ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ALPINE – ალპური სიგრილე - #2(47), 2016
ფრანგული სუპერქარის ხელახალი დაბადება 

ამ მარკის ავტომობილებმა ფრანგული ავტოსპორტი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, როდესაც იმარჯვებდა რბოლებში, ყველაზე სწრაფად ლაშქრავდა მთის სერპანტინებს და მისდევდა საშიშ დამნაშავეებს. ამ სტატიაში გავიხსენებთ ლეგენდარული მარკა Alpine-ის ყველა აღზევებასა და დაღმასვლას, რომელიც უკვე საფუძვლიანად მოემზადა ხელმეორე დაბადებისთვის. 

`კომპანიის სახელწოდება ასახავს ჩემს ვნებას ავტომობილის მთაში მართვის მიმართ. ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში განვიცადე მაშინ, როდესაც ალპებში ჩემს Renault 4СV-ს ვმართავდი. მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი მოდელი უნდა ავაწყო, რათა ეს გრძნობა სხვა ავტომოყვარულებსაც გავუზიარო~, – ეს სიტყვები ჟან რედელეს ეკუთვნის – Renault-ის მარკის ავტომობილების გამყიდველს ქალაქ დიეპიდან და ენთუზიასტ მრბოლელს.
 
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე რედელემ Renault 4CV-ის ბაზაზე ააწყო საკუთარი სარბოლო ავტომობილი, რომელმაც უამრავ ტექნიკურ ცვლილებასთან ერთად მიიღო ალუმინის აეროდინამიკული ძარა და სამსაფეხურიანის ნაცვლად ხუთსაფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფი. მანქანა მოულოდნელად წარმატებული გამოდგა. 1952 წელს რედელე 750-კუბიანი ავტომობილების კლასში Mille Miglia-ს ტრიუმფატორი გახდა, ოდნავ მოგვიანებით კი მთის რალი Coupe des Alpes-ის პოდიუმის მწვერვალზე აღმოჩნდა. 

`რენოს~ ყველაზე ახალგაზრდა დილერმა რბოლისთვის ადაპტირებული 4CV-ის შეძენის უამრავი შეკვეთა მიიღო. იმ დროს უბრალო და ხელმისაწვდომი სპორტქარები საფრანგეთში არ არსებობდა, როგორც კლასი. პარიზის კომერციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულმა ბაზრის მოთხოვნა გაანალიზა და მიხვდა, რომ დრო იყო საკუთარი წარმოება ჩამოეყალიბებინა. ახალ კომპანიას მან Alpine (`ალპური~) უწოდა, რითაც `ალპების თასში~ გამარჯვებაზე გაამახვილა ყურადღება. 

პირველი Alpine-ს საფუძველსაც Renault 4CV წარმოადგენდა. იმ დროს ყველაზე მასობრივი ფრანგული ავტომობილი საკმაოდ საიმედო მანქანად მიიჩნეოდა, თუმცა, გამოირჩეოდა ჭარბი წონითა და საშინელი აეროდინამიკით. ახალი ძარის შემუშავება ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტს ჯოვანი მიკელოტის მიანდეს, შეკვეთის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ძმებმა შაპებმა აიღეს. ეს უკანასკნელნი ფირმა Chappe et Gessalin-ს ფლობდნენ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ავტოწარმოების ისტორიაში მინაპლასტიკის ძარის დამზადება დაიწყო. 1955 წელს Alpine-მა Renault-ს ოფიციალური ხელშეკრულება გაუფორმა შასის ძრავის და სხვა კომპონენტების მიწოდების შესახებ და უკვე სექტემბერში საფრანგეთის ეროვნული დროშის ფერებში (წითელი, თეთრი, ლურჯი) შეღებილი Alpine 106-ის სამი ეგზემპლარი Renault-ის ხელმძღვანელობას ბიანკურში სათაო წარმოების ეზოში წარუდგინეს.
 
პირველი `ალპინის~ სერია (106) `რენოს~ ორიგინალურ სერიას მიამსგავსეს, რომლითაც ამ უკანასკნელმა სერტიფიცირება გაიარა – მოდელი 1060. Alpine 106 აღიჭურვა 747-`კუბიანი~ 4-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 21, 30 და 43 ცხენისძალას (ვერსია Mille Miglia) ავითარებდა. უახლესი 5-საფეხურიანი ტრანსმისიით ავტომობილის აღჭურვა Renault 4CV-ის ნახევარი ფასი ჯდებოდა, მაგრამ მაღალი ფასის მიუხედავად ყველაზე ძვირი კომპლექტაციაც კი სწრაფი სიარულის მოყვარულებში საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. 

`106~-ის დებიუტიდან ორ წელიწადში ფრანგებმა მოდელის ღია ვერსია გამოუშვეს, რომელიც ასევე მიკოლეტიმ შეიმუშავა. მოგვიანებით მოდელი A108-ც გამოვიდა, რომელიც უფრო თანამედროვე Renault Dauphine-ის ბაზაზე ააწყვეს და ძრავა 53 ცხ/ძ-მდე გააძლიერეს. მსუბუქი ძარა და უკან განივად განლაგებული მოტორი Alpine-ის ყველა მოდელის სავიზიტო ბარათი ხდება. თავად მოდელმა A108-მ კი საკვანძო როლი ითამაშა Alpine-ს მცირე სარბოლო სახელოსნოდან სრულფასოვან ავტომწარმოებლად გადაქცევაში. კომპანიის კომერციალიზაციას ხელი შეუწყო კონტრაქტმა Willys-Overland- თან, რომელიც 1962-1968 წლებში ბრაზილიაში ლიცენზიით უშვებდა Alpine A108-ს. 

ამ ყველაფერმა მოამზადა მყიდველი ლეგენდარული მოდელის A110 Berlinette-ის დებიუტისთვის, რომელიც მოგვიანებით მარკა `ალპინის~ სიმბოლოდ იქცა. სწორედ მისმა იერმა შთააგონა თანამედროვე სპორტქარ Alpine-ს შემქმნელები, რომლის პროტოტიპი წელს, 16 თებერვალს მონტე კარლოში წარადგინეს.
 
1961 წელს გამოსული კუპე Alpine A110 გამოირჩეოდა სრულიად შეცვლილი უკანა ნაწილით, რომელიც უფრო დიდი მოცულობის მოტორებს იტევდა. 15-წლიანი წარმოების პერიოდში მან ათეულობით ძალისმიერი აგრეგატი გამოიცვალა Renault R8-ის 51-ცხ/ძალიანი ძრავით დაწყებული და 180-ცხ/ძ-იანი მონსტრით დამთავრებული. სულ გამოვიდა მოდელის 8.000 ეგზემპლარი, თუ არ ჩავთვლით Dinalpine-სა და Bulgaralpine-ს სახელით მექსიკასა და ბულგარეთში ლიცენზიით აწყობილ იდენტურ ავტომობილებს. 

1970-იანი წლების დასაწყისში დინამიკითა და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობით გამორჩეულმა Alpine A110-მა რალზე და წრიულ რბოლებში სახელი მოიხვეჭა. 1973 წელს Renault-Alpine-ს გუნდმა WRC-ს პირველ მსოფლიო ჩემპიონატში იმარჯვა, რომლის კულმინაციად იქცა რალი მონტე კარლო, სადაც ფრანგებმა პირველი 5 პოზიცია დაიკავეს. 2014 წელს მონაკოში აუქციონ RM Sotheby’s-ზე სპორტპროტოტიპი Alpine M64 313,6 ათას ევროდ გაიყიდა. ამ ავტომობილმა 1964 წელს `24 საათი ლემანის~ რბოლაში სტარტი 36-ე პოზიციიდან აიღო, 292 წრე გაიარა, ფინიშთან მეჩვიდმეტე მივიდა და თავისი კლასის ავტომობილებში გამარჯვება იზეიმა. 

Alpine-ს ავტომობილების სარბოლო წარმატებებმა `რენოს~ სრული კეთილგანწყობა გამოიწვია. ფრანგულმა ავტოგიგანტმა სრულად იტვირთა პატარა კომპანიის დაფინანსება. `ალპინის~ ავტომობილები იყიდებოდა უკვე `რენოს~ ოფიციალური დილერების მეშვეობით მთელი საფრანგეთის მასშტაბით. კუპე A110-ის მოდიფიცირებული ვერსია კი ფრანგული პოლიციის სპეციალურ განყოფილებას გადაეცა, რომელის დიდ ჩქაროსნულ მაგისტრალებს აკონტროლებდა. 110-ძალიანი ძრავით აღჭურვილი კუპე მაქსიმუმ 215 კმ/სთ-ს ავითარებდა და მოძრაობის წესების დამრღვევებს გაქცევის შანს პრაქტიკულად არ უტოვებდა. თუმცა, საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ვიწრო და ხმაურიან სპორტკუპეში კარგ დროს ნამდვილად არ ატარებდნენ. 

1970-ანების შუაწლებში მარკა `ალპინის~ დაღმასვლა დაიწყო. `სამოქალაქო~ ვერსია 15 წელი გამოდიოდა და მოდერნიზაციის უნარი საბოლოოდ ამოწურა, რალისთვის განკუთვნილი ვარიანტი კი Lancia Stratos-მა შეიწირა – იტალიურ რალი-ქართან ჭიდილი ფრანგული ავტომობილის ძალებს აღემატებოდა. 1973 წელს `ალპინის~ ავტომობილების გაყიდვები თითქმის ორჯერ შემცირდა, რა¬შიც თავისი წვლილი ნავთობის კრიზისმაც ითამაშა. თუ 1972 წელს ფრანგებმა 1,5 ათასი ეგზემპლარი გაყიდეს, ორი წლის შემდეგ – მხოლოდ 950, რის გამოც წარმოების შეჩერება გახდა საჭირო. კომპანია გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა, მაგრამ `რენომ~ არ მიატოვა თავისი ფავორიტი. 1974 წელს `რენომ~ სრულად გამოისყიდა Alpine-ის აქტივები და დაფარა დაგროვებული ვალები. 

სათანადო დაფინანსების პირობებში 1976 წელს მარკა Alpine-მა პირველი საგზაო მოდელი გამოუშვა. ეს იყო A310-ის განახლებული ვერსია, რომელიც 150-ცხ/ძ-იანი 2.7-ლიტრიანი მოტორით აღიჭურვა. ეს ძრავა `პეჟოს~ და `ვოლვოს~ ტოპ-მოდელების გარდა ლეგენდარულ De Lorean DMC-12-ზეც გამოიყენებოდა. 

სამწუხაროდ, ახალი ვერსიის გამოჩენამ გაყიდვებზე გავლენა არ იქონია. ერთი ავტომობილის ხელით აწყობის შრომატევადი პროცესი 130 საათს მოითხოვდა. ამიტომაც `ალპინის~ მოდელები საკმაოდ ძვირი ღირდა. არ არის გასაკვირი, რომ ყოველწლიურად ამ ექსკლუზიური ფრანგული ავტომობილის შეძენის მაქსიმუმ 1.000 მსურველი თუ ჩნდებოდა, მით უმეტეს, რომ კონკურენტად ფრანგებს ლეგენდარული Porsche 911 ჰყავდა. საერთო ჯამში 1971-1984 წლებში მოდელის 2.300 ოთხცილინდრიანი და 9.300 ექვსცილინდრიანი ვერსია გაიყიდა.
 
მოდელი 308 მოდელმა GTA-მ შეცვალა, რომელიც უკვე ბრენდით Renault Alpine იყიდებოდა. სპორტქარმა მიიღო ახალი მინაპლასტიკის ძარა პოლიეთერის ბოჭკოების გამოყენებით. 160-ცხ/ძალიანი ატმოსფერული V6-ით აღჭურვილი კუპე წინააღმდეგობის საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩეოდა იმ დროის ყველა სპორტქარს შორის – 0,28. 2,5-ლიტრიანი ტურბოვერსია კონკურენტ Porsche 944-ზე ბევრად უფრო მსუბუქი და მოქნილი, მაგრამ მაინც ბევრად ძვირი აღმოჩნდა. ფრანგებმა მოახერხეს ერთი ავტომობილის აწყობისთვის საჭირო დროის თითქმის ორჯერ შემცირება (130-დან 70 საათამდე), თუმცა ფასზე ამან პრაქტიკულად არ იმოქმედა. `ალპინი~ კვლავაც ასაღებდა დაახლოებით 1.000 ავტომობილს წელიწადში. სიტუაციის გამოსწორება ვერც GTA-ს მეორე თაობამ – A610-მა შეძლო. 280-ძალიანი სამლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი კუპე 100 კმ/სთ-ს 5,5 წამში ავითარებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს შეადგენდა. მოდელმა პრესისგან, მათ შორის ტელეშოუ Top Gear-ისგან მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა ამან `ალპინი~ მორიგი გაკოტრებისგან ვერ გადაარჩინა. 

მარკის ისტორია დასასრულს 1990-ანების შუაწლებში მიუახლოვდა, როდესაც `რენოს~ ხელმძღვანელობამ მიიიღო გადაწყვეტილება აღარ დახარჯულიყო მოძველებული უკანაამძრავიანი მოდელების მოდერნიზაციაზე. მარკა Alpine საბოლოოდ 1996 წელს გაუქმდა, განთავისუფლებულ სიმძლავრეებზე კი პრინციპულად ახალი სპორტქარის Renault Sport Spider-ის წარმოება დაიწყო. თუმცა ეს არ იყო დასასრული... 

16 წლის შემდეგ მარკის აღორძინება გადაწყდა. ფრანგები დაბრუნდნენ პროტოტიპით Renault Alpine A110 50. კომპანია Renault Sport Technologies-ის მიერ შექმნილი მოდელი დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, უამრავი სპორტული დეტალით აღიჭურვა. დიზაინში იკვეთება პარალელები 2010 წლის კონცეპტ Renault DeZir-თან. მთელი კორპუსი მინაპლასტიკისგან დამზადდა, აღსანიშნავია აგრეთვე უცნაური ფორმის უკანა მინა, უზარმაზარი სპოილერი და კარები, რომელიც მაღლა იღება. ტექნიკური მახასითებლები მოდელს Renault Megane Trophy-სგან ერგო, მათ შორის 400-ძალიანი V6 მოტორი. საჭე, რომელიც ფერად დისპლეის შეიცავს, ავტომობილმა Formula Renault 3.5-სგან მიიღო. ორადგილიანი სპორტული ავტომობილის შიდა ელემენტებიც მინაპლასტიკისგან დამზადდა და შავად შეიღება. Renault Alpine A110-50 წონის განაწილების თითქმის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს; წონის 47,8% წინა ბორბლებზე მოდის. 

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მარკის აღორძინება ბრიტანულ მწარმოებელ Caterham-თან თანამშრომლობაში მოხდებოდა. 2012 წლის ნოემბერში ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებაც გაფორმდა. თუმცა მოგვიანებით `რენომ~ ერთობლივი საწარმო Societe des Automobiles Alpine Caterham-ის 50-პროცენტიანი ბრიტანული წილი გამოისყიდა და ბრენდის ერთპიროვნული მმართველი გახდა. რა გახდა ასეთი ხმაურიანი დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა, ვიცით, რომ Caterham-მა და Alpine-მ თავიანთი კომპაქტური სპორტქარების სერიული ვერსიის დებიუტი 2016 წლისთვის გადადეს, ცნობილია ისიც, რომ ორივე მოდელს ბევრი საერთო კვანძი და დეტალი ექნება. 

მანამდე კი გასული წლის ზაფხულში კონცეპტუალური კუპე Alpine Celebration გამოჩნდა, რომელიც ლემანის 24-საათიანი რბოლისთვის იყო განკუთვნილი და იმ წელსვე მოსინჯა ძალები ამ პრესტიჟულ შეჯიბრში. მაშინვე ფრანგებმა კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვირტუალური მოდელი წარმოადგინეს, რომლის მოდელირება კომპიუტერული თამაში Gran Turismo 6-სთვის გახდა საჭირო. 

ამბობენ, რომ პირველ სერიულ `ალპინს~ შემოდგომაზე პარიზის ავტოსალონზე ვიხილავთ. სპორტქარი, რომელიც 1,8-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვება და 100 კმ/სთ-ს 4,5 წამში განავითარებს, ბაზარზე კონკურენციას Audi TT-ს, Porsche Cayman-სა და Alfa Romeo 4C-ს გაუწევს. 

`ალპინის~ მესვეურებს იმედი აქვთ, რომ გაყიდვებს 2017 წლიდან დაიწყებენ. საწყის ეტაპზე ყოველწლიურად 3.000-მდე ავტომობილს გამოუშვებენ და 2020 წლისთვის მაქსიმალურ სიმძლავრეებს მიაღწევენ. ფრანგების პროგნოზით ამ დროისთვის პატარა პრემიალური სპორტქარების ბაზარი 50 პროცენტით გაიზრდება და აღორძინებული მარკის საქმეებიც აეწყობა. `რენოს~ ხელმძღვანელობა განიხილავს მოდელების სხვადასხვა ვარიანტს, რომელიც `ალპინის~ მარკით გამოვა. 

სპორტქარების გარდა, ფრანგი მწარმოებელი ქროსოვერებისა და ჰიბრიდული მოდელების გამოშვებას გეგმავს. 

`ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ ტექნოლოგიებსა და ძრავის ტიპებს გამოვიყენებთ ჩვენს ავტომობილებზე. იქნება ეს მხოლოდ სპორტული მოდელები, თუ ჯიპებსაც დავამზადებთ? ჩვენ ვეძებთ პასუხებს ამ კითხვებზე~, – განმარტავს `რენოს~ ვიცე-პრეზიდენტი რუნო ანსელენი. 

ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ ბრენდის აღორძინებას მხოლოდ ერთი მოდელისთვის აზრი არ აქვს. `მაგალითად, ზოგ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კლიენტებს ჰიბრიდული მოდელებიც შესთავაზო~.
 
მოდელების რეალიზება იგეგმება ევროპაში და `სხვა საკვანძო ბაზრებზე~, თუმცა ანსელენის თქმით, სხვა მოდელების გამოშვება არ დაიწყება მანამ, ვიდრე `ალპინი~ მოგების მოტანას არ დაიწყებს. შორეულ პერსპექტივაშია აგრეთვე Porsche 911-სა და Panamera-ს კლასის ავტომობილების გამოშვებაც. გერმანელებთან წარმატებული კონკურენციისთვის ფრანგები მთელი თავიანთი რესურსის ჩართვას და პარტნიორების – Daimler-ისა და Nissan-ის ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავენ. 

დიმიტრი ცხვარაძე