის სწავლების გაცნობის შემდეგ, ამ განსხვავებას კარგად გააცნობიერებს. მან ამ ყველაფრის შესწავლას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მრავალი წლის განმავლობაში, დორა საკუთარ შვილებთან ერთად, თავის უფროს ძმასთან – მორის ჯერალდის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მეცნიერის აზროვნების მორისი ბავშვებს მკაცრი დისციპლინის პირობებში ზრდიდა, ამიტომაც ნორჩი ბენჯამენის ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადრეული ასაკიდან ბიჭუნას ოჯახის `ტვინი~ უწოდეს. იგი დედის საყვარელი ბიჭებისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებით იზრდებოდა. სხვა ჭკვიანი და განვითარებული ბავშვების მსგავსად, ბენი ზედმეტად მგრძნობიარე იყო, მაგრამ მონდომებით ეძებდა საშუალებებს ამ მგრძნობიარობას ღირსეულად გამკლავებოდა. მხატვრულ, ისტორიულ წიგნებსა და ლიტერატურაში მისაბაძ მაგალითებს მონდომებით ეძებდა. მისი ფავორიტები მარკუს ავრელიუსი, ისააკ ნიუტონი და სეხნია – ბენჯამინ ფრანკლინი იყვნენ. საკუთარ ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად, ბენჯამენი ნიუ-იორკის ნომერ მეათე სკოლაში სწავლობდა, სადაც მოსწავლეებს თავიანთ რვეულებში სხვადასხვა სენტენციები უნდა ჩაეწერათ. 

ამ სიაში პირველ ადგილზე იყო გამოთქმა `პატიოსნება – საუკეთესო პოლიტიკაა~, რომელიც მისი მთავარი პრინციპი ცხოვრების ბოლომდე დარჩა. შემდეგ იგი ბიჭების საშუალო სკოლაში, ბრუკლინში გადავიდა. დიდი სიმაღლისა და თანდაყოლილი მოუქნელობის მიუხედავად, სპორტითაც დაინტერესდა, იყო ძალიან აქტიური. მისი სკოლის ამხანაგებს შორის იყვნენ ძმები დუგლას და ჯერომ ნიუმანები. მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, ბენმა სკოლა თავის კლასში საუკეთესო შედეგებით დაასრულა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად მოისურვა. ვინც მას იცნობდა, გაოგნებული დარჩა, როცა შეიტყო, რომ იგი გამოცდაში ჩაიჭრა. ეს შეუძლებლად მიიჩნიეს, რადგან იგი გონიერებით, ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. კითხვა ექვს ენაზე ისწავლა. ბენი იმედგაცრუებული იმითაც დარჩა, როცა შეიტყო, რომ მისი ნათესავი და მოგვარე დაგროვებული ქულების მიხედვით აღმოჩნდა მეორე, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის სტიპენდიანტებმა დააგროვეს. მან სამუშაო იშოვა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ ტესტის შედეგები ერთმანეთში აერიათ (თანაც ის ნათესავი საშუალოდ სწავლობდა), ამიტომაც სტიპენდია კანონიერ პრეტენდენტს შესთავაზეს. ასე აღმოჩნდა ბენჯამინი კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც მისი `თავშესაფარი~ სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან შეცდომის გამოსწორების მიუხედავად, მას სწავლის ფული არ ეყო, ამიტომაც მან დღის დასწრებული სწავლის ფორმაზე უარი განაცხადა, ხოლო საქმიანობა ფირმა U.S. Express-ში დაიწყო, სადაც სატარიფო გამოთვლების სისტემის კვლევითი პროექტის ჩატარების პასუხისმგებლობა დააკისრეს. ამისათვის, ფირმამ პერფობარათებზე მომუშავე მანქანები იჯარით იმ კომპანიისგან იქირავა, რომელსაც Calculating-Tabulating-Recording Company, CTR ეწოდებოდა. 

ამჟამად იგი IBM-ის სახელით არის ცნობილი. ამ კომპანიების მოწყობილებებთან მუშაობის გამოცდილებამ ბენჯამინს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებთან გაცნობის საშუალება მისცა. U.S. Express-ში საქმიანობის წყალობით, იმდენი ანაზღაურება ჰქონდა, რომ სწავლის დამთავრება სულ რაღაც ორწლინახევრის შემდეგ შეძლო. იგი უოლ-სტრიტზე, საბროკერო კანტორაში ჯერ კურიერად, შემდეგ კლერკად, ანალიტიკოსად, ბოლოს სრულუფლებიან პარტნიორად მუშაობდა. ანტიგერმანული და ანტისემიტური განწყობების გაძლიერების გამო, გროსბაუმებმა ათასობით ემიგრანტის მსგავსად, გამეფებული დაძაბულობა იგრძნეს და საკუთარი გვარი `გრეჰემით~ შეცვალეს. ბენჯამინმა კოლუმბიის უნივერსიტეტი 1914 წელს დაასრულა, სადაც მათემატიკა, ფილოსოფია, ინგლისური, ლათინური, ბერძნული ენები და მუსიკა შეისწავლა. იგი სწავლის შედეგების მიხედვით თავის კლასში მეორე აღმოჩნდა. ოცი წლის ასაკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე, სამი – ფილოლოგიური, ფილოსოფიური, მათემატიკური ფაკულტეტების დეკანებისგან პედაგოგიური საქმიანობის მიწვევა მიიღო, მაგრამ რთული ფინანსური სიტუაციის მიუხედავად, უარი განაცხადა. 

ახალგაზრდა ადამიანმა რჩევის მისაღებად კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ფრედერიკ კეპელს მიმართა, რითაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით საკუთარი მომავალი იპოვა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კეპელთან მისი ვაჟის სწავლის ცუდი ნიშნების განსახილველად მივიდა, თანაც საუკეთესო სტუდენტებიდან მის ფირმაში რომელიმესთვის რეკომენდაციის გაწევა ითხოვა. ასე მიიღო ბენჯამინ გრეჰემმა თავისი პირველი სამუშაო Wall Street-ზე, ფირმა Newburger, Henderson and Loeb-ში. იმ დროში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმეტესობა ღირსეული კარიერის გაკეთებას იურისპრუდენციაში, მედიცინასა და აკადემიურ მეცნიერებებში ცდილობდა. ბრწყინვალე პერსპექტივათა რიცხვს ფასიანი ქაღალდების დარგი მაშინ არ განეკუთვნებოდა, ხოლო ფულის საკითხით გატაცება იმ უნივერსიტეტში გემოვნების არქონად მიიჩნეოდა. კლასიკური განათლების მიღების მიუხედავად, ბენჯამენმა ახალი დამსაქმებლის წინადადება მიიღო. განსაკუთრებული წახალისების დასტურად მას ხელფასი კვირაში 14 დოლარის ფარგლებში მისცეს, რაც ინფლაციის გათვალისწინებით ამჟამინდელ 425 დოლარს უტოლდება. ამ ფირმაში, ობლიგაციების ანალიზის განყოფილებაში, მას თანაშემწის პოზიცია შესთავაზეს. კორესპონდენციის მიწოდების გარდა, მის მოვალეობაში აქციათა და ობლიგაციათა კურსების კოტირებათა დაფაზე დაწერა შედიოდა. ბენჯამინი იმდენად ჩაიძირა ინვესტირების პრაქტიკის, საფონდო ბაზრის ისტორიისა და ფსიქოლოგიის შესწავლის პროცესში, უფრო მაღალ თანამდებობაზე – ობლიგაციების გამყიდველის პოზიციაზე უარი განაცხადა. შესაფერის სიტუაციაში, შესანიშნავად გამოვლინდა მისი აკადემიური აზროვნება, ანალიზის უნარი, ფენომენალური მეხსიერება, რასაც გრეჰემის საქმიანობისას შესანიშნავი ფინანსური შედეგები მოჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, მან ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობა მიიღო. ამ ფირმაში საქმიანობის დაწყებიდან მეორე თვეში, მას იმ ობლიგაციების ზუსტი და მოკლე აღწერის შედგენა დაავალეს, რომელიც ამ ფირმის ყოველდღიური რეკომენდაციების სიაში შედიოდა. ექვსი კვირის შემდეგ, გრეჰემს კომპანია Newburger, Henderson and Loeb-ში ფილადელფიაში არსებული ფილიალისთვის დამატებით ყოველდღიურად საბაზრო მიმოხილვის შედგენა დაავალეს. მისი ნიჭის წარმოსადგენად თუნდაც ერთი მაგალითიც საკმარისია: 1919 წლის აპრილში, გრეჰემმა საავტომობილო კომპანია Savold Tire-ის აქციებით ვაჭრობის ერთი დღის განმავლობაში, 250%-იანი მოგება დააფიქსირა. იმ პერიოდში, ამერიკის საფონდო ბაზარი უძლიერესი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ საქმიანობა ხუთი თვით შეწყვიტა. გრეჰემის ანაზღაურება 10 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ მან თავისი სამუშაო შეინარჩუნა. ვაჭრობა ბირჟაზე მოგვიანებით განახლდა, ინვესტორების თავდაჯერებაც გაიზარდა. იმ მომენტში, მის ფირმაში თანამშრომელთა უკმარისობა იგრძნობოდა, ამიტომაც ხელმძღვანელობა ცდილობდა გრეჰემის ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით გამოეყენებინა. ასეთმა სიტუაციამ მას საშუალება მისცა ტრეიდერულ ოპერაციებზე დეტალური წარმოდგენები შექმნოდა. 

Newburger-ში საქმიანობისას, გრეჰემი ამ მიმართულებით საქმიან გარიგებებს თავისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვის, უახლესი მეგობრებისთვის ახორციელებდა. ფინანსური გამოცემებისთვის სტატიების წერაც დაიწყო, რამაც მისი ცნობადობის გაზრდას ხელი ძალიან შეუწყო. მის კლიენტებს შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი, ალჯერონ ტასსინი იყო. მან გრეჰემს 10.000 დოლარი იმ პირობით გადასცა, რომ მოგებას და ზარალს თანაბრად გაიყოფდნენ. საბაზრო ვარდნის პერიოდში, გრეჰემმა აქციები გაყიდა, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო. მოგვიანებით, სტუდენტებს მრავალჯერ გაუმეორა, რომ `ჭეშმარიტი ინვესტორი იშვიათად ხდება იძულებული გაყიდოს აქციები. მას მაშინ ყიდის, როცა ამის დრო მოდის, როცა ინვესტიციები `მომწიფდა~ და საკმაო მოგება მოიტანა~. 

თავისი ძმის მეშვეობით, გრეჰემმა სიცოცხლით აღსავსე, მტკიცე ნებისყოფის გოგონა, ჰეიზერ მაზური გაიცნო. იგი ცეკვისა და დიქციის პედაგოგი იყო, ხოლო გაცნობის მომენტისთვის თავის საქმროსთან შედარებით, მეტ ფულს გამოიმუშავებდა. 1919 წელს, ბენჯამინსა და ჰეიზელს პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ისააკ ნიუტონი დაარქვეს. ახალგაზრდა მამა ბავშვობაში სწორედ ამ მეცნიერის მოღვაწეობით იყო აღტაცებული. იგი ახალგაზრდა ოჯახური წყვილისთვის სიხარულის ჭეშმარიტი წყარო იყო. სულ მალე, გრეჰემი ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე გახდა, ხოლო 1921 წელს მეორე შვილი – ქალიშვილი მარჯორი დაიბადა. გოგონა თავის ძმასთან შედარებით, არანაკლებ გონიერებასა და ნიჭიერებას ავლენდა. მამასაც ძალიან უყვარდა, თუმცა, მისთვის მაინც მხოლოდ გოგონა იყო. ქალთა სქესის წარმომადგენლებს იგი ბუნებით ემოციურებად თვლიდა, ამიტომაც დაასკვნა, რომ ისინი შეზღუდული პოტენციალით ხასიათდებოდნენ. მამას მიაჩნდა, რომ მის ვაჟს რაციონალური აზროვნების გამოვლენა თავის დასთან შედარებით უფრო მეტად შეეძლო. 

1920 წელს, 26 წლის ასაკში, გრეჰემი კომპანია Newburger, Henderson and Loeb-ში ერთ-ერთი პარტნიორი გახდა, ამიტომაც სახელფასო ანაზღაურების გარდა, მოგებიდან 2,5%-საც იღებდა. გრეჰემის მიღწევები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეფასდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 1919-1921 წლების `ხარის~ ბაზარი ქაოტური და სახიფათო ხასიათით გამოირჩეოდა. იგი თითქმის არარეგულირებადი, სიხარბით, შიშით, გულუბრყვილობით, უგუნურებით იყო მოტივირებული. გრეჰემი სწორედ მაშინ მიუახლოვდა იმ პრინციპის გაცნობიერებას, რომელსაც შემდგომში თავის მოსწავლეებს უზიარებდა. 

პირველი სერიოზული ინვესტიციები 

1923 წელს, გრეჰემის მიერ მოპოვებული წარმატებებით მოხიბლულმა კლიენტებისა და მეგობრების ჯგუფმა მას 250.000 დოლარის მოცულობის აქტივებით საინვესტიციო ფონდის შექმნა შეთავაზა, იმ პირობით, რომ წელიწადში ანაზღაურების სახით 10.000 დოლარს მიიღებდა, რასაც მოგების 20% დაემატებოდა. 29 წლის ასაკში, მან საკუთარი პირველი კომპანია Graham Corporation შექმნა, რომლის ფინანსური ოპერაციები 1923 წლის 1 ივნისიდან განხორციელდა. ამ ფირმის სახელწოდება გრეჰემისა და ლუის ჰარისის გვარებისგან შეადგინეს, რომელიც სასაწყობე შენობების მფლობელი, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო. გრეჰემმა 500.000 დოლარის მოზიდვა შეძლო. იმის მიუხედავად, რომ მთავარი აქციონერი არ იყო, ამ კომპანიის საინვესტიციო კომპანიას მთლიანად აკონტროლებდა. განსაკუთრებული ყურადღება მან ძლიერ გადაფასებულ და ნაკლებად შეფასებულ აქციებს მიაქცია, რომელიც ფინანსური სარგებლის მომტანი მხოლოდ `მოკლე~ გაყიდვებისთვის, ან ხელსაყრელი საარბიტრაჟო ოპერაციებისთვის იყო. 

გრეჰემი მიიჩნევდა, რომ ფინანსური პარტნიორები მხოლოდ მის ცოდნას იყენებდნენ, ამიტომაც იგი პირადად მეტ გასამრჯელოს უნდა იღებდეს. იგი დარწმუნებული იყო, რომ უოლ-სტრიტზე ფულის გამოსამუშავებლად ყველაფერი იცოდა. მან თამამად განაცხადა, რომ მზად იყო ძირითად ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, მაგრამ 20-დან 50%-მდე მოგება ზრდადი შკალით უნდა მიეღო. 1925 წელს კომპანია Graham Cortporation-მა საქმიანობა შეწყვიტა. მან ახალი კომპანია Benjamin Graham Joint Account ჩამოაყალიბა, რომლის საშუალო წლიურმა შემოსავლიანობამ 1925-1928 წლების პერიოდში 25,7% შეადგინა. 

თანამშრომლობა ჯერომ ნიუმანთან 

მისი ბიზნესი იმდენად სწრაფად ფართოვდებოდა, რომ გახსნისთანავე საქმიანი პარტნიორი დასჭირდა, რომელიც ადმინისტრაციულ ფუნქციებს შეითავსებდა. საამისოდ, მან ბავშვობის მეგობრის ძმა, ჯერომ ნიუმანი მიიწვია, რის შემდეგაც გრეჰემის კომპანიას Graham Newman Investment Fund უწოდეს. მან კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და გრეჰემის კომპანიას 1926 წლიდან შეუერთდა. მას თანამშრომლობა ერთი პირობით შესთავაზა: იმუშავებდა ანაზღაურების გარეშე, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით არ გამოავლენდა. მაშინ გრეჰემი თვლიდა, რომ ნიუმანი უორენ ბაფეტთან შედარებით `უფრო ფასეული შენაძენი~ იყო. ჯერომმა ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ ჰარმონიული სამუშაო ტანდემი ჩამოყალიბდა, რომელმაც გრეჰემის პენსიამდე გასვლამდე გაძლო. ნიუმანი შესანიშნავად ერკვეოდა ბიზნესის პრაქტიკულ მხარეში, წარმატებით ახორციელებდა მოლაპარაკებებს, ხოლო გრეჰემი იყო ტვინი, რომელიც ახალი ფინანსური თეორიებისა და სტრატეგიების გენერირებას ახდენდა. 

ინვესტირების სამყაროში მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ამ ფირმამ სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. მასში მეოცე საუკუნის რამდენიმე საუკეთესო საინვესტიციო ანალიტიკოსმა იმუშავა. გრეჰემს თავისი საქმიანობის დაწყება უოლ-სტრიტზე დიდი ცვლილებების პერიოდში მოუწია. საკუთარ ავტობიოგრაფიაში `უოლ-სტრიტის უხუცესის ჩანაწერები" იგი წერდა: `ადრე ბიზნესი უოლ-სტრიტზე ჯენტლმენურ თამაშებს ჰგავდა, რომელიც წესების ურთულესი ჩამონათვალის დაცვით მიმდინარეობდა~. 

იმ დროში, ყველა ინსაიდერული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, ხოლო ფინანსურ ანალიზს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მშრალ ციფრებთან მუშაობა დროის ფუჭ დაკარგვად მიიჩნეოდა, რადგანაც თვლიდნენ, რომ აქციების ღირებულებაზე რეალურ გავლენას ემოციები და `კონტაქტები~ ახდენდა. 1920-ანი წლების პერიოდში, ფინანსური ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტებმა დამსახურებულად წამყვანი ადგილი დაიკავა. გრეჰემი ამ მიმართულებით პირველი იყო. მისი მიდგომა ნაკლებად შეფასებული აქციების მოძიებაში გამოიხატებოდა, რომელიც საკუთარი ღირებულებასთან შედარებით უფრო დაბალი ფასით იყიდებოდა. მან კომპანიის საბაზისო ღირებულების ანალიზის გაკეთება ისწავლა. გრეჰემმა იმ ძირითადი ელემენტების განსაზღვრა შეძლო, რომლის ანალიზიც კონსერვატიული მიდგომის მეშვეობით, მაღალი შემოსავლების მიღების საშუალებას იძლეოდა. შეფასების ამ პრინციპებით ხელმძღვანელობისას, ნაკლებად შეფასებული ფასიანი ქაღალდების შეძენის შესაძლებლობა ჩნდებოდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ზედმეტად შეფასებული აქციების შეძენაზე თავის არიდება იყო შესაძლებელი. ამერიკაში ეკონომიკის მრავალი დარგის აქტიურად განვითარების პერიოდი, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფასების ზრდა გრეჰემის ახალი ფინანსური თეორიების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საუკეთესო დრო იყო. მან რამდენიმე საქმიანი გარიგება წარმატებით განახორციელა, რაც მის შემოსავლებზეც მშვენივრად აისახა. 

გრეჰემის კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებაში თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდიოდა. 1925 წელს მისი მეორე ქალიშვილი ელაინი დაიბადა, მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. 1927 წელს, მისმა ოჯახმა საშინელი დარტყმა იწვნია: გრეჰემის ვაჟს, ისააკ ნიუტონს მოულოდნელად ყურები ასტკივდა, რაც ერთი შეხედვით საშიში არ იყო, მაგრამ იგი მენინგიტში სწრაფად გადაიზარდა, რის შედეგადაც ბიჭუნა გარდაიცვალა. ეს უდიდესი ტკივილი გრეჰემსა და მის ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში გაჰყვა. ამ ტკივილის დაფარვა გრეჰემს კლიენტების წინაშეც არ შეეძლო. იგი ყოველთვის განსაკუთრებულად თავშეკავებული იყო, მაგრამ ოჯახის წევრებისგან განმარტოვდა, გაურბოდა ყველაფერს, რაც ძლიერ ემოციებს იწვევდა. საკუთარ საქმეს მან უფრო მეტი დრო დაუთმო, რის შემდეგაც მისი ავტორიტეტი ინვესტიციების სფეროში უფრო გაიზარდა. 1929 წლისთვის, მის მიერ დაფუძნებული კომპანიის კაპიტალი 2,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მოიმატა ინვესტორთა რაოდენობამაც, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა: იგი ფულს არ იღებდა იმ ადამიანებისგან, ვისაც პირადად არ იცნობდა. 

პირველი წარუმატებლობა 

1920-იანი წლების დასაწყისში, გრეჰემი იმ ინვესტორთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელიც მოქმედებდა პრინციპით `საიმედოობა უპირველესია!~ ამის მიუხედავად, შემდგომში აღიარა, რომ იმ პერიოდში ზედმეტად თავდაჯერებული იყო: `დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცი ყველაფერი, უკიდურეს შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებელი იმის თაობაზე, როგორ გამეკეთებინა ფული აქციებსა და ობლიგაციებზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ უოლ-სტრიტი ხელში მეჭირა და მომავალი შესაძლებლობები ისეთივე უსაზღვროა, როგორიც ჩემი ამბიციები... ამასთან, ვიყავი ძალიან ახალგაზრდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ქედმაღლობის მძიმე ფორმით ვიყავი დაავადებული~. 

1929 წლის დასაწყისისთვის, გრეჰემის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1928 წლის ბოლოსთვის მისი კომპანიის შემოსავლიანობამ 60%-ს მიაღწია, მაშინ, როცა ინდექსის Dow Jones Industrial Average ანალოგიური მაჩვენებელმა `მხოლოდ~ 51% შეადგინა. გრეჰემის პირადმა შემოსავალმა იმავე პერიოდში 600.000 დოლარს გადააჭარბა, რაც დღევანდელი კურსის გათვალისწინებით 15,8 მილიონი დოლარის ტოლია. 

1920-ანი წლების ბოლოსთვის, საინვესტიციო ფონდების პოპულარობა გაიზარდა, მან სატრასტო ფონდ Hentz-Graham-ის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა, რომელსაც თავისი საქმიანობა 1929 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო. ამ მომენტისთვის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უსიამოვნო რყევები დაიწყო, ამიტომაც ახალი ფონდისთვის მან ვეღარ მოიცალა. ასევე უარყო ბერნარდ ბარუხის შემოთავაზება პარტნიორობის თაობაზე, რომელიც იმ მომენტისათვის ამერიკელ ფინანსისტებს შორის უმდიდრესი ადამიანი იყო. იმავე პერიოდის ერთმანეთთან დისკუსიებში, ორივენი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აქციების ღირებულება უჩვეულოდ გაიზარდა, ამიტომაც კრახი გარდაუვალი იქნებოდა. გრეჰემი ამბობდა, რომ `კომპენსაციის კანონის მიხედვით, ერთხელაც მოულოდნელი შემოტრიალება დაფიქსირდება~. მოგვიანებით, თვითონვე აღიარა, რომ ქარიშხლის მოახლოების შეგრძნების მიუხედავად, საკუთარი კომპანიის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები არ გაყიდა. მაშინ ვერ გააცნობიერა, რომ ჰაერში აწეული ტალღები ყველა გემს ჩაძირავდა. 

1929-1932 წლების დიდი დეპრესიის პერიოდში, გრეჰემის ინვესტიციებმა (რომელსაც აქამდე მხოლოდ მოგება შემოჰქონდა), ღირებულების 70% დაკარგა, რამაც მისი დამოკიდებულება მატერიალური კეთილდღეობის მიმართ კარდინალურად შეცვალა. მან გადაწყვიტა, დაეხარჯა მხოლოდ იმდენი, რისი საშუალებაც რეალურად ექნებოდა. აღარ სურდა მოჩვენებით კეთილდღეობაზე, ზედმეტ ფუფუნებაზე ყოფილიყო დამოკიდებული. 1928-1929 წლებში ბევრს მსჯელობდა დაშვებულ შეცდომებზე. მივიდა დასკვნამდე, რომ ინვესტორები სპეკულანტებად (გადამყიდველებად) გადაიქცნენ. მათი ინვესტორებად მოხსენიება დაუშვებლად მიაჩნდა, რადგანაც მათ თვით საინვესტიციო ღირებულების იდეები დაამახინჯეს, უყურადღებოდ დატოვეს ინვესტირების ძირითადი პრინციპები, დაივიწყეს, რომ პრინციპის `საიმედოობა უპირველესია!~ დაცვისთვის, აქციების შეფასება უდიდეს დაკვირვებას მოითხოვს. შეფასებები, რომელიც მოგების მისაღებად იგეგმება, შესაძლოა არასაიმედო აღმოჩნდეს. მეტი ყურადღება მატერიალურ აქტივებს უნდა მიექცეს. გრეჰემმა საინვესტიციო საზოგადოებას მოუწოდა ინვესტიციები სპეკულაციებისგან ფუნდამენტურად განასხვავონ. იგი პროფესიონალ ინვესტორებს იმ ადამიანებად მიიჩნევდა, რომლებიც ფინანსურ ოპერაციებს ფაქტების, პერსპექტივების, დაბანდებული კაპიტალის უსაფრთხოების, საკმარისი შემოსავლის დაწვრილებით ანალიზზე დაყრდნობით ახორციელებდნენ. დანარჩენს სპეკულაციად თვლიდა. ბენჯამინ გრეჰემი წერდა, რომ `პროფესიონალი ინვესტორი და აქციების მფლობელი მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულებას უნდა ამჟღავნებდეს, როგორიც ბიზნესში საკუთარი წილის მიმართ აქვს. ამის კარგად დამახსოვრების შემდეგ, ინვესტორმა ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს აქციების ღირებულებას ცვალებადობას, რადგანაც მოკლევადიან პერსპექტივაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ისე იქცევა, როგორც `ხმის მიცემის მანქანა~. ხანგრძლივი ვადის პერსპექტივაში კი ბაზარზე სასწორის მსგავსი ვითარება მკვიდრდება, როცა აქციების შიდა ღირებულება საბოლოო ჯამში, მის ღირებულებაზეც აისახება~. 
გრეჰემი პროფესიონალ ინვესტორებს აძლევდა რეკომენდაციას საკუთარი ძალისხმევის კონცენტრაცია მთლიანად კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზზე მოეხდინათ. მაშინ, როცა კომპანიის აქციები ფინანსურ ბაზარზე მათი შიდა ღირებულებაზე დაბალი ფასებით იყიდება, არსებობს ე.წ. საიმედოობის მარაგი, რაც მათ ინვესტიციებისთვის მიმზიდველს ხდის. 

ბენჯამინ გრეჰემი წერდა, რომ `ინვესტიციები გონივრულ ფარგლებს ყველაზე მეტად მაშინ არ ცდება, როცა საქმის წარმოებას ჰგავს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კორექტულად ჩატარებულ ანალიზს, რომელიც სარწმუნო ფაქტებს ეყრდნობა. ინვესტორების თანხმობა, ან შეწინააღმდეგება, ეს – მეორეხარისხოვანია~. ამ სიტყვებს ინვესტორი უორენ ბაფეტი აფასებს, როგორც `ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც ოდესმე ინვესტირების შესახებ დაწერილა~. 

1929 წლის 29 ოქტომბერი ისტორიაში `შავი სამშაბათის~ სახელწოდებით შევიდა. ამ დღეს, საფონდო ბაზარმა ამერიკაში 14 მილიარდი დოლარით (დღევანდელი გადაანგარიშებით 368 მილიარდი დოლარი) იზარალა. გრეჰემის კომპანიამ ეს წელიწადი 20%-ანი დანაკარგით დაასრულა, მაშინ, როცა ინდექსმა DJIA `მხოლოდ~ 15%-ით იზარალა. ბენჯამინ გრეჰემის ოჯახში სწორედ ასეთ რთულ დროში დაიბადა ნიუტონი `უმცროსი~. უფროსი ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, თითქოსდა მათთან ოჯახური ბედნიერება დაბრუნდა, მაგრამ მათთვის საუბედუროდ, იგი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გაიზარდა. კორეის ომის მიმდინარეობისას, იგი ამერიკის არმიაში გაიწვიეს, რის შემდეგაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. გრეჰემი ყოველმხრივ შეეცადა ტრაგიკული შედეგი თავიდან აეცილებინა, ნიუტონი `უმცროსი~ შინ დაებრუნებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

1929 წლის ბოლოსთვის, საფინანსო ბაზარი მოჩვენებით `დამშვიდდა~, აქციათა ფასები გაიზარდა, ინვესტორების უმრავლესობამ ირწმუნა, რომ უარესი მდგომარეობა უკან მოიტოვეს. მათ შორის გრეჰემიც იყო, რომელმაც ახალი დიდი ინვესტიციები განახორციელა, რისთვისაც დამატებით ფული ისესხა. მის ფინანსურ კარიერაში შემდეგი, 1930 წელი ყველაზე უარესი აღმოჩნდა. ამ წლის შედეგების მიხედვით, კომპანია Joint Account-ის დანაკარგმა 50% შეადგინა, მაშინ როცა ინდექსმა DJIA 29%-ით იზარალა. გრეჰემის კომპანიის მრავალმა ინვესტორმა საკუთარი ფულის უკან დაბრუნება მოისურვა, რამაც იგი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. საბედნიეროდ, ჯერომ ნიუმანის სიმამრმა, ელიას რეისმა ბიზნეს-პარტნიორებს ფინანსური დახმარება გაუწია. მათ ფირმის წინაშე წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად 75.000 დოლარი გადასცა. ამის მიუხედავად, მათ პირადი ქონება მაინც გაყიდეს. გრეჰემის ოჯახს ფული პრაქტიკულად აღარ დარჩა, ამიტომაც მისი ოჯახი ისე კომფორტულად ვეღარ ცხოვრობდა, რასაც მიჩვეული იყო. გრეჰემისა და ნიუმანის საინვესტიციო ფირმამ სახარბიელო მდგომარეობაში დაბრუნებას ხუთი წელი მოანდომა. პარტნიორები ამ ხნის განმავლობაში ანაზღაურებას პრაქტიკულად აღარ იღებდნენ. ყველაზე რთულ მომენტში, გრეჰემის მეუღლემ ცეკვის მასწავლებლად მუშაობა კვლავ დაიწყო. 

ფინანსური კატასტროფის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში გრეჰემმა დანაკარგების მასშტაბები რადიკალურად შეკვეცა. სამწლიანი პერიოდის (1929-1932 წლები) განმავლობაში, Joint Account-ის აქტივების ღირებულება 70%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, 1931 წელს ამ ფირმის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 16%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსი DJIA-ს მაჩვენებლის ვარდნა 48%-ის ფარგლებში დაფიქსირდა. გრეჰემის ფირმის აქტივების ღირებულების დანაკარგი 1932 წლისთვის უკვე 3%-ს დონეზე დაფიქსირდა. გრეჰემის ფირმამ აქციონერებს კუთვნილი ფული დაუბრუნა, რის შემდეგაც ყველაზე უარესი მდგომარეობა უკან მოიტოვა. მას სიცოცხლის ბოლომდე აღარ დავიწყებია, როგორ დაისაჯა ფირმის ხარჯზე არსებული სავალო ვალდებულებათა მაღალი პროცენტის გამო, ამიტომაც აგრესიული საქმიანი გარიგებების გაფორმებას, რომელიც მაღალ რისკს შეიცავდა, მომავალში ყოველთვის გაურბოდა. გადატანილი წარუმატებლობები გრეჰემმა შეაფასა, როგორც ფასეული ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო მისი ცნობილი საინვესტიციო თეორიის შესამუშავებლად, არამედ საშუალება მისცა უზარმაზარი წარმატებებისთვის შემდგომი პრაქტიკული საქმიანობისას მიეღწია. გრეჰემი და ნიუმანი პარტნიორებად 1956 წლამდე დარჩნენ. მათ ბიზნეს-შესაძლებლობას მინდობილ ინვესტორებს ამის შემდეგ ეჭვიც კი აღარ გასჩენიათ, რომ მათ ფირმაში დაბანდებულ კაპიტალს დაკარგავდნენ. პირიქით, მათი ერთობლივი საქმიდან მნიშვნელოვანი მოგებაც კი მიიღეს: ფირმის საშუალო წლიურმა შემოსავლიანობამ 1929-1956 წლების პერიოდში, 17% შეადგინა. გრეჰემი ღირსების საქმედ თვლიდა არ დაეღალატებინა ისინი, ვინც მას საკუთარი კაპიტალი ანდო. ინვესტორების მიერ დაბანდებული ფულის დასაბრუნებლად, იგი დიდი დეპრესიის პერიოდში შეუსვენებლივ შრომობდა. ხელფასის აღებაზეც უარი განაცხადა. კრიზისის შემდეგ, მან სულ რაღაც 375.000 დოლარი შეაგროვა, უკვე 1933 წელს კომპანია Graham-Newman Corp-მა 50%-ანი მოგება დააფიქსირა. შემდეგი 20 წლის განმავლობაში, მისმა კომპანიამ ხანგრძლივვადიანი ინვესტირების მიმართულებით, რეკორდულ შედეგებს მიაღწია. 1955 წელს, ამერიკის სენატის კომიტეტს გრეჰემმა უპასუხა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მისი კლიენტები წლიურ ბრუტო-შემოსავლიანობას 20% ის მოცულობით იღებდნენ, ხოლო წლიური 17% მათ კომპანია Graham-Newman-ის მიერ აქტივების მართვისათვის გაქვითული საკომისიოს შემდეგ რჩებოდათ. ასეთი შემოსავლიანობა საბაზროსთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტი იყო. 

ბენჯამინ გრეჰემის აკადემიური საქმიანობა 

საკუთარი კარიერის აღმასვლის პერიოდში, გრეჰემს ახალი იდეა გაუჩნდა: მისი ჟურნალისტური სტატიები დიდი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომაც წიგნის დაწერის აუცილებლობაზე დაფიქრდა, სადაც საინვესტიციო საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს წარადგენდა. მისი აზრით, სწავლების პროცესში სტუდენტური აუდიტორიის ატმოსფერო იქნებოდა იდეალურად შესაბამისი თეორიული მასალის წარდგენისთვის, მისი პირველადი პრეზენტაციისთვის. ტრადიციულად, ნიუ-იორკის საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლები ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებულ ბიზნეს-სკოლაში სწავლობდნენ და ასწავლიდნენ, რომელიც Wall Street-თან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. 

გრეჰემმა ფინანსების საკითხებზე საღამოს ლექციების ჩატარების იდეით კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ბიზნეს-სკოლის ადმინისტრაციას მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. პედაგოგიური საქმიანობა გრეჰემმა 1928 წლიდან დაიწყო, რომელზეც უარი 14 წლით ადრე, ფინანსური კარიერის შექმნის სურვილის გამო განაცხადა. სტუდენტებთან ერთად, ფასიანი ქაღალდების ანალიზის თემაზე მის ლექციებს ფაკულტეტის პედაგოგთა შემადგენლობის მრავალი წევრი ესწრებოდა. მათ შორის იყო დევიდ დოდი, რომელმაც მანამდე კოლუმბიის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ლექციების პირველი კურსის მიმდინარეობისას, მან გრეჰემის გამოსვლების ჩაწერა აუდიტორიაში წარმოქმნილ დისკუსიებთან ერთად დაიწყო. ამ მასალას ხელნაწერის სახით ყოველკვირეულად წარადგენდა. მსგავსი ჩანაწერების წარმოება იყო ის პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც გრეჰემმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლებაზე თანხმობა განაცხადა. ასე დაედო საფუძველი გრეჰემსა და დოდს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. სწავლების პროცესში იგი ჰარვარდის სისტემას იყენებდა: სტუდენტებისგან არასოდეს მოითხოვდა მისი ნათქვამი კონკრეტული მაგალითების წარდგენის გარეშე ერწმუნათ. იგი სოკრატეს მეთოდის მიმდევარი იყო, რომლის დროსაც ჭეშმარიტება მოწინააღმდეგის მოსაზრებებში არსებული წინააღმდეგობების მოძიებისას დგინდება. გრეჰემი დისკუსიების წარმოქმნას სტიმულირებდა, ხოლო სწორი პასუხების მისაღებად სტუდენტებს, აუდიტორიაში მყოფ ყველა ადამიანს მრავალრიცხოვანი შეკითხვების დასმის საშუალებას აძლევდა. სტუდენტები შემდგომში იხსენებდნენ, რომ საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, იმის გაცნობიერებისას, რაც გრეჰემს ჰქონდა მხედველობაში, შედეგი როგორც გონების განათება აღიქმებოდა. იგი ლექციებს ასევე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან არსებულ ფინანსურ ინსტიტუტშიც კითხულობდა. მრავალწლიანმა პედაგოგიურმა საქმიანობამ მას საშუალება მისცა საკუთარი მოსაზრებები და შემუშავებული თეორიები მრავალჯერ გამოეყენებინა. კოლუმბიის უნივერსიტეტში დევიდ დოდის მიერ ჩაწერილი გრეჰემის ლექციები საფუძვლად დაედო მათ ერთობლივ წიგნს `ფასიანი ქაღალდების ანალიზი~, რომელიც 1934 წელს დაიბეჭდა. შემდგომში დოდი იხსენებდა, რომ გრეჰემმა მისი თანაავტორობა თვითონ მოისურვა, იმის მიუხედავად, რომ მთლიანი სამუშაო ფაქტობრივად ამ უკანასკნელმა შეასრულა. 

თვით პროფესორი დოდი ინვესტიციების მიმართულებით წარმატებით მუშაობდა, მას გრეჰემისა და მისი პარტნიორების მიერ 1936 წელს შექმნილ საინვესტიციო ტრესტში Graham-Newman Corp-ში – დირექტორის თანამდებობა ეკავა. წიგნი `ფასიანი ქაღალდების ანალიზი~ ინვესტიციების სფეროში კლასიკური ნაშრომი გახდა, გამოიცა მრავალჯერ იმის მიუხედავად, რომ ამ წიგნის შინაარსი არაპროფესიონალებისთვის ძალზე რთული აღსაქმელია. 1929 წლის კრახით გამოწვეული იმედგაცრუების მიუხედავად, აქციების ბაზრის მიმართ, ამ წიგნის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ აქციებში დაბანდებული კაპიტალი ფინანსური წარმატების მომტანია, თუ მას რაციონალურად მივუდგებით. ამ წიგნის საფუძველია `ღირებულებითი~ ინვესტირების პრინციპები, რომლებიც აქციების შეფასების პროცესში ფუნდამენტურ მაჩვენებლებს ეყრდნობა. გრეჰემმა და დოდმა პირველად დაამკვიდრეს `შიდა ღირებულების~ (ინტრინსიც ვალუე) ცნება, მიუთითეს რატომ არის ხელსაყრელი აქციების შეძენა ამ სიდიდესთან მიმართებაში ფასდაკლებით. ფუნდამენტური მაჩვენებლების გამოყენების იდეამ ათვლის ძირითადი წერტილის რანგში აქციების შეფასებისას, შემდგომი განვითარება გრეჰემის შემდეგ ნაშრომში ჰპოვა. წიგნი `ფინანსური ანგარიშების ინტერპრეტაცია~ 1937 წელს გამოქვეყნდა. მასში გრეჰემმა იმ ფინანსური ტერმინების მნიშვნელობა წარმოადგინა, რომელიც საბაზრო ინვესტიციების ანალიზისთვის აუცილებელია. მან ასევე დაწვრილებით განმარტა ბალანსებისა და ანგარიშების ანალიზის პრინციპები მოგება-ზარალის მიმართულებით, ჯანსაღი გონებისა და იუმორის გრძნობის გამოვლენით. იმის მიხედვით, თუ როგორ გაჭიანურდა დიდი დეპრესიის პერიოდი, გრეჰემის ყურადღება ეკონომიკის პრობლემებმა სულ უფრო მიიპყრო. მან კარგად დაინახა დეფლაციის გამანადგურებელი გავლენა ფერმერების, მუშებისა და მწარმოებლების საქმიანობაზე, რომელიც ოქროს სტანდარტის `ირაციონალობის~ გამო, კიდევ უფრო ძლიერდებოდა. 1937 წელს გამოაქვეყნა წიგნი `მარაგი და სტაბილურობა~, რომელშიც სასაქონლო რეზერვების შექმნისა და მხარდაჭერის იდეა წარადგინა. ეს მარაგი `ბუფერის~ როლს შეასრულებდა, საერთო ფასების დეფლაციის შედეგებს შეარბილებდა. 

1944 წელს დაიბეჭდა გრეჰემის წიგნი `მსოფლიო საქონელი და მსოფლიო ვალუტა~, რომელშიც იგი მსოფლიო `სასაქონლო სტანდარტის~ შექმნის იდეით გამოვიდა. იგი მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში უფუნქციოდ დარჩენილი ოქროს სტანდარტის საქონლის ფართო კალათით ჩანაცვლებას გულისხმობდა. ეს გეგმა ცნობილმა ეკონომისტებმა ჯონ კეინსმა, ფრიდრი ჰაიეკმა, მილტონ ფრიდმანმა მოიწონეს. 1949 წელს, გრეჰემის ავტორობით კიდევ ერთი წიგნი `გონიერი ინვესტორი~ დაიბეჭდა. უორენ ბაფეტი ყველა შემთხვევას იყენებდა იმის აღსანიშნავად, რომ `ინვესტირების თაობაზე უკეთესი წიგნი არ შექმნილა~. წიგნის ავტორმა საფონდო ბაზრის აღმასვლა და ვარდნა გაანალიზა. ცხოვრების რეალური მაგალითების წარმოდგენით, გრეჰემმა განმარტა რაციონალური მიდგომით ბაზრის გადასწრება როგორ შეიძლება. მან ის პრინციპები ჩამოაყალიბა, რომელთა მეშვეობითაც იმის განსაზღვრაა შესაძლებელი, რომ აქციები ნაკლებად არის შეფასებული. ბაფეტის აზრით, ამავე წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანია თავი მერვე – `ინვესტორი და საბაზრო რყევები~, სადაც ავტორმა მისტერ ბაზრის სახე შექმნა და თავი მეოცე – `უსაფრთხოების მარჟა~, რომელიც საინვესტიციო რისკების შემცირებას ეძღვნება. გრეჰემის უკანასკნელი წიგნია `Wall Street-ის უხუცესის მოგონებები~, რომელიც უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. 

პედაგოგობას გრეჰემი 1956 წლამდე, საკუთარ ფირმაში დაკავებული თანამდებობიდან გადადგომამდე აგრძელებდა. ვალტერ შლოსი იხსენებდა, რომ იგი ახალგაზრდებს საკუთარ იდეებს ხალისით უზიარებდა, მათ დიდ დროს უთმობდა. მისივე სიტყვებით, გრეჰემმა მისი ცხოვრება რადიკალურად მაშინ შეცვალა, როცა 1945 წელს, არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსის რანგში საკუთარ ფირმაში დაასაქმა. იგი სხვა სტუდენტებსაც ხალისით ეხმარებოდა. გრეჰემის პიროვნების გავლენა მის მოსწავლეებზე იმდენად დიდი იყო, რომ შემდგომში წარმატებულმა ინვესტორებმა, ბაფეტმა და კანმა მის საპატივცემულოდ საკუთარ ვაჟებს გრეჰემის სახელი დაარქვეს. მომავალი `სუპერინვესტორი~ უორენ ბაფეტი იყო ერთადერთი გრეჰემის სტუდენტებიდან, რომელმაც მისგან კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების დროს შეფასება ` A+~ დაიმსახურა. ამის მიუხედავად, თავდაპირველად უარი მიიღო, როცა გრეჰემს მის ფირმაში დასაქმება სთხოვა. სასურველი ადგილის მოპოვებაში ბაფეტს მისივე მონდომება დაეხმარა. უდიდესი ფინანსისტის, უორენ ბაფეტის ვარსკვლავურ კარიერას საფუძველი სწორედ გრეჰემის ფირმაში ჩაეყარა. მას არასოდეს ავიწყდებოდა იმის ხაზგასმით აღნიშვნა, რომ საკუთარი პედაგოგისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა. საინტერესოა ისიც, რომ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს ერთ-ერთი პირველი კაპიტალდაბანდება GEICO-ს აქციების ყიდვა იყო, რომელიც გრეჰემმა და ნიუმანმა 1948 წელს შეიძინეს. 

ინვესტირების თეორიის შემქმნელი 

გრეჰემმა უარყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამკვიდრებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინვესტორები არ არიან მზად გარისკონ, ამიტომაც ინვესტიციების მხოლოდ დაბალი შემოსავლიანობის მისაღებად უნდა იყვნენ მზად. იგი დარწმუნებული იყო, რომ მაღალი შემოსავლის მიღება დაბალი რისკის პირობებშიც არის შესაძლებელი. საამისოდ, ინვესტორი ინვესტირების ძირითადი პრინციპების საკმაო ცოდნას უნდა ფლობდეს, დარგისა და კომპანიების საქმიანობის ანალიზის უნართან ერთად. იგი კომპანიების მუშაობითაც უნდა ინტერესდებოდეს. გრეჰემი სპეკულაციას კატეგორიულად გამორიცხავდა. ამის გარდა, ინვესტორი საკუთარ გამოცდილებასაც უნდა აგროვებდეს: ინვესტირების მეცნიერება `კერკეტი კაკალია~, საჭიროა საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე მუდმივად სწავლა. ბოლოს კი ინვესტორმა საკუთარი ემოციების გაკონტროლება უნდა შეძლოს. აქ პირველ ადგილზეა ფასიანი ქაღალდების ღირებულების ანალიზი. ინვესტორმა უნდა ისწავლოს შეეწინააღმდეგოს სურვილს მიჰყვეს საბირჟო სპეკულანტების საერთო მასის ცვალებად განწყობილებებს. გადაჭარბებულ ოპტიმიზმს, ასევე უადგილო პესიმიზმს თავი უნდა აარიდოს. 

თავისი მრავალრიცხოვანი მიმდევრებისგან განსხვავებით (რომლებიც მილიარდელები გახდნენ), გრეჰემმა ინვესტირებაზე დიდი ქონება ვერ დააგროვა. გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება 3 მილიონ დოლარად შეაფასეს. სხვა წარმატებულ ინვესტორებთან შედარებით, ეს ძალიან მცირე ფულია. გრეჰემისთვის, ინვესტირება უბრალოდ სიმდიდრის დაგროვება არ ყოფილა. მას თვით ამ პროცესის ინტელექტუალური შემადგენელი იზიდავდა. ეს იყო ისეთი კომპანიების არჩევის პრობლემა, რომლის აქციათა ღირებულებას უნდა მოემატებინა, რაც დროის განმავლობაში მოგებას მოიტანდა. მან მომავალ ინვესტორთა მრავალ თაობებს ღირებულებითი ინვესტირებისა და ფასიანი ქაღალდების ანალიზის თეორიები დაუტოვა, რომელიც პროფესიონალებისა და მოყვარული ინვესტორების საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. გრეჰემმა დაადასტურა, რომ შეზღუდული კაპიტალდაბანდებების პირობებში, მინიმალური ძალისხმევით მხოლოდ `საკმარისი~ შემოსავლიანობის მიღებაა შესაძლებელი. გრეჰემი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საბაზროზე მეტი შემოსავლიანობის მისაღებად, ძალიან ბევრი ფიქრი და შრომაა საჭირო. არ ღირს საკუთარი თავის მოტყუება, რომ ადვილია რჩეულთა იმ კატეგორიაში შესვლა და დამკვიდრება, რომლებსაც ბაზრის გადასწრება შეუძლიათ. სამეწარმეო ინვესტირებას საკუთარი ღირებულება გააჩნია. 

საკუთარ ნაშრომებში, გრეჰემი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბაზრის მონაწილეებმა პირველ რიგში, ინვესტიციებსა და სპეკულაციებს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავება უნდა გააცნობიერონ. `ფასიანი ქაღალდების ანალიზში~, მან ამ ცნებებს შორის განსხვავებათა ნათელი განმარტება გააკეთა: `საინვესტიციო არის ის ოპერაციები, რომლებიც დაწვრილებითი ანალიზის წყალობით თავდაპირველი დაბანდებების უსაფრთხოებისა და საკმარისი შემოსავლიანობის გარანტიას იძლევა. ოპერაციები, რომლებიც ამ პირობებს არ აკმაყოფილებენ, არის სპეკულაციური~. 

1929 წლის ფინანსური კრახის მიზეზებზე საუბრისას, გრეჰემი აღნიშნავდა, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ინვესტიციები ჩვეულებრივ აქციებში, ძირითადად, კომპანიის ფასიანი ქაღალდებით შემოიფარგლებოდა, რომლებიც სტაბილურ დივიდენდებს გასცემდნენ და საკმაოდ მაღალ მოგებებს იღებდნენ. შემდგომში, შეიმჩნეოდა ისეთი ინვესტიციებისგან ჩამოშორება, რომლებიც რეალურ ღირებულებას ეყრდნობოდა. უფრო მეტი ყურადღება პოტენციურ წარმატებებზე გამოთვლებს ექცეოდა. 1927-1929 წლების პერიოდში, აქციათა ბაზრის მონაწილეები რეალობას სულ უფრო მეტად სცილდებოდნენ. ყურადღებას არ აქცევდნენ ფასიანი ქაღალდების ანალიზს. უფრო მეტად `პოტენციური შესაძლებლობების~ კუთხით მრავალრიცხოვან წინასწარმეტყველებებსა და დაპირებებს ენდობოდნენ. 

ფინანსურ ასპარეზზე წარმატების მოპოვების მიუხედავად, გრეჰემი ფუფუნებაში ცხოვრებას ვერ მიეჩვია, მოკრძალებული ადამიანი არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა, იყო საუკეთესო პედაგოგის თვისებებით შემკული. ყოველთვის მზად იყო საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მათთვის გაეზიარებინა, ვისაც იგი ძალიან ჭირდებოდა. 

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გრეჰემმა თავის უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა: `მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა, მაგრამ შესაძლოა მასში არასაკმარისი ენთუზიაზმი იყო. მაგალითად, არასოდეს ვყოფილვარ საკმარისი ხარისხის გურმანი და საჭიროებისამებრ ვერ შევაფასე ცხოვრების ბუნება, ან ესთეტიკური მხარე. იქნებ, უნდა ვინანო იმის თაობაზე, რომ უფრო მეტი შეცდომები არ დავუშვი~... 

ბენჯამინ გრეჰემი 1976 წლის 21 სექტემბრის ღამეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოლუმბიის უნივერსიტეტმა მას ღირსეული პატივი მიაგო და უკანასკნელ გზაზე გააცილა. საკუთარი საფლავის ქვისთვის მან ტენისონის ლექსის `ულისეს~ ბოლო სტრიქონი `იბრძოლე, ეძიე, იპოვე და არ დანებდე!~ აირჩია. უდიდესი ინვესტორი, ბენჯამინ გრეჰემი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ებრაულ სასაფლაოზე, საკუთარი უფროსი ვაჟის, ისააკ ნიუტონის გვერდზე დაკრძალეს. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ, მისი საფლავი ისე დაიკარგა, რომ მოძებნა მისმა შვილებმაც ვერ შეძლეს... 

ბენჯამინ გრეჰემმა ერთხელ აღიარა, რომ `ყოველდღე რაღაც სისულელის, რაღაც შემოქმედებითის, რაღაც კეთილშობილების კეთება სურდა~. უეჭველია ის, რომ უდიდესი სწავლულისა და პრაქტიკოსის გულუხვობამ (გაეზიარებინა საკუთარი უდიდესი საინვესტიციო ფილოსოფია) საფონდო ბაზრის მონაწილეთა მრავალ თაობას უდიდესი სარგებელი მოუტანა. გრეჰემის მიმდევრებისთვის, სპეკულაციები გონიერ ინვესტიციებად, ხოლო აქციების შერჩევა ბრმა თამაშიდან სამეცნიერო ანალიზის შედეგად გადაიქცა. შემთხვევითი არ არის ის, რომ მას დღემდე უდიდესი პატივისცემის ნიშნად "Wall Street-ის უხუცესს" უწოდებენ. 

ვეფხია სამსონიძე